სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 23 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 352 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 5 854 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 10 871 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 8 286 ერთეული [+36]
  • MLRS – 932 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 611 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 327 ერთეული [+3]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 384 ერთეული [+19]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 613 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 994 ერთეული [+51]
  • სპეცტექნიკა – 1 223 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 554 თვითმფრინავი
  • 261 ვერტმფრენი
  • 9 991 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 279 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 462 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 618 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ევროპის მოედანზე ორშაბათს, 25 დეკემბერს, 20 საათზე აინთება.

25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება საზეიმო კონცერტიც – ჯამბაზების წარმოდგენა/ცეცხლოვანი შოუ, იმღერებენ „რანინა“ და ბენდი „რეგიონი“.

საახალწლო დღეებში ევროპის მოედანზე გაიმართება საშობაო ბაზრობა, სადაც გაიყიდება საკვები, ალკოჰოლური სასმელები და სუვენირები.

ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 2022 წელს, 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

ამავე თემაზე: 

ვინ იმღერებს ახალ წელს ბათუმში – საახალწლო ღონისძიებების განრიგი

„მიწა გადავუფორმე და $150 000-ს არ მიხდიან“ – რა კავშირი აქვს თაღლითობის საქმესთან მერიის მოხელეს

„ომის დაწყების შემდეგ კიევში ბინა გავყიდეთ და საცხოვრებლად ბათუმში წამოვედით. ბათუმში თაღლითობის მსხვერპლი გავხდით,“ – გვიყვებიან ჰანნა და ირაკლი ბერიძეები. ჰანნა უკრაინელია, თუმცა ჰანას და ბათუმელ ირაკლის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ: უკრაინის და საქართველოს.

წყვილი თაღლითობის იმ საქმეზე გვესაუბრება, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პროკურატურის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ამ საქმეზე უკვე გამოკითხულია ბესიკ ცეცხლაძე – ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. ჰანნას და ირაკლის მტკიცებით, ბესიკ ცეცხლაძე თაღლითური სქემის მონაწილეა.

1845 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ბერიძეებს ბათუმში, დაბა მახინჯაურში წელს შეუძენიათ ზღვის ხედით.

„მიწის ეს ნაკვეთი დამრეცია, რაც ქმნიდა მშენებლობის სირთულეს, ამიტომაც, გადავწყვიტეთ მისი გაყიდვა… მიწა უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ შევიძინეთ და შემდეგ გავყიდეთ 150 ათას დოლარად, თუმცა მხოლოდ 10 ათასი დოლარი ჩაგვირიცხეს. ეჭვი არ მეპარება, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი ვართ,“ – ამბობს ჰანნა ბერიძე.

„ბესიკ ცეცხლაძე ჩემი ნათესავია. მან იცოდა, რომ გვინდოდა მიწის გაყიდვა და თავისი ინიციატივით დაგვაკავშირა ნუგზარ შაინიძეს, რომელსაც სამშენებლო ბიზნესი აქვს. ნუგზარ შაინიძე ბესიკის შვილის ნათლიაა,“ – გვიყვება ირაკლი ბერიძე. მისი თქმით, ის მიწის ნაკვეთის შემძენს, ნუგზარ შაინიძეს თავისმა ნათესავმა – ბესიკ ცეცხლაძემ დააკავშირა.

ნასყიდობის ხელშეკრულება 2023 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულა. ირაკლი ბერიძე ამბობს, რომ მათ დღემდე მხოლოდ 10 ათასი აშშ დოლარი ჩაურიცხეს და ისიც 26 სექტემბერს, მას შემდეგ, როცა მიწის შემძენმა გაიგო, რომ უჩივლებდნენ.

„ბესიკ ცეცხლაძე იყო შუაში და ამიტომაც ვენდე, დავთანხმდით ნუგზარს დისტანციურად ქონების გადაფორმებაზე, ის თბილისში იყო, ჩვენ – ბათუმში… ბესოსთან მქონდა ტელეფონით კომუნიკაცია მაშინაც, როცა ქონებას ვუფორმებდით ნუგზარს.

ქონება გადაფორმდა, მაგრამ თანხა არ ჩაგვირიცხეს. გვეუბნებოდნენ ბესიკი და ნუგზარიც, დღეს-ხვალ ჩაირიცხება თანხა მთლიანად და მალე მოგვარდება პრობლემაო. ბესომ რამდენჯერმე გვითხრა, ნუგზარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვსო და ასე შემდეგ. როცა ბესოს მოჰბეზრდა ჩემი ზარები, მითხრა, რომ თავად უნდა მომეგვარებინა ეს პრობლემა და დამბლოკა ტელეფონში.

ბესიკ ცეცხლაძე ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილი თანამშრომელია და იყენებს თავის გავლენებს. ამ ამბით, ჩემი აზრით, ანტიკორუფციული უნდა დაინტერესდეს და ბათუმის მერიც, რომელსაც წერილი მივწერეთ,“ – მიიჩნევს ირაკლი ბერიძე.

ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ჰანნა ბერიძემ ბესიკ ცეცხლისთვის უფლებამოსილების შეჩერებას სთხოვს იმ არგუმენტით, რომ „გამოძიებას ხელი არ შეეშალოს“.

მანამდე კი, მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების მოთხოვნით ირაკლი ბერიძეს სასამართლოსთვის მიუმართავს – აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთისთვის ბანკს დაუდია უკვე ყადაღა, რადგან ახალ მესაკუთრეს, ნუგზარ შაინიძეს სესხი აუღია.

„უხერხულობაში ვარ“ – გვითხრა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, ბესიკ ცეცხლაძემ. ის ამტკიცებს, რომ მისი ნათესავი ირაკლი ბერიძე მასთან ოჯახში „შემთხვევით შეხვდა“ ნუგზარ შაინიძეს, მხარეები შეთანხმდნენ და ამ შეთანხმებასთან საჯარო მოხელეს არაფერი აკავშირებს.

„შუამავალს რას ეძახიან, არ ვიცი, შუამავალი თუ ჰქვია იმას, რომ ჩემ ოჯახში, ჩემმა ნათესავმა ჩემი შვილის ნათლიას მიწა შესთავაზა საყიდლად და შემდეგ შედგა ურთიერთშეთანხმება, დავარქვათ შუამავალი მაშინ… როგორც ვიცი, თანხის ნაწილი მიცემული აქვს, ნაწილი უნდა მიაწოდოს, ის [ნუგზარი] თანხის მიწოდებაზე წინააღმდეგი არ არის.

როცა ჩვენება მივეცი გამოძიებას, ვუთხარი კიდეც, ყველა საქმე გადადე გვერდზე და ეს დაასრულე, რომ ვვარდები უხერხულ მდგომარეობაში, ერთი ნათესავია, მეორე – მეგობარი.

ირაკლი ბერიძესთან ბოლო კომუნიკაცია როცა მქონდა, ამბობდა, რომ თითქოსდა ის იყო მოტყუებული. მივწერე და ვუთხარი, ჩემი ნათესავი ხარ და შენ ვერავინ დაგჩაგრავს-მეთქი,“ – ამბობს ბესიკ ცეცხლაძე.

რატომ არ უნდა შეჩერდეს მისი უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და არ დადგინდება, არის თუ არა თაღლითური სქემის მონაწილე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე? – ვკითხეთ ბათუმის მერიის ჩინოვნიკს.

„ჩემი უფლებამოსილება რა კავშირშია, გამოძიებაზე შემიძლია ზეგავლენის მოხდენა? მე ჩვენებაც მივეცი. თანაც, ეს არ უკავშირდება მშენებლობებს… ჩემი ორი შინაური შემთხვევით შეხვდა ერთმანეთს და შეთანხმდნენ ჩემ გარეშე,“ – ამბობს ბესიკ ცეცხლაძე.

ბესიკ ცეცხლაძეს 2021 წელს ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე იარაღით მუქარაში სდებდა ბრალს. ბიზნესმენი ამბობდა, რომ ბესიკ ცეცხლაძე 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს 500 დოლარად დათმობას სთხოვდნენ. მაშინ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, მუქარის ეს საქმე პროკურატურაში არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში კი,  ვერ გვითხრეს, რა ბედი ეწია მერიის ჩინოვნიკის წინააღმდეგ 2021 წელს დაწყებულ გამოძიებას.

ინფორმაცია ამ საქმის შესახებ არც ბესიკ ცეცხლაძეს ჰქონია.

„არ მაქვს ინფორმაცია, მოწმის სახით ვარ გამოკითხული, მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – შსს-კენ მიგვითითა ბესიკ ცეცხლაძემ.

მერიის მაღალჩინოსანს, ბესიკ ცეცხლაძეს ვკითხეთ ძვირადღირებულ ავტომანქანაზეც, რომელიც მას 2023 წლის ბოლოს შეუძენია:

„მე შევიძინე „სედანი“ და „ტერა ბანკის ამონაწერს გაჩვენებთ, 8500 დოლარის სესხი მაქვს აღებული, ნაწილი მქონდა დაგროვილი,  პატივცემულო, სადღაც 13 ათას დოლარამდე დაჯდა ეს მანქანა განბაჟების ჩათვლით. ჩემი მანქანის შეძენის საკითხი რა კავშირშია ამ საქმესთან?“ – კითხულობს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.

ბესიკ ცეცხლაძემ „ტერა ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც მას 2023 წელის 24 ნოემბერს სესხის სახით 22 260 ლარი აუღია.

რას პასუხობს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ობიექტურ გამოძიებას ხელი შესაძლოა მერიის მაღალჩინოსანმა შეუშალოს, ვინც თაღლითობის საქმეზე გამოჰკითხეს? – ბათუმის მერიის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ შეკითხვას მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა უპასუხოს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაში კი, გვითხრეს, რომ „ბესიკ ცეცხლაძის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გამოძიების მიმდინარეობის შესაბამისად იმოქმედებს“.

რაც შეეხება ბიზნესმენ ნუგზარ შაინიძეს, ის ამბობს 10 ათასი აშშ დოლარის ირაკლი ბერიძისთვის ჩარიცხვის გარდა, რაც საბანკო ამონაწერითაც დასტურდება, მან ირაკლი ბერიძეს ნაღდი ანგარიშსწორებით გადასცა – 58 ათასი აშშ დოლარი.

ბიზნესმენის თქმით, ისინი შეთანხმდნენ 150 ათასი დოლარის ეტაპობრივად გადახდაზე, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. ნუგზარ შაინიძე ამბობს, რომ მათ შორის ნდობა იყო და სიტყვიერად შეთანხმდნენ.

„ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო ამ თანხის გადახდა… მას მოეწონა ჩემი ავტომანქანა და ავტომანქანა იმ დღესვე გავატანე, დამიზიანა ეს ავტომანქანა და უკან დამიბრუნა, 20 ათას დოლარად მითვლიდა ამ ავტომანქანას.

ჩემთან იყო ჩამოსული, მირჩევნია ხელზე მომცე ფულიო და მივეცი 58 ათასი დოლარი, აღნიშნული თანხის გადაცემას ესწრებოდნენ ჩემი თანამშრომლები.

დღევანდელი მდგომარეობით გადასახდელი მაქვს 82 ათასი აშშ დოლარი. თუ მანქანას გადაიფორმებდა, იქნებოდა 62 ათასი აშშ დოლარი. შეთანხმებული ვიყავით თანხის ეტაპობრივ გადახდაზე… სიტყვიერად ვიყავით შეთანხმებული,“ – გვითხრა ნუგზარ შაინიძემ.

ირაკლი აბაშიძე ადასტურებს, რომ ავტომანქანის გადაცემაზე იყო თანახმა, როცა დაინახა, რომ ფულს არ უხდიდნენ, „თუმცა ისიც დაყადაღებული იყო და გადმოფორმება ვერ მოხერხდა“, – დასძინა „ბათუმელებთან“ ირაკლი ბერიძემ.

____________________________________________________________________________________________________________________

გამოვიგონეთ რობოტი და ჭკვიანი ტანსაცმელი – ქართველი მოზარდები NASA-ში გაემგზავრებიან

გუნდ TerraTech-ის წევრები – დავით რუსია, საბა ხაბურზანია, თამარ გამგებელი, გიგი გამსახურდია და ლუკა კუკავა 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის მთავარი გამარჯვებულები არიან.

გუნდმა მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი შექმნა, რომელიც მაღაროელებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაში დაეხმარება.

გამარჯვებული გუნდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ტეხასში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება და იქ დაგეგმილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.

გუნდი ბათუმის, თბილისის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლების მოსწავლეებისგან არის დაკომპლექტებული.

გუნდ TerraTech – დათო რუსია, საბა ხაბურზანია, თამარ გამგებელი და გიგი გამსახურდია

„ბათუმელები“ დათო რუსიას ესაუბრა, რომელიც ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლობს და ამ გუნდის ერთ-ერთი წევრია. დათო მე-12 კლასელია.

„ამ პროექტზე დაახლოებით შვიდი თვის მანძილზე ვმუშაობდით. პირველი ადგილი მოვიპოვეთ და გავემგზავრებით ტეხასში.

მილენიუმის კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი იყო.

ჩვენი გამოგონება მოიცავს რობოტ მაღაროელს და ასევე ჭკვიან უნიფორმას მაღაროელებისთვის. რობოტის შექმნის მიზანია, შექმნას მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხო გარემო მაღაროში“, – გვეუბნება დათო.

საქართველოში არსებული მაღაროების და შახტების უმრავლესობაში სიცოცხლისთვის საშიში გარემოა. არაერთი ტრაგიკული ფაქტიც მომხდარა ამ წლების განმავლობაში.

დათო ამბობს, რომ სწორედ ეს იყო მათი გამოგონების ინსპირაციაც.

„აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ცვლილება მოგვეტანა.

მაღაროელი რობოტი ქმნის მაღაროების 3D რუკას, აფიქსირებს მავნე აირებს დახურულ სივრცეში, წმენდს აირებს, რადგან ხშირად მაღაროების აფეთქებას იწვევს დაგროვილი აირები.

ყველაზე გავრცელებული გაზი მაღაროებში არის მეთანი, რომელსაც სუნი არ აქვს და შეუძლია მოულოდნელად გათიშოს ადამიანი. რობოტში ჩამონტაჟებული სენსორები აფიქსირებს ამ გაზებს და აკეთებს პრევენციას.

ყველა ეს მონაცემი იგზავნება სამონიტორინგო სისტემაში, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უსაფრთხოებაზე.

რაც შეეხება მაღაროელის უნიფორმას, ისიც დააფიქსირებს ამ გაზს და მისცემს სიგნალს არა მხოლოდ მაღაროელს, არამედ გადასცემს ამ სიგნალს ზემოთაც, რომ სწრაფი კავშირი დამყარდეს მაღაროსა და ზედაპირს შორის, სამონიტორინგო სისტემასთან.

ეს არის ინოვაციური სისტემა, რომელსაც შეუძლია ნამდვილად გადაარჩინოს სიცოცხლე. ჭკვიანი უნიფორმა ასევე აგროვებს მაღაროელების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას და აქედან გამომდინარე შესაძლებელია მათი სასიცოცხლო მაჩვენებლების გაზომვა, როგორიც არის პულსი, ტემპერატურა და ასე შემდეგ“, – გვეუბნება დათო რუსია.

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, როგორც დათო გვეუბნება, გუნდის წევრებმა კონსულტაცია გაიარეს პროფესიონალ მაღაროელებთან და საქართველოში არსებული მაღაროების და შახტების სტრუქტურა შეისწავლეს.

რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი, რომ ეს სისტემები პრაქტიკულ გამოყენებაში დაინერგოს? – ვკითხეთ დათოს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოგონება მასშტაბურად დიდია, „ის ჯერ მაინც რჩება პროტოტიპად“.

„აქედან გამომდინარე, შემდეგი ჩვენი სვლა არის ის, რომ შევქმნათ ამ რობოტის გაუმჯობესებული ვერსია და ამის კვლევის პროცესში ვართ.

ანალოგი არ არსებობს, მხოლოდ ჩვენი რობოტის მიახლოებული ვერსია არსებობს, რომელიც ქმნის მაღაროს 3დ რუკას ან სამუშაოებში ეხმარება მაღაროელებს.

ჩვენი პროექტი კი ქმნის მთლიან სისტემას, სხვადასხვა მოწყობილობების და კომპონენტების მეშვეობით შექმნის უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიურ გარემოს, განსაკუთრებით საქართველოს მაღაროებში“, – გვეუბნება ის.

დათო რუსია არის ორი სტარტაპის დამფუძნებელი. ერთი პროექტი გულისხმობს ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროების შექმნას. ახალგაზრდებმა ამ პროექტის მესავე ვერსიაც შექმნეს, რომელიც უფრო მეტ ელექტროენერგიას წარმოქმნის და უფრო გამოყენებადია.

„გვინდა ამ პროექტის უკეთესი ვერსია მივიღოთ, ამაზეც ვმუშაობთ და ალბათ ზაფხულისთვის დავაპატენტებთ ამ გამოგონებას.

კიდევ გვაქვს ერთი პროექტი, რომელზეც ახლა დავიწყეთ მუშაობა და ჯერჯერობით არ ვაჟღერებთ თემას“, – ამბობს დათო.

მისი თქმით, არსებობს გამოგონებები, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ბაზარზე გასვლას და იმედი აქვს, რომ მისი გუნდის მიერ შექმნილი გამოგონებაც მალე დაინერგება პრაქტიკაში.

ერთი მხრივ, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ქართველ მოსწავლეებს პრობლემები აქვთ მათემატიკაში და წაკითხულის გააზრებაში, თუმცა არსებობს მეორე მხარეც, რომელიც აჩვენებს ქართველი ახალგაზრდების წარმატებას.

რა ქმნის ამ განსხვავებულობას? – ვეკითხებით დათო რუსიას.

მისი აზრით, სანამ სტემში გაწევრიანდებოდა, მისთვის რთული იყო იმის გაგება, რისი კეთება სურდა მომავალში. მაგრამ სტემმა ყველაფერი შეცვალა.

„სტემი რეალურად არის პრობლემების გადაწყვეტის საშუალება. გეხმარება იმაში, რომ ადამიანმა იპოვო შენი საქმე და რეალური ცვლილება მოიტანოს სამყაროში.

ამიტომ აუცილებელია მოტივაცია შეიქმნას ბავშვებისთვის. მეტი დაკვირვება საჭირო. აი მაგალითად, ყოველდღე ვხედავთ შუქნიშანს, მაგრამ არ ვიცით, როგორ მუშაობს ის. როგორ მუშაობს მაგალითად განათება და ასე შემდეგ. მსგავს დეტალებზე უნდა დააფიქრო ბავშვები და კითხვები გაუჩინო.

რა თქმა უნდა, სკოლა და ოჯახური გარემოც მნიშვნელოვანია ამ ინტერესების შესაქმნელად, მაგრამ მთავარი ინტერესის გაჩენაა.

ბევრგან არსებობს ტექნოპარკები და აუცილებელია ამ სივრცეების გამოყენებაც, რომ ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართ, ბავშვების ინტერესები გაიზარდოს“, – გვეუბნება დათო რუსია.

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში“ – 84 წლის ქალი

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში, ალბათ ყველას შევიფარებდი სანამდეც გავწვდებოდი. მიუსაფარ ძაღლებსაც მივიყვანდი სახლში. გული მიკვდება უსახლკარო ადამიანებს და მიუსაფარ ძაღლებს რომ ვუყურებ.

ყოველდღე ვყიდულობ პურს და ქობულეთში რვა ძაღლს ვაპურებ, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილებს. უნდა ნახოთ, როგორ შემომცქერის 16 თვალი, როგორ მელოდებიან რომ ვაჭამო, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილი ჩემი ძაღლები“, – ამბობს 84 წლის თამარ დოლიძე, რომელსაც საკუთარი სახლი არ აქვს და ნათესავებსაა ქობულეთში შეფარებული.

თამარი კვირაში ერთხელ, ყოველთვის ჩამოდის ქობულეთიდან ბათუმში და უსახლკაროების აქციებს უერთდება. უკვე ორი წელია, უსახლკაროები ყოველ ხუთშაბათს მართავენ აქციებს ხან ბათუმის მერიასთან, ხანაც აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, თუმცა უშედეგოდ.

სახლი არც 84 წლის თამარ დოლიძეს აქვს. ნათესავების ოროთახიან ბინაში ერთი პატარა ადგილი აქვს გამოყოფილი, სადაც ღამით იძინებს, დღისით კი ფეხით დადის ქალაქში, სეირნობს ზღვის პირას და ძაღლებს აპურებს, მერე დასაძინებლად ნათესავთან ბრუნდება.

უსახლკარობის დიდ პრობლემაზე საქართველოში ხშირად საუბრობდა წინა წლებში სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები. რა იწვევს უსახლკარობას და როგორია მისი მასშტაბები – სახელმწიფოს ამის შესახებ არ აქვს ოფიციალური მონაცემები, არ არსებობს არც სისტემური მიდგომა უსახლკარობის მიმართ, პრობლემა კი არ გვარდება და დროთა განმავლობაში მწვავდება.

ძალიან უნდა ჩემს ნათესავს რამე ადგილი გამომიყოს, თავადაც შეწუხებულები არიან ასეთ დღეში რომ ვარ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, თავადაც ძლივს თავსდება ოჯახი ოროთახიან ბინაშიო, ამბობს 84 წლის ქალი.

თამარი ქობულეთში კულტურის განყოფილების გამგედ მუშაობდა 1979-1986 წლებში, მერე რედაქციაში მიიწვიეს, კარგად ვწერდი და გაზეთის კორესპონდენტად ვმუშაობდიო, ამბობს. ცხოვრების საუკეთესო წლები რედაქციაში გაატარა:

„პედაგოგიური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. რასაც ვაკეთებდი, ვაკეთებდი ყოველთვის ხალისით და გულით. ყველა მიცნობდა, სამსახურიდან სამსახურში მიწვევდნენ. მერე წლები გავიდა და ამ რედაქციის შენობაც კი დაინგრა. ოდესღაც მქონდა ბინა, ერთოთახიანი. 15 წელი ვიცხოვრე ამ სახლში და მერე დავკარგე“, – ამბობს თამარ დოლიძე.

  • „3000 უსახლკარო გვყავს აღრიცხული“

თამარმა ბინა იპოთეკით დატვირთა კერძო პირთან, ვისგანაც 40 ათასი ლარი ისესხა. ახლობელი დაავადდა მძიმე სენით და საჭირო იყო მკურნალობა, ოპერაციები…  თამარმა სესხი ვეღარ დააბრუნა და ბინა დაკარგა. ნათესავმა შეიფარა.

„სხვისი სახლიდან, სადაც ახლა ვცხოვრობ, ის სახლიც მოჩანს, რომელიც დავკარგე, ყოველდღე ვხედავ. ძალიან მტკივნეულია ეს, 84 წლის ასაკში უსახლკარობა ძალიან რთულია. არც დავქორწინებულვარ არასდროს, ჩემი ოჯახი არ მყავს“, – ამბობს თამარი.

ბინის დაკარგვის შემდეგ რუსეთში წავიდა სამუშაოდ 1998 წელს და 2018 წლამდე იქ ცხოვრობდა. მუშაობდა რუმინელი ოჯახის რესტორანში. როცა იგრძნო, რომ ასაკი ემატებოდა, გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო.

მხნედაა, ყოველდღე 5, 6 კილომეტრს გადის ფეხით და იკვებება ზომიერად. ეს არის ჩემი მხნეობის მიზეზიო, ამბობს:

„ორი წელია უსახლკაროების არცერთი აქცია არ გამიცდენია ბათუმში, ყოველ ხუთშაბათს აქ ვდგავარ მზესა თუ სიცივეში, სულ. მჯერა აქ მდგომი ადამიანები ოდესმე საწადელს მიაღწევენ და ღირსეული საცხოვრებელი ექნებათ. ვერ აღვწერ რამხელა დამცირებაა ადამიანისთვის უსახლკარობა, მიუსაფრობა.

დაახლოებით 3000 უსახლკარო გვყავს აღრიცხული. აქციებზე კი 40, 50 ადამიანი ახერხებს ყოველ ხუთშაბათს შეკრებას, მეტი ვერა. ზოგს დიდი ოჯახი აქვს, ზოგი მარტოხელაა, ბევრია მარტოხელა დედაც, შვილებს რომ მხოლოდ თავად ზრდის, არიან მეწყერსაშიში და დამეწყრილი სოფლებიდანაც, ხულოდან, შუახევიდან, ხელვაჩაურიდან და სულ ვფიქრობ: აქ ვინც ვდგავართ, აქციებზე, ვინ მოვესწრებით ჩვენ ჭერს და ვინ ვერა? ნეტა მოვასწრებ? სულ ეს ფიქრები მიტრიალებს თავში“, – ამბობს თამარ დოლიძე.

უსახლკაროთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს: „სახელმწიფოს არ აქვს სტრატეგიული ხედვა, თუ როგორია მისი მოკლე და გრძელვადიანი მიზნები ამ პრობლემასთან საბრძოლველად (თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტიპის ძალისხმევას); არსებული მხარდაჭერის პროგრამები არასათანადოა და უსახლკარობის ვიწროდ განმარტების პირობებში არ ქმნის უსახლკარო პირის გაძლიერების შესაძლებლობას“ – წერია EMC-ის შეფასებაში.

თამარ დოლიძე უსახლკაროების აქციაზე ბათუმში, 21 დეკემბერი
  • „ვიმუშავებდი…“

თამარ დოლიძე თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ მხარი მტკივა ხანდახან და წამლებით, მალამოებით ვიყუჩებო, გვეუბნება. არც საავადმყოფოში მოხვედრილა არასდროს, კოვიდინფიცირების პერიოდის გარდა. გულმა ,,ოდნავ მიბწკინა“ და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აღმოვჩნდი ერთხელო, იხსენებს.

გული სწყდება, რომ დასაქმებაზე ყველგან უარს ეუბნებიან ასაკის გამო. იჩაგრება ასაკოვანი ადამიანი საქართველოშიო, ამბობს თამარ დოლიძე.

„კარგ ამინდში სულ ზღვის პირას ვარ, ვსეირნობ, სუფთა ჰაერს ვსუნთქავ და ვკაჟდები. მინდა ვმუშაობდე, მაგრამ ყველგან უარს მეუბნებიან. საწარმო გაიხსნა ქობულეთში, ტანსაცმელს ქარგავენ. ვიფიქრე დამლაგებლად ვიმუშავებ-მეთქი და 30 წლამდე ახალგაზრდებს ვეძებთ, თქვენ ვერ დაგასაქმებთო მიპასუხეს. 30 წლის რომ ვიყო საერთოდ რად მინდა თქვენი სამსახური-მეთქი, ვიფიქრე.

ნორმალურ ქვეყნებში ყველას აძლევენ შესაძლებლობას იმუშაოს თუ შეუძლია. იტალიაში 80 წლის ხალხიც მუშაობს. მეც ხომ მესმის რას ჰყვებიან ემიგრანტები.

ბიბლიოთეკაშიც ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით. მაინც სულ ბიბლიოთეკაში ვარ. ქობულეთის ბიბლიოთეკაში რომ იკითხოთ ჩემი სახელი და გვარი ყველა მიცნობს. კვირაში 4, 5 წიგნს ვკითხულობ“, – ამბობს ყოფილი ჟურნალისტი.

  • „1300 ლარი გამოვიტანე ბანკიდან პენსიით 2018 წელს 4 წელიწადში უნდა დასრულებულიყო და 2026 წლამდე გამიწელეს“

პენსიის საფუძველზე სესხი 1300 ლარი 2018 წელს აიღო თამარ დოლიძემ. 4 წელიწადში უნდა დაეფარა, მაგრამ ბანკმა 2026 წლამდე გაუგრძელა სესხი ახსნა-განმარტების გარეშე.

თამარის პენსია 365 ლარია. აქედან 65 ლარს იხდის ბანკში ყოველთვიურად.

„ექიმმა გამომიწერა დიკლაკ ფორტე, მალამოა ასეთი. ძალიან მტკივა მხარი, დიკლაკი და დექსალგინი დამინიშნეს. 13,90 ღირს წამალი ერთგან, მეორეგან 17, 30.

ორი ტუბი მჭირდება თვეში. თითქოს უფასოდ იძლევიან წამლებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მაგრამ გამოგიწერს ექიმი, მიდიხარ აფთიაქში და გეუბნებიან, რომ ეს წამალი არ არის და დამთავრდა. უნდა იყიდო მერე იქ, სადაც არის ხელმისაწვდომი.

ჩემი პენსიიდან 200 ლარს საკვებ პროდუქტებში ვხარჯავ. წამლისთვისაც არ გყოფნის პენსია, თურქეთში იაფია შედარებით მედიკამენტები, მაგრამ 84 წლის ქალმა სად ვიარო თურქეთში, მეშინია რამე არ დამემართოს“, – ამბობს თამარ დოლიძე.

  • „უნდა მივაკითხო მერს“

მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს საცხოვრებელი და მისი მთავარი საზრუნავი ეს არის, თამარ დოლიძე ამბობს, რომ აწუხებს ყველაფერი, რასაც ირგვლივ ხედავს. ამბობს, რომ ყველამ ყველაფრის გამოსწორება უნდა სცადოს, რაზეც ხელი მიუწვდება:

„ქობულეთში აღმაშენებლის და რუსთაველის ბიუსტები დადგეს მათივე სახელობის ქუჩებზე, მაგრამ ჩაბნელებულია ღამით ეს ბიუსტები! ხომ უნდა დაინახოს ღამით ქალაქში ჩამომსვლელმა, რომ ქობულეთში დავითის და შოთას ქუჩებზე მათი ბიუსტები გვაქვს. ხომ უნდა შეავლონ მათაც თვალი? ვფიქრობ, აუცილებელია განათებები დავუმონტაჟოთ ამ ბიუსტებს და გავანათოთ, რომ ღამითაც ამშვენებდნენ ჩვენ ქალაქს“, – ამბობს თამარ დოლიძე.

წუხს ქობულეთის ბიბლიოთეკის შენობაზეც, რომელიც, მისი თქმით, ავარიული და აუცილებელია გარემონტება:

„ეს ადგილი ჩემთვის სახლივითაა, უნდა შევიდე მერთან და დაველაპარაკო, ბევრი სათქმელი დამიგროვდა, მისახედია ბიბლიოთეკის შენობაც!“ – გვეუბნება ქალი ქობულეთიდან.

ბათუმში სულაკაურის წიგნის მაღაზია გაიხსნა

გორგილაძის #27 – ამ მისამართზე გაიხსნა დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში, სულაკაურის წიგნის მაღაზია. ეს გამომცემლობის რიგით მე-11, აჭარაში კი პირველი მაღაზიაა.

„სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორის, თინა მამულაშვილის თქმით, ბათუმში წიგნის მაღაზიის გახსნა დიდი ხანია იგეგმებოდა.

„ჩვენი მიზანია, წიგნის კითხვა ადამიანებს ბავშვობიდანვე შევაყვაროთ და მიხარია, რომ აქ, ჩვენს საყვარელ ქალაქში ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავ.

გამომცემლობის მთავარი სურვილია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს წიგნის ქონის და კითხვის შესაძლებლობა“ – უთხრა „ბათუმელებს“ თინა მამულაშვილმა.

მისი შეფასებით, ქართველ მკითხველთა რიცხვი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დღეს სულაკაურის წიგნის მაღაზიის გახსნას ბათუმში მწერალი არჩილ ქიქოძე ესწრებოდა. მან მკითხველებს თავისი ახალი წიგნი, „ინდოეთის დღიური“ წარუდგინა.

„მკითხველთან შეხვედრის შესაძლებლობა ყველა მწერლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ წიგნის პრეზენტაცია მაღაზიის გახსნას დაემთხვა და იგი პირველად ბათუმელ მკითხველს გავუზიარე“ – თქვა მწერალმა.

„სულაკაურის გამომცემლობა“ ბათუმში მკითხველებს ახალი წიგნების პრეზენტაციებსა და ქართველ მწერლებთან შეხვედრას ჰპირდება. მანამ კი ბათუმში მკითხველები სულაკაურის წიგნის მაღაზიაში 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ 15 იანვრამდე.

„სულაკაურის გამომცემლობა“ 25 წელია არსებობს. მაღაზიის რიგით მე-12 ფილიალი გორში 2024 წლის იანვარში გაიხსნება.

ნახეთ ფოტორეპორტაჟი მაღაზიის გახსნიდან.

ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი
ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი
ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი
ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი
ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი

________________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

ამინდი მკვეთრად შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა და შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

მოსალოდნელია წვიმა – ზოგან ძლიერი, ასევე, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო.

მწვანე ბოსტნეული მაიონეზიანი სალათების ნაცვლად – ექიმის რჩევები საახალწლოდ

ახალი წლის შემდგომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძირითადი ჩივილები წონის მატებასა და შებერილობას უკავშირდება, რაც ცხიმიანი და შაქრიანი საკვების გაზრდილი მოხმარების შედეგია, რომელიც ავტომატურად ანელებს საჭმლის მონელებას. ასეთ დროს ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და შებერილობის სიმპტომები. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ გასტროენტეროლოგი, ხათუნა ციცქარავა „ბათუმელებთან“ საახალწლო სუფრის ყველაზე საზიანო პროდუქტების კომბინაციებზე, მათ ჯანსაღ ალტერნატივებსა და სხვა რეკომენდაციებზე საუბრობს.

  • ქალბატონო ხათუნა, რამდენად შესამჩნევია გასტროენტეროლოგიური ჩივილების მქონე პაციენტების მომართვიანობის ზრდა საახალწლო და ახალი წლის შემდგომ პერიოდში?

ახალი წელი ქართველებს, შეიძლება ითქვას, გამოცდად გვევლინება. სხვა პერიოდებთან შედარებით 3-5-ჯერ იზრდება ინტოქსიკაციების სიხშირე ზედმეტად მიღებული პროდუქტისგან, კვებითი იქნება თუ ალკოჰოლური. საახალწლო სუფრაზე არის ძალიან მრავალფეროვანი კერძები, შერეული საკვები, ტკბილეული, ნიგვზიანი, ცომეული და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ალკოჰოლი – რაც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

პაციენტები ამ მიზეზით ახალი წლის ღამითაც შემოდიან. გადაჭარბებული კვება და თრობა ძალიან ხშირად სრულდება სასწრაფოს გამოძახებით და პაციენტის კლინიკაში მოხვედრით. პაციენტების დაახლოებით 70 პროცენტი ამბულატორიულად აკითხავს გასტროენტეროლოგს ახალი წლიდან პირველი 2-3 კვირის განმავლობაში (რეგულარულად).

  •  რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

საქმე ის არის, რომ ჭარბად მიღებული ალკოჰოლი, ზედმეტად ცხიმიანი და მარილიანი საჭმელი, ტკბილეული, რომელიც კარაქზე, მარგარინზე მზადდება, ზრდის მიღებული საკვების ენერგეტიკულ პოტენციალს, ბალანსი ირღვევა მიღებული საკვების ოდენობასა და ორგანიზმის მიერ მიღებული საკვების გადამუშავების უნარს შორის.

ორგანიზმს ერთბაშად ამ ყველაფრის გადამუშავება არ შეუძლია. ამ პერიოდში საღამოობითაც ხშირად მივირთმევთ, ანუ ფაქტობრივად ვახშმად მივირთმევთ სადილს, რა დროსაც არა მარტო კუჭი, არამედ მთლიანი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ზიანდება. თუ იქ დაავადებები არსებობს, მატულობს რისკის ფაქტორები, როგორც კუჭზე, ისე წვრილ ნაწლავზე.

ნიგვზიანი პროდუქტით, განსაკუთრებით ნიგვზიანი და ტომატიანი/პომიდვრიანი საკვებით სერიოზულად ღიზიანდება ნაღვლის ბუშტი; ზედმეტი წითელი ღვინო და ღორის ხორცი გარდა იმისა, რომ აზიანებს ღვიძლს, იწვევს სწორი ნაწლავის გაღიზიანებას, სისხლდენებსაც კი იწვევს ახალი წლის შემდგომ პერიოდში.

აქვე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ სწორად დაყენებული ღვინო შედარებით უფრო ნაკლებად მავნეა, ვიდრე მაღალი კონცენტრაციის ალკოჰოლი [არაყი, ვისკი და აშ.], ანუ საკვებთან მცირე რაოდენობის ღვინო შედარებით უფრო უსაფრთხო კომბინაციაა, თუმცა სასარგებლო მაინც არ არის.

 Gleneagles Hospital: ტკბილეულის და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას შეუძლია დაარღვიოს მიკრობების ბალანსი ჩვენს ნაწლავში. ამ მდგომარეობას ჰქვია დისბიოზი. მაგალითად, შაქარი თრგუნავს სასარგებლო ბაქტერიას (Bacteroides thetaiotaomicron), რომელიც გვხვდება ჯანმრთელი ადამიანების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ასრულებს გადამწყვეტ როლს ბოსტნეულსა და ხილში ნაპოვნი ბოჭკოს ფერმენტაციაში; ხოლო ალკოჰოლი არა მხოლოდ აზიანებს ღვიძლს, არამედ ამცირებს ჩვენი ნაწლავის უნარს, წარმოქმნას ბუნებრივი ანტიბიოტიკები, რომელთა   შემცირებაც მავნე ბაქტერიების გამრავლების საშუალებას იძლევა, რაც შემდგომ ზიანს აყენებს ღვიძლს და ალკოჰოლით გამოწვეული ზიანი ორმაგდება.

  •  რომელ საათზე უნდა მივირთვათ ვახშამი?

ვახშმად ზოგადად მსუბუქი კვება უნდა იყოს და დიდი მნიშვნელობა აქვს დროსაც. ბოლო კვება ადამიანს უნდა ჰქონდეს 19:00 საათზე. სამწუხაროდ, არანორმირებული სამუშაო განრიგისა თუ სხვა მიზეზების გამო, ჩვენ 19 საათის მერე ვსადილობთ, ამას დიდი წვლილი შეაქვს გასტროენტეროლოგიური დაავადებებისა და სიმპტომების დამძიმებაში. 

გვიან ღამით დიდი რაოდენობით მიღებულ საკვებს, განსაკუთრებით ცხიმიანს,  ვერ შლის, ვერ ინელებს კუჭ-ნაწლავის სისტემა. ახალი წლის პერიოდში ეს პროცესი კიდევ უფრო ძნელდება, რადგან დღეების განმავლობაში მიღებული უხვი და მძიმე საკვების გამო ორგანიზმი გადატვირთულია, მოდუნებულია ნაწლავების პერისტალტიკაც [ნაწლავების, კუჭის კედლების ტალღისებრი შეკუმშვა-მოდუნება, რაც უზრუნველყოფს მისი შიგთავსის გადაადგილებას]. 

  •  რამდენად გამართლებულია წინასაახალწლო სუფრამდე კვების შემცირება და ამ ფორმით „მომზადება“?

რატომღაც პოპულაციაში ხშირია ასეთი პრაქტიკა, რომ „წინასაახალწლო დღეებში მოდი, დავასვენებ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არ შევჭამ ბევრს…“ თითქოს ასე ამზადებენ ორგანიზმს, რომ მერე ერთიანად მიიღონ ამდენი საკვები. ეს ძალიან ცუდად აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე უკვე შემდგომ დღეებში.

ალკოჰოლი ისედაც ამძაფრებს კვების მოთხოვნილებას, წინა დღეების არ ჭამის ფონზე მშიერ კუჭზე რომ სვამენ, გარდა ალკოჰოლის საზიანო ეფექტისა, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის საკვებსაც იღებს ადამიანი, რაც ხდება უკვე არსებული დაავადებების გამწვავების, ან მისი გამოწვევის მიზეზი.

  • როგორ გავხადოთ ახალი წლის დღეებში კვება უფრო ჯანსაღი, ნაკლებად საზიანო?

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არიან ჩემს პრაქტიკაში ადამიანები, რომლებიც ახერხებენ კვების რეჟიმის დაცვას ახალ წელს და ეს მართლაც შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში კი – აუცილებელიც.

თუ ჩვენ შეველევით მაიონეზიან სალათებს და მათ მწვანე ბოსტნეულით ჩავანაცვლებთ, ასეთი კომბინაცია გაცილებით ნაკლებ საზიანო იქნება ხორცთან თუ თევზთან; ასევე, ეს ხორცი და თევზიც მომზადებული უნდა იყოს გრილზე, ცხიმის გარეშე; მარგარინიანი და კარაქიანი, ძლიერ ტკბილი ნამცხვრები, შეიძლება ჩანაცვლდეს ხაჭოს ნამცხვრით, ან სხვა, უფრო ჯანსაღი დესერტებით.

  • რამდენად სწორია ტკბილი, გაზიანი სასმელების დაყოლება ცხიმიან საკვებზე? როგორც წესი, რეკლამებშიც კი ასეა მოწოდებული ეს კომბინაცია.

მე კატეგორიულად ვკრძალავ ნებისმიერ ტკბილ, გაზიან სასმელს, მით უმეტეს, არაფრით შეიძლება მათი მიღება კვების დროს. საშიშია, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მასში შემცველი გაზი ბერავს კუჭს და ახდენს მონელების პროცესში აუცილებელი კუჭის წვენის ნეიტრალიზაციას, იგივე განზავებას, ისევე როგორც უშუალოდ ჭამის დროს მირთმეული გაზირებული მინერალური წყალი და უბრალო წყალი, მაგრამ გაზიანი ტკბილი სასმელები  განსაკუთრებით მავნეა ჭამის დროს; ამის ფონზეც თორმეტგოჯა ნაწლავში გადაიტყორცნება გადაუმუშავებელი საკვები.

უნდა გვახსოვდეს, რომ გაზიანი სასმელი მიიღება კვებამდე ნახევარი საათით ადრე და კვებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. 

ახალი წელი არ არის გამონაკლისების დაშვების მიზეზი ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის.


რამდენიმე რჩევა ამერიკული Mayo Clinic-ისგან:

  • მიზნად დაისახეთ სადღესასწაულო სუფრაზე თეფშის ნახევარი შეავსოთ ხილითა და ბოსტნეულით.
  • აირჩიეთ სასმელი გონივრულად. მაღალკალორიული სადღესასწაულო სასმელების ნაცვლად აირჩიეთ ისეთი უკალორიო სასმელები, როგორიცაა წყალი და ჩაი. თუ გადაწყვეტთ ალკოჰოლის დალევას, გააკეთეთ ეს ზომიერად და შეცვალეთ ყოველი მომდევნო ალკოჰოლური სასმელი ჭიქა წყლით.
  • ეწვიეთ ხალხს და არა საჭმელს. მოაშორეთ სოციალიზაცია სამზარეულოს ან სუფრას, რათა თავიდან აიცილოთ გაუაზრებელი ჭამა.
  • მიირთვით დაკმაყოფილებამდე და არა სრულად დანაყრებამდე. მიირთვით ნელა და ჭამის დროს ამოწმეთ სისავსის დონე.
  • თუ ზედმეტი მოგივიდათ, თავს ნუ დაისჯით, უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი შემდეგი კვება ჯანსაღია და დარწმუნდით, რომ ჩართავთ ფიზიკურ ვარჯიშს თქვენი დღის განრიგში.

მოქალაქეს მტაცებელი ფრინველები უკანონოდ გადაჰყავდა ავტობუსის საბარგულით – დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოავლინეს ფაქტი – მოქალაქე 9 ერთეული მტაცებელი ფრინველის – გავაზებისა და სონღულების ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში განთავსებული სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით ახდენდა.

„მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ფრინველების კანონიერად ფლობისა და ქვეყნიდან გაყვანის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.

აღნიშნული სამართალდარღვევა თითოეულ ერთეულზე 4-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს“ – იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

მეგი გოგიტიძე ქობულეთელია და ამიტომ ვამღერებთ – ქობულეთის მერია

საახალწლო კონცერტებისთვის ქობულეთის მერიას ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. კონცერტებში როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

მათ შორისაა მომღერალი მეგი გოგიტიძეც, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, მაინც მართავს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში კონცერტებს.

მეგი გოგიტიძეს რუსეთში კონცერტების გამართვაზე არც მაშინ უთქვამს უარი, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

გოგიტიძის რუსული ვოიაჟების გამო მიმდინარე წლის ზაფხულში კონცერტი გააუქმა, მაგალითად, ბათუმურმა კლუბმა  Sector-მა. თუმცა ქობულეთის მერია გოგიტიძეს ყოველწლიურად უხდის ბიუჯეტიდან ფულს და არც გოგიტიძის რუსეთში გამართული კონცერტების გამო გრძნობენ უხერხულობას.

„მეგი გოგიტიძე ქობულეთელია და ყოველთვის ვიყენებთ. შარშანაც გვყავდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ნათია ნიჟარაძე.

მას ვკითხეთ, თუ რას ფიქრობს მეგის მიერ რუსეთში გამართულ კონცერტებზე. ნიჟარაძემ გვიპასუხა, რომ ეს კითხვები თავად მეგის უნდა დავუსვათ.

„მეგი არის ჩვენი მომღერალი, ქობულეთელია და შესაბამისად, ყოველწლიურად ქობულეთში ჩვენ მეგისთან გვაქვს აი ასეთი… ჰყავს თავისი მსმენელი, ბავშვები, რომლებიც მოდიან და მოსწონთ“, – აგვიხსნა ნათია ნიჟარაძემ.

როგორც მერიაში გვითხრეს, საახალწლო კონცერტების ორგანიზებას შპს „სივრცე“ უზრუნველყოფს, ამიტომ რამდენს გადაუხდიან გოგიტიძეს ბიუჯეტიდან სიმღერაში, მერიაში არ გვიპასუხეს. „მთლიანი ბიუჯეტი 50 ათასია და ვის რამდენს გადაუხდიან, ამას ალბათ კომპანია გადაწყვეტს“, – თქვეს მერიაში.

საახალწლო ღონისძიებებზე მთლიანობაში ქობულეთის მერია 250 ათას ლარს დახარჯავს.

რესან კონცელიძის ინიციატივით მიღებული კანონი ინტერესთა კონფლიქტს შეიცავს – „გამჭვირვალობა“

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, რესან კონცელიძის ინიციატივით მიღებული სამშენებლო ამნისტიის კანონი ეჭვს ბადებს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, ვინაიდან მისი ძმისშვილები, ვახტანგ და გოჩა კონცელიძეები უშუალოდ არიან ჩართულნი სამშენებლო ბიზნესში, ხოლო კიდევ ერთი ძმისშვილი, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, არჩილ კონცელიძე ზედამხედველობს მშენებლობებს – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რესან კონცელიძე საქართველოს პარლამენტში „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია. ამ ცვლილებებით ამნისტია გამოცხადდა ქალაქ ბათუმში უნებართვოდ ან/და სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა მშენებლობის პროცესი 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით დასრულებული იყო.

გამჭვირვალობა“ იუწყება, რომ ბათუმის მერიამ მათ ორგანიზაციას დაუდასტურა, რომ კონცელიძეების სამშენებლო კომპანიებზე: „თაუნჰაუს ბათუმი”, „რეგო გრუფი” და „ჰოუმ საიდ ტერასა” გაცემულია 35,100 კვადრატული მეტრის ფართის მშენებლობის ნებართვა, ხოლო „ელიტ კონსტრაქშენსა” და „ელიტ კონსტრაქშენ გრუფს” ნებართვა არ მიუღია. „მშენებლობის პროცესში ჩადენილ შესაძლო დარღვევებზე მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ეს ქმედება აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ კონცელიძეებთან დაკავშირებული კომპანიების დარღვევებს მუნიციპალური ინსპექცია მალავს. ამ ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ინსპექციას არჩილ კონცელიძე [რესან კონცელიძის ძმისშვილი] ხელმძღვანელობს.

„გონივრულია ვივარაუდოთ, რომ რესან კონცელიძის ინიციატივა ბათუმში სამშენებლო ამნისტიის გამოცხადების შესახებ სწორედ ასეთმა სამშენებლო დარღვევებმა განაპირობა“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მიმოხილულია რესან კონცელიძისა და მისი ძმისშვილების კარიერული გზა. კერძოდ:

რესან კონცელიძე და მისი ძმისშვილები: არჩილ და გოჩა კონცელიძეები წლების განმავლობაში ერთდროულად მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაღალ თანამდებობებზე.

რესან კონცელიძე 1993 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე მუშაობდა აჭარის პოლიციის და პროკურატურის მაღალ თანამდებობებზე: სხვადასხვა დროს იყო აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, აჭარის პროკურორი და გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ქედის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ბათუმის მაჟორიტარი გახდა.

არჩილ კონცელიძე, რესან კონცელიძის ძმისშვილი, 2019 წლის 31 დეკემბრამდე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილების უფროსი იყო, ხოლო 2019 წლის 26 დეკემბრიდან დღემდე ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ დირექტორია. ბათუმში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა სწორედ ამ სამსახურს ევალება.

გოჩა კონცელიძე, რესან კონცელიძის კიდევ ერთი ძმისშვილი, რომელიც 2017-2018 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იყო, პოლიციიდან წასვლის შემდეგ სამშენებლო ბიზნესში გადავიდა და დღეს შპს „რეგო გრუფის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი, შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუფის“ დამფუძნებელი და 60% წილის მფლობელი, შპს „ჰოუმ საიდ ბათუმის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი, შპს „ჰოუმ გრუფი 2023-ს“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი, შპს „ჰოუმ საიდ ტერასას“ დირექტორი და 50% წილის მფლობელია.

სამშენებლო ბიზნესში ჩართულია არჩილ კონცელიძის ძმა, ვახტანგ კონცელიძე. იგი სამშენებლო კომპანია „თაუნჰაუს ბათუმის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია.

ამასთანავე, არჩილ კონცელიძის მეუღლე, ნინო დევაძე, სამშენებლო კომპანიების „თაუნჰაუს ბათუმის“ და „ელიტ კონსტრაქშენ გრუფის“ დირექტორია. ის, 2020 წელს, მუშაობდა სამშენებელო კომპანიებში „ჰოუმ საიდ ტერასა“ და „რეგო გრუფში“ და წარმოადგენდა მათ ინტერესებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ასევე, ნინო დევაძე, 2021 წლის 1 თებერვლიდან დღემდე, სამშენებლო კომპანია „ელიტ კონსტრაქშენის“ მრჩეველია – იგი იმ კომპანიებს ხელმძღვანელობს, უწევს კონსულტაციას და წარმომადგებლობას, რომლის საქმიანობის კანონშესაბამისობას მისი მეუღლე, არჩილ კონცელიძე აკონტროლებს.

„გამჭვირვალობა“ აქვეყნებს კონცელიძეებთან დაკავშირებულ კომპანიების მშენებლობებსაც.

„შპს „თაუნჰაუს ბათუმი” დაფუძნდა 2023 წლის 10 იანვარს. მისმა მფლობელმა და დირექტორმა, ვახტანგ კონცელიძემ და ნინო დევაძემ, კომპანიის დაფუძნებიდან უმოკლეს დროში, შეიძინეს ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩა #93-ში, მიწის ნაკვეთი, აიღეს მუნიციპალიტეტისგან სამშენებლო ნებართვა და დაიწყეს მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა.

შპს „რეგო გრუფი“ გოჩა კონცელიძის მეუღლემ, მარიკა ჭყონიამ 2017 წლის 8 სექტემბერს დააფუძნა, ხოლო 2018 წლის 4 ოქტომბერს, კომპანიის 100% წილი მას აჩუქა. ამ სამშენებლო კომპანიამ ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის #60-ში, ააშენა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, მშენებლის უკლებლივ ყველა მოთხოვნა, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ პარამეტრებში და შესაბამისად მშენებლობის ნებართვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა. ასევე 2020 წელს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, უძრავის ქონებების სარეგისტრაციო წარმოების მიზნით, „რეგო გრუფს” სწორედ ნინო დევაძე წარმოადგენდა.

შპს „ჰოუმ საიდ ტერასა” (ყოფილი შპს „ლეგო დეველოპერი”) 2018 წლის 12 დეკემბერს დააფუძნა მამუკა მამულაიშვილმა, რომლის 100% წილი, 2019 წლის 1 ივლისს, 100 ლარად იყიდა გოჩა კონცელიძემ.

2019 წლის 26 აგვისტოს, მან კომპანიის 50% წილი 100 ლარად მიყიდა შპს „ტერასა გრუპს”, რომლის დირექტორმა, დავით ჩიჩუამ და 55% წლის მფლობელმა, ლევან დარასელიამ, 2020 წლის 16 სექტემბერს, ჯამში 18,000 ლარი შეწირეს “ქართულ ოცნებას”.

„ჰოუმ საიდ ტერასამ” ქალაქ ბათუმში, პეტრე ჩაიკოვსკის #36/ჰეიდარ აბაშიძის #65-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, რაზეც მუნიციპალიტეტისგან მშენებლობის ნებართვა კომპანიამ გოჩა კონცელიძის დირექტორობის დროს მიიღო და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში პროექტის პირველადი განშლაც მისი ხელმძღვანელობის დროს დარეგისტრირდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, მშენებლის უკლებლივ ყველა მოთხოვნა, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ პარამეტრებში და, შესაბამისად, მშენებლობის ნებართვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა. ასევე, „ჰოუმ საიდ ტერასას” უძრავის ქონებების სარეგისტრაციო წარმოების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2020 წელს, ნინო დევაძე წარმოადგენდა“ – წერს „გამჭვირვალობა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრის, რესან კონცელიძის საკანონმდებლო ინიციატივა ბათუმში სამშენებლო ამნისტიის შესახებ, სავარაუდოდ, შეიცავს ინტერესთა კონფლიქტს, რადგან მასთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიები უშუალოდ აშენებენ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს ქალაქ ბათუმში.

„მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ბათუმის საკრებულოს და მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში შეისწავლონ კვლევაში წარმოდგენილი საკითხები და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები“ – წერს „გამჭვირვალობა“.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – წვიმა, მთაში თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი.

ღამით მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წამში, დღისით იქროლებს დასავლეთის ქარი, 20- 25მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი
  • ღამით: 2 ყინვა – 3 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი – თოვა.

რატომ შეიზღუდა იუსტიციასთან მოძრაობა – შეცვლილია 13 და 14 ნომერი ავტობუსების მარშრუტი

ბათუმში 13 და 14 ნომერი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი მეორე დღეა შეცვლილია. მიზეზი შერიფ ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მიმდინარე სამუშაოებია. ამ ადგილზე საფეხმავლო ხიდის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ.

საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ბათუმში / შარტავას და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთა / 21.12.2023

სამუშაოების გამო შარტავას გამზირზე იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი მხოლოდ „მაკდონალდსის“ [რუსთაველის ქუჩის] მიმართულებით მოძრაობს, ხოლო აქედან ახალი ბულვარის მიმართულებით გზა გადაკეტილია [ავტომანქანით აქ წრეს ვერ გააკეთებ].

ხიმშიაშვილის ქუჩიდან [ახალი ბულვარიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით] მოძრავი ავტოტრანსპორტი კი, წრიულთან უხვევს შარტავას გამზირზე, მოძრაობს ფიროსმანის ქუჩის კვეთამდე და ფიროსმანიდან ისევ გადადის შარტავაზე და შემდეგ აგრძელებს გზას იუსტიციის მიმართულებით. ეს, თავის მხრივ, ქმნის საცობს შარტავა-ფიროსმანის ქუჩებზე.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, შეცვლილია N13 და N14 მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების მოძრაობის უკუმიმართულება.

კონკრეტულად:

  • N13 ავტობუსი გორგილაძის ქუჩიდან [ბათუმი მოლთან] გადადის ჯავახიშვილის ქუჩაზე, შემდეგ ფიროსმანზე და აგრძელებს გზას შარტავას გამზირზე, ისე, რომ ავტობუსი იუსტიციის სახლთან არ გაივლის.
  • ანალოგიურად, იუსტიციის სახლთან არ გაივლის N14 მუნიციპალური ავტობუსი და ის ჯავახიშვილის ქუჩიდან გადადის ფიროსმანის ქუჩაზე, საიდანაც აგრძელებს გზას ინასარიძის ქუჩით.
ბათუმში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის გამო ზოგი მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტი შეცვლილია / ფიროსმანის ქუჩა / 21.12.2023

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა ამ მონაკვეთში. „ხიდის მოწყობის სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულებრივი მარშრუტით აღდგება ავტობუსების მოძრაობაც“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

„ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა კომპანია „საბა კონსტრაქშენს“, რომელიც აქ ხიდს აშენებს.

საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ბათუმში / შარტავას და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთა / 21.12.2023

ჟიული შარტავას გამზირზე მიმდინარე სამუშაოები [ხეივნების განახლება და საფეხმავლო ხიდების მშენებლობა] 2022 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებისა და ხიდების მშენებლობისთვის 2 კონტრაქტია გაფორმებული, ჯამში 23 მილიონ 815 ათას 132 ლარზე.

ამ თემაზე ვრცლად:

რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

ბავშვებზე პიროტექნიკის მიყიდვა 100-200 ლარით დაჯარიმდება – აკრძალვა, რომელიც არ მუშაობს

საახალწლო დღეების მოახლოებასთან ერთად, იზრდება პიროტექნიკის გაყიდვის რაოდენობაც.

2023 წელს, მარტო იანვრის თვეში, პიროტექნიკით დაშავდა 87 ადამიანი, მათ შორის 19 არასრულწლოვანი.

კანონის მიხედვით, პიროტექნიკის მიყიდვა არასრულწლოვნებზე აკრძალულია და იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით. თუმცა ფაქტია, რომ კანონი ვერ სრულდება, რადგან პიროტექნიკას ქუჩებში ყველაზე ხშირად სწორედ არასრულწლოვნები აფეთქებენ.

ბათუმის მერიამ რეალიზატორები წელსაც წერილობით გააფრთხილა, თუმცა ფაქტია, რომ პიროტექნიკა ისევ ხვდება ბავშვების ხელში.

ცოტა ხნის წინ სწორედ ქობულეთში იყო მსგავსი შემთხვევა, როცა 10 წლის ბავშვი ე.წ „ბომბაჩკების“ აფეთქების შედეგად დაშავდა.

პიროტექნიკის აკრძალვას მოითხოვს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. მიმდინარე წელს არაერთი პეტიცია შეიქმნა პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით.

ერთ-ერთი იყო ორგანიზაცია Animal Project-ის პეტიცია, რომელსაც 14 000-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს.

საზოგადოებას თხოვნით მიმართა თბილისის ზოოპარკის დირექტორმაც, რომელიც ამბობს, რომ პიროტექნიკის აფეთქების ნიადაგზე ცხოველებს გული უსკდებათ და ერთ-ერთი ცხოველი დაიღუპა კიდეც.

პიროტექნიკის აფეთქების ხმაზე სტრესს განიცდიან შინაური ცხოველები და იღუპება ათობით ჩიტი.

ფოიერვერკს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც.

საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით არც გარემოს დაცვის სამინისტროს, არც პარლამენტს და მთავრობას ამ მიმართულებით რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

მიმდინარე წლის მარტში „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშიც შეიტანეს, თუმცა 9 თვეა პარლამენტს მისი განხილვა არ დაუწყია.

_____________________

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ პიროტექნიკის რეალიზატორები წერილობით გააფრთხილა.

წუხელ ბათუმში შუახნის კაცი მოკლეს

გუშინ, 21 დეკემბერს, გვიან ღამით, ბათუმში შუახნის კაცი მოკლეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობა „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მოკლული საქართველოს მოქალაქეა.

ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ვინმე ბრალდებული ამ საქმეში.

შსს-ს თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 351 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 5 837 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 10 843 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 8 250 ერთეული [+24]
  • MLRS – 932 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 611 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 365 ერთეული [+23]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 613 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 944 ერთეული [+25]
  • სპეცტექნიკა – 1 217 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გასული დღის განმავლობაში გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 554 თვითმფრინავი
  • 261 ვერტმფრენი
  • 9 955 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 251 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 447 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 572 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

განსაკუთრებული ზონა – ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას მთავრობამ ახალი სტატუსი მიანიჭა

ტერიტორიას ბათუმში, სადაც ხელოვნური კუნძული და ნახევარკუნძულები უნდა აშენდეს, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი მიანიჭა.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს [ფართობები – 1 443 223 კვ/მ,  27 046 კვ/მ და 3 445 კვ.მ], ტურისტული-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი“, – აღნიშნულია მთავრობის 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილებაში, რომელსაც პრემიერი ღარიბაშვილი აწერს ხელს.

დადგენილება 20 დეკემბერს ამოქმედდა.

განსაკუთრებული რეგულირების ზონა ბათუმში

განსაკუთრებული რეგულირების ზონა:

1 – ზღვის აკვატორია [ლურჯი ფერით], რომლის ფართობი 1 443 223 კვ/მ-ია, დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ 65 წლით, აღნაგობის უფლებით არის გადაცემული [ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს ნახევარკუნძულები და კუნძული]. საჯარო რეესტრში მითითებულია ასევე, რომ ეს „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი“ არის „წყლით დაფარული ტერიტორია“.

2 – სანაპირო ზოლი ბარცხანაში, რესტორან „რივიერასთან“ [წითელი ფერით], რომლის ფართობი 3 445 კვ.მ-ია. ეს ტერიტორია დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და ის „ამბასადორზე“ 5 წლით იჯარითაა გადაცემული.

3 – ბარცხანისა და „ბენზეს“ [თამარის დასახლების] პლაჟი/სანაპირო ზოლი ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის [მწვანე ფერით], რომლის ფართობია 27 046 კვ/მ. ეს ტერიტორია დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და ის „ამბასადორზე“ ამ დროისთვის რაიმე ფორმით გადაცემული არ არის [თუმცა ამ ზოლში ქვების შეტანა კომპანიას დაწყებული აქვს].

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის განხორციელება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა, გამონაკლისია ამ კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

ამ მუხლის მიხედვით, „საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, მუნიციპალიტეტს ან მისი ტერიტორიის ნაწილს, მაღალი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო, კულტურული ან/და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი“.

ასეთი ზონისათვის კი, შესაბამის რეჟიმს ან/და განაშენიანების გეგმას ან/და განაშენიანების დეტალურ გეგმას ამტკიცებს არა მუნიციპალიტეტი, არამედ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება.

კოდექსის მიხედვით, განსაკუთრებული რეგულირების ზონაში „მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.“

ამასთან, „მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები განისაზღვრება ქალაქთმშენებლობითი გეგმის ან ზონის განმსაზღვრელი დოკუმენტით დადგენილი რეჟიმის საფუძველზე“.

„ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ბათუმის აკვატორიაში, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემულია 1 443 223 კვ.მ ტერიტორია. კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე ინფრასტრუქტურა. ხელშეკრულების მიხედვით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

არსებული პროექტის მიხედვით, ზღვაში უნდა მოეწყოს 108.5 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, საიდანაც ხელოვნურად შექმნილი კუნძულისა და ნახევარკუნძულების [მიწის] ფართობი 84 ჰექტარი იქნება, ხოლო დანარჩენი გამოყენებული იქნება დამცავი მოლების და შიდა აკვატორიის მოსაწყობად.

  • ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში უკვე წარადგინა:
  • გზშ-სთან დაკავშირებით კითხვები აქვს ნინო ჩხობაძეს, ექსპერტს გარემოსდაცვით საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელს:
  • გზშ-სთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „ამბასადორმაც“:

„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი.

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა 12 იანვარს, დღის 12:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართება [მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. N25].

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში ხელოვნური კუნძულის გზშ-ს საჯარო განხილვა 12 იანვარს გაიმართება

„ბათუმში მოზარდს პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოსტეხეს“ – ადვოკატი

„როგორც ლაშამ განაცხადა, მას პოლიციელებმა მოტეხეს ხელი დაკავების დროს. მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ასევე უთხრა, რომ მიაყენეს შეურაცხყოფა გარდაცვლილი დედის მიმართულებით,“ – ამბობს ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა, რომელიც 17 წლის ლაშა ც.-ს ინტერესებს იცავს.

არასრულწოვნის დის და ადვოკატის მტკიცებით, მოზარდზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს – ხელი მოტეხეს და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით აიძულეს ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში სასურველი ჩვენების მიცემა.

პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება დაწყებული აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ უწყების პრესცენტრში „ბათუმელებს“ დღეს, 21 დეკემბერს უთხრეს, რომ „მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“. გამოძიება სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ჩვენების მიცემის იძულების მუხლებით მიმდინარეობს.

17 წლის ლუკა ც. ბათუმში ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით 13 ნოემბერს დააკავეს. როგორც არასრულწლოვანი ბრალდებულის და მარიამ ც. გვიყვება, პროკურატურის ვერსიით, ლაშამ 5 პირთან ერთად სცადა ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღება. ბრალდებულებს შორის ორია არასრულწლოვანი.

„პროკურატურის ვერსიაა ისიც, რომ თითქოს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც ახლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია, პოლიციელს იარაღი მოჰპარა და გაისროლა… პროკურატურა ამბობს იმასაც, რომ თითქოს ამ ყაჩაღური თავდასხმის დროს დაუზიანდა ლაშას ხელი, როცა ის ფიზიკურად თავს დაესხა ბენზინგასამართი სადგურის დაცვის თანამშრომელს.

ჩემი ძმა უდანაშაულოა და მას ხელი დაკავების დროს მოსტეხეს, ჩემი ძმა ამბობს, რომ მას ხელი პოლიციელმა გადაუტრიალა და ახლა ბანაობასაც ვერ ახერხებს. ციხეში როცა ვნახე, ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, 10 წუთი ჩემი ძმა ხმას საერთოდ ვერ იღებდა. მერეც მეტყველება უჭირს, ნერვიულობს…

ლაშამ სკოლა უკვე დაასრულა და საზღვაო აკადემიაში აპირებდა ჩაბარებას, ჩემს ძმას კანონთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. მეორე არასრულწლოვანი, რომელიც ასევე დააკავეს, ჰქონდა პირობითი მსჯავრი,“ – გვითხრა მარიამ ც.-მ.

ამ საქმეზე პროკურატურამ სულ 6 პირს წარუდგინა ბრალი. ბათუმის საქალაქო სასამართლო ყაჩაღობის ამ შემთხვევას დახურულ სხდომებზე განიხილავს, რადგან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან. ყველა ბრალდებულს მოსამართლემ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, არსებითი განხილვა კი, რამდენიმე დღეში დაიწყება.

არასრულწლოვნის და მარიამ ც. ამბობს, რომ პოლიციელებმა მისი ჩვენება გააყალბეს, რადგან მას ჩვენება საერთოდ მიუცია.

„ჩემ ჩვენებაში პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ თითქოს მე კვირები ვერ ვნახულობდი ლაშას… ისე გამოიყვანეს, თითქოს მე საკუთარი ძმის წინააღმდეგ მივეცი ჩვენება. იმის გამო, რომ მოწმე ვარ, სასამართლო პროცესებს ვერც მე ვესწრები. სასამართლო სხდომას თავდაპირველად მამა დაესწრო, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ახლა კი, კანონიერი წარმომადგენელი ბიცოლაა.

„დის ჩვენებაც გაყალბებულია,“ – ამბობს ლაშა ც.-ს ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა. ადვოკატი გვიყვება, რომ არასრულწლოვნის და მარიამ ც. პოლიციის მე-7 განყოფილებაში საერთოდ არ მისულა, პოლიციელებმა ისე შეადგინეს მისი გამოკითხვის ოქმი და ხელმოწერაც გააყალბეს.

რა ადასტურებს ამას? – ვეკითხებით ადვოკატს.

„პროკურორი წინასასამართლო სხდომაზე ხომ მოიტანდა უკვე პოლიციის ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერებს? პოლიციის განყოფილებაში შიდა პერიმეტრი ფიქსირდება. მომიტანდა და იტყოდა, ამ და ამ საათზე იყო მოსული პოლიციის განყოფილებაშიო.

ჩვენ მოვითხოვეთ კალიგრაფიული ექსპერტიზა. ვენდობი სამხარაულის ექსპერტიზას, მაგრამ ვამზადებ ამ მასალებს გაგზავნას ბრიტანეთშიც ალტერნატიულ ექსპერტიზაზე,“ – ამბობს ცოტნე ტყებუჩავა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლეც არ მოიქცა სამართლიანად, როცა სხდომაზე მისულმა არასრულწლოვანმა მას უთხრა, რომ კონკრეტულად მისი ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო მიღებული, ხოლო მოსამართლეს ამ ფაქტის შესახებ შესაბამისი უწყებისთვის არ მიუმართავს.

„აღკვეთი ღონისძიებაც არასწორად აქვს შეფარდებული, რადგან ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად და ქვეყნის შიდა კანონმდებლობითაც, არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოიყენო. ეს უკიდურესი შემთხვევა რა შეიძლება ყოფილიყო? – მაგალითად, როცა მოზარდი აგრესიულია, მაგრამ აგრესიული არ იყო ბრალდებული. ბავშვმა თქვა, რომ ხელი მოტეხეს მანქანაში და ავტომობილში ჩასმის დროს დაიწყო ყველაფერიო.

ყველა დეტალს ვერ მოგიყვებით საგამოძიებო ინტერესიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, ეს დახურული საქმეა. მეც ცალკე მტკიცებულებებს ვაგროვებ,“ – გვითხრა ცოტნე ტყებუჩავამ.

ამ საქმეზე სავარაუდოდ ლაშას პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის აუდიო ჩანაწერი „მთავარმა არხმა“ მოიპოვა. ჩანაწერში ისმის ასეთი ფრაზები: „ჩათრევას ჩაყოლა სჯობს“, „თუ გინდა, 14 წლამდეა, ძმაო, სროკი,“ „18 წლის არ ხარ ჯერ, ასაკმა გადაგარჩინა“.

„ახალი სკოლის მოდელი“ სამინისტროსგან არ ყოფილა სათანადოდ მხარდაჭერილი – რას ამბობს კვლევა

გამოქვეყნდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასება. კვლევა განათლების სამინისტროს დაკვეთით, „საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

კვლევაში შეფასებულია მესამე თაობის ესგ-ს და ახალი სკოლის მოდელის სკოლებში დანერგვის პროცესი.

კვლევის მიხედვით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის და ახალი სკოლის მოდელის შემქმნელთა მოსაზრებით, რეფორმის განხორციელების გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას წარმოადგენდა ამ რეფორმის ლეგიტიმაციის ნაკლებობა. ეს გულისხმობს იმას, რომ რეფორმას ნაკლებად ჰქონდა სისტემური მხარდაჭერა.

„მისი მიზნები არასოდეს მოაზრებულა, როგორც ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების გამამთლიანებელი, გამჭოლი იდეები.

საერთაშორისო გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ფართო ლეგიტიმაციის გარეშე რეფორმის განხორციელებისას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა იქმნება, რადგან კურიკულუმის რეფორმას მაღალი „ალტერნატიული ღირებულება“ აქვს“.

„რამდენი მინისტრი გამოიცვალა და არავის უხსენებია ახალი სასწავლო გეგმა. ახალი სკოლის მოდელის იდეაც თუ გაჟღერებულა – მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარების კონტექსტში. არასოდეს ჰქონია ამ რეფორმას იდეური მხარდაჭერა“, – ამბობს კვლევაში ახალი სკოლის მოდელის დანერგვის გუნდის ერთ-ერთი წევრი.

რესპონდენტების აზრით, რომლებიც კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ, სისტემური მხარდაჭერის ნაკლებობა უარყოფითად ისახებოდა რეფორმის დინამიკაზე და განხორციელების პროცესში იმგვარი ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა, რაც სტრატეგიულად ნაკლებად ეფექტური იყო რეფორმის გრძელვადიანი მიზნების კონტექსტში.

„მაგალითად, ლეგიტიმაციის ნაკლებობის ერთ საზიანო შედეგად რესპონდენტები მოიაზრებენ დროთა განმავლობაში რეფორმის ფოკუსის დავიწროების ტენდენციას“.

„ახალი სკოლის მოდელი“ იყო, გარკვეულწილად, საერთო პრინციპების დამკვიდრების მცდელობა, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა სფეროში ფრაგმენტული რეფორმების ჩანაცვლებას ერთიანი კომპლექსური მიდგომით, ერთიანი ხედვის ფარგლებში.

იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც სკოლის განვითარების ჰოლისტური ინსტრუმენტი, რომელსაც სკოლის კულტურაც უნდა შეეცვალა.

თუმცა, წლების განმავლობაში ამ მოდელს ჩამოშორდა სხვა კომპონენტები და ვიწროდ, სასწავლო გეგმის დანერგვაზეა ორიენტირებული.

სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმაში იგი კიდევ უფრო ვიწროდ აღიქმება და კომპლექსური დავალებების შექმნა-შესრულებას უტოლდება“, – ასე აფასებს პროცესს, „ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი, სკოლა ლაბი“ კვლევაში.

რესპონდენტების აზრით, რეფორმის განხორციელების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა ის, რომ რეფორმა სკოლების და მასწავლებლების ანგარიშვალდებულების მკაფიო სისტემის არარსებობის პირობებში მიმდინარეობდა:

კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი დირექტორის თქმით, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისას არ იყო მკაფიო განხორციელების გეგმა.

„სკოლის ვალდებულებები ამ პროცესში რა ეტაპზე იწყებოდა და სრულდებოდა პილოტირების ფაზა, რა თანმიმდევრობით და პრინციპებით იგეგმებოდა სკოლების ჩართვა, ნებაყოფლობითი იყო თუ სავალდებულო პროცესში მონაწილეობა, რა პასუხისმგებლობები ეკისრებოდა სკოლას, რა ითვლებოდა სკოლებისთვის წარმატების და წარუმატებლობის ინდიკატორებად“.

მკვლევრების შეფასებით, რეფორმის საწყისი ეტაპიდან სქემების ბუნდოვანებამ სკოლებს გაუჩინა გაურკვევლობის განცდა.

ერთ-ერთი მასწავლებლის შეფასებით, მკაფიოდ არ ჩანდა, როგორ იყო გადაბმული კურიკულუმის რეფორმა სკოლების წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმებზე.

„ისევე როგორც მასწავლებლის კარიერულ განვითარებას. ამ გარემოებამ მასწავლებლებში უთანასწორობის განცდა გააღრმავა. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ „პირველ ეტაპზე ჩართულ სკოლებში პედაგოგებმა გამარტივებული სქემებით მიიღეს სტატუსები.

ამ სკოლებს განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდათ, მაგალითად ტექნიკით აღჭურვა.

ისიც არ ვიცით ბოლომდე, კარგად ვაკეთებთ ამ ყველაფერს თუ ცუდად? რომ გავიგებთ, მგონი, გვიან იქნება“, – ამბობს მასწავლებელი.

კვლევის მიხედვით, მასწავლებლის თვალში ანგარიშვალდებულების ბერკეტის როლს სქემა უფრო ასრულებდა, ვიდრე ახალი სასწავლო გეგმა, მათ შორის ბმა კი სუსტი იყო.

„რატომ ვერ შეიქნა ანგარიშვალდებულების ბერკეტი? არ ვიცი. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, (ცენტრალიზებულ სისტემაში) ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა“, – ამბობს რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენელი კვლევაში.

კვლევაში ჩართული რესპონდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის და ახალი სკოლის მოდელის დანერგვა შეუძლებელია სისტემური მიდგომის გარეშე.

რესპონდენტების აზრით, სტრატეგიულად არასწორი იყო ახალი სკოლის მოდელისთვის სკოლების შერჩევის მიდგომაც. „პროექტი დასაწყისიდანვე, ძირითადად, ერთი ტიპის სკოლებს მოიცავდა, შედარებით მაღალკონტიგენტიან და ქალაქის სკოლებს, რამაც ხელი შეუშალა სხვა ტიპის, მაგალითად, მცირეკონტინგენტიანი, მაღალმთიანი, სოფლის, ეროვნული უმცირესობების სკოლების ჩართვას ახალი სკოლის მოდელში.

„ამ გარემოებამ შემდგომში განაპირობა სკოლებს შორის უთანასწორობის გაღრმავება, როგორც რესურსების, ისე შედეგების თვალსაზრისით. სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად ახალი სკოლის მოდელის შეფასებაზე მუშაობს, ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების დეტალებს განმარტავს:

„597 სკოლა ჩაერთო. მერე ითქვა, რომ ყველა ჩაერთო, თუმცა 1500 სკოლამ ვერ მიიღო ის ბენეფიტები, რაც ე. წ. „ჩართულმა სკოლებმა“ – ინფრასტრუქტურა, რესურსები. ამით ჩვენ გავაღრმავეთ ის უთანასწორობა, რაც გვაქვს“.

„როდესაც 1500 ყველაზე პრობლემურ სკოლას ტოვებ რეფორმის მიღმა, ეს პრობლემაა და ასე არ უნდა ყოფილიყო“, – ამბობს განათლების ექსპერტი კვლევაში.

მასწავლებლებში არათანაბარმა მიდგომამ უთანასწორობის განცდა დატოვა.

„ერთი წლით გვიან ჩავერთეთ, მაგრამ მასწავლებლებს სტატუსზე აღარ შეგვხებია, მივიღეთ მხოლოდ ინვენტარი.

ამის შემდეგ ვინც ჩაერთო, აღარც ინვენტარი, აღარც არაფერი. არათანაბარი მდგომარეობა იყო სრულიად. თუ არის ეს გარეგანი სტიმულები და გვინდა, რომ პროცესში ჩართვის ინტერესი გავაჩინოთ, თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ ყველა სკოლა და მასწავლებელი“, – ამბობს კიდევ ერთი მასწავლებელი.

  • ესგ და ეროვნული გამოცდები

„მასწავლებლებთან და მშობლებთან დისკუსიაში მკაფიოდ ჩანს, რომ ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ამჟამად არ არის თანხვედრაში ესგ-ს მოთხოვნებთან“, – ვკითხულობთ კვლევაში.

მასწავლებლებისა და მშობლების მოსაზრებით, დისკომფორტს ქმნის გაურკვევლობა, რადგან სკოლებისთვის არ არის მკაფიო, თუ რა ცვლილებები იგეგმება ეროვნული გამოცდების ფორმატში.

„ბავშვი გვეკითხება – რა გველის მასწავლებელო? ეროვნული გამოცდები კიდევ იქნება? როგორი ფორმით იქნება? მეთორმეტე მოიხსნება? კითხვის ნიშნის ქვეშაა ყველაფერი.

გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან რთულია, მასწავლებლები არ უნდა ჩაგვაგდოთ ამ პოზიციაში. უნდა გაგვაგებინოთ, არ ვართ ისეთები, რომ ვერ გავიგოთ“, – ამბობს კვლევაში მონაწილე პედაგოგი.

კვლევის მიხედვით, მასწავლებლებმა ზუსტად არ იციან, თუ რა და როგორ უნდა ასწავლონ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით შეძლონ გამოცდების ჩაბარება.

„მართალია, გვეუბნებიან – შეგიძლიათ გამოტოვოთ, საჭიროებისამებრ დიდი დრო დაუთმოთ ერთ თემას და სხვა საერთოდ გამოტოვოთო, მაგრამ მოსწავლემ მითხრა, მასწავლებელო, ჩვენ რომ ეს გამოვტოვოთ, მე რომ შემხვდება მერე ეროვნულ გამოცდებზე, ეგ ჩავწერო, რომ გამომატოვებინა მასწავლებელმა?

ამას ხომ ვერ ჩავწერ? მოსწავლე მაინც ორიენტირებულია, რომ უმაღლესში უნდა გააგრძელოს სწავლა, ყველა არ აგრძელებს, მაგრამ ვინც აგრძელებს? თანხვედრაში უნდა იყოს მოყვანილი“, – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.

კვლევის მიხედვით, ესგ-ს მოთხოვნების თანახმად, სკოლა მუდმივად უნდა ხედავდეს და ამოწმებდეს საკუთარ პროგრესს.

„ახალი მოდელით ქვეყანაში დაგეგმილია მეოთხე, მეექვსე და მეცხრე კლასებში სკოლის ყოველწლიური პროფილების შექმნა.

ამგვარი მონაცემების გარეშე სკოლა ვერ შეძლებს კურიკულუმის განვითარების ციკლის აწყობას“, – ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევაში მონაწილე კიდევ ერთი ექსპერტის შეფასებით, „ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა ქართულსა და მათემატიკაში ამგვარი სისტემის შექმნაზე, მხოლოდ დაწყებით კლასებში.

რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენელი რესპონდენტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ახალი თაობის ესგ-ს მოთხოვნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ცვლილებები უნდა შევიდეს მოსწავლეების სწავლის შედეგების შესამოწმებელ დავალებებში, რაც ეხმიანება საერთაშორისო გამოცდილებას – ინფორმაციის მონაკვეთების ცოდნის შემოწმებიდან აქცენტმა მოსწავლის ჰოლისტურ შეფასებაზე უნდა გადაინაცვლოს“, – მიიჩნევს ექსპერტი.

მისივე მოსაზრებით, ესგ-ს პრინციპებიდან გამომდინარე, დავალებების მიზანი უნდა იყოს „ცოდნის გამთლიანების და პრაქტიკაში გამოყენების შემოწმება“.

„ჩემი აზრით, ეროვნული გამოცდების ტესტები უფრო მეტად უნდა დაემსგავსოს PISA-ს დავალებებს – მოსწავლეს უნდა მიეცეს ცხოვრებისეულ სიტუაციებში პრაქტიკული ხასიათის, პრობლემის გადაჭრის უნარის დემონსტრირების შესაძლებლობა.

მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზნით გამოვიყენებთ ამ დავალებებს – განმსაზღვრელი თუ განმავითარებელი შეფასებისთვის“, -ამბობს საგნობრივი ექსპერტი.

განათლების მინისტრმა მიმდინარე წელს, ეროვნული მიზნებში ცვლილებები დააანონსა. ამ ეტაპზე უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო მის მიერვე დაკვეთილი კვლევების შედეგებს.

მოსალოდნელი ცვლილებები, რომელიც არა მარტო ესგ-ს და მოსწავლეთა შეფასებას შეეხება, სამინისტროს განცხადებით, 2024 წლისთვის იქნება წარმოდგენილი.

საფრანგეთში მიგრანტებისთვის უფასო მკურნალობა ჯერ არ შეიზღუდება – ახალი კანონი

19 დეკემბერს, გვიან საღამოს, ეროვნულმა ასამბლეამ საფრანგეთში მიიღო საიმიგრაციო კანონპროექტი, რომელსაც 349 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 186-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტი ასამბლეამ დაძაბული დებატების და განხილვების შემდეგ მიიღო, აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება იყო თავად მემარჯვენეებს შორისაც.

საფრანგეთს ყოველწლიურად უამრავი ქართველი ემიგრანტი მიმართავს თავშესაფრის მოთხოვნით, მათ შორის უმრავლესობას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა აქვს, რასაც საქართველოში ვერ მკურნალობენ ან პაციენტებს სიძვირის გამო მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდებათ.

საფრანგეთში თავშესაფრის მოლოდინში მყოფი ემიგრანტები ელოდნენ კანონპროექტის განხილვის შედეგს, რადგან ამ კანონის მიღებით საფრანგეთში იზღუდებოდა სახელმწიფო ჯანდაცვაზე არალეგალი მიგრანტების ხელმისაწვდომობა, თუმცა ეროვნულმა ასამბლეამ მნიშვნელოვანი სახეცვლილებებით მიიღო ახალი კანონი იმიგრაციის შესახებ.

მაგალითად, სენატი ითხოვდა, რომ არალეგალი მიგრანტებისთვის საერთოდ გაუქმებულიყო AME, იგივე დაზღვევის სისტემა. სენატი ითხოვდა ასევე, რომ დაზღვევის გაუქმების სანაცვლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სისტემა შექმნილიყო არალეგალი მიგრანტებისთვის ძალიან შემცირებული სერვისებით და წლიური ფიქსირებული გადასახადით, რაც თავად მიგრანტებს უნდა გადაეხადათ.

ეროვნულმა ასამბლეამ სენატის ამ შეთავაზებას მხარი არ დაუჭირა. შეინარჩუნეს არალეგალებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა, თუმცა სენატს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ელიზაბეტ ბორნი დაჰპირდა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა 2024 წელს აუცილებლად დაიწყება.

მედიის ცნობით, თავიდან აღნიშნულ კანონპროექტს მხარს მხოლოდ საფრანგეთის კონსერვატიული პარტია უჭერდა, დებატები მიმდინარეობდა მემარჯვენეებს შორისაც, ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი, ოლერენ რუსო, ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ დარმენენის განცხადებით, ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მექანიზმისთვის საფრანგეთი 1.14 მილიარდ ევროს ხარჯავს ყოველწლიურად. მინისტრის შეფასებით, ეს ეკონომიკურად არამდგრადი მოცემულობაა.

თუმცა, როგორც გამოცემა Figaro წერს, ბინადრობის უფლების მიღება მარტივდება იმ ემიგრანტებისთვის, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაცია აქვთ სხვადასხვა პროფესიაში და დასაქმდებიან საფრანგეთში.

სენატი ახალი კანონპროექტით ითხოვდა ასევე, რომ არალეგალ მიგრანტებს, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიის დატოვების ვალდებულების შესახებ მიუვიდათ ცნობა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ქვეყანა. ეროვნულმა ასამბლეამ კი შეამსუბუქა ეს მიდგომა და ახალი კანონით ასეთი მიგრანტები გადაუდებელი განსახლების სისტემაში შეიყვანა – მათ ,,განსახლების მოლოდინში მყოფი“ პირების სტატუსი მიანიჭა.

ახალი კანონპროექტით სოციალური დახმარების მისაღებად აუცილებელია იმიგრანტს საფრანგეთის ტერიტორიაზე  5 წელი ჰქონდეს გატარებული. ის ემიგრანტები კი, რომლებიც დასაქმებულები არიან საფრანგეთში ლეგალურად, სოციალურ დახმარების მისაღებად ქვეყნის ტერიტორიაზე მინიმუმ 30 თვე უნდა ცხოვრობდნენ.

აქამდე საფრანგეთში 6 თვით ცხოვრება საკმარისი იყო სოციალური დახმარების მისაღებად.

ვინ იმღერებს ახალ წელს ბათუმში – საახალწლო ღონისძიებების განრიგი

ბათუმის კულტურის ცენტრი საახალწლო – სადღესასწაულო ღონისძიებებს 25 დეკემბრიდან იწყებს. საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 2024 წლის 07 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ძირითადი საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან.

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს, 20 საათზე აინთება და გაიმართება საზეიმო გალა კონცერტი: ჯამბაზების წარმოდგენა/ცეცხლოვანი შოუ, იმღერებენ „რანინა“ და ბენდი „რეგიონი“. ღონისძიებას კი DJ-ის პროგრამა დაასრულებს.

საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი ასეთია:

  • 26 დეკემბერი, 19:00 – 24:00 საათი – ბენდი „ქართული“ და ტრიო „გოგლაურა“; ბენდი tabemonomus; ბენდი „თავისუფალი სივრცე“; ბენდი „ლურჯი იალქანი“; DJ chiki
  • 27 დეკემბერი, 19:00 – 24:00 საათი – ბენდი G sound; ბენდი NEO; ბენდი „ირაკლი ფაღავა და მეგობრები“;  ბენდი crash;  DJ ბექა კალანდაძე; DJ ბენე
  • 28 დეკემბერი, 19:00 – 24:00 საათი – ბენდი „კონიაკი“; ბენდი K.A.I.; ბენდი road radio; დავით ევგენიძე ბენდით;  DJ გიორგი ზუმბაძე; DJ ნუგო
  • 29 დეკემბერი, 19:00 – 24:00 საათი – ბენდი OCEAN DRIVE- OD; ბენდი moonlight; სოფო გელოვანი, ედო გორგილაძე, ბათუმური კვინტეტი, აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი, „ფორტე“, ხვიჩა მაღლაკელიძე, თემურ თათარაშვილი, ვერიკო ტურაშვილი, ნინი ქარსელაძე, ნინი შერმადინი, გია ნიკოლაძე, რუსა მორჩილაძე, რუსო თავართქილაძე, ლუკა ჭანიშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, მარიკა თხელიძე; DJ
  • 31 დეკემბერი, 19:00 – 24:00 საათი – ჯამბაზების წარმოდგენა/ცეცხლოვანი შოუ; ღამის შოუს ბენდი; ბენდი „სისაიდი“, ზვიად ბოლქვაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, სანდრო კურცხალიძე, მორის მელაძე, სულხან დევაძე, მარიტა ცეცხლაძე, ლუკა ზაქარიაძე, სალომე მირიანაშვილი, მაგდა გიორგაძე, თათია კობალაძე, ნანუკა მიქაძე, გვანცა ოსიყმაშვილი, მზიკო ფარტენაძე, ჯეკო გოგიტიძე, მერაბიკო დოლიძე, ანრი გუჩმანიძე, გიორგი ნაკაშიძე, ავთო აბესლამიძე; კახაბერი და ხანუმები; DJ
  • 2 იანვარი, 19:00 – 24:00 საათი – ბენდი „ჩერი“, the motion, ბენდი 4 up;  ბენდი and others; DJ Kimo
  • 3 იანვარი, 19:00 – 24:00 საათი – ბენდი Melomaniakk; ბენდი why not; ბენდი „ელანძე“; ბენდი „მაიკერუ“; DJ Qarcii
  • 4 იანვარი, 19:00 – 24:00 საათი – ბენდი GEO PLANET; ნუგზარ ერგემლიძე, მარიამ მოსეშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა სებისკვერაძე, ვაჟა ტუღუში, სალომე კალანდაძე, ბაჩო ნაკაშიძე, ვაჟიკო ხომერიკი, ნატო ღოღობერიძე, ნატო თურმანიძე, ქრისტინე შუშაძე, ნატო ღოღობერიძე, საბა მიქელაძე; DJ David Volkov
  • 5 იანვარი, 19:00 – 24:00 საათი – ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდის კვარტეტი; სულხან დევაძე; აჩიკო გოგიტიძე; DJ mich; DJ khila
  • 7 იანვარი, 19:00 – 24:00 საათი – ჯამბაზების წარმოდგენა/ცეცხლოვანი შოუ; ბენდი „სალიო“; ბენდი „მწვანე ოთახი“; DJ გურული

ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. ამავე დროს, ევროპის მოედანზე გაიმართება საახალწლო ბაზრობა.

საახალწლო ღონისძიებების გარდა, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტა-კლაუსით ბათუმის სხვადასხვა უბანში ივლის.

  • 25 დეკემბერი – ტაბიძის №37 – 17 საათი; აფსაროსის ქუჩა (გონიოს ციხესთან) – 18 საათი; ლერმონტოვის №94 -19 საათი
  • 26 დეკემბერი – ფრ. ხალვაშის 12-ჩიხი №2 (კახაბრის კლუბი) – 16 საათი; ხელვაჩაური „ოცნების ქალაქი“ – 17 საათი;  ფრ.ხალვაშის №322 (სკოლის მიმდებარედ) – 18 საათი; მახვილაურის დასახლება – 19:00 საათი
  • 27 დეკემბერი – გრიშაშვილის №14 (ბენზეს დასახლება) – 17 საათი; ლტოლვილთა დასახლება- 17:40 საათი; მახინჯაური – ახალგაზრდობის №1 – 18:30 საათი; ჩაქვი – 19:30 საათი
  • 28 დეკემბერი – ბონი – მაიაკოვსკის №3 – 17 საათი; ბარცხანა (ეკლესიის მიმდებარედ) – 17:40 საათი; სვიშევსკის №141 – 18:30 საათი
  • 29 დეკემბერი – წმ. თევდორე აჭარელის №2 – 18 საათი; პუშკინისა & გრიბოედოვის კვეთა – 19 საათი; კახაბრის №32 – 19:30 საათი
  • 30 დეკემბერი – ზ.გორგილაძის 80/2 – 17:00 საათი; ვაჟა-ფშაველას №91ა – 17:30 საათი; ჯავახიშვილის სკვერი – 18:40 საათი
  • 31 დეკემბერი – შაფათავა & სულაბერიძის კვეთა – 17:30 საათი; მსვლელობა ცენტრალურ ქუჩებზე

ბათუმში საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდის.

სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა აჭარის საპატრულო, რომელმაც მოქალაქე უკანონოდ დააკავა

ბათუმელმა თემურ გორგაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. მოქალაქემ სასამართლოში დაადასტურა, რომ ის სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს, შემდეგ კი 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, პირის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამო, მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა,“ – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საია სასამართლოში თემურ გორგაძის ინტერესებს იცავდა.

თემურ გორგაძე „გირჩის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია და სუს-ის ბათუმის ოფისთან 2021 წლის 12 ნოემბერს დააკავეს. პოლიციელებს ჰქონდათ ვერსია, რომ თემურ გორგაძემ დაარღვია კანონის მოთხოვნა – 20-მეტრიანი რადიუსის დაცვა ადმინისტრაციულ შენობებთან, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაიზიარა.

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ თემურ გორგაძის 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება. ამჯერად მოსამართლე გიორგი ლობჟანიძემ თემურ გორგაძის სარჩელი დააკმაყოფილა.

არსებობს საგანგაშო მტკიცებულებები ბავშვებში პოპულარულ ელექტროსიგარეტზე – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელექტრონული სიგარეტების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს: მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტის ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი გავლენის მასშტაბი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, დამტკიცებულია, რომ ის წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილი კანცეროგენია, ზოგიერთი კი ზრდის გულისა და ფილტვების დაავადებათა განვითარების რისკს.

„ელექტრონული სიგარეტის გამოყენებამ ასევე შეიძლება იქონიოს გავლენა თავის ტვინის განვითარებაზე და გამოიწვიოს სწავლის დარღვევები ახალგაზრდებში. ელექტრონული სიგარეტის ემისიების ზემოქმედება რისკის შემცველია პასიური მწეველებისთვისაც“.

ჯანმო წერს, რომ ელექტრონული სიგარეტი დაშვებული იქნა ღია ბაზარზე და მოხდა მისი აგრესიული მარკეტინგი ახალგაზრდებში. 34 ქვეყანა კრძალავს ელექტრონული სიგარეტების გაყიდვას, 88 ქვეყანას არ აქვს დადგენილი მინიმალური ასაკი მის შესაძენად და 74 ქვეყანას კი – არ გააჩნია ამ მავნე პროდუქტის რეგულაციური ჩარჩო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველა რეგიონში 13-15 წლის ასაკის უფრო მეტი ბავშვი მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. კანადაში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 16-19 წლის ახალგაზრდებს შორის 2017-2022 წლებში გაორმაგდა, ხოლო ინგლისში (გაერთიანებული სამეფო) ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.

საქართველოში ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის აკრძალულია. თუმცა, როგორც ჩანს, მოზარდებისთვის მათი შეძენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, მოგვიანებით ტრადიციული სიგარეტის მოხმარების გასამმაგებული რისკის ქვეშ დგანან.

ელექტრონული სიგარეტი ხშირად ისე არის მოწოდებული, თითქოს იგი თამბაქოზე თავის დანებების ეფექტური საშუალებაა, რაც ჯანმოს ცნობით არ შეესაბამება რეალობას, “სამაგიეროდ, არსებობს საგანგაშო მტკიცებულებები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მისი მავნე ზეგავლენის შესახებ”.

 „იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული სიგარეტის, როგორც სამომხმარებლო პროდუქტის მიმოქცევა (რეალიზაცია, იმპორტი, დისტრიბუცია და წარმოება) ნებადართულია, აუცილებელია მკაცრი რეგულაციების მიღება მათი მიმზიდველობისა და მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მათ შორის არომატების აკრძალვით, ნიკოტინის კონცენტრაციისა და ხარისხის შეზღუდვით და დაბეგვრით“, – წერს ჯანმო.

 „თამბაქოს ინდუსტრია მდიდრდება ჯანმრთელობის განადგურებით და იყენებს ამ ახალ პროდუქტებს, რათა დაიკავოს ადგილი გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან მთავრობებთან ერთად და მოახდინოს ლობირება ჯანდაცვის პოლიტიკის წინააღმდეგ. თამბაქოს ინდუსტრია აფინანსებს და ხელს უწყობს ცრუ მტკიცებულებების გავრცელებას იმის დასამტკიცებლად, რომ ეს პროდუქტები ამცირებს ზიანს, ახდენს მათ პოპულარიზაციას ბავშვებსა და არამწეველებში და, ამავდროულად, აგრძელებს მილიარდობით სიგარეტის გაყიდვას“, – წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.

ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს, მიიღონ სასწრაფო ზომები ელექტრონული სიგარეტის კონტროლისთვის, რათა დავიცვათ ბავშვები და არამწეველები ელექტრონული სიგარეტის მოხმარების დაწყებისა და ნიკოტინზე დამოკიდებულების განვითარებისგან:

„საჭიროა ძლიერი გადამწყვეტი ქმედება, რათა თავიდან იქნას აცილებული ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ბავშვებში და მოზარდებში მისი გამოყენებისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მზარდი მტკიცებულებების საფუძველზე“.

 ______

ამავე თემაზე:

ჩემი კლასელები „ვეიფს“ ეწევიან – ელსიგარეტის მოხმარების მზარდი ტენდენცია მოზარდებში

 

პატრიარქ კირილის ქსენოფობიური განცხადება და რუსეთის წინსვლა ბახმუტთან – ISW-ის ბოლო ცნობები

რუსულმა ძალებმა ბახმუტის ჩრდილოეთით წინ წაიწიეს და განაგრძობენ უკრაინელ სამხედროებთან ბრძოლას მთელ ფრონტის ხაზზე, ვკითხულობთ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] 20 დეკემბრის ანალიზში.

მკვლევრებმა მიმოიხილეს სხვა საკითხებიც, მათ შორის უკრაინა-რუსეთის შესაძლო მოლაპარაკებების საკითხიც. მათი მოსაზრებით, კრემლი აღარ მიჰყვება პროპაგანდისტულ ხაზს, თითქოს თავად პასუხისმგებელი მხარეა, მაშინ როცა კიევი უარს ამბობს მოლაპარაკებებზე. ამ დასკვნას ანალიტიკოსები კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით აკეთებენ. პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არაა დაინტერესებული მოლაპარაკებით და მათი საფუძველი არ არსებობს.

ანალიზის თანახმად, პროპაგანდის თემამ პროპაგანდისტ ვლადიმერ სოლოვიოვის გაბრაზებაც გამოიწვია, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი [მგუ] ამთავრებს მაგისტრატურის პროგრამას „ინფორმაციულ და ჰიბრიდულ ომზე“. მგუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანმა ახსნა, რომ ამ სპეციალობის სტუდენტებს გაუჭირდებოდათ უცხოეთში დასაქმება.

ომის კვლევის ინსტიტუტის მიმოხილვაში აღნიშნულია რუსეთის პატრიარქ კირილის მიგრანტების საწინააღმდეგო და ქსენოფობიური განცხადებებზეც. პატრიარქ კირილის თქმით, მიგრანტები უარს ამბობენ ასიმილაციაზე და საფრთხეს უქმნიან რუსეთს. მან დასძინა, რომ ეთნიკურად რუსი „ძირძველი მოსახლეობის“ ცხოვრება თითქმის აუტანელია ზოგიერთ რაიონში, მათ შორის მოსკოვშიც და თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, რუსი მართლმადიდებელი ხალხი „დაკარგავს რუსეთს“.

მკვლევრების აზრით, პატრიარქ კირილის განცხადებები „პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში“ ვლადიმერ პუტინის მცდელობასთან, ინკლუზიური „რუსული სამყაროს“ იდეოლოგია ააღორძინოს.

__________________

ფოტო: EPA-EFE/TATYANA ZENKOVICH

40 წელია ირანში არ ვყოფილვარ, არც მე მინდა რეჟიმი და არც მას ვუნდივარ – მოჰამადის ცხოვრება ბათუმში

„ასეთი ირანული ანდაზაა, კაცს ეკითხებიან, სადაური ხარო, კაცი ამბობს, ჯერ ცოლი არ მომიყვანია და არ ვიცი სადაური ვარო“ – ამ ანდაზით იწყებს საუბარს მოჰამად რიგი „ბათუმელებთან“, წარმოშობით ირანელი იურისტი, რომელიც 30-ზე მეტი წელია საქართველოში ქართველ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

მას შემდეგ, რაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რიგი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ამბობს, რომ თავისუფლებადაკარგულ ირანთან ნათესაობას ვეღარ გრძნობს. „თავისუფლება კი, ჩემთვის ყველაფერია“, – გვეუბნება მოჰამადი.

  • მოჰამადის ცხოვრება ჩაქვისთავში და ქართველი მეუღლე

„ჩემი მეუღლე, მარინე გორგილაძე, რუსეთში გავიცანი. ორივე იქ ვსწავლობდით. მე იურისტი ვარ, ის ექიმია. 1993 წელს ვთხოვე ხელი, როსტოვში ვიქორწინეთ, 95-ში კი საქართველოში ჩამოვედით.

ოჯახი თავიდან წინააღმდეგი იყო, პირველი ირანელი ვიყავი, ვინც ცოცხლად ნახეს“, – სიცილით გვეუბნება მოჰამადი.

მისი თქმით, ქართული ოჯახისთვის მაინც პრობლემა იყო ირანელი სიძე. რისი ეშინოდათ? – ვკითხეთ მას. „ისტორიის, შაჰ-აბასის და კიდევ რა ვიცი, ბევრი რამის. შაჰ-აბასის შვილიშვილი ხარო, – მეუბნებოდნენ. მეთქი არ ვარ შვილიშვილი. საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს მის შტოსთან“- გვიყვება თავისი წარსულის ერთი ეპიზოდის შესახებ მოჰამად რიგი.

მისი თქმით, ირანის ისტორიაში საქართველოს შესახებ ბევრი კარგი რამ წერია და სწორედ ამან განაპირობა მისი საქართველოსადმი ინტერესი და სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში.

მოჰამადის ქალიშვილი, მიდია რიგი

„საქართველოს შესახებ ვსწავლობდით, რომ დიდი კულტურის, დიდი ცივილიზაციის მეპატრონე ქვეყანაა. თანაც ჩვენს მეფეებს ქართველი დედები ჰყავდათ ან ჩერქეზი და კავკასიასთან ეს კავშირები გვაახლოებდა.

აი, მე რუსეთშიც ვცხოვრობდი, მაგრამ რუსული კულტურა ძალიან უცხოა ჩემთვის, ქართული კი – უფრო ახლობელი, რადგან სტუმართმოყვარე ხართ, იცით მეგობრობა, აფასებთ ოჯახს, კავშირებს და ამაში გვაქვს მსგავსება.

რუსეთში რომ ვიყავი, ლექციაზე ვიღაც კაცმა შემოიხედა. ხელი დაუქნია ლექტორს და გაუღიმა. ვიფიქრე, ალბათ მეგობარია-მეთქი. ჩემი ლექტორი არ გავიდა გარეთ. მერე თქვა, ეს ჩემი ძმაა, შვიდი წელია არ მინახავსო. წარმოგიდგენიათ? შვიდი წელი. ქართველი კაცი რომ ყოფილიყო, სხვანაირად შეხვდებოდა. აი, ამაშია განსხვავება ქართულ და რუსულ კულტურას შორის“, – გვეუბნება მოჰამადი.

მოჰამად რიგი ოჯახთან ერთად ბათუმის ბულვარში

ის, რასაც მოჰამადი ქართულ კულტურაში ვერ შეეგუა, ალკოჰოლია. ამბობს, რომ ქართველებს ბევრი სმა უყვართ, თავიდან ვცადე კიდეც ფეხის აყოლა, თუმცა თავის ტკივილი მომიხშირდა, ხან რა ამტკივდა და ხან რაო. „ჰოდა, დავანებე თავი“ – ამბობს მოჰამადი.

კიდევ ერთი ამბავი, რის გამოც ქართველების სიძე გაწბილდა, ზედსიძობა იყო.

„ჩემი მეუღლე არის ჩაქვიდან, გორგაძეებიდან და ერთი წელი ვცხოვრობდი იქ, მისი მშობლების ოჯახში რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ. არ ვიცოდი, თუ ქართულ კულტურაში ეს მიუღებელი იყო. ჩასიძება არ უყვართ თურმე ქართველებს. ჩვენთან კი პირიქითაა, გოგომ პირველ ხანებში დედ-მამასთან უნდა იცხოვროს, რადგან შეიძლება ვერ შეეგუოს ახალ გარემოს. აქ პირიქით ყოფილა.

ერთ დღეს ნათესავის საუბარს მოვკარი ყური და მერე დავფიქრდი. მეუღლის მშობლებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მაინც ცალკე გადმოვედით საცხოვრებლად.

თუმცა ახლაც კი, როცა მეკითხებიან სადაური ხარო, ვეუბნები ჩაქვისთავიდან ვარ-მეთქი“, – გვიყვება მოჰამადი.

მოჰამადსა და მის მეუღლეს, მარინა გორგილაძეს ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

  • უცხოელის ბედი საქართველოში

„რთულია საქართველოში რეალიზება. საქართველო უყურებს, ვინ ხარ, ქართველი ხარ თუ არა. უცხოელი თუ ხარ, რომელი უცხოელი ხარ?! თუ ირანიდან ხარ, უარესი. არ უყურებს შენს ცოდნას, არც გამოცდილებას“, – ამბობს მოჰამადი.

მისი აზრით, დისკრიმინაციაა, როცა გვარის გამო ილახება თუნდაც მისი შვილის უფლება.

„ჩემს შვილს დედა ხომ ჰყავს ქართველი არა, მაინც არ მიიღეს პოლიციაში.

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, გამოცდები ჩააბარა, კარგად ისწავლა, სულ მაღალ ქულებზე დაასრულა. სპორტსმენიცაა, მაგრამ მაინც არ მიიღეს.

გასაუბრებაზე უთხრეს – დაგირეკავთო, მაგრამ არავინ არ რეკავს. რატომ? იმიტომ, რომ ირანული გვარი აქვს. არადა, ბავშვობიდან უნდოდა პოლიციელობა. დისკრიმინაციაა ეს, აბა რა. ჩემი გოგო ქართველზე ქართველია. ირანი არ უნახავს, სპარსული არ იცის, მაგრამ არც საქართველო იღებს.

ახლა როგორ ფიქრობთ, დედით ქართველ, აქ გაზრდილ, აქ განათლებამიღებულ ადამიანს რომ უჭირს ადგილის დამკვიდრება, ირანიდან ჩამოსული როგორ დამკვიდრდება?“ – გვეუბნება მოჰამად რიგი.

მოჰამადის აზრით, საქართველოში ორი სახის ტოლერანტობა არსებობს, ერთი ადამიანურია, მეორე კი – პოლიტიკური.

„ადამიანებში არსებობს მიმღებლობა და ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბევრი მეგობარი მყავს. თუმცა არსებობს პოლიტიკური „ტოლერანტობაც“, რომელიც სინამდვილეში არც არსებობს. ეს თამაშია. ქაღალდზე, კანონში არსებობს, თუმცა რეალურად არ არის.

ასე რომ არ იყოს, რატომ არ უნდა დაასაქმონ ადამიანი, რომელსაც განათლებაც აქვს და ღირსიც არის, რომ დასაქმდეს. მესმის, რომ ნეპოტიზმიც არსებობს, მაგრამ მაინც“, – გვეუბნება ის.

  • ორმაგი „აგენტი“ და 40 წელი სამშობლოს გარეშე

მას შემდეგ, რაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, მოჰამადი სამშობლოსთან თითქოს გაუცხოვდა.

„დიდი ხანია არ ვგრძნობ, რომ ირანელი ვარ, აქ მე ქართველი ვარ, მაგრამ ქართველებისთვის მაინც ირანელი ვარ“, – გვეუბნება ის.

„ისლამური რევოლუციის შემდეგ თავისუფლება რამდენიმე წელიწადი კიდევ შენარჩუნდა. გამოდიოდა წიგნები, გაზეთები, შემდეგ კი ყველაფერი შეიზღუდა. ირანის ისტორიაში ასეთი ცუდი პერიოდი არასდროს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ირანი მონღოლებისა და არაბების ხელში იყო.

ისლამურმა რევოლუციამ წაგვართვა თავისუფლება. ქალი დააბრუნა 1400 წლის გაგებაში, სადაც ქალი განიხილება როგორც ნივთი, საგანი. რომ ღმერთმა ქალი შექმნა იმისთვის, რომ კაცები კარგად იყვნენ.

მოჰამად რიგი ირანელი ქალების მხარდასაჭერ აქციაზე ბათუმში -„ქალი, ცხოვრება, თავისუფლება“

რეჟიმი ამბობს, რომ ეს არის ღმერთის ნება და ასე მანიპულირებს ღმერთის სახელით. ცხადია, არსებობს საზოგადოების ნაწილი, ვინც ხვდება, რომ ეს არ არის ღმერთის ნება, მაგრამ ისეთი ხალხიც არსებობს, ვინც ამას იჯერებს.

რომ მიხვდე ეს სიცრუეა, ამას სჭირდება სწავლა-განათლება, სხვა ქვეყნები უნდა ნახო, შედარება გააკეთო. ირანის რევოლუციის დროს 34 მლნ იყო მოსახლეობა, ახლა 90 მლნ-ია. სანამ ერთი 15 თაობა გაიგებს რამეს, ამას მეორე 15 ემატება, რომელმაც ასევე არაფერი იცის და ეს რთულია, რა თქმა უნდა.

ოდესმე ირანიც შეიცვლება, რადგან ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ როდის? – ეს უკვე სხვაა.

40 წელია ირანში არ ვყოფილვარ. არ ჩავდივარ. არც მე მინდა რეჟიმი და არც მას ვუნდივარ.

ვინც მენატრება, ვურეკავ, ვეკონტაქტები. მაგრამ სულ მესმის, რომ ყველა ტირის, ყვირის, ფიქრობენ, რომ იქ რაც ხდება არასწორია, მაგრამ ზოგი მაინც შედის სისტემაში, ფულს აკეთებენ, ბიზნესი აქვთ.

ქალის უფლება ნახევარი უფლებაა. მემკვიდრეობაშიც ასეა. ნაკლებია ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კაცის მოკვლას სისხლის ფასი აქვს, ქალის მკვლელობას კი ნახევარი ფასი. ადამიანობა არ არის, ლოგიკა არ არის, მეცნიერება არ არის, ცოდნა არ არის და სხვა ბევრი პრობლემაა.

ეს მოქალაქის უფლების დარღვევაა. დღევანდელ გაგებაში კი მთავარია მოქალაქე და არა ის, ვინ ხარ – სპარსელი, ქალი, კაცი, შავი, თეთრი, რელიგია და ასე შემდეგ“, – ამბობს მოჰამადი.

მოჰამად რიგი

მისი თქმით, რეჟიმს გამოქცეული ირანელი ბათუმში ცოტაა. არიან ისეთებიც, ვინც აქ ბინებს ყიდულობს, თუმცა ცხოვრებით ირანში ცხოვრობენ. დაინტერესებული არიან ბიზნესით.

„მე ფულზე ორიენტირებული არასდროს ვყოფილვარ. სხვა ღირებულებებია ჩემთვის მთავარი. ამიტომ რეჟიმთან არასდროს მითანამშრომლია.

როცა აქ ჩამოვედი, ქართული არ ვიცოდი და პროფესიით ვერსად დავსაქმდი. თანაც იმ დროს, 95-ში, იურისტი არავის უნდოდა სამსახურში. ამიტომ სიმამრის საამქროში დავსაქმდი და კინაღამ თითიც შევწირე.

მოგვიანებით ინსტიტუტში დავსაქმდი რუსულ სექტორზე, თუმცა საათში 2 ლარს მიხდიდნენ.

შემდეგ მოხდა ვარდების რევოლუცია. აქციებშიც ვიღებდი მონაწილეობას, ერთი დღე-ღამე უნივერსიტეტშიც გავატარე. რევოლუციის შემდეგ რუსული სექტორები გაუქმდა და დავრჩი უმუშევარი. როცა ირანის საკონსულო გაიხსნა ბათუმში, კონსულმა დამიძახა. არ მინდოდა მათთან მუშაობა, თუმცა მაშინდელ კონსულს გერმანიაში ჰქონდა განათლება მიღებული და დასავლური ხედვა ჰქონდა. მითხრა, „შენც სამხრეთელი ხარ და მეც“, – რადგან ასე მითხრა, დავრჩი“, – ამბობს მოჰამადი.

საკონსულოში 5 წელი იმუშავა მრჩევლად, კონსულის შეცვლის შემდეგ კი სამსახური დატოვა.  „ისეთი ხალხი მოვიდა, არ იყვნენ დიპლომატები. პოლიციური გაგების ხალხი იყო და მათთან რთული იყო მუშაობა. დიდი ხელფასიც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი. ჩემთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. ჩემთვის ღირებულებებია მნიშვნელოვანი“, – გვეუბნება ის.

მოჰამადი ამბობს, რომ მის მიმართ ირანელებს ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ვიღაცისთვის ირანის აგენტია, ვიღაცისთვის კი საქართველოს აგენტი.

„აქ ბევრმა გახსნა ოფისი და ჩამოსულებს აკვალიანებს ბიზნესში. თუ უნდათ, რომ ჩემთან არ მოვიდნენ, ეუბნებიან „მუჰამადი საქართველოს აგენტია, არ მიხვიდე“. თუ ისეთი ვინმეა, ვინც არ არის კარგად ისლამურ რეჟიმთან, იმას ეუბნებიან, რომ ირანის აგენტი ვარ.

თუ სხვა გამოსავალი აღარ აქვთ და ყველა გზა ეწურებათ, მაშინ მოდიან ჩემთან“, – გვეუბნება ის.

  • საქართველო – მეორე სამშობლო

„კი, რა თქმა უნდა, სამშობლოდ მიმაჩნია. როცა ქართველი ცოლი არ მყავდა, მაშინაც კი რაღაცნაირი სიყვარული მქონდა ამ ქვეყნის. შესაძლებელია ეს შემთხვევითიც არ იყო, რადგან ხომ შემეძლო რუსი ცოლი მომეყვანა? მაგრამ არა, რუსეთშიც ქართველი ქალი ვიპოვე.

ირანში რომ  დავრჩენილიყავი, დიდი კაცი ვიქნებოდი, მაგრამ არ მინდა, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანი დაბადებით თავისუფალია და ასეც უნდა დარჩეს. 21-ე საუკუნეში ვართ, ირანი კი მე-8 საუკუნეში დაბრუნდა. ქვეყანა წინ არ წავა თუ თავისუფლება არ იქნება.

მარტო ადამიანი კი არა, თავისუფალი უნდა იყოს ეკონომიკა, ბიზნესი, საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული.

მე საქართველო ვნახე იმ დროს, როცა ყოველდღე უარესდებოდა ცხოვრება, შემდეგ კი ბევრად შეიცვალა მდგომარეობა. რა თქმა უნდა, კარგია კანდიდატის სტატუსი რომ მიიღო ქვეყანამ და აქვს ევროპული მისწრაფებები“, – გვეუბნება მოჰამადი.

რუსეთმა ომში დღემდე 350 ათასი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 350 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 5 828 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 10 825 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 8 226 ერთეული [+20]
  • MLRS – 932 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 611 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 342 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 613 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 919 ერთეული [+48]
  • სპეცტექნიკა – 1 208 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 553 თვითმფრინავი
  • 260 ვერტმფრენი
  • 9 928 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 226 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 430 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 547 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პატრიარქ კირილის ქსენოფობიური განცხადება და რუსეთის წინსვლა ბახმუტთან – ISW-ის ბოლო ცნობები

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

„არც ერთი საათი არ უმუშავია“ – ბათუმის მერიამ ჩაიბარა შადრევანი, რომელიც 2 წელია არ მუშაობს

„როგორც კი დაიწყო ამის გაკეთება, ჩართეს ერთი, გასინჯეს და მის მერე საერთოდ არ უმუშავია, არც ერთი საათი არ უმუშავია, წყალიც არ გაუშვიათ შიგ,“ – მოქალაქე სულიკო აბუსერიძე ბათუმის ცენტრში, ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთასთან და პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ მდებარე პატარა სკვერში მოწყობილ შადრევანზე გვესაუბრება.

მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ამ შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმის მერიამ ჩაიბარა, შადრევანი ჩართული არავის უნახავს.

ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს, რატომ მიიჩნიეს შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაო შესრულებულად, როცა შადრევანი არ მუშაობს. აქ ვერც ის თქვეს, როდის ამუშავდება შადრევანი.

„გარედან მოაპირკეთეს შადრევანი, მაგრამ არ უმუშავია საერთოდ, არ ვიცი, რა სახის პრობლემა ჰქონდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა გურგენაძემ. ისიც აბუსერიძისა და ლორიას ქუჩების კვეთასთან ცხოვრობს.

აქ მცხოვრები ადამიანები გვიყვებიან, რომ პატარა სკვერი ქუჩების კვეთასთან ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოეწყო, 2010 წლამდე კი შადრევანიც გაკეთდა, რომელიც დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა. მწყობრიდან გამოსულ შადრევანს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად.

გოჩა გურგენაძე

„მახსოვს, მანამდე, წლების წინ თევზებიც იყო შიგ, უყურადღებობის გამო გასაწმენდი დარჩა და აღარ მუშაობდა… ახლაც მიზეზი უყურადღებობაა, თორემ შადრევნის პრობლემის მოგვარებას რა უნდა? თუ ადამიანს რაღაც უნდა, ყოველთვის ყველაფერს მიაღწევს,“ – გვეუბნება დალი გორგაძე,მას იქვე, ლორიას ქუჩაზე, ძველი და ორსართულიანი კორპუსის ასასვლელთან შევხვდით და ხელით მიგვანიშნა ახალ, მაღალსართულიან კორპუსებზე.

„არცერთი საათი არ უმუშავია“ - შადრევანი ბათუმში, რომელიც 2 წლის წინ ჩაიბარა ბათუმის მერიამ

„სახლები ხომ ხედავთ, როგორ შენდება? წაიღო ყველაფერი მშენებლობებმა. თუ კორპუსები ასე სწრაფად შენდება, ამის გაკეთებას რაღა უნდოდა?“- კითხულობს დალი გორგაძე.

დალი გორგაძე

„სუსტად მუშაობს მერია, თორემ მაგის სამსახურები კი არსებობს, რომ მიაქციონ ყურადღება.

სკვერი ყველას გვინდა, აქ ახალგაზრდობა ჯდება, ჩვენც დომინოს ვთამაშობთ, ნარდს,“ – შადრევნის გვერდით მიწყობილ სკამებს გვაჩვენებს სულიკო აბუსერიძე, ადგილს, სადაც აქ მცხოვრები ადამიანები საღამოობით იკრიბებიან.

სულიკო აბუსერიძე

„ჩემს ქუჩაზე, ლორიას ქუჩისა და აბუსერისძის კვეთაში რომ სკვერი კეთილმოეწყო და ფანტანი გაკეთდა, 110 ათასი ლარი დაიხარჯა, როგორც ვიცი. ერთი დღეც არ უმუშავია ამ ფანტანს,“ – ამ საკითხზე მოქალაქე მერაბ ცინცაძემ ბათუმის მერიის თანამდებობის პირებს 2023 წლის 8 დეკემბერს მიმართა, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დროს.

ამ შეხვედრაზე მოქალაქეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, სერგი კაკაბაძემ უთხრა: „შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა… კომპანიამ გააკეთა თავისი ხარჯებით“, – განაცხადა სერგი კაკაბაძემ.

ეს იყო საჩუქარი, თუ კომპანიის ვალდებულება კონკრეტული სარგებლის მიღების სანაცვლოდ? – საკითხის დაზუსტება „ბათუმელებმა“ იქვე სთხოვა ბათუმის მერიის წარმომადგენელს.

„ვალდებულება აუცილებლად ექნებოდა. დავუკავშირდებით ჩვენ ამ კომპანიას,“ – განაცხადა 8 დეკემბერს სერგი კაკაბაძემ.

რა გაარკვია ბათუმის მერიამ შადრევანთან დაკავშირებით, რომელიც არ მუშაობს? – ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს პრესცენტრში დღეს, 20 დეკემბერს, გვიპასუხეს, რომ „ელექტროენერგიის ხაზია შესაცვლელი და მიმდინარეობს მუშაობა“.

ამ უწყებაში ვერ გვიპასუხეს, რატომ დასჭირდა ამ სამუშაოს 2 წელი.

კეთილმოწყობის სამმართველოში დაგვიდასტურეს, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო ბათუმის მერიას უკვე ჩაბარებული აქვს.

პრესცენტრის განმარტებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია რის გამო ჰქონდა კომპანიას სკვერის კეთილმოწყობის ვალდებულება.

„ბათუმელები“ ამ სკვერის რეაბილიტაციაზე 2021 წელს წერდა – მაშინ გაირკვა, რომ სკვერს კომპანია DS Group თავისი ხარჯით მოაწყობდა და ბათუმის მერია ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 ათას ლარს დაზოგავდა.

კომპანიის ეს ვალდებულება ბათუმში, ზუბალაშვილის #37-ში პირობიანი აუქციონით გასხვისებულ ნაკვეთს უკავშირდება. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ 2021 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს:

ზუბალაშვილის #37-ში 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში შპს „კ.მ. გრუპმა“ მიიღო და შემდეგ ვალდებულებიანად [გარიგების საფუძველზე] „DS Group“-ს გადასცა. ამავე ნაკვეთზე კომპანიას სკვერის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა, თუმცა აქვე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე სკვერი [ზუბალაშვილისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში] სამშენებლო სამუშაოების შედეგად განადგურდა და არც ახლის მოსაწყობად დარჩა ადგილი.

„ჩაბარებულია შადრევანი და 2 წელია გასული მაგის შემდეგ,“ – გვიპასუხა დავით სალაძემ, კომპანიის DS Group-ის დირექტორმა. სხვა დეტალების დასაზუსტებლად კი, სალაძემ კომპანიის იურისტებთან გასაუბრება გვირჩია.

სკვერი ტბელ აბუსერიძისა და ლორიას ქუჩების კვეთაში

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა შადრევნების მიმართ ბათუმის მერიასთან კითხვები ჩნდება. ნახეთ ამ თემაზე:

დაჭაობებული სკვერი ბათუმში, რაშიც მერიამ ნახევარი მილიონი დახარჯა

„ჩვენთან ყოველ დღე 10 ბავშვი იბადებოდა, ამიტომ ქობულეთი ჩემი ოჯახია“ – 89 წლის გინეკოლოგი

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

____________________

როცა ასაკზე ვკითხეთ, კითხვითვე მოგვიგო – თქვენი აზრით, რამდენი წლის ვიქნებიო, თუმცა პასუხს არ დაელოდა და გაზეთების დასტისკენ მიგვითითა, რომელსაც სათვალის გარეშე კითხულობს.

გულსუნდა მდივანი მაისში 90 წლის გახდება, ამბობს, რომ ჯანმრთელობას არ უჩივის და გული ისევ ახალგაზრდა აქვს. ჯანმრთელად რომ არ ვიყო, მეხუთე სართულზე ხომ ვერ ვიცხოვრებდი, მხოლოდ ჩემი ნაოჭები გასცემს ჩემს ნამდვილ ასაკსო – გვითხრა.

როგორც თავად უწოდებს, „ჯადოსნური ყუთიდან“ ძველ ფოტოებსა და ჩანაწერებს გვიზიარებს. გვიამბობს ამბავს, რომელმაც მისი ცხოვრება განსაზღვრა – გულსუნდა 2 წლის იყო, როდესაც მამა, ვალერიან მდივანი საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა.

„მამაჩემის უფროსი ძმა, დარისპან მდივანი, ნოე ჟორდანიასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, 21 წლის ასაკში საფრანგეთში წავიდა. ამის გამო მამაჩემი ქვეყნისთვის არასანდოდ მიიჩნიეს და ბათუმის მაღალ მთაზე დახვრიტეს.

დრო რომ შეიცვალა, რეპრესიის მსხვერპლად მაღიარეს და კომპენსაციის სახით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1400 ლარი ჩამირიცხა, თუმცა ამ ფულს ხელს დღესაც ვერ ვკიდებ“, – ამბობს გულსუნდა.

რეპრესიებს თავდაღწეულმა ბიძამ, დარისპან მდივანმა კი, ცხოვრება საფრანგეთში, ქალაქ ლევილში გააგრძელა. „როგორც ვიცი, იქ ბიზნესს მართავდა. გარდაცვალების შემდეგ ლევილის სასაფლაოზე დაკრძალეს“, – ამბობს ქალი.

მოგონებები მამაზე არ შემორჩენია, თუმცა კარგად იხსენებს დედას, რომელმაც მას მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი

გულსუნდა მდივანი უძველეს ალბომს გვიშლის, სახელად „ბათუმში მოწაფეობა“ და მისი მოსწავლეობის პერიოდში გვამოგზაურებს, რომელიც ბათუმის ქალთა პირველ გიმნაზიაში გაატარა:

„ბიჭები ცალკე სწავლობდნენ, ჩვენ – ცალკე. ნახე, რა ლამაზი ფორმები გვაცვია, უნიკალური. მოსწავლეების ახლანდელ ჩაცმულობას კი არ ჰგავს“.

გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე გააგრძელა. თითოეულ ფოტოსთან ერთად კურსელების სახელებს, მოგონებებს, სტუდენტურ ამბებს გვიცოცხლებს: „მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ახალგაზრდა და ლაღი. ალბათ, უმეტესობა მათგანი ცოცხალიც აღარაა“.

სწავლობდა ფსიქიატრიასაც. როგორც თავად ამბობს, აკადემიკოს ავლიპ ზურაბაშვილის ლექციებზე დაეუფლა პაციენტებთან ურთიერთობის ხელოვნებას, რომელსაც მთელი ცხოვრება იყენებდა.

მეან-გინეკოლოგად ქობულეთის სამშობიაროში 50 წელი იმუშავა. გულსუნდა ექიმი მიიჩნევს, რომ მის პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტებთან ურთიერთობაა და პროფესიის სირთულესაც უსვამს ხაზს: „როცა ადამიანების სიცოცხლე შენ ხელთაა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება გიწევს. ასე გადავარჩინეთ უამრავი დედა და ახალშობილი’’.

სამსახურის გახსენებისას აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად ქობულეთის სამშობიაროში 10 ახალშობილი იბადებოდა. ,,ყველა პაციენტი არ მახსოვს, ნახევარი საუკუნე ცოტა ხომ არ არის?! დღემდე ქუჩაში მხვდებიან, მაჩერებენ და თავს მახსენებენ. ამიტომაც მგონია, რომ მთელი ქობულეთი ჩემი ოჯახია“.

ამბობს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრების აქტიური სტილი არ შეუწყვეტია. საქველმოქმედო ორგანიზაციის დახმარებით, სოფლად მცხოვრებლებს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მრავალჯერადად ეხმარებოდა. სიკეთის კეთებით, პირველ რიგში, ჩემ გულს ვახარებდიო – გვითხრა.

გულსუნდა მდივანი. ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი

89 წლის გულსუნდა ექიმი დღემდე გამოირჩევა ჩაცმის განსხვავებული სტილით. გულსუნდა ექიმის კარადაში ფერად ტანსაცმელთან ერთად აუცილებლად იპოვით ფერად მძივებს, საყურეებს, სახისა და ხელის კრემებს, სუნამოს…

„ჩემ კარადაში შავ ტანსაცმელს ვერ იპოვით, მხოლოდ შავი დღეებისთვის მაქვს თითო-ოროლა გადანახული. ფერადი კაბები ჩემ განწყობას ქმნის“, – ამბობს გულსუნდა და სილამაზის შენარჩუნების საიდუმლოსაც გვიზიარებს: „თავის მოვლასთან ერთად, ჯანსაღი კვება და წყლის მიღება განსაკუთრებით აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის“.

ზღვა მისთვის ჯანმრთელობასთან, სიცოცხლესთან ასოცირდება. „უფასო მკურნალობას“ უწოდებს კენჭებზე ფეხშიშველა სიარულს. შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, ზაფხულში ყოველდღე ვბანაობდიო – ამბობს.

გულსუნდა თავის მეზობელ ბიჭზეც გვიყვება, გაბრიელზე, რომელმაც იგი მარგარეტ ტეტჩერს მიამსგავსა და წიგნი აჩუქა წარწერით: „მშვენიერ და უბერებელ გოგოს“.

„ახალგაზრდებთან ურთიერთობა მეც მაახალგაზრდავებს, ცხოვრების სტიმულს მაძლევს“, ამბობს გულსუნდა მდივანი.

ქალი, რომელიც 50 წლის განმავლობაში უამრავ ახალ სიცოცხლეს ეგებებოდა, ახლა მარტო ცხოვრობს. სტუმარიც ხშირად არ დადისო ჩივის გულსუნდა ექიმი. სახლის კედლებს ჟურნალებიდან ამოჭრილი უამრავი ფოტო ფარავს, აქ-იქ გულსუნდას ახალგაზრდობისა და საოჯახო ფოტოებსაც წააწყდებით. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროფესიულ წიგნებს, რომლებსაც დროგამოშვებით უბრუნდება ხოლმე.

ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი

პენსიითა და სოციალური დახმარებით, რომელიც 40 ლარს შეადგენს, ცხოვრების მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას ცდილობს. „უმჯობესი იქნებოდა, რომ პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გვეძლეოდეს, თუმცა იანვრიდან პენსიას მოგიმატებთო, დაგვპირდნენ“, – გვითხრა მან.

გულსუნდა ექიმი საქართველოსა თუ მსოფლიო ამბებს აქტიურად ეცნობა: ,,კროსვორდებიან გაზეთს ყოველკვირეულად ვყიდულობ, ტელევიზორიც თითქმის არასდროს ითიშება. საინფორმაციოს სულ ვუყურებ, ყოველი დღე მისით იწყება“.

ყვავილები განსაკუთრებით უყვარს. ,,ამ ზამთარს საზრუნავი გავიჩინე, ცივი დღეები უნდა გადავაგორებინო“, – ამბობს გულსუნდა ექიმი.

ბათუმში ერთმანეთს სასწრაფო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა

დღეს, 20 დეკემბერს, ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი და სასწრაფო დახმარების ავტომანქანები შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს, საღამოს მოხდა. თვითმხილველის თქმით, ამ დროს სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ავტობუსის ზოლში მოძრაობდა.

თვითმხილველისვე თქმით, ერთ-ერთი მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

ბათუმში მსუბუქი და სასწრაფოს ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა / 20.12.2023 / ფოტო: facebook

ხელვაჩაურში უკანონოდ მოპოვებული სოჭის ტოტები ამოიღეს – დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და შიდა ქართლში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში მოქალაქემ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხის ტოტები, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარის მიმდებარედ, მოქალაქეს 15 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარე უკანონოდ გადაჰქონდა.

დეპარტამენტის აჭარისა და გურიის, ასევე შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეები და ტოტები დალუქეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

წიწვოვანების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეები მოიპოვონ მხოლოდ კანონის ფარგლებში – სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან შეიძინონ იმპორტირებული ნაძვის ხეები.

„კედელი“ – სპექტაკლი ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე

„კედელი“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე 20-21 დეკემბერს გაიმართება.

ანოტაციის თანახმად, სპექტაკლი წყვილის ურთიერთობაზეა, რომელთა შორის უხილავი კედელია აღმართული.

სპექტაკლის რეჟისორი სალომე ჯიჯავაძეა. მონაწილეობენ: მერი ნაკაშიძე და მამუკა მანჯგალაძე.

სპექტაკლის დასაწყისი: 19:00 საათზე. ბილეთის ფასი: 20 ლარი. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ.

მისამართი: მცირე სცენა, ა. მელაშვილის #32

პროექტის მხარდამჭერები არიან ბათუმის მერია და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი.

________________

ფოტოზე: სცენა სპექტაკლიდან. 

წარმოიდგინე, რომ გაფუჭდი. როგორ იზრუნებდა ქვეყანა შენზე?

ავტორი: ნინუკა ქოიავა

__________________

დღეს საქართველოში ყოველდღიური შრომა ასე ფასდება – შენ მუშაობ იმისთვის, რომ იყიდო საჭმელი და წამალი. გადაიხადო გადასახადები. შენ, საშუალოსტატისტიკური ადამიანი, იცავ წესრიგს და წარმოადგენ საზოგადოების თვინიერ ნაწილს. სახელმწიფო შენზე იმით ზრუნავს, რომ ჩამოაქვს ახალი ავტობუსები ან ხსნის სკვერებს საბავშვო მოედნებით. კარგი სახელმწიფო ჯანდაცვით, განათლებით და ბევრი სხვა ამბითაც გამოხატავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს კარგი სახელმწიფო.

ახლა წარმოიდგინე, რომ გაფუჭდი. როგორ იზრუნებდა საკუთარი ქვეყანა შენზე? „შესაკეთებელი“ მოქალაქეების საზომით განსაზღვრე, როგორია შენს ქვეყანაში ადამიანის ფასი, რადგან რეალურად სახელმწიფო ისაა და ისეთია, როგორც ეპყრობა ის საკუთარი ქვეყნის ყველაზე დაუცველ წევრებს: ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებს, პატიმრებს, შშმ პირებს. ესაა ის, რაც სახელმწიფოს ნამდვილს ხდის. სახელმწიფოს სახელმწიფოდ აქცევს.

***

ერთ ჩვეულებრივ 28 ნოემბერს ჩემს ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ვმგზავრობდი ავტობუსით. სახლიდან – სკოლამდე. უცნობი შუახნის კაცი ავტობუსში მალევე ამოვიდა, ამოსვლისთანავე გაუკიდა სიგარეტს და მთელი ავტობუსი ასე გამოიარა. შეწუხებული მგზავრები მხოლოდ იშმუშნებოდნენ. ალაგ-ალაგ.

ჩვენ ავტობუსის უკანა მხარეს ვისხედით, ოთხადგილიან სკამზე და როდესაც კვამლი ჩვენამდეც მოვიდა, ჩემთვის დღემდე უცნობმა პატარა გოგომ დაუფიქრებლად უთხრა, რომ ან ჩაექრო სიგარეტი, ან ჩასულიყო ავტობუსიდან. პასუხად მიიღო ჯერ ერთი – გვარიანი სახეში შებოლება და ამას დამატებული აგრესიის ზღვა. „ შენ ვინ გეკითხება მე რას ვიზამ?!“ „შენი ადგილი იცოდე!“ „ ახვარო ქალო!“ „ ეგდე ჩუმად!“„ლაწირაკო!“ და გინება, მუქარა, ყვირილი. ბოლოს ამოიღო ჯიბიდან დანა, რომელიც რამდენჯერმე უმისამართოთ და რამდენჯერმეც დამიზნებით მოიქნია.

ჩემს უფროს შვილს ხელი ვკარი, რომ უკან გადამეგდო და მოქნეული დანა სახეში არ მოხვედროდა, რა დროსაც ჩემი მეორე შვილი ავტობუსის მძღოლთან გაიქცა, რომ მძღოლისთვის ეთქვა კარი დაეკეტა და წავსულიყავით.

შემდეგ სოციალურ ქსელში გავასაჯაროვე ვიდეო, სადაც ამ ამბის ნაწყვეტი გარკვევით ჩანს, მოვითხოვე, ტელევიზიებს გაეშუქებინათ შემთხვევა, პოლიციაში ვიყავი, დავწერე საჩივარი, ჩავეწერე ყველას, ვინც ამ ამბით დაინტერესდა და სახლში მივედი კმაყოფილი და სწორად „გარჯილი“.

თენდება სხვა დღე. შეტყობინებად მომდის გაურკვევლად აკრეფილი ტექსტი. ტექსტში არის წყევლა, ლანძღვა და ათასი ავი სურვილი. ბრალდება, რომ მე სასიკვდილოდ გავიმეტე ადამიანი, რომ არავის ქვეყანაზე მისი სიცოცხლე არ ადარდებს, რომ ეს ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია და ოჯახი ვერ სწვდება მკურნალობის ხარჯებს, რომ სახელმწიფო მათთვის წამალსაც არ ყიდულობს და მხოლოდ ქუჩაა მისთვის კლინიკაც და სახლიც.

გავარკვიე, რომ ამ კაცს კლინიკური დიაგნოზი მართლაც აქვს. პერიოდულად ფსიქიატრიულ კლინიკაში აწვენენ, მაგრამ მალევე უკან უშვებენ, რადგან კლინიკები ცოტაა და პაციენტები ბევრი. ქუჩაში ბევრჯერ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც თავდაცვისთვის ატარებს დანას. მისი სრულყოფილი მკურნალობისთვის არ არსებობს დრო და ადგილი. როგორც მისმა დამ თქვა, კრიტიკული ფაზის დაწყებისას კლინიკაში იძულებით აწვენენ. იქ კვირაობით თიშავენ წამლებით და სრულიად პარალიზებულს უკან უშვებენ იმ დრომდე, სადამდეც გაძლებს და ეს ციკლი თავიდან არ დაიწყება.

მისი დიაგნოზი არანაირ უფასო პროგრამას არ ექვემდებარება. ოჯახს რეგულარული წამლებისთვის არ აქვს რეგულარული სახსრები. ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.

პოლიციელებმა მითხრეს, რომ ამ კაცის შესახებ დიდი ხანია იციან, მაგრამ იმისთვის, რომ მისი იზოლირება მოახდინონ, აუცილებელია ვინმეს რამე დაუშავოს. პოლიციელებმა იციან, რომ ადრე თუ გვიან ასეც მოხდება და ლოდინის გარდა ვერაფერს აკეთებენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც „პოტენციური“ კანონიერია და პრევენციული – არარსებული.

და რას მოიმოქმედებდი შენ, თუ ის კაცი იქნებოდი, რომელიც სხვანაირად ხედავს საგნებს და ყურშიც სხვა ხმები ესმის?

ან იმ კაცის დისშვილი რომ ყოფილიყავი, რომელსაც უყვარს თავისი ოჯახის წევრი და რცხვენია, რომ ვერ მკურნალობს?

შენ რომ ის პატარა გოგო ყოფილიყავი? რომელიც გადარჩა ავტობუსში უეცარ სიკვდილს?

ან რომ ყოფილიყავი პოლიციელი, ყველა ბერკეტგამოცლილი?

საქართველოს კანონი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ შეუსაბამოა ჩვენი რეალობისთვის. ხალხს, რომელიც ამ კანონების შექმნისთვის ვქირაობთ, თვალები დახუჭული აქვთ. ფართოდ. ჩვენი სიჩუმით და უმოძრაობით კი ვეთანხმებით სისტემურ დახუჭობანას, რაც უდრის იმას, რომ ჩვენვე გვკიდია ფეხებზე საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლეები.

გამოქვეყნებული ვიდეოს ქვემოთ დაიწერა კომენტარები, რომელთა ავტორებიც ჰყვებოდნენ სხვადასხვა ადგილას მომხდარ საზარელ ამბებს. უპატრონოდ, დაუცველად დატოვებულ ადამიანებზე მეტროებში, ქუჩებში, სადგურზე, გაჩერებებზე.

ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველო – როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, აღიარებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტური ნაწილი და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობა.

_________________

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 349 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
  • ტანკი – 5 814 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 10 794 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 8 206 ერთეული [+16]
  • MLRS – 928 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 611 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 316 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 612 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 871 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 1 203 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 553 თვითმფრინავი
  • 260 ვერტმფრენი
  • 9 899 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 202 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 416 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 502 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, აპათიის წამალი ომში ჩართვაა – „აზოვის“ მეთაური

„ნაქირავებიდან გამომიშვეს, ბრეზენტი გადავაფარე და სხვის ეზოში ვცხოვრობდი“ – დევნილი ქალი

„წლების წინ დევნილებს 7 ათას დოლარს აძლევდნენ, ეს ფული თავის დროზე არ ავიღე, რადგან ბინა მინდოდა,“ – გვიყვება დოდო ფაჩულია, აფხაზეთიდან დევნილი, – „30 წელია ქუჩაში ვარ, ნაქირავებში, ახლა 22 ათას ლარს მაძლევენ, მაგრამ ამ ფულით ვერ ვყიდულობ ვერაფერს.

„ასტუპნოით“ რომ ვისარგებლო, მაგის საშუალებას არ მაძლევენ, მეუბნებიან, ასე კანონი დაირღვევაო,“- ამბობს ის.

დოდო ფაჩულია ბათუმში, შევჩენკოს ქუჩაზე, ძველი სახლის ერთ პატარა ოთახში დისშვილთან ერთად ცხოვრობს. დოდოს დისშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა პერიოდულად მუშაობას ახერხებს.

„ახლა, მაგალითად, მანდარინის გადასარჩევად წაიყვანეს, – გვიყვება დევნილი ქალი და ნაქირავები ბინის ვიწრო შესასვლელთან ჩერდება. დოდო ფაჩულია ამბობს, რომ თავს ძირითადად ბინების დალაგებით ირჩენს, თუმცა ბოლო პერიოდში შეკვეთებმა იკლო და ძალიან გაუჭირდა.

სიღარიბეში მცხოვრები დევნილი ქალი სოციალურ დახმარებას არ იღებს, მას სახელმწიფოსგან მხოლოდ დევნილობის 45 ლარი აქვს დანიშნული.

დოდო ფაჩულია

„მაქაცარიას ქუჩაზე ვცხოვრობდი ნაქირავებში და გამომიშვა სახლიდან მესაკუთრემ – ვერ გადავიხადე ქირის ფული.

ორი კვირა ეზოში ვცხოვრობდი, „ბრეზენტი“ გადავაფარე და იქ ვიწექი დივანზე, კიდევ კარგი, ამინდმა გამიმართლა,“ – ამბობს დევნილი ქალი და სამზარეულოს კედლებს გვაჩვენებს, წვიმის ჩამოსვლის კვალი რომ ეტყობა. დოდო ფაჩულიას თქმით, ქირის ფული – 300 ლარი ჯერ არც ახალ მისამართზე გადაუხდია.

„ახალი წლის მერე შეიძლება აქედანაც გამიშვან,“ – აღნიშნავს დოდო. მისი თქმით, მან ბინიდან გამოსახლების შემდეგ მიმართა სოციალური დაცვის სააგენტოს და შემწეობის დანიშვნა ითხოვა:

„ხელახლა მივედი სოციალურში, როცა ეს ბინა ვიპოვე და მისამართი შევიცვალე… მესამე თვე გავიდა და არავინ მოსულა“.

„ნაქირავებიდან გამომიშვეს, ბრეზენტი გადავაფარე და სხვის ეზოში ვცხოვრობდი“ – მარტოხელა ქალი

ქალის თქმით, გამოსახლების დროს მას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 500 ლარი ჩაურიცხა.

„მხოლოდ დევნილობის 45 ლარი მაქვს. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ: ამ 45 ლარით მე წამალი ვიყიდო, საჭმელი, თუ ბინის ქირა გადავიხადო?“ -კითხულობს ქალი და პურის ნატეხებს გვაჩვენებს, ეს ორი დღე უნდა ვიმყოფინოო.

დევნილი ქალი გვაჩვენებს, რომ მეორე სართულზე სველი წერტილი არ აქვს და ავარიული კიბით ეზოში უნდა ჩავიდეს. წყალსაც იშვიათად ვათბობ, კომუნალური რომ დავზოგოო – გვიყვება დოდო ფაჩულია და მერე რამდენიმე ძველ ფოტოს გვაჩვენებს:

„ეს მამაჩემია, ეს – ჩემი ძმა, ორივე აფხაზეთში მოკლეს,“ – მაგიდაზე ალაგებს შავ-თეთრ ფოტოებს დოდო და იხსენებს, როგორ გამოიარა გზა აფხაზეთიდან ბათუმამდე.

„გალში ვცხოვრობდით, სოფელ ჩხორთოლში. იმ დღეს დიდი ხმა გავიგონე, ვიფიქრე, რა არის, ალბათ თოფი თუ გაისროლეს-მეთქი, არ ვიცოდი ბომბის ხმა. თურმე სოხუმში ჩამოუგდიათ ბომბი. ომი დაიწყოო, ასე თქვეს,“ – გვიყვება დოდო ფაჩულია.

„რა ომი, რის ომი, ვამბობდით ჩვენ, ბავშვები ვიყავით და არ გვჯეროდა, გვეძახდნენ ჩქარა-ჩქარა და ასე არაფრის გარეშე წავედით ტყეში, ახლოს ვიყავით ტყესთან…

რამდენიმე დღის მერე კაცებმა თქვეს, მივალთ სახლებში და საჭმელს მაინც წამოვიღებო. სახლებთან ჩაის ბუჩქები გვქონდა და იმ ბუჩქებში იმალებოდნენ თურმე აფხაზები. ჩვენები სახლებში რომ შევიდნენ, დაიჭირეს.

ამ დროს ჩვენ ტყეში ვართ, მაგრამ ვხედავთ იქიდან ჩვენს სოფელს – დააყენეს მწკრივში მამა, დედაჩემის ძმა და სხვები. ხმა ჩვენ არ გვესმოდა, მაგრამ თურმე ეუბნებიან, ახლა თქვენს სახლს ცეცხლი წაუკიდეთო… დედაჩემი მაშინ ცოცხალი იყო, ავეფარეთ, სხვებიც იყვნენ, ჩვენზე უფროსები და ავეფარეთ, რომ არ დაენახა დედას… მერე უთხრეს, ტყვედ აიყვანეს, არ მოკლავენო.

ტყით წამოვედით სვანეთისკენ. რამდენი პატარა ბავშვი იყო, ორსული… ტყის ვაშლს ვჭამდით, წყალი არ იყო… არ მავიწყდება, ძროხის ნაფეხურზე იყო დარჩენილი წვიმის წყალი და პატარა ბავშვის დედამ წყლიანი თითი მოუსვა ბავშვს ტუჩზე. წამოვედით იქიდან და დაგვაყაჩაღეს – ძვირფასეულობა გექნებათო, მაგრამ ჩვენ არაფერი გვქონდა.

ჩამოვაღწიეთ ენგურის ხიდამდე და იქ დაგვხვდა ავტობუსები. საჭმელიც დაგვახვედრეს, საბნები, ყველაფერი იყო, მაგრამ მახსოვს, ჭამა აღარ შეგვეძლო… ავტობუსით მწვანე კონცხზე მიგვიყვანეს, სასტუმროში.

დედაჩემს ვერ ვეუბნებოდით ამბავს, რომ მამა, ბიძია და ჩემი ძმა აღარ იყვნენ ცოცხლები, მაგრამ იმ ხალხს დამარხვა ხომ უნდოდა? ორი თვის შემდეგ ჩემმა დამ წაიყვანა დედა და წავიდნენ, ღორების შეჭმული დახვდათ ცხედრები…“, – ასრულებს დოდო ფაჩულია და პაუზის შემდეგ დასძენს:

„აფხაზეთში არავინ იყო იქ გამორჩეული, რომ ეს რუსია, ეს ის არის, ახლა კი, მეზიზღება რუსები… უკრაინაში ომს რომ ვუყურებ, ძალიან ცუდად ვხდები, სულ აფხაზეთი მახსენდება, როგორ გვკლავდნენ. ნეტა, მართლა შემეძლოს, ქალი ვარ და ვიომებდი“.

დოდო ფაჩულია

სოციალური მომსახურების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დოდო ფაჩულიას ოჯახური მდგომარეობა მაქაცარიას ქუჩაზე შეამოწმეს 2023 წლის სექტემბერში, თუმცა ოქტომბერში დევნილმა მისამართი შეიცვალა და მას შემდეგ დოდო ფაჩულიას წერილობით სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

„უნდა მოვიდეს და შეავსოს ხელახლა განაცხადი, ისე ვერ ვიმოქმედებთ,“ – გვითხრეს სააგენტოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბადრი კობალაძემ დაგვიდასტურა, რომ დოდო ფაჩულიას, როგორც ერთსულიან ოჯახს, პროგრამის შესაბამისად, 22 ათასი ლარი ერგება, თუმცა თანხა ჩაერიცხება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, ვისგანაც შეიძლება დევნილმა ბინა შეიძინოს.

არის ასეთი შემთხვევა, როცა ვინმემ 22 ათას ლარად ბინა იყიდა და სახელმწიფომ მას თანხა ჩაურიცხა? – ბადრი კობალაძის თქმით, რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო, თუმცა ეს იყო თანამონაწილეობა.

ბადრი კობალაძემ ასევე განმარტა, რომ საცხოვრებელი კორპუსები ამჯერად ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში შენდება იმ დევნილებისთვის, რომლებსაც არ მიუღიათ კომპენსაცია და არც ბინა.

„ბინა შენდება თბილისშიც, მაგრამ სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, თბილისის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი რეგისტრაცია 2013 წლის პირველ ივლისამდე. 2025 წლისთვის 13 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. აპლიკაციები უკვე არსებობს და შეუძლია ქალბატონ დოდოსაც მისი შევსება.

შემდეგ კომისია შესაბამისი კრიტერიუმებით გადაწყვეტს, ვის ერგება ბინა,“ – განმარტა ბადრი კობალაძემ „ბათუმელებთან“.

რას სთავაზობს მანამდე დოდო ფაჩულიას სახელმწიფო? – ბადრი კობალაძის თქმით, შესაძლებელია დევნილისთვის ქირის ფულის გადახდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დევნილი სოციალურად დაუცველია და მისი სარეიტინგო ქულა 30 ათასზე დაბალია.

მერია „იაფი სახლების“ ფასადებს არემონტებს – დაიხარჯება 1 მილიონი

ბათუმში, 6 საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტაციაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ კორპუსებიდან ოთხი, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი ე.წ. „იაფი სახლებია“, ხოლო ორი – ტბეთის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსი, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

„დაზიანებული ფასადების რეაბილიტაციაზე“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2 294 763 ლარით გამოაცხადა.

ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ტბეთის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსების რეაბილიტაციისთვის მაქსიმუმ 1 მილიონ 4 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ოთხი „იაფი სახლისთვის“ – 1 მილიონ 290 ათას 763 ლარი.

პროექტის მიხედვით, ეკომიგრანტების კორპუსებს და „იაფ სახლებს“ გარედან თუნუქის საიდინგის ფილებით შეფუთავენ.

ძირითადი სამუშაოები რაც კორპუსებზე უნდა შესრულდეს

ჯავახიშვილის ქუჩის N78-ის ა, ბ, გ და დ [„იაფი სახლები“]

პროექტის მიხედვით, „რეაბილიტაციას ექვემდებარება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ოთხივე ფასადი, ასევე ტერიტორიაზე არსებული ეზოს სხვადასხვა ნაწილის კეთილმოწყობა.

არსებული შენობების ყველა ფასადი მოპირკეთდება ხაოიანი თუნუქის საიდინგის ფილებით. ასევე მოეწყობა წყალსაწრეტი სისტემა.

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე სადემონტაჟო სამუშაოები ითვალისწინებს: ღიობების კედლის მოჩარჩოებისა და კარნიზის მოხსნას. წყალსაწრეტი სისტემის დემონტაჟს და ასევე კიბისა და შენობების I სართულზე მოწყობილი გისოსების დროებით დემონტაჟს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება არსებული კიბისა და გისოსების მონტაჟი.

ეზოს ტერიტორიაზე კი მოხდება ოთხივე შენობისთვის არსებული სარინელის დემონტაჟი, არსებული ქვაფენილის, ბორდიურის, სანიაღვრე ჭების და დაზიანებული საბავშვო მოედნის დემონტაჟი (რაც თავის მხრივ ითვალისწინებს საბავშვო ატრაქციონის კაუჩუკის ფილების დემონტაჟს.)

საპროექტო დავალების გათვალისწინებით ეზოს ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს: ოთხივე შენობისთვის სარინელის მოწყობას, სანიაღვრე ჭების, ბეტონის საფარის, ბორდიურის, საბავშვო მოედნის (ატრაქციონის) სპორტული ტრენაჟორების, ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში მწვანე საფარისა და დეკორატიული ღობის მოწყობას. ასევე ტერიტორიაზე მოხდება ლამპიონების მონტაჟი.“

„იაფი სახლები“ / არსებული სიტუაციის ფოტოები პროექტიდან
„იაფი სახლი“ / რეაბილიტაციის შემდეგ / რენდერი პროექტიდან

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ჯავახიშვილის 78-ის მიმდებარედ „იაფი სახლების“ მშენებლობაზე მერიამ ხელშეკრულება პირველად 2018 წლის 2 აპრილს გააფორმა [ორ კორპუსზე, შპს „მტმ“-სთან. საბოლოოდ გადახდილია 2 291 495 ლარი.]

დანარჩენ ორ კორპუსზე კი, ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 22 მარტს [შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“-თან. საბოლოოდ გადახდილია 2 197 048 ლარი].

პირველი ორი კორპუსის მშენებლობა 2019 წელს დასრულებული იყო, თუმცა, მოქალაქეებზე ბინების გადაცემა მერიამ 2021 წელს დაიწყო.

ტბეთის ქუჩაზე, N16 და N18

პროექტის მიხედვით, ამ შემთხვევაშიც „რეაბილიტაციას ექვემდებარება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ოთხივე ფასადი.

არსებული შენობების ყველა ფასადზე შეავსებენ ბათქაშის დაზიანებულ ნაწილს, რის შემდეგაც ფასადს მოაპირკეთებენ ხაოიანი თუნუქის საიდინგის ფილებით. საიდინგის შიდა კონსტრუქცია წარმოადგენს მილკვადრატს, რომელზეც შედუღდება ლითონის ფურცელი და კედელთან ჩამაგრდება ანკერები საშუალებით;

მეტალის კონსტრუქციებს შორის მოეწყობა 4-მმ იანი პენოპლასტის ფილა.

ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ფანჯრის, კარის (მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც საიდინგი ეწყობა), აივნის კუთხეების მოჩარჩოებას ხაოიანი თუნუქის ფურცლით, ფასადის გარკვეულ ნაწილში გათვალისწინებულია სამღებრო სამუშაოები, კედლების გარკვეულ ნიშნულამდე ასევე კიბისა და პანდუსის კუთხეების გრანიტის ფილით მოპირკეთება, არსებულ ღიობებზე მეტალის ცხაურების მოწყობა.

ასევე შეიცვლება წყალსაწრეტი სისტემა და ყველა მეტალის ელემენტი (გისოსები, კიბის, პანდუსისა და აივნის მოაჯირები) დამუშავდება ანტიკოროზიული საღებავით.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადზე სადემონტაჟო სამუშაოები ითვალისწინებს: „კედლებზე ბათქაშის დაზიანებული ნაწილის მოხსნას მოწყობილი პენოპანელისა და წყალსაწრეტი სისტემის დემონტაჟს. ეზოს ტერიტორიაზე კი მოხდება დაზიანებული საბავშვო მოედნის დემონტაჟი. რაც თავის მხრივ ითვალისწინებს საბავშვო ატრაქციონის კაუჩუკის ფილებისა და ბორდიურის დემონტაჟს. ეზოს ტერიტორიაზე შენობის ირგვლივ მოხდება სარინელის მოწყობა.“

ეკომიგრანტების სახლები ტბეთის ქუჩაზე / არსებული სიტუაცია / ფოტოები პროექტიდან / ეკომიგრანტებს აქ ბინები 2014 წელს გადასცეს
ეკომიგრანტების კორპუსები რეაბილიტაციის შემდეგ / რენდერი პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2024 წლის 4 იანვარს და დასრულდება 9 იანვარს.

კორპუსების რეაბილიტაცია კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

მთავრობა ზღვასთან მიწის ნაკვეთს პირდაპირი წესით ასხვისებს – მყიდველმა „ოცნებას“ 60 ათასი შესწირა

აჭარის მთავრობა ნონეშვილის ქუჩაზე, #1-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ნაკვეთის პირდაპირი წესით გასხვისებას გეგმავს.

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შპს „კომუნა ჰოლდინგი“, რომელსაც ამ ნაკვეთს აუქციონის გარეშე მიჰყიდიან, ნონეშვილის #1-ში მდებარე ავარიული სახლის ათვისებას და ახლის მშენებლობას გეგმავს. პროექტის ფარგლებში კომპანიამ აქ მცხოვრები ოჯახები უნდა დააკმაყოფილოს.

1788 კვ.მეტრია მიწის ნაკვეთი, რომელსაც კომპანიას პირდაპირი წესით მიჰყიდიან.

დოკუმენტების მიხედვით, გასასხვისებელი ფართობის ფასი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დახმარებით დაადგინეს. კომპანიამ მიწის ნაკვეთის გადაცემის სანაცვლოდ ბათუმის ბიუჯეტში 1 მილიონ 326 912 ლარი უნდა შეიტანოს. სწორედ ამ პირობით გადასცემს საკრებულო მთავრობას  ნაკვეთს გასასხვისებლად.

ნონეშვილის #1-ში მდებარე ავარიული სახლი 1788 კვ.მეტრზე მდებარეობს. ამ სახლის ათვისებისა და მთავრობისგან შესყიდული ნაკვეთის გაერთიანების შემდეგ, კომპანიას აქ, საერთო ჯამში, 3576 კვ.მეტრი ექნება. კომპანია, სავარაუდოდ, კ2 კოეფიციენტის გაზრდასაც მოითხოვს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „კომუნა ჰოლდინგს“ ნონეშვილის #1-ში მდებარე ავარიულ სახლში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს, მათ შორის უმეტესობასთან შეთანხმება ოფიციალურადაც არის გაფორმებული.

შპს „კომუნა ჰოლდინგი“ 2023 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი გელა გაბაიძეა. ის ფლობს კიდევ რამდენიმე კომპანიის წილებს, მათ შორის რამდენიმეს კი თავად ხელმძღვანელობს. წელს, ნოემბერში გელა გაბაიძემ „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. 2021 წელს კი მას „ოცნების“ ანგარიშზე 10 000 ლარი შეუტანია.

Exit mobile version