ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

14.02.2026
ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გადაიკეტა – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა ასევე კოტე მარჯანიშვილის ქუჩა [დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა-ფშაველას შორის], რომელიც ასათიანის ქუჩას კვეთს.

მარჯანიშვილისა და ასათიანის ქუჩების გადაკეტილი მონაკვეთები ბათუმში [მონიშნულია წითელი ხაზებით]

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთებში მოძრაობა ტრანსპორტისთვის დღეიდან, 14 თებერვლიდან, 1 კვირის განმავლობაში იქნება შეზღუდული.

ლუკა ასათიანის და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთა / 14.02.2026

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველოს ტენდერი 6 432 351 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენედერის პირობის მიხედვით სამუშაოები 2027 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

ქვაფენილს ამ ტენდერის ფარგლებში შემდეგ ქუჩებზე აყრიან: დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ხარიტონ ახვლედიანის, სტეფანე ზუბალაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჰაიდარ აბაშიძის, იორდან მეტაქსას, სელიმ ხიმშიაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ ლერმონტოვის და მურად ხინიკაძის.

მერიის დღევანდელი ინფორმაციით კი „არსებული ქვაფენილი ასფალტის საფარით 16 ქუჩაზე ჩანაცვლდება. პროექტის ფარგლებში სრულად მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საფეხმავლო და ველობილიკები.“

მერიის მიერ დასახელებული მე-16 ქუჩა არის კლარა ცეტკინის ქუჩა, თუმცა ის არც ტენდერის ჩამონათვალშია და არც ტენდერში გამარჯვებულთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია რა პროექტის/ტენდერის ფარგლებში ანაცვლებს ქვაფენილს მერია ცეტკინის ქუჩაზე.

ბათუმი, მარჯანიშვილის ქუჩა, აქ ქვაფენილი უნდა აყარონ / 14.02.2026

ქვაფენილის აყრაზე მერიის სამმართველომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა.

სახელშეკრულებო თანხა 5 649 994 ლარია.

„სამუშაოს შესრულების ვადა: 2027 წლის 31 მაისის ჩათვლით,“ – წერია ხელშეკრულებაში.

შესყიდვების პორტალის მიხედვით ტენდერში კიდევ ორი კომპანია მონაწილეობდა.

ბათუმი, მარჯანიშვილის ქუჩა, აქ ქვაფენილი უნდა აყარონ / 14.02.2026

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

ამ თემაზე:

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრა-ასფალტის დაგებაზე ტენდერი 6,4 მილიონი ლარით გამოაცხადეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: