განათლება,მთავარი,სიახლეები

„ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ – არა რუსეთს! კი ევროპას!“ – სტუდენტების აქცია ბათუმში

11.04.2024
„ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ – არა რუსეთს! კი ევროპას!“ – სტუდენტების აქცია ბათუმში

ბათუმელი სტუდენტების ჯგუფი 15 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას აანონსებს.

„ბათუმელი სტუდენტები ისევ უნდა გავერთიანდეთ.

ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენი აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რუსული კანონი გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს აღარ შემოიტანდა.

ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით გაერთიანებული ერი, ივანიშვილმა კვლავ გაგვყო.

  • ოცნება გვართმევს უკეთესი განათლების შესაძლებლობას
  • უკეთესი ჯანდაცვის შესაძლებლობას
  • დამოუკიდებელ სასამართლოს
  • ისინი გვართმევენ ჩვენივე მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს და გვართმევენ ევროპას

ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, გვინდა საქართველო იყოს იქ, სადაც მისი ადგილია. ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ, არავის აქვს უფლება გადაუხვიოს.

ვინც რუსულ საქმეს აკეთებს ქართველი ხალხის მტერია.

გელოდებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან.

არა – რუსეთს

კი – ევროპას“- ვკითხულობთ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ფეისბუქზე.

  • რა ხდება 

„ქართული ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების“ მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში ორშაბათს, 15 აპრილს განიხილავს. ამ დღესვე აქცია იგეგმება თბილისში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: