მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილმა უფროსმა 520 920 ლარი მიითვისა – პროკურატურა

17.10.2022
ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილმა უფროსმა 520 920 ლარი მიითვისა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და 520 920 ლარის მითვისების ფაქტზე ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილი უფროსი, დავით მიქელაძე დააკავეს.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, 2019-2021 წლებში, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს.

ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებებისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდა, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული 2019-2021 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 520 920 ლარს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით [სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისება); 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება]; 341-ე მუხლით [სამსახურებრივი სიყალბე] და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენება] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: