სიახლეები

მიეცით ონლაინ მედიას კომიტეტზე დასწრების საშუალება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

15.04.2024
მიეცით ონლაინ მედიას კომიტეტზე დასწრების საშუალება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ.

„15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნული რუსული კანონის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ამ დროს კი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, 14 აპრილის გადაწყვეტილებით, სხდომას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები, რომელთაც უფლებები პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეეზღუდათ“ – აცხადებს ქარტია.

14 აპრილს საქართველოს პარლამენტიდან „ნეტგაზეთს“ მოსწერეს, რომ 15 აპრილს პარლამენტის შენობაში მხოლოდ აკრედიტებულ ტელევიზიების წარმომადგენლებს შეეძლებათ. დაზუსტების შემდეგ, „ნეტგაზეთს“ პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა თამარ ჯანელიძემ განუცხადა, რომ შენობაში ვერ შევიდოდნენ ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებული ჟურნალისტები.

იურიდიულ საკითხთა სხდომა, რომელზეც „რუსულ კანონს“ განიხილავენ ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებული ჟურნალისტების გარეშე მიმდინარეობს.

სხდომას ვერ ესწრებიან ნეტგაზეთის, სტუდია „მონიტორის“, „პუბლიკის“, რადიო „თავისუფლების“, „ინტერპრესნიუსის“, „მთის ამბების“ და სხვა არაერთი მედიასაშუალების ჟურნალისტები.

დღეს, 15 აპრილს, დილის 10 საათიდან იურიდიულ საკითხთა სხდომის პარალელურად, სადაც გამჭვირვალობის საფარქვეშ განიხილავენ მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავ რუსულ კანონპროექტს, პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ ის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომელთა მუშაობასაც რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნის.

საღამოს, 19 საათზე, ასევე პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია უფრო დიდი მასშტაბის აქცია, რათა მოქალაქეებმა გამოხატონ პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: