მთავარი,სიახლეები

არაფრად ღირს რამის ქონა, თუ სწორ მხარეს არ დგახარ – ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე

17.04.2024 • 2778
არაფრად ღირს რამის ქონა, თუ სწორ მხარეს არ დგახარ – ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე

ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონს აპროტესტებს და ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს.

„ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ, ან ვერ იღებთ, იცოდეთ მეც მეშინია რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ…

მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს… ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემ ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარებები დაუკეტონ…

მეც მეშინია, მარა იცოდეთ, არ ღირს…

არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება რომ სწორ მხარეს არ  იდექი…

სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო ვიცი რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ… მარა არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგეხარ…“- წერს ლუკა ნაჭყებია.

  • რა ხდება? 

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: