მთავარი,სიახლეები

თვითდასაქმებულები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ და თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

23.03.2026
თვითდასაქმებულები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ და თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

ბულვარში და გოგებაშვილის ქუჩაზე თვითდასაქმებული მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

უმეტესობა ბათუმის ბულვარში სუვენირებს ჰყიდდა. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ბათუმის მერიამ მათ ჯიხურები წაართვა და სამსახურის გარეშე დატოვა.

„10 წელია ბათუმის ბულვარში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში გვქონდა ნებართვა. თავიდან ხელშეკრულებით 5 წლით გადმოგვეცა. შემდეგ გამოჰქონდათ აუქციონზე, ვიღებდით მონაწილეობას და ნებართვით ვმუშაობდით. მაგრამ შარშან აღარ გამოიტანეს აუქციონზე.

აქამდე თუ შეიძლებოდა ნებართვით, აქამდე თუ გადიოდა აუქციონზე, ე.ი. შეიძლებოდა ხო მუშაობა?

წერილობით მივმართეთ მერიას, განმარტება ვთხოვეთ, მაგრამ არ მიგვიღია პასუხი მერიისგან.

მივდივართ მერიასთან, ვითხოვთ პასუხს, მაგრამ ეს პასუხი არაა,“ – უთხრა თვითდასაქმებულმა ავთანდილ ბასილიძემ „ბათუმელებს“.

თვითდასაქმებულები აქამდე აქციას ბათუმის მერიასთან მართავდნენ, თუმცა დღეს, 23 მარტს, აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართეს.

მათი განმარტებით ამის მიზეზი ისაა, რომ მერიიდან პასუხი ვერ მიიღეს რა ბედი ელით გოგებაშვილის ქუჩაზე თვითდასაქმებულებს.

„ათი წელია ვმუშაობ გოგებაშვილის ქუჩაზე. ჩვენი ერთადერთი წყარო იყო შემოსავლის. სესხები გვაქვს გამოტანილი, რომ შეგვეძინა სუვენირები. მოვიდნენ ერთ დღეს და გვითხრეს აღარ იმუშაოთო.

არ გველაპარაკება ბათუმის მერი, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ცხოვრება.

ორი თვეა უმუშევარი ვარ, ექიმთან ვერ მივსულვარ, წამალი ვერ მიყიდია. რისთვის? ამ ჩვენ ბატონ მერს რაღაცამ მოუარა, დაანგრია რაც დასანგრევი იყო. მაგრამ საარსებო წყაროს რატომ გვინგრევ?

50 ათასი მაქვს გამოტანილი, სუვენირები შევიძინე. სახლში, „კარდონებში“ მიწყვია ეს სუვენირები. რით გადავიხადო ბანკის ვალი?“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა თვითდასაქმებულმა.

ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სუვენირების ჯიხურები გოგებაშვილის ქუჩიდან 11 თებერვალს აიღო.

„ჯიხურებს სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვადები ამოეწურათ, რის შესახებაც მოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილა ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

გატანილი კონსტრუქციები მერიის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე დასაწყობდება.

აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და ქალაქში ყველა უნებართვო და უსახური ჯიხურის გატანა განხორციელდება,“ – ნათქვამია 11 თებერვლით დათარიღებულ მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

აჭარის მთავრობის სახლის წინ, 23 მარტს გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შეხვედრას სულხან თამაზაშვილთან.

მათ თამაზაშვილის ნაცვლად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბესარიონ მარკოიძე შეხვდა.

„ბათუმელებმა“ კითხვით მიმართა ბათუმის მერიას.

დავინტერესდით, რას უპირებს მერია გოგებაშვილის ქუჩაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს.

“ბათუმის მერია სამომავლოდ განიხილავს შესაბამისი ადგილების შერჩევას სარეალიზაციო საქმიანობის მიზნით.

აღნიშნული პროცესის ფარგლებში გამოცხადდება აუქციონი, სადაც პრიორიტეტი მიენიჭება იმ წინადადებებს, რომლებიც ქალაქს შესთავაზებს უკეთეს პირობებს როგორც შემოსავლების, ისე იერსახის ნაწილში.

გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული სავაჭრო ობიექტების განთავსებისა და მათი იერსახის საკითხი წლების წინანდელ პერიოდს უკავშირდება. ქალაქის ურბანული განვითარების დინამიკისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა არსებული ინფრასტრუქტურისა და ვიზუალური გარემოს განახლების აუცილებლობა.

ამასთანავე, არსებული ჯიხურები ამ პერიოდისთვის უნებართვოდ იყო განთავსებული და აცდენილი წლების წინ შეთანხმებულ ვიზუალსა და მდგომარეობას.

მუნიციპალიტეტი მოქმედებს ქალაქის განვითარების გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტურისტული სივრცეების მოწესრიგებასა და ბათუმის ვიზუალური გარემოს გაუმჯობესებას,” – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ მოწოდებულ განმარტებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.