მთავარი,სიახლეები

ბათუმში მანქანის ტროტუარზე დგომა-გაჩერებისთვის 1-ლი მაისიდან ჯარიმა 100 ლარი იქნება

26.03.2026
ბათუმში მანქანის ტროტუარზე დგომა-გაჩერებისთვის 1-ლი მაისიდან ჯარიმა 100 ლარი იქნება

ბათუმში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი 2026 წლის პირველი მაისიდან გახდება.

ამ დროისთვის ანალოგიური დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარია.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 2026 წლის 1-ლი მაისიდან შედის.

ამ კანონით:

„თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება.

გარდა ამისა, ამავე კანონით პირველი მაისიდან:

  • ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
  • თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამკრძალავი ნიშნის „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება.“

პირველი მაისიდან ტროტუარზე დგომა ან გაჩერებისთვის ბათუმის გარდა 100 ლარი იქნება ჯარიმა ასევე შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხესა და ოზურგეთში.

ასევე საქართველოს კურორტებზე. სხვა მუნიციპალიტეტებში კი ისევ 10 ლარი დარჩება.

„სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში,  ქუთაისში,  ბათუმში, მცხეთაში,  რუსთავში, გორში, თელავში,  ფოთში, ზუგდიდში,  ახალციხეში, ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე − 100 ლარის ოდენობით,“ – წერია კანონში, რომელიც 2026 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.

ამ თემაზე: 11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბათუმში მძღოლებმა ჯამში 22 მილიონ 793 ათასი ლარის ჯარიმა გადაიხადეს.

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2025 წლის მონაცემები

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: