ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე-ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
„კერძოდ, წინასწარი დეკლარირების ფარგლებში, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით, კომპანიის მიერ თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან სატვირთო ავტომობილით შემოტანილი იქნა სხვადასხვა დასახელების ინვენტარი. აღნიშნული ავტომობილის მისაბმელის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა ლუქის მთლიანობის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ტვირთის დეტალური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული სიგარეტი, ჯამში 10 400 ღერი და სხვადასხვა დასახელების 77.8 კილოგრამი [საერთო საბაჟო ღირებულება: 31 368 ლარი] მედიკამენტი.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
უკრაინაში, ქალაქ ლვოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო ცნობებით, 10-მდე გაიზარდა, დაშავდა 42 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია.
რუსულმა ძალებმა ქალაქი ლვოვი 6 ივლისს, ღამით დაბომბეს.
სარაკეტო დარტყმის შედეგად ლვოვში დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი, ხოლო ორ სადარბაზოში დაინგრა მესამე და მეოთხე სართულები.
ნანგრევებში მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.
უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით კილომეტრზე მეტი მანძილით წაიწიეს წინ.
„თავდაცვის ძალები იქ [ბახმუტის მიმართულებით] ინარჩუნებენ ინიციატივას, მტერზე ზეწოლას, ახორციელებენ თავდასხმით ოპერაციებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგების გასწვრივ წინსვლას.
კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში იქ კილომეტრზე მეტია გავლილი“ – განაცხადა ჩერევატიმ ტელემარათონის პირდაპირ ეთერში.
დღეს, 7 ივლისს, ამ განცხადებას წინ უძღოდა უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას და მაგრდებიან კლეშჩეევკას რაიონში, ბახმუტის მიმართულებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივლისის 21 საათიდან 8 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:
დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
აჭარის შიდამთიან რაიონებში კი:
დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 ივლისს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.
ვერ აგროვებს თანხას საფრანგეთში 3, 4 თვით რომ ბინა იქირავოს და მკურნალობის დაწყებას დაელოდოს, ამ მიზეზით 44 წლის იმედა ენდელაძის სიცოცხლე, შეიძლება ნებისმიერ წუთს დასრულდეს საქართველოში.
იმედას დიაგნოზი თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შუბლის მარცხენა მხარეს, თავის ტვინში მრავალი ჰემანგიომა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებში. საფრანგეთში, ბორდოს სახელმწიფო კლინიკაში იმედას უთხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია, რადგან ვერ გადარჩება. თუმცა ამავე კლინიკაში უთხრეს, რომ 90% აქვს გამოჯანმრთელების შანსი 2 წლიანი ინტენსიური მკურნალობით, რაც საფრანგეთში შესაძლებელია თუ ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდება.
ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე იმედამ საფრანგეთში სულ მცირე 3, 4 თვე უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ბინის დაქირავება და თავის რჩენა, რისი საშუალებაც მას არ აქვს. ბინის დაქირავება საფრანგეთის ქალაქებში საშუალოდ 1000 ევრო ღირს ყოველთვიურად, ამას ემატება კვებისა და გადაადგილების ხარჯი, რაც ჯამში სულ მცირე 1500 ევროა.
იმედა ზამთარში წავიდა საფრანგეთში, დაუდასტურეს დიაგნოზი, რომ ნამდვილად კავერნოზული ჰემანგიომა ჰქონდა და უკან დაბრუნდა:
„აზრი არ ჰქონდა ლტოლვილის სტატუსის მისაღებად განცხადება რომ დამეწერა, მერე 3, ან 4 თვე უნდა მეცადა ამ სტატუსის მიღებამდე და ბინის ქირა მეხადა. სტატუსს რომ მივიღებ, მერე თავშესაფარსაც მომცემენ და მიმკურნალებენ, მაგრამ თვეში ეს 1500 ევრო არ მაქვს, ამიტომ უკან დავბრუნდი.
რამდენიმე დღე სანამ კლინიკაში რეკომენდაციებს მაძლევდნენ და მიკვლევდნენ, ვცხოვრობდი სასტუმროში. რომ დავრჩენილიყავი 3, 4 თვეში მივიღებდი ლტოლვილის სტატუსს და დავიწყებდი მკურნალობას, მექნებოდა საცხოვრებელი…
პირველად რომ წავედი საფრანგეთში მეზობლებმა ამიკრიბეს 1000 ლარი, მეგობრებმაც 1000, დედაჩემმა სწრაფი საპენსიო სესხი გამოიტანა, მეც სესხი ავიღე, მეგობარმა მიყიდა თვითმფრინავის ბილეთები და რამდენიმე დღით დამიჯავშნა სასტუმრო. გავყიდეთ მიწა სოფელში, გასაყიდი მეტი აღარაფერი მაქვს.
სამი წელია ვმკურნალობ საქართველოში, მაგრამ ეს უფრო პროცესის შეჩერება იყო, პირდაპირ მითხრეს საქართველოში, რომ აქ არ იყო ამ დაავადების მკურნალობის შესაძლებლობა და მირჩიეს წავსულიყავი უცხოეთში. საქართველოში, უბრალოდ, პროცესს ანელებდნენ. გამოკვლევებსა და მკურნალობაში აქ 20 ათას ლარამდე დავხარჯე თუ მეტი არა.
წამლები, რითაც აქ ვმკურნალობდი, საფრანგეთში მითხრეს, რომ 40 წელია აღარ გამოიყენება. ეს ბორდოს კლინიკის ექიმებმა მითხრეს“, – გვიყვება იმედა.
ამბობს, რომ ეს ტვინის მკვებავებსა და ანტიეპილეფსიურ წამლებზე უთხრეს, რასაც იმისთვის უნიშნავდნენ საქართველოში, რომ ემართებოდა გულყრები, ითიშებოდა, კარგავდა ცნობიერებას და ხშირად ყველაფერი ავიწყდებოდა, ხანდახან ვერ ცნობდა ოჯახის წევრებსაც კი.
თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომა იშვიათი დაავადებაა და ბევრნაირი სიმპტომი აქვს: შეიძლება განვითარდეს ეპილეფსიური შეტევა, შეიძლება ჭარბი ემოციების გამოც გარდაიცვალოს პაციენტი უეცრად, შეიძლება უბრალოდ ვეღარ გაიღვიძოს ან გაუჩერდეს ხელ-ფეხი, განვითარდეს ინსულტი და ა.შ. გააჩნია ტვინის რა უბნებს აზიანებს ჰემანგიომა.
იმედამ სამი წლის წინ ძლიერი ინსულტი მიიღო, ცალ მხარეს ზედა და ქვედა კიდურები გაუშეშდა. გამოსაკვლევად რომ მივიდა კლინიკაში, ამ ყველაფრის გამომწვევი დიაგნოზის შესახებ მერე გაიგო.
„ჩემი მკურნალობა ახლა დიაზეპამის და კლონაზეპამის სმით შემოიფარგლება. ეს წამლები ემოციების ჩასახშობად მჭირდება, ნებისმიერი ძლიერი ემოცია შეიძლება ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ღამით ვკანკალებ და გონება მეკარგება. ამას ერთვის პერიოდულად ეპილეფსიური შეტევები და გულყრები. ვიღებ ასევე B ვიტამინის ჯგუფს, პარალელურად წნევის მარეგულირებელს ვსვამ და ვარ ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის და დაკვირვების ქვეშ“, – გვიყვება იმედა.
მისი თქმით, საქართველოში, იმ კლინიკაში, სადაც მკურნალობდა, დიაგნოზი სწორად დაუსვეს და პირდაპირ უთხრეს, რომ კავერნოზული ჰემანგიომის განკურნება საქართველოში შეუძლებელიაო. იმედა ამბობს, რომ პროცესის შესანელებლად საქართველოში მას ერთდროულად, გუნდური მეთოდით მკურნალობდნენ ფსიქოლოგი, ეპილეპტოლოგი, ნევროლოგი და ნეიროქირურგი.
„მრცხვენია თქვენთან რომ ვსაუბრობ ჩემს პრობლემებზე. ვიცი, რომ ბევრი პაციენტია საქართველოში, ვისაც დახმარება სჭირდება. გავბედე მესაუბრა, რახან ჩემი სიცოცხლის გადარჩენის 90% მხოლოდ 5000-მდე ევროზეა დამოკიდებული. იქნებ ღირდეს ვიბრძოლო სიცოცხლისთვის და ვილაპარაკო, 5000 ევრო ღირს ახლა ჩემი სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ მე ამის საშუალება აღარ მაქვს“, – ამბობს იმედა.
ბაღდათიდან ქუთაისამდე ყოველ დღე დადის რომ იმუშაოს – მობილური ტელეფონების შემკეთებლად. მისი ოჯახის წევრები მთლიანად მასზე არიან ფინანსურად დამოკიდებული, ამიტომ იმედა თავს უფლებას ვერ აძლევს მუშაობა შეწყვიტოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად.
___
მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ იმედა ენდელაძის ანგარიშის ნომერს:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 232 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
ტანკი – 4 070 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 7 944 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 4 330 ერთეული [+20]
MLRS – 658 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 408 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 652 ერთეული [+17]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+7]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 898 ერთეული [+10]
სპეცტექნიკა – 612 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
452 თვითმფრინავი
241 ვერტმფრენი
4 921 უპილოტო საფრენი აპარატი
426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
10 566 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 135 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 370 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
11 493 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ბათუმში, ყოფილი „რესპუბლიკურის“ ტერიტორია ახალი მშენებლობისთვის მზადაა, თუმცა სამუშაოები წელს აღარ დაიწყება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით რესპუბლიკურის ტერიტორიაზე ბათუმის „სასწრაფოს“ და პოლიკლინიკის ახალი შენობები აშენდება და პროექტს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ განახორციელებს. მშენებლობას აჭარის ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.
ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ქალაქის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარების ახალი შენობების აშენებაზე აჭარის მთავრობამ 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ განაცხადა, რაც ბათუმის მერიის სამმართველომ ერთი დღით ადრე 6,6-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. ეს ტენდერი მერიას მხოლოდ „სასწრაფოს“ მშენებლობაზე ჰქონდა გამოცხადებული.
„აჭარის მთავრობა მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა, წელს მშენებლობა ვერ დაიწყება – სამინისტროს ჯერ არც შესაბამისი პროექტი აქვს და, აქედან გამომდინარე, არც ხარჯთაღრიცხვა.
ცალკე „სასწრაფოს“ შენობის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში კი, ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტიდან 146 299 ლარი აქვს გადახდილი.
„რადგან პროექტი ფართოვდება [მოიცავს სასწრაფოს და პოლიკლინიკას], არსებული პროექტის ადაპტაცია მოხდება და დაემატება ახალი დეტალები. წელს იგეგმება ადაპტირება და შეძენა პროექტის. მშენებლობის ღირებულება ამის შემდეგ დაზუსტდება.“ – მოგვწერეს სამინისტროდან.
სამინისტროდან ვერ მივიღეთ ინფორმაცია რა თანხა დაიხარჯება ახალი, „ადაპტირებული“ პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში.
ბათუმის N1 პოლიკლინიკა [მარცხნივ] და ტერიტორია, სადაც „რესპუბლიკურის“ შენობა იდგა [აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა]რესპუბლიკურის ძველი შენობა იმ კომპანიას დაანგრევინეს [„საბა კონსტრაქშენი“], რომელმაც ახალი „რესპუბლიკურის“ შენობა ააშენა.
სემეკმა სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო, 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა.
სემეკის ინფორმაციით, კომპანიებს დაევალათ დაკისრებული ჯარიმების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
„სემეკში შექმნილმა მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა განახორციელა „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) მაჩვენებლების კონტროლი.
კერძოდ, შეისწავლა კომპანიების მიერ 2022 წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაცია – ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მომარაგების საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე (SAIFI გამორთვა/მომხმარებელი).
შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები 2022 წელს 2021 წელთან შედარებით იყო გაუარესებული. ამასთანავე, აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ იყო სრულად ასახული ინფორმაცია.“ – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თელასსა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალათ ელექტროენერგიის საიმედოობის 2022 წლის მაჩვენებლებზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების ანალიზისა და მათი გამოსწორების გეგმა-გრაფიკის სემეკში წარდგენა 2023 წლის პირველ სექტემბრამდე.
უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა კონტრიერიშის დაგვიანებაზე და ასევე იმაზე, თუ რას ცვლის უკრაინისთვის იარაღის დაგვიანებით მიწოდება ფრონტის ხაზზე. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს დეტალებს უკრაინული UNIANI-ი აქვეყნებს.
უკრაინამ იწინასწარმეტყველა კონტრშეტევის სირთულეები და მოკავშირეებს სთხოვა, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი იარაღი მიეწოდებინათ, რათა რუსებს არ მისცემოდათ დრო თავდაცვის ხაზის გასაძლიერებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ახლაც, ზოგიერთ რაიონში, უკრაინელი სამხედროები ვერც კი ფიქრობენ შეტევის დაწყებას, რადგან მათ „შესაბამისი იარაღი“ არ აქვთ.
„მე მადლიერი ვარ აშშ-ის, როგორც ჩვენი მხარდაჭერის ლიდერის, მაგრამ მათ, ისევე როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ გვსურდა კონტრშეტევის უფრო ადრე წამოწყება და ამისთვის გვჭირდება ყველა იარაღი და მასალა. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ თუ მოგვიანებით დავიწყებთ, ყველაფერი ნელა წავა“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ბრძოლის ველზე ახლა წარმოქმნილი სირთულეები კონტრშეტევის საერთო „შენელებას“ იწვევს.
„მინდოდა, კონტრშეტევა გაცილებით ადრე დაგვეწყო, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ თუ კონტრშეტევა მოგვიანებით დაიწყებოდა, მაშინ ჩვენი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დანაღმული იქნებოდა. ჩვენ მტერს ვაძლევთ დროს და შესაძლებლობას, მეტი ნაღმები განათავსოს და მოამზადოს საკუთარი თავდაცვის ხაზი“, – თქვა ზელენსკიმ.
კონტრშეტევის ფარგლებში, უკრაინის არმიამ დაიწყო მასირებული სარაკეტო დარტყმების კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის ზურგში არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ცნობით, ამ გზით უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს არიდებენ ძალის ამოწურვას და ამავდროულად ადამიანურ რესურსებსა და აღჭურვილობაზე დარტყმის გზით ასუსტებენ აგრესორს.
ამერიკული ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, წინსვლის ნელი ტემპის მიუხედავად, კონტრშეტევას წარუმატებელს ვერ ვუწოდებთ. ის საერთოდ არ ჰგავს ხარკოვის ოპერაციას, მაგრამ არსებობს გარკვეული მსგავსება ხერსონის გათავისუფლებასთან.
ამერიკელი ექსპერტები ასევე წერენ, რომ უკრაინის სამხედრო ოპერაციების ამჟამინდელი ტემპი არ მიუთითებს ჩიხზე ან იმის მტკიცებულებაზე, რომ უკრაინა ვერ დაიბრუნებს დიდ ტერიტორიებს. გუშინდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ფრონტის სულ მცირე ოთხ სექტორზე და დაწინაურდნენ კიდეც.
ბათუმის ბულვარში სულ 6 სავარჯიშო მოედანია, ტრენაჟორების ნაწილი ყველგან დაზიანებულია. როგორც ბათუმის ბულვარში ამბობენ, სეზონზე ორი სავარჯიშო მოედნის განახლება იგეგმება. ბულვარის ინფორმაციით, ამ პროექტით შესაძენი სავარჯიშო კომპლექტები, შშმ პირების სარგებლობისთვისაც იქნება გათვალისწინებული.
ერთ-ერთი საზღვაო აკადემიის წინ მდებარე ტრენაჟორებია, სადაც ორი ასეთი სივრცე მოეწყობა. ახალი ტრენაჟორებისთვის ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, ტენდერს ამ ტრენაჟორების შესყიდვაზე დღეს, 6 ივლისს გამოაცხადებენ.
გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ დაგეგმილი სავარჯიშო მოედნის მონახაზი ასე გამოიყურება:
„ტრენაჟორები იქნება მაქსიმალურად თანამედროვე და ეს პირველი ლოკაცია არის გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარედ, რაზეც დღეს ცხადდება ტენდერი. პირველ ეტაპზე მოვაწყობთ მაგ ტერიტორიაზე არსებულ სავარჯიშო სივრცეს, სადაც ახალი თაობის ტრენაჟორები განთავსდება. ემატება ერთი ახალი ლოკაცია და სულ ორი სავარჯიშო სივრცე იქნება ამ ადგილზე.
ჯამში სხვადასხვა წონაზე გათვლილი 15 ტრენაჟორი იქნება“, – გვითხრეს ბულვარის პრესსამსახურში. – „მეორე იქნება უკვე კემპინსკის წინ არსებული სავარჯიშო სივრცე. იქაც, არსებული ტრენაჟორები, ახალი სავარჯიშო კომპლექტებით ჩანაცვლდება“.
კემპინსკის მიმდებარედ დაგეგმილი სავარჯიშო მოედანი
რაც შეეხება დაზიანებულ ტრენაჟორებს, ბათუმის ბულვარში განმარტავენ, რომ მათ შეაკეთებენ: „ახლა რაც დაზიანებულია, იმის ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობს და გეგმური სამუშაოების ფარგლებში, ჩვენივე ძალებით ხდება მათი შეკეთება“.
ფოტოები გადაღებულია ჩოგბურთის კორტებთან ახლოს მდებარე სავარჯიშო მოედანზე:
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ უფროსს, ვლადიმერ მიქელაძეს „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“.
ვლადიმერ მიქელაძე „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი იყო 2018 წლიდან 3 წლის განმავლობაში. მას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებას ედავებოდა სხვადასხვა სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულთან ერთად.
მოსამართლემ მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილში არ ცნო ვლადიმერ მიქელაძე დამნაშავედ.
„ჯგუფურად“ ჩადენილ დანაშაულზე მხოლოდ ვლადიმერ მიქელაძეს ჰქონდა ბრალი წარუდგენილი.
შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.
___
ვლადიმერ მიქელაძემ გასულ კვირას მოსამართლეს უთხრა, რომ 520 ათასი ლარიდან ჯამში 288 ათასი ლარი ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ხელზე გადასცა. ასევე პროკურატურა ჯუმბერ ვარდმანიძეს კითხვები დაუსვა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებითაც. ამ ინფორმაციების გასაჯაროების შემდეგ ვარდმანიძემ თანამდებობა დატოვა – ბოლო დრომდე ის აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.
მოწმეების თქმით, ორგანიზაციაში ფიქციურად იყო დასაქმებული ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახაბერ ფუტკარაძის შვილიც. როგორც ათეულობით სხვა ადამიანი. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ თანამდებობა დატოვა კახაბერ ფუტკარაძემაც.
5 ივლისიდან Wolt-ის სერვისით სარგებლობა უკვე ქობულეთშიც იქნება შესაძლებელი. ქობულეთი საქართველოს რიგით მერვე ქალაქია, სადაც Wolt-მა ოპერირება დაიწყო თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და თელავის შემდეგ.
ქობულეთში მომხმარებელი შეძლებს შეუკვეთოს როგორც ქსელური და ადგილობრივი რესტორნებიდან, ისე სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, ტექნიკის, წიგნების, ყვავილების და მრავალი სხვა მაღაზიიდან თუ სავაჭრო ობიექტიდან.
Wolt-ით ქობულეთში შესაძლებელი იქნება ისეთი რესტორნებიდან შეკვეთა, როგორიცაა: Green Terrace, Smith’s Burger, Sazandari, Bora Bora, Afra Cafe BBQ Restaurant, Family Cafe Dinery, Smile, Ok Shawarma, Nakverchkhalze, Princessa, Etnosi, Orovela, Ho!Ra, General Tso, Tony’s Burger, Sakura Sushi, Gradusi, Akhali Gemo, Givi’s Shaurma Nakverchkhalze, Mzia’s Wine House, Wine House Kobuleti, სასტუმრო Georgia Palace-ის რესტორნებიდან – Khatchapuri House, Taittinger Bar, Lobby Lounge, და სხვა. ასევე ქსელური სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან და სხვა მაღაზიებიდან.
ტრადიციულად, ახალ ქალაქში შესვლას Wolt ორ კვირიანი სუპერ აქციით აღნიშნავს – ქობულეთშიც პირველი ორი კვირის მანძილზე, 5-დან 19 ივლისის ჩათვლით, Wolt-ის მომხმარებლები მიტანის სრულიად უფასო სერვისით ისარგებლებენ.
სამომავლოდ კი შეეძლებათ Wolt-ის მომხმარებლები მისი ყველა უპირატესობის და უამრავი სააქციო შეთავაზების გამოყენებასაც შეძლებენ, როგორიცაა ფასდაკლებები, ქეშბექის აქციები, მრავალფეროვანი სპეციალური შეთავაზებები და, რა თქმა უნდა, Wolt+, რომლის გააქტიურებისას მიტანის საფასური ულიმიტო რაოდენობის შეკვეთებზე 0 ლარია.
ასე რომ, ჩამოტვირთეთ Wolt-ის აპლიკაცია და შეუკვეთეთ გემრიელი კერძები, სურსათი, მედიკამენტები და სხვა მრავალი პროდუქტი და მიიღეთ თქვენი შეკვეთა ყველაზე სწრაფად, ახლა უკვე ქობულეთშიც!
Wolt ფინურიტექნოლოგიურიკომპანიაა, რომელიცყველაზე მეტად თავისისაკვებისმიტანის სერვისისპლატფორმითაა ცნობილი. 2017 წელსვოლტი 4 ქვეყანასადა 10 ქალაქშიოპერირებდასკანდინავიისმასშტაბით. დღესდღეობით კი, ჩვენვართ 8000+ ადამიანისგან შემდგარიგუნდი 25 ქვეყანასადა 500+ ქალაქში, რომელიც 29 მილიონზემეტრეგისტრირებულმომხმარებელს ემსახურება.
დღეს, 6 ივლისს, საგარეჯოში, სადაც ენმ-ს წევრები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მომხრეებმა ოპონენტებთან ხელჩართული ჩხუბი გამართეს და ქვები დაუშინეს. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
კადრებში ჩანს, რომ მობილიზებული აგრესიული ადამიანები ისვრიან ბოთლებსა და ქვებს.
კადრში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ნასროლი ქვა მასაც მოხვდა. დაშავდნენ სხვა ჟურნალისტებიც.
ჟურნალისტის თქმით, მოძალადეებმა ჟურნალისტებს დაუზიანეს კამერა და მიკროფონი, რაც კადრშიც ჩანს.
„სრულიად ქაოსურია ვითარებაა და ვინ ვინ ესვრის და ურტყამს გაურკვეველია. გვეჭიდავებიან, ხელი მოჰკიდეს ჩვენ კამერას და დაგვიზიანეს, გაგვიფუჭეს გადამცემი კაბელიც და ვეღარ ვახერხებ პირდაპირ ეთერში შესვლას“, – ამბობს კადრში ჟურნალისტი.
თავდამსხმელები იგინებიან როგორც ჟურნალისტების, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერების მისამართით. კადრებში ვხედავთ, როგორ ისვრიან თავდამსხმელები ქვებს და იგინებიან.
საგარეჯოში სავარაუდოდ „ოცნების“ მხარდამჭერებმა ქვები დაუშინეს ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებს
საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ინფორმაციით, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ტექნიკის გარდა, დაზიანებულია „ფორმულას“ ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძეც.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები.
მესამე დღეა, რაც 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში დაიკარგა.
როგორც ლუკას ბიძა, თენგიზ აბულაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ლუკა და მისი სამი მეგობარი ზღვაში ე.წ. წყლის ბანანით უცნობმა პირმა, ჟილეტების გარეშე შეიყვანა.
„4 ივლისის შემდეგ დაკარგულია ბავშვი. როგორც ვიცი, მეგობრებთან ერთად იყო ზღვაში, თუმცა დამცავი ჟილეტები არ ეცვათ. ბავშვები „ბანანის“ ჩაბმაში დახმარებიან მეპატრონეს და შემდეგ ეს ოთხი ბავშვი ამ პირს გასასეირნებლად გაუყვანია და შემდეგ ნაპირიდან 140 მეტრში ჩამოუყრია ზღვაში“, – ამბობს თენგიზ აბულაძე.
მისი თქმით, ვის ეკუთვნის წყლის „ბანანი“ და რატომ გაიყვანა ბავშვები ზღვაში ჟილეტების გარეშე, მათთვის უცნობია.
„ჩვენ პოლიცია არაფერს გვეუბნება. გეყოფათ ახლაო უთქვამს და ბათუმის პირსთან ზღვაში ჩამოუყრია ბავშვები. ის სამი ბავშვი სამაშველომ გამოიყვანა და ლუკა დაიკარგა.
როცა ნაპირიდან ხედავდნენ, რომ ბავშვები იხრჩობოდნენ და ვეღარ გამოდიოდნენ, პანიკა ატყდა და მერე გამოიძახეს სამაშველო“, – ამბობს ლუკას ბიძა.
მისი თქმით, პოლიციას ოჯახისთვის იმ დღეს ინფორმაცია არ მიუწოდებია. ბავშვის დაკარგვის შესახებ ოჯახმა მხოლოდ გუშინ გაიგო.
„გუშინ არაფერი გააკეთეს ბავშვის მოსაძებნად, თითი-თითზე არ დაუდიათ, ლუკას მეგობრებს დაატარებდნენ გამოკითხვაზე, ჩვენი პროტესტის შემდეგ ჩაუშვეს აკვალანგისტები ზღვაში“, – ამბობს ბიძა.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, 16 წლის ლუკას ზღვაში ამჟამადაც ეძებენ.
თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიას იწყებს, რომლის მთავარი გზავნილია „ერთად გავიმარჯვებთ“. კამპანიის ფარგლებში, რაგბის გულშემატკივარს ეძლევა შანსი, მსოფლიო სპორტული ზეიმის მონაწილე გახდეს და საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროს საფრანგეთში.
კამპანიის ფარგლებში თიბისი და MasterCard-ი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ 8 საგზურს გაათამაშებენ. გამარჯვებულები Mastercard-ისგან პრემიალური საგზურით დასაჩუქრდებიან, რომელშიც შედის:
სამ დღიანი ვიზიტი პარიზში
ავიაბილეთები
სასტუმრო
სამჯერადი კვება
სტადიონზე დასასწრები ბილეთი
ტრანსფერი
თიბისის და MasterCard-ის ერთობლივი კამპანია 5 ივლისს დაიწყო და 29 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშება 450 გამარჯვებულს გამოავლენს.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა:
გქონდეს თიბისის ციფრული ბანკი
5 ივლისიდან – 23 ივლისამდე გაიაქტიურო Mastercard-ის ციფრული რაგბი ბარათი
დაამატო ციფრული რაგბი ბარათი ელექტრონულ საფულეში (Apple Pay, Google Pay)
5 ივლისიდან – 23 ივლისამდე, ჯამში დახარჯო მინიმუმ 100 ლარი რაგბის ციფრული ბარათით გადახდისას. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის ტერმინალებზე.
ტრანზაქციების რაოდენობა არ არის შეზღუდული. აქტივაციაში არ მონაწილეობს ონლაინ ტრანზაქციები.
ფინალურ ეტაპზე თამაშისათვის აუცილებელია დათქმულ დროს – 29 ივლისს 12:00 საათზე ჩაერთო მარათონში და უმოკლეს დროში სწორად უპასუხო რაგბთან დაკავშირებულ 10 შეკითხვას.
სულ თამაშდება 450 პრიზი:
2 საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის მატჩზე
6 საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის – საქართველო ავსტრალიის მატჩზე
200 ერთეული საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური მაისური
200 ერთეული ხელმოწერილი რაგბის ბურთი
42 ერთეული რაგბის ოფიციალური კეპი
თიბისისა და ქართულ რაგბს წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიანი ისტორია აკავშირებთ. გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ ჩემპიონატზე დაიცვა საქართველოს ღირსება.
მხარდაჭერის მთავარი მიზანი ქართულ საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების დანერგვა და განმტკიცებაა. რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ბოლო წლებში კი სპორტის ეს სახეობა საქართველოს წარმატების სიმბოლოდ იქცა.
2023 წლის ივნისში, დეველოპერულ კომპანია მეტროპოლსა და ფრანგულ, საერთაშორისო ჰოსფითალითი კომპანია Louvre Hotels Group-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მეტროპოლი აჭარის რეგიონში ექსკლუზიურად შემოიყვანს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ბრენდს, Royal Tulip-ს.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში ამჟამად ორი დიდი საინვესტიციო პროექტის – კუბისა და ოვალის – მშენებლობა მიმდინარეობს. Louvre Hotels Group-ის ევროპული განვითარების გუნდის ხელმძღვანელი, ჯორჯ შლეგელი ხაზს უსვამს წამყვან დეველოპერულ კომპანიასთან პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც სრულიად ახალ ეტაპს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე.
ბიზნეს კლასის კონცეფციის CUBE-ის პროექტი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომლის მოცულობაც 160 მლნ. ლარს აღემატება. თანამედროვეობისა და დახვეწილობის სინთეზით შექმნილი არქიტექტურით, Metropol CUBE-ის ინფრასტრუქტურა აერთიანებს საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ტერასასა და სარესტორნო სივრცეს.
ზღვისპირა დასვენების მოყვარულებისთვის კი, აქტიური დასვენების სტილზე ორიენტირებული პროექტი – Metropol OVAL-ი – ღვინის ბიბლიოთეკას, კინოდარბაზს, საცურაო აუზსა და დიდ ტერასას ითვალისწინებს. ასე რომ, ორივე საინვესტიციო პროექტი თავის თავში აერთიანებს როგორც კომფორტული ცხოვრების სტილს, ასევე, მაღალი დონის დაგეგმარებასა და თანამედროვე სტანდარტებს.
2027 წლის ბოლოს, CUBE-ისა და OVAL-ის პროექტები სრულად ამოქმედდება, რომლებშიც, შესაბამისად, “Royal Tulip Cube” და “Royal Tulip Oval” იქნება წარმოდგენილი.
„მეტროპოლის” მმართველი პარტნიორი, გიორგი მხეიძე:
„თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ საერთაშორისო ფრანგულ ჰოსფითალითი ბრენდ Louvre Hotels Group-თან, რომელთა ერთადაც რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ 5* სასტუმროების ქსელს Royal Tulip-ს, პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სს თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
კუბის მშენებლობა გაგრძელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში და პროექტზე დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2027 წელს, სასტუმროს გახსნის შემდეგ შეიქმნება 150 მუდმივი სამუშაო ადგილი. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა არა მარტო აჭარის რეგიონისთვის, არამედ სრულიად ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის”.
როგორც Forbes-თან პროექტების განმახორციელებელ კომპანია „მეტროპოლში” განუცხადეს, მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შედგება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სივრცისგან, ესენია Royal Tulip სასტუმრო, საინვესტიციო აპარტამენტები და პირველი კლასის ინფრასტრუქტურა. საინვესტიციო აპარტამენტები მართვაში გადაეცემა საერთაშორისო ჰოსფითალითი მენეჯმენტ კომპანიას, რაც თანაინვესტორს საშუალებას მისცემს, აპარტამენტის შეძენისას მიიღოს სტაბილური შემოსავალი.
მეტროპოლ კუბისა და მეტროპოლ ოვალის მომხმარებლები – პროექტის თანაინვესტორები – არიან საქართველოს რეზიდენტი, ასევე რეზიდენტი პირები, მეტროპოლი თანაინვესტორებისთვის ნერგავს მართვის სრულიად ინოვაციურ სისტემას, სადაც პირადი კაბინეტის საშუალებით თანაინვესტორი შეძლებს თვალ-ყური ადევნოს შემოსავლებს, გაწეულ დანახარჯებს, მიღებულ სერვისებს. აპარტამენტის მესაკუთრეები მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიიღებენ ინფორმაციას თავიანთი ქონების შესახებ.
„3 წლის განმავლობაში, „მეტროპოლი”, ინვესტიციის ზომით ნახევარ მილიარდ ლარს გადასცდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, ჯამურად 516 200 კვ. მ.-ზე დაგეგმილია 5 ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციის პროექტის მშენებლობა. ბათუმის ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი, 260 მილიონი ლარია. შენდება 1000-მდე აპარტამენტი. ასევე, წარმოდგენილი იქნება ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჯამურად 180 ნომრით. პროექტების მშენებლობისას, 4 წლის განმავლობაში, დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2027 წელს, სასტუმროს გახსნის შემდეგ შეიქმნება 300 მუდმივი სამუშაო ადგილი.
თავის მხრივ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები მოიზიდავენ უფრო მეტ ტურისტს. აღნიშნული სასტუმროების არსებობას შეუძლია, მოიზიდოს სხვა ბიზნესები და ინვესტორები, ხელი შეუწყოს მხარდამჭერ ბიზნეს გარემოს და შექმნას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა არამარტო აჭარის რეგიონისთვის, არამედ სრულიად ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის” – აცხადებენ კომპანიაში.
აჭარის მთავრობამ ბათუმის ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში, 277 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საიჯარო წესით, 10 წლის ვადით გაასხვისა.
აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებულს უფლება აქვს აქ განათავსოს „კაფე-ბარის ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტი, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად.“
ქონება აუქციონზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გაიტანა [ბულვარის ადმინისტრაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია]
მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 24 000 ლარი იყო, ბიჯი 720 ლარი და ის მაღალი კონკურენციის პირობებში 98 000 ლარად გასხვისდა [ეს წლიური საიჯარო ფასია].
ახალი ბულვარის ამფითეატრის მიმდებარედ იჯარით გასხვისებული ნაკვეთი მონიშნულია წითელი ფერით
აუქციონის პირობების მიხედვით მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს 18 თვის ვადაში არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს, რაც შემდგომში დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნით დადასტურდება.
აუქციონით გათვალისწინებული პირობა მოიჯარეს ასევე ავალდებულებს სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად.
აუქციონის პირობის მიხედვით მოიჯარე ვალდებულია, იჯარის ვადის განმავლობაში სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე მესამე პირთა შეუფერხებელი წვდომა უზრუნველყოს, შესაბამისად, ეკრძალება ტერიტორიის შემოღობვა ან სხვა ნებისმიერი სახით ამ ნაკვეთთან წვდომის შეზღუდვა.
მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება აჭარის საკუთრებად აღირიცხება“, შესაბამისად, მოსარგებლეს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
ბულვარის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გაფრთხილების მიუხედავად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის ან შეთანხმებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
აუქციონის პირობებში ვხვდებით კიდევ ერთ საინტერესო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მეიჯარე [ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია] უფლებამოსილია, ქონების მესაკუთრის [აჭარის მთავრობა] წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გააუქმოს საიჯარო ხელშეკრულება და მოიჯარეს მოსთხოვოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების გამოთავისუფლება.
პირობის მიხედვით ამ პუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მეიჯარე მოიჯარეს დაუბრუნებს წლიური სარგებლობის საფასურის შესაბამის თვიურად დაანგარიშებულ პროპორციულ თანხას.
ეს ჩანაწერი ერთგვარი რისკია მოიჯარისთვის, რომელსაც იჯარით აღებულ ნაკვეთზე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ბულვარის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს არის ზოგადი ჩანაწერი ისეთი შემთხვევისთვის, რომელიც შეიძლება მომავალში გაჩნდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აუქციონში გამარჯვებულის ვინაობას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაასაჯაროებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისა და დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთ-ერთი კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, მოქალაქეებისგან მიიღეს ჯამში 568 120 ლარი, რომლითაც უნდა შეეძინათ ავტომანქანები და ჩამოეტანათ საქართველოში. ნაცვლად აღნიშნულისა, ბრალდებულების მიერ მიღებული თანხები გაფლანგული და არამიზნობრივად იქნა გახარჯული.
ამავე დროს, მოქალაქეებთან არსებული და მოსალოდნელი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა მოჩვენებითი გარიგებით გადამალეს კომპანიის საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით, დაახლოებით 740 000 ლარის ღირებულების ქონება, რათა დაზარალებულებს არ ჰქონოდათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 205-ე პრიმა მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
„კომპანიამ თითქოს ორ-ორ ლარს დავამატებთ დღეშიო, მაგრამ ეს როგორი თემაა იცით, 2 ლარი რომ დაგვიმატონ, თვეში 60 ლარია და 60-80 ლარს მეორად ტანსაცმელში ვხარჯავთ, რომ ვიმუშაოთ,“ – გვითხრა როინ შავაძემ, რომელიც ერთ-ერთია იმ ორმოცამდე მუშიდან, რომლებიც პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ.
გაფიცულები კომპანია „სინოჰიდროში“ არიან დასაქმებულები, რომელიც ხულო-ზარზმის გზას აკეთებს. ამ ჩინურ კომპანიასთან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება ჯამში 95 689 302 ლარზე აქვს გაფორმებული.
ხელფასების გაზრდის მოთხოვნის გარდა რამდენიმე დასაქმებული იმ დანაკლისის ანაზღაურებასაც ითხოვს, რაც, მათივე თქმით, კომპანიამ ხელფასზე დააკლო.
„ბევრს დააკლეს, ბევრს არა და რატომ ქნეს ასე, არ ვიცი. კომპანიაში ამბობენ, ფორმების და რაღაც ინვენტარის გამო დავაკელითო, მაგრამ წელიწად-ნახევარზე მეტია არც ფორმა მოუციათ, არც კასკა და არც არაფერი, ისე დააკლეს ჩვენი ბრიგადის ბიჭებს 250 ლარი. ვითომ დაგირიცხავთო, მაგრამ საბოლოო და ზუსტი პასუხი არ გვაქვს“, – ამბობს როინ შავაძე.
მისივე თქმით, მხოლოდ მისი ბრიგადიდან 9 კაცი უკვე მე-14 დღეა სამუშაოზე არ გასულა: „ხელფასების მომატებასაც ვითხოვთ, ისეთი სამუშაო გვაქვს, ყოველ დღე მანქანის ქვეშ და მაზუთში გვიწევს მუშაობა, ავტომობილების შემკეთებლები ვართ. ანალოგიურად დააკლეს არმატურაზე ვინც მუშაობს, იმ ხალხსაც. ბევრია ასეთი. ისინიც ითხოვენ ხელფასების გაზრდას.“
გაფიცული მუშების თქმით, ხელფასები ან უნდა გათანაბრდეს, ან „ისე უნდა გააკეთონ, რომ მე თუ ვმუშაობ და ჩემი საქმე ღირს 40 ლარი, მომეცი ეს თანხა, ვინც შედარებით მძიმე საქმეს ასრულებს, იმას მიეცი – 45. რაღაც განსხვავება ხომ უნდა იყოს ხელფასებშიც სამუშაოს შესაბამისი… არაფერს მაგენი განსხვავებას არ ახდენენ… ან რაღაცით ხომ უნდა წაახალისო ადამიანი, რომ ელემენტარულად კარგად იმუშაოს“.
როინ შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას გაზაფხულზე დღეში 35 ლარი ჰქონდა და მას და კიდევ ორ დასაქმებულს შემდეგ 2-2 ლარი დაუმატეს, თუმცა არ დაუმატეს მათ, ვისაც შედარებით ახალდაწყებული ჰქონდა მუშაობა: „შევხედავთ ახალმოსულებს და 6 თვის მერე დავუმატებთო, მაგრამ ის კაციც ჩემსავით მუშაობს – მას 35, მე 37 ლარი მაქვს დღეში. ამიტომ, ვითხოვთ, რომ ყველას, ვინც ერთნაირ საქმეს ვაკეთებთ, ხელფასიც თანაბარი გვქონდეს.
ჩემზე მეტს სხვები მუშაობენ, მაგალითად, არმატურის ბიჭები და გარეთ ხიდებზე რომ მუშაობენ, ისინიც. ხელფასები კი დღეში 35, 38, 43 ლარი აქვთ. მაგრამ ვისაც შედარებით მსუბუქი საქმე აქვს, იმას აქვს 43 ლარი დღეში და ვისაც მძიმე საქმე აქვს – იმას 35 და 38.“
გაფიცული მუშების თქმით, „რომ იტყვიან, არანორმალური სამუშაოა“ და თუ ხელფასები არ გაიზარდა, დასაქმებულების 80 პროცენტი სამუშაოდ აღარ გავა – „სადმე შედარებით ნორმალურ სამუშაოს მოვძებნით“.
ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით კი, კომპანიას ხელი მუშაობაში იმ კუთხით ეშლება, რომ რამდენიმე ობიექტზე „ჩინელები თვითონ მუშაობენ, ჯერ ერთ ხიდზე, ვთქვათ, მერე – მეორეზე და ასე… რომ უნდოდეთ ერთდროულად სამ ობიექტზე მუშაობა – ვერ იმუშავებენ“.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „სინოჰიდროს“, სადაც დაგვპირდნენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს „ხელმძღვანელობასთან შეათანხმებდნენ“. თუმცა 5 ივლისს, კომპანიიდან მოგვწერეს, რომ „ჯერჯერობით ვერაფერს გვეტყვიან“.
„სინოჰიდროსგან“ ხელფასის მომატების და „ადამიანური პირობების“ მოთხოვნით, მუშები ორი წლის წინაც გაიფიცნენ, „ბათუმელებთან“ კომენტარი კი, კომპანიამ არც მაშინ გააკეთა:
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 2018 წელს გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახალ ტენდერებში [პირველი და მეორე ლოტი] ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა. სამუშაოები 2 ლოტად შემდეგნაირად ფინანსდება:
პირველი:ხულო-გოდერძის უღელტეხილი– ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულება დაგეგმილი იყო 2023 წელს, თუმცა დეპარტამენტის ბოლო ინფორმაციით, „მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024 წელს დასრულდება“. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ.
მეორე:გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წელს. პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში ამ 95 689 302 ლარიდან, 2023 წლის 2 ივლისის მდგომარეობით, „ხელშეკრულებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ანაზღაურებულია მხოლოდ 45 056 866 ლარი.“
„ამასთან, რთული რელიეფისა და გეოლოგიური პირობების გამო, 17 უბანზე განვითარებულია მეწყერი. ინტენსიურად მიმდინარეობს ამ უბნების შესწავლისა და საპროექტო გადაწყვეტილებების დამუშავება. 8 მეწყრული უბნისთვის უკვე გამოცხადებულია მშენებლობის ტენდერი. პროექტის დასრულებამდე არსებულ გზაზე, ავტოტრანსპორტის განვლადობის უზრუნველსაყოფად, პერიოდულად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“, – ეს ინფორმაციაც გზების დეპარტამენტმა 2023 წლის 2 ივლისს გაავრცელა.
გეოლოგიური დასკვნის მიხედვით კი, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოებია. ამ დამეწყრილი უბნების გამაგრებისთვის, ბიუჯეტიდან, მილიონობით ლარი დამატებით დაიხარჯება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 232 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
ტანკი – 4 068 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 7 932 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 4 310 ერთეული [+22]
MLRS – 657 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 404 ერთეული [+9]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 635 ერთეული [+21]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 264 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 888 ერთეული [+23]
სპეცტექნიკა – 605 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
451 თვითმფრინავი
241 ვერტმფრენი
4 908 უპილოტო საფრენი აპარატი
426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
10 547 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 135 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 356 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
11 468 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
„მაშინვე მითიშავდა ტელეფონს, როგორც კი ვკითხავდი: როდის ბრუნდები ომიდან?“ – ნანა მადოსიანი იმ დღეებს იხსენებს, როცა უკრაინაში, ომში წასულ შვილთან, დავით ქუჩუკიანთან დალაპარაკება ჯერ კიდევ შეეძლო. 29 წლის ქართველი მებრძოლი 2023 წლის 4 აპრილს უკრაინაში, ბახმუტში დაიღუპა.
„ჩემს შვილს ასე სჯეროდა: თუ უკრაინა ომს მოიგებს, საქართველოც გამთლიანდება და გაიმარჯვებსო. მე მჯერა, რომ უკრაინა მოიგებს ომს,“ – სიმტკიცე ეტყობა ნანა მადოსიანს. ის შიდა ქართლში, სოფელ ბებნისში ცხოვრობს.
უკრაინაში დაღუპული მებრძოლის დედას „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა.
დავით ქუჩუკიანი უკრაინაში 2022 წლის 28 თებერვალს წასულა, ომის დაწყებამდე კი იგი პოლონეთში მუშაობდა ხელოსნად. ჰქონდა 8-წლიანი სამხედრო გამოცდილება და კიდევ – დავით ქუჩუკიანი ავღანეთში ნატოს საერთაშორისო მისიის მონაწილე იყო ორჯერ.
„ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა, დათო 9 თვე ხელოსნად მუშაობდა პოლონეთში,“ – გვიყვება ნანა მადოსიანი, – „არც ის გვითხრა, რომ ომში აპირებდა წასვლა. მანამდე მითხრა, ჩემს მედლებს სურათი გადაუღე და გამომიგზავნეო. რად გინდა-მეთქი და პოლონეთში რაღაც ჯგუფები იქმნება და უნდა მოვამზადო ხალხიო.
თურმე უკვე უკრაინაში ყოფილა. მერე დაგვირეკა ვიდეოზარით.
ყოველთვის ახერხებდა შემართებით ყოფილიყო. თანამებრძოლებიც ამბობენ, ისეთ სიტუაციაში გაიხუმრებდა და გაგვაცინებდა ყველას, წარმოუდგენელი იყოო.
ყოველ დარეკვაზე ისეთ პოზიტიურ ხასიათზე იყო, მავიწყდებოდა ხანდახან, ომში რომ მყავდა შვილი,“ – ამბობს ნანა მადოსიანი.
დავით ქუჩუკიანი – ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში 2023 წელს დაიღუპა
ქართველი მებრძოლის ოჯახმა ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გაიგო, რომ უკრაინაში, გოსტომელის აეროდრომის აფეთქების შემდეგ ქართველებიც მოიწამლნენ.
„თურმე კიევის საავადმყოფოში ჰყოლიათ გადაყვანილი, არ ინერვიულოთ კარგად ვარო, გვითხრა. ისეთი შემართება ჰქონდა, თვითონ უნდა აეღო ყველაფერი.
სოციალურ ქსელში რაღაც ვიდეოებს ვნახულობდი უკრაინაში გადაღებულს და ერთხელ დათო ხმით ვიცანი – თვითონ არ ჩანდა. რომ დარეკა, ვუთხარი და კი, მე ვიყავი, შენ საიდან ნახეო.
თურმე სამჯერ დაჭრილა კიდეც. ეს მერე მითხრეს ბიჭებმა, დათო რომ უკვე აღარ იყო,“ – თხრობის გაგრძელება უჭირს ნანა მადოსიანს.
დავით ქუჩუკიანი ბახმუტში დაიღუპა. მებრძოლის დედა დათოს თანამებრძოლების მონაყოლს გვიზიარებს და ჯერ იმას აღნიშნავს, რომ ვიდრე ჭურვი მოხვდებოდა, დათომ სამი თანამებრძოლის სამშვიდობოს გამოყვანა შეძლო.
„…დრონიდან ისროდნენ ჭურვებსო, ესენი სანგრებში იყვნენ. დათოს მარჯვენა მხარი სულ დაუფლეთია. სულ სამი საათი უცოცხლია კიდევ.
მერე ვეკითხებოდი ბიჭებს, რას ამბობდა ბოლოს, არ გვახსენა-მეთქი? – არა, სხვებს ამხნევებდა, ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავთ, ყველა გადავრჩებითო.
სამი დღის შემდეგ დათო ჩამოგვიყვანეს საქართველოში.
დათოს 8 წლის გოგო ჰყავს – ნინი,“ – გვიყვება ნანა მადოსიანი.
დავით ქუჩუკიანი – ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში 2023 წელს დაიღუპა
ქართველი მებრძოლის დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ხელისუფლებიდან არავინ დაჰკავშირებია. საქართველოსთვის მებრძოლ და საერთაშორისო მისიაში ორგზის მონაწილე კაცს ოჯახის შესანახად პოლონეთში დასჭირდა წასვლა, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპვის შემდეგ კი, სახელმწიფო მხოლოდ 100 ლარს უხდის მებრძოლის დაობლებულ შვილს.
„სოფელში ვცხოვრობდთ, ბაღი გვაქვს, ესაა ჩვენი შემოსავალი. ჩემი მეუღლე მუშაობს ასევე ხელოსნად… რამდენიმე წლის სოციალური დახმარებაც ვითხოვეთ, მაგრამ არ მოგვცეს.
ხელისუფლება ამბობს, რომ მშვიდობას უფრთხილდება. მშვიდობა ალბათ ყველაზე კარგია, მაგრამ ვინ გაცდის?
მშვიდობა გვაქვს ახლა ჩვენ ქვეყანაში? ახლა რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამას მშვიდობა ჰქვია?
ჩემი შვილი სულ იმეორებდა და უკვირდა უკრაინელების შემართების, ერთსულოვნების.
ჩვენ ეროვნებით სომხები ვართ, მაგრამ ჩემი შვილები ქართულად გავზარდე. დათოს განსაკუთრებით ძველი ქართულით წერა უყვარდა. აი, სამხედრო სწავლების დროს კონსპექტებსაც ძველი ქართულით ამზადებდა. ეს უფრო მელამაზება და მეხალისებაო.
დავით ქუჩუკიანის ჩანაწერი მოგვაწოდა მებრძოლის დედამ, ნანა მადოსიანმა.
დათოს უმაღლესში არ უსწავლია, სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წავიდა და მერე საკონტრაქტო გააფორმა… შემდეგ ქართული ჯარიც არ მოსწონდა, ხელოსნობა დაიწყო. მერე პოლონეთში წავიდა. აქ სად დასაქმდებოდა სხვაგან, აბა?!
აგვისტოს ომის დროს დათო 15 წლის იყო… მაშინ სულ კითხულობდა – რატომ იჭრებიან რუსები ჩვენთან, რატომ არ გვანებებენ თავსო? დათოს ჩემი ბიძაშვილისთვის უთქვამს, ავტომატები ვიშოვოთ და ჩვენც წავიდეთ ომშიო.
ეს ჩანაწერიც ნახეთ, დათოს ლექსია – ავღანეთში ყოფნის დროს დაუწერია:
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით ქუჩუკიანის ლექსი. ჩანაწერი მოგვაწოდა მებრძოლის დედამ, ნანა მადოსიანმა.
ხშირად იმეორებდა დათო, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მარტო არ უნდა დავრჩეთ ბრძოლაში, უკრაინა ჩვენ გვეხმარებოდა, ახლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ერთად დავამარცხოთ საერთო მტერიო.
ხელისუფლებასაც ამას ვეტყოდი: ხალხი ბრმა არ არის, ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს.
ახლა როგორც ჩემს შვილს, ისე ვკითხულობ ქართველ მებრძოლებს უკრაინაში – არც ისინი აპირებენ დაბრუნებას,“ – ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს მებრძოლის დედა, ნანა მადოსიანი.
„რუსეთი ოკუპანტია“, „თავისუფლების დასაცავად ცოდნა უკეთესი იარაღია ვიდრე არმია “ – მაისურზე ამ წარწერების გამო აქტივისტი რისმაგ ხოზრევანიძე დღეს, 5 ივლისს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე არ შეუშვეს.
მოქალაქის თქმით, მას უთხრეს, რომ წარწერები სარეკლამო ინფორმაციას შეიცავს და ამ მაისურით სტადიონზე შესვლა არ შეიძლება.
„ეს არის რეკლამა, ეს არის რაღაც ამონაბეჭდი, რომელიც არის აკრძალული სტადიონზე შესატანად. ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს არის კანონდარღვევა“ – განუცხადეს მოქალაქეს ადგილზე.
„რომელი კანონით?“ – იკითხა მოქალაქემ, რაზეც უპასუხეს, რომ „შიდაგანაწესით არის დარღვევა“.
კამათი ამ საკითხზე 20 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვიდეოკადრებშიჩანს, რომ პროცესს პოლიციის წარმომადგენელიც ადევნებდა თვალს.
„კითხვებს აქეთ რომ სვამ, კითხვას მე დაგისვამ. ეს მაისური რატომ გაცვია? “ – მიმართა მოქალაქეს ადგილზე მყოფმა უფლებამოსილმა პირმა [მას თან ჰქონდა სპეციალური მოწმობა დამაგრებული მაისურზე]: „- შენ ახლა უხერხულში აყენებ ჩვენს პოლიციას? – აბა გეუბნები, რომ არ შეიძლება, არ შეიძლება ხომ გეუბნები…“
ვიდეოში ჩანს, რომ კიდევ ერთმა პოლიციელმა შსს-ს მაისურით, მოქალაქე რისმაგ ხოზრევანიძის თანმხლებ პირს საჯარო სივრცეში ვიდოგადაღება აუკრძალა და გადაღების პროცესში ხელი შეუშალა. კითხვით – „რატომ იღებ?“- პოლიციელი მოქალაქის ტელეფონსაც შეეხო და ხელის შეშლა სცადა, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ვიდეოგადაღება ყველას შეუძლია.
„სტადიონზე არ უნდა შევიდეს, ეს არის დაუშვებელი, წადით ახლა აქედან “ – ისევ იმეორებდა ადგილზე მყოფი პირი.
„ბათუმელები“ მოქალაქე რისმაგ ხოზრევანიძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მისი თქმით, საბოლოოდ პირი, რომელმაც ის სტადიონზე არ შეუშვა პოლიციამ განარიდა ადგილიდან: „ჩვენ კი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით დავტოვეთ ტერიტორია“.
რისმაგ ხოზრევანიძე ამბობს, რომ მსგავსი წარწერით ბევრი მაისური აქვს: „სულ მაცვია, ასე დავდივარ ყველგან, პრობლემა მეორედ შემექმნა მაისურის გამო“.
აქამდე მისთვის მაისურზე წარწერების გამო შენობაში შესვლაზე უარი უმაღლეს საბჭოშიც უთქვამთ. რისმაგ ხოზრევანიძის თქმით მაშინ უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი დაეხმარა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სტადიონი გადაცემული უეფაზე და ყველა წესს, მათ შორის სტადიონზე შესვლასა და ქცევასთან დაკავშირებით, უეფა ადგენს. აქ მიგვითითეს უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წესებზე.
წესებში არაფერია ნათქვამი სტადიონზე შესვლის დრესკოდზე. მეექვსე პუნქტში აღნიშნულია, რომ მატჩზე აკრძალულია ნებისმიერი სარეკლამო, კომერციული მასალა [რაზეც აპელირებდა პირი, რომელმაც მოქალაქეს სტადიონზე შეშვებაზე უარი უთხრა] და, ასევე, აკრძალულია „ნებისმიერი შეურაცხმყოფელი, რასისტული, ქსენოფობიური, სექსისტური, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა უკანონო/აკრძალული მასალა, მათ შორის დისკრიმინაციული პროპაგანდისტული შინაარსის მასალა“.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქალაქში პარკირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ამოქმედდა ახალი პორტალი რომლის მეშვეობით ხელმისაწვდომია, როგორც ქალაქში პარკირების სხვადასხვა ვადიანი საშვის შეძენა, ასევე შეძენილი საშვების ვადის გადამოწმებაც.
„მომდევნო კვირიდან პარკირების საშვის შეძენა პორტალის გარდა, შესაძლებელი გახდება „საქართველოს ბანკის“ გადახდის არხებიდანაც. (იგულისხმება გადახდის წარმოება როგორც ბანკში ვიზიტით, ინტერნეტბანკის ან გადახდის აპარატის მეშვეობით).
სხვა ბანკების გადახდის სისტემაში ჩართვა ეტაპობრივად განხორციელდება.“ – აღნიშნულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ დღეს, 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
შენიშვნა: ადრე შეძენილი საშვების ვადების გადამოწმება ამ დროისთვის პორტალზე ვერ ხერხდება.
დამატებითი ინფორმაციისა და შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, მობ.: 577 57 17 74
2023 წლის თებერვლიდან დღემდე ბათუმში პარკირების საფასურის გადახდა შეუძლებელი იყო. მიზეზად „ავტოტრანსპორტი“ შესაბამისი სერვერის დაზიანებას ასახელებდა.
ახალი პორტალი პირველი ივლისიდან ამოქმედდა, თუმცა არასრულად.
პირველი ივლისიდან ამოქმედდა ასევე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ახალი ვებგვერდი და დაჯარიმების ახალი სისტემაც.
კომპანია „სოკარის“ ცნობით, 7 ივლისის 12:00 საათიდან 7 ივლისის 14:00 საათამდე ბათუმის მუნიციპალიტეტში, რობაქიძის ქუჩის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება.
ასევე, 7 ივლისის 11:00 საათიდან 7 ივლისის 13:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება შანიძის 2 ჩიხსა და სიონის ქუჩის აბონენტებს, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე – შაშიკაშვილისა და ხაბაძის ქუჩების აბონენტებს.
„სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
„მოასუფთავე აქაურობა და სასტუმრო ააშენეო, – მეუბნებოდნენ. მართლა დიდი სასტუმრო აშენდებოდა აქ და ძალიან დიდი შემოსავალიც მექნებოდა, მაგრამ არ მინდა. ფულმა არ უნდა ჩაანაცვლოს კულტურული მემკვიდრეობა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამაზ შარაძე, რომელიც ახალსოფლის დასახლებაში, ავგიას ქუჩაზე ცხოვრობს.
ამბობს, რომ ხუთი წლის წინ მის ეზოში აღმოჩენილი ეკლესიის ნანგრევები მეხუთე საუკუნით თარიღდება.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ავგიის ნაეკლესიარს ძეგლის სტატუსი 2020 წლის იანვარში მიენიჭა. იმავე წელს ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოები ა(ა)იპ – „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა“ ჩაატარა.
თამაზი გვიყვება, რომ ნანგრევები მიწის ქვეშ იყო მოქცეული, თუმცა მოსახლეობა წლების განმავლობაში ეზიდებოდა აქედან ქვებს და ასე რომ გაგრძელებულიყო, შესაძლოა მთლიანად წაშლილიყო ძეგლის კვალი.
ჯვრის ფორმის ნანგრევები მეხუთე საუკუნით თარიღდება
„კომუნისტების დროს თავმჯდომარესთანაც მიჩივლეს, ქვებს არ გვაძლევსო. ისიც მეუბნებოდა – რად გინდა ქვები, მიეციო. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამ ქვებში რაღაც მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო და არ მივეცი ქვების გატანის უფლება“, – გვეუბნება თამაზ შარაძე.
დაახლოებით ხუთი წლის წინ თამაზ შარაძემ თიხის ნატეხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მიიტანა შესასწავლად. „იცით, რომელი საუკუნისაა ეს თიხაო? – მითხრეს. მეხუთე საუკუნის აღმოჩნდა. მეორე დღესვე მოვიდნენ და დაიწყო გათხრები.
მეხუთე საუკუნით დათარიღებული კედლის ნანგრევები თამაზ შარაძის ეზოში
ძირითადად თიხის საყოფაცხოვრებო ჭურჭელი აღმოჩნდა, ქვევრის ნაშთებიც იყო, რკინის ორი ჯვარი აღმოაჩინეს შენობის შუა ნაწილში. ჯვრებზე შუშის თვლები იყო დატანილი.
შენობას სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკისა და სამლოცველოს ფუნქცია ჰქონდა.
დუღაბისთვის სავარაუდოდ კვერცხის გულს და ცილას იყენებდნენ. თიხის ფილებს კი იატაკისთვის იყენებდნენ, რომელიც სითბოს კარგად ინარჩუნებს.
შემდეგ გაკეთდა ძეგლის კონსერვაცია, სტატუსიც მიანიჭეს და ახლა მე ვუვლი“, – გვეუბნება თამაზ შარაძე.
თამაზი ქვევრის ღვინოს აწარმოებს და ეზოში სადეგუსტაციო ოთახი აქვს. ამბობს, რომ მარანიც საკუთარი ხელით გააკეთა. სურს, ძეგლის ტერიტორიაც ისე მოაწესრიგოს, რომ ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო იყოს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ტურისტულ რუკაზე არ არის დატანილი ეს ადგილი და არც ნიშნულებია გაკეთებული, მაინც საკმაოდ ბევრი ტურისტი მოდის.
დიდი სურვილი მაქვს, კარგად მოვაწყო აქაურობა, შუშაში რომ იყოს ჩასმული, თარიღები და აღწერები ჰქონდეს, განათებები დამონტაჟდეს, ოღონდ ისე, რომ არც ძეგლი დაზიანდეს და ტურისტულადაც საინტერესო სანახაობა იყოს.
ცენტრალური გზიდან სტუმარი ადვილად რომ მოვიდეს ძეგლთან, კიბეა საჭირო. მივმართე სახელმწიფოს დახმარებისთვის და მოთხოვნა დამიკმაყოფილეს.
როგორც ვიცი, ტენდერიც გამოცხადებულია და იმედია, მალე მოგვარდება კიბის ნაწილი“, – ამბობს თამაზი.
კედლის ამ ნაწილზე ძეგლთან მისასვლელი კიბე უნდა აშენდეს
მისი აზრით, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა და მოფრთხილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი.
„თუ ჩვენ არ ვასწავლეთ ჩვენი ისტორია შვილებს, ისე არაფერი გამოვა.
ბევრი მეუბნებოდა, ამხელა ადგილს ტყუილად რატომ აცდენ, მოასუფთავე და რამე ააშენეო. მართლა კარგი ადგილია და სასტუმრო რომ ამეშენებინა, დიდი ფულიც მექნებოდა, მაგრამ არ მინდა. ვფიქრობ, ფულმა არ უნდა ჩაანაცვლოს კულტურული მემკვიდრეობა. ფული სხვაა და ისტორია – სხვა, ეს სიძველეები უფრო ღირებულია ჩემთვის.
სანამ ცოცხალი ვარ, ეს ასე იქნება და ჩემს შვილიშვილებსაც ისე გადავცემ, რომ იცოდნენ მისი ფასი“, – გვეუბნება თამაზი.
მისი აზრით, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ადამიანების ცნობიერებიც უნდა გაიზარდოს.
„მე რომ არ მქონოდა ინტერესი, რა უნდოდა ამის წაშლას? მით უმეტეს, კომუნისტების დროს, ერთი ტრაქტორი და მოასწორებდი.
არც უზარმაზარი სასტუმროებია საჭირო, ოთხი ნომერი მაქვს აშენებული და ჩემთვის საკმარისია. ის უფრო მნიშვნელოვანი არ არის, აქ რომ ტურისტი მოვა, ნახავს ამ სიძველეს და დაინტერესდება, ვინ ცხოვრობს ამ სახლში? ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე ფული“, – გვეუბნება თამაზ შარაძე.
შარაძის თქმით, ეს ნალია 150-მდე წლისაა
ამ უძველესი ნანგრევების გარდა, თამაზ შარაძის ეზოში უძველეს ხის ნალიასაც ნახავთ. ნალიის ფიცრები ხელით არის გათლილი და როგორც თამაზი გვეუბნება, სულ ცოტა 150 წლისაა.
„ბაბუაჩემის ბაბუას მოტანილია. როგორც ვიცი, ას წელზე მეტი ხნისაა. აი, ნალიას ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ ესეც იმსახურებს“, – გვეუბნება ღიმილით.
როგორც თამაზი ამბობს, მას ძველი ნივთების სიყვარული ყოველთვის ახასიათებდა. მის მარანში იპოვით ძველ პიანინოს, უძველეს ვინილს, რომელიც მეგობარმა აჩუქა და სხვადასხვა ძველებურ ნივთს.
ძველი ვინილი თამაზ შარაშიძის მარანში
სადეგუსტაციო ოთახში ძველი ვინილის ფირფიტიდან წინა საუკუნის ფრანგული მელოდია იღვრება. კედლებზე მეხუთე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გათხრებია აღბეჭდილი, კედლის გვერდით თიხის ჭურჭელი აწყვია.
თამაზ შარაძეს იმედი აქვს, რომ ეზოში აღმოჩენილი მეხუთე საუკუნის ძეგლის ნაშთები მის მარანს და სახლს ტურისტულ რუკაზე ბევრ ვიზიტორს მოანიშვნინებს.
გარემოს დაცვის ღონისძიება ბათუმში, საბავშვო ტანსაცმელების ბრენდი Okaidi-ს ორგანიზებით.
თანამედროვე სამყაროში გარემოს დაცვა და განსაკუთრებით წყლის დაბინძურება უზარმაზარ პრობლემად იქცა, საქართველოშიც ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით ბინძურდება სანაპირო ზოლი, რასაც ნაპირზე უყურადღებოდ დატოვებული ნარჩენი იწვევს. ნარჩენების წყალში მოხვედრა აზიანებს როგორც ზღვის ბინადრებს ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მთლიან ციკლზე და ადამიანზეც.
კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერება და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ინიცირება. სწორედ ამიტომ Okaidi დაუმეგობრდა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სადაგს“, რომელიც ზრუნავს საქართველოს ბუნების დასუფთავებასა და დაცვაზე.
ბათუმის სანაპიროზე ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო ბრენდის ერთგული მომხმარებლების სასარგებლო ინიციატივაში ჩართვა. Okaidi-ს პატარა მეგობრებთან ერთად დავასუფთავეთ სანაპიროს ზოლი, შევაგროვეთ ნარჩენები და ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მოვისმინეთ მათ მნიშვნელობაზე. ბავშვები განსაკუთრებული ხალისით ჩაერთნენ სანაპიროს დასუფთავების საქმიანობაში და ყურადღებით უსმენდნენ „სადაგი“-ს საინფორმაცი ლექციას ზღვისა და ბუნების დაცვასა და გაფრთხილებაზე.
ოკაიდისთვის რატომ არის ღირებული გარემოზე ზრუნვა?
Okaidi ფრანგული საბავშო ტანსაცმელების ბრენდია, რომელიც მუდმივად ზრუნავს ბავშვებისთვის უსაფრთხო მომავლის შექმნაზე. გარემოს დაცვითი ღონისძიების ორგანიზებაც სწორედ ბრენდის ღირებულების ნაწილია, რადგან მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ცნობიერების ამაღლებასა და სასარგებლო ქცევისკენ მოწოდებას. Okaidi-ს კოლექციებიც მომავალზე ფიქრით იქმნება, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოიყენება გადამუშავებული ქსოვილები, ორგანული ბამბა და სხვა ეკო-მეგობრული მასალები.
რა გეგმები აქვს მომავალში გარემოსდაცვითი კუთხით ბრენდს?
რადგან ბათუმის ღონისძიება დიდი გამოხმაურებით ჩატარდა იმედი გვაქვს შევძლებთ, რომ რეგულარული სახე მივცეთ მსგავს ინიციატივებს და Okaidi-ს ღირებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო ფართოდ გავავრცელოთ.
8 ივლისიდან საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „ლისინ ჯგუფი“ ბათუმში ფერად დღესასწაულს იწყებს და მონაწილეებს ზღვა ემოციას ჰპირდება.
ფესტივალი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და 6 ზონას მოიცავს, რაც ნიშნავს, რომ იქ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის თავის ადგილს.
თუ მზად ხართ გასტრონომიული მოგზაურობისთვის, მაშინ ფესტივალის კვების ზონა თქვენთვის არის – აქ დაგხვდებათ საქართველოს ყველა კუთხის გასტრონომიული შედევრები, ყველაზე ტკბილი და ფერადი დესერტები, აზიური სამზარეულოს მსოფლიოში აღიარებული კერძები. გასტრონომიული მოგზაურობა ნამდვილად ხანგრძლივი იქნება, ამიტომ, მოემზადეთ.
თუ შოპინგი თქვენი სუსტი მხარეა, მაშინ ფესტივალზე ყველაზე მასშტაბური შოპინგზონა დაგხვდებათ, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი, მრავალფეროვანი არჩევანით.
შავი ზღვის სანაპიროზე დაისი განსაკუთრებულად ლამაზია, კარგ დაისს კი კარგი ფილმი უხდება. სწორედ ამიტომ ფესტივალი ფილმის მოყვარულებს ღია კინოთეატრის ზონაში უმასპინძლებს.
მთელი დღე ზღვაზე ნებივრობის შემდეგ არომატული და პიკანტური კოქტეილები კიდევ უფრო შესანიშნავს გახდის თქვენს დასვენებას – სწორედ ამიტომ ფესტივალზე ბარების ზონას იპოვით, სადაც ვირტუოზი ბარმენები კოქტეილებთან ერთად საოცარ შოუებს შემოგთავაზებენ.
ზაფხული, ზღვა და დასვენება, რა თქმა უნდა, მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია – ფესტივალზე ორი სცენა დაგხვდებათ, სადაც ზღვა ემოციების მისაღებად თქვენს გაწყობაზე ლაივბენდები, სოლოშემსრულებლები და დჯები იზრუნებენ.
ფესტივალის ორგანიზატორებს არც პატარა მეგობრები დაავიწყდათ – მათთვის სპეციალურად მასშტაბური ზონა იქნება მოწყობილი, სადაც მათ განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, ითამაშებენ ბევრს, გაერთობიან და ისინიც ზღვა ემოციით დაბრუნდებიან სახლში.
ფესტივალის მრავალფეროვნებაზე ბევრი იზრუნეს, რათა ადგილობრივი ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის ერთ სივრცეში საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეეთავაზებინათ. ბათუმის ფესტივალი კი საუკეთესო საშუალება იქნება, კიდევ ერთხელ მოექცეს მსოფლიოს ყურადღების ქვეშ საქართველო და ბათუმი.
ამასთან ერთად, ფესტივალი 400-მდე ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, ზაფხულის ცხელი დღეები კარიერული წინსვლისთვის გამოიყენონ და ბათუმის ფესტივალზე დასაქმდნენ.
ფესტივალი სტარტს 8 ივლისს აიღებს, 16 ივლისს კი გრანდიოზული გახსნა გელოდებათ, სადაც თქვენს გაწყობაზე იზრუნებენ ანსამბლი „არსიანი“, სოფო ხალვაში ბენდთან ერთად, ბენდი „სისაიდი“, „თამადა“, DJ tobako tween-ი და ადგილობრივი დჯ -ები – ბექა კალანდაძე, ბენე, ჩიკი და Goldman-ი.
არ გამოტოვოთ ზაფხულის მთავარი დღესასწაული – ბათუმის ფესტივალი, ადევნეთ თვალი ფესტივალის ვებგვერდს და მიიღეთ ზღვა ემოცია.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] რუსეთ-უკრაინის 4 ივლისის ანგარიშში წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინული ძალები ფოკუსირებულნი არიან ფრონტზე რუსული ადამიანური რესურსებისა და აღჭურვილობის შემცირებასა და ძალის გამოცლაზე და, ამავე დროს, უკრაინული ძალები აგრძელებენ სტაბილურ, თანდათანობით წინსვლას.
ანგარიშში ამის დასტურად მოყვანილია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის 4 ივლისის განცხადება, როცა მან თქვა, რომ უკრაინული ძალები ასრულებენ თავიანთ მთავარ ამოცანას, გაანადგურონ რუსული ცოცხალი ძალა, აღჭურვილობა, საწვავის საწყობები, არტილერია და საჰაერო თავდაცვა.
დანილოვის შეფასება ხაზს უსვამს, რომ უკრაინა პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის ძალების გახარჯვას/ამოწურვას, ვიდრე დიდი ტერიტორიის სწრაფად დასაბრუნებლად ფართო, მექანიზებული მანევრების ჩატარების მცდელობას – წერენ ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ბობ ბაუერმა, 3 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები მართალნი არიან, როცა ფრთხილად მოქმედებენ კონტრშეტევისას დიდი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და მანვე აღიარა, რომ კონტრშეტევა რთულია ნაღმებისა და სხვა დაბრკოლებების გამო.
ამერიკელი ექსპერტები წერენ, რომ უკრაინის სამხედრო ოპერაციების ამჟამინდელი ტემპი არ მიუთითებს ჩიხზე ან იმის მტკიცებულებაზე, რომ უკრაინა ვერ დაიბრუნებს დიდ ტერიტორიებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ოთხ სექტორზე და დაწინაურდნენ კიდეც.
ISW-ი ანგარიშში ასევე წერს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე, რომელთან დაკავშირებითაც უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთმა უკვე გაიყვანა თავისი პერსონალი სადგურიდან. ISW-ი მიიჩნევს, რომ ნაკლებ სავარაუდოა დივერსია, რომელსაც, შესაძლოა, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინას დააბრალებს, რადგან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების რეაქტორები ისეა აშენებული, რომ გაუძლებს მნიშვნელოვან ზიანს. „უკრაინულმა სამხედრო წყაროებმა გაიმეორეს ეს შეფასება და აღნიშნეს, რომ სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქების შემთხვევაშიც კი, დაზიანება არ დააზარალებს რეაქტორს, არამედ შექმნის ცრუ შთაბეჭდილებას, რომ უკრაინულმა ძალებმა რეაქტორები დაბომბეს“ – წერს ISW-ი.
ანალიტიკოსები ანგარიშში ასევე წერენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც რუსეთი აყალიბებს ახალ არმიას ჩრდილოეთ ფლოტის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ნატოს წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანობის საჩვენებლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 231 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670]
ტანკი – 4 062 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 7 917 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 4 288 ერთეული [+36]
MLRS – 656 ერთეული [+9]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 395 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 614 ერთეული [+12]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 264 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 865 ერთეული [+22]
სპეცტექნიკა – 598 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
449 თვითმფრინავი
241 ვერტმფრენი
4 893 უპილოტო საფრენი აპარატი
426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
10 535 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 134 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 348 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
11 443 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
22 წლის იყო ვასილ ტარასიუკი, როცა უკრაინის გმირი გახდა, ახლა 29 წლისაა. ფრონტზე მას მეტსახელად „ტაიფუნი“ შეარქვეს. ზედმეტსახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ: ტანკთან ორთაბრძოლაში მარტო აღმოჩნდა. მაშინ არც ჯაველინები ჰქონდა უკრაინის არმიას და არც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები. შეტაკება 2016 წელს იყო ავდეევკასთან ახლოს, როცა რუსული ტანკი და ვასილი ბრძოლის ველზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ამ ორთაბრძოლაში ვასილმა გაიმარჯვა.
ბრძოლის ველზე ტარასიუკმა მიიღო სამი გამჭოლი ჭრილობა, ოთხჯერ მძიმე კონტუზია და დაზიანებები თავის არეში. მისი საბრძოლო მანქანა ნაღმზე აფეთქდა, თავად კი ამ დროს დაწვას წარმოუდგენლად გადაურჩა. სხეულში ჩარჩენილი ნაღმის ნარჩენით მთელი თვე არ დაუტოვებია ბრძოლის ველის მოწინავე პოზიცია. ორჯერ ისეთ სროლებსა და აფეთქებებში მოყვა, თანამებრძოლებმა თითქმის მიწიდან ამოთხარეს.
ცხოვრობს ფრონტსა და საავადმყოფოებს შორის. როცა პირველი სამხედრო ჯილდო, ბოგდან ხმელნიცკის ორდენი მიიღო, იმ დროსაც ფრონტზე იყო.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „ტაიფუნი“ არმიას დროებით ჩამოშორდა, თუმცა მისთვის სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნება რთული აღმოჩნდა და რეზერვისტი ლეიტენანტი ჯარში დარჩა – სამუშაოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების კონტროლის განყოფილებაში.
მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით გაიგეს მისმა თანამშრომლებმა, რომ მშვიდი, თავაზიანი და ჩუმი ბიჭი, რომელიც მათთან მუშაობდა, იყო უკრაინის სახალხო გმირი და ომის მეორე ჯგუფის შშმ პირი.
ვასილ ტარასიუკი, იგივე „ტაიფუნი“, უკრაინის სახალხო გმირი/ფოტო:Armyinform
უკრაინის სახალხო გმირის, ვასილ ტარასიუკის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform”-ი ავრცელებს. გამოცემა მასალებს სამხედრო ოპერაციების ჩანაწერების, ჯარისკაცების მონათხრობისა და ამბის მთავარ გმირებთან ინტერვიუების მიხედვით ამზადებს.
„ტაიფუნი“ ტანკის პირისპირ
2016 წლის ერთ დილას „ტაიფუნი“ თავისი საჯარისო ნაწილის ირგვლივ აკვირდებოდა სიტუაციას. ასეთ დროს მტრის საარტილერიო თავდასხმები იშვიათი იყო, თუმცა აშკარად იგრძნობოდა, რომ რუსული მხარე რაღაცისთვის ემზადებოდა. თავდაცვის ხაზი მოულოდნელად დაიკავეს ნაღმმტყორცნებმა. მათ უკან კი მალევე გამოჩნდა რუსული T-72, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა დანაყოფის დამცავ სიმაგრეს.
რუსული მხარე ყოველ ღამით ესხმოდა თავს დანაყოფს და უნადგურებდა საბრძოლო საინჟინრო კონსტრუქციებს. ამ აფეთქებებისას დაიჭრა „ტაიფუნის“ სამი მეგობარი და თანამებრძოლი.
თუმცა ვასილმა მეზობელი ასეულის ჯარისკაცებთან და ბატალიონის ყუმბარმტყორცნთა ოცეულთან ერთად მტერს სამაგიერო გადაუხადა. ზუსტად გამოთვალეს ტანკის გადაადგილების მარშრუტი და სწორ დროს გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც რუსული ტანკი ჯართად იქცა.
მალე ახალი ძალა გამოჩნდა, რომელიც დღისით, მზისით ესროდა დანაყოფს. ლეიტენანტი უახლოეს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს მივარდა, ნაღმის ნამსხვრევებმა მას ოპტიკური სათვალთვალო სისტემა დაუზიანა, მაგრამ მექანიკური ნაწილი მაინც მუშა მდგომარეობაში დარჩა.
„ტაიფუნმა“ როგორღაც მოახერხა და მიზანში ამოიღო ტანკი, რუსულმა T-72-მა ვასილიც მარტივად ამოიღო მიზანში მცირე მანძილზე.
ერთხანს ვასილი და რუსული ტანკი ერთმანეთს რიგრიგობით ესროდნენ, რაღაც მომენტში კი ერთდროულად გაისროლეს. ტანკი შავ კვამლში გაეხვა, ვასილი კი აფეთქების ტალღისგან ტყეში, ათი მეტრის მანძილზე გადავარდა. ყველა ძვალი და კუნთი სტკიოდა, მხოლოდ იმის დანახვა მოასწრო, რომ ზედ დააცვივდა გარღვეული ტომრები, საიდანაც ქვიშა ცვიოდა. მერე კი გონება დაკარგა.
„ტაიფუნს“ ყველა ჩვენგანი ჯოჯოხეთშიც ჩაჰყვება
მხოლოდ ამ ბრძოლების გამო არ მიუღია „ტაიფუნს“ გმირის წოდება. ოცეულის მთავარი სერჟანტი სერგეი, მეტსახელად „კაშეი“ კარგად იცნობს ვასილს და გამოცემა „Armyinform“-თან ჰყვება:
„ვასილი ბევრჯერ დაიჭრა და რამდენჯერმე კონტუზია მიიღო, ის დაწვას გადარჩა, მისი ტანკი კი ნაღმზე აფეთქდა, სროლების შემდეგ ორჯერ თითქმის მიწიდან ამოვთხარეთ.
ავდეევკასთან რვათვიანი ბრძოლების შემდეგ ჩვენი დანაყოფიდან „ტაიფუნს“ ყველა ჯოჯოხეთშიც ჩაჰყვება. ჩვენი დანაყოფის ბევრი მებრძოლი სწორედ მისი წყალობით გადარჩა.
წელს ზამთრის ბრძოლებში იძულებული გავხდით ჩვენი მებრძოლები საკუთარი პოზიციებიდან სხვაგან გადაგვესროლა, რადგან რეალური საფრთხის მოლოდინში ვიყავით. დასამალი არსად იყო, თხრილები რუსი ჯარისკაცებით იყო გადავსებული და შტურმისთვის ემზადებოდნენ. 26 გრადუს ყინვაში წვიმასავით დაგვდიოდა თავზე ნაღმები და ჭურვები.
მეგონა, რომ ლოცვა დავიწყებული მქონდა, მაგრამ ერთ საათში ყველა გამახსენდა და დავიწყე ხმამაღლა კითხვა. შიშისა და სიცივისგან ერთდროულად ვკანკალებდით, ვასილი კი მშვიდად ხელმძღვანელობდა ბრძოლას“.
თხრობას ასმეთაურის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი რომანი აგრძელებს.
„2023 წლის იანვარ-თებერვლის ბრძოლებს, ჩემი აზრით, ჩვენთვის პრინციპული და ტაქტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენმა ბატალიონმა და დანაყოფმა არამხოლოდ აჯობა მტერს, არამედ ჩაშალა მათი შეტევა ავდეევკას მიმართულებით.
„ტაიფუნის“ მიერ განსაზღვრული ახალი პოზიციების წყალობით ჩვენ ოკუპანტებს ერთდროულად ორ მიმართულებაზე ჩავუკეტეთ იარაღისა და აღჭურვილობის მისაწოდებელი გზები.
ამავდროულად მოვახერხეთ იასინოვაცკაიას საგზაო კვანძის კონტროლი. „ტაიფუნი“ არამხოლოდ მონაწილეობდა ყველა ოპერაციის დაგეგმვაში, არამედ ხელმძღვანელობდა სამხედრო წესრიგს ოპერაციების დროს“, – იხსენებს ვასილის თანამებრძოლი.
ვასილი ტარასიუკი, იგივე „ტაიფუნი“,უკრაინის სახალხო გმირი თანამებრძოლებთან ერთად /ფოტო:Armyinform
2023 წლის თებერვალში, მძიმე ბრძოლების დროს ის ისევ დაიჭრა ფეხებში, ნაღმის ფრაგმენტებით, რის შემდეგაც ერთი თვე მაინც არ დაუტოვებია სანგარი, რადგან დანაყოფების შეტაკების წინა ხაზზე იყვნენ და თითოეულ ჯარისკაცს ოქროს ფასი ჰქონდა.
თანამებრძოლები არწმუნებდნენ, რომ სამკურნალოდ წასულიყო, რადგან ცალ ფეხს უკვე ვეღარ ეყრდნობოდა“.
„უკრაინის გმირის ოქროს ვარსკვლავის ორდენი“ 2017 წლის 23 აგვისტოს მიიღო „ტაიფუნმა“. შემდეგ კი, 2022 წლის 18 აგვისტოს მიიღო უკრაინის საზოგადოებრივი ჯილდო და წოდება: უკრაინის სახალხო გმირი.
ვერავინ იფიქრებდა, რომ „ტაიფუნი“ ისევ ფრონტზე დაბრუნდებოდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო. თუმცა ის ისევ შეუერთდა მშობლიურ დანაყოფს და დღემდე დონეცკის რეგიონში იბრძვის „Чорні запорожці“-ის ერთ-ერთ ქვედანაყოფში.
„ბატონო ჯუმბერ, დარეგისტრირებული ხართ თუ არა რომელიმე ინტერნეტსაიტზე რომელიმე აზარტული თამაშის მომხმარებლად?“ – პროკურორის ეს შეკითხვა დამაბნეველი აღმოჩნდა ხელვაჩაურის ყოფილი მერის – ჯუმბერ ვარდმანიძისთვის. მან მოსამართლე ლევან ყოლბაიას მოწმის სახით ჩვენება მისცა ხელვაჩაურის მერიაში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“.
ჯუმბერ ვარდმანიძე იყო ხელვაჩაურის მერი, როცა პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, ვლადიმერ [დავით] მიქელაძემ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი მიითვისა. „ხელვაჩაურის წყალი“ კი, პირდაპირ იყო სამართლებრივად ანგარიშვალდებული ჯუმბერ ვარდმანიძესთან – ის ხელვაჩაურის მერი იყო 2017-2021 წლებში.
ჯუმბერ ვარდმანიძე ახლა აჭარის განათლების მინისტრის მრჩეველია.
პროკურორის კითხვას ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა აზარტული თამაშების საიტების შესახებ მოკლედ უპასუხა: „აღარ ვარ“.
– „2017-2020 წლებში თუ იყავით დარეგისტრირებული?“ – იკითხა ისევ პროკურორმა.
– „დასაშვებია“, – მხრები აიჩეჩა თანამდებობის პირმა.
– „სხვა პირის მონაცემები გამოგიყენებიათ აზარტული თამაშების განსახორციელებლად?“ – პროკურორის ამ შეკითხვაზე უკვე ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა თქვა, რომ ეს მისი „პირადი საქმეა“ და კითხვას აღარ უპასუხებს.
მოწმეს მოსამართლემ განუმარტა, რომ ვალდებულია შეკითხვებს უპასუხოს, როცა ის განრიდებული არ არის.
„კარგი, ბატონო, ჩემი შვილის საიტით [აზარტული თამაშების საიტები] ვსარგებლობდი. ეს ჩემი პირადი საქმეა და რატომ უნდა მოხდეს ჩარევა?“ – დარბაზს გადახედა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა და მოსამართლეს მიუბრუნდა პროკურორზე: „ჩემს პირად საქმეში რატომ უნდა ყოფდეს ცხვირს?“ – იკითხა მოწმემ.
– „ყოფილა შემთხვევა, როცა თანხა მოუცია თქვენთვის ვლადიმერ მიქელაძეს?“ – მოწმეს დაუბრუნდა პროკურორი.
– „დავუშვათ მოუცია 100 – 200 ლარი, არ მახსენდება… ბოლომდე რომ მართალი ვიყო, რესტორანში გადაუხდია პურის ჭამის დროს“, – დასძინა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა.
სასამართლო განხილვაზე ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე
„თქვენი აზრით, რატომ აქვს პროკურატურას ბრალი წარდგენილი ჯგუფურად ჩადენილი მითვისებისთვის, რატომ გაჩნდა ეს ეჭვი?“ – ადვოკატ ადილარ წირღვავას ეს შეკითხვაც არ მოეწონა ხელვაჩაურის ყოფილ მერს.
„ვერ გეტყვით. აბა, მე რა ვიცი. ის ჩემ დავალებას ასრულებდა, რომ წყალი ყოფილიყო სუფთა,“ – თქვა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელვაჩაურის მერიაში, სადაც თვითონ იყო პირველი პირი, ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ამბავი, მხოლოდ პროკურატურისგან გაიგო.
„ჩემ წინაშე,“ – ჩაილაპარაკა მოწმემ და პაუზის შემდეგ დასძინა: „ჩემი მოადგილე იყო კურატორი“.
„მოადგილე“ კახაბერ ფუტკარაძეა, რომელმაც თანამდებობა დღეს, 21 ივნისს დატოვა მას შემდეგ, როცა „ბათუმელებმა“ ამ საქმის სასამართლო სხდომაზე ბუღალტრის ჩვენება გააშუქა: – ბუღალტრის ჩვენების მიხედვით, „ხელვაჩაურის წყალში“ ფიქციურად დასაქმებული იყო ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახაბერ ფუტკარაძის შვილი თორნიკე ფუტკარაძე. მისი ხელფასი 1040 ლარი იყო.
ჯუმბერ ვარდმანიძემ დაუდასტურა სასამართლოს, რომ მოადგილის შვილის „ხელვაჩაურის წყალში“ განწესება მასთან იყო შეთანხმებული.
„ვერ გეტყვით, ვისი ინიციატივით დასაქმდა, მაგრამ ჩემი თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა, დეტალები არ მახსოვს,“ – თქვა ჯუმბერ ვარდმანიძემ. მას არ უთქვამს, რომ თორნიკე ფუტკარაძე ფიქციურად იყო დასაქმებული.
ჩვენების დროს ვარდმანიძემ ახსენა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ვახტანგ აბაშიძესთან – წყალსაცავებთან და ჭაბურღილებთან მხვდებოდაო.
ვახტანგ აბაშიძე ამბობს, რომ მას სამსახურში თორნიკე ფუტკარაძე არასდროს უნახავს. ვახტანგ აბაშიძე, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორის მოადგილე იყო, როგორც ბრალდებულ დავით მიქელაძის დირექტორობის დროს, ისე ახლაც.
ამ დეტალზე ვარდმანიძის გამოკითხვის დროს მხარეებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ.
პროკურორმა კიდევ ეს იკითხა:
„ეს სპეციფიკური სფეროა. გაარკვიეთ, რომ მას [თორნიკე ფუტკარაძეს] შესაბამისი ცოდნა ჰქონდა?“ – იკითხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
„იქ ბევრი დამხმარე თანამდებობაა, რასაც არ სჭირდება კონკრეტული ცოდნა… ის იყო სპეციალისტის პოზიციაზე,“ – აღნიშნა ჯუმბერ ვარდმანიძემ.
ჯუმბერ ვარდმანიძის მტკიცებით, კადრების დამატების საჭიროება „ხელვაჩაურის წყალში“ არსებობდა, თუმცა ვერ დაასაბუთა, ვინ დაადგინა და რა ფორმით ამის საჭიროება. ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა ვერც ის თქვა, დამატებით რამდენი ახალი თანამშრომელი დაასაქმეს იმ უწყებაში, რომელიც 100 პროცენტით ეკუთვნის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და ანგარიშვალდებულია ხელვაჩაურის მერიასთან.
„მე ხომ მათი ბრიგადირი არ ვიყავი… მივსულვარ და დამხვედრიან ადგილზე… იყო საუბრები, რომ საჭიროა კადრების დამატება. ჩემი დავალება იყო, რომ წყალი ჰქონოდა ხალხს და ეს წყალი ყოფილიყო სუფთა.
ერთხელ ფოტო გამომიგზავნა ვლადიმერმა ისეთი, ვუთხარი წაშალე ეს ფოტო შენ და მეც წავშლი, ვინმემ არ ნახოს-მეთქი. ჩანდა წყალსაცავში ჭიაყელა, ბაყაყი, ბოდიში და სლიკვიც. ეს ყველაფერი ვლადიმერმა მოაწესრიგა,“ – აღნიშნა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა.
„მოწამვლა დაფიქსირდა ამ სამი წლის განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში?“ – ფეხზე წამოდგა და ისე დაუსვა შეკითხვა ბრალდებულმა ყოფილ უფროსს.
„არა. თუ ვინმეს კუჭი აეშალა, არ ვიცი,“ – ირონია დაეტყო ჩინოვნიკს.
„მე რუსულ მილებს ვყიდულობდი ბაზარზე „ჩეკები“ მქონდა, მაგრამ გუშინ ბუღალტერმა ესეც არ დაადასტურა… ეს არ უნდა აისახოს?“ – დირექტორობის პერიოდი გაიხსენა ბრალდებულმა და პროკურატურის მისამართით თქვა, რომ ყველა ხარჯი მითვისებად არ უნდა ჩაუთვალონ, როცა „ჩეკები“ არსებობს.
„მქონდა გადაცდომები, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ეს ხარჯები არ არის გამოკლებული,“ – თქვა ბრალდებულმა და იქვე თორნიკე ფუტკარაძეც ახსენა – ხელვაჩაურის მერის უკვე ყოფილი მოადგილის შვილი, რომელიც, მაგალითად, ხელფასს სრულად იღებდა – ფუტკარაძის ხელფასიც მითვისებულ ნახევარ მილიონში ყოფილა ასახული.
„უნდა აისახოს, უნდა აისახოს,“ – მხრები აიჩეჩა ხელვაჩაურის მერმაც, ვითომ მე რატომ მეხება ეგ საკითხიო და თანდათან მოწმის ტრიბუნიდან ბრალდებულის გისოსებს მიუახლოვდა.
„დაუბრუნდით თქვენს ადგილს“, – შენიშვნა მისცა მანდატურმაც მოწმეს.
„კონტროლის რა მექანიზმი გქონდათ?“ – ხელვაჩაურის ყოფილ მერს ეს შეკითხვაც დაუსვა ადვოკატმა ადილარ წირღვავამ.
„აუდიტი“ – თქვა მოწმემ და განმარტა, რომ შიდა აუდიტს დანაშაულის ჩადენის შესახებ მისთვის ინფორმაცია არასდროს მიუწოდებია: – „იქ იყო საუბარი გაორებაზე, მაგალითად, თანამდებობრივ გაორებაზე, რაზეც ვისაუბრეთ…“
„როგორ ხსნით ამ შეუთავსებლობას, როცა თქვენ მანამდე მხოლოდ გაორება შეამჩნიეთ, პროკურატურამ კი…“ – გაოცება ვეღარ დამალა მოსამართლემ.
„არ ვიცი, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო ჩემთვის ეს ამბავი,“ – მოსამართლეს თვალი აარიდა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმაც.
————————–
ვლადიმერ [დავით] მიქელაძე „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია და მას გამოძიება ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებას ედავება – 520 920 ლარი.
ვლადიმერ მიქელაძეს ბრალი აქვს ასევე წარდგენილი: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების კუთხით.
20 ივნისს ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება ხელვაჩაურის წყლის“ ბუღალტერმა მისცა. სასამართლო სხდომის „ბათუმელებში“ გაშუქების შემდეგ, თანამდებობა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ -კახაბერ ფუტკარაძემ დატოვა. მოსამართლეს მოწმეებმა უთხრეს, რომ „ხელვაჩაურის წყალს“ კახაბერ ფუტკარაძე კურატორობდა, მისი შვილი კი, ათეულობით სხვა ადამიანის მსგავსად, ფიქციურად იყო დასაქმებული დავით მიქელაძის დირექტორობის დროს.
„გადაჭედლია შეზლონგებით მთელი პლაჟი, ადგილი უნდა მოძებნო, რომ დაჯდე,“ – ამბობს ია ქათამაძე, რომელსაც პლაჟზე ვესაუბრეთ. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც შეზლონგით არ სარგებლობს და ზოგჯერ თავისუფალი ადგილი ზღვასთან ახლოს არ უწევს.
სანაპიროსთან ახლოს მოიჯარეებს უკვე ჩაუმწკრივებიათ რამდენიმე რიგად ასობით შეზლონგი. შეზლონგებს შორის გავლა შესაძლებელია, მაგრამ წამოწოლა და მით უმეტეს კომფორტულად დასვენება რომ შეუძლებელია, ამას ერთ-ერთი მოიჯარეც გვიდასტურებს და ამბობს: „მაინც არაა ხალხი, შეზლონგს გავუჩოჩებ და დაწვეს შეზლონგებს შორისაც“.
სანაპიროდან შეზლონგების მწკრივამდე მცირე ადგილი დაუტოვებიათ – დაახლოებით იმდენი, შეზლონგების ერთი მწკრივი კიდევ რომ დაემატოს. აქ ხან არის საკმარისი ადგილი ქვებზე წამოსაწოლად, ხან კი ადამიანებს შეზლონგების გამქირავებლებთან ჩხუბი უწევთ.
„…მე არ მიჩხუბია ჯერ მაგისთვის, მაგრამ ვცდილობ ადრე გამოვიდე. ყველა რომ გამოდის, მაშინ თუ გამოხვალ, არ მოგიწევს ადგილი. არ ვიცი, შესაბამისმა ორგანოებმა განიხილონ,“ – ეღიმება ია ქათამაძეს და დასძენს, რამდენჯერმე რომ შესწრებია ჩხუბს, შეზლონგი აიღეთ, ქვებზე დაწოლა მინდაო.
„შეზლონგებს შორის ხომ თავისთავად ვერ დაწვები? შარშანაც ბევრი იყო შეზლონგები, მაგრამ წელს ზღვასთან ძალიან ახლოს ჩამოუტანიათ ეს შეზლონგები,“ – ამატებს ია.
შეზლონგების გრძელ მწკრივზე მიუთითებს კიდევ ერთი დამსვენებელი – თინა მაჭარაძე. ისიც ქვებზე დაწოლას ამჯობინებს.
„იქნებ ვინმემ ამიხსნას, ამდენი შეზლონგი რისთვისაა საჭირო, როცა მომხმარებელი არ ჰყავთ?“ – კითხულობს დამსვენებელი და ყურადღებას ამახვილებს ამაზე: „პლაჟი და სანაპირო საჯარო სიკეთეა, სახელმწიფო საკუთრება, ის ყველას გვეკუთვნის“.
„უკეთესია ქვებზე წოლა, ეს არ უკავშირდება თანხას,“ – გვიყვება გიორგი ფევაძე. – „ზოგი ამბობს, რომ პლაჟი ბინძურია და ამიტომ ვარჩევთ შეზლონგსო, მაგრამ შეზლონგი არაა უფრო სუფთა. ქვებზე წოლა უფრო ჯანსაღია.“
„1 100 ცალი შეზლონგი მაქვს წელსაც გამოტანილი, ჩვეულებრივი შეზლონგის ფასი 5 ლარია, ბადიანი შეზლონგი 10 ლარი ღირს, დროში მომხმარებელი შეზღუდული არ არის,“ – გვიყვება ჯაბა ბერიძე, რომელსაც იჯარით აუღია პლაჟის ერთი მონაკვეთი. ჯაბა ბერიძე მიგვანიშნებს, რომ გასახდელი და აბაზანაც რომ მოაწყო პლაჟზე და ეს უფასოა ყველასთვის. მოიჯარის მოუწყვია რამდენიმე ჩასასვლელი ბილიკიც სანაპირომდე.
ჯაბა ბერიძეც ადასტურებს, რომ დამსვენებლების ნაწილი აპროტესტებს შეზლონგების რაოდენობას, ასევე მათი განთავსების ფორმას პლაჟზე.
„მოუმართავთ პრეტენზიით კი, მაგრამ ჯამში 5 – 6 კაცი იქნებოდა ასეთი. ახლა ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მინდა ტალღამ დამასველოსო, ახლოს დავჯდეო…
ჩვენ გვაქვს დატოვებული 4 მეტრი სანაპიროდან და მეტი. განსაზღვრულია, რომ უნდა დავტოვოთ მინიმუმ 3 მეტრი და ყოველთვის მეტს ვტოვებთ, რომ ხალხი მართლა დაჯდეს. თავისუფალი სივრცეები ბევრგან მაქვს დატოვებული,“ – ამბობს მოიჯარე.
რამდენად იცავენ მოიჯარეები შეზლონგების პლაჟზე განთავსების წესებს? – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ კუთხით პრეტენზიით რომელიმე მოქალაქეს მათთვის არ მიუმართავს, ხოლო მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც ამას აკვირდება, რეგულაციის დარღვევა არ დაუფიქსირებია.
შეზლონგების გამქირავებლების თქმით, შარშანდელთან შედარებით შეზლონგის ფასი არ გაზრდილა. „ქოლგაც 5 ლარია“, – დასძენენ ისინი.
რაც შეეხება სხვა საპლაჟო ინფრასტრუქტურას: პარაშუტით აფრენა წელსაც 150 ლარი ღირს, იახტით გასეირნება – 20 ლარი. ეს ტური ნახევარ საათს გრძელდება.
კატერის დაქირავება 100 – 150 ლარი დაგიჯდებათ. კატერზე 5 ადამიანი თავსდება. აქაც გასეირნების ლიმიტი ნახევარი საათია.
სკუტერით ზღვაში 10 წუთით გასვლა 100 ლარია. ყველაზე იაფი ნიჩბიანი საცურაო დაფის დაქირავებაა – საათი 25 ლარი.
დღეს, 4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვესა“ და მწვრთნელ პაატა დოგრაშვილის მხრიდან 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ.
ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ქალ ფეხბურთელების ინტერესებს წარმოადგენდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი და მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით.
„ეს იყო ჩვენს გამოცდილებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სექსუალური შევიწროების საქმე, ჩატარდა 33 სასამართლო სხდომა, თითო სხდომა გრძელდებოდა ხან 8-10 საათი“ – წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი.
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს.
„დინამო ბათუმი“ ამ ზაფხულს კონფერენსლიგაში ითამაშებს. კერძოდ, გუნდი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ დაუპირისპირდება, 13 ივლისს – სტუმრად, 20 ივლისს კი – შინ.
წარმატების შემთხვევაში „დინამოს“ მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ეტაპზე თურქული „ბეშიქთაში“ იქნება.
გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო კარიერა უკრაინაში, კიევის „დინამოში“ დაიწყო და გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. „დინამო ბათუმის“ ცნობით, წიტაიშვილი ბათუმში ერთწლიანი იჯარის საფუძველზე ითამაშებს.