მთავარი,სიახლეები

როგორ გაყიდეს პროპაგანდის მთავარი იარაღი, “იმედი” – კონტრაქტით ყოფილი მფლობელის კრიტიკა აკრძალულია

12.02.2026
როგორ გაყიდეს პროპაგანდის მთავარი იარაღი, “იმედი” – კონტრაქტით ყოფილი მფლობელის კრიტიკა აკრძალულია

„ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული საშუალება – ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც 2025 წლის მონაცემებით სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 17 მილიონ ლარამდე დავალიანება ჰქონდა, 1000 ლარად გაიყიდა.

გარიგება, რომელიც ფორმალურად მედიაბიზნესის ჩვეულებრივ ტრანზაქციად წარმოჩნდა, რეალურად სარედაქციო პოლიტიკის წინასწარ განსაზღვრის პირობას შეიცავს და კრძალავს „იმედის“ ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის და მასთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების კრიტიკას.

პროპაგანდისტულ „იმედთან“ ერთად გაიყიდა მისი შვილობილი 7 კომპანიაც.

ამონარიდი შემოსავლების სამსახურის მიერ BM.ge-სთვის მიწოდებული დოკუმენტიდან – 21 მაისი, 2025 წელი

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს“ TI კვლევის თანახმად, ტელეკომპანიაიმედს“ მინიმუმ 2018 წლიდან პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.

„მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ შვილობილი კომპანიების ეთერი არ იქნება გამოყენებული/მიმართული გამყიდველის და მასთან დაკავშირებული პირების/კომპანიების საწინააღმდეგოდ,“ – ეს არის ნაწყვეტი ხელშეკრულებიდან რომელიც ირაკლი რუხაძის და ილია მიქელაიშვილის კომპანიებს შორის დაიდო.

ირაკლი რუხაძე ერთ-ერთი მესაკუთრეა ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიისა –  „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი.“, რომელიც, ოფიციალურად, 2021 წლიდან 2026 წლის 30 იანვრამდე ფლობდა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“, ხოლო ილია მიქელაიშვილი შპს „პრაიმ მედია გლობალის“ ხელმძღვანელია, რომელმაც იყიდა ტელეკომპანია „იმედი“ და მისი შვილობილი კომპანიები.

შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“, რომელიც  „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა, ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:

  • შპს „ტელეიმედი“– 100%-იანი წილი;
  • შპს „რადიო იმედი“– 100%-იანი წილი;
  • შპს „IMEDI FILMS“– 100%-იანი წილი;
  • შპს „ტელეკომპანია აისი“– 100%- იანი წილი;
  • შპს „ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა“– 100%-იანი წილი;
  • შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“– 100%-იანი წილი;
  • შპს „თაჩ მედია“– 100%-იანი წილი.
  • შპს „უნიმედია“– 50%-იანი წილი.

ყველა ეს კომპანია უკვე შპს „პრაიმ მედია გლობალის“ კუთვნილებაა.

კომპანიის კაპიტალში წილის გასხვისების ხელშეკრულება 2026 წლის 30 იანვარს დაიდო „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპსა“ და შპს „პრაიმ მედია გლობალის“ 100 %-იანი წილის მფლობელის, ილია მიქელაიშვილს შორის.

ამ ხელშეკრულებით ილია მიქელაიშვილმა ვალდებულება აიღო, რომ კაპიტალში წილის 50%-ს “იმედის” ხუთ თანამშრომელზე – მარიამ ლომიძეზე, ვასილ კალანდარიშვილზე, ირაკლი ჩიხლაძეზე, მაია ჩიგოშვილსა და ნათია სონღულაშვილზე გადააფორმებდა.

ასევე, მან აიღო ვალდებულება, რომ „იმედის“ და მისი შვილობილი კომპანიების ეთერები არ იქნებოდა გამოყენებული/მიმართული გამყიდველის და მასთან დაკავშირებული პირების/კომპანიების საწინააღმდეგოდ.

ხელშეკრულების ამ მუხლში დეტალურადაა ჩამოთვლილი, ვის საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენონ „იმედისა“ და მისი შვილობილი კომპანიების ეთერი.

კერძოდ, „იმედი“ არ უნდა იქნეს გამოყენებული ნებისმიერი ფიზიკური პირის, კომპანიის ან კორპორაციის ან იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომელიც არის გამყიდველის დამფუძნებელი, პარტნიორი ან აქციონერი, წილთა/აქციათა მმართველი ან გამყიდველის მართვის ორგანოს წევრი.

ილია მიქელაიშვილმა ხელშეკრულებით ნაკისრი პირველი პირობა უკვე შეასრულა.  „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ კაპიტალში წილის 50% ხუთ პირს შორის გაანაწილა.

მარიამ ლომიძე (ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი), ვასილ კალანდარიშვილი, ირაკლი ჩიხლაძე („იმედის“ წამყვანი), მაია ჩიგოშვილი და ნათია სონღულაშვილი („იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი) GMPG-ის კაპიტალში 10-10 %-იან წილს ფლობენ.

თითოეულმა მათგანმა 10%-იან წილში 100-100 ლარი გადაიხადა.

შესაბამისი ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე დარეგისტრირებულია.

ამგვარად, ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 2025 წლის მდგომარეობით, 17 მილიონ ლარამდე დავალიანება ჰქონდა და  მისი შვილობილი კომპანიები, ჯამში 1500 ლარად გაიყიდა.

სქრინი ხელშეკრულებიდან, სადაც “იმედის” ახალი მფლობელი იღებს ვალდებულებას, რომ არ გამოიყენებს არხს ირაკლი რუხაძის ან მისი კომპანიების წინააღმდეგ

  • „იმედის“ ყოფილი მფლობელი შესაძლო სანქციების რისკის წინაშე

2025 წლის 19 მარტს ირაკლი რუხაძემ დიდ ბრიტანეთში წააგო სასამართლო დავა. გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი რუხაძე და სხვები Recovery Partners GP-ის და სხვების წინააღმდეგ.

გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი რუხაძეს, იგორ ალექსეევსა და ბენჯამინ მარსონს (ასევე მათ კუთვნილ კომპანიებს – Hunnewel Partners & Park Street) დაეკისრათ 170 მლნ აშშ დოლარის გადახდა Recovery Partners GP LTD-სა და Revoker LLP-ის სასარგებლოდ.

საქმის მასალების მიხედვით, ირაკლი რუხაძემ და საქმეში მონაწილე სხვა პირებმა დაარღვიეს თავიანთი მოვალეობა იმ კომპანიის წინაშე, სადაც მუშაობდნენ. მათ გამოიყენეს კომპანიის ბიზნესგეგმა საკუთარი სარგებლისთვის, რის შედეგადაც მიიღეს უკანონო შემოსავალი.

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალმილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და მის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა.

სასამართლომ მათ ამ თანხის უკან დაბრუნება დააკისრათ.

ირაკლი რუხაძე „ჰანიველ პარტნერსის“ მეშვეობით საქართველოში ფლობს რამდენიმე მსხვილ ბიზნესს, მათ შორის „ლიბერთი ბანკს“ და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას.

ირაკლი რუხაძეს „იმედის“ და მისი შვილობილი კომპანიების გაყიდვამდე, „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაც სურდა.

2025 წლის ივნისში მან დაადასტურა, რომ ლიბერთის ყიდვაზე „ბაზის ბანკთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა იმ ეტაპზე ეს გარიგება არ შედგა.

2025 წლის სექტემბერში ირაკლი რუხაძეს ჰკითხეს მის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ „სანქციები არ მუშაობს და დასანქცირებას არ ელოდება“.

  • ივანიშვილი, როგორც პროპაგანდისტული “იმედის” დამფინანსებელი

2025 წლის 8 სექტემბერს ჰოლანდიურმა საგამოძიებო მედიაპროექტმა Follow the Money გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარ პროპაგანდისტულ საშუალებას – ტელეკომპანია „იმედს“ პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.

თავის მხრივ კვლევა ჩაატარა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” და შემდეგი გარემოებები აღმოაჩინა:

  • ბიძინა ივანიშვილი „იმედს“ მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს.
  • 2022 წლის ბოლოს „იმედის“ სასესხო დავალიანება ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მიმართ მინიმუმ 61 მლნ ლარი იყო.
  • „ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებულ სხვა კომპანიებთან ერთად დავალიანება 165 მლნ ლარამდეა, რაც „იმედის“ დაფინანსების 50%-ს აღწევს.
  • „იმედის“ დაფინანსება შეღავათიანი სესხებით ხდება. 2023 წელს ტელეკომპანიას 331 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული. სესხის 2 მთავარი გამცემი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე იყვნენ (დაკავშირებული კომპანიების საშუალებით).

კომპანია ზარალზე მუშაობს. 2023 წლის ბოლოს მას 388 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა დაგროვილი.

  • როგორ ხსნის “იმედის” ყოფილი მფლობელი წილის გაყიდვას

ირაკლი რუხაძემ, რომელიც ოფიციალურად 2021 წლიდან ფლობდა ტელეკომპანია „იმედს“ და მასთან დაკავშირებულ სხვა შვილობილ კომპანიებს,  გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ახსნა მიზეზები, თუ რატომ გაყიდა „იმედი“.

წერილში ირაკლი რუხაძემ განმარტავს, რომ ის 2003 წლიდან იყო „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2018 წელს, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის აქტივების დაბრუნებაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, პატარკაციშვილის ქვრივმა, ინნა გუდავაძემ სთხოვა გამოესყიდა იმედი.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს გამოსყიდვა ოფიციალურად 2021 წლის 3 აგვისტოს მოხდა. სწორედ ამ დღეს გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება ინნა გუდავაძესა და  „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი.“- ს შორის.

ირაკლი რუხაძის კომპანიამ „იმედი“ და მისი შვილობილი კომპანიები 2021 წელს სიმბოლურ 4 ლარად იყიდა.

ის კომპანიის კაპიტალში 100%-იან წილს 2026 წლის 30 იანვრამდე ფლობდა.

გამოსამშვიდობებელ წერილში, ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის თხოვნით იყიდა, მაგრამ მისი მთავარი მოტივაცია იყო „ქვეყნის სტაბილურობის დაცვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების და ქვეყნის არევის თავიდან აცილება. ასევე, საქართველოს ომში ჩართვის საფრთხის პრევენცია“. რუხაძეს მიაჩნია, რომ ამ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს, რადგან ახლა, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტებულია, ომში ჩართვის რისკი შემცირებული, და რაც მთავარია, ტელევიზია მისთვის ეკონომიკურად მომგებიანი ბიზნესი არ არის.

„ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნეს ჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს (რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს „იმედი“ ემოციურად პირადად ჩემთვის). პირიქით, ის ჩვენ დამატებით სირთულეებს გვიქმნის და აზიანებს ჩვენს მთავარ საქმიანობას – ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკაში.

ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება,“- წერს გამოსამშვიდობებელ წერილში ირაკლი რუხაძე.

მისივე თქმით, „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა ადვილი არ იყო.

„მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენარჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში,“ – წერს ირაკლი რუხაძე.

  • ვინ არის „იმედის“ ახალი მფლობელი

შპს „პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ილია მიქელაიშვილი ასევე ფლობს წილებს ორ კომპანიაში – შპს „აი ტი თრეიდი“ და შპს „პირველი“.

განცხადებაში, რომელიც „იმედმა“ 6 თებერვალს, ილია მიქელაიშვილის სახელით გამოაქვეყნა, ახალი მფლობელი ამბობს:

„ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, როგორც ტელეკომპანია „იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან მიმართებით. ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას.

მეორე მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები,“ – წერს მიქელაიშვილი.

ილია მიქელაიშვილს 2025 წელს სურდა საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრობა, თუმცა ის კომისიის წევრად არ აირჩიეს.

ბიოგრაფიის მიხედვით, ილია მიქელაიშვილი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ჩათვლით იყო GWP-ს ოპერაციების დაგეგმარების სამსახურის უფროსი.

2015 წლის ნოემბრიდან 2021 წლამდე იყო თბილისის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსი.

ილია მიქელაიშვილი ასევე ფიგურირებს 2025 წლის 5 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის წინ გამართული საპროტესტო აქციისას მომხდარ ინციდენტში.

კერძოდ, ვიდეო კადრებში ჩანს ილია მიქელაიშვილი, რომელიც კალაძის საარჩევნო შტაბთან სიტყვიერად უპირისპირდება აქციის მონაწილეებს, აგრესიულად იწევს მათკენ და საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის აღმართულ რკინის ჯებირს ფეხს ურტყამს.

  • „იმედის“ ისტორია

ტელეკომპანია „იმედი“ 2001 წელს დააარსა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში „იმედი“ იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხი.

2007 წლის 7 ნოემბერს, ანტისამთავრობო აქციების დარბევის პარალელურად, „იმედის“ ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა და არხი პირდაპირი ეთერიდან გათიშა.

ხელისუფლებამ არხი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა. „იმედის“ დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წელს გარდაიცვალა.

2008–2018 წლებში ტელეკომპანია „იმედს“ მფლობელი რამდენჯერმე შეეცვალა.

2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ არხი პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა, 2021 წელს კი კომპანიის წილი პატარკაციშვილის ქვრივმა ინნა გუდავაძემ გადაუფორმა კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ირაკლი რუხაძე იყო.

_____________________________________

ფოტოზე: ირაკლი რუხაძე, ილია მიქელაიშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: