მთავარი,სიახლეები

რა ხდება, როცა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის გამო 38 პირს 1 სოფელში აკავებენ – ინტერვიუ

23.03.2026
რა ხდება, როცა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის გამო 38 პირს 1 სოფელში აკავებენ – ინტერვიუ
„რაც უფრო მეტია კორუფცია სახელმწიფოში, მით უფრო ძლიერდება ორგანიზებული დანაშაული,“ – ამბობს პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე. მას რამდენიმე დღის წინ, 2026 წლის 19 მარტს ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ვესაუბრეთ: ამ სპეცოპერაციის დროს აჭარაში, ძირითადად კი, ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით.

72 ბრალდებულთაგან 38 პირი მხოლოდ ერთი სოფლიდან – შარაბიძეებიდანაა.

რაზე მიუთითებს ეს ციფრები? რა მასშტაბის ორგანიზებით გამოირჩევა „ქურდული სამყარო“ საქართველოში?

„როცა ერთ სოფელში აკავებენ ამდენ ადამიანს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზული ჩავარდნაა.

გაძლიერება არ აწყობს [„ოცნებას“] – ამიტომაც იჭერენ პერიოდულად სხვადასხვა პირს… მგონი, ეს რეჟიმი უფრო აკონტროლებს „ქურდულ სამყაროს“. ამ სამყაროს წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული არეალი საქმიანობის, ხელისუფლებას სჭირდება „კრიმინალური სამყარო“, ვთქვათ, არჩევნების გაყალბების დროს, დაშინებისთვის, „ტიტუშკებად“ და ასე შემდეგ, მაგრამ არ აძლევს მათ აბსოლუტურ თავისუფლებას,“ – გვიყვება ალექსანდრე კუხიანიძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლებია კითხულობს ბაკალავრიატზე სალექციო კურსს: „პოლიტიკური კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული“.

„ბათუმელებმა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორთან, ალექსანდრე კუხიანიძესთან, ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ალექსანდრე, ხელვაჩაურში სპეცოპერაციის შედეგად ერთდროულად 72 პირი დააკავეს, მათ შორის, 3 ქალია. რა მასშტაბთან გვაქვს უკვე საქმე?

როგორც კი ბრძოლა სუსტდება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, კრიმინალური სამყარო მაშინვე აქტიურდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე იყო.

ზოგადად, სუბკულტურის მოსპობას სჭირდება რამდენიმე თაობა. საბჭოთა კავშირი დაიშალა 30 წელია, მაგრამ დღესაც მენტალობა იგივეა. ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ არის მუდმივი. როგორც კი სუსტდება ეს ბრძოლა, ეგრევე ორგანიზებული დანაშაული აძლიერებს თავის პოზიციებს.

როცა ერთ სოფელში აკავებენ ამდენ ადამიანს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზული ჩავარდნაა. მეორე მხრივ კი, ქურდულ სამყაროს დროდადრო აქვს თავისი ეგრეთ წოდებული „სხოდკები“, შეკრებები ფარულად… მე მხოლოდ ზოგადად შემიძლია ვილაპარაკო ხელვაჩაურის ამ შემთხვევაზე, რადგან კონკრეტულად ამ ქეისს არ ვიცნობ კარგად.

როცა სახელმწიფოში გვაქვს კორუფციული სკანდალები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის დონეზე, სამართალდამცავი სტრუქტურების და მინისტრების დონეზე, როცა „ქოლცენტრებს“ მფარველობს სუსი, გასაკვირი არაა, რომ კრიმინალური სამყარო თავისუფლად გრძნობს თავს. რაც უფრო მეტია კორუფცია სახელმწიფოში, მით უფრო ძლიერდება ორგანიზებული დანაშაული.

ალექსანდრე კუხიანიძე

რაც უფრო ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის ხელისუფლება, მით უფრო აქტიურად იყენებს კრიმინალურ სამყაროს საკუთარი მიზნებისათვის: ე.წ. ტიტუშკების გააქტიურება არჩევნების დროს და კრიმინალური ელემენტების გამოჩენა – ახალი არაფერი არ არის ამაში.

დღეს განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებში იკიდებს ეს ფეხს. თუ ხედავენ ბავშვები, რომ ვიღაც გავლენიანი პირი, პოლიტიკოსი თუ ქურდული სამყაროს წევრი დადის ძვირადღირებული მანქანით, ჩაფლულია კორუფციაში, კანონგარეშე აყენებს საკუთარ თავს, იღებს კონკრეტულ კანონს, რომელიც მას აწყობს, ატრიალებს კანონმდებლობას თავისი ინტერესების მიხედვით, მაშინ ეს ბავშვები ხედავენ, რომ სამართალი არ არსებობს სახელმწიფოში და უნდათ, რომ ისინიც გავლენიანები გახდნენ. დღეს უკვე ისინი, ბუნებრივია, ფიქრობენ კრიმინალურ სამყაროზე.

საზოგადოების ნაწილს მაინც ნოსტალგია აქვს საბჭოთა ცხოვრებაზე: ვიღაცას კავშირი ჰქონდა „ქურდულ სამყაროსთან“, მშობელი ჰყავდა ქურდი ან შვილი „უბანში“ – ეს კულტურა მოდებული იყო და ახლაც რჩება… ამის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება სისტემატური, მიზანდასახული მუშაობა, ამ გავლენების მინიმიზება რომ შევძლოთ.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ – გარდა იმისა, რომ კანონიერი ქურდების ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიღებული კანონები, ზომები გატარდა, დააპატიმრეს კონკრეტული ადამიანები, კონფისკაციაც მოხდა და ასე შემდეგ. ამას გარდა, უამრავი ბავშვისათვის ფეხბურთის მოედანი ან სპორტული მოედანი აშენდა… მაშინ ბავშვებისთვის „კანონიერი ქურდი“ აღარ იყო ისეთი პოპულარული, როგორიც მანამდე. ბავშვებმა დაინახეს, რომ „კანონიერი ქურდი“ თუ იქნები, მოხვდები ციხეში, იქნები სიღარიბეში და ვერ ივლი ძვირადღირებული ჯიპით, მუქი მინებით და გავლენიანი პიროვნება ვერ იქნები.

  • თქვენი დაკვირვებით, რამ შეუწყო ხელი ე.წ. ქურდული სამყაროს არათუ გადარჩენას, არამედ მის გაძლიერებას? 

ის ბავშვები, რომლებიც 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში ოცნებობდნენ ქურდულ სამყაროზე, ისინი ხომ ცოცხლები არიან? მათი მენტალიტეტი შეიძლება რაღაცით შეიცვალა, მაგრამ თუ ვინმე ჩაბმული იყო ამ კრიმინალურ საქმიანობაში, მენტალობით იგივე დარჩა და ელის მომენტს, როდესაც შეუძლია გააგრძელოს თავისი კრიმინალური საქმიანობა. იარაღის ტარება, მაგალითად, აკრძალულია ჩვენთან კანონით, მაგრამ ბევრს აქვს დამალული: თუ რამე მოხდება და დასუსტდება ხელისუფლება, ის იარაღი შეიძლება ამოქმედდეს ისევ.

ამიტომაც, პოლიცია განსაკუთრებით აქტიური უნდა იყოს ამ ბრძოლაში, თუმცა მხოლოდ პოლიცია ვერ გააკეთებს ამას. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. მე მიკვირს, როცა სკოლებში აუქმებენ სამოქალაქო განათლებას. გამოდის, არ სჭირდებათ მოქალაქეები და გვჭირდება ბატონყმური ურთიერთობა?

ეს თუ აწყობთ, მაშინ კრიმინალური სამყარო კიდევ უფრო გაძლიერდება.

  • ავტორიტარიზმი ახსენეთ. რა ლოგიკით შეიძლება აწყობდეს ავტორიტარულ მმართველობას, მაგალითად, ივანიშვილს, „ქურდული სამყაროს“ გაძლიერება? 

წინააღმდეგობრივია ეს პროცესი.

თუ თვითონ ავტორიტარული ძალაუფლება არ არის ძალიან მკაცრი და ტოტალური კონტროლი არ არის დაწესებული საზოგადოებაზე, მაშინ კრიმინალური სამყარო დადის თავის ჭკუაზე, მაგრამ დიქტატორს არ აწყობს კონკურენტების. ავტორიტარული ძალაუფლება „ქურდულ სამყაროს“ აყენებს თავის სამსახურში, ხოლო თუ ეს „ქურდული სამყარო“ არ ემორჩილება და თავისი ჭკუით დადის, მაშინ სპობს მას.

ნახეთ, მაგალითად, რუსეთში რა მოხდა: პუტინი თავდაპირველად კრიმინალურ სამყაროსთან იყო დაკავშირებული პეტერბურგში? იქ ბევრი კრიმინალი ხელისუფლებაში მოხვდა, მაგრამ 2000-იან წლებში რუსეთში გაანადგურეს ძირითადი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები, როგორიც არის სოლნცევსკაია, იგივე ტამბოვსკაია, არიხოვსკაია და ასე შემდეგ – ამ ადამიანებმა ციხეში ამოყვეს თავი, მოკლეს, ან რაღაც დამართეს. პუტინს არ სჭირდება კონკურენტები, რადგან ის თვითონ მართავს ქურდულად, მართავს, როგორც, კაგებეშნიკი, ოლიგარქი და პოლიტიკოსი.

ამიტომაც, რაც უფრო ძლიერია ავტორიტარული ხელისუფლება, მით უფრო ცდილობს თავის სამსახურში ჩააყენოს კრიმინალური სამყარო. თუ არ ემორჩილება კრიმინალური სამყარო, მაშინ მას სპობს და ამ ფუნქციას თავადვე ითავსებს დიქტატორი.

  • შეიძლება „ქურდული სამყაროს“ დასუსტება ამ ეტაპზე სჭირდებოდეს ივანიშვილს? 

გაძლიერება არ აწყობს – ამიტომაც იჭერენ პერიოდულად სხვადასხვა პირს….

მე მგონია, ეს რეჟიმი აკონტროლებს „ქურდულ სამყაროს“. ამიტომაც, ამ სამყაროს წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული არეალი საქმიანობის, ხელისუფლებას სჭირდება „კრიმინალური სამყარო“, ვთქვათ, არჩევნების გაყალბების დროს, დაშინებისთვის, „ტიტუშკებად“ და ასე შემდეგ, მაგრამ არ აძლევს ხელისუფლება მათ აბსოლუტურ თავისუფლებას.

ამიტომაც, დროდადრო აწყობს დაკავებებს.

  • „ქურდული სამყაროს“ საქმეებს თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ ბიზნესდავების არსებობის დროს ბიზნესმენები მიმართავენ არა სასამართლოს, არამედ „ქურდულ სამყაროს“. ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ სასამართლო გადატვირთულია და ფინანსური დავის განხილვას წლების სჭირდება? 

როდესაც მაღალი თანამდებობის პირები თვითონ არიან ჩაბმული კორუფციაში და მართავენ კრიმინალურ ქსელებს, ვგულისხმობ ისევ „ქოლცენტრებს“, რაც კრიმინალური საქმიანობაა და მაფიები აკონტროლებენ ასეთი ტიპის დანაშაულებრივ საქმიანობის ქსელებს, ცხადია, კრიმინალური სამყაროც გაიზრდება. ამ დროს ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ მცირდება.

ამ დროს იზრდება შიში იმ სამყაროსადმი, რომელსაც შეუძლია ააწიოკოს, მოიტაცოს ან მოკლას ადამიანი, შესაბამისად, იძულებული არიან, რომ კრიმინალური სამყაროს გარკვეული მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

  • მინდა გკითხოთ ქალებზე: ხელვაჩაურის სპეცოპერაციის დროს 3 ქალი დააკავეს და ბრალი წარუდგინეს. ეს ტენდენცია რაზე მიუთითებს? 

წინა მთავრობის დროსაც იყო მსგავსი შემთხვევა, როცა მიიღეს კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, განსაზღვრეს „ქურდული სამყარო“ და „კანონიერი ქურდი“, ასევე განისაზღვრა მიმართვის შემთხვევაზე პასუხისგებაც. ვიცით, რომ „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა ითვლება მონაწილეობად და მახსოვს, იყო შემთხვევა, როცა დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები, ბრალდებულების ნათესავმა გოგო-ბიჭებმა კი, შეკრიბეს ფული ციხეში პატიმრების მხარდასაჭერად.

ეს ჩაითვალა, როგორც „ობშიაკი“. მაშინ დააკავეს გოგოებიც.

„ქურდულ სამყაროში“ არის, რომ აი, „ეს არ არის ქალის საქმე“, „ქალი არ უნდა ჩარიო“, „ქალის საქმე არ არის ქურდულ სამყაროში“ და ასე შემდეგ. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში იყო არაერთი შემთხვევა, როცა ქალი მუშაობდა დამლაგებლად იტალიაში, ოჯახში და პარალელურად იყო დაკავშირებული მაფიასთან. არის შემთხვევები დასავლეთ ევროპაში, როცა ქალები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში, თუმცა არა, როგორც კანონიერი ქურდები.

პრინციპში, „ქურდული სამყაროს“ ტრანსფორმირება მოხდა დიდი ხნის წინ, როდესაც კლასიკურ კანონიერ ქურდებს არ უნდა ეთანამშრომლათ ხელისუფლებასთან, პოლიციასთან, არ უნდა დაეჭირათ ხელში იარაღი, არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა მკვლელობებში, 70-80-იან წლებში კი, გაჩნდა პოზიცია: უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა კრიმინალურ ეკონომიკაში?

შემდეგ კი, ისინი ფაქტობრივად ყიდულობდნენ ამ ტიტულს რუსეთში, ასეთ კანონიერ ქურდებს უწოდებდნენ „აფელინებს“, რაც პრინციპში კლასიკური ქურდების ფილოსოფიას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება. ტრანსფორმაცია მოხდა სერიოზული, როცა „ქურდული სამყარო“ მონაწილეობს დღეს ეკონომიკაში, კრიმინალურ ან ჩრდილოვან ეკონომიკაში – ისინი ფულის გათეთრების გზით ცდილობენ საკუთარი საქმიანობის ლეგალიზაციას.

„კანონიერი ქურდები“ დღეს მოგვევლინენ, როგორც რესპექტაბელური ბიზნესმენები – მათ თავიანთი ბიზნესი აქვთ. „ქურდული სამყაროს “ლიდერობას სჭირდება გარკვეული ნიჭი, უნარ-ჩვევები, ყველას არ შეუძლია ეს. მათ აქვთ კორუფციული კავშირები ხელისუფლებასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

ეს კავშირები არის უხილავი. არავინ გეტყვის, რომ რომელიმე „კანონიერი ქურდი“ ან მეთვალყურე თანამშრომლობს პარლამენტის რომელიმე წევრთან, მინისტრის მოადგილესთან, მინისტრთან ან პარტიის ლიდერთან, ან რეგიონულ ხელმძღვანელთან, გამგებელთან – არავინ არ მოგცემთ ამის მტკიცებულებას, ხომ?

  • არსებობს ვერსია იგივე ხელვაჩაურის სპეცოპერაციაზე, რომ შესაძლოა რომელიმე გავლენიანი და „ოცნებასთან“ დაახლოებული „კანონიერი ქურდი“ იშორებს სხვა „კანონიერი ქურდის“ დაჯგუფებას… 

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ გავიდა ოცდაათზე მეტი წელი. ვინც იყო, ვთქვათ, ოცდაათი წლის, დღეს სამოცი წლისაა, ვინც იყო ორმოცდაათი წლის, უკვე ცოცხალი აღარ არის. საბჭოთა ქურდების დიდი ნაწილი უკვე აღარ არის ცოცხალი. ეს ადამიანები პრაქტიკულად დიდხანს ვერ ცოცხლობენ: მათ ან კლავენ, ან ბევრ წელს ციხეებში ატარებენ… ამიტომაც, დღეს უკვე საქმე გვაქვს „კანონიერი ქურდების“ ახალ თაობასთან.

ესაა პოსტსაბჭოთა თაობა, რომელიც უფრო აქტიურად მონაწილეობს ეკონომიკაში, უკანონო ბიზნესში. რუსეთშიც ნახეთ, როგორ მოხდა „დედ ხასანის“, ან „იაპონჩიკის“ მკვლელობა – ისინი კლავენ ერთმანეთს, რომ იპოვონ უფრო თბილი ადგილი.

  • რას უნდა აკეთებდეს და არ აკეთებს „ოცნების“ ხელისუფლება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ?

ხელისუფლება უნდა იყოს სუფთა და არ უნდა იყოს რაიმე ფორმით ჩაბმული კორუფციაში. დღევანდელ ხელისუფლებაზე ამის თქმა საკმაოდ რთულია.

ხელისუფლებამ უნდა შექმნას ყველა პირობა, რომ სასამართლო იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი. როცა ლაპარაკია პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებზე, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემა მოშლილია და ეს ნდობა ძალიან დაბალია.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია და პროკურატურა იყოს დეპოლიტიზებული.

დაახლოებით 10-15 წლის წინ, როცა ვმუშაობდი ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის დირექტორად, მაშინ  მოვიწვიეთ თურქეთის ნაციონალური პოლიციის ოფიცრები, რომლებიც კონტრტერორისტულ საკითხებზე მუშაობენ. ყველას ჰქონდა სადოქტორო დაცული ამერიკის შეერთებულ შტატებში. თურქეთის პოლიცია აგზავნიდა თავის კადრებს საუკეთესო უნივერსიტეტებში ევროპასა და ამერიკაში.

პოლიციელი უნდა იყოს განათლებული და ჭკვიანი – კრიმინალურ სამყაროზე უფრო ჭკვიანი უნდა იყოს, კარგად აღჭურვილი, მაღალხელფასიანი და მოტივირებული ბრძოლაზე. პოლიციამ იმას კი არ უნდა უყუროს, ვის მოემსახუროს: მთავრობას თუ კანონს, არამედ მან ცალსახად უნდა იცოდეს თავისი საქმე: ემსახუროს კანონს, ხალხს და არა ოლიგარქს, გარკვეულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია.

პოლიციას დღეს უზარმაზარი დრო ეკარგება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაზე, დაკავებაზე, დემონსტრაციების დროს შეჯახებაზე და ასე შემდეგ. მაშინ, როცა ეს დრო, ენერგია უნდა დახარჯოს კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ყველაფერი იწყება იქედინ, რომ საზოგადოება უნდა იყოს დემოკრატიული. ნდობა უნდა იყოს პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან სახელმწიფოს სათავეში. მეორე საკითხია განათლება – განათლება არამხოლოდ პოლიციის, არამედ სამოქალაქო განათლება, ხალხის განათლება, ბავშვების განათლება, ანტიკრიმინალური, ანტიკორუფციული განათლებაა საჭირო.

მესამე: ბავშვებისათვის ყველა პირობის შექმნა, რომ დაკავებული იყვნენ სპორტით, მუსიკით, ცეკვით, სიმღერით, სკოლით და არა ის, რომ ქუჩაში ისხდნენ და იფიქრონ, თუ რა გააკეთონ: ნარკოტიკი მოწიონ, თუ გაქურდონ ვიღაც. ასეთი ბავშვები ყოველთვის იოლად ხდებიან კრიმინალური სამყაროს გავლენის მსხვერპლნი.

პოლიციას, პროკურატურას და სასამართლოს აქვს საკვანძო ადგილი ამ პროცესში, მაგრამ მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურები ვერაფერს გააკეთებენ, თუ საზოგადოება არ იქნება ინფორმირებული. პოლიცია უნდა იყოს ღია საზოგადოებისთვის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის საპარკინგე ზონაში, როცა ძარცვა იყო ხშირი, მოსახლეობამ მიმართა პოლიციას და სამეზობლო ასოციაციამ პოლიციის კონფერენც-დარბაზში შეკრება ჩაატარა. მოქალაქეებმა პოლიციასთან ერთად იმსჯელეს, როგორ ებრძოლოს პოლიციამ დანაშაულს ეფექტურად.

ჩვენთან პირიქითაა – პოლიცია იზოლირებულია საზოგადოებისგან, საზოგადოება უნდობლობით უყურებს პოლიციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ პოლიცია ემსახურება ხელისუფლებას, რომელსაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება. შესაბამისად, ამ დროს ადამიანი პოლიციაში კი არ მიდის, შეიძლება წავიდეს „კრიმინალურ სამყაროში“ დაცვისთვის – თავის გადასარჩენად.

ამ თემაზე:

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ 30 ბრალდებულს ბათუმში პატიმრობა შეუფარდეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: