„ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი, რომ ველი გაათავისუფლოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მედიასაშუალებებისგან, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არ იმყოფებიან“- ამბობს ასლან ჭანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია აჭარაში წლებია მუშაობს და ათობით პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტები.
„ბათუმელებთან“ საუბრისას ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში დამოუკიდებელი ორგანიზაციები და მედიები, რომლებიც მეგობრული სახელმწიფოებისგან დაფინანსებას იღებენ, არ იმუშავებენ და ეს კი კარგად იცის მმართველმა პარტიამ:
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული სიტყვა გააქროს და შესაბამისად, თითოეული ადამიანის უფლებები გათელოს.
დღეს ვინც ხოტბას ასხამს „ქართულ ოცნებას“, ვინც იზიარებს მათ იდეოლოგიას და ამას სოციალურ ქსელებში ავრცელებს, ვინც ტაშს უკრავს, ხვალ მათაც მოიშორებს ჩვენი მთავრობა, რადგან უკეთესს მლიქვნელსა და მეხოტბეს ნახავენ.
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მიესალმება ამ კანონის მიღებას, არის რუსეთი, მისი ჯალათი პრეზიდენტი და პრესმდივანი პესკოვი. სხვა ქვეყნები გვეუბნებიან, რომ ეს კანონი დაღუპავს ქვეყანაში დემოკრატიას, თუმცა „ქართული ოცნება“ ჯიუტად იმეორებს, რომ კანონს გამჭვირვალობის სახელით იღებს, რაც აბსურდია.
თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია სურდათ იგივე გრანტებთან დაკავშირებით, შეეძლოთ ჩანაწერი გაეკეთებინათ ან გადასახადების კანონში, ან გრანტების შესახებ კანონში. თუმცა „ქართული ოცნების“ მთავარი სურვილი დემონიზებაა, რომ ყველგან გააცხადონ, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიები თითქოს უცხოური გავლენის გამტარები არიან და, შესაბამისად, გააცხადონ, რომ აშშ, ევროპის ქვეყნები საქართველოს მტრები არიან, ერთადერთი მეგობარი და ნათელი წერტილი კი რუსეთის ფედერაციაა.
სასაცილოა და ამაზრზენია კანონის მხარდამჭერი ტექსტების მოსმენა იმ ადამიანებისგან, რომლებიც საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებში მუშაობდნენ.
ვფიქრობ, „რუსული კანონის“ შესახებ განცხადების გაკეთებამდე მთავრობის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს დავალება. მათ ჰყავთ ერთი ბატონი, რომლის დავალებას ასრულებს ყველა. ფიქრობენ, რომ მათი მომავალი უზრუნველყოფილია.
რამდენ უკანონობასაც ახლა აკეთებენ, ყველაფერი მათ წინააღმდეგ იქნება. ქუჩაში გამოსვლა შერცხვებათ. ბევრი გვყავდა მათი მსგავსი „პატრიოტები“. მერე ინანებენ და დაიწყებენ, არ ვიცოდითო, თუმცა „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“.
„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ დღის წესრიგში დადგება ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საკითხი. უკვე მიგვანიშნეს, რომ სტატუსის მიღებაზეც ზედმეტია საუბარი.
ნებისმიერი თავმოყვარე მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია არ იმოქმედებს ამ კანონის ფარგლებში და შეაჩერებენ მათ საქმიანობას. დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, ჩვენი ორგანიზაციაც შეწყვეტს ყველა მიმდინარე პროექტს“ – ამბობს ასლან ჭანიძე.
- რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
______________________
ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი