სიახლეები

კათოლიკოს-პატრიარქის 93 წელი

26.03.2026
კათოლიკოს-პატრიარქის 93 წელი

1977 წლის 23 დეკემბერს, როდესაც ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს, მას დახვდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ შევიწროებული და დევნილი ეკლესია, 7 ეპარქია, 80 სასულიერო პირი და 50 სამლოცველო-ეკლესია.

49 წლის განმავლობაში, ილია მეორის კათოლიკოს-პატრიარქობისას, გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიები, დაარსდა საეკლესიო სკოლა-გიმნაზიები, დაფუძნდა საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია და რადიო.

დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია 49 ეპარქიისგან შედგება, აქედან 42 საქართველოშია, შვიდი კი – საზღვარგარეთ.

ილია მეორეს პატრიარქობისას აშენდა სამების საკათედრო ტაძარი, აღდგა საეკლესიო ხელოვნების ყველა დარგი და ქართული საეკლესიო გალობა.

3000-ზე მეტი სასულიერო პირი, 2500-ზე მეტი მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 49 ეპარქია – ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრეობა, რომელიც მან საპატრიარქო ტახტზე მყოფმა 49 წლის განმავლობაში შექმნა.

ადრეული წლები

ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის ოჯახში.

ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური სნოში ცხოვრობდა. დედა – ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი და იქ დროებით გადავიდნენ საცხოვრებლად.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა. მან სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაურმა მოსკოვის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

24 წლის ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს.

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

მღვდელმონაზონმა ილიამ მოსკოვის სასულიერი აკადემია 1960 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით. მას აკადემიაში საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზეს – საშუალება ექნებოდა ლექციები წაეკითხა. მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის კურთხევით ის სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.

1960 წლის 19 დეკემბერს აიყვანეს იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვა. ეს ხრუშოვის პერიოდი იყო, როცა რუსეთში ხუთი სემინარია და მრავალი ეკლესია-მონასტერი დაიხურა.

ეფრემ მეორემ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად არქმიანდრიტი ილია დანიშნა.

1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად აკურთხეს და პატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნეს.

ილია მეორე – ფოტო გადაღებულია 1967 წელს, დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში

არქიმანდრიტი ილია აჭარაში შვიდი წელი დარჩა, 1967 წელს კი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი. მიტროპოლიტი ილია სოხუმში 11 წელი წირავდა.

პარალელურად, 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – უფლება სკუფიაზე ჯვარი ეტარებინა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი).

1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

1977 წლის 25 დეკემბერი – ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს პირველ წირვას სვეტიცხოველში

  • ავტოკეფალიის აღდგენა და ილია მეორის როლი

საქართველოს ეკლესია უძველესი ავტოკეფალიური ეკლესიაა. ავტოკეფალია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს თავისთავადს, დამოუკიდებელს.

ავტოკეფალია აქვთ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიებს. ყველა ავტოკეფალური ეკლესია და მათი პატრიარქები თანასწორნი არიან და თითოეული ეკლესია დამოუკიდებლად, საეკლესიო კანონიკაზე დაყრდნობით იმართება.

მიუხედავად დამოუკიდებლობისა, ავტოკეფალიური ეკლესიები, მათ შორის, საქართველოს ეკლესია, ერთი წმიდა, კათოლიკე, ანუ საყოველთაო და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიაა. ავტოკეფალიურ ეკლესიებს შორის არსებობს ევქარისტიული, ლოცვითი კავშირი.

სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო დაახლოებით 472 წელს, მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, როდესაც ქართლის კათალიკოსად დადგინდა პეტრე და მთავარეპისკოპოსად – სამოელი.

ქართულმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში მრავალ შემოტევას გაუძლო, მაგრამ დამარცხდა ერთმორწმუნე მეზობელ რუსეთთან.

ერთმორწმუნე რუსეთმა და მისმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1811 წლის 30 ივნისს, საეკლესიო კანონების უხეში დარღვევით გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

საქართველოდან გაიწვიეს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II და კათოლიკოს-პატრიარქის ნაცვლად შემოიღეს ეგზარქოსის თანამდებობა.

ერთსაუკუნიანი ბრძოლის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეიკრიბა ქართველი სამღვდელოება და საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა.

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველი კათოლიკოს-პატრიარქი გახდა კირიონ II.

რუსეთის ეკლესიამ არ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა 1917 წლის 29 დეკემბერს ქართველ სასულიერი პირებს მუქარის ეპისტოლეც კი გამოუგზავნა. მან ქართული სამღვდელოება საეკლესიო კანონების დარღვევასა და სქიზმაში დაადანაშაულა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკლესია კანონგარეშედ გამოცხადდა, დაიხურა ეკლესია-მონასტრები და დაიწყო სასულიერო პირების დევნა.

რუსეთის ეკლესია მუდმივად უშლიდა ხელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებას.

საქართველოს ეკლესიასა და რუსეთის ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირი 1943 წელს აღდგა.

საბჭოთა რეჟიმის დროს საქართველოს ეკლესიას არ ჰქონია აქტიური ურთიერთობა სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან.

საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიურ ეკლესიად არ მოიხსენიებდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი.

ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის დაიწყო ილია მეორემ, მას შემდეგ, რაც ის პატრიარქი გახდა.

ილია მეორე ითხოვდა, რომ კონსტანტინეპოლს ეცნო საქართველოს ეკლესიის უძველესობა და ისტორიულობა. ამ აღიარების მიღებას დასჭირდა არაერთი ვიზიტი კონსტანტინეპოლის პატრიარქთან.

ხანგრძლივი მოლაპარაკებები 1990 წლის 4 მარტს დასრულდა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრიოს I-მა საგანგებო ტომოსით (სიგელი) დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია.

მეორე ტომოსით კი საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მიენიჭა ტიტული „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი“.

ილია მეორის სახელს უკავშირდება მცხეთის სასულიერო სემინარიის თბილისში გადატანა და თბილისის სასულიერო სემინარია აკადემიის დაარსება. გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიების აღდგენა.

კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული.

საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია“, რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში.

2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება.

ილია მეორე აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ჰქონდა ურთიერთობა ყველა რანგის პოლიტიკოსთან თუ სასულიერო პირთან.

გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში.

ილია მეორე აკურთხებს ახლარჩეულ უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

ილია მეორე და სომხეთის პატრიარქი გარეგინ მეორე

ილია მეორე მერაბ კოსტავას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე

ილია მეორე და ნანული შევარდნაძე 9 აპრილის მემორიალთან

ჟურნალისტი წერს ინტერვიუს ილია მეორესთან

ილია მეორე და ზურაბ ჟვანია

შენიშვნა: კათოლიკოს-პატრიარქის ბიოგრაფია მომზადებულია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: