“ივანიშვილთან იმიტომ მოვედით, რომ მისი მოყვანილი ხელისუფლებაა და მოგვხედოს” – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც შეკვეთილში, სასტუმრო ,,პარაგრაფთან” აქციას მართავენ.
შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფთან” საპროტესტო აქციას ბათუმის ბულვარში დასაქმებულები მართავენ, რომლებსაც ბათუმის მერიამ სავაჭრო ჯიხურები წაართვა.
ბათუმის ბულვარში დასაქმებულები საპროტესტო აქციით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს.
“აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ბიძინამ გაიგოს ჩვენ შესახებ და თქვას – “აცადეთ ხალხს მუშაობა”. მოვედით იმიტომ, რომ არც მერი და არც არავინ ხალხის არჩეული არაა. არის ბიძინას არჩეული. ამიტომ უნდა თქვას [ბიძინამ], რომ შეგვეშვან და გვაცადონ მუშაობა,” – უთხრა “ბათუმელებს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ ლომთაძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქციის გამართვა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სახლთან სურდათ, თუმცა დენდროლოგიური პარკის შესასვლელთან, რომელთან ახლოსაც ივანიშვილის სახლი მდებარეობს, მათ პოლიცია დახვდათ მობილიზებული.
ბათუმის ბულვარიდან სუვენირებისა და წვენების ჯიხურები ბათუმის მერიამ 11 თებერვალს აიღო მოტივით, რომ ეს ჯიხურები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.
თვითდასაქმებულები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ და თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვენ






