მთავარი,სიახლეები

8 არასამთავრობო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს

15.04.2024 •
8 არასამთავრობო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს

8 არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს. მათ ამის შესახებ წერილობით აცნობეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს.

განცხადებაში ნათქვამია:

„მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) გატეხა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული პირობა და ხელახლა დააინიციირა  რუსული კანონი. კანონი, რომელიც რუსეთის მსგავსად – მტრულ ძალად აცხადებს ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, მათ შორის, ევროკავშირს.

მმართველი პარტია უმრავლესობას ფლობს უმაღლეს საბჭოში. ამასთანავე თვეებია მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის  აქტიური კამპანია. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ დაგვინახავს არცერთი რეალური ნიშანი, რომელიც მიუთითებდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს. ამ ქმედებებმა შესაძლოა საქართველოს  ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი დააკარგვინოს.

ღია მმართველობის საბჭო არის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფორმატი. ამგვარი ფორმატისთვის თანმდევია განსხვავებული აზრი. ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ მიზნის მიღწევის გზებზე, მაგრამ  უნდა გვაერთიანებდეს საერთო მიზანი – საქართველოს წინსვლა. სამწუხაროდ, თქვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეუძლებელს ხდის ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ჩვენს ნებისმიერ თანამშრომლობას.

წარმოდგენილი მიზეზებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვტოვებთ  ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: დემოკრატიის ინსტიტუტი; მწვანე სექტორი; ა(ა)იპ ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“; ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“; ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ – ბათუმი; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – აჭარის ფილიალი; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD); ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

_________________________________________

ფოტოზე: აჭარის უმაღლესი საბჭო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: