ტრამპმა შესაძლოა უკრაინის შესახებ პოზიცია შეიცვალოს: ზელენსკის 2 „კოზირი“

დასავლური მედიის თანახმად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს ტრამპის მხარდაჭერა მოიპოვოს, მაშინ, როდესაც ევროპა მომავალ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილს ეძებს.

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუშაობას ფართოდ აშუქებს უკრაინული მედიაც. მედიის მიხედვით, ზელენსკი ცდილობს, აშშ-სგან მოიპოვოს სამომავლო მხარდაჭერა და დაარწმუნოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ომის დასრულებაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. 

Sky News-ის ცნობით კი, კიევმა, ფრონტზე არსებული ვითარებისა და რუსეთის ეკონომიკაში პრობლემების წყალობით საამისოდ ახალი არგუმენტები მოიპოვა.

უკრაინული მხარე იმედოვნებს დაარწმუნოს ტრამპი, რომ უკრაინას შეუძლია წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე და ომში ინიციატივის ეტაპობრივად ხელში აღება. ამავე დროს, დამატებით არგუმენტად შეიძლება გამოდგეს რუსეთის ეკონომიკის სირთულეები, რომელიც სანქციებისა და სამხედრო ხარჯების ზეწოლის ქვეშაა.

ანალიტიკოსების აზრით, ტრამპი ტრადიციულად მხარს უჭერს იმას, ვისაც ძლიერ მოთამაშედ მიიჩნევს. ამიტომ, უკრაინის სამხედრო წარმატებების დემონსტრირებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თეთრი სახლის მომავალ პოზიციაზე ომთან დაკავშირებით.

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ზელენსკიმ ასევე შეხვედრების სერია გამართა დასავლელ ლიდერებთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან.

მედიის თანახმად, ევროპელი ლიდერები ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ის პოლიტიკის პოტენციურ ცვლილებას. ბრიუსელი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი ამჟამად უკრაინის უმსხვილესი ფინანსური დონორია, რომელიც უზრუნველყოფს მისი ბიუჯეტის საჭიროებების მნიშვნელოვან ნაწილს და სამხედრო დახმარებას.

ევროპის მხრიდან კიევის მხარდაჭერის ნაკლებობის შესახებ ტრამპის მიერ არაერთი კრიტიკის შემდეგ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მან საკმარისი გააკეთა ომის დასრულების მიზნით მომავალ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი რომ შეასრულოს.

თუმცა, დამკვირვებლები მათ აფრთხილებენ, რომ ტრამპი ცნობილია დიპლომატიური პროცესების პირადად კონტროლის სურვილით. ამიტომ, ევროპელ პარტნიორებს, სავარაუდოდ, მაინც მოუწევთ ვაშინგტონის დარწმუნება, რომ ისინი რუსეთთან პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართოს.

გუშინ ზელენსკი G7-ის სამიტის ფარგლებში პირისპირ შეხვდა დონალდ ტრამპს. მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ შეხვედრას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრებოდნენ.

2,5 მილიონით ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა. 

დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია დღგ-ს გარეშე. მთლიანობაში რა თანხა იქნება საჭირო „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამ დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბათუმი, „მაგნოლია“ / 17.06.2026

„შენობა-ნაგებობის ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებსა და მთლიანად ურბანულ გარემოსა და ტურისტულ მიმზიდველობაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს შენობის ფასადის მდგომარეობა, რომელიც ვიზუალურად არ შეესაბამება თანამედროვე ქალაქის იერ-სახეს და საჭიროებს სათანადო განახლებასა და რეაბილიტაციას.

ქალაქის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად გამოყენების მიზნით, მნიშვნელოვანია განხორციელდეს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავს როგორც კონსტრუქციულ გამაგრებას, ასევე, ფასადის მოწესრიგებასა და ესთეტიკურ გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია საკონკურსო დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ შენობა-ნაგებობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ცალკეული დაზიანებები მეორე ხარისხისაა, თუმცა „არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია ამ ეტაპზე დასაშვებია.“

ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი უნდა განხორციელდეს „მაგნოლიას“ ფასადების, სახურავების, აივნებისა და სხვა ხისა თუ ლითონის გარე მორთულობებისა და ფასადების სარესტავრაციოდ.

ბათუმი, „მაგნოლია“ / 17.06.2026

„სასურველია პროექტი მაქსიმალურად აერიდოს ინტერიერის სამუშაოებს და თანმდევ გართულებებს. თუმცა, არადამაკმაყოფილებელი კონსტრუქციული მდგრადობის გამო აუცილებელი გამაგრებითი ღონისძიებების განხორციელების (საძირკველი, მზიდი კონსტრუქციები) შემთხვევაში, პროექტით უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი სამუშაოები (მათ შორის ინტერიერშიც, საჭიროების შემთხვევაში), არსებული პრობლემით, ან დაგეგმილი სამუშაოებით გამოწვეული შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნულია საკონკურსო დავალებაში.

რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისას კონკურსში გამარჯვებულმა უნდა გაითვალისწინოს შენობაზე მიშენებებიც: „სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობაზე ადგილი აქვს უნებართვო მიშენებებს და დარღვეულია შენობის იერსახე. მრავლადაა გვიანდელი მიშენებები და დაშენებები, გვიანდელი აივნები, კიბეები. გვიანდელი მშენებლობის შეცვლა-რეაბილიტაცია, თუ შესაძლო დემონტაჟი, ერთიანი სარეაბილიტაციო კონცეფციის ფარგლებში უნდა იქნას გათვალისწინებული.“

კონკურსის პირობის მიხედვით, გასაწევი მომსახურება შედგება 3 ძირითადი ეტაპისგან, რომლებიც ეტაპობრივად ჩაბარდება დამკვეთს. მომსახურების მიწოდების პირველი ორი ეტაპის საერთო ვადა 6 თვეა, რაც აითვლება ხელშეკრულების ხელმოწერიდან:

ბათუმში, „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადების ეტაპები / წყარო: კონკურსი

კონკურსში წინადადებების მიღება 2026 წლის 11 ივლისს დაიწყება და 16 ივლისს დასრულდება.

ბათუმი, „მაგნოლია“ / 17.06.2026
  • „მაგნოლიას“ გვერდით ადრე ე.წ. „ლუჟკოვის სახლი“ იდგა, რომელიც დაანგრიეს და აქ ახლა ცათამბჯენებს აშენებს „ალიანს სიტი“. დაახლოებით 7 წლის წინ „მაგნოლიას“ დანგრევაზეც იყო საუბარი.

ამ თემაზე:

გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 386 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 033 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 24 775 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 44 169 ერთეული [+5]
  • MLRS – 1 874 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 427 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 355 593 ერთეული [+2 052]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 677 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 107 994 ერთეული [+486]
  • სპეცტექნიკა – 4 303 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 783 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კობახიძის განკარგულებით კვირიკეში მთას შლიან – წიაღისეულს ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მთას შლიან, მოპოვებულ ქვებს და ლოდებს კი, ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის იყენებენ.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც „ხელოვნური კუნძულის“ პროექტს ახორციელებს, „ოცნების“ მთავრობამ ერთი განკარგულებით კვირიკეში 21 ჰექტარი ტერიტორია გამოუყო. აქ კომპანიას ლიცენზიის გარეშე, ჯამში, 1,5 მილიონი კუბური მეტრი წიაღისეულის [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები] მოპოვების უფლება მისცეს.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის კი „ამბასადორს“ სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 365 ათას 217 ლარის გადახდა დაავალეს.

განკარგულებაზე ირაკლი კობახიძეს ხელი 2025 წლის 6 მაისს აქვს მოწერილი.

ვრცლად: ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ქობულეთში 1,5 მლნ კუბურ მეტრ მასალას მოიპოვებს ულიცენზიოდ

წიაღისეულის [ქვა-ლოდების] მოსაპოვებლად 209 373 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია „ამბასადორს“ სახელმწიფომ, 1 წლით – სარგებლობის უფლებით გადასცა, თანაც „ხე-ტყის [მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მცენარეების] ჭრის უფლებით“.

შორიდანაც კი ჩანს, რომ დღეს ტერიტორია უკვე გადათხრილია და მოშიშვლებული:

ხელოვნური კუნძულისთვის გადათხრილი ტერიტორია კვირიკეს მიმდებარედ [მარცხნივ]. ფოტო გადაღებულია 2026 წლის ივნისში ქობულეთის შემოვლითი გზიდან / მარჯვნივ – იგივე ადგილი 2025 წელს სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია, როგორც სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობი, ცალკე საკადასტრო ერთეულად სახელმწიფომ 2025 წლის აგვისტოში დაირეგისტრირა.

იმავე წელს, ამ ტერიტორიაზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ სარგებლობის უფლებაც დაარეგისტრირეს.

2026 წლის 21 მაისის ამონაწერით, აღნიშნულ ტერიტორიაზე „ამბასადორის“ სარგებლობის უფლება უკვე მოხსნილია და ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.

განკარგულებაში წერია, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა უნდა განახორციელოს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ.

დაასრულა თუ არა კომპანიამ წიაღისეულის მოპოვება მითითებულ ტერიტორიაზე? რა რაოდენობის წიაღისეული მოიპოვა ჯამში? აქვს თუ არა ვალდებულება კომპანიას განახორციელოს გარემოსთვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელი ღონისძიებები? კონკრეტულად რა? რა პერიოდში? დაწყებულია თუ არა ასეთი ღონისძიებების გატარება? – ამ კითხვებზე პასუხს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსგან ველოდებით და მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

ხელოვნური კუნძულისთვის გადათხრილი ტერიტორია კვირიკეს მიმდებარედ [ეს ადგილი რომ კვირიკეს მიმდებარედაა ქობულეთის მერიაშიც დაგვიდასტურეს]. ფოტო გადაღებულია 2026 წლის ივნისში ქობულეთის შემოვლითი გზიდან
„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის წიაღისეულს ლიცენზიის გარეშე ქობულეთის სოფელ ხალაშიც მოიპოვებს, ქვიშა-ხრეშს კი, მდინარე ჭოროხის დელტაში.

ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბეტონის ქარხანასაც აშენებს.

ეს ქარხანა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ „ამბასადორმა“ გეგმები შეცვალა. ბეტონის ქარხნის ინერტული მასალით მომარაგებას კი კომპანია კვირიკესა და ხალას კარიერებიდანაც გეგმავს.

„ინერტული მასალა დატვირთული იქნება ხალას და კვირიკეს კარიერებიდან სატვირთო მანქანებზე და გადაიტანება ბენზეს სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში“, – წერია სკრინინგის განცხადებაში.

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება

 

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

პოლიციელების ძალადობაზე საახლობლოშიც ბევრი მსმენია – ხალხი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე

რას ამბობენ მოქალაქეები ბათუმის ქუჩებში პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის და წამების შემთხვევებზე? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

პოლიციელების ძალადობაზე ჩემს საახლობლოშიც ბევრი მსმენია - ხალხი პოლიციის შენობებში ცემის ფაქტებზე

„მოგვატყუეს, პროგრამა შეგვიცვალეს, კონტრაქტი დაგვირღვიეს“- თსუ-ს სტუდენტების პროტესტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები, მათი 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის 3-წლიანად გადაკეთებას აპროტესტებენ. სტუდენტების თქმით, ისინი მოატყუეს, როცა თქვეს, რომ „ოცნების“ რეფორმა არ გავრცელდებოდა რეფორმამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე.

სტუდენტები თსუ-ს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ თავიანთი უფლებებისთვის.

ის, რომ საბაკალავრო პროგრამების შემცირება 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებსაც შეეხებოდათ, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ 13 მაისს ისაუბრა პარლამენტში გამოსვლისას.

მათი ინიციირებული ნორმატიული ცვლილება გულისხმობს 240 კრედიტის შემცირებას 180 კრედიტამდე. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ სტუდენტები.

„ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს – ქრისტინე მექვაბიძეს, ბულუდ მამედოვს და სანდრო კვიციანს ესაუბრა, რომლებიც გასულ წელს გახდნენ პირველკურსელები და წესით, „ოცნების რეფორმა“ არ უნდა გავრცელებულიყო მათზე.

ქრისტინე მექვაბიძე – „ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამა ისე გადაგვიკეთეს სამწლიანად, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. არანაირი კომუნიკაცია ამ საკითხზე არ ჰქონია ჩვენთან ადმინისტრაციას.

თავდაპირველად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი მოქმედ პირველკურსელებს, მოქმედ სტუდენტებს არ შეეხებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიყავით ამისთვის მზად, რადგან უკვე დაწყებული გვქონდა სწავლა ოთხწლიანი პროგრამით და სამწლიანი პროგრამა შუა გზაში დაგვეწია“.

ბულუდ მამედოვი – „მე როგორც ვიცი, თავიდან იყო ნათქვამი, რომ „რეფორმა“ არ შეეხებოდა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. გაგვაცნეს კიდეც პროგრამები. კონკრეტულად ჩვენ, პოლიტიკის მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს გაგვაცნეს პროგრამები დაახლოებით ერთი კვირის წინ და არ ყოფილა იქ ამაზე საუბარი.

სანამ პროტესტი გაჩნდებოდა და დავიწყებდით პეტიციაზე ხელმოწერებს, მანამდე ვთხოვეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის ამომწურავი ინფორმაცია. თუმცა მეილებზე გადმოგვიგზავნეს მიჭრილ-მოჭრილი პროგრამები, ათობით მნიშვნელოვანი საგანია პროგრამიდან ამოღებული“.

სანდრო კვიციანი – „რაც შეეხება თვითონ პროგრამებს, მაგალითად პოლიტიკის მეცნიერებაზე ამოღებულია ისეთი საგანი, როგორიცაა გამოყენებითი ეკონომიკა, რომელიც ერთი სემესტრი ისწავლებოდა. ამოღებულია გენდერი, კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა. მაქსიმალურად დავიწროებულია ისეთი თემატიკა, რომელსაც ანალიტიკური აზროვნება სჭირდება.

მაგალითად, გვქონდა ასეთი საფაკულტეტო პროგრამა – „სოციალური კვლევის მეთოდები“, რომელიც პრაქტიკულად წინასწარ გამზადებს იმისთვის, როგორ უნდა ჩაატარო რაოდენობრივი, თვისობრივი კვლევა, რაც აუცილებელია ჩვენს პროფესიაში. როცა ამას იღებენ, ჯერ ჩვენთან უნდა გაიარონ კონსულტაცია.

არ მოგვცეს საშუალება ჩვენი აზრი გამოგვეხატა ამ საკითხებზე. პირდაპირ გამოგვიქვეყნეს და გვეუბნებოდნენ, რომ უნდა შეასრულოთო. ჩვენ გვსურს 4-წლიან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა, რაზეც ჩავაბარეთ თავის დროზე და მოვითხოვთ, რომ იგივე პროგრამა დაგვიტოვონ“.

სტუდენტებს ვკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ ამ დრომდე ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შემცირებაზე, ეს ხომ ბევრად ადრე დააანონსა „ოცნების“ ხელისუფლებამ? – სტუდენტების თქმით, აქამდე მხოლოდ იმას ისმენდნენ, რომ ცვლილება არ შეეხებოდათ „რეფორმამდე“ ჩარიცხულ სტუდენტებს. „ახლა კი ფაქტობრივად, კონტაქტი დაგვირღვიეს“, – ამბობს ქრისტინა.

„დაახლოებით აპრილის ბოლოსკენ გახდა ჩვენთვის ცნობილი ეს ინფორმაცია. მანამდე არ ვიცოდით, რადგან უნივერსიტეტისა და საკუთარი ფაკულტეტების დეკანებისგან ინფორმაცია არ მიგვიღია. არ აქვთ სტუდენტებთან უშუალო კონტაქტი.

პრობლემა სწორედ ეს არის, რომ პროგრამა შეგვიცვალეს, კონტრაქტი დაგვირღვიეს ყველანაირად. არც შეხვედრები ჩატარებულა, რომ სადმე ჩვენი აზრი გამოგვეხატა. როცა ჩვენი ინიციატივით შევხვდით შესაბამის პირებს და ვიკითხეთ, რატომ შეგვიმცირეს 240-კრედიტიანი პროგრამა 180-კრედიტამდე, აქამდე სად იყავით, დაგაგვიანდათო, – ასე გვიპასუხეს“, – ამბობს ქრისტინა.

ბულუდ მამედოვი – „ყველა მიმართულებას აქვს თავისუფალი კრედიტები. მაგალითად მე, პირველ სემესტრშივე გავლილი მქონდა ორი საგანი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორია და მეტყველების კულტურა, რომელიც ავტომატურად ავსებდა ამ თავისუფალ კრედიტებს.

მეტყველების კულტურა საერთოდ გააუქმეს და გაგვიუქმეს კვლევის მეთოდებიც, სოციალური მეცნიერების მიმართულებაზე, როგორც სანდრო ამბობდა. არავინ გვეუბნება, სად ჩაიწერება ამ გაუქმებული საგნებიდან მიღებული თავისუფალი კრედიტები. მხოლოდ ის გვესმის, რომ „რაღაცას იზამენ“.

სანდრო კვიციანი – „სად არის ჩვენი ხმა, სად არის ჩვენი ინტერესები დაცული? მე, მაგალითად, მსურდა კონფლიქტოლოგიის გავლა, რომელიც გაგვიუქმეს და არასწორია, რომ ეს უფლება შეგვიზღუდეს. პრობლემაა ისიც, რომ ფაკულტეტი გაგვიუქმეს – ფაქტობრივად მილევად რეჟიმშია გადასული. 2027 წლიდან დიპლომატთა აკადემია გაიხსნება და ჩვენი ფაკულტეტი ალბათ იქ გადავა“.

ქრისტინე მექვაბიძე – „მე ჟურნალისტიკის მიმართულებით ვსწავლობ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკა არ არის მილევად მიმართულებებს შორის, პრობლემა მაინც რჩება ის, რომ საშუალოდ 30-40 საგანია ამოღებული პროგრამიდან.

ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ განათლების დონე დაიწევს, რომელიც ისედაც დაბალია ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის რეფორმა, „დეფორმაა“, როგორც უწოდეს მას, რადგან 180-კრედიტიანი პროგრამით განათლების მაღალი ხარისხით მიღება გამორიცხულია“.

სანდრო კვიციანი – „მთავარი არგუმენტი, რაც გვესმის პროგრამების შემცირებაზე არის ის, რომ „აი, ევროპაშიც არის სამწლიანი პროგრამები“. მაგრამ იმას არ ითვალისწინებენ, რომ იქ სკოლებია 12, 13-წლიანი და ხარისხის დონეც ბევრად მაღალია“.

ქრისტინა მექვაბიძე – „ჯამური რაოდენობა ევროპაში სწავლის გამოდის 16 წელი და ჩვენთან არა. კონკურენციას ვერ გავუწევთ“.

ბულუდ მამედოვი – „სამწლიანზე გადასვლა მოხდა ძალიან სწრაფად, ჩემი აზრით. ოთხწლიანი უფრო მისაღებია, რადგან უფრო გამართულია სტრუქტურულად. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით ამ ყველაფერში? სათანადოდ არ არიან სტუდენტები ინფორმირებული. ახლახან მქონდა საუბარი სტუდენტებთან და ძალიან ბევრმა არ იცის, რომ სამწლიან პროგრამაზე გადავყავართ.

მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ვესაუბრებოდი და იმათაც კი არ ჰქონდათ ამაზე ინფორმაცია.

დეზინფორმაცია ან ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს იმას, რომ სტუდენტები არ იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის.

ქრისტინე მექვაბიძე – „ფაკულტეტის დეკანი გვეუბნება, თავის დროზე რატომ არ დაიწყეთ პროტესტი, სანამ თქვენ შეგეხებოდათო. პირველი კურსის პირველი სემესტრელები ვიყავით, როცა ამ „რეფორმის“ გატარება დაიწყეს და ბევრი რამ არ ვიცოდით. ჯერ ადაპტაციის პროცესში ვიყავით და არ ვიყავით გათვითცნობიერებული.

ჩვენ დაგვირღვიეს კონტრაქტი და ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომლის გასაჩივრების უფლებაც გვაქვს. სწორედ ამიტომ ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ მივმართოთ სამართლებრივ გზას. ჯერ რექტორატის დონეზე შევეცდები, დაგვიკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. თუ არ გაითვალისწინეს, შემდეგ მივიღებთ სხვა ზომებსაც. 27 მაისს მივწერეთ ჯაბა სამუშიას, უკვე გავიდა 13 დღე და არ მიგვიღია პასუხი. ვითხოვთ ახსნა-განმარტებას – რატომ შეგვიმცირეს კრედიტები ჩვენთან შეთანხმების გარეშე. მივმართავთ განათლების სამინისტროსაც“.

ბულუდ მამედოვი – „ალბათ იცით, რომ გავავრცელეთ პეტიცია, სადაც 1500-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე მოგვიწერა ხელი. აქედან 40%-ი სტუდენტების ხელმოწერაა. ხელმოწერებს ვაგროვებთ გარეთაც.

ვითხოვთ მოგვცენ სტუდენტებს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების საშუალება და არ ვიყოთ შეზღუდულები არჩევანში“.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, თეონა მატარაძეს. ის მიიჩნევს, რომ სტუდენტები მოატყუა განათლების სამინისტრომ, რადგან უკან წაიღეს გივი მიქანაძის განცხადება, რომ თითქოს „რეფორმა“ არ გავრცელდებოდა წინა წლებში ჩარიცხულ სტუდენტებზე.

თეონა მატარაძე

„21 ოქტომბერს გივი მიქანაძემ განაცხადა სრულიად მკაფიოდ, რომ რეფორმასთან დაკავშირებით შესული ცვლილებები არ შეეხებოდათ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს. მან ეს დაპირება უკან წაიღო.

ამიტომ, არათუ სტუდენტებს, ჩვენც კი არ გვქონდა ამაზე ინფორმაცია. შესაბამისად, სტუდენტებს უფრო ადრე ვერ ექნებოდათ რეაქცია. ზოგადად, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს ის, რომ „თუ მე არ მეხება“, არ გვაქვს ხოლმე დროული რეაგირება პრობლემებზე – მაშინ, როცა ჩვენ გამოვდიოდით ამ რეფორმის წინააღმდეგ, სტუდენტების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ამ პროცესში არ აგვყვა.

როდესაც განათლების სისტემა ნადგურდება, არა მხოლოდ სტუდენტმა და ლექტორმა, არამედ ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აიმაღლოს ამაზე ხმა. მაგრამ ჩვენ მხოლოდ მაშინ გვესმის პროტესტი, როდესაც უშუალოდ ზარალდებიან ადამიანები.

თუმცა სტუდენტების ეს პროტესტი, რომელიც ერთი კვირაა რაც დაიწყო, მაინც დასაფასებელია“, – ამბობს  თეონა მატარაძე.

პროფესორის თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უშლის სტუდენტებს ხელმოწერების შეგროვებაში: „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურობენ, მაგრამ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული ამ პროცესში.

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთოდ არ იცოდნენ, რომ პროგრამები 180-კრედიტიანი ხდება და რეაგირებაც იყო დაგვიანებული. თუმცა პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – ამის მაგალითი იყო თსუ-სტუ-ს გაერთიანების უკან წაღება, ისევე როგორც ამის მაგალითი იყო დიუშენის ბავშვების თემა.

ეს პრობლემა შეეხო კერძო უნივერსიტეტებსაც. იმედი მაქვს, ისინიც ჩაერთვებიან ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების დამშვიდების პოლიტიკა მიდის და ერთ-ერთი არგუმენტი რაც მომისმენია, იყო ის, რომ თურმე მაგისტრატურაში თუ ჩააბარებენ საზღვარგარეთ, „დანართს“ არავინ უყურებს, რაც არ არის სიმართლე. რა თქმა უნდა, დანართს უყურებენ მაგისტრატურაში ჩაბარებისას.

ამოიღეს ლოგიკა, ფილოსოფია, სტატისტიკა, ეს საგნები აკადემიური სწავლებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტი პროფესიული სასწავლებელი არ არის და ამ საგნებიდან რომ 60 კრედიტი დააგროვეს სტუდენტებმა, ეს კრედიტები ჩახსნილია.

სტუდენტებს ეუბნებიან, რომ „როგორღაც გიღიარებთ“ – რა მექანიზმით, ამაზე პასუხი არ არის. მაშინ მოუწევთ გაზარდონ თავისუფალი კრედიტების რაოდენობა. ეს, პირველ რიგში, აზარალებს სტუდენტს, რადგან დანარჩენ ორ წელიწადში მას აღარ ექნება თავისუფალი კრედიტები და ვერაფერს ვეღარ აირჩევს.

ან მეორე სცენარი იქნება – უღიარებენ კრედიტებს პროფესიულ არჩევით საგნებში, რაც ასევე ძალიან დიდი პრობლემაა მათი დიპლომის დანართისთვის, რადგან პროფესიული საგნების ნაცვლად გავლილი ექნებათ საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საგნები. ეს პრობლემა აუცილებლად გამოჩნდება ორი-სამი წლის შემდეგ.

შეიძლება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ ამაზე თვალი დახუჭოს, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით, უცხოეთში მაგისტრატურის სწავლისთვის აუცილებლად გამოიწვევს ბევრ პრობლემას.

ამას ემატება ერაზმუსით სწავლებაც – აქამდე ერაზმუსში მონაწილეობის უფლება სტუდენტებს ჰქონდათ ხუთი სემესტრის განმავლობაში. დამამთავრებელ სემესტრში ვერ მიდიან ერაზმუსით და ვერც პირველ კურსზე. იქიდან ჩამოტანილი კრედიტების ნაწილი მიდიოდა თავისუფალ კრედიტებში. ახლა ეს თავისუფალი კრედიტები აღარ ექნებათ სტუდენტებს, რადგან გადავსებული იქნება პროგრამა პირველი დონის საგნებით“, – ამბობს თეონა მატარაძე.

რაც შეეხება დავას სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის: „თუ დაამტკიცებენ (და ეს დამტკიცებადია) სტუდენტები, რომ ამ ცვლილებით მათ სწავლის ხარისხი გაუარესდა და ეს გამოიწვია ხელშეკრულების პირობების ცვლილებამ, ნამდვილად არის სამართლებრივი დავის საგანი“.

ავარია გონიოში – დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი

დღეს, 16 ივნისს, ავარია მოხდა გონიოში, გონიო-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე – ერთმანეთს ტრაილერი და მოტოციკლი დაეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო დახმარების სამსახურები.

„ის, რაც სკოლებში შეაქვთ, არც რელიგიის სწავლებაა და არც პატრიოტიზმის“- ბექა მინდიაშვილი

„ის, რაც ახლა სკოლებში ამ ფორმით შეაქვთ, არც რელიგიის სწავლებაა და არც პატრიოტიზმის სწავლება, არამედ ეს არის მცდელობა, შეიტანონ ერთგვარი იდეოლოგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს“- ასე ეხმაურება საჯარო კოლებში სასულიერო პირების შეყვანას თეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ბექა მინდიაშვილი ფეისბუქზე.

მისი თქმით, სკოლებში რელიგიის სწავლების დაბრუნებას საპატრიარქო წლებია ცდილობს, მაგრამ „ამჯერად საქმე სხვა მოვლენასთან გვაქვს“.

„2017 წელს ეს მცდელობა სასწავლო გეგმის შექმნაზე მუშაობის დაწყებამდეც კი მივიდა, მაგრამ მალევე დასრულდა, – იმდენად წარმოუდგენელ მოთხოვნებს აყენებდნენ, თუ რა უნდა ასახულიყო სასწავლო გეგმაში. მაგალითად, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ითხოვდა კაცობრიობის ისტორიის გადაწერას და მის გამართვას ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით და ა.შ.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, პირადად მეც და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე წლების განმავლობაში ვმუშაობდით, ვეწინააღმდეგებოდით რელიგიის სწავლების შეტანას საჯარო სკოლებში სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოში რელიგიური განათლება უაღრესად პრობლემურ ხასიათს ატარებდა და არსებითად განათლების სამოქალაქო და აკადემიურ მიზნებს უპირისპირდებოდა, უგულებელყოფდა სკოლისა და რელიგიის გამიჯვნის, ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის მოთხოვნებს.

თავისთავად, რელიგიის აკადემიური სწავლება უმნიშვნელოვანესია და ის უნდა ატარებდეს როგორც ისტორიულ, ისე ფენომენოლოგიურ ხასიათს. უნდა მოიცავდეს მთელ მრავალფეროვნებასა და იმ რელიგიურ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სამოქალაქო თანაარსებობას: სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების პატივისცემის, სიყვარულის, თანასწორუფლებიანობის, უმცირესობისა და უმრავლესობის ურთიერთობის, სამოქალაქო გაბედულების, ქველმოქმედებისა და ემპათიის, შემწყნარებლობის ღირებულებებს – ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ყველა დიდ რელიგიაში საერთოა.

მაგრამ საქართველოში რელიგიის სკოლებში შეტანის წინააღმდეგ ჩვენ სწორედ იმ საფუძვლით გამოვდიოდით, რომ არ არსებობენ აკადემიურად და ღირებულებათა დონეზე სათანადოდ მომზადებული, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების მქონე პედაგოგები, რომლებიც რელიგიის შესახებ და რელიგიიდან სწავლებას შეძლებენ, არ არსებობდა სკოლებში სხვა აღმსარებლობისა და შეხედულებების მოსწავლეების დისკრიმინაციისგან დაცვის ეფექტური სისტემა

რა გააკეთეს ახლა? ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვის გარეშე აიღეს და პირდაპირ მართლმადიდებელი სასულიერო პირები შეიყვანეს სკოლებში. ოღონდ ისინი ასწავლიან არა რელიგიას, როგორც ასეთს, არამედ ფაქტობრივად რელიგიისა და ეთნიკური იდენტობის საფუძველზე ჩამოყალიბებული შეხედულებების ჰიბრიდს, რასაც ნაციონალიზმსაც ვერ დავარქმევ, რამდენადაც, შესაძლოა სწავლების ეს ფორმა, საბოლოო ჯამში, სწორედ ანტიეროვნულ მიზნებს ემსახურებოდეს.

ფაქტობრივად, სწავლების საფუძველი არის ის პარადიგმა, რომ ვიწრო ეთნიკური და არა ფართო ეროვნული იდენტობა და მართლმადიდებლობა ერთი და იგივეა და ამ ორ რამეს ერთობლივად მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს სწავლების ფორმა თითქოსდა კლუბურია და არაა სავალდებულო, ნებაყოფლობითია.

თუმცა, ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, თუ სასკოლო აკადემიური დროის მიღმა სკოლის სივრცეში რელიგია კლუბური ფორმით ისწავლება, მაშინ ეს უშუალოდ მოსწავლეების თავისუფალი ინიციატივა უნდა იყოს და არა განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს მხრიდან ასე მეთოდურად და დემონსტრაციულად თავსმოხვეული რამ.

ის, რაც ახლა სკოლებში ამ ფორმით შეაქვთ, არც რელიგიის სწავლებაა და არც პატრიოტიზმის სწავლება, არამედ ეს არის მცდელობა, შეიტანონ ერთგვარი იდეოლოგია, რომლითაც ქართული ოცნება განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საჯარო სკოლებში რელიგიის საფარქვეშ სწორედ ამ იდეოლოგიური ჰიბრიდის სავალდებულო სწავლების ხასიათს მიიღებს და მძიმე გავლენას მოახდენს ბავშვების ცნობიერებასა და ფსიქიკაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, თუ რამდენად დისკრიმინაციულია ამგვარი სწავლების ფორმა სხვა რელიგიებთან მიმართებით და ამ კუთხით რამდენად პრობლემატური იქნება თავად სწავლების შინაარსი.

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის შემდეგ პირველად, იდეოლოგიური და პოლიტიკური პროპაგანდა – აგიტაციის დაბრუნების მცდელობა საჯარო სკოლებში“- წერს ბექა მინდიაშვილი.

________________

ამ თემაზე: 

ივანიშვილის „ძალიან ღირებული რჩევების“ შედეგები განათლების რეფორმაში

ბათუმში 2 კვირით ჩაიკეტება ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 ივნისის საღამოს 9 საათიდან 30 ივნისამდე პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში.

მერიის ინფორმაციით მიზეზი „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია“.

კერძოდ, ქუჩის ამ მონაკვეთზე „ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება“.

ლერმონტოვის ქუჩა [გორგასალისა და ჭავჭავაძის ქუჩებს შორის] 16 ივნისის საღამოს 9 საათიდან 30 ივნისამდე ჩაიკეტება / მონიშნულია წითელი ხაზით
ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ ქალაქის მერიამ საუბარი 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

ამავე მიზეზით ბათუმში ჩაკეტილია მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისიც.

ვრცლად:

ბათუმში მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისი 5 ივლისამდე ჩაიკეტა

 

გორის გვირაბებში 17-25 ივნისს მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

გორის გვირაბებში 17-20 და 22-25 ივნისს მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით დაგეგმილია დაზიანებული საფარის აღდგენა [ორმოულის შეკეთება] და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე [გორის გვირაბები] სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის გადართვა დროებით შემოსავლელ გზაზე.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 17 ივნისიდან 08:00 სთ-დან 20 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ხოლო, თბილისი-სენაკის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 22 ივნისიდან 08:00 სთ-დან 25 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც თბილისი-სენაკის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი – შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.“ – წერს გზების დეპარტამენტი.

 

მთავარი ფოტო: გორის გვირაბები/ფოტო: გზების დეპარტამენტი

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა – დაკავებულია ხუთი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოაცხადეს, დაკავებულია 5 პირი, კიდევ 2 პირზე კი ძებნა გამოცხადდა.

დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზას 2017 – 2025 წლებში ხელმძღვანელობდა. „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებამდე ის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა, იყო „მტკვარი ჰესის“ დირექტორიც.

სუს-ის ინფორმაციით, რკინიგზის საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და სხვა პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ყალბი სამსახურებრივი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

„2019 წლის შემოდგომაზე, სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა დირექტორმა, დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შეთანხმებულ გეგმის შესაბამისად უნდა უზრუნველყო სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის, შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა“, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ბრიფინგზე დღეს, 16 ივნისს.

დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ნავთობტანკერი SILVAR, რომელიც იანვარში ყულევში იმყოფებოდა

დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ნავთობტანკერი SILVAR [IMO: 9291262], რომელიც 2026 წლის იანვარში ყულევის პორტში იმყოფებოდა.

„დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR [IMO: 9291262], რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა.

დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში,  თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები,“ – ამ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

სანქციების პაკეტში სულ 27 ტანკერი მოხვდა.

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პოსტში კი ხაზგასმულია ნავთობტანკერ SILVAR-ის სანქცირება, რომელიც იანვარში ყულევში იმყოფებოდა.

SILVAR [IMO: 9291262] საქართველოს ნავსადგურში შემოსვლამდე სანქცირებული იყო უკრაინის მიერ, 2025 წლის 13 დეკემბერს.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ნავთობტანკერი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედიოდა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა პორტალ „აი, ფაქტის“ გამოძიების მიხედვით, რომელიც ღია მონაცემთა წყაროებს დაეყრდნო, SILVAR-მა, რუსეთის ნოვორასიისკის ნავთობტერმინალი 29 იანვარს, გამთენიისას დატოვა.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კი ნავთობტანკერის სიგნალი პირველად 30 იანვარს, ღამის 1 საათისთვის დაფიქსირდება. მანამდე, მონაცემები უცნობი იყო, რადგან რუსეთიდან გამოსვლის შემდეგ სიგნალის გადამცემი სისტემა გემს გათიშული ჰქონდა.

„აი, ფაქტის“ ცნობით, ტანკერმა ყულევში 24 000 ტონამდე ნავთობი ან ნავთობპროდუქტი ჩამოტვირთა (რაოდენობა გამოთვლილია გემის წყალში ჩაძირვის მაჩვენებელზე დაყრდნობით – გადმოტვირთვის შემდეგ ჩაძირვის მაჩვენებელი 12.6-დან 9.5-მდე შემცირდა).

„აი, ფაქტის“ გამოძიების შემდეგ, 2026 წლის 6 თებერვალს, განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელიც წერდა, რომ „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული რამდენიმედონიანი შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა სანქციური ან სამართლებრივი შეზღუდვები (გაერო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი)“.

ნავთობტანკერი 2026 წლის 6 თებერვლის მონაცემებით, მხოლოდ უკრაინის მიერ იყო სანქცირებული.

თუმცა არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტანკერი, რომელიც უკრაინის მიერ სანქცირდება და მიიჩნევა როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი, შემდგომში აუცილებლად ხვდება ევროკავშირის, აშშ-ს ან დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ.

ვის [არ] შეხვდა ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ

აჭარის მთავრობის ფეისბუქის გვერდზე 13 ივნისს გამოქვეყნებული, ბოლო ხალი ამბავი გვამცნობს, რომ ბათუმში სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town-ი ოფიციალურად გაიხსნა. ამ ამბავთან ერთად აჭარის მთავრობა ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ასახულია, როგორ გაჭრა წითელი ლენტი აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ინვესტორთან ერთად.

მთავრობის სოციალურ გვერდებზე უყვართ „ბრჭყვიალა“ პრეზენტაციების ფოტოების ატვირთვა, სადაც „ოცნების“ წევრები მდიდარ ბიზნესმენებთან ერთად იღიმიან. ასეთ დროს აანონსებენ ხოლმე ისეთი ძვირადღირებული პროექტების შესახებ, რომელიც ძირითადად მდიდარ უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი.

მოქალაქე ქვეყნის ნებისმიერი რეგიონიდან, თუ ის მდიდარი ბიზნესმენი ან პარლამენტარი არ არის, თუნდაც მსგავს სასტუმროში დასაქმებული, ნაკლებად შეძლებს აჭარაში ფეშენებელური დასვენების ხარჯებს გასწვდეს, ისევე როგორც აჭარის რეგიონიდან ვერ გასწვდება ოჯახი, მაგალითად ლოპოტაზე, თუნდაც მოკლევადიანი დასვენების ხარჯებს.

სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town-ი 2025 წლიდან მუშაობს, თუმცა, როგორც ირკვევა, ოფიციალური გახსნა არ ყოფილა და ლენტის გაჭრის ცერემონია ზურაბ პატარაძესთან ერთად შედგა.

12 ივნისს ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დასწრებია. მას დრო გამოუნახავს ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად.

აჭარის მთავრობის გვერდის თანახმად, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე უსაუბრიათ ზურაბ პატარაძესა და თინათინ რუხაძეს და  შეთანხმებულან, რომ ითანამშრომლებენ. იმავე გვერდის მიხედვით, „ოცნების“ კულტურის მინისტრი, მოადგილესთან, გიორგი მირცხულავასთან ერთად, აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარეს 11 ივნისს ეწვია.

მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ და თინათინ რუხაძემ შეხვედრის დროს „სახელოვნებო განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით პარტნიორობის საკითხები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს“.

რა გაიგო ამ პოსტიდან „ოცნების“ ამომრჩეველმა? რაზე იმსჯელეს ან რა გადაწყვიტეს? – მაგალითად ის, რომ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აღარ გაანადგურებენ?! ფასადის ერთ ნაწილს არ დატოვებენ მხოლოდ და ამას რეაბილიტაცია-რესტავრაციას აღარ დაარქმევენ?! ძეგლებს ცათამბჯენებით არ დაჩრდილავენ, მათ გადარჩენაზე იზრუნებს ვინმე?! – ამ კითხვებზე პასუხი აჭარის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის გაცემული.

ისღა დაგვრჩენია დავაკვირდეთ, „გაღრმავების“ შემდეგ რა შეიცვლება.

თამარ რუხაძე და ზურაბ პატარაძე შეხვედრის შემდეგ

აჭარის მთავრობის გვერდის მიხედვით, 11 ივნისს ზურაბ პატარაძე საქართველოს ჩემპიონი გუნდების – კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს – სარაგბო კლუბ „ბათუმს“, საკალათბურთო კლუბს „ბათუმი 2010“ და ხელბურთის კლუბს „ბსბ ბათუმი“ გამორჩეული შედეგების და მიღწევებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

შეიძლება ითქვას, რომ დაჯილდოებები ერთ-ერთი საყვარელი თემაა სამთავრობო გვერდებისთვის. თუ დაინტერესდებით და ბათუმის მერიის გვერდსაც გადახედავთ, მიხვდებით, რომ დაჯილდოებებზე წასვლა ბათუმის არც თუ ისე კომუნიკაბელურ მერსაც კი მოსწონს.

აჭარის მთავრობის გვერდის მიხედვით, 10 ივნისს ზურაბ პატარაძე არქივის სამმართველოს ეწვია და იქ ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე დანიშნა. ამ დღეს მოინახულა ასევე N21-ე საჯარო სკოლის მშენებლობის დასრულების სამუშაოები, თუმცა ამ ინფორმაციაში არავინ წერს, რომ რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც სკოლების გაჭიანურებული სარეაბილიტაციო პროცესი, ასევე, საბავშვო ბაღების მისაწვდომობა.

2026 წელია და აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ 5 ახალ სკოლას აშენებენ, 3 სკოლას კი რეაბილიტაცია უტარდება. ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომლის დაუსრულებლობაზეც მშობელი წუხდა, 2022 წელს დაიწყო და 2024-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა არაერთხელ შეიცვალა დასრულების ვადები. მსგავს მდგომარეობაშია ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაც, სადაც 2026 წლის პირველ მარტს უნდა გახსნილიყო სკოლის კარი, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არც ამ სკოლაში დასრულდა დროულად. 

პატარაძე N21-ე საჯარო სკოლის სამუშაოებს ეცნობა

6 ივნისს ზურაბ პატარაძე გოდერძი შარაშიას ჩაერთო „იმედის“ ეთერში და აჭარაში ტურიზმის სექტორის აყვავების შესაძლებლობებზე ილაპარაკა. ზურაბ პატარაძეს არ დავიწყებია ქალაქის ინფრასტრუქტურული გამოწვევები და ამაზეც ისაუბრა, თუმცა გამორჩა ეთქვა, რომ თუ ბათუმში მოქალაქეები დასასვენებლად საქართველოს სხვა რეგიონებიდან ან დედაქალაქიდან გეგმავენ ჩასვლას, უმჯობესია თუ ავტომანქანით არ ჩამოვლენ, რადგან ქალაქში გასაჩერებელი ადგილი, ფაქტობრივად, არ არის.

ფეისბუქზე აჭარის მთავრობის გვერდის თანახმად, ზურაბ პატარაძე ახერხებს დაესწროს სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნით ეტაპს და გამარჯვებული ანსამბლების დაჯილდოების ცერემონიას; ქობულეთში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამოს, თუმცა, როგორც ამბობდნენ გარემოვაჭრეები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს,  ამის ფონზე, საწყენია, რომ ზურაბ პატარაძე მათ არ ხვდება.

გარემოვაჭრეები ბულვარში და მის მიმდებარედ ვაჭრობენ სუვენირებით, წვენებით, ხილითა და აქსესუარებით და ამით არჩენენ ოჯახს.

18 მაისის დილას, სუვენირებით მოვაჭრეები, ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის სახლის შესავლელთან დახვდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მას შემდეგ, რაც სამსახურში მისულმა ზურაბ პატარაძემ ისინი დაინახა, მანქანიდან არ ჩამოვიდა და მეორე შესასვლელიდან სცადა მთავრობის სახლში შესვლა.

ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, იმ საღამოს ზურაბ პატარაძესთან დალაპარაკება მოახერხეს: „სხვა გზა არ ჰქონდა, სახლში უნდა წასულიყო. დაგველაპარაკა და დაგვპირდა, რომ შეგხვდებოდა, მეორე დღეს შენობაში შეგვიყვანა ჯაბა სურმანიძემ და დეტალებზე შევთანხმდით“ – გვითხრა მან. 

ორი თვის განმავლობაში ზურაბ პატარაძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა აჭარის ტელევიზიას, სადაც ისაუბრა გამოწვევებზე, რაც მისი წინა თავმჯდომარეობის დროსაც გამოწვევების ჩამონათვალში იყო. ეს გამოწვევებია – ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება.

ამის შემდეგ აჭარის მთავრობის გვერდზე ქობულეთში მრავალფუნქციური კომპლექსის, „Swissôtel Kobuleti Beach Resort“-ის დაწყების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გამოაქვეყნეს – რა თქმა უნდა, არც მსგავსი პროექტების დაანონსების და არც მას შემდეგ, აჭარის მთავრობას არავინ ახსენებს ადრე დაანონსებულ და „გაყინულ“ პროექტებს.

ზოგადად, ქობულეთში უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკააა, როცა პროექტებს პომპეზურად აანონსებენ და შემდეგ წლების განმავლობაში ვერ იწყებენ, ან იწყებენ და ვერ ასრულებენ, ან ინვესტორებად წოდებულები თავადაც ინვესტორებს ეძებენ აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ზურაბ პატარაძესაც დაუსრულებელი დახვდა რამდენიმე ისეთი პროექტი, რომელიც თავად დააანონსა 2017 წელს, მისი წინა თავმჯდომარეობის დროს.

პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ 28 აპრილს დაამტკიცა. ასევე დამტკიცდა აჭარის მთავრობის შემადგენლობაც. მას არცერთი მინისტრი არ შეუცვლია.

30 აპრილს ზურაბ პატარაძემ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენის – EBIT 2026-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ამ ორ თვეში ის რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურას ეწვია, მათ შორის იყო ბათუმის მერია და საკრებულო, ავიდა ხულოს მუნიციპალიტეტშიც. დანიშვნიდან 2 დღეში – 30 აპრილს კი ბათუმის ბულვარი მოინახულა, სადაც ნარდის მოთამაშეებს მიესალმა.

Freed Journalist Andrzej Poczobut Calls for Release of Fellow Sakharov Prize Laureate Mzia Amaglobeli

Belarusian journalist of Polish origin, Andrzej Poczobut, believes that receiving the European Union’s highest award influenced the decision to release him.

In 2025, while still imprisoned, Poczobut was awarded the European Union’s top human rights award — the Sakharov Prize for Freedom of Thought — jointly with Mzia Amaglobeli, founder of Netgazeti and Batumelebi..

“The point is that publicity is still something regimes fear,” Poczobut told Netgazeti.

Andrzej Poczobut also expressed hope that the Georgian authorities would release the other Sakharov Prize laureate, Mzia Amaglobeli.

“A journalist should be free. I hope that Mzia Amaglobeli will be released. I hope that political repression in Georgia will stop, that Georgia will continue developing its democracy and improve relations with the West,” Poczobut told Netgazeti.

At the same time, he said that Tbilisi is currently moving along the path Belarus took in 1994, when Alexander Lukashenko came to power.

“There is a saying: no matter what you give Russians, they will still build a Kalashnikov rifle. To paraphrase that, no matter what you give post-Soviet elites, they will build authoritarianism. I think this is something Belarus and Georgia have in common. Georgia’s government is heading in a dangerous direction — the same direction Belarus chose in 1994, unfortunately. Sometimes the consequences of decisions unfold over time. And I think… I hope Georgia’s authorities will not go as far as Belarus did,” Poczobut added.

Andrzej Poczobut is a Belarusian journalist and activist representing the Polish ethnic minority in Belarus. A critic of the Lukashenko regime, he has been detained several times, most recently in 2021, when he was sentenced to eight years in a penal colony. However, in April this year, he was released as part of a prisoner exchange between Belarus and Poland. Polish Prime Minister Donald Tusk welcomed Andrzej Poczobut upon his arrival in Poland.

He is currently in Strasbourg and is scheduled to address the European Parliament plenary session on June 17.

Earlier, he appeared before a joint meeting of the Committee on Foreign Affairs, the Subcommittee on Human Rights, and the Committee on Development, opening his remarks with an appeal to the Georgian authorities.

“I would like to address the Georgian authorities and call for the release of Mzia Amaglobeli. Journalists should be free, not in prison. I hope the Georgian authorities will release her,” Poczobut said.

During his speech at the joint committee meeting, Poczobut focused primarily on the rights of the Polish minority in Belarus and said that the only Polish association in Belarus had been declared illegal.

“A criminal case was also opened against me. This is the result of Lukashenko’s approach — his attack on the values that we, as Poles, represent. We represent Polish and European values. These values are very important to us, and this is precisely where our conflict with the Lukashenko regime lies,” Poczobut said.

Poczobut linked his imprisonment to his journalistic work. He said there is no freedom of speech in Belarus and that even critical voices on social media are punished.

“In prison, I met people whose only ‘crime’ was, for example, liking something on social media. This is the diagnosis of the situation in Belarus. Belarus is, without any doubt, a totalitarian state,” Poczobut added.

Other speakers at the committee meeting also called for Mzia Amaglobeli’s release, including David McAllister, Chair of the European Parliament’s Committee on Foreign Affairs.

“You all remember last year the European Parliament decided to award the Sakharov Prize to you, dear Mr. Poczobut, but also to Mzia Amaglobeli from Georgia in recognition of their steadfast commitment to democracy, human rights, and the freedom of expression and independence in her work as journalist despite the intimidation she facing.

We deeply regret that Ms. Amaglobeli remains imprisoned in Georgia. Let me recall that the European Parliament continues to call for her immediate and unconditional release and stands in unwavering solidarity with all those unjustly detained,” McAllister said.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 385 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 026 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 768 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 44 118 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 872 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 427 ერთეული [+7]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 353 541 ერთეული [+2 062]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 667 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 107 508 ერთეული [+417]
  • სპეცტექნიკა – 4 300 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 783 ერთეული [+50]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

  • 15 ივნისის ღამით რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, მათ შორის ბავშვი და ორსული ქალი. დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა.

ვრცლად: კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარი გაჩნდა რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/620625/

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19 500 კუბ.მეტრ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

„ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზას“ დაბა ქედაში 19 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცეს. 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში პარლამენტარის კომპანია დაახლოებით 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის.

„ოცნების“ მთავრობის 2026 წლის 10 ივნისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიყენებს შპს „გზა“ ულიცენზიოდ მოპოვებულ ქვიშა-ხრეშს.

„ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდინარე აკავრეთას ჭალა-კალაპოტში არსებული ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს გზა 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 19 500 კუბური მეტრი ინერტული მასალა [ქვიშა-ხრეში] ქედის მუნიციპალიტეტში [დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული, მდ. აკავრეთა]“, – წერია განკარგულებაში.

„გზა“-ს უფლება აქვს ქვიშა-ხრეში 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოიპოვოს.

ქედა, ქვიშა-ხრეშის მოპოვების ადგილი მდინარე აკავრეთას კალაპოტში, სადაც შპს „გზა“ 19 500 კუბურ მეტრ ინერტულ მასალას ულიცენზიოდ ამოიღებს.

კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია ასევე, რომ „შპს „გზა“ ვალდებულია: უზრუნველყოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „ბიჯი თრეიდის“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება“.

ამასთან, „გზა“ ვალდებულია, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმულით დაანგარიშებული თანხის – 25 435 ლარის გადახდა“.

ასევე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით.“

შპს „გზამ“ ამ ბოლოს 29-მილიონიანი ტენდერი მოიგო, რომელიც ბათუმში გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ თვლის, რომ აღნიშნული ტენდერის პირობები მოქმედი პარლამენტარის კომპანიაზე იყო მორგებული, რაც კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

„ხელშეკრულების გაფორმებამდე 7 დღის განმავლობაში შპს „გზასთან“ დაკავშირებული პირების აქტივობა ასე გამოიყურება:

  • 6 მარტი: მალხაზ დუმბაძე (შპს „გზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) პარტიას წირავს 30 000 ლარს.
  • 10 მარტი: ჯიმშერ ზოიძე (გიორგი ჭყონიას წილის მმართველი შპს „გზაში“) წირავს 15 000 ლარს.
  • 11 მარტი: ჯემალ ჭყონია (გიორგი ჭყონიას ბიზნეს-პარტნიორი) წირავს 15 000 ლარს.
  • 12 მარტი: გიორგი ჭყონია (კომპანიის მფლობელი, დეპუტატი) წირავს 60 000 ლარს.
  • 13 მარტი: შპს „გზა“ აფორმებს 29 163 899 ლარიან ხელშეკრულებას.“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ამ თემაზე ვრცლად:

დეპუტატ ჭყონიას კომპანიამ 29 მილიონის ტენდერი მოიგო – მან „ოცნებას“ მსხვილი თანხა შესწირა

 

 

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ხანძარია

დღეს, 15 ივნისს, საღამოს, ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, მაღალ სართულზე.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და პოლიცია.

განახლებული ინფორმაცია: 

ხანძარი ბაგრატიონის ქუჩაზე დაახლოებით 22:20 საათზე უკვე ლიკვიდირებული იყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

ირანის რეჟიმი დარჩება ხელისუფლებაში და გაძლიერდება, თუ ძირითად პაკეტზე შეთანხმდნენ – ინტერვიუ

„თუ ამერიკამ და მით უმეტეს ისრაელმა შეატყო, რომ ირანელები ისევ ირანულ, აღმოსავლურ პოლიტიკას ატარებენ – ეშმაკური პოლიტიკა – არ არის გამორიცხული, რომ ისრაელმა დაარტყას ირანს,“ – მიიჩნევს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას იმ შეთანხმებაზე ვესაუბრეთ, რომელსაც აშშ-მ და ირანმა რამდენიმე დღეში შესაძლოა ხელი მოაწერონ.

თუმცა ირანისტი ფიქრობს, რომ „ირანი ურანის გამდიდრების პროცესს მაინც არ გააჩერებს, რაც არ უნდა შეჰპირდეს ამერიკას“.

„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ირანისტია, აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი.

  • ბატონო ვასილ, აშშ და ირანი აცხადებენ, რომ მიაღწიეს შეთანხმებას. ტრამპის თქმით, ირანთან შეთანხმება მშვიდობას მოიტანს მთელ ახლო აღმოსავლეთში. დასრულდა ომი ირანთან? 

ეს კონფლიქტი ამერიკასა და ირანს შორის, მანამდე კიდევ ისრაელსა და ირანს შორის, არის ძალიან საფუძვლიანი და ღრმა. ის არ გამომდინარეობს მხოლოდ გუშინდელი დღიდან. ეს ღრმა კონფლიქტია და მისი მოგვარება ძალიან ძნელია.

მოლაპარაკებების პროცესს აქტიურად ვაკვირდები და იკვეთება, რომ მხარეებს შორის არის ძალიან მაღალი უნდობლობა: არცერთი დაპირისპირებული მხარე არ ენდობა ერთმანეთს. ირანი არ ენდობა ამერიკას, ისრაელთან კი, საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა. თავის მხრივ, არც ამერიკა ენდობა ირანს.

საინტერესოა, რომ ისრაელი ბოლომდე ამერიკასაც არ ეთანხმება გარკვეულ საკითხებში. მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორობისა, ამ ორ ქვეყანას შორის არის მომენტები, სადაც ისრაელის და აშშ-ს ინტერესები ერთმანეთისგან იყოფა.

  • რა არის ცნობილი თავად შეთანხმების პირობების შესახებ? 

მოლაპარაკება რომ შემდგარიყო, ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული გავლენიანი აქტორები. მაგალითად, თურქეთი იყო აქტიურად ჩაბმული, ყატარი, საუდის არაბეთი, პაკისტანი იყო ის ქვეყანა, რომელიც იყო ნომერ პირველი შუამავალი. ცნობილია, რომ მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი ჩატარდა ისლამაბადში – პაკისტანის დედაქალაქში და პაკისტანმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულებულიყო.

მაგრამ გადაწყდა, რომ ძირითადი მოლაპარაკება გაიმართოს ჟენევაში 19 ივნისს.

  • ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოლაპარაკების პროცესი? მედიაში გაჟღერდა, რომ მხარეები 19 ივნისს ხელს მოაწერენ მემორანდუმს.

საუბარია 14 პუნქტზე, რაც გასაიდუმლოებულია და ეს პირობები კითხვის ნიშნებით არის სავსე. ჯერჯერობით არცერთი მხარე არ ასაჯაროებს ტექსტს, რაც ხელმოწერის შემთხვევაში, ცხადია, საჯარო იქნება.

ვასილ ღლონტი

არსებობს სხვადასხვა წყარო, რომლის მიხედვითაც ცნობილია, რას ეხება ეს პუნქტები. ყველაზე პრობლემატურია ბირთვული პროგრამის განვითარების საკითხი, რომელიც ბოლომდე ვერა და ვერ არის ჩამოყალიბებული. აშშ ითხოვს, რომ ირანმა ურანის გამდიდრების პროცესი შეაჩეროს და საერთოდ, ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას.

ამერიკა ითხოვს, ირანმა მთლიანად გააჩეროს ბირთვული პროგრამა, რომ კითხვის ნიშნები არ იყოსო. ისრაელი ამას განსაკუთრებით ითხოვს. ირანი პასუხობს: ბირთვულ პროგრამას მოლაპარაკებების დროს გავაჩერებ, მაგრამ, ზოგადად, მშვიდობიანი მიზნებისათვის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ ვამბობო.

მიუხედავად იმისა, რომ ირანი ძალიან დაზიანდა ამ ომის დროს: ბირთვული პროგრამის მეცნიერები დაუხოცეს, გაუნადგურეს ინფრასტრუქტურა, ირანს აქვს გადანახული ძალიან დიდი რაოდენობით გამდიდრებული ურანი და ტექნიკური საშუალებებიც აქვს, რომ პროგრამის გაჩერებას დაგპირდეს, მაგრამ სინამდვილეში არ შეაჩეროს.

ისრაელი არ ენდობა, მაგალითად, ირანს, რომელსაც აქვს აღმოსავლური სტრატეგია: შეიძლება, რაღაცაც დაგპირდეს, მაგრამ ჩუმად მაინც იმოქმედოს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ირანი აცხადებს, რომ ტექნიკური ხასიათის შეხვედრებია საჭირო. გამოდის, ირანი დროში წელავს ამ თემას.

ამერიკა ითხოვს 20 წლით გააჩერე ეს პროგრამაო. ირანელებისგან კი არის საუბარი, რომ 20 წელი ძალიან დიდი ვადაა და 5 წლით გააჩერებს პროცესს. ესეც არის კითხვის ნიშანი: გააჩერებს თუ არა რეალურად ირანი პროგრამას 5 წლით.

  • ამ გარანტიას ვინ მისცემს ამერიკელებს? 

დიახ, ეს არის მთავარი პრობლემა მოლაპარაკებებში – გარანტიები. ირანს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა აქვს მიწის ქვეშ, მთის ძირშია მოწყობილი დახურული საწარმოები, იქ არის მოწყობილი ლაბორატორიები, მეცნიერებიც იქ ჰყავთ ახლა და ალბათ შესაბამისი დაცვა უყენიათ.

გარანტია არის პრობლემა, რადგან ირანი სულ იტყუებოდა. აი, 2015 წელს, როცა ხელშეკრულება დაიდო, მაშინ გაეროს რეზოლუცია იყო, რომ ირანი კონსტრუქციულად ითანამშრომლებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგ იყო ბლეფი და მაინც აგრძელებდა ურანის გამდიდრების პროცესს.

  • ამჯერად რატომ დათანხმდა ირანი დეკლარირებულად ბირთვული პროგრამის შეჩერებას: დაინახა უკან დახევის საჭიროება, თუ ჩათვალა, რომ გამოუვა ფარულად ისევ ბირთვულ იარაღზე მუშაობა? 

მე უფრო მეორე ვარაუდს ვეთანხმები. ირანი ისევ დროის გაჭიანურებას ცდილობს.

ირანი კარგად ხედავს, როცა ჩვეულებრივი იარაღით ომობს, რამხელა ზარალს იღებს- ირანმა ამ ომში უზარმაზარი ზარალი მიიღო: დაუხოცეს „გუშაგთა კორპუსის“ ზედა ფენა, მთავარი აიათოლა, ანუ სულიერი ლიდერი მოუკლეს, დაუხოცეს გენერლები, დაუნგრიეს ინფრასტრუქტურა… ამიტომაც, ირანი ხედავს, რომ ჩვეულებრივი იარაღით ვერაფერს აკეთებს ამერიკასთან.

ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყანა კი, სხვა რამეა უკვე, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ირანს აქვს ძალიან ძლიერი სარაკეტო წარმოება – ისრაელს ახლაც კი ბომბავს ირანი, იმდენად ბევრი რაკეტა აქვს, ანუ ბირთვული იარაღის გადატანის პრობლემა ირანს არ ექნება.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროცესს მაინც არ გააჩერებს, რაც არ უნდა შეჰპირდეს ამერიკას.

  • გამოდის, რომ შეიძლება ისევ განახლდეს საომარი მოქმედებები, თუ დადასტურდება, რომ ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობს? 

არაფერი გამორიცხული არ არის. შეიძლება, მოლაპარაკებების პროცესშიც გაგრძელდეს საომარი მოქმედებები.

პირველი ომი რომ დაიწყო, მოლაპარაკებების პროცესი მიდიოდა ირანსა და ამერიკას შორის, მაგრამ მაშინ ისრაელმა დაარტყა. იმის გამორიცხვა, რომ შეჩერდება, ძალიან რთული განსასაზღვრია.

თუ ამერიკამ და, მით უმეტეს, ისრაელმა შეატყო, რომ ირანელები ისევ ირანულ აღმოსავლურ პოლიტიკას ატარებენ – ეშმაკური პოლიტიკას – არ არის გამორიცხული, რომ ისრაელმა დაარტყას ირანს. მით უმეტეს, ისრაელმა უკვე განაცხადა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ამერიკის პოზიციას არ ვეთანხმები, ჩვენ არ ვართ ბანანის ქვეყანაო.

  • ჰორმუზის გასასვლელთან დაკავშირებით რა ხდება? 

ჰორმუზის გასასვლელი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან ენერგოდამოკიდებულები, იგივე ევროპის ქვეყნები. როცა მოლაპარაკებაზე დაიწყო საუბარი, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ გამოხატეს ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება.

გუშინაც განცხადება გაავრცელეს ევროპელმა ლიდერებმა: სანქციებსაც კი მოვუხსნით ირანს, თუ დათანხმდება ამ ომის დასრულებასა და ამერიკის პირობების მიღებასო. ირანმა განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებების დროს ჰორმუზის გასასვლელი გაიხსნება, ოღონდ ჩვენ დავიტოვებთ უფლებას, რომ ნავიგაციის და უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული გადასახადი ავიღოთო.

ირანის მოთხოვნაა, რომ თუ აშშ ირანის გარშემო თავის ჯარებს გაიყვანს, ირანი 30 დღით გახსნის გასასვლელს.

როგორც ჩანს, გაიხსნება ეს გასასვლელი, მაგრამ დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები.

  • რა იკვეთება ამ გადასახედიდან, საითკენ მიდის პროცესი? დასავლურ მედიაში ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ირანის რეჟიმმა კიდევ უფრო გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება… 

ძალიან რთული კონფიგურაციაა. თუ ძირითად პაკეტზე მხარეები შეთანხმდნენ, გამოვა, რომ ირანში რეჟიმი ძლიერდება – ირანის რეჟიმი დარჩება ხელისუფლებაში, როგორც მმართველი ძალა.

მაგალითად, ერთ-ერთი საინტერესო პუნქტია შეთანხმების დოკუმენტის იმ ვერსიაში, რაც გამოქვეყნდა, ოღონდ დასაზუსტებელია ამ პუნქტების შინაარსი: ამერიკა ვალდებულებას იღებს თავის თავზე, რომ ირანის შიდა საქმეებში არ ჩაერევა. ამაზე თუ შეთანხმდებიან, გამოვა, რომ ირანის ხელისუფლება ბოლომდე დაერევა მისი მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობას, ოპოზიციურ ძალებს. როგორც კი ეს დოკუმენტი იქნება ხელმოწერილი, ისევ დაეტაკებიან, პირველ რიგში, ქალებს… ბოლო დროს ქალები ჩვეულებრივად დადიოდნენ თეირანის ქუჩებში.

  • მაგრამ ასე თუ მოხდა, ეს აშშ-ის რეპუტაციაზე აისახება. რა ლოგიკით აწყობს ეს ტრამპს?  

გეთანხმებით, რომ ეს იმოქმედებს ამერიკის რეპუტაციაზე ნეგატიურად, მაგრამ ტრამპი არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. ტრამპს უწევს ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება: სახმელეთო ომზე უარს ამბობს ამერიკის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა, ამიტომაც, ტრამპს მოუწევს დათმობებზე წავიდეს ირანთან მიმართებაში.

შეიძლება, ტრამპის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დროს მოითხოვონ გარანტიები ამ კუთხით, რომ მოსახლეობასთან ფრთხილად მოიქცნენ, მაგრამ რამდენად შეასრულებს ამ პირობას ირანი, როცა ეს რეჟიმი ადამიანების წვალებაზეა აღმოცენებული და ადამიანების შევიწროება, წამება, უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმა ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი?

ქუჩა ბათუმში, სადაც ასფალტი მხოლოდ დასაწყისში დააგეს – რას ამბობენ ბათუმის მერიაში

„ივანე მესხის მეორე ჩიხში გზა ნახევრად გააკეთეს. როცა ვიკითხეთ, რატომ დატოვეთ ქუჩა გასაკეთებელიო, გვიპასუხეს, ასეთია ბრძანებაო, ამის შემდეგ სხვები დააგებენო, მაგრამ არავინ გამოჩენილა“, – მოგვწერეს ბათუმში, ივანე მესხის მეორე ჩიხიდან.

ეს აეროპორტის დასახლებაა. ივანე მესხის მეორეს ჩიხის დასაწყისში ასფალტის ახალი საფარი დაგხვდებათ შესაბამისი საგზაო მონიშვნით, თუმცა როგორც კი რამდენიმე ნაბიჯს გადადგამთ და მოსახვევს შემოუვლით, ისევ ტალახიან და წყლის გუბეებით სავსე ქუჩაზე აღმოჩნდებით.

ივანე მესხის მეორე შესახვევის დასაწყისი

მესხის მეორე ჩიხში მოასფალტებული ნაწილი მალე სრულდება
ივანე მესხის მეორე ჩიხი – 15 ივნისი, 2026 წელი

ივანე მესხის მეორე ჩიხის პრობლემებზე „ბათუმელების“ 2026 წლის მარტში წერდა. მაშინ ამ ქუჩაზე ფეხით გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამ ქუჩაზე „ბათუმელებს“ ამჯერად უთხრეს, რომ  ჩიხის დასაწყისში აპრილში ასფალტის საფარი დააგეს, ასევე გარკვეულ მონაკვეთში სანიაღვრე არხიც მოწესრიგდა და წყლის გუბეებიც დაპატარავდა. მოქალაქეების თქმით, დაწყებული სამუშაოები მალევე შეჩერდა და ვერ მიიღეს პასუხი, რატომ არ მივიდა საქმე ბოლომდე.

„ვინც მუშაობდა გზაზე, გვითხრეს, რომ მერიაში ასე დაგვავალეს, აქამდე უნდა გააკეთოთ მხოლოდ, დანარჩენს ის გააკეთებს, ვისაც ტენდერი აქვსო. ასე როდემდე უნდა ვიაროთ?

გამოდის, ამის იქეთ ხალხი არ ვცხოვრობთ? არ ვიცი, რა ეწოდება ამას.

ტაქსი ამ მოასფალტებული გზის იქით არ მოდის, ფუჭდება მანქანაც. წვიმაში ვერ გაივლი საერთოდ, ისეთი ტალახია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გულვარდი აბულაძემ.

გულვარდი აბულაძე

მოქალაქეების თქმით, მათ მერიაში მიიღეს დაპირება, რომ ჩიხის მოწესრიგებას დაასრულებენ, თუმცა არ იციან, როდის გაგრძელდება სამუშაოები. მოქალაქეების ნაწილს საჯაროდ კომენტარის გაკეთებაც არ სურს: ისედაც მიუხედავი ვართ და უფრო გაგვინაწყენდება მერიაო.

ივანე მესხის მეორე ჩიხი

რატომ არ შესრულდა სამუშაოები სრულად ივანე მესხის მეორე ჩიხში? – „ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა:

„ივანე მესხის II ჩიხში, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ეკონომიების ხარჯზე დაიწყო სამუშაოები, მოეწყო შესასვლელი მონაკვეთი, სადაც წყლის დაგუბების პრობლემა იდგა.

რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, მისი სრულყოფილი რეაბილიტაციისთვის უკვე შესყიდულია საპროექტო დოკუმენტაცია. შესაბამისი თანხა ბიუჯეტის ცვლილების ფარგლებში გათვალისწინებულია და სამუშაოების დაიწყება არაუგვიანეს სექტემბრისა,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.

რეაბილიტირებული მონაკვეთი მესხის ქუჩაზე

მოქალაქეები იღებენ სმს შეტყობინებას ავტომობილის დაჯარიმებაზე – რას ამბობს შსს

რამდენიმე დღეა მოქალაქეები ტელეფონებზე იღებენ შეტყობინებას, ე.წ „საგზაო პოლიციის ბიუროს“ სახელით, თითქოსდა მათი ავტომანქანა მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა და თუ ჯარიმის თანხას 15 დღეში არ გადაიხდის მეპატრონე, მათი საბანკო „ანგარიშები გაიყინება“.

„ვადის გასვლიდან მე-7 დღიდან ყოველდღიურად დაგერიცხებათ 5.76%-იანი დაგვიანებული გადახდის საკომისიო. თუ ჯარიმის გადახდას გადადებთ 30 დღეზე მეტი ვადით, კომპეტენტური სასამართლო გაყინავს თქვენს საბანკო ანგარიშს“, – წერია სმს-ეს შეტყობინებაში.

ჯარიმის გადახდის ვადად 2026 წლის 15 ივნისია მითითებული.

რეალურია ეს შეტყობინებები, თუ საქმე გვაქვს ონლაინ თაღლითობასთან? როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შეასრულონ შეტყობინებაში მოცემული ინსტრუქცია“, – გვითხრეს შს სამინისტროში.

3 ქართველი მეზღვაური აღმოჩნდა ტანკერზე, რომელიც ბრიტანელებმა ლა-მანშის სრუტეში დააკავეს

სამი ქართველი მეზღვაური აღმოჩნდა ლა-მანშის სრუტეში ბრიტანელი სამხედროების მიერ დაკავებულ სანქცირებულ ტანკერ Smyrtos-ზე.

“ბიბისის” ცნობით, 14 ივნისს, დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ 6-საათიანი ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც დააკავეს კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი სანქცირებული ტანკერი Smyrtos, რომელიც მიჩნეულია, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალი ტანკერი.

“ბიბისი” ავრცელებს სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო კადრებს, რომელზეც ჩანს, რომ გემზე  დესანტი სამხედრო ვერტმფრენით გადასხეს.

“ბიბისის” ცნობით, დაკითხვის მიზნით დაკავებულია გემის კაპიტანი, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა.

დაკავებული ნავთობტანკერი, რომელზეც ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფება, ლა-მანშის სრუტის ნაპირზეა გაჩერებული.

ეკიპაჟის წევრები, რომლებიც ინდოეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან, ამ ეტაპზე ტანკერზე რჩებიან.

ნავთობ ტანკერი Smyrtos [IMO:9389100] 2025 წლის ივლისში დაასანქცირეს. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა გემმა სახელი, მანამდე ნავთობტანკერს Myrtos-ი ერქვა.  

Smyrtos-ი [IMO:9389100]  2026 წლის 5 ივნისს გავიდა რუსეთიდან, სანქტ-პეტერბურგიდან.

ლა-მანშის სრუტეში ის 13 ივნისს შევიდა, 14 ივნისს კი დააკავეს.

დღეს, 15 ივნისს, განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და დაწერა, რომ „სააგენტომ დაიწყო საკითხის შესწავლა თავისი კომპეტენციის ფარგლებში“.

„გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გემზე იმყოფება ეკიპაჟის 24 წევრი, რომელთაგანაც სამი საქართველოს მოქალაქეა.

ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით ყველა მეზღვაური უსაფრთხოდაა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და სააგენტოს მარეგულირებელი აქტები საკრუინგო კომპანიებს ავალდებულებს განახორციელონ მკაცრი სანქციური შემოწმება და კრძალავს მეზღვაურთა დასაქმებას იმ გემებზე ან გემთმფლობელებთან, რომლებიც ექვემდებარებიან გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან გაერთიანებული სამეფოს სანქციებს.

სააგენტომ გადაამოწმა საქართველოში მოქმედი და აღიარებული საკრუინგო და მეზღვაურთა დასაქმების კომპანიების მონაცემები. ჩატარებული შემოწმების შედეგად, აღნიშნული გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში.

შესაბამისად მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო აცხადებს, რომ აგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე გამოძიების შედეგებს.

 

ვედრო სარფის საბაჟოზე – 6 წლის ქრონოლოგია

ბოლო 6 წელიწადში ქვეყანაში შეიცვალა სამი პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა სამინისტროში შეიცვალა შემოსავლების სამსახურის სამი უფროსი, სარფის საბაჟოზე კი შეიცვალა წყლის ვედროების ფერი და ზომა, რომელიც ქვეყანაში შემოსულ ტურისტს ხვდება თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთისას.

მინიმუმ 6 წელია სარფში, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე წყლის ვედროები დგას.

ვედრო სარფის საბაჟოზე, სადაც წყლის წვეთი ჩამოდის, 2021 წლის ივლისი-ოქტომბერი

წყლის ფერადი ვედროები განთავსებულია საქართველოს მხარეს, ფართო დერეფანში, რომლის გავლაც ნებისმიერ პირს უწევს, ვინც თურქეთიდან ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2025 წელს სარფის საბაჟოს გავლით 2 575 901 ადამიანი შემოვიდა.

სავარაუდოდ, ყველა მათგანმა საქართველოში შემოსვლისას პირველი რაც ნახა, იყო პლასტმასის ვედრო, რომელიც ბოლო 6 წელია სარფის საბაჟოს უცვლელ ატრიბუტიკად იქცა – აქ წვიმის წვეთების შესაკავებლად დევს ვედრო.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

„ბათუმელების“ ფოტო არქივში, ყველაზე ძველი ფოტო, რომელზეც სარფის საბაჟოზე მდგარი ვედროა გამოსახული, 2021 წლის ივლისით თარიღდება.

ორი ფოტოს შედარებით, რომელიც 2021 წლის ივლისსა და ოქტომბერშია გადაღებული, ჩანს, რომ საბაჟოს შენობის ჭერში არსებული პრობლემა, თვეების განმავლობაში ისე გამწვავდა, რომ შემოსავლების სამსახურმა გამაფრთხილებელი აბრაც კი დადგა.

მორიგი ფოტო არქივიდან 2023 წელსაა გადაღებული.

ამ წელს საბაჟოზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 778 884 ლარი დაიხარჯა.

ვედრო სარფის საბაჟოზე, 2023 წლის აპრილი

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა დაიხარჯა „საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ადმინისტრაციული შენობის სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებისათვის“.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სარფის საბაჟოს ტერიტორიდან ცოტა ხნით ვედროები აიღეს. თუმცა შემდეგ ისევ დააბრუნეს.

სარფის საბაჟო რეაბილიტაციის შემდეგ, 2023 წლის მაისი

2024 წელს ვედროები სარფის საბაჟოზე ისევ დაბრუნდა. მხოლოდ შეიცვალა ვედროების ფორმა და ფერები.

ვედროები სარფის საბაჟოზე, 2024 წლის სექტემბერი
ვედროები სარფის საბაჟოზე, 2025 წლის აპრილი

2026 წელს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ვედროები და 10 ლიტრიანი გადაჭრილი წყლის ბოთლები გამრავლდა.

ეს ფოტოები 2026 წლის იანვარშია გადაღებული. ვედროები იდგა როგორც პასპორტ კონტროლამდე არსებულ ზონაში, ასევე უშუალოდ საბაჟოს გასასვლელში.

ვედროები სარფის საბაჟოზე, 2026 წლის იანვარი

ბოლო ფოტო კი ორი დღის წინაა გადაღებული.

ვედრო სარფის საბაჟოზე, 2026 წლის ივნისი

შემოსავლების სამსახურს, რომელიც პასუხისმგებლია სარფის საბაჟოს გამართულად მუშაობაზე, 2021 წლიდან დღემდე 3 ხელმძღვანელი შეეცვალა.

2019-2025 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსი იყო ლევან კაკავა, 2023 წლიდან 2026 წლის 27 აპრილამდე შემოსავლების სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ხოლო 2026 წლის 27 აპრილში შემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა.

2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ვერცერთმა ხელმძღვანელმა პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.

„ბათუმელებმა“  შემოსავლების სამსახურს მიმართა შემდეგი კითხვებით.

დავინტერესდით, 2021 წლიდან დღემდე, რატომ დგას სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე [საბაჟოზე] პლასტმასის ვედროები. თუ რაიმე პრობლემა არსებობდა, 2023 წელს, როდესაც რეაბილიტაცია ჩატარდა, რატომ ვერ აღმოიფხვრა ეს პრობლემა?

მიმდინარე წელს იგეგმება თუ არა საბაჟო გამშვები პუნქტის რეაბილიტაცია? და თუ იგეგმება, როდის დაიწყება?

„ამ წუთასაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. წყლის გაჟონვის კერა უნდა აღმოიფხვრას და უნდა გარემონტდეს. სპეციალური ტექნიკური ჯგუფი მუშაობს ამასთან დაკავშირებით და ეს პრობლემა აღარ იქნება,“ – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში დღეს, 2026 წლის 15 ივნისს.

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია

მთავარია გჯეროდეს – ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“ ერთგული მხარდამჭერია თიბისი.

ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართა კინოკონკურსის მიზანია ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერა.

კინოპრემია „ელისო“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები, ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდნენ.

ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ – ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა, გიორგი შველიძე, ლეა გლობი – გამოავლინა 2026 წლის გამარჯვებულები:

საუკეთესო ფილმი | „ხმელი ფოთოლი“, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე.

საუკეთესო რეჟისორი | თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი „ქართლის ცხოვრება“.

სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო რეჟისორი | ქეთევან ვაშაგაშვილი „ცხრათვიანი კონტრაქტი“.

საუკეთესო მსახიობი | ნინი იაშვილი  ,,ქალაქის ხმაური’’.

სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო მსახიობი | ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი „მილი“

საუკეთესო ოპერატორი | შალვა სოყურაშვილი „მილი“.
საუკეთესო მონტაჟი | ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი „თემორე’’.

საუკეთესო კინომუსიკა | კოტე კალანდაძე „არავინ არ ჩანს“.

დაჯილდოების ცერემონიაზე, „ნატო ვაჩნაძის ფონდის“ სახელობის პრემიის ლაურეატად დასახელდა ნათელა გრიგალაშვილი ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2025 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით წელს დაემატა საუკეთესო კინომუსიკის (ორიგინალური მუსიკა) ნომინაცია.

თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.

სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან – განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრომ „ღირებულებითი განათლების პროგრამაში“ ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

სამინისტროს ინფორმაციით, საპატრიარქოს სასულიერო პირებს 141 სკოლაში 175 კლუბი აქვთ გახსნილი, „სექტემბრიდან კი ისინი ახალ კლუბებს გახსნიან და ამ მიზნით 129 სასულიერო პირი გადამზადდა“, – წერს სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, კლუბებში 4 375 მოსწავლეა ჩართული.

სამინისტროს განცხადებით, პროგრამაში ჩართული არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც.

სამინისტროს მტკიცებით, აღნიშნული პროგრამა „ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებას“.

___________________

განათლების რეფორმა:

ივანიშვილის „ძალიან ღირებული რჩევების“ შედეგები განათლების რეფორმაში

______________

მთავარი ფოტო: სამინისტროს მიერ დაჯილდოებული სასულიერო პირები.

Lawyer Fined 4,000 GEL Over MP Post Comment | Social Media Speech Cases Expand in Georgia

Lawyer Shota Tutberidze was first issued an administrative offence report by Georgia’s Ministry of Internal Affairs and was later fined 4,000 GEL by Judge Davit Makaridze over a comment he posted under a social media post by Georgian Dream Parliament member Nino Tsilosani.

The fine was imposed under Article 173¹⁶ of Georgia’s Code of Administrative Offences, which concerns verbal insult, abusive language, offensive harassment, or other insulting actions directed at a state-political office holder, political official, public servant, person equated with a public servant, and/or civil servant in connection with the performance of their official duties or professional activities (except in cases covered by Georgia’s Criminal Code).

Article 173¹⁶ was added to Georgia’s Code of Administrative Offences in February 2025 following mass protests across the country, and since then has been increasingly used against activists, citizens, journalists, politicians and others. Many of the cases have involved social media posts and comments. Some individuals have been fined, while others have been sentenced to administrative detention.

The offence is punishable by a fine ranging from 1,500 to 4,000 GEL or administrative detention for up to 45 days.

Tsilosani’s original post concerned a visit by members of the Georgian Dream Parliament to Canada.

In the comment cited in the case, Tutberidze addressed Tsilosani as “Niniko” – a colloquial form of her first name used sarcastically – and made a profane remark asking whether she would again face intense criticism during the trip, or whether the delegation would “just visit the zoo and come back.”

Sandro Kepashvili, an inspector for special assignments at the Ministry of Internal Affairs, stated that Shota Tutberidze had insulted Nino Tsilosani.

In addition to Article 173¹⁶, in May 2026 the Georgian Dream authorities announced the creation of a special unit within the Ministry of Internal Affairs called the Division for Combating Hate Speech, which began operating on June 1.

According to the authorities, the division’s function is to monitor and proactively identify publicly disseminated statements on social media and in the media that are considered insulting, degrading to human dignity, or otherwise contain signs of administrative offences under Georgia’s Code of Administrative Offences.

The new division is also described as allowing oversight of social media posts and comments even when they are directed at private citizens and not public or political figures, a scope that was not covered under Article 173¹⁶ alone.

The creation of the division was met with public criticism and sarcasm, with some mocking it as the “scroll-screening division.”

News agency Interpressnews reported that the Division for Combating Hate Speech said that, since its establishment 15 days ago, it has submitted up to 60 cases to the common courts. Of these, preparatory hearings have been scheduled in 30 cases, while seven cases have already been concluded with final decisions.

“The first case hearing was completed on June 11, 2026, by the Bolnisi District Court, although the decision has not yet been announced. As for the first ruling delivered in these cases, it was announced on June 12, 2026, by the Oni Magistrate Court,” Interpressnews quoted the Division as saying.

Until June 15,  the first publicly known case linked to the unit was a case of musician Maia Darsmelidze. She anounced that she was reported by Georgian Dream supporter Nino Jgharkava over posts published on Facebook.

According to Darsmelidze, she was contacted by the Hate Speech Prevention Division and notified of a court hearing scheduled for July 10.

„თამარის ხიდი დაბზარულია და იშლება“ – მოქალაქე ფურტიოს ისტორიულ ძეგლზე | ვიდეო

„ზამლეთში იშლება ისტორიული „თამარ მეფის ხიდი“. კერძოდ, კიდეებზე დაბზარულია ქვები და იშლება, არსებობს ისტორიული ძეგლის განადგურების საშიშროება. საშიშია ასევე ტურისტებისთვის და ნებისმიერი ხიდზე გამვლელისთვის. იქნებ შეძლონ მისი გამაგრება“, – გვწერს მოქალაქე სოფელ ზამლეთიდან.

იმის დასადასტურებლად, რომ უძველესი ისტორიული ხიდი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, მორყეულია და შესაძლოა დაიშალოს კიდეც, მოქალაქემ ვიდეო მტკიცებულებაც გამოუგზავნა „ბათუმელებს“.

„თამარის ხიდი დაბზარულია და იშლება“ - მოქალაქე

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შუახევის მერიას და ჰკითხა, თუ აქვთ ხიდის მდგომარეობა შესწავლილი და თუ აპირებს მერია შესაბამისი ზომების მიღებას, ისტორიული ძეგლის გადასარჩენად?

ჩვენი შეკითხვების პასუხად შუახევის მერიის პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ ზამლეთის, იგივე ფურტიოს ხიდს, რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა.

„მიმდინარე წლის 13 ივნისს, მონიტორინგის ჯგუფმა შუახევის მუნიციპალიტეტში განახორციელა ძეგლების მონიტორინგი, რომლის ფარგლებში ძეგლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანება არ დაფიქსირებულა.

დამატებით, ჯგუფი გავა ხვალ [ანუ 16 ივნისს], მათ შორის კონსტრუქტორი და ადგილზე მოხდება ხიდის დათვალიერება-შემოწმება“, – მოგვწერეს შუახევის მერიიდან.

„ბათუმელები“ დავუკავშირდით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც, საიდანაც ზუსტად იგივე ტექსტი მოგვწერეს.

ფურტიოს თაღოვანი ხიდი, სავარაუდოდ, XI-XII საუკუნეებს განეკუთვნება. მისი ძირითადი ნაწილის სიგრძეა 35 მეტრი. მაქსიმალური სიგანე ნაპირებზე აღწევს 3.35 მეტრს.

წყაროების მიხედვით, ხიდი აკავშირებდა სხალთის ხეობაში არსებულ ძველ გზებს აჭარისწყლის ხეობაში გამავალ გზებთან. ამ ხიდზე გადიოდა სხალთის ხეობიდან ზღვისპირეთისკენ (ბათუმისკენ) მიმავალი საქარავნო გზა.

აჭარის რეგიონში, ჯამში, სულ 25 ქვის თაღოვანი ხიდია აღმოჩენილი, აქედან რამდენიმე დანგრეულია.

აჭარაში დღეს ხალხურ ზეპირ სიტყვიერებაში ასეთ ხიდებს თამარის ხიდებს ეძახიან – ლეგენდების თანახმად ხიდები თამარ მეფეს აუშენებია. თუმცა მკვლევარები ასე არ მიიჩნევენ.

_____________

თაღოვანი ხიდების შესახებ მეტი ინფორმაცია:

„თამარის ხიდები“ აჭარაში

________________

მთავარი ფოტო: „თამარის ხიდი“ ზამლეთში/ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.

ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ივლისიდან დაიწყება სხვა გამოცდებიც.

მაგალითად, 5 ივლისიდან დაიწყება მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს  ჩააბარებენ.

„გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება“- წერა ნაეკი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

თანასკოლელისთვის ფულის და ძვირფასეულობის გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან, დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულმა მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა“ – წერს შსს.

პოლიციამ არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისი 5 ივლისამდე ჩაიკეტა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 ივლისამდე ჩაიკეტა მოძრაობა მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში – რუსთაველისა და ნინოშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

„საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისიდან 5 ივლისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ქუჩიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“ – წერს ბათუმის მერია.

ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა / 15.06.2026

„ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა – თუ რომელი კომპანია ახორციელებს სამუშაოებს და იყო თუ არა გამოცხადებული ტენდერი. სამმართველოს პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ ქალაქის მერიამ საუბარი 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

ბათუმი, 5 ივლისამდე ჩაიკეტა პეტრე მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისი [მონიშნულია წითელი ხაზით].
ბათუმი, მელიქიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთა / 15.06.2026

თავდასხმა კიევ-პეჩერის ლავრაზე – სიბიჰამ პუტინს 21-ე საუკუნის ყველაზე საშინელი ბარბაროსი უწოდა

კიევ-პეჩერის ლავრიდან უძველესი ხატები და სიწმინდეები გაიტანეს – ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა აბრამმა ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება.

მისი თქმით, ლავრიდან დროულად შეძლეს გატანა ლიტურგიკული ნივთების, უძველესი ხატებისა და სხვა ნივთების, რომლებიც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ეროვნულ და საყოველთაო ღირებულებას წარმოადგენს.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთ დანაშაული“ უწოდა.

რუსეთმა 15 ივნისს, გამთენიისას მიიტანა კიევზე იერიში დრონებითა და რაკეტებით. შეტევის სამიზნე გახდა კიევ-პეჩერის ლავრა, მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ხანძრის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მიძინების ტაძარს. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ, რუსეთის დარტყმას X-ზე ბარბაროსობა უწოდა.

„პუტინი ამ კვირაში დიდი შვიდეულისა და ევროპის საბჭოს სამიტებს გზავნილს უგზავნის: ის დიპლომატიის ნაცვლად ტერორზე დებს ფსონს.

მოვუწოდებ დიდი შვიდეულისა და ევროპის ლიდერებს, კარგად გაიგონ ეს გზავნილი და უზრუნველყონ სათანადო რეაგირება: უკრაინისთვის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა და აგრესორზე ზეწოლა.

რუსეთის მიერ 60-ზე მეტი რაკეტისა და ასობით დრონის გამოყენებით განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად კიევში მინიმუმ 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და თითქმის 30 დაშავდა.

მსხვერპლი დაფიქსირდა უკრაინაში დნეპრის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და სხვა რეგიონებში.

როგორც 21-ე საუკუნის ყველაზე საშინელი ბარბაროსი, პუტინი კონკრეტულად უნიკალურ რელიგიურ და კულტურულ ძეგლებს ესხმის თავს.

რუსებმა მძიმედ დააზიანეს კიევის პეჩერის ლავრა; დაბომბეს ისტორიული ალექსანდრე დოვჟენკოს კინოსტუდია, გაანადგურეს უკრაინის უდიდესი და უძველესი კოსტიუმების კოლექცია; დაბომბეს ხარკოვის ხელოვნების მუზეუმი და დნეპრის ორგანისა და კამერული მუსიკის სახლი.

რუსეთს არ აქვს გამართლება ადამიანების ნგრევისთვის, საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვისთვის და უკრაინული კულტურის განადგურებისთვის. მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე“ – წერს სიბიჰა X-ზე.

რომელ ქუჩებს შეუწყდება ბათუმში წყალი

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს 15 ივნისს, წყლის მიწოდება შეუწყდება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

წყლის მიწოდება ასევე შეუწყდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის შესახვევებსა და ჩიხებში, ასევე განთიადსა და ბუკნარში მცხოვრებლებს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეფერხებით მიწოდების მიზეზი „უხვად მოსული ნალექის შედეგად სათავე ნაგებობაზე შექმნილი ავარიული მდგომარეობაა“.

წყალმომარაგება შეიზღუდება 15 ივნისის 18:00 საათამდე.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 384 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 320. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 025 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 763 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 44 082 ერთეული [+72]
  • MLRS – 1 870 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 420 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 351 479 ერთეული [+2 314]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 664 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 107 091 ერთეული [+416]
  • სპეცტექნიკა – 4 296 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

15 ივნისის ღამით რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, მათ შორის ბავშვი და ორსული ქალი. დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა.

ვრცლად: კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარი გაჩნდა რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად

EU ივლისში უკრაინასთან და მოლდოვასთან დარჩენილი კლასტერების გახსნასაც გეგმავს

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/620625/

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

15 ივნისს „კავეა გრანდ მოლში“ ლანა ღოღობერიძის ფილმს აჩვენებენ

15 ივნისს „კავეა გრანდ მოლში“ ლანა ღოღობერიძის ფილმის, „დედა და შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ ჩვენება გაიმართება.

ჩვენება დაიწყება 16:30 საათზე,  დასწრება უფასოა.

მისამართი: „კავეა გრანდ მოლი“, შერიფ ხიმშიაშვილის 29.

  •  „დედა და შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“

ლანა ღოღობერიძის ეს ფილმი 2023 წელს ბერლინალეს ფორუმის სექციაზე აჩვენეს. ფილმის რეჟისორი და მთხრობელი, ლანა ღოღობერიძე იხსენებს დედას, ნუცა ღოღობერიძეს, პირველ რეჟისორ ქალს საქართველოში, რომელმაც მეუღლის დახვრეტამდე 3 ფილმის გადაღება მოასწრო, 1937 წელს კი ბოლშევიკურმა რეჟიმმა 10 წლით გადაასახლა.

დოკუმენტურ ფილმში ნახავთ, თუ როგორ იპოვა რეჟისორმა რეჟისორის დედის ნამუშევრები მოსკოვის საცავებში და როგორ აჩუქა მეორე სიცოცხლე ათეული წლების შემდეგ ხალხის მტრად შერაცხილი ხელოვანის კინომემკვიდრეობას.

ნუცას საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებული წლები და ზოგადად, დედასთან განშორების ტკივილი ლანა ღოღობერიძის, როგორც კინო, ისე სამწერლო შემოქმედების ორგანული ნაწილი გახდა.

ჩვენება Georgian Film Institute და 3003 Film Production ხელშეწყობით იმართება.

რეტროსპექტივის პარტნიორი „Cavea Grand Mall“ -ია

ბათუმის მერია გასაყიდად ამზადებს მიწის ნაკვეთს შინდისის ქუჩაზე

ბათუმის მერია შინდისის ქუჩაზე, #9- ის მიმდებარედ მცირე ზომის მიწის ნაკვეთის გაყიდვას უპირობო აუქციონით გეგმავს. ამ საკითხზე საკრებულომაც იმსჯელა და 29 მაიისს სხდომაზე კითხვების გარეშე დაამტკიცა ის.

საზოგადოებას კი კითხვები ნამდვილად აქვს და აინტერესებს როგორ პოულობს მერია დაინტერესებული მშენებლებისთვის გასაყიდ მიწის ნაკვეთებს, როცა საბაშვო ბაღის ასაშენებლად ადგილს 2 წელია ეძებს და ვერ პოულობს.

150 კვ.მეტრი შესაძლოა საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საკმარისი არ ყოფილყო, თუმცა საკმარისი ნამდვილად იქნებოდა მომიჯნავედ არსებული 1152 კვ.მეტრი, რომელიც მერიამ გაყიდა 2022 წელს.

განკარგულების პროექტის მიხედვით  გასაყიდი მიწის ნაკვეთის  საწყისი ფასი 62 500 ლარი იქნება. საწყისი ფასის მიხედვით 1.კვ მერის ფასი 413 ლარი გამოდის. თუ  ქონება ელეტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში არ გაიყიდა და დიდი ალბათობით ის იაფად გაიყიდება, რადგან არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მუნიციპალური საკუთრება უკვე გაყიდულია და მას მშენებელი ბიზნესმენი ბექა თვალაძე ფლობს. ამიტომაც შესაძლოა სწორედ ის იყოს დაინტერესებული მიმდებარედ არსებული მცირე ზომის ტერიტორიის შესყიდვით. 

29 მაისის საკრებულოს სხდომაზე საპროვატიზებო ობიეტების ნუსხაში კიდევ ერთი მცირე ზომის მიწის ნაკვეთი დაამატეს, ვარშანიძის ქუჩაზე მერიას აუქციონზე №70-ის
მიმდებარედ მერიას აუქციონზე 48 კვ.მეტრი გააქვს.

440 000 ლარი ავანსად გაცემულია, მაგრამ საბავშვო ბაღის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ ჯერ არ დაწყებულა

სახელმწიფომ შშმ პირებს ვერ მისცა ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აჯამებს თემის წევრთა უფლებრივ მდგომარეობასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც წლების გასვლასთან ერთად, არათუ არ უმჯობესდება, არამედ გარკვეული მიმართულებებით უარესდება კიდეც.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით საქართველოსთვის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლიდან 12 წლის თავზე, მთავრობამ ვერ შეძლო, ქვეყანაში ის ძირითადი პრინციპები და პარადიგმები დაენერგა, რომელსაც კონვენციის შინაარსი ეფუძნება.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თემი სამედიცინოდან სოციალურ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მოდელზე გადასვლას ელოდება, ეს პროცესი წლების განმავლობაში ფერხდება და შშმ პირთა შეფასება და მათ მიმართ პოლიტიკის განხორციელება კვლავ დიაგნოზებს ეფუძნება, რაც მათი ინდივიდუალური საჭიროებების დანახვის შესაძლებლობას ფაქტობრივად გამორიცხავს.

გამოწვევას წარმოადგენს შშმ პირთა სოციალური დაცვისა და დამოუკიდებელი ცხოვრების გარანტირების სფეროც, რაც მათ ღირსეულ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად უშლის ხელს. მიუხედავად შშმ პირთა სოციალური პაკეტის ყოველწლიური ზრდისა, თემის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ სოციალურ პაკეტს იღებს.

კერძოდ, მიმდინარე წელს მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირები და შშმ ბავშვები თვეში 470 ლარს იღებენ, მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირები – 250 ლარს, ხოლო ზომიერად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირები – 210 ლარს, მაშინ, როდესაც, საარსებო მინიმუმი, რომლის ადეკვატურობაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, 2025 წლის ბოლოსთვის 283 ლარს უტოლდებოდა.

აღნიშნულის ფონზე, შშმ პირთა დასაქმების, გაძლიერებისა და სერვისებით უზრუნველყოფის მიმართულება კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მაგალითისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გამოწვევას წარმოადგენს თემის წევრთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების არასაკმარისობა, მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვა, მომლოდინეთა რიგები და კონვენციურ პრინციპებზე დაფუძნებული საცხოვრისის სერვისების სიმწირე.

„საზოგადოებამ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით შშმ პირთა საჭიროებებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ განსაკუთრებით ნათლად დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების პროტესტისას შეიტყო. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ბავშვების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, ისიც ცხადია, რომ მთავრობის მხრიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შემოტანის გადაწყვეტილებას არა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მყისიერი და ემპათიაზე დაფუძნებული რეაგირება, არამედ მშობლების მხრიდან თავგანწირული ბრძოლა და საზოგადოების უპრეცედენტო მობილიზაცია უძღოდა წინ.“ – ნათქბამია ორგანიზაციის ანგარიშში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველმყოფ ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს პერსონალური ასისტენტის სერვისი წარმოადგენს, რომელიც მუნიციპალურ დონეზე ჯერ კიდევ 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, დათქმულ დროს სერვისი 64-დან მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტში, ხოლო წლის განმავლობაში, ჯამში 30 მუნიციპალიტეტში ამოქმედდა:

„როგორც ჩანს, იქაც კი, სადაც პროგრამა ამუშავდა, გამოყოფილი კვოტები საკმაოდ მცირეა, რადგან, 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სერვისში სულ 604 შშმ პირი იყო ჩართული, ხოლო იმავე პერიოდისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პაკეტის მიმღები 134 522 შშმ პირი ჰყავდა აღრიცხული. მიუხედავად ამხელა სხვაობისა, საჭიროებების წინასწარი შესწავლის არარსებობის გამო, ის, თუ თემის წევრთა რა ნაწილს სჭირდება და არ გააჩნია პერსონალური ასისტენტის მხარდაჭერა, კვლავ ბუნდოვანია.

სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის პირობებში, მნიშვნელოვნად გართულდა შშმ პირთა წარმომადგენლობითი და თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ოპერირებაც. ერთი მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებებმა ეს ორგანიზაციები უცხო ქვეყნების „ინტერესების გამტარებლებად“ და „აგენტებად“ გამოაცხადა, ხოლო უცხო ქვეყნის დახმარება მთლიანად მთავრობის ნებას დაუქვემდებარა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არაერთმა ორგანიზაციამ მუშაობა შეაჩერა ან შეწყვიტა, ხოლო დარჩენილთაგან უდიდეს ნაწილს ღირსების შემლახველ რეესტრში რეგისტრაცია ან/და გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიმართვა დასჭირდა.“

ორგანიზაციის შეფასებით ამგვარი კონტექსტის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად პრობლემური ხდება როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების მონაწილეობა. ზოგიერთ უწყებაში ასეთი პლატფორმები საერთოდ არ არსებობს, ზოგიერთ მათგანში კი შეხვედრები იშვიათად ტარდება. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდება მუნიციპალურ დონეზე არსებული მექანიზმები – მათ უმეტესობაში თემატური ადგილობრივი საბჭოები ფორმალურად შექმნილია, თუმცა გამოწვევაა მათი ეფექტიანი ფუნქციონირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.

„უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევები. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ისევე, როგორც ამ სფეროში მომუშავე არაერთი აქტორი, წლების განმავლობაში ითხოვდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას. თუმცა, პოლიტიკის დოკუმენტების ფორმალურად არსებობის მიუხედავად, შექმნილი მდგომარეობა არსებითად არ იცვლება. კერძოდ, კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე წვდომა და სტაციონარული დაწესებულებების რეალური დეინსტიტუციონალიზაცია.“

ამასთან, ისტორიულად მწვავე პრობლემებს „ქართული ოცნების“ მიერ უკანასკნელ თვეებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დაემატა, რომლითაც მან, ერთი მხრივ, „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის“ შექმნა დააანონსა, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის სფეროში „პროცესუუნარობის“ ცნება დაამკვიდრა. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ქმედუნარიანობის რეფორმის შინაარსს, რომელიც სახელმწიფოში წლების წინ განხორციელდა და თავისი შინაარსით არსებითად პროგრესულ ნაბიჯად მიიჩნეოდა, მათ შორის, გლობალური მასშტაბით.

სამწუხაროდ, შშმ ადამიანების უფლებებისა და ქმედუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებით არ მოხდა. „ქართული ოცნება“ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორ ოპონენტებზე თავდასხმის იარაღს, ისე იყენებს და ამით კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველ დამოკიდებულებებს. ამ მხრივ, კიდევ უფრო შემაშფოთებელია პროტესტის მონაწილე შშმ პირების – დუტა ჯავახიშვილისა და დავით პაპაშვილის, მიმართ გზის გადაკეტვის საქმის წარმოებისას სასამართლოს მიერ ექიმებისა (რომელთა კომპეტენციაშიც არ შედიოდა ამგვარ საკითხებზე მსჯელობა) და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (დუტა ჯავახიშვილის შემთხვევაში) წარმომადგენლის გამოკითხვა. გამოკითხვა იმის დადგენას ისახავდა მიზნად, თუ რამდენად „აცნობიერებდა“ შშმ პირი ჩადენილ „ქმედებას“. ამგვარი გადაწყვეტილება, მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანს შშმ პირის სტატუსი აქვს, არა მხოლოდ დისკრიმინაციულია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, არამედ ქმნის საშიშ პრეცედენტს, რომ სტატუსის მქონე ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, დასჯის მიზნით, შესაძლოა ამგვარი მიდგომა იქნას გამოყენებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა, შშმ პირებისათვის მიეცა ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა, სადაც მათი ინდივიდუალური საჭიროებები იქნებოდა გათვალისწინებული, ხოლო მათ წინაშე არსებული ბარიერები – დაძლეული. მეტიც, ადამიანის უფლებების კრიზისის პირობებში, ისეთი საკითხები, როგორიცაა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, „ქართული ოცნების“ ხელში დევნის დამატებით იარაღად ყალიბდება.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით ელჭექის ხასიათის წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15  – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 16 და 17 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

Exit mobile version