მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები

03.03.2026
ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები

ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დასასრულს უფრო ცხადი ხდება, რომ მთავარი მიზანი იმ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რომლებიც გაემიჯნნენ 2024 წელს „ოცნების“ პრემიერის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.

2024 წლის დეკემბერში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან:

„ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის და ევროპული ღირებულებების ერთგულნი“ – წერდნენ მერიის თანამშრომლები განცხადებაში, რომელსაც საბოლოოდ 26-მა პირმა მოაწერა ხელი.

განცხადებების ხელმომწერები ამბობენ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება არც ერთი მათგანისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ეს ცხადი გახდა ჩვენთვის 2024 წლის ბოლოს, როცა პეტიციის ხელმომწერ თანამშრომლებს წლის ბოლოს პრემია სრულად არ ჩაგვირიცხეს, ყველამ 100-პროცენტიანი, ხელფასის ოდენობის დანამატი მიიღო ჩვენ გარდა“, – გვიყვება ბათუმის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი. მან მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის მოთხოვნები ვერ გადალახა, მიუხედავად იმისა, რომ მერიაში მუშაობის პერიოდში, როგორც საჯარო მოხელეს მაღალი შეფასებები ჰქონდა.

„ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმის მერიის სხვა თანამშრომლებიც იმავეს ამბობენ – მათთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ კვალიფიკაცია არ იქნებოდა გადამწყვეტი ფაქტორი.

კონკურსის პირველი ეტაპი განაცხადების გადარჩევას, მეორე ზეპირი დავალების შესრულებას, ხოლო მესამე გასაუბრებას ითვალისწინებდა.

მერია მიმდინარე კონკურსის შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებს.

საკონკურსო კომისიის სხდომის ბოლო, 2 მარტის ოქმის მიხედვით, კონკურსის მეორე და მესამე ეტაპის შედეგები შეაჯამეს. ამ ოქმის მიხედვით პროევროპული პეტიციის ხელმომწერებმა კონკურსის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

რეორგანიზაციამდე არსებული პრაქტიკის მიხედვით მერიის სამსახურებში სამი კატეგორიის სპეციალისტები მუშაობდნენ.

რეორგანიზაციის ფარგლებში ბათუმის მერიამ სამსახურებში ძირითადად ის კატეგორიები გააუქმა, რომლებიც მინიჭებული ჰქონდათ პეტიციის ხელმომწერ თანამშრომლებს. რამდენიმე მათგანმა შიდა კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

მაგალითად, მეორე კატეგორიის სპეციალისტებმა მათი კატეგორიის გაუქმების შემდეგ შიდა კონკურსში პირველი კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე მიიღეს კონკურსში მონაწილეობა, თუმცა პროევროპული პეტიციის ვერცერთმა ხელმომწერმა ბარიერი ვერ გადალახა. რამდენიმე მათგანი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, მაგრამ აღარ გამოცხადდა.

ზოგ შემთხვევაში პეტიციის ავტორების თანამდებობები ისე გააუქმეს, რომ მათ კონკურსშიც ვერ შეძლეს მონაწილეობა. მაგალითად, შტატები გააუქმეს მერიის აუდიტის სამსახურში, განყოფილებები გააერთიანეს, შესაბამისად, შტატები გაუქმდა საფინანსო-საბიუჯეტო და ქონების მართვის სამსახურებში და ასე შემდეგ.

საერთო ჯამში, პროევროპულ პეტიციას ხელს აწერდა 28 თანამშრომელი. როგორც თავად გვითხრეს, ორმა მათგანმა მალევე გადაიფიქრა და „ხელმოწერა გაიხმო“. დარჩა 26. აქედან 25 თანამშრომლის შტატი გააუქმეს, დარჩა მხოლოდ ერთი შტატი, რომელსაც რეორგანიზაცია არ შეეხო.

პეტიციის ხელმომწერი რამდენიმე თანამშრომელი დარჩენილ შტატებზე ღია კონკურსის გამოცხადებას ელოდება, იმედი არ აქვთ, რომ გაიმარჯვებენ, თუმცა მონაწილეობას მიიღებენ: „ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.

პროევროპული პეტიციის ხელმომწერებიდან სამსახური ჯერ არ დაუკარგავს მხოლოდ 3 თანამშრომელს. მათ შორის ერთს 3 წლამდე ბავშვი ჰყავს, ერთი კი დეკრეტულ შვებულებაშია. შესაბამისად, ისინი სამსახურიდან ვერ გაათავისუფლეს. რაც შეეხება კიდევ ერთ თანამშრომელს, პეტიციის ხელმომწერების ინფორმაციით, საბიუჯეტო სამსახურმა სთხოვა მერს, რომ ის დაეტოვებინათ: „მის გარეშე გაგვიჭირდებაო“.

ეს თანამშრომელი მზია კახაძეა, მან პეტიციას ხელი მოაწერა, მაგრამ სამსახურის უფროსმა მისი დაცვა შეძლო, სხვების კი ვერ თუ არა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ითხოვდნენ ასევე შორენა ხარაზის, კანცელარიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის დატოვებას: „კანცელარიის მართვა, საქმის წარმოება ძალიან რთული საქმეა, შორენას აქვს 30-წლიანი გამოცდილება, ამას სპეციალური ცოდნა სჭირდება, გაუჭირდებათ მის გარეშე“, – ამბობდნენ მერიაში.

მაგრამ ბათუმის მერიაში სამსახური შორენა ხარაზსაც დაატოვებინეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უწყებაში რეორგანიზაციამდე 162 შტატი იყო [2026 წლის ბიუჯეტში წერია 170 შტატი, მაგრამ მერიაში ამბობენ, რომ ეს ზედა ზღვარია]. თუ ეს რიცხვი 135-მდე შემცირდა, მაშინ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეორგანიზაცია 99 პროცენტით პეტიციის ხელმომწერებს შეეხო, რადგან 27 შტატი გაუქმდა, პეტიციას კი 26 პირი აწერდა ხელს.

„ვინც ჩუმად დარჩა, მათ უფრო მეტ უსამართლობაზე მოუწევთ გაჩუმება. გამძლეობას ვუსურვებ მათ.

უფრო მეტნი რომ ვყოფილიყავით, ასე არ მოხდებოდა, ბოლომდე ვერ გავიგე რას ფიქრობენ, ალბათ ხელფასის შენარჩუნებაზე დარდობენ. დიახ, ბევრი იყო ისეთი, ვისაც უნდოდა ხელი მოეწერა, მაგრამ ჭოჭმანობდა. ხელმოწერების დროს ხმაური რომ ატყდა და ხელმძღვანელობა გაბრაზდა, ბევრმა დაიხია უკან, თორემ უფრო მეტი მოაწერდა ხელს“ – გვიყვება თამრიკო ჯორბენაძე, ის ერთ-ერთია, ვინც „ოცნების“ პრემიერის განცხადებას გაემიჯნა და ეს პროევროპულ პეტიციაზე ხელმოწერით დაადასტურა. 

თამრიკო ჯორბენაძის თქმით, ხელმოწერის და ამბის გახმაურების შემდეგ არც უშუალო უფროსისგან და არც მენეჯმენტისგან არანაირი საყვედური არ მიუღია, მაგრამ:

„მეცამეტე ხელფასი დაგვაკლეს ხელმომწერებს. მათ შორის ბევრს უმაღლესი შეფასება ჰქონდა. გარდა ამისა, მე ვმონაწილეობდი შიდა აუდიტის სერტიფიცირებაში,  USAID-ისა და „ჰარმონიზაციის ცენტრის“ მხარდაჭერით. ეს იყო გრძელვადიანი, ძვირადღირებული პროცესი. 2024 წლის შემოდგომაზე, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, ეს პროცესი შეწყდა. მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ საკუთარი ხარჯებით გააგრძელა, მაგრამ მერიამ, ჩემმა სამსახურმა აღარ აანაზღაურა გამოცდის თანხა, ჩვენ თავად გადავიხადეთ, რომ პროცესი დაგვესრულებინა“.

თამრიკო ხაზგასმით ამბობს, რომ მისთვის მერიაში არავის უკითხავს – რატომ მოაწერა ხელი პეტიციას:

„მე მინდოდა ეკითხათ, რატომ მოვაწერე ხელი, რომ ამეხსნა. საჯარო მოხელეები წლებია ვმუშაობთ ევროპული გზისთვის და ეს ჩვენი, უბრალო ხალხის დამსახურებაა, მთავრობამ კი კურსი შეცვალა.

მაღალი რანგის მოხელეებიც წავიდნენ, რადგან დაინახეს, რომ რასაც აშენებდნენ, ის გვერდზე გადადეს. საჯარო სექტორში სანამ ეს სიტუაციაა, ჩემ თავს ვერ ვხედავ. მგონია, რომ უფრო გამკაცრდებიან. საჯარო სექტორი მათი საკუთრება არ არის, მე იქ გამოცდით და კვალიფიკაციით მივედი. საჯარო მოხელე არ ნიშნავს პარტიულ კუთვნილებას“, – ამბობს თამრიკო ჯორბენაძე. 

საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე შურისძიება ბათუმის მერიაში არ დაწყებულა მაშინვე, რაც ამ პირებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ევროპასთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებაზე, „ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლებები ასე დაიწყო.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, როგორც იურისტები აცხადებენ, რეპრესიული და არადემოკრატიულია.

ბათუმის მერიის საკონკურსო კომისიას მარიამ ხაზარაძე ხელმძღვანელობს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი. მარიამ ხაზარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლია და ის ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ თანამდებობაზე 2025 წლის 17 დეკემბერს დანიშნა.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, კახა დიასამიძე.

კომისიის წევრია მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მუხრან ჯორბენაძე. მასთან დაკავშირებით ასეთი უცნაურობა აღმოვაჩინეთ – ის კომისიის წევრობის პარალელურად, კონკურსანტიც იყო, რასაც წარმატებით გაართვა თავი: ყველა დავალება თავისსავე კომისიას კარგად ჩააბარა. ასე რომ მოვალეობის შემსრულებელი აღარ იქნება.

კომისიის წევრები არიან ასევე: მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ნინო კერვალიშვილი; მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი – რუსუდან ჟოჟაძე; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი – სოფიო მიქელაძე; საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი – გიორგი სურმანიძე; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი – მერაბ ქიძინიძე და მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი – დავით კოპინაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: