მთავარი,სიახლეები

არა რუსულ კანონს – დღეს საღამოს ბათუმში აქცია იქნება

17.04.2024 • 2933
არა რუსულ კანონს – დღეს საღამოს ბათუმში აქცია იქნება

არა რუსულ კანონს – დღეს, 17 აპრილს, 19:00 საათზე ბათუმში აქცია გაიმართება.

„გინდა ევროპა? გამოდი ევროპის მოედანზე, დაგვიდექი ახალგაზრდებს გვერდით“, – აქციის ორგანიზატორები ბსუ-ს სტუდენტები არიან. ისინი გასულ წელსაც აპროტესტებდნენ ქვეყანაში რუსული კანონის მიღების მცდელობას.

„გუშინ, ახალგაზრდები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა.

გუშინ, ჟურნალისტები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა.

გუშინ, დედებს შვილები გაულახეს, ჩვენ გაგვილახეს და ჩვენ გვეტკინა.

გუშინ, ევროპულ მომავალს გვართმევდნენ, ჩვენ გვართმევდნენ და ჩვენ გვტკიოდა.

არ შეგეშინდეს, ერთად ყველაზე ძლიერები ვართ, დაგვიდექით ახალგაზრდებს გვერდით, დღეს, ევროპის მოედანზე, ჩვენი მომავალი წყდება”, – ვკითხულობთ აქციის ანონსის აღწერაში.

აქცია ევროპის მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

რუსული კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 17 აპრილს, 12:00 საათზე გაგრძელდება. გუშინდელი 16 აპრილის სხდომა პირველი მოსმენით კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასრულდა. 11:45 საათზე დანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომაც.

გუშინ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარედ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა სპეცრაზმელები. სპეცრაზმის მონაწილეებმა სცემეს “ტაბულას”, “აპრილის”, “პუბლიკის” ჟურნალისტები.

ონლაინ მედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არც დღეს, 17 აპრილს შეუშვებენ.

თბილისში საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართება. პირველი, პარლამენტის უკან 12:00 საათზე – პლენარული სხდომის დროს, სადაც, რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხოლო მეორე – 19:00 საათზე, პარლამენტის წინ.

რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: