ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილს ბათუმის მერია ტენდერის გარეშე ყრის

16.03.2026
მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილს ბათუმის მერია ტენდერის გარეშე ყრის

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტშია გაწერილი და არც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ფიქსირდება ტენდერი. მიუხედავად იმისა, რომ გამზირი არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიგურირებს, ადგილზე სამუშაოებს კერძო კომპანია „ბონდი-2009“ აწარმოებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება – რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები და რა სახსრებით ფინანსდება.

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, რომ სამუშაოები და, შესაბამისად, საჭირო თანხაც ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე არც ტენდერია გამოცხადებული.

მემედ აბაშიძის გამზირი არც იმ 15 ქუჩის ჩამონათვალშია, სადაც არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ასფალტობეტონის საფარის დაგება ადრე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბონდი-2009“ კი მემედ აბაშიძის გამზირზეც მუშაობს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანიას იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე აწარმოებენ სამუშაოებს, თუმცა კომპანიაში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მისაღებად ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დავკავშირებოდით.

რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები მემედ აბაშიძის გამზირზე? იყო თუ არა გამოცხადებული ტენდერი? რომელი კომპანია მუშაობს? – ამ შეკითხვებზე პასუხებს „ბათუმელები“ მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუმცა პასუხები ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 16.03.2026

ბათუმში ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველოს 2025 წელს ტენდერი 6 432 351 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

მერიის სამმართველომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 5 649 994 ლარია.

„სამუშაოს შესრულების ვადა: 2027 წლის 31 მაისის ჩათვლით,“ – წერია ხელშეკრულებაში.

სამუშაოების დაწყებაზე ბათუმის მერიამ განაცხადება, 2026 წლის 14 თებერვალს გაავრცელა, რომ „ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება და არსებული ქვაფენილი ასფალტის საფარით 16 ქუჩაზე ჩანაცვლდება.“

ტენდერის მიხედვით, ქვაფენილი 15 ქუჩაზე [ან ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე] უნდა აეყარათ, თუმცა 14 თებერვლის განცხადებაში უკვე 16 ქუჩა დაასახელეს [დაამატეს კლარა ცეტკინის ქუჩა, რომელიც ტენდერში არ ფიგურირებდა]. მემედ აბაშიძის გამზირი არც ამ განცხადებაში ყოფილა ნახსენები.

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრის დაწყების შესახებ მერიამ განცხადება 2026 წლის 14 მარტს გაავრცელა.

ამ განცხადების მიხედვით, „სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში“.

თუმცა, გამზირზე მოძრაობა ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის მონაკვეთშიც 16 მარტს ისე შეიზღუდა, რომ მერიას ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 16.03.2026

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

ამ თემაზე:

ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: