საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მძღოლებისგან ბათუმის ბიუჯეტში 2025 წელს 13 მილიონ 676 ათასი ლარი შევიდა. ეს მონაცემი ბათუმის მერიას ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აქვს დაფიქსირებული.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღნიშნული ჯარიმის მხოლოდ 60 პროცენტი შედის, გამოდის, რომ 2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბათუმში მძღოლებმა ჯამში 22 მილიონ 793 ათასი ლარის ჯარიმა გადაიხადეს.
ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აღნიშნულია, რომ სანქციების [ჯარიმები და საურავები] სახით სულ მობილიზებულია 19 მილიონ 602 ათას 300 ლარი, „რაც საპროგნოზო მაჩვენებლის [10 მილიონი ლარის] 196 პროცენტია“.
ანგარიშის მიხედვით, ტრანსპორტთან დაკავშირებული ჯარიმების სახით, ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტში სულ მობილიზებულია:
- საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 13 მილიონ 676 ათასი ლარი [2024 წელს ეს რიცხვი 8 მილიონ 856 ათას 100 ლარი იყო];
- ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისთვის – 56 ათას 100 ლარი;
- საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევისთვის – 6 ათას 700 ლარი;
- მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის – 271 ათას 600 ლარი;
- სხვა დანარჩენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობასა და კავშირგაბმულობის დარგში – 2 მილიონ 906 ათას 900 ლარი.
შს სამინისტროს ინიციატივით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, საგზაო უსაფრთხოების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება.
ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით [10 ლარის ნაცვლად].
ამ თემაზე: 11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი
საკანონმდებლო ცვლილება ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის, თუმცა მოსალოდნელ ჯარიმებს უკვე მოჰყვა ავტომანქანის მფლობელთა უკმაყოფილება – მათი თქმით, ჯარიმები იზრდება, საპარკინგე ადგილების რაოდენობა კი არა.
ამ თემაზე:
100 ლარი არასწორ დგომაზე ბათუმში?- მძღოლები ჯარიმებსა და პარკირების კრიზისზე






