ხულოში, სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი 24 მარტს, დილით ადრე გაჩნდა და სახლი სრულად გაანადგურა.
ოჯახმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლო. ცეცხლის გაჩენის მომენტში სახლში მეპატრონე მარტო იმყოფებოდა, მან ხანძარს თავი დააღწია.
„ტრადიციულად, სამაშველო ჯგუფის ადგილზე მოსვლამდე, სოფლის მოსახლეობამ შეძლო შიშველი ხელებით გადაერჩინა დამხმარე შენობა-ნაგებობა და ბოსელი.
მიუხედავად ადგილობრივ მცხოვრებთა მრავალ გზის მოთხოვნისა, რასაც ერთვის ჩემ მიერ საკრებულოს სხდომებზე გაჟღერება, სხალთა-ხიხაძირის ხეობას ამ დრომდე არ გააჩნია სახანძრო სისტემა, რომელიც დროულად მოახდენს ხანძრის ლიკვიდაციას,“ – ამბობს ბესიკ შაინიძე, ხულოს საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“.
ბესიკ შაინიძის თქმით, სხალთა-ხიხაძირის ხეობა 40 კილომეტრითაა მოშორებული დაბა ხულოდან. შესაბამისად, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ხეობაში ასვლას დროულად ვერ ახერხებს.
სწორედ ამიტომ ითხოვს მოსახლეობა ხეობაში სახანძრო სამსახურის არსებობას.
როგორ დაეხმარება ხულოს მერია ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს, ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ხულოს მერიას მიმართა.
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა, ასევე მერია უზრუნველყოფს ქირის საფასურის ანაზღაურებას.“ – მოგვწერეს ხულოს მერიიდან.


