მთავარი,სიახლეები

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

03.03.2026
11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც საგზაო ნიშნებს ახალი საგზაო ნიშანი ემატება.

ასევე, იზრდება ჯარიმა ტროტუარზე დგომის გამო.

საკანონმდებლო ცვლილებები სადავო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ახალციხეში, ოზურგეთში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ან/და საქართველოს კურორტებზე, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.

აღნიშნული ქმედება M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ასევე გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.

„დღეს მოქმედი რედაქციით, გარდა თბილისისა და ბათუმისა, ჯარიმა არის 10 ლარის ოდენობით. ბევრ ქალაქებში ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და 10 ლარს უკვე არანაირი შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია. შესაბამისად, გვესმის ასევე, რომ თუკი ყველა რეგიონს ავიღებდით, შეიძლება ისეთი მუნიციპალიტეტებიც მოხვედრილიყო ამ სიაში, სადაც ძალიან მძიმედ იქნებოდა აღქმული ჯარიმის 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდა. ამიტომ ავარჩიეთ დიდი მუნიციპალური ცენტრები და ქალაქები, ასევე საკურორტო ზონები,“ – განმარტა ალექსანდრე დარახველიძემ.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება ასევე დიფერენცირდა მუნიციპალური ცენტრების მიხედვით.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერებაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება, ხოლო საქართველოს დანარჩენ ქალაქებში ისევ 10 ლარი.

საგზაო ნიშნებს ემატება ახალი ამკრძალავი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. ამ მოთხოვნის დაუცველობა 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა ცვლილებებსაც, კერძოდ:

თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია), თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი ქალაქი თბილისი არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე მოძრაობა – 200 ლარით დაჯარიმებას.

კანონპროექტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას.

მკაცრდება კანონი ე.წ. „დრიფტის“ მოყვარულთათვის.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით 2 მარტს განიხილა.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: