„რუსეთი შავ ზღვაზეც აღარაფერს წარმოადგენს, ხომალდებსაც კი ოჩამჩირეში მალავს“ – ინტერვიუ

„უკრაინელებმა განახორციელეს საკმაოდ ძველი მეთოდი: ჩასაფრება ახალი საწინააღმდეგო საშუალებებით, რაც იყო მოულოდნელი რუსებისთვის და მოახერხეს თვითმფრინავების ჩამოგდება. ეს საკმაოდ მტკივნეული დარტყმა იყო რუსებისთვის,“ – იმ ამბავზე გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი, უკრაინელებმა რუსების SU 34-ები რომ ჩამოაგდეს. ვახტანგ კაპანაძე ომის გარდატეხის ნიშნებს 2024 წელსაც ვერ ხედავს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ რუსეთი კარგავს გავლენას შავ ზღვაზე.

„რა შავი ზღვის ფლოტზეა ლაპარაკი, როცა რუსები ხომალდს ხან სიმფეროპოლში მალავენ, ხან – ოჩამჩირეში, დაარბენინებენ წინ და უკან, რაც დარჩა იმათ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი და ხაზს უსვამს იმას, რომ თუ რუსეთს შავ ზღვაზე წვდომა შეეზღუდება, მისი ამბიციებიც შემცირდება.

„ეს მოხდა ბალტიის ზღვაზე, როცა იქ კალინინგრადის ვიწრო გასასვლელი დარჩა რუსეთს, დანარჩენ მთლიანად ნატოს წევრი ქვეყნებია, შვედეთიც ხვალ-ზეგ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ასეთივე პირი უჩანს რუსეთს შავ ზღვაზეც,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მარტინ ვაინენი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა და საზოგადოება მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას. გენერლის მოსაზრებით, რუსეთი ძლიერდება, რის გამოც კრემლის შესაკავებლად ქვეყნებს ძლიერი ჯარი სჭირდებათ. „არის მხოლოდ ერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის. ეს ძლიერი ჯარის ენაა“, – ამბობს ის. რამდენად რეალისტური თქვენთვის გენერლის ეს ვარაუდი?

რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თავს დაესხას, თუ ის წარმატებას მიაღწევს უკრაინაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამის გამკეთებელი არ არის.

ზოგადად ნატოს წევრს ქვეყნებში ამ ომის პირობებში ჩამოყალიბდა მიდგომა, რომ უნდა ჰყავდეთ ქვეყნის თავდაცვისთვის საკმარისი შეიარაღებული ძალები, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლადაც შეძლონ თავდაცვა. აქამდე ეს მიდგომა, მაგალითად, იგივე ჰოლანდიას ნამდვილად არ ჰქონდა: ჯავშან-სატანკო დანაყოფებიც კი, გააუქმა, შეამცირა ჯარი, მას ბევრმა ქვეყანამ მიბაძა ასევე. ახლა ყველა ქვეყანა ისევ უბრუნდება ფაქტობრივად „ცივი ომის“ პერიოდს. ეს ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან საერთო ჯამში რუსეთი ძლიერდება, მაგრამ თუ ევროპამ დაიწყო შესაბამისად გაძლიერება, კარგად გვახსოვს, რით დასრულდა „ცივი ომის“ შეჯიბრი შეიარაღებაში ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის.

  • ეს მიდგომა ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, შესაძლოა, უკრაინაზე დახმარების გაძლიერების ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭონ საკუთარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას?

უკრაინის დახმარება გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს საკუთარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდად. კარგად ესმით დასავლეთში, რომ თუ შესაძლებელია მოწინააღმდეგის შეჩერება მათი საზღვრებიდან შორს, მაშინ არ მოუწევთ მისი შეჩერება თავის ტერიტორიაზე.

მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების წლიური სამხედრო ბიუჯეტი 732 მილიარდი დოლარი იყო, როცა რუსებს ჰქონდათ გამოყოფილი 65 მილიარდი დოლარი. ამას თუ ნატოს შესაძლებლობებსაც დავუმატებთ, არა მგონია, რუსეთი ისე გაძლიერდეს, რომ ნატოსთან ბრძოლაზე იფიქროს.

  • წინა ინტერვიუში ამბობდით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა. ამ მოცემულობაში ხომ არ იზრდება რისკი, ნატო ჩაერთოს ამ ომში? 

არა მგონია, ამ ეტაპზე რუსეთმა კიდევ უფრო დიდი ლუკმის გადაყლაპვა სცადოს, ვიდრე შეუძლია. არა მგონია, რუსეთი ნატოს ეტაკოს, რამდენიმე თვეა ავდეევკა ვერ აუღია, რა ნატოსა და ჰოლანდიაზეა ლაპარაკი?

  • დასავლური მედიის თანახმად, პუტინის არმიას არათუ ბევრი დრონი და საარტილერიო ჭურვები აქვს, არამედ რადიოელექტრონული ომის წარმოების წარმატებული ტაქტიკაც შეიმუშავა – როგორ მოხდა, რომ დასავლეთმა დაუშვა რუსეთის გაძლიერება?

რუსეთი არ არის პატარა ქვეყანა, მას აქვს თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავისი სამხედრო მეცნიერები და სამხედრო კონსტრუქტორები ჰყავს. გარკვეულწილად რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენება არის პასუხი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე: ჩახშობა, ხარვეზების შეტანა რადიოელექტრონულ სივრცეში.

ამ ორი წლის განმავლობაში რუსეთმა გარკვეული დასკვნები გამოიტანა. მე ვამბობდი თქვენთან ინტერვიუებში, რომ გრძელი ომის დროს მხარეების შესაძლებლობები თანაბრდება: სუსტი [ვინც გადარჩება] იღებს გამოცდილებას, ძლიერი კი, რომელიც კარგავს გამოცდილ მებრძოლებს, ივსება ახალგაზრდა, გამოუცდელი მებრძოლებით.

რაღაც ნაწილი მაკომპლექტელების სამხედრო აღჭურვილობისთვის შედის რუსეთში და ამასაც ვერავინ უარყოფს – ამერიკული და კანადური დეტალები აღმოაჩინეს ჩამოგდებულ უპილოტოებსა და რაკეტებში. სპეციალური კომისია სწავლობს ამ საკითხებს და ბევრი კომპანიაა შესული შავ სიაში, რომლებიც შემჩნეული არიან რუსეთთან თანამშრომლობაზე.

არსებობს შუა აზიის ქვეყნები, მათ შეიძლება მიიღონ გარკვეული დეტალი და შემდეგ იქიდან მოხვდეს ეს დეტალი რუსეთში. ასევეა ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაც. მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ყველაფერს ვერ დაკეტავ, რუსებს შესაძლოა მასობრივად არ აწვდიდნენ ამ დეტალებს, მაგრამ აქვთ წვდომა. სანქციები მუშაობს, მაგრამ კოლბაში ვერ ჩასვამ რუსეთს.

ის, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი გაიზარდა, არ ნიშნავს, რომ რუსეთი გაძლიერდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა სამხედრო მიმართულებაზე. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა: მისი დიდი ნაწილის გასამხედროვდა, ფინანსები ერთი ჯიბიდან მეორეში გადავიდა. ასე რომ, სანქციებს ექნება შედეგი. ამას დრო სჭირდება.

  • როცა რუსეთს ხელში აქვს იარაღი, ფული და არ უჭირს ადამიანური რესურსი, რამდენად უშვებთ, რომ შესაძლოა მიაღწიოს წარმატებას უკრაინაში? 

დახედეთ რუკას, რა წარმატებაზეა საუბარი? ის, რომ უკრაინას წარუმატებელი კონტრშეტევა ჰქონდა, ეს რეალობაა, მაგრამ ეს ომის მხოლოდ ერთი ეპიზოდია: ომებში ხდება წარუმატებული ოპერაციები და წარუმატებელი კამპანიები. ეს არ ნიშნავს უკრაინისთვის ომში წარუმატებლობას. გაიხსენეთ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ჯარების წარუმატებელი შეტევები ვიაზმაზე, ხარკოვის მე-3 ბრძოლა, რჟევის „ხორცის საკეპი მანქანა“. ასი ათასობით საბჭოთა მებრძოლი დაიღუპა, გენერლებმა ან თავი მოიკლეს ან ვლასოვივით გერმანელების მხარეს გადავიდნენ, მაგრამ ომი სსრკ-მ მოიგო.

რუსეთი რამდენი თვეა ცდილობს ერთი პატარა სოფლის, ავდეევკას აღებას. ამდენი თვეა გასული და ბახმუტიდანაც ვერ წაიწია წინ ხო? საუბარია მეორე არმიაზე მსოფლიოში, როგორც თავად, რუსები იძახიან. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც შავი ზღვის ფლოტი დაკარგა ფაქტობრივად. ასე თუ გაგრძელდა, ორი ქვეყანა დარჩება, რომელსაც შავ ზღვაში ფლოტი არ ეყოლება: საქართველო და რუსეთი. რა დიდ წარმატებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

მთელი რუსეთის ამოცანა გადასულია იმაზე, რომ დონბასისი ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდეს. ამისთვის მას კაი ხანი კიდევ დასჭირდება, რადგან სლავიანსკი და კრამატორსკიც ასაღები აქვს, რუსები კი, ჯერჯერობით ისევ ავდეევკაში ომობენ.

  • აქვე რუსულ ხომალდზე გვითხარით, უკრაინელებმა რომ ჩაძირეს რამდენიმე დღის წინ ყირიმთან. როგორ შეძლეს უკრაინელებმა რუსული ფლოტის განადგურება? 

უკრაინის საზღვაო ძალები ფაქტობრივად არ მოქმედებს, ბრიტანელებმა აიღეს თავის თავზე დახმარება უკრაინის სამხედრო-საზღვაო მიმართულებზე. ეს დაეტყო კიდეც უკრაინას – შესაბამისი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით, წყალზედა დრონებით და ასე შემდეგ.

ჩათვალეთ, რომ რუსეთი აღარაფერს წარმოადგენს შავ ზღვაზე. ის ყირიმიც სტრატეგიული მნიშვნელობის ფლოტის გარეშე არაფერი იქნება. გაიხსენეთ ისტორია, ათასრვაასიანებში, ყირიმის ომის დროს მთლიანად ჩაეძირა რუსეთს შავის ზღვის ფლოტი, იგივე მოუვიდა ცუსიმას კონცხთან იაპონელეთან ომში. ასე რომ, მსგავსი რამ არ არის რუსებისთვის ახალი ამბავი.

გეტყვით იმასაც, რომ რაც უფრო შეეზღუდება რუსეთს წვდომა ზღვაზე, მით უფრო შეუმცირდება ამბიციები. რაც მოხდა ბალტიის ზღვაზე, როცა კალინინგრადის ვიწრო გასასვლელი დარჩა რუსეთს, დანარჩენ მთლიანად ნატოს წევრი ქვეყნებია, შვედეთიც ხვალ-ზეგ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ასეთივე პირი უჩანს რუსეთს შავ ზღვასაც: არ არის გამორიცხული, შავ ზღვაშიც იგივე ვითარება შეიქმნას. რა შავი ზღვის ფლოტზეა ლაპარაკი, როცა რუსები ხომალდს ხან სიმფეროპოლში მალავენ, ხან – ოჩამჩირეში, დაარბენინებენ წინ და უკან, რაც დარჩა, იმათ.

ეს დაპირისპირება უკვე გადასულია ომით გამოფიტვის პირობებზე. პუტინს აწყობს ეს მდგომარეობა. ის კომფორტულად გრძნობს თავს ამ პირობებში: არჩევნები მოდის რუსეთში და ამ დროს პუტინი გარკვეულ წარმატებებზეც ისაუბრებს – ალბათ ავდეევკას აიღებენ რუსები.

არ არის გამორიცხული, უკრაინელებმა დათმონ სამხრეთ მიმართულებაზე კონტრშეტევის დროს მოპოვებული რობოტინო-ვერბოვოს ზღუდესთან დაკავებული ტერიტორიები. რუსები შეეცდებიან, გაასწორონ თავდაცვის ხაზი. ამას გაასაღებს რუსეთი დიდ გამარჯვებად არჩევნების დროს. რაც დღეს ჩანს, რუსეთის ამოცანა არის მხოლოდ ის, რომ გავიდეს დონბასის საზღვარზე.

  • ამ გადასახედიდან ჩანს ომის გარდატეხის წინაპირობა 2024 წელს? 

ჯერ ასეთ წინაპირობას მე ვერ ვხედავ. მგონია, რომ უფრო იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2024 წელს. ამ ეტაპზე უკრაინასაც უნდა აწყობდეს ამოსუნთქვის შესაძლებლობა. გასაგებია, რომ ამას ორივე მხარე გამოიყენებს გასაძლიერებლად, მაგრამ უკრაინას უფრო მეტი ეკონომიკური დახმარება თუ გაუწია დასავლეთმა, უკრაინა უფრო სწრაფად შეძლებს გაძლიერებას.

  • როგორია უკრაინელების სამხედრო რესურსი – დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მობილიზაციის ხელახლა გამოცხადებაზე ინფორმაციამ უკრაინაში. ითქვა იმის შესახებაც, რომ უკრაინა მოუწოდებს უცხოეთში გასულ საომარი ასაკის კაცებს დაბრუნდნენ ქვეყანაში?

მობილიზაციის გამოცხადებას, ცხადია, წყვეტს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა. გარკვეული მობილიზაცია მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს, რადგან განსაკუთრებით წინა ხაზებს როტაცია სჭირდება.

არა მგონია, რომ 500-ათასიანი მობილიზაციაა საჭირო ამისთვის, დღეს უკრაინას ეს არ სჭირდება. ისევ გეგმური მობილიზაცია თუ განახორციელა უკრაინამ, განახორციელა წარმატებით და არა 7 და 10 %-ით, როგორც უკრაინის ზოგიერთ რაიონში ეს ხდება, მაშინ მას ექნება შესაძლებლობა, გააგრძელოს ეს სამხედრო დაპირისპირება.

  • ბევრს მიაჩნდა, რომ რუსეთის არმია ომის დაწყებიდან მალევე დემორალიზდა. შემდეგ იყო პრიგოჟინის გამოხტომები – ახლა საბრძოლო მორალის თვალსაზრისით, როგორია ამ ორი არმიის განწყობები?

გამიჭირდება რუსეთის შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიური მდგომარეობა განვიხილო, თუმცა, ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელსაც გარკვეული წარმატებები გააჩნია, მაშინ მორალიც ამაღლებულია. თანხები, რომელსაც რუსეთში უხდიან სამხედრო მოსამსახურეებს, საკმაოდ მაღალი: უსახლკარო რუსეთში ძალიან ბევრია, რომელსაც არყის ფულიც როცა არ აქვს, ეწერებიან ჯარში.

  • 29 დეკემბრის ღამით და გამთენიისას რუსეთმა მორიგ ჯერზე დაბომბა უკრაინული ქალაქები. ოლქის გუბერნატორის თქმით, ხარკოვი ათჯერ დაიბომბა, რის შედეგადაც დაიღუპა ხალხი. ეს არის პასუხი 26 დეკემბრის შემთხვევაზე, როცა ყირიმში რუსული ხომალდი გაანადგურეს, ან როცა უკრაინელებმა რამდენიმე SU-34 ჩამოაგდეს? 

ერთდროულად ჩამოგდეს სამი SU-34, შემდეგ კიდევ ერთი – აქტიურად იმოქმედეს უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მოქმედ თვითმფრინავებზე. ფიქრობდნენ, რომ დაცულ ტერიტორიაზე იყვნენ და იქიდან უშვებდნენ პლანირებად ბომბებს… უკრაინელებმა განახორციელეს საკმაოდ ძველი მეთოდი: ჰაერსაწინააღმდეგო ჩასაფრება ახალი საწინააღმდეგო საშუალებებით, რაც იყო მოულოდნელი რუსებისთვის და მოახერხეს ამ თვითმფრინავების ჩამოგდება. ეს საკმაოდ მტკივნეული დარტყმა იყო რუსებისთვის.

რუსები მანამდეც ბომბავდნენ უკრაინას. ზამთარში ყველა ელოდა იმას, რომ რუსები გააქტიურებდნენ ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმებს. ვფიქრობ, გაიზრდება დარტყმები ენერგეტიკულ და სამოქალაქო ობიექტებზე.

  • რა ხდება ფრონტის წინა ხაზზე – აქვთ თუ არა უკრაინელებს წინსვლა, მაგალითად, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ისინი პლაცდარმს აწყობდნენ კონტრშეტევისთვის?

ავდეევკასთან მიდის ალყის შევიწროება რუსეთის მხრიდან, მათ გარკვეული წარმატება გააჩნიათ. უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩეს ალყაში და ისე გააგრძელოს ბრძოლა, თუ გამოიყვანოს დანაყოფი და გააძლიეროს თავდაცვის ხაზი.

რაც შეეხება მარცხენა ნაპირზე პლაცდარმის თემას, ეს მნიშვნელოვანია, როცა აპირებ მდინარის გადალახვას, ფორსირებას, ხოლო თუ არ აპირებ ფორსირებას, იქ პლაცდარმის შენარჩუნება  და დანაყოფის მუდმივი ცეცხლის ქვეშ ყოფნას რა აზრი აქვს. ბატალიონზე რომ დანაყოფმა განახორციელოს ფორსირება, მას სჭირდება პლატფორმა მინიმუმ 4-5 კილომეტრი სიღრმის…

ვერ გეტყვით, რა გეგმა აქვთ უკრაინელებს. უკრაინელებმა უნდა გადახედონ თავიანთ სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს. ჩემი აზრით, მათ სტრატეგია უნდა შეცვალონ და ახალი ტიპის სტრატეგია შეიმუშაონ. მათ უნდა გამოიყენონ არაპირდაპირი ზემოქმედების სტრატეგია.

  • ეს რა გულისხმობს? 

გულისხმობს არა უშუალოდ მოწინააღმდეგის გადაწყვეტის მიმღებ და გრავიტაციულ ცენტრებზე დარტყმას, რომელიც ფრონტის ხაზზეა, არამედ არის სიღრმეში, მომარაგების ხაზებზე დარტყმას, ფსიქოლოგიურ ოპერაციას, ეს გულისხმობს ასევე მოწინააღმდეგის ზურგში პრობლემების შექმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე არაპირდაპირ აიძულო, მიიღოს შენი პირობები. ეს ასევე გულისხმობს სპეცოპერაციებს მოწინააღმდეგის ზურგში, პარტიზანული ომის გააქტიურებას. უკრაინას ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

  • უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რაც მას კონტრშეტევისთვის სჭირდება, მიაწვდიან გაზაფხულისთვის. რა მასშტაბის სამხედრო რესურსს აჩენს ეს უკრაინელების ხელში?

რა რაოდენობაც დაანონსდა, მას მიიღებს უკრაინა, თუმცა ეს იქნება ერთი-მესამედი იმისა, რაც უკრაინას სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, რასაც მიიღებენ, ამით შეძლებენ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. სულ 42 ერთეულზეა საუბარი.

ჩემი აზრით, ჯერჯერობით კონტრშეტევაზე არ უნდა იფიქროს უკრაინამ, უკრაინამ უნდა იფიქროს გადაჯგუფებაზე, სულის მოთქმაზე, გაძლიერებაზე, შემდეგ კი, უნდა იფიქროს კონტრშეტევაზე.

უკრაინისთვის ამ ომმა აჩვენა, რომ ის სტრატეგია, რაც შეიმუშავეს არ აღმოჩნდა წარმატებული, საჭიროა გეგმების გადახედვა, ეს არ არის კატასტროფა, ერთი ეპიზოდია ამ დაპირისპირების. ეს იქნება ხანგრძლივი ომი, რასაც მე დიდი ხანია ვამბობ. ამ გაჭიანურებულ ომში უკრაინამ უნდა შეძლოს პოლიტიკური და ეკონომიკური, სამხედრო თვალსაზრისით გარდაქმნა, გათანამედროვება,  ამაში კი, უკრაინას ძალიან უნდა დაეხმაროს დასავლეთი. დასავლეთმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს და მიხვდეს, რომ ურჩევნიათ რუსები შეაჩერონ უკრაინაში, ვიდრე მოუწიოთ მათი საკუთარი ქვეყნების საზღვრებთან შეჩერება.

ეს არის გლობალური დაპირისპირება სიკეთეს და ბოროტებას შორის. ბოროტების მხარესაა რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. სიკეთის მხარესაა უკრაინა, ევროპა, აშშ. თუ გაიმარჯვა ბოროტებამ, ეს დიდი პრობლემა იქნება ყველასთვის.

მომხმარებელი „აგროჰაბის“ წინააღმდეგ – „კვერცხში სისხლისფერი სითხე აღმოჩნდა“

ბათუმში, 24 დეკემბერს, „აგროჰაბში“ ნაყიდ კვერცხში მომხმარებელმა, ანა ბერძენიშვილმა სისხლისფერი სითხე აღმოაჩინა.

ანა ბერძენიშვილი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა „აგროჰაბს“ ბათუმში და მოითხოვა გაერკვიათ, რასთან ჰქონდა საქმე. მან პროდუქტი სპეციალურ კონტეინერში მოათავსა და შესაბამისი კვლევისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართა.

ანა დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის სამსახურსაც, ცხელი ხაზის დახმარებით დატოვა შეტყობინება.

„საკითხი ეხება ერთ-ერთ ცნობილ და საზოგადოებისთვის სანდო ჰიპერმარკეტს, სადაც რამდენიმე დღის წინ შევიძინე კვერცხი. შეფუთვაზე მითითებულია, რომ პროდუქტი არის „აგროჰაბის“. როგორც ჩანს, მათი ფერმა აქვთ.

კვერცხის გატეხის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კვერცხში იყო სისხლი. თავიდან იმდენად გაოცებული და შოკირებული ვიყავი, მეგონა ხელი გავიჭერი, მაგრამ ხელში არც ბასრი საგანი მეჭირა და ბუნებრივია, შეუძლებელი იყო კვერცხის ნაჭუჭს გაეჭრა ხელი.

იმ წამსვე მოვახდინე რეაგირება, გადავუღე ფოტო, კვერცხი მოვათავსე სპეციალურ კონტეინერში და ფეისბუქის საშუალებით მივმართე „აგროჰაბს“. გამომეხმაურნენ, დამირეკეს და მკითხეს, იყო თუ არა პროდუქტი ნამდვილად მათთან შეძენილი, მქონდა თუ არა სალაროს ქვითარი. რა თქმა უნდა, ორივე გადავუგზავნე და ბათუმის ფილიალიდან დამირეკა წარმომადგენელმა. სანამ მივიდოდი ჰიპემარკეტში, მივმართე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომ ჩაეტარებინა კვლევა, თუ რისგან შედგებოდა კვერცხის შიგთავსი, იყო თუ არა დარღვეული შენახვის პირობები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია.

ანა ბერძენიშვილი დიდი ხანია „აგროჰაბის“ მომხმარებელია. ამბობს, რომ მისთვის, როგორც მომხმარებლისთვის, მნიშვნელოვანი იყო ქსელის პოლიტიკა, რომ „აგროჰაბი“ მომხმარებელს ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. აქ ის და მისი ოჯახის წევრები ხშირად ყიდულობდნენ როგორც მზა, ასევე მალფუჭებად რძის პროდუქტებსაც და მისთვის ამ დრომდე არასდროს დამდგარა დღის წესრიგში „აგროჰაბის“ სანდოობის საკითხი.

ანა „ბათუმელებთან“ ხაზგასმით ამბობს, რომ მისი მიზანი არ არის რომელიმე ქსელის რეპუტაციული დაზიანება, მას სჭირდება პასუხი, რა იყო პროდუქტში.

პროდუქტი, რომელიც ანამ „აგროჰაბში“ შეიძინა, ამავე ქსელს ეკუთვნის და არ არის სხვა ბრენდის, ე.წ. შეტანილი პროდუქტი. შეფუთვაზევე მითითებულია, რომ ეს არის „აგროჰაბის“ ფერმის კვერცხი.

დაუყოვნებლივ ზომების მიღების მიუხედავად, ანამ ბათუმში ვერ იპოვა უწყება, რომელიც მომხდარზე ეფექტურ რეაგირებას მოახდენდა, დაინტერესდებოდა და ნიმუშს შეისწავლიდა. 

ბათუმში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კვერცხის შიგთავსის ექსპერტიზაზე ანას უარი უთხრა:

„აღმოჩნდა, რომ ბათუმში ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი მომსახურება არ ჰქონდა. ამიხსნეს, რომ ასეთი კვლევა ტარდებოდა მხოლოდ თბილისში და ბათუმის ბიურო ვერ გამიწევდა მომსახურებას“.

ამის შემდეგ ანა ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც მას ასევე უთხრეს, რომ მსგავსი მომსახურება არ აქვთ და სურსათის უვნებლობის ეროვნულ სამსახურში გადაამისამართეს.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს მომსახურება ბათუმში, მაგრამ მითხრეს, რომ იქ კვერცხის ნიმუშს ვერ მივიტანდი, მხოლოდ ცხელი ხაზით შემეძლო შეტყობინების დატოვება. მანამდე, როგორც გითხარით, „აგროჰაბს“ მივმართე. შემხვდა „აგროჰაბის“ წარმოების უფროსი და ვესაუბრე მას, შემხვდა ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი“.

ანას თქმით, „აგროჰაბის“ წარმომადგენელს მისთვის არ გამოურთმევია არც კვერცხის ნიმუში და არც შეფუთვა, სადაც კვერცხი იყო მოთავსებული. მას მხოლოდ ის ჰკითხეს, როდის შეიძინა პროდუქტი, ჰქონდა თუ არა სალაროს ქვითარი და სხვა კვერცხების შიგთავსში იყო თუ არა იგივე მდგომარეობა. ამ გარემოების გათვალისწინებით ანას უჩნდება კითხვა – რეალურად გეგმავს თუ არა „აგროჰაბი“ ან მაკონტროლებელი ამ წარმოებაზე ექსპერტიზის ჩატარებას.

„შესაძლოა ფერმა შემოწმდეს, მაგრამ კონკრეტულად ამ სერიაზე, ამ წარმოებაზე თუ არ ჩატარდა ექსპერტიზა, კვლევა, ან ნიმუშის აღება, შეუძლებელია დადგინდეს თუ რამ გამოიწვია ეს.

თვითონ პროცესის მიმართ მაქვს კითხვის ნიშნები, მათ გადაუღეს და დაიტოვეს მხოლოდ ფოტოები. ეს პროცესი იმთავითვე აჩენს კითხვის ნიშანს, თუ კვლევა არ ჩატარდება კონკრეტულად ამ ნიმუშზე, როგორ შეიძლება რეალური დასკვნის დადება, მაშინ როცა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სხვა სერიას პრობლემა არა აქვს და ეს რაღაც ჩვეულებრივი კვერცხია. მათი მხრიდან ველოდები ოფიციალურ პასუხს“.

სურსათის უვნებლობის სამსახურში მომხმარებელს უთხრეს, რომ რეაგირებასთან დაკავშირებით პასუხს ათ სამუშაო დღეში გასცემენ. იგივე უთხრეს ამ სამსახურში „ბათუმელებსაც“.

„ჩაინიშნეს ჩემი ნომერი, ელექტრონული ფოსტა გამომართვეს და მითხრეს, რომ ათი დღის განმავლობაში დამიკავშირდებოდნენ. თუმცა გავიმეორებ, რომ მათ სხვა კითხვა, გარდა იმისა, თუ სად შევიძინე, რომელ ჰიპერმარკეტში ეს კვერცხი, არ დაუსვამთ. ვსაუბრობ ნიმუშის დატოვებაზე, ნიმუშთან დაკავშირებით კვლევის ჩატარებაზე. არ უკითხავთ ან რა წარმოების კვერცხი იყო, ან ფერმა სად არის, ან როდის შევიძინე.

შეუძლებელია მთელი პროცესი შემოწმდეს იმ ქარხანაში, სადაც ეს კვერცხია წარმოებული. ამ პროცესში, პროცედურების გარკვევაში, დამჭირდა დაახლოებით მთელი დღე სტრუქტურიდან სტრუქტურაში სიარული. ვისთვის უნდა მიმემართა, რა ფორმით უნდა მიმემართა. მთელი დღე ამ კვერცხით დავდიოდი“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

„აგროჰაბი“ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში. ანას თქმით, როგორც გაირკვა, საქართველოში მძიმე და პრობლემატური საკითხია იმის გარკვევა, საწარმოო პროცესი იყო თუ არა დარღვეული.

ანას, როგორც მომხმარებელს, ამ ამბის შემდეგ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, დაუცველობის განცდა აქვს.

„მე არა ვარ ექსპერტი ან სპეციალისტი. არ შემიძლია ვთქვა, ეს რა იყო, იყო ძალიან უსიამოვნო და გამიჩინა დაუცველობის განცდა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ამ პროდუქციას მოვიხმარ.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ პროდუქტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შესაძლებელია სხვადასხვაგვარადაც იყოს გამოყენებული. როგორც თერმულად დამუშავებული, ასევე შემწვარი სახით.

რომ წარმოვიდგინოთ საკითხის სიმწვავე, მე რომ ეს კვერცხი მომეხარშა და მიმეცა ბავშვისთვის, ჩემთვის ის თვალხილული ეფექტი, რომ კვერცხი მთლიანად სისხლისფერი შეფერილობის სითხით იყო დაფარული, არ იქნებოდა ცნობილი. შეიძლებოდა პირდაპირ ასე გადამეცა და მომეხმარა მცირეწლოვანი ბავშვისთვის.

არ ვიცით ეს რას გამოიწვევდა, თუმცა, ვიცით ისეთი დაავადებების შესახებ, რომლებიც პირდაპირი წესით, თუ ეს დაუდასტურდა ქათამს, ან იმ ფერმაში დადასტურდა ეს დიაგნოზები, პირდაპირ გადადის ადამიანზე“.

„ბათუმელების“ კომენტარისთვის „აგროჰაბს“ დაუკავშირდა, თუმცა აქ კომენტარი ვერ მივიღეთ, პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ ფერმა და ფერმაში წარმოებული პროდუქტი ლაბორატორიულად ყოველდღე მოწმდება. აქ ასევე გვითხრეს, რომ შესაბამის განმარტებას მომხმარებელს მიაწვდიან.

მოგვიანებით „აგროჰაბმა“ შემთხვევასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა კომენტარი:

„კომპანია აგროჰაბი მუდმივად იცავს მომხმარებლის ინტერესებს, მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს ყველა პროცესი, პროდუქტის წარმოებიდან დაწყებული რეალიზაციამდე, თუმცა არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც და ასეთ დროსაც სწრაფ რეაგირებას ვახდენთ, რომ ჩვენი მუდმივი მომხმარებელი იყოს ინფორმირებული და კმაყოფილიც.

რაც შეეხება კონკრეტულად კვერცხის ქეისს, აგროჰაბის ქათმის ფერმაში, დარგის სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებენ, როგორც ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე მათ საკვებ რაციონს.

მსგავსი შემთხვევა კვერცხთან დაკავშირებით არ გვქონია, პირველი შემთხვევაა, როდესაც მომხმარებელმა გატეხის დროს შეამჩნია ცილაში სისხლჩაქცევა, ვიზუალურად ამის დანახვა  შეუძლებელია, სპეციალისტებმა პირველ ეტაპზე გაგვიკეთეს ზეპირი განმარტება, რომ კვერცხში აღმოჩენილი სისხლჩაქცევა შესაძლოა უკავშირდებოდეს ფრინველის საშვილოსნოს მექანიკურ დაზიანებას, რაც არანაირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ამის შესახებ პირველ რიგში მივაწოდეთ ინფორმაცია მომხმარებელს, რასაც ასევე დავუდასტურებთ ლაბორატორიაში გავლილი კვლევის შედეგებით, რომელსაც, რა თქმა უნდა გავუზიარებთ“, – განმარტეს „აგროჰაბში“.

ანა ამბობს, რომ „აგროჰააბმა“ განმარტება მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდა, როცა გაიგო, რომ ამ თემით მედია დაინტერესდა.

„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ასეთ შემთხვევებს იგნორირებას უკეთებს და არანაირ ქმედებას არ მიმართავს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ მომხმარებელი ბოლომდე მიჰყვა ამ შემთხვევას და მედიასთანაც ითანამშრომლა“, – ამბობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე.

მისივე განმარტებით, პროცედურულად უმჯობესი იქნებოდა ანას თავიდანვე მიემართა სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის. „ამით ის თავიდან აირიდებდა ზედმეტი დროის კარგვას“.

რაც შეეხება რეაგირებას, ვახტანგ კობალაძის განმარტებით, სააგენტომ უკვე თავისი რესურსით უნდა გადაამოწმოს ეს შემთხვევა.

„10 სამუშაო დღე მგონი არ არის ჯერ გასული. მომხმარებლისგან სააგენტო ამ შემთხვევაში ნიმუშებს არ იღებს, მიდის ობიექტში, რომელსაც უჩივიან – შესაბამისი კონტროლი უნდა განახორციელოს, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის. ზოგ შემთხვევაში ნიმუშს აიღებს, ზოგ შემთხვევაში საწარმოო პროცესის ინსპექტირებას ჩაატარებს.

ის, რომ სააგენტომ მომხმარებელს არ გამოართვა ნიმუში, არ არის დარღვევა. მთავარია, ინფორმაცია მიიღო იმ კონკრეტული პროდუქტის შესახებ – გაარკვია, სად იყიდა ეს. შემდეგ თვითონ უნდა აიღოს ნიმუში. ექსპერტიზის ჩატარება კი მოთხოვნაზეა დამოკიდებული – ნებისმიერი ლაბორატორიის მომსახურებას, სახელმწიფო ლაბორატორია იქნება ეს თუ კერძო. ეს ყველაფერი თანხასთან არის დაკავშირებული, ამიტომ თუკი იქნება მოთხოვნა და ვინმე ამაში ფულს გადაიხდის, მაშინ ლაბორატორიებსაც ექნებათ იმის მოტივაცია, რომ დანერგონ შესაბამისი კვლევები. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას აქვს მსგავსი კვლევები – ის, რომ ყველა ტიპის კვლევა იყოს ხელმისაწვდომი ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობა გვაქვს“.

კომპანია PSP არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას

კომპანია პსპ არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული საანგეტოს დასკვნას, რომლის თანახმად,  ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ადგილი ჰქონდა ფასების ფიქსაციას.

“PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს მიერ მტკიცებულებების გარეშე მიღებულ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია PSP-მ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, დასაბუთების გარეშე, რეკორდულად მცირე დროში გამოიტანა მიკერძოებული და უსაფუძვლო გადაწყვეტილება.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და PSP მიმართავს სასამართლოს კანონით განსაზღვრულ დროში“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.


კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა.

სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ: ავერსის, გეფას(ჯი პი სი და ფარმადეპო), პსპ-ს და მერმისის, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.

განათლების მინისტრმა პირველ მოადგილედ მოქმედი მოსამართლე დაინიშნა

განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. გიორგი ამილახვრის პირველი მოადგილე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ალექსანდრე წულაძე იქნება.

ალექსანდრე წულაძეს გავლილი აქვს თსუს და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით. ასევე მოპოვებული აქვს სხვადასხვა დასავლურ უნივერსიტეტში კვლევითი სტიპენდიები.

ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2019 წელს კი საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

2023 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე წულაძე ფლობს მიწის ნაკვეთს წყნეთსა და წავკისში. მას წავკისში მიწა 2019 წელს 200 ათას ლარად შეუძენია.

წავკისში მისი მეუღლე ეკატერინე ჯანაშიაც ფლობს 570 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რაშიც 2017 წელს 12 500 დოლარი გადაუხდია.

წულაძე ასევე ფლობს არასაცხოვრებელ ფართობებს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე.

აქვს ორი ავტოფარეხი და ბინა თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე.

2017 წელს 12 000 დოლარად შეუძენია როიალი. ამავე წელს კი, უძრავი ქონების რეალიზაციით მიიღო 58 ათასი დოლარი.

მისი მეუღლე შემოსავლების სამსახურში მუშაობს და ასევე არის შპს „ანდერსენ ჯორჯიას“ საგადასახადო კონსულტანტი.

გასულ წელს ხელფასის სახით საქართველოს უზენაესი სასამართლოდან წულაძემ მიიღო 116 620 ლარი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან, როგორც სასწავლო მოდულის ხელმძღვანელმა კი, – 10 305 ლარი.

პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – „რეალურად, ეს ფასადური კონკურსებია“

მასწავლებელმა თამარ ფაჩულიამ ფოთის პირველ საჯარო სკოლას სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო. ის გასულ წელს მონაწილეობდა კონკურსში, რომელიც სკოლამ ქართული ენისა და ლიტერატურის საათების დასაკავებლად გამოაცხადა.

თამარ ფაჩულია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სასამართლომ კონკურსის მეორე ეტაპის – გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებაზე მიიღო გადაწყვეტილება.

„წელიწადზე მეტია ეს დავა გრძელდება, რადგან სკოლას საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ჰქონდა ჩამოწერილი, რომ კონკურსანტს უნდა ჰქონოდა დოქტორის ხარისხი. გარდა იმისა, რომ ეს ხარისხი მაქვს, ასევე მაქვს მენტორის სტატუსიც.

თუმცა გასაუბრების შემდეგ მიიღეს ის კადრი, რომელსაც არც დოქტორის ხარისხი აქვს და არც ჩემზე მეტი გამოცდილება“, – ამბობს თამარ ფაჩულია.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ კონკურსი იყო არაობიექტური, სასამართლოზე გამოიკვეთა ბევრი პროცესუალური დარღვევა.

„გამოვითხოვე დოკუმენტაცია, სადაც გამოჩნდა, რომ საკონკურსო კომისია შეიქმნა 26 აგვისტოს, კონკურსანტების განცხადებები კი გადაარჩიეს 24 აგვისტოს. ვინ გადაარჩია ეს განცხადებები, თუ კომისია არ იყო?

შეფასება იყო 100-ქულიანი და მე დამიწერეს 95 ქულა. სასამართლოზე ვერ დამისაბუთეს, თუ რაში დამაკლეს ის 5 ქულა.

გარდა ამისა, ბრძანების მიხედვით, კენჭისყრა იყო ფარული, ამათ კი ზეპირად მიიღეს გადაწყვეტილება. ეს და სხვა უამრავი დარღვევა ჰქონდათ, თუმცა ფოთის საქალაქო სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და ამიტომ მივმართე ქუთაისის სააპელაციოს, რომელმაც დაინახა ეს დარღვევები, დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და სკოლას გასაუბრების მეორე ეტაპის თავიდან ჩატარება დაავალა.

იმედი მაქვს სკოლა აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და გასაუბრება ხელმეორედ ჩატარდება“, – ამბობს თამარ ფაჩულია.

მისი თქმით, ეს საქმე რეალურად პრეცედენტულია, რადგან, როგორც წესი, მასწავლებლები არასდროს ასაჩივრებენ ხოლმე მსგავსი კონკურსების შედეგებს, რადგან არ აქვთ იმედი, რომ ბრძოლას შედეგი ექნება.

„21 წელია კერძო სკოლის დირექტორად ვმუშაობდი და კარგად ვიცი დოკუმენტებთან მუშაობა. ვიცი საკანონმდებლო აქტებიც და ამიტომ გამოვითხოვე ყველა საჭირო დოკუმენტი სასამართლოსთვის.

რეალურად, ეს არის ფასადური კონკურსები. ვის ვატყუებთ, რატომ ვატყუებთ? ჩვენ მოსწავლეებს რა უნდა ვასწავლოთ, როცა ჩვენ უფროსები ვატყუებთ ერთმანეთს.

მასწავლებელმა უნდა გააკეთოს ეს? და ასე, სიცრუეში გვინდა ცხოვრება? ვიცხოვროთ მაშინ ფასადურ გარემოში და რას მოგვიტანს ეს? განვითარებას და წინსვლას არა, სტაგნაციას მოგვიტანს და ვართ კიდეც ამ სტაგნაციაში.

არის თითქოს რეფორმები და მაინც არ არის არაფერი კარგად გაკეთებული, ვერ განვითარდა განათლების სფერო, რატომ?  იმიტომ, რომ სულ დავა და ომია სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს შორის. ბევრს უჭირს სიახლის მიღება, რადგან არ ჰყოფნის კვალიფიკაცია და ჩვენ მაინც არაკვალიფიციურ ხალხს ვიღებთ ამ სკოლებში.

ისეთ ხალხს აქვს სკოლები ჩაბარებული, საერთოდ არ იციან სკოლის სისტემა და ახლა აკვირდებიან ყველაფერს. რა ქნას იმ სასკოლო საზოგადოებამ, რომელსაც ასეთი ხელმძღვანელი ჰყავს?“ – ამბობს თამარი.

მისი აზრით, განათლების სფეროში რეალური ცვლილებაა საჭირო და არა ფასადური.

„თუ ასე გავაგრძელებთ, წარმატება არ მოვა ამ სისტემაში. როგორი თაობა გვინდა ჩვენ, როგორი მოქალაქე გვინდა მივიღოთ სკოლის დასრულების შემდეგ – თავისუფალი, მოაზროვნე, დამოუკიდებელი, პრობლემის დამოუკიდებლად გადამწყვეტი ადამიანი, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული თუ პირიქით.

როგორ მივიღებთ ასეთ მოქალაქეს, როდესაც ჩვენ თვითონ, მძიმე შეცდომებს ვუშვებთ?“ – ამბობს თამარ ფაჩულია.

რატომ იყო მისი კანდიდატურა დირექტორისთვის მიუღებელი, – ვკითხეთ მას.

თამარ ფაჩულია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ერთი ის, რომ არ არის მმართველი პარტიის მხარდამჭერი. „მე სხვა ღირებულებები მაქვს“, – ამბობს ის და მეორე, ხშირად სკოლაში არ უყვართ მომთხოვნი და პროგრესზე ორიენტირებული ადამიანები.

„მთელი კლანია ჩართული ჩემ წინააღმდეგ. მე დირექტორობის კონკურსშიც ვიღებდი მონაწილეობას და იქაც გასაუბრების მეორე ეტაპზე დამბლოკეს. ეს შედეგებიც მაქვს გასაჩივრებული.

ის ადამიანი კი, ვინც აირჩიეს, გარდა იმისა, რომ სამ სკოლაში მუშაობს, არის მასწავლებელთა სახლის ტრენერი და კიდევ ერთ საბიუჯეტო დაწესებულებაშიც მუშაობს, მორჩილია და რასაც ეტყვიან, იმას შეასრულებს. ცალკე საკითხია ის, რომ ამდენი სამსახური არ ჰყოფნის და ამ სკოლაშიც მოინდომა მუშაობა.

თავის დროზე, როცა სისტემაში შემოდიოდა, მე დავუთმე ამ ადამიანს ჩემი საათები და დავასაქმე. არც ეს ფაქტორი გაითვალისწინეს“, – გვეუბნება თამარი.

თამარ ფაჩულიას უფლებებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები“ იცავდა.

მისი აზრით, ადამიანმა, მით უმეტეს მასწავლებელმა არ უნდა მოითმინოს უსამართლობა, ჩაგვრა და ყოველთვის უნდა იბრძოლოს ამის წინააღმდეგ.

ფოთის პირველ საჯარო სკოლას ახლა უკვე ახალი დირექტორი ჰყავს. თამარ ფაჩულია იმედოვნებს, რომ ახალი დირექტორი არ წავა სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ და ახალ გასაუბრებას სამართლიანად ჩაატარებს.

„მოტყუებით დაეუფლნენ 19 ადამიანის ქონებას“ – პროკურატურამ 9 პირს წარუდგინა ბრალდება

საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს წარუდგინა ბრალდება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საჯარო რეესტრში წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი, თბილისსა და ბათუმში მდებარე უძრავი ქონებები.

პროკურატურის ცნობით, მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 19 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 2435,05 კვ.მ ფართის 15 უძრავ ქონებას, რამაც 3 248 375 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

„ქონების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონებები ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე მათ ნაცნობ პირებზე გააფორმეს, შემდეგ კი მათი რეალიზაცია მოახდინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ 727 455 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება გამოიწვია“ – წერს პროკურატურა.

2 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო, 4 პირის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 6 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, საიდანაც 5 პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო 3 ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

ხიდი რიონზე უხარისხოდ იყო გაკეთებული და ამიტომ ჩავარდა – ექსპერტიზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა.

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა  ბიურომ ჩაატარა.

„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.

ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები“, – აცხადებს დეპარტამენტი.

პარალელურად, ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დეპარტამენტის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს.

ამასთან, „გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით.“

  • დეპარტამენტის ინფორმაციით: „სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი [ლოტი 1], რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა.“

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ამ მონაკვეთის [ლოტი 1] მშენებლობა 2014 წლის ივლისში დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, „ბათუმელებს“ დეპარტამენტში თავის დროზე უთხრეს, რომ თავდაპირველად ხელშეკრულება უცხოურ კომპანია „ალტკომთან“ შეწყდა, შემდეგ კი კომპანია „აკორდთან“.

„E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის კმ0+000-კმ11+500 მონაკვეთის დარჩენილი სამუშაოების მშენებლობაზე“ მოგვიანებით დეპარტამენტმა ხელშეკრულება შპს „ჯეუ გრუპისთან“ გააფორმა, 2021 წლის ოქტომბერში.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა 73 663 566 ლარია, ამ დროისთვის კი „ჯეუ გრუპიზე“ გადარიცხულია 68 396 565 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 93%] აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

უქმე დღეებში საბაჟოები იმუშავებს, სერვისცენტრები არა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უქმე დღეებში, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

„სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ სერვისებით (მათ შორის ელექტრონული სერვისებით) სარგებლობისას.

„ამასთან, 2024 წლის 3 იანვრიდან  5 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის  სერვისით „RS ჩათი“, დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299 ან გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტა info@rs.ge“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

  • ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ განისაზღვრა 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის [პარასკევის] ჩათვლით დღეები.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 357 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
  • ტანკი – 5 953 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 11 033 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 8 417 ერთეული [+26]
  • MLRS – 938 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 620 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 539 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 620 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 215 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 1 254 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 564 თვითმფრინავი
  • 263 ვერტმფრენი
  • 10 206 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 445 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 383 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 190 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 564 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 833 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

რატომ არის მუცელზე ძილი საზიანო – ექიმის რჩევები

დილით საწოლიდან ადგომისას დასვენებული სხეულის ნაცვლად თუ წელის, კისრის ან მხრების ტკივილი გაწუხებთ, ეს შესაძლოა ძილის დროს სხეულისთვის მოუხერხებელი პოზიციის გამო ხდება, რა დროსაც თქვენი კუნთები დასვენების ნაცვლად ზედმეტად იტვირთებიან.

კვლევებით დასტურდება, რომ ძილის პოზის არჩევამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ზურგის ტკივილი.

„ყველა კვლევამ შეისწავლა ძილის სამი ან მეტი პოზა, თითოეული კვლევა ძილის პოზებს აფასებდა თვითრეპორტირების მეთოდის გამოყენებით, ერთ კვლევაში კი აგრეთვე გამოყენებული იყო ინფრაწითელი კამერები.

ორმა კვლევამ შეისწავლა სიმპტომები, რომლებიც წარმოიქმნება ხერხემალში – წელის ნაწილში, კისრის ნაწილში და ერთი მთლიანად ხერხემალში.

კვლევის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ გამოღვიძებისას ტკივილი და დაძაბულობა/დაჭიმულობა იყო ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, ხოლო გვერდზე წოლა, როგორც წესი, იცავდა ხერხემალთან დაკავშირებული სიმპტომებისგან“, – ვკითხულობთ კვლევის შეჯამებაში.

კლივლენდის კლინიკა [Ceveland Clinic] წერს, რომ მუცელზე ძილი ზედმეტად ტვირთავს ზურგს, კისერსა და მხრებს. ეს მცირე დაძაბულობა შეიძლება გაიზარდოს შვიდ ან რვასაათიანი ძილის განმავლობაში და დილას შესაძლოა საკმაოდ საგრძნობი იყოს; 

აი, რას წერს კლივლენდის კლინიკა იმის შესახებ, თუ რატომ არ არის კარგი მუცელზე ძილი:

  • ზურგის ტკივილი:  მუცელზე ძილი, ხერხემლის ბუნებრივი ჩაზნექილობის გაბრტყელებითა და ანომალიური გამრუდებით, ხელს უშლის თქვენ ხერხემლის სწორ განლაგებას. „ეს დამატებითი სტრესია წელისთვის, რომელსაც ისედაც ვტვირთავთ დღის განმავლობაში; მუცელზე ძილი, ამ კუნთებს დასვენებისა და აღდგენის საშუალებას არ აძლევს“, – წერს კლივლენდის კლინიკა.
  • კისრის ტკივილი: საწოლზე მუცლით წოლა მოითხოვს თავი ან მარცხნივ შევაბრუნოთ ამ მარჯვნივ. თავის ასეთ მობრუნებას გამოჰყავს თქვენი სხეული მისი ბუნებრივი განლაგებიდან, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში რომ გქონდეთ თავი შებრუნებული ერთ პოზიციაში. ის საბოლოოდ აგტკივდებათ. იგივე პრინციპია ძილის დროსაც.
  • მხრის ტკივილი: ადამიანების უმეტესობა, მუცელზე წოლის დროს მკლავს ან მკლავებს ავტომატურად მაღლა წევს და ბალიშის ქვეშ ათავსებს. ამ პოზიციაში მხრის სახსარი დაძაბულ მდგომარეობაში რჩება. ასეთმა სიტუაციამ, შესაძლოა საბოლოოდ მიგვიყვანოს მხრის სახსრის მბრუნავი მანჟის ან მხრის სხვა სახის პრობლემებამდე.

„ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ფიზიკური თერაპევტი, მირზა ინასარიძე ამბობს, რომ ძილის დროს მოსვენებისთვის ყველაზე კარგი პოზიცია სწორი, ორთოპედიული ზედაპირია, რადგან ამ დროს ხერხემლის სვეტი სწორ პოზიციაშია. თუმცა, სპეციალისტი ამბობს, რომ სხეულის მოსვენების პოზა ადამიანებისთვის მაინც ინდივიდუალურია; ეს განსაკუთრებით რელევანტურია მათთვის, ვისაც საჯდომი ნერვის ნევრალგია ან ნევრიტი – იშიასი აწუხებს. მას ახასიათებს შეტევითი, ხან კი მუდმივი ხასიათის ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ.

კლივლენდის კლინიკის რეკომენდაციები სხეულის სწორ პოზიციაში მოსვენებისთვის:

  • ზურგზე წოლის დროს: შეაცურეთ პატარა ბალიში მუხლების ქვეშ, რათა შეამციროთ ზურგზე ზეწოლა; თავქვეშ გამოიყენეთ პატარა ბალიში, რათა შეინარჩუნოთ თავი ნეიტრალურ პოზიციაში, კისრის დაჭიმულობის თავიდან ასაცილებლად.
  • გვერდზე წოლის დროს: მოერიდეთ ე.წ. ემბრიონის პოზაში წოლას; შეეცადეთ შეინარჩუნოთ თეძოები, ტორსის სისწორეზე [მაგ. ბალიშის დახმარებით]; ხშირად შეიცვალეთ მხარი.

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის როდის დაიწყებენ ბინების გადაცემას, ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კვლავ არ აკონკრეტებენ. სამინისტროდან „ბათუმელებმა“ ვერც ის ინფორმაცია მიიღო, თუ როდის ჩაიბარებს აშენებულ კორპუსებს.

ამ კორპუსებში 582 ბინაა, რომლებიც პირველ ეტაპზე უნდა გადაეცეთ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ.

აჭარის ხელისუფლებისგან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები იმ ოჯახების სიასაც ითხოვენ, რომლებსაც პირველ ეტაპზე გადასცემენ ბინებს, ასევე ითხოვენ საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებასაც, თუმცა მთავრობა ასეთ სიას არ ადგენს და არც ხელშეკრულებებს აფორმებს. მოსახლეობა პერიოდულად აქციებსაც მართავს ამ მოთხოვნებით.

„დაგვპირდნენ, რომ პასუხს მივიღებდით ჩვენს მოთხოვნებზე. დამიბარეს და მინისტრის ხელმოწერილი წერილი გადმომცეს, სადაც მხოლოდ კრიტერიუმებია და მეტი არაფერი. ასეთი წერილი ამ ეტაპზე 50-მდე ოჯახს დაურიგეს, როგორც სამინისტროში მითხრეს. დანარჩენებიც მიიღებენო… ჩვენ სიას და საგარანტიოს ვითხოვდით“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს ბინები უნდა გადასცენ, აჭარის მთავრობას 2022 წლის მაისიდან აქვს შემუშავებული. ამ დრომდე მთავრობაში აცხადებდნენ, რომ, პირველ რიგში, ბინები, პრიორიტეტების შესაბამისად, შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. გადაეცემოდათ.

თუმცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მიერ ხელმოწერილი წერილით, ირკვევა, რომ „ოცნების ქალაქში“, პირველ რიგში, ბინებს ოჯახები „ტერიტორიული პრინციპით“ მიიღებენ. ანუ ის ოჯახები, რომლებიც იმ ადგილებში ცხოვრობენ, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობებისთვის [გზის, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და ა.შ. მოსაწყობად] უნდა გამოთავისუფლდეს.

ამავე წერილშია ის კრიტერიუმებიც, რომელთა არსებობის შემთხვევაში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახი ბინას ვერც პირველ და ვერც მეორე ეტაპზე ვერ მიიღებს.

ამ წერილის მიხედვით, „სამუშაო ჯგუფის მიერ ე.წ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ პროგრამის (შემდგომში პროგრამა) მოსარგებლედ განისაზღვრა ოჯახი, რომლის შემადგენლობა აღწერილია და რეგისტრირებულია სამუშაო ჯგუფის მიერ და მათ მიერ დაკავებულ საცხოვრისს მინიჭებული აქვს ნომერი (2019 წლის მდგომარეობით).

ასევე, განისაზღვრა პროგრამაში მონაწილეობის გამომრიცხავი კრიტერიუმები (გარემოებები), რომელთა არსებობის შემთხვევაში ოჯახი ვერ ისარგებლებს პროგრამით.“

კერძოდ, მინისტრის წერილის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ბინას ვერ მიიღებს:

  • „ოჯახი, რომელსაც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საკუთრებაში გააჩნია თვითმმართველ ქალაქში [თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი] მდებარე უძრავი ქონება;
  • ოჯახი, რომელმაც 2019 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ გაასხვისა თვითმმართველ ქალაქში [თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი] მდებარე უძრავი ქონება;
  • ოჯახი, რომელსაც 2017-2021 წლებში უწყვეტად მიღებული აქვს 40 000 [ორმოცი ათასი] ლარი და მეტი შემოსავალი;
  • ოჯახი, რომელმაც ისარგებლა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით;
  • ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის მიერ გადაეცა საცხოვრებელი ბინის, სახლის, მიწის, განსახლების კომპენსაცია არანაკლებ 25 000 [ოცდახუთი ათასი] ლარისა ან/და საცხოვრებელი ფართობი.“

მინისტრის წერილში ასევე განმარტებულია, რომ „დადგენილი კრიტერიუმების მიზნებისათვის ოჯახი შედგება სამუშაო ჯგუფის მიერ რეგისტრაციის შედეგად ანკეტურ მონაცემებში აღწერილი პირებისაგან, აგრეთვე აღწერის შემდეგ დაბადებული ბავშვისა და ქორწინების საფუძველზე შემატებული წევრისაგან.“

პროგრამით მოსარგებლე ოჯახებისათვის კი, პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, დადგენილია შემდეგი რიგითობა.

კერძოდ:

  1. „საცხოვრებელი კომპლექსის მეორე ეტაპის მშენებლობისათვის და მიმდინარე მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცის (გზა, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა და ა.შ.) მოწყობისათვის გამოსათავისუფლებელ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები (ტერიტორიული პრინციპით);
  2. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი;
  3. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  4. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია სპეციალური სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პირი (პირი, რომელსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. თუმცა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს ხანგრძლივ ან და მუდმივ სამედიცინო მომსახურებას);
  5. მარტოხელა მშობელი;
  6. მარჩენალდაკარგული;
  7. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი;
  8. მრავალშვილიანი ოჯახი (3 და მეტი არასრულწლოვანი შვილი);
  9. ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არაუმეტეს 120 000 სარეიტინგო ქულით;
  10. მრავალსულიანი ოჯახი (7 და მეტი წევრი);
  11. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია ომის ვეტერანი ან მასთან გათანაბრებული პირი;
  12. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია საპენსიო ასაკის პირი;
  13. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი;
  14. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი;
  15. იპოთეკით დაზარალებული ოჯახი (ოჯახი, რომელმაც იპოთეკის გამო დაკარგა საცხოვრებელი სახლი).“

მინისტრის წერილში აღნიშნულია, რომ თუ ოჯახი აკმაყოფილებს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ პროგრამის კრიტერიუმებს, პროგრამის განხორციელების პირველ ან მეორე ეტაპზე დააკმაყოფილებენ საცხოვრებელი ბინით, ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტული რიგითობის გათვალისწინებით.“

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მეორე ეტაპის სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა განაშენიანების კონცეფცია ქალაქის საკრებულოს დამტკიცებული აქვს.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე „განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში“ კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ნიუ სითი დეველოფმენთისთვის“ 991 ათას 200 ლარი აქვს გადახდილი.

ეს დოკუმენტაცია თავის დროზე ბათუმის მერიას გადაეცა, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოში შესაბამის პროცედურებს გადიოდა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად.

„რაც შეეხება ბინების გადაცემას, ყველა, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიიღებს ბინას. იცით, რომ კრიტერიუმებით პრიორიტეტი ენიჭება ოჯახს, სადაც არის მაგალითად შშმ პირი, მრავალშვილიან ოჯახს და სხვა. ეს კრიტერიუმები არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამა თუ იმ ოჯახის მდგომარეობა ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში, ამიტომ, დღეს რომ სია შევადგინოთ, ხვალ შეიძლება ის შესაცვლელი გახდეს… შესაბამისად, ვიდრე არ დასრულდება მშენებლობა და არ გაფორმდება მიღება-ჩაბარება, სიაც არ იქნება“, – განაცხადა მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის წარდგენისას.

ამ თემაზე ვრცლად:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

როგორ ყიდულობენ რუსები სოფლებში მიწებს  – „ბათუმელების“ 20 პოპულარული სტატია 2023 წელს

რას კითხულობდნენ 2023 წელს ყველაზე ხშირად „ბათუმელებზე“? – წლის ბოლოს ტრადიციულად წარმოგიდგენთ წლის ყველაზე რეიტინგულ სტატიებს, რომლებიც batumelebi.ge-ზე გამოქვეყნდა.

ემიგრაცია, შოვის ტრაგედია, მუნიციპალური პრობლემები, სიღარიბე, დაუცველი ჯგუფები, რუსეთ-უკრაინის ომი და მოახლოებული 2024 წლის არჩევნები – სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2023 წელს ყველაზე მეტი მკითხველი „ბათუმელებს“ ამ თემების გაშუქებისას ჰყავდა.

[red_box]რუსული კანონი[/red_box]

2023 წლის გაზაფხულზე საქართველოში დაიწყო „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“, იგივე რუსული კანონის განხილვა. „ბათუმელებზე“ მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ საკითხის გაშუქებას.

„ბათუმელები“ არ შემოიფარგლა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებით და ცალკეული მოქალაქეების მაგალითზე დაიწყო იმის ჩვენება მკითხველისთვის, თუ როგორ აისახებოდა ეს კანონი თითოეულ მოქალაქეზე. ამ თემაზე მომზადებული ყველაზე პოპულარული სტატია, სწორედ ასეთ მაგალითებს შეეხებოდა. სტატია აჭარის მთებში მცხოვრებ ორი მეურნის შესახებ და მათ პოზიციას უამბობს მკითხველს. 

სტატიას დიდი გამოხმაურება ჰქონდა – ცხადად აჩვენა ის აბსურდული სიტუაცია, რაშიც აღმოჩნდებოდა ქვეყანა და გრანტის მიმღები ათი ათასობით ადამიანი რუსული კანონის მიღების შემთხვევაში. 

ამ თემაზე მომზადებული სტატიებიდან მკითხველის დიდი ინტერესი მოჰყვა სტატიას „უცხოელი გავლენის აგენტების“ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ.

სტატია ააშკარავებს, რომ პარლამენტარ ყაველაშვილს, რომელიც „აგენტებზე“ კანონის მიღებას ითხოვდა გამჭვირვალობის მოტივით, თავად გაუმჭვირვალედ და თან კანონდარღვევით ჰქონდა დეკლარირებული ქონება.

[red_box]ემიგრანტი ქალები [/red_box]

2023 წელს „ბათუმელები“ შეეცადა ახლო ხედით ეჩვენებინა ქართველი ემიგრანტების ცხოვრება უცხოეთში და მათი პრობლემები. ამ რუბრიკაში მომზადებულ სტატიებს „ბათუმელებზე“ წელს ყველაზე მეტი მნახველი ჰყავდა. მათ შორის ყველაზე რეიტინგული იყო შემდეგი სტატიები:

ამ სტატიის გმირი 1999 წლიდან ემიგრაციაში იმყოფება. ემიგრაციაში მიიღო გადაწყვეტილება, დაშორებოდა ქმარს, რომელიც, მისივე თქმით, არ იყო მზად ეშრომა ოჯახისთვის. 

კიდევ ერთი რეიტინგული სტატია ამ სერიიდან, ეხებოდა 33 წლის ქართველი ემიგრანტი ქალის ნაამბობი იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა აშშ-ში ჩასასვლელად 5 წლის შვილთან ერთად.

ემიგრანტები ქალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულისტკივილი შვილებთან ურთიერთობას უკავშირდება.

წლების განმავლობაში ქალები ინტერნეტით ან ტელეფონით „ზრდიან“ შვილებს, რაც საბოლოო ჯამში გაუცხოების მიზეზიც შეიძლება გახდეს. სწორედ ამ თემას გაუსვა ხაზი „ბათუმელებთან“ ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქალმა.

[red_box]შოვის ტრაგედია [/red_box]

შოვის ტრაგედიაზე მომზადებული მასალებიდან ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა შოვის სტიქიის თვითმხილველის, დავით ჯელაძის ნაამბობს, რომელმაც სტიქიის ზონიდან ზურგით გამოიყვანა თავისი მცირეწლოვანი დისშვილი.

2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში განვითარებულ დამანგრეველ მეწყერს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

[red_box]დასაქმება წინასაარჩევნოდ – სტატიების სერია [/red_box]

„ბათუმელები“ აჭარის მაგალითზე დაინტერესდა, როგორ მუშაობს მთავრობის დასაქმების პროგრამა და დაადგინა, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ იყენებს ხმების შესაგროვებლად.

ამ თემაზე მომზადებული სტატიისთვის „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ ჟურნალისტური პრემია „შუქი“ მიიღო.

[red_box]სასამართლო სისტემა [/red_box]

„ბათუმელები“ წლების განმავლობაში სისტემატურად წერს სასამართლო სისტემაზე. 2023 წელს ამ რუბრიკაში მომზადებულ სტატიებს შორის მკითხველის ყველაზე მეტი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა სტატიას, რომელიც სასამართლოში განხილულ პედოფილიის საქმეს ეხებოდა.

2023 „ბათუმელებმა“ რამდენიმე ვრცელი სტატია მოამზადა სასამართლო სისტემის შესახებ. ამ სერიაში მომზადებულ სტატიებს შორის მკითხველის ყველაზე მეტი ინტერესი მოჰყვა სტატიას, რომელშიც განხილულია, რატომ ცვლის იშვიათად უზენაესი სასამართლო გამამართლებელ განაჩენებს, როცა საქმე ოჯახში ძალადობას ეხება.

ასევე, „ბათუმელების“ ყველაზე ხშირად წაკითხულ სტატიებს შორისაა მასალა აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეზე.

ამ მოსამართლის ოჯახის გამდიდრების ისტორია 2011 წლიდან იწყება, როცა იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

[red_box]რუსეთის მოქალაქეები საქართველოში [/red_box]

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა 2022 წელს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. რა გავლენა აქვს ამას საქართველოში ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე? – ამ სერიაში მომზადებულ სტატიებს შორის მკითხველის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია სტატიამ, თუ როგორ ყიდულობენ რუსეთის მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო მიწებს საქართველოში.

ასევე, მკითხველების ინტერესი მოჰყვა „ბათუმელების“ სტატიას, იმის შესახებ, თუ რა ხდება ბარებში, რომლებიც ქართულ ენაზე არ მოგემსახურებიან.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ „ბათუმელების“ მკითხველების ინტერესი ამ თემის მიმართ კვლავ მაღალია.

[red_box]მუნიციპალური პრობლემები [/red_box]

batumelebi.ge-ს მკითხველი ყველაზე მეტად ინტერესდება ბათუმის და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული საკითხებით, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეებს, მშენებლობებსა და გზებისა და პარკინგის პრობლემებს. 2023 წელს ამ რუბრიკაში მომზადებული სტატიებიდან მკითხველების ყველაზე დიდი ინტერესი მოჰყვა სტატიას, როგორ გადაყიდა კომპანიამ სახელმწიფოსგან 1 ლარად ნაყიდი მიწა.

ბათუმში სამშენებლო ბიზნესის მუშაობა და მასთან დაკავშირებული საკითხები წლებია „ბათუმელების“ ფოკუსშია. 2023 წელს განსაკუთრებით ბევრი მკითხველი ჰყავდა სტატიას, რომელიც კაზუსს შეეხებოდა.

ბათუმში სამშენებლო ბუმის პარალელურად გრძელდება მოქალაქეების ბრძოლა ამ პროცესში შელახული უფლებებისა და საზოგადოებრივი სივრცეების შესანარჩუნებლად. მოქალაქეები ხშირად უპირისპირდებიან კომპანიებს და ამ ბრძოლაში იშვიათად, მაგრამ გამარჯვების მაგალითები მაინც არის. სწორედ ერთ ასეთ შემთხვევაზეა 2023 წელს „ბათუმელების“ მიერ მომზადებული მასალა.

[red_box]ქალთა უფლებები [/red_box]

ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების შესახებ „ბათუმელებმა“ წელს არაერთი მასალა მოამზადა. ამ სტატიებს შორის ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა სტატიას ნაადრევ ქორწინებაზე.

16 წლის მეხოშ გუსეინოვას ნახატმა შსს-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ნაადრევი ქორწინების თემაზე პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. „ბათუმელებს“ 16 წლის მოზარდი ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე ესაუბრა.

ამ სერიაში მომზადებულ სტატიებს შორის ასევე ბევრი მკითხველი ჰყავდა სტატიას, რომელიც სექსმუშაკების ცხოვრებას ეხებოდა.

ამ სტატიისთვის „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ია ფრანგიშვილმა ორგანიზაციის – „ქალები საერთო მომავლისთვის“ – ჯილდო მიიღო კატეგორიაში – „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი“.

[red_box]სოციალური პრობლემები [/red_box]

სოციალურ პრობლემებზე მომზადებულ სტატიებს „ბათუმელებზე, ტრადიციულად, ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს. წელს ამ თემაზე მომზადებულ სტატიებს შორის ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა სტატიას პენსიონერზე, რომელმაც პენსიის შეგროვების ნაცვლად 4 წლის პენსია დაკარგა. იგი სასამართლოში უჩივის „ლიბერთი ბანკს“.

ასევე, ბევრი მკითხველი ჰყავდა სტატიას ოჯახზე, რომელიც ახალი სასწავლო წლის დასაწყისში თურქეთში გადავიდა სასკოლოდ საჭირო ტანსაცმელი და ნივთები რომ იაფად შეეძინათ.

თურქეთში იაფად სავაჭროდ აჭარიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გადადის.

[red_box]რუსეთ-უკრაინის ომი [/red_box]

2022-2023 წლებში ვებგვერდის მკითხველთა დიდი ნაწილი ყოველდღიურად ინტერესდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. 2023 წელს ამ რუბრიკაში მომზადებული ყველაზე პოპულარული სტატია, ინტერვიუ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან, სამხედრო ჯგუფ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობას უკავშირდება.

თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. batumelebi.ge-ზე ამ თემის მიმართ ინტერესი არ შემცირებულა.

„მარტო ვერ დავდივარ, ყველა ნაბიჯზე ბარიერია“ – უსინათლო ქალი ბათუმიდან

ბათუმში დაიბადა და ყოველთვის ამ ქალაქში ცხოვრობდა. ძალიან უყვარს ბათუმი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, არც ერთხელ უგრძნია თავი კომფორტულად ქუჩებში, ზებრა გადასასვლელებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში.

„თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ამ ქალაქში ვდგამ, ჩემთვის ბარიერებითაა სავსე“, – გვეუბნება 28 წლის ნანა დუმბაძე. ის უსინათლოა.

დღეს ნანასა და მის გამოწვევებზე გიამბობთ, ქალზე, რომელსაც ყველგან წასვლა შეუძლია, მაგრამ თანმხლების გარეშე ვერსად მიდის.

„არანაირად არ ვთვლი, რომ ხელმისაწვდომია ჩემთვის გარემო ბათუმში.

დამოუკიდებლად გადაადგილების სურვილი, რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ ეს გარემო არ არის ჩემთვის უსაფრთხო. ვერც ხელჯოხით გამოვალ სახლიდან მარტო. თუ მინდა მარტო წავიდე სადმე, ტაქსი უნდა გამოვიძახო.

რაც არის ამ ქალაქში ჩვენთვის, ტაქტილური ბილიკები იქნება ეს, ხმოვანი შუქნიშნები, (რომლებიც ფაქტობრივად არსად არ მუშაობს) თუ გახმოვანება ავტოტრანსპორტში, არ არის გამართული. ვერ ვმოძრაობ დამოუკიდებლად, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის ქმნის ბარიერებს და არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ. სწორედ ამიტომ, ყველანაირად ვარიდებ თავს მარტო გადაადგილებას.

მარტო სადმე წასვლა უფრო ბავშვობაში მიცდია, ბავშვური გამბედაობით. ბავშვობის შემდეგ – არა. ახლა უფრო ფრთხილად ვარ.

ვერ ვცდი მარტო გარეთ გასვლას. რანაირად უნდა ვცადო?“ – გვეუბნება ნანა.

მას იმედი აქვს, რომ თუ ის და საქართველოში მცხოვრები სხვა შშმ პირები თავიანთ საჭიროებებზე საუბარს არ შეწყვეტენ და კიდევ უფრო აქტიურად მოითხოვენ მათთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას, ეს აუცილებლად მოხდება.

„ხელისუფლებას ვეტყოდი, რომ მოგვისმინონ. იფიქრონ ჩვენზე, ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ.

იფიქრონ იმაზე, თუ რა იქნება უკეთესი ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის. ჩვენგან გაიგონ ჩვენს ნამდვილ საჭიროებებზე და არ გააკეთონ რაღაც მხოლოდ პიარისთვის, ჩვენთვის გაკეთებული საქმე არ იყოს ზედაპირული.

ხელისუფლების მთავარი მიზანი ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა იყოს.

ვფიქრობ, რომ რასაც აკეთებენ, ამას პიარის სახე უფრო აქვს, იმიტომ რომ, რაც ჩვენს ქალაქშია გაკეთებული, არაფერია ბოლომდე მიყვანილი. თუ რაღაც გაკეთებულია, გაკეთებულია დაუფიქრებლად, გაუაზრებლად“ – ამბობს ნანა.

ნანა დუმბაძე ბათუმის მერიის შენობასთან, ლერმონტოვის ქუჩაზე

როგორც ნანა გვიყვება, იცნობს სხვადასხვა საჭიროების მქონე შშმ პირებს და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრებისეული სიტუაციები აქვთ, მათ საერთო პრობლემები და ძირითადად, მსგავსი საჭიროებები აქვთ.

„ვფიქრობ, რომ ყველგან უნდა იყოს გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები. სულერთია, ეს იქნება რესტორანი, კაფე, სასტუმრო თუ ნებისმიერი სხვა სახის დაწესებულება. ტურისტული რეგიონი ვართ და მხოლოდ ტურისტებისთვის არ უნდა იყოს ამ ქალაქში კომფორტი.

ჩვენს ქალაქში უფრო მეტი კეთდება სტუმრებისთვის, ვიდრე ჩვენთვის და ჩემთვის, როგორც შშმ პირისთვის. ჩვენც ამ საზოგადოების, ამ ქალაქის ნაწილი ვართ. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა, რომ ბევრად კომფორტული იყოს ჩემთვის და ნებისმიერი შშმ პირისთვის ამ ქალაქში ცხოვრება“, – გვეუბნება ნანა.

მისი თქმით, სივრცე ბათუმში, სადაც თავი კომფორტულად შეუძლია იგრძნოს, მხოლოდ თანმხლებ პირებთან ერთად მყოფს ეგულება -„დავდივარ მეგობრებთან ერთად თუ სადმე დროის გატარება მინდა, იმიტომ, რომ მარტო ამ ქალაქში ვერ გადავადგილდები. ყველგან დავდივარ, მაგრამ მარტო – ვერსად“.

ნანა თვლის, რომ ამ ქალაქში ცხოვრება ნებისმიერი საჭიროების მქონე შშმ პირისთვის რთულია.

„აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ. თითქმის ყოველდღე ვმოძრაობ ქალაქში და ჩემთვის, როგორც უსინათლო ადამიანისთვის, საერთოდ არაფერია ხელმისაწვდომი. არც სახელმწიფო შენობები, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მითუმეტეს – ქუჩები“.

ჩვენთან საუბრისას ნანა ყურადღებას მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ შშმ პირთა საჭიროებებზეც ამახვილებს: „ასე თუ ისე, მათთან შედარებით ჩვენთვის კიდევ ბევრი რამაა ხელმისაწვდომი. მათ ძალიან დიდი პრობლემები აქვთ. ტრანსპორტირება, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა… ბევრი რამაა.

აქ ის მაინც შეგვიძლია, დახმარება ვითხოვოთ ან ჩვენ თვითონ დავეხმაროთ საკუთარ თავს. მაღალმთიან რეგიონებში კიდევ უფრო რთულადაა საქმე და ეს ძალიან, ძალიან დიდი პრობლემაა იქ მცხოვრები შშმ პირებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მაღალმთიანი აჭარა თუ სხვა ადგილი“, – ამბობს ნანა.

ნანა დუმბაძე პროფესიით მომღერალია და რამდენიმე წელია, რა სტუდია „გამაში“ მღერის.

„დავდივართ საერთაშორისო ფესტივალებზე, კონკურსებზე და წარმატებებით ვბრუნდებით. ეს არის ჩემი პროფესია და თავს ვხედავ ამაში. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან ეს მართლა ის არის, რისი კეთებაც მომწონს და მსიამოვნებს“- გვეუბნება ნანა და დასძენს:

„შედარებით ადაპტირებული ქუჩები რომ გვქონდეს, დიდი სიამოვნებით ვივლიდი ყურსასმენებით ბათუმში, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიზამ. ყურსასმენებით და თან ხელჯოხით ვერ გავივლი ბათუმის ქუჩებში დამოუკიდებლად“.

ბახმაროში, 4 ჰექტარზე „ორბი“ მშენებლობას იწყებს – განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია

ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფომ კომპანია „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.

ბრძანება, რომელიც 2023 წლის 25 დეკემბერსაა მიღებული და ხელს სააგენტოს უფროსი იოანე მენაბდე აწერს, 28 დეკემბრიდან ამოქმედდა.

„ორბის“ მრავალფუნქციური კომპლექსი ბახმაროში / ესკიზი გდგ-დან

განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიხედვით, „ორბს“ შესაძლებლობა ექნება ბახმაროში მაქსიმუმ 16 და 19 მეტრი სიმაღლის შენობები ააშენოს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „მიწის ნაკვეთის 10%‐ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე, დასაშვებია გაიზარდოს 3 მეტრამდე“.

დოკუმენტის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ ნაკვეთზე დაგეგმილია 181 ნომერზე გათვლილი სასტუმროს აშენება [ამასთან „დაახლოებით 35 საწოლი ერთეული განკუთვნილი იქნება მუშაკებისათვის, იმავე ან სხვა მიწის ნაკვეთზე“].

დაგეგმილია ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა 149 ავტომობილზე.

სასტუმროს შენობის ნახაზები გდგ-დან

რაც შეეხება მშენებლობის ეტაპებსა და ვადებს, გდგ-ს მიხედვით საპროექტო ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია სამ ეტაპად:

  • პირველ ეტაპი ‐ სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა.
  • მეორე ეტაპი ‐ მიწისქვეშა ავტოსადგომები, სპორტული მოედნები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა.
  • მესამე ეტაპი ‐ მისასვლელი გზები, სარეკრეაციო სივრცეები და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის რენდერი გდგ-დან

„ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მშენებლობის ხანგრძლივობა გათვლილია დაახლოებით 2 წელზე და დასრულება დაგეგმილია 2025 წლის დეკემბრამდე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გდგ-ს მიხედვით:

„პროექტირების მიზანია ბახმაროში შეიქმნას მაღალი დონის ტურისტულ‐სპორტული და სარეკრეაციო კომპლექსი, რომელიც უნიკალური უნდა იყოს როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით.

კომპლექსი, თავისი მასშტაბით და არქიტექტურით ორგანულად უნდა ჩაეწეროს მიმდებარე უნიკალურ ლანდშაფტში და არსებულ განაშენიანებაში. კომპლექსი ითვალისწინებს ბახმაროს, როგორც 12‐თვიანი კურორტის ფუნქციონირებას.

პროექტის ამოცანაა, არსებული ტერიტორიის რაციონალურად დაგეგმარება, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება ბახმაროს კონტექსტში, საპროექტო გადაწყვეტების შესაბამისად.

გდგ‐ს მიხედვით, დაცულია დადგენილი ლანდშაფტური ტერიტორიის საზღვრები და აღნიშნული ტერიტორიებისთვის გამიჯნულია ცალკე მიწის ნაკვეთები.“

საპროექტო ტერიტორია ბახმაროში /„ორბის“ სასტუმრო კომპლექსის ესკიზი გდგ-დან

„არსებული მდგომარეობით, საპროექტო ტერიტორიამდე მხოლოდ ელექტროენერგია მიდის. დაერთების შესაძლებლობასთან დაკავშირებით წარმოდგენილია საქართველოს გაერთიანებული ელექტრომომარაგების კომპანიის დადებითი პოზიცია.

რაც შეეხება წყალს და წყალარინებას, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია ბახმაროს მთლიანი კურორტის წყლით მომარაგების უზრუნველყოფა უახლოეს მომავალში. ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული პროვაიდერი კომპანია“, – აღნიშნულია გდგ-ში.

განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] არის შეთავაზება ბახმაროში საბაგირო და სასრიალო ტრასების მოწყობაზეც:

საბაგირო და სასრიალო ტრასებისთვის შერჩეული ტერიტორია / ესკიზი გდგ-დან

„ბახმარო მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრის სიმაღლეზე და სანაპიროდან დაახლოებით 50 კმ-ში, რაც ქმნის ზღვისა და მთის ჰაერის უნიკალურ კომბინაციას და უზრუნველყოფს მიმდებარე ბუნების შეუდარებელ პეიზაჟებზე წვდომას. დღემდე, კურორტის პოტენციალი სრულად არ არის გამჟღავნებული. ზაფხულის სეზონი მხოლოდ სამი თვე გრძელდება.

ბახმაროში უკვე არსებობს ტურისტული მრეწველობის საწყისები. თბილ სეზონზე აქ ხალხი მოდის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, ცხენოსნობისთვის და სხვა სახის დასვენებისთვის, ხოლო ზამთარში – თხილამურებით სასრიალოდ. მაგრამ ამჟამად ეს აქტივობა ქაოსური და არაფორმალურია; არ არსებობს საკმარისი ინფრასტრუქტურა მათი განვითარების მხარდასაჭერად.

შემოთავაზებული ახალი სათხილამურო ტრასები და ამწეები საგზაო ქსელის გაუმჯობესებასთან და სრულფასოვანი საკურორტო კომპლექსის შექმნასთან ერთად შესაძლებელს გახდის ბახმაროს გადაქცევას დასასვენებელ და სპორტის ადგილად მთელი წლის განმავლობაში“, – აღნიშნულია გდგ-ს დოკუმენტში.

საპროექტო ტერიტორია ბახმაროში [მონიშნულია „ორბის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები]
კურორტ ბახმაროში „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 2019 წელს მთავრობამ 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები მიჰყიდა 1 ლარად. განკარგულების მიხედვით, ამ მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ [4,3 ჰექტარი] იყო.

სააგენტოს უფროსის ბრძანებაში კი, 9-ის ნაცვლად, გდგ დამტკიცებულია 10 ნაკვეთისთვის.

„ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ „ორბს“ 2021 წელს ცალკე ნაკვეთი მიჰყიდეს, რომლის ფართობიც 100 კვადრატული მეტრია [თუმცა ეს ნაკვეთი „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაშია].

რაც შეეხება საპროექტო ტერიტორიას, გდგ-ს მიხედვით, მისი ჯამური ფართობი 52 721 კვ.მ-ია. დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ ამ საერთო ფართობში შედის გზა და სხვა ტერიტორიები, რომლებიც არ არის უშუალოდ „ორბის“ საკუთრებაში.

2019 წლის ხელშეკრულების მიხედვით, „ორბს“ 5 წლის ვადაში უნდა აემოქმედებინა არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო/სასტუმროები, კომერციული ფართობ[ებ]ი, კვების ობიექტ[ებ]ი, სპორტული მოედნები და სხვ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის განკარგულებით „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ მიწის გადაცემიდან მხოლოდ 10 წლის ვადაში [ანუ 2030 წლამდე] ეკრძალება აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

მთლიანობაში კი კომპანიამ პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით, ჯამში 50 მილიონი ლარის [დღგ-ს გარეშე] ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„ორბის“ კომპლექსი ბახმაროში / რენდერი „ორბი ჯგუფის“ ფეისბუქგვერდიდან

ვრცლად ამ თემაზე:

ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

 

 

 

მაქვს განცდა, რომ ძაღლის ცემას პოლიცია სათანადოდ არ იძიებს – მოქალაქე

„მაქვს განცდა, რომ პოლიცია პირნათლად არ იძიებს ძაღლზე ძალადობას და მგონია, რომ გამოძიება არ წავა წინ“, – ასე მოქალაქე რობინზონ ამაღლობელი ფიქრობს.

ის იმ ძაღლზე გვესაუბრება, რომელიც 24 დეკემბერს, ბაღდათის ცენტრში ნაცემი იპოვეს.

ძაღლი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ ოპერაცია დასჭირდა – თავის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და სხვა დაზიანებებიც აღმოაჩნდა.

ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ვერ გაუძლო და მალევე მოკვდა.

„ერთი წელი მარკეტინგის სფეროში ვმუშაობდი და ვიცი კამერის ფუნქციები. ჩვენთვისაც უთხოვია პოლიციას ჩანაწერები და ამ შემთხვევაშიც შეეძლო ამოეღო პოლიციას იმ კამერის ჩანაწერები, რომელიც იმ ტერიტორიაზე დგას, სადაც ნაცემი ძაღლი დააგდეს.

ყველა კამერას მაქსიმუმ ათი დღე შეუძლია ჩანაწერის შენახვა. ძაღლზე იძალადეს 24 დეკემბერს, დღეს არის 28 დეკემბერი და არ იყო რთული ამოეღოთ ეს ჩანაწერები.

გასაგებია, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, გამოძიებას, მაგრამ მთავარი ხომ სწრაფი რეაგირებაა?

ჯერ თავში ურტყეს ამ საწყალ ცუგას და მერე კულტურის სახლის წინ დააგდეს. ერთი ქალი მწერდა, დილით ბავშვი რომ მივიყვანე, უკვე იყო ხალხი შეგროვილი და ვნახე, როგორ ტიროდნენ ბავშვები ამის დანახვაზეო. ისე განიცადეს.

და მეორე, რამხელა სირცხვილია, როცა კულტურის სახლის წინ ხდება ასეთი რამ. გასაგებია, რომ ნებისმიერ ადგილზე უღირსი საქციელია ეს, მაგრამ კულტურის სახლის წინ ხომ ღია სივრცეა, კამერებიც დგას, „ვისოლის“ სერვისიცაა და შეუძლებელია ვერავის დაენახა ეს ფაქტი.

აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ვინ ჩაიდინა ეს ძალადობა, ერთმა ადამიანმა თუ ადამიანების ჯგუფმა, რადგან მგონია, რომ ეს ვინც ჩაიდინა, ძალიან სახიფათო ადამიანები არიან“, – ამბობს რობინზონ ამაღლობელი.

რობინზონის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქციაც.

„იყო კომენტარები, რომ „უი, გასაგებია, მაგრამ იმ ბავშვებს რა ვუყოთ, რომლებსაც მაწანწალა ძაღლები კბენენ?“ თითქოს „აპრავებენ“ ძაღლებზე ძალადობას, თითქოს ნორმალურია ის, რომ მოვკლათ, ჩავხოცოთ ძაღლები. მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ არსებობს საზოგადოების ნაწილი, ვინც გაგებით ეკიდება ამ საკითხს და ფიქრობს, რომ უნდა დასრულდეს ცხოველებზე ძალადობა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეების ჩართულობა ამ საკითხში.

კულტურის ცენტრის განცხადება გინახავთ სადმე, როცა მის წინ იძალადეს ძაღლზე? მე არ გამიგია და ამანაც აღმაშფოთა, როგორც მოქალაქე და იმანაც, რომ პოლიცია არ რეაგირებს სათანადოდ ამ ფაქტზე“, – გვეუბნება რობინზონი.

რობინზონ ამაღლობელი მიიჩნევს, რომ ცხოველებზე ძალადობის დასრულების ნიშნად, ბაღდათის სკვერში, სადაც ნაცემი ძაღლი დააგდეს, სიმბოლური სკულპტურა უნდა დაიდგას.

„იმის ნიშნად, რომ შინაურ ცხოველებზე ძალადობა უნდა დასრულდეს, რომ ცოცხალ არსებებს ასე ველურად არ უნდა მოვექცეთ“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს და ჰკითხა, რა ეტაპზეა გამოძიება და ამოიღო თუ არა პოლიციამ კამერის ჩანაწერები.

სამინისტროში ამბობენ, რომ „კამერებზე ვერ დაგიკონკრეტებთო“, თუმცა დასძენენ: „გამოძიება დაწყებულია და გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება. კამერები იქნება, გამოკითხვები თუ სხვა რამ. ამიტომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ“.

„მოუთვინიერებელი“ ზღვა და ნაპირდაცვა ბათუმის გენგეგმაში – რას ითხოვს სააგენტო მერიისგან

2024 წელს ბათუმი ისევ გენგეგმის გარეშე ხვდება. ამ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო და 1 235 371 ლარიც დახარჯულია. დოკუმენტის მომზადებაზე კი, ქალაქის მერიას ხელშეკრულება 2 495 700 ლარზე აქვს გაფორმებული „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“.

ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებით ამჯერად სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის მომზადების ეტაპია, რასთან დაკავშირებითაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 25 დეკემბერს მიიღო სკოპინგის დასკვნა.

სააგენტო ავალებს ბათუმის მერიას სგშ-ის ანგარიში მოამზადოს აღნიშნული სკოპინგის დასკვნის შესაბამისად [ჩაატაროს მთელი რიგი კვლევები, დააზუსტოს დეტალები და სხვა, რაც მერიამ შემდეგ უნდა ასახოს სგშ-ში].

სგშ – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურაა.

დასკვნის მისაღებად სკოპინგის ანგარიშით მერიამ სააგენტოს 2023 წლის აგვისტოში მიმართა და სკოპინგის ანგარიშთან ერთად ბათუმის გენგეგმის სამუშაო ვერსია და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი დოკუმენტები წარუდგინა.

ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის [გენგეგმის] დღეს არსებული ვარიანტის მიხედვით, ქალაქის განვითარებისთვის განსაკუთრებული როლი ენიჭება შავ ზღვას.

ზღვა ბათუმის სანაპირო ზოლს სერიოზულ საფრთხეებსაც უქმნის, ამიტომ ამჯერად წარმოგიდგენთ ზოგად ხედვას, თუ როგორ წარმოუდგენიათ მერიაში „ზღვის მართვა“, რომელიც „არ არის მოთვინიერებადი“ და „ხშირ შემთხვევაში [ქალაქს] არ ემორჩილება“.

„მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ბათუმმა თანდათანობით უნდა დაიბრუნოს ზღვის მიერ მიტაცებული ქალაქი, შეცვალოს საკუთარი როლი „თანაავტორიდან“- „ავტორამდე“ და მართვის სადავეები სრულად აიღოს ხელში. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ზღვა მეტად ამბიციური მოცემულობაა, რომელიც ასე იოლად არ ნებდება“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ სკოპინგის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ბათუმის განვითარების ხედვა გაყოფილია სამ განსხვავებულ, მაგრამ მყარად ურთიერთდაკავშირებულ მოცემულობად:

  • ზღვა – რომელიც გავლენას ახდენს ბათუმის განვითარების შესაძლებლობებზე, არ არის „მოთვინიერებადი“;
  • ქალაქი – მთავარი აქტორი, ადამიანთა საარსებო გარემო. ქალაქმა უნდა დააკმაყოფილოს ერთი მხრივ ადგილობრივი მოთხოვნები, რომლებიც უნიკალურია მისი გარემოსთვის, მეორე მხრივ, ბათუმი ასევე ისწრაფვის გახდეს კონკურენტუნარიანი მოთამაშე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, საერთაშორისოდ აღიარებული მდგრადი ურბანული განვითარების მიზნების დაცვა აუცილებელი პირობაა მისთვის;
  • ანარეკლი – ბათუმის სამომავლო სურათის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე პროცესების პერმანენტული დაკვირვებით. ანარეკლი ქალაქის მონიტორინგის სისტემაა.“

„ზღვა ქალაქისთვის გარდაუვალი მოცემულობაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მას არ ემორჩილება და მისი მართვის შესაძლებლობებს სცდება.

ერთი მხრივ ზღვა ქალაქწარმომქმნელი ფაქტორია და ბათუმის დაბადებაც პირდაპირ განპირობებულია მისი არსებობით. მეორე მხრივ ზღვა იქცა ქალაქის აქტიურ მაფორმირებლად – ის გარკვეულწილად შეიძლება განვიხილოთ როგორც ყველა გარეგანი ფაქტორის გავლენა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბათუმის მორფოლოგიას, სტრუქტურას, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზღვა ქალაქისთვის [ისევე როგორც ქვეყნისთვის] განვითარების ამოუწურავი რესურსია და, როგორც მერიაში თვლიან, „ამავე დროს, მისი გავლენა იმდენად დიდია ქალაქზე, რომ აიძულებს მას განვითარდეს გარე მოთხოვნების შესაბამისად, ძალიან ხშირად ადგილობრივი საჭიროებების გაუთვალისწინებლად“.

ამდენად, „ჩვენ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ამ ორ მოცემულობას შორის შუამავლობა საერთო ინტერესებისა და ბალანსის საპოვნელადო“, აცხადებს ქალაქის მერია.

 

[toggle title=”ბათუმის განვითარებაში ზღვის როლთან დაკავშირებით მეტის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

მერიის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია:

  • „მიუხედავად იმისა, რომ ზღვის მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა და აღემატება ადგილობრივ ადმინისტრაციულ საზღვრებს, ბათუმისთვის ზღვა პირველ რიგში ნიშნავს შესაძლებლობას – ჩამოყალიბდეს რეგიონში ძლიერ თვითმმართველ ერთეულად. ქალაქის მიზანია უზრუნველყოს სტაბილური შემოსავლები ადგილობრივ ბიუჯეტში ლურჯი ეკონომიკის საქმიანობიდან.
  • ცხადია, ლოგისტიკა და ტურიზმი ქალაქის ეკონომიკურ სტრუქტურაში ყველაზე ძლიერ სექტორებს წარმოადგენს მაღალი შემოსავლის მუდმივობის თვალსაზრისით.
  • ეს ის აქტივებია, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ქალაქისგან დამოუკიდებლად (ვინაიდან მათი ადმინისტრირება სცდება ადგილობრივ საზღვრებს), მაგრამ მომავალში ბევრად უფრო მომგებიანი უნდა გახდეს ქალაქისთვის, რაც მიიღწევა პროცესებში ქალაქის უფრო აქტიური ჩართულობით.
  • ქალაქი მუდმივად უნდა ზრუნავდეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მუდმივობის შენარჩუნებისთვის. ამრიგად, ბათუმი გარდაუვალია იყოს: საერთაშორისო დანიშნულების ადგილი; შავიზღვისპირა რეგიონის „ღუზა“; საზღვაო რესურსების მდგრადობის უზრუნველმყოფი;
  • ბათუმის კომპლექსური მოცემულობებიდან გამომდინარე, საქალაქო ცხოვრების თავისებურებები ხშირად კონფლიქტში მოდიან ზღვის სიახლოვით განპირობებულ საკურორტო ფუნქციებთან, მაგ. სეზონური გადამჭიდროვების პრობლემა როგორც სამოსახლო ასევე სატრანსპორტო კუთხით, ხმაურით დაბინძურება, ჭარბი ნარჩენების მართვა და ა.შ.
  • ამ გამოწვევათა საპასუხოდ, თუ კი მანამდე ქალაქი ვითარდებოდა გარე ფაქტორებისადმი რეაქციების საფუძველზე, მომავალში იგი უნდა შეიცვალოს მისი პროაქტიული განვითარებით. კერძოდ, განვითარების შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას შიდა მოთხოვნების საფუძველზე და გეგმიურად მიუახლოვდეს დასახულ მიზნებს.
  • ქალაქის განვითარების ხედვის ამოსავალი პრიორიტეტი ადგილობრივი ინტერესების დაცვა და რეალურ ცხოვრებაში გატარებაა.
    შესაბამისად, ბათუმი უნდა იყოს: საცხოვრებლად მიმზიდველი და საიმედო ქალაქი; კულტურული ასოციაციების ადგილი; სადაც ბუნება და ქალაქი თანაარსებობს.“

[/toggle]

 

ბათუმის განვითარების ხედვაში აღნიშნულია, რომ „ქალაქის არსებობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზღვის არსებობასთან, სანაპიროს მდგრადობის უზრუნველყოფა კი ამ რესურსების შენარჩუნების გარდაუვალი მოცემულობაა.“

„სანაპიროს მდგრადობის“ კუთხით კი, მთავარ პრობლემად მოყვანილია აბრაზია [ზღვის მიერ ნაპირების გამორეცხვა], რომელიც, მერიის დოკუმენტის მიხედვით, „საკმაოდ გავრცელებული პროცესია“:

  • „სამწუხაროდ ბოლო წლებში ხშირია 3-4 ბალი სიმძლავრის საზღვაო შტორმების წარმოქმნა-გააქტიურება შავი ზღვის აკვატორიაში, რის შედეგადაც პრაქტიკულად ყოველწლიურად ზიანდება ბულვარის რეკრეაციული ზოლი და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა.
  • ზიანი ხშირ შემთხვევაში წელიწადში რამდენიმე მილიონ ლარს აჭარბებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ფიქსირდება ადლიაში, ანგისაში, ჩაქვში, კვარიათში, გონიოსა და სარფში“.

მერიის დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, რომ „სანაპირო ზოლში პერიოდულად ხდება პლაჟმაფორმირებელი მასალის შეტანა, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები სრულყოფილად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან პლაჟმაფორმირებელი მასალის მხოლოდ პლაჟზე შეტანა საკმარისი არ არის. საჭიროა ანალოგიური ქმედება განხორციელდეს წყალქვეშა ფერდობზეც.“

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ „გამაგრებული იქნა სანაპიროს ზოლის ცალკეული მონაკვეთები ქვაყრილითა და ფლეთილი ქვებით, რაც გარკვეულწილად დადებითი შედეგის მომტანია, თუმცა აღნიშნულმა ღონისძიებამ ჯერ-ჯერობით საბოლოოდ ვერ გადაჭრა სანაპირო ზოლის სტაბილიზაციის საკითხი. ანალოგიური მდგომარეობაა დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პერმანენტულად ხდება სანაპირო ზოლის გამორეცხვა და არსებული პლაჟის დაზიანება“.

„პრევენციის მიზნით, კომპლექსური [საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ბათიმეტრიული და სხვა] კვლევების საფუძველზე, საჭიროა თითოეული უბნისთვის შემუშავდეს და განხორციელდეს ინდივიდუალური ნაპირსამაგრი ნაგებობის [ტალღამრიდის, ტალღის ჩამქრობის, ტეტრაპოდების, ფლეთილი ქვის ლოდების ან სხვა] ტიპის შერჩევა და მშენებლობა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით.“ – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.

ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად ახალი სტრატექიის შემუშავების აუცილებლობაზეა საუბარი იმ დასკვნაშიც, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა.

ბათუმის გენგეგმის არარსებობის პირობებში საქართველოს მთავრობა ძველ ბათუმში 200-მილიონიანი პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. ამ პროექტის დეტალები კი, მოსახლეობისთვის ამ დრომდე უცნობია:

მერიის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტებს შორისაა „ლანდშაფტის დაცვის გეგმაც“, რომლის მიხედვითაც:

  • „ბათუმის ტერიტორიაზე რეკრეაციულ ზონასა და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიებზე არქიტექტურული ხაზის მნიშვნელოვანი დარღვევები არსებობს, კერძოდ, ზღვის სანაპიროზე აშენებული მაღალსართულიანი [30-50 სართულიანი] სასტუმროები ხელს უშლის ზღვის ნიავისა და იონიზებული ჰაერის შეღწევას ქალაქის ტერიტორიაზე და იწვევს არასასიამოვნო თერმულ პირობებს ზაფხულის პერიოდში.
  • მაღლივი შენობები, უსახურს ხდიან ზღვის სანაპიროს პეიზაჟებს და ფარავენ ქალაქის გარშემო არსებული მთების ხედებს.
  • ბათუმის საზღვაო სანაპიროს რეკრეაციული ზონების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტურისტების მატებასთან ერთად, თანდათანობით უარესდება.“

ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბათუმის მერიას სგშ-ის ანგარიშში განიხილოს „შავ ზღვასთან დაკავშირებული განვითარების ღონისძიებები/პროექტები და გეგმები, ისეთ სფეროებსა და მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად:

საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებული გეგმები და კონკრეტული პროექტები; თევზჭერა, აკვაკულტურა და მისი განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა; ტურიზმის განვითარების საქმიანობა; ზღვის ბიომრავალფეროვნების – სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის ასპექტები და ა.შ.“

სააგენტოს დასკვნის მიხედვით, სგშ-ს ანგარიშის მომზადებისას ბათუმის მერიამ 49 საკითხი უნდა გაითვალისწინოს [ამ ჩამონათვალშია საჭირო კვლევები, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციები].

 

[toggle title=”იმის სანახავად, თუ რას ითხოვს სააგენტო დამატებით მერიისგან, დააწკაპუნეთ აქ“]

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, ბათუმის მერიამ სგშ-ს ანგარიშის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოს ასევე შემდეგი ინფორმაცია:

  • „სკოპინგის განცხადებაში, კლიმატური და სამშენებლო კლიმატური მახასიათებლებისთვის (ბათუმი აეროპორტი, ქალაქი ბათუმი, ჩაქვი) საანგარიშო პერიოდები მითითებული არ არის, შესაბამისად, შეუძლებელია შედარება გარემოს ეროვნული სააგენტოს ბაზაში არსებულ კლიმატურ და სამშენებლო კლიმატურ მახასიათებლებთან. სგშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული საკითხი და წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია.
  • მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციით, გეგმარებითი არეალი მოიცავს მიწისქვეშა წყლის ლიცენზირებულ და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით დასკვნა მომზადებულ ობიექტებს და მათ პირველი სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონებს.
  • ასევე, გეგმარებითი არეალი შედის ჭარნალის მადანგამოვლინებისა და ამავე ტერიტორიაზე, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ, სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო, პოლიმეტალები) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით მომზადებული სააუქციონე ობიექტის კონტურში. საბადოზე ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს წიაღისეულით სარგებლობა.
  • გეგმარებითი არეალის მიმდებარედ არსებული დაცული ტერიტორიების მიმოხილვისას საჭიროა, ასევე იყოს განხილული მაჭახელას დაცული ლანდშაფტი.
  • დაცული უნდა იყოს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.
  • დაზუსტებული უნდა იყოს „სატრანსპორტო კვანძი 2“-ის ტერიტორიის ფუნქციურად გადანაწილების საკითხი (პროცენტულ მაჩვენებლებში).
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გენერალური გეგმის ერთ–ერთი ამოცანა არის ქალაქ ბათუმის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო ტერიტორიული რესურსის მოძებნა და რეზერვაცია. სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია აღნიშნული ტერიტორიების შესახებ (ადგილმდებარეობის მითითებით).
  • კონცეფციის მთავარი სქემის რუკის ლეგენდაზე წარმოდგენილი ფუნქციური არეალების პირობითი აღნიშვნები იდენტურია, რაც ართულებს რუკის წაკითხვას. საჭიროა, სგშ-ის ანგარიშის წარმოდგენის დროს კორექტირებული იყოს აღნიშნული ხარვეზი.
  • ახალი საუბნო განაშენიანება „ბენზეს“ საპროექტო უბნის ზონირების რუკის მიხედვით ტერიტორიაზე წარმოდგენილია სარეკრეაციო, საცხოვრებელი და საქმიანი ზონები, ხოლო გენერალური გეგმის კონცეფციის რუკის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საწარმოო ზონა. სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტში საჭიროა დაზუსტდეს ზონებს შორის სხვაობა.
  • საჭიროა, წარმოდგენილი იყოს რუკა, სადაც ერთად იქნება ასახული სტრატეგიულ დოკუმენტში წარმოდგენილი ყველა ზონა და ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებები.
  • სტრატეგიულ დოკუმენტში საჭიროა, დაზუსტებული იყოს ახალი საუბნო განაშენიანების ტერიტორიების ფუნქციური გადანაწილების შესახებ ინფორმაცია.
  • დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი საუბნო განაშენიანება „ბენზეს“ ტერიტორიაზე არსებობს „სტატუსიანი გამწვანებული არეალები“, რომლებიც საჭიროებენ განვითარებას. საჭიროა, წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია აღნიშნული ტერიტორიების სტატუსისა და განვითარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
  • სდგ-სა და გენერალური გეგმის კონცეფციის ტექსტური ნაწილის კომბინირებულ დოკუმენტში ერთიანი სტრუქტურის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ღონისძიება და ხედვა, რომელიც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით.
  • სგშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს მიზეზშედეგობრივ, თანმიმდევრულ მსჯელობასა და ანალიზს, როგორც წარმოდგენილი კონცეფციის, ასევე მის დანართებში არსებულ გარემოსდაცვით საკითხებთან და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით.“
წყარო: სკოპინგის დასკვნა

[/toggle]

 

„ბათუმელებს“ ჰქონდა მცდელობა მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია როგორ მუშაობდა მერია ქალაქის გენერალური გეგმის პროექტზე, თუმცა მერიაში მხოლოდ ერთი სიტყვით გვიპასუხეს – „გამოითხოვეთ“.

ამ თემაზე 

უკვე დახარჯულია 1.2 მილიონი, როგორი გენგეგმა ექნება ბათუმს – ინტერვიუ

ბათუმში ალტას მეორე ფილიალი გაიხსნა

ბათუმში რიგით მე-2, საქართველოში კი ალტას მე-16 მაღაზია გაიხსნა! 🥳

ეწვიე ალტას მეტრო სითიში I სართულზე და აღმოაჩინე მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების ციფრული ტექნიკა, მხოლოდ ოფიციალური გარანტიით.

ახალი წელი პსპ-ში – გაიგე, რას შეიძენ 50%-მდე ფასდაკლებით 

პსპ-ში საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო. დღესასწაულის პერიოდში თავის მოვლის რუტინის განახლებას ნახევარ ფასად შეძლებთ. ტრადიციული სასაჩუქრე ნაკრებების გარდა, მომხმარებლებს სპეციალური საახალწლო ნაკრების შეძენაც შეუძლიათ.

პსპ-ეს საახალწლო ფასდაკლების შესახებ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს, სალომე პატარაიას ვესაუბრეთ.

რას სთავაზობს პსპ საახალწლოდ მომხმარებელს? 

პსპ-ში საახალწლო ფასდაკლებები უკვე დაიწყო. მომხმარებლებს დახვდებათ 50 პროცენტამდე ფასდაკლება, რომელიც სამოცდაათამდე ბრენდის პროდუქტებზე ვრცელდება.

ფასდაკლებაშია როგორც სხეულის მოვლის, თმის მოვლის და პირის ღრუს მოვლის პროდუქტები, ასევე დეკორატიული კოსმეტიკა და ბავშვთა მოვლის პროდუქტები.

მომხმარებლებს თავის მოვლის რუტინის განახლების გარდა, ვთავაზობთ სასაჩუქრე ნაკრებებს. მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, როგორც პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდებში, ისე კორეული ბრენდების მიმართულებით.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რომელი ბრენდის სასაჩუქრე ნაკრებებია? 

ფრანგული პრემიუმ ხარისხის ბრენდის, „კოდალის“ სასაჩუქრე ნაკრებებში შედის სახის მოვლის ნაკრები, სხეულის მოვლის ნაკრები, ასევე სუნამოა ამ ნაკრებში და დამატებით ორი პროდუქტი მოჰყვება საჩუქრად.

„კოდალმა“ ახალი სუნამო გამოუშვა და ისიც წარმოდგენილია ჩვენს ქსელში. სუნამოს „ენჯელი“ ჰქვია და შეფუთვაშია ტუჩის ჰიგიენურ პომადასთან ერთად.

გვაქვს კორეული ბრენდების  სახის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებებიც.

დღესასწაულის გამო, უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს შოპინგისთვის გარეთ გამოსვლას. რას სთავაზობთ მათ? 

ჩვენ შევქმენით სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც მეტალის ყუთშია მოთავსებული და საახალწლო ვიზუალი აქვს. სამი ხაზი გვაქვს: დეკორატიული კოსმეტიკა, პრემიუმ კოსმეტიკა და კორეული კოსმეტიკა. ამ ყუთების ხიბლი ის არის, რომ შიგნით არსებულ პროდუქტები ორი-სამჯერ იაფი გამოდის, ვიდრე ნაწილ-ნაწილ რომ იყიდოთ.

მომხმარებელმა წინასწარ არ იცის კონკრეტულად რა დახვდება ამ ყუთში, ეს სიურპრიზი იქნება.

ყუთების შეძენა მხოლოდ ონლაინ, პსპ-ს საიტზე შეიძლება, რომელსაც შემდეგ სახლში მიიღებთ, ან სასურველი აფთიაქიდან გაიტანთ. ამ ნაკრების რაოდენობა შეზღუდულია.

ცხადია, ამ ყუთების გარდა, ჩვენი ონლაინ აფთიაქიდან შეძენისას ნებისმიერ პროდუქტს მიიღებთ სახლში.

დამატებით რას სთავაზობთ პსპ-ს მომხმარებლებს?

ქეშბექის შეთავაზება გვაქვს. 31 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებლებს ჩვენთან დახარჯულ 50 და 100-ლარიან შენაძენზე ვთავაზობთ ქეშბექს ვაუჩერის სახით, რომელსაც ჩვენს ქსელში 5 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით გამოიყენებენ.

როდის დაიწყო და რამდენი ხანი გაგრძელდება საახალწლო აქცია? 

აქცია 25 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი მანდატურის სამსახურში გადადის

2024 წლის 1 იანვრიდან განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტები, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური კონსულტანტები, მანდატურის სამსახურში გადავლენ.

„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი იფუნქციონირებს ფსიქო – საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით .

საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის მთავრობას და განათლების სამინისტროს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ეს ცვლილება გააუმჯობესებს ინკლუზიური განათლების სერვისებს.

„აღნიშნული ფუნქციის დამატება და სერვისების განვითარება გულისხმობს რესურსსკოლების მიერ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირების კომპონენტის გაძლიერებას, რისი პრაქტიკაც აქამდე არ არსებობდა და საკანონმდებლო დონეზე საჭიროებს განსაზღვრას.

ახალი სტრუქტურის პირობებში მუშაობის კოორდინაციისა და მართვის მექანიზმის განსაზღვრისათვის უნდა შეიქმნას მმართველობითი სტრუქტურული ერთეული. გასაწერი იქნება ფსიქო – საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებისა და კონსულტირების წესი და პირობები, რომელიც დაარეგულირებს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

შემადგენლობა, ფუნქცია-მოვალეობები, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის მიზნით შეფასების პროცედურა, მომართვის პროცედურებისა და მათზე რეაგირების წესების განსაზღვრა, მომსახურების სპეციალისტთა თანამშრომლობის სპეციფიკის/წესის/ფორმატის განსაზღვრა, ანგარიშგების პროცესი, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისა და მშობლებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და სხვა“, – წერია კანონპროექტში.

კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ ცვლილება შეეხო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობის საკითხსაც. სამინისტრო წერს, რომ ფსიქოლოგიური მომსახურება ჩანაცვლდება ფსიქოსოციალური მომსახურებით.

„ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების ერთი სამსახურის ფარგლებში გაერთიანება, მწირი რესურსების უფრო ეფექტურად და კოორდინირებულად გამოყენების და შემდგომი განვითარების უკეთეს პირობებს შექმნის.

ახალი მოდელი ასევე ითვალისწინებს ინკლუზიურ განათლებაში კონსულტირების კომპონენტის  გაძლიერებას და კომპეტენციების  განვითარებას იმ სფეროებში, რომლებშიც ინკლუზიური განათლების ამჟამინდელ მხარდამჭერ სისტემაში შედარებით მწირია.

კანონპროექტის მიღების შედეგად სისტემაში მოწყვლადი ჯგუფის ბავშვების განათლებასთან დაკავშირებული სერვისების განხორციელება მოხდება ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რაც გააუმჯობესებს პროცესის კოორდინაციას, ასევე, გაჩნდება ახალი სერვისი რესურსსკოლების მიერ კონსულტირების განხორციელების გზით, რაც გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობასა და ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას“, – ნათქვამია კანონპროექტში.

ამ ცვლილების საფუძველზე გაფართოვდება მანდატურის სამსახურის ფუნქციებიც.

„მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობა“ ბიუჯეტი განისაზღვრება 1 424 400 ლარით. აქედან 1 206 100 ლარი, 59 თანამშრომლის ხელფასებზე დაიხარჯება.

218 300 ლარი კი გუნდის წევრების მივლინებასა და საკანცელარიო მომსახურებაზე.

ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტების ბიუჯეტი განისაზღვრება 87 400 ლარით, რომელიც მოიცავს ოთხი ექსპერტის ანაზღაურებას და მივლინების ხარჯებს.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ბიუჯეტი კი ინდივიდუალური კონსულტანტებისთვის 40 000 ლარით განისაზღვრება.

სამინისტროს თქმით, წლიურად საშუალოდ საჭიროა 16 კონსულტანტი, კონსულტანტის ანაზღაურება კი ხელშეკრულების მიხედვითაა გათვალისწინებული და ერთ ქეისზე ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 800 ლარს.

„საჭიროებიდან გამომდინარე ქეისზე მუშაობა შესაძლოა გაგრძელდეს 2 თვე, ასეთ შემთხვევაში 1600 ლარით განისაზღვრება კონსულტანტის ანაზღაურება.

წლის მანძილზე გათვალისწინებულია 25 სსსმ მოსწავლის ქეისზე მუშაობა.

2023 წლის 1 ოქტომბრიდან მანდატურის სამსახურში უნდა ამოქმედებულიყო ინკლუზიური განათლების მიმართულების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული 12 საშტატო ერთეულით, რომლის წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება 284 800 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.

2024 წლიდან და შემდგომი სამი წელი, მანდატურის სამსახურის ბიუჯეტის საპროგნოზო ზრდა ასე გამოიყურება:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებების შემცირების ხარჯზე შეადგენს:

2024 წელი – 1 მილიონ 692 ათასი ლარი

2025 წელი – 1 მილიონ 837 ათასი ლარი

2026 წელი – 1 მილიონ 998 ათასი ლარი

2027 წელი – 2 მილიონ 174 700 ლარი.

„წარმოდგენილი ცვლილებით, რესურსსკოლა უფლებამოსილია, ინკლუზიური განათლების პროცესის მხარდაჭერის მიზნით, განახორციელოს პროგრამები/სერვისები/, კონსულტირება გაუწიოს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და სხვა თანამშრომლებს“, – წერია კანონპროექტში.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს იმ პირების სამსახურის გარეშე დატოვებას, რომლებიც 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის, „მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისა და „საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში.

ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის” ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულნი არიან ინდივიდუალურ კონსულტანტებად.

კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული პირები 2024 წლის 1 იანვრიდან გადავლენ მანდატურის სამსახურში იმავე ან ტოლფას პოზიციაზე.

პარტიების შემწირველებზე ინფორმაცია აღარ იძებნება – „ტექნიკური ხარვეზია“

უკვე ორი კვირაა, რაც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე რუბრიკა „პოლიტიკური პარტიების დაფინანსება“ გათიშულია. ამ რუბრიკაში შესაძლებელი იყო პარტიების შემოწირულობების ნახვა. კერძოდ, რა ოდენობის შემოწირულებები მიიღო კონკრეტულმა პარტიამ და ვისგან.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე მითთებულ ნომერზე გვიპასუხეს, რომ „ტექნიკური ხარვეზია და უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს“.

ტექნიკური ხარვეზი და რუბრიკის გამორთვა ორი საინტერესო გარემოების შემდეგ დაფიქსირდა. შემწირველები, განსაკუთრებით ბიზნესის წარმომადგენლები გააქტიურდნენ, ისინი ძირითადად მმართველ პარტიას აქტიურად სწირავენ თანხას.

გარდა ამისა, ამ საკითხზე მედია აქტიურად აქვეყნებდა ინფორმაციას. ახლა კი გადამოწმების შესაძლებლობა ფაქტობრივად აღარ არის.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე სხვა რუბრიკები გამართულად მუშაობს, მაგალითად, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით,  2023 წლის იანვრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით „ოცნებამ“ შემოწირულების სახით 5 მილიონზე მეტი ლარი მიიღო. მხარდამჭერების აქტიურობა ყოველდღიურად იზრდებოდა. თითქმის ყოველდღე პარტიის ანგარიშზე ათამდე ან მეტი ფიზიკური პირი რიცხავდა თანხას. მათ შორის უმეტესობა ბიზნესმენია.

ზოგ შემთხვევაში ერთი კომპანიიდან რამდენიმე პარტნიორის ინდივიდუალური შენატანიც ფიქსირდებოდა.

მაგალითად, 7-8 დეკემბერს მმართველი პარტიის ანგარიშზე „ნოვას“ პარტნიორებმა საერთო ჯამში 300 000 ლარი შეიტანეს.

ავტოავარია თურქეთში, დაიღუპა 10 ადამიანი, 59 კი დაშავდა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, ჩრდილოეთ მარმარას გზატკეცილზე, ავარიაში მოჰყვა 7 ავტომანქანა, მათ შორის იყო სამი სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანაც.

მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 10 ადამიანი, 59 კი – დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარია ნისლის გამო მოხდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სტამბულის მიმართულებით ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 356 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 5 940 ერთეული [+27]
  • ჯავშანტექნიკა – 11 015 ერთეული [+42]
  • საარტილერიო სისტემა – 8 391 ერთეული [+15]
  • MLRS – 935 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 617 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 503 ერთეული [+32]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 620 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 180ერთეული [+40]
  • სპეცტექნიკა – 1 247 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 563 თვითმფრინავი
  • 262 ვერტმფრენი
  • 10 154 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 355 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 550 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 785 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

სანელებლები უსაფრთხო ისევ არ არის – ტყვიით მოშხამვის შემდეგ სუდანი

ახალ წლამდე სულ რაღაც სამი დღე რჩება, უფრო ნაკლები – საახალწლო სუფრის სამზადისის დაწყებამდე. ტრადიციულად ამ დღის სუფრისთვის რამდენიმე სახეობის კერძს ამზადებენ, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება სანელებლები.

არავინ იცის, რა აღმოჩნდება სანელებლებთან ერთად ჩვენ საახალწლო კერძებში. ტყვია? ან იქნებ სუდანი? – როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის არანაკლებ საშიშია.

2023 წელს სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ კონტროლის გაძლიერებისა და რიგი პრევენციული ღონისძიებების შემდეგ ტყვია სანელებლებში იმ დოზით აღარ გვხდება, თუმცა ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სანელებლები მაინც არ არის უსაფრთხო.

ამჯერად სანელებლებში ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საშიში ნივთიერება – სუდანი აღმოაჩინეს.

2023 წლის 24 ნოემბერს სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სურსათში – ძირითადად სანელებლებში, საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგად 5 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოაჩინეს. სააგენტოს ინფორმაციით, ნიმუშები აიღეს სენაკის ცენტრალურ ბაზარში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.

სქრინი სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან

სააგენტოს განმარტებით, სუდანის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს და ქიმიური დამაბინძურებელია, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია. კანონის თანახმად, ქიმიურად დაბინძურებული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას ექვემდებარება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

საკვებ პროდუქტში ნივთიერება სუდანის აღმოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2023 წელს სააგენტო  ასევე წერდა, რომ სუდანი აღმოაჩინეს კეტჩუპ „PRIMO“-ს ნიმუშშიც.

ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ სანელებლებში ტყვიის საგანგაშო დოზის არსებობის შესახებ პირველად გაიგო საზოგადოებამ. სამ წელზე მეტი მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დონორი ორგანიზაციების ერთობლივმა კვლევამ საქართველოში, კვლევაში ჩართული ბავშვების სისხლში, ტყვიის მაღალი შემცველობა გამოავლინა.

ისევ უცნობია, თუ რამ გამოიწვია ამ მაჩვენებლის ზრდა ან რა არის ბავშვების ორგანიზმში ტყვიის კონკრეტული წყარო ან წყაროები. კვლევის შედეგების მიხედვით, ამ კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაში დაფიქსირდა.

სპეციალისტების განმარტებით, ტყვიის შემცველობა ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ორგანიზმში, იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გონებრივი განვითარების შეფერხებას.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით 2018 წელს ჩატარდა. სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

კვლევები ისევ გრძელდება. ამ დრომდე არავის აქვს დაზუსტებული პასუხი კითხვაზე და არც ვარაუდი, მაგალითად რა შეიძლებოდა ყოფილიყო, არა ბათუმში, სადაც სამშენებლო ბუმი და სატრანსპორტო კოლაფსია, არამედ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში დაფიქსირებული შედეგი რამ განაპირობა. აქაც სანელებელი იყო „მთავარი დამნაშავე“ თუ რაიმე სხვა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამას დაავადების კონტროლის ცენტრთან [NCDC] და დონორებთან ერთად ახორციელებს, აგროვებს  მონაცემებს საცხოვრებელი გარემოს შესწავლისას საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სამშენებლო მასალებში ტყვიის დაფიქსირების შესახებ. ეს მონაცემები საბოლოოდ გაანალიზებული არ არის, შესაბამისად არ არის დასკვნები.

სუნელები
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კონკრეტული გარემოებების დასადგენად კვლევა უნდა დასრულდეს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ნონა ეფაძის განმარტებით, გარკვეული ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ სახელმწიფომ დაიწყო ტყვიის ბიომონიტორინგი; 2020 წელს კი ტყვიის მაჩვენებლის კვლევა ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების სისხლში; შემდეგ კი აჭარის რეგიონში კვლევა გააფართოვეს არამხოლოდ ამ რეგიონში რეგისტრირებული ყველა ორსულისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც შესაბამის მომსახურებას აჭარაში მოქმედ საავადმყოფოებში იღებს. 2022 წლიდან ამას დაემატა ბავშვების კვლევა შერჩევითად, პედიატრებისა და ოჯახის ექიმების ჩართულობით.

„რაც შეეხება გარემოს და მიზეზებს, ამას რასაკვირველია სჭირდება სიღრმისეული კვლევა. გასაგებია, რომ არსებობს პრობლემა, მაგრამ იმისთვის, რომ დადგინდეს წყარო, ეს სხვა კვლევის საგანია.

მოგეხსენებათ NCDC-ს  სხვა, პარალელურ კვლევებთან ერთად დაწყებული აქვს ოჯახური გარემოს კვლევა, აქ ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს, სურსათის უვნებლობის სამსახურები. ისინი იკვლევენ სხვა წყაროებსაც, ეს იქნება ნიადაგი, წყალი თუ…. ჩვენ წელს დავიწყეთ საცხოვრებელი გარემოს კვლევა იმ ბავშვებისა და ქალების ოჯახებში, სადაც დაფიქსირებული მაჩვენებლი ათზე მეტია“, – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე.

  • მშობლები

„ბათუმელები“ გაესაუბრა მშობლებს, რომელთა შვილებსაც სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ. მათ ვინაობას ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე არ ვასახელებთ. ერთ-ერთი მშობლის თქმით, ბავშვს ანალიზი სკოლაში აუღეს. სწორედ ამ ანალიზის შედეგით გახდა მშობლისთვის ცნობილი, რომ მის შვილს სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩნდა.

„მოგვცეს ვიტამინი. სხვა მკურნალობა არ ჩაჰტარებია. შემდეგ მე ნაცნობ ექიმს დავუკავშირდი უცხოეთში, ჩამოვიტანეთ ბუნებრივი მედიკამენტები და ამით ვუმკურნალეთ. ამის შემდეგ არ გადაგვიმოწმებია რა შედეგი დადგა“, – გვითხრა ბავშვის დედამ.

კიდევ ერთი მშობლის თქმით კი, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა მის სამივე შვილს გამოუვლინდა.

„დამირეკეს და შემომთავაზეს ტყვიაზე კვლევა. ჩავიტარეთ ანალიზი და სამივეს დაუფიქსირდა. უფროსს – „9“. მოგვცეს ხუთი სახის ვიტამინი, რომლითაც ბავშვებს ვუმკურნალე. შემდეგ ისევ დამიკავშირდნენ, შემომთავაზეს ანალიზის აღება გადამოწმების მიზნით, მაგრამ ჯერ არ გაგვიკეთებია განმეორებითი ანალიზი. ეს ყველაფერი უფასოდ იყო, ჩვენ არაფერი გადაგვიხდია“, – გვითხრა ბავშვების დედამ.

  • ნიუ იორკში ქართულ სუნელებში ტყვიის აღმოჩენის შემდეგ

ყველაფერი 2017 წელს, ნიუ იორკიდან გადმოგზავნილი ინფორმაციის გახმაურებით დაიწყო. 2017 წელს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში ნაყიდ ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოაჩინა, ქართულ მედია სივრცეში მთავარ თემად იქცა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრს საქართველოში 2015 წელსვე გადმოუგზავნეს. არც 2015 წლის ანგარიშში და არც 2015 წლის ინსპექტირების შედეგებში სანელებელში ტყვიის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ იძებნებოდა.

2017 წელს, ამბის გავრცელების შემდეგ, დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები, გამკაცრდა კონტროლი სანელებლებზე და დაიწყო კვლევები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, 2021-2022 წლებში ტყვიის ძირითადი წყაროების შესწავლის მიზნით ჩატარდა კვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის ფარგლებში.

კვლევისთვის შეარჩიეს ის ოჯახები, სადაც ბავშვის სისხლში ტყვიის კონცენტრაცია დაფიქსირდა 10 მკგ/დლ და მეტი. ანალიზი მოიცავდა გურიისა და აჭარის რეგიონებს.

ანგარიშის მიხედვით, 2021-2022 წლების გაზომვების რაოდენობა ასე ნაწილდება:

  • საღებავები 153
  • კერამიკული ჭურჭელი 340
  • პლასტმასის ჭურჭელი 41
  • სათამაშოები 304
  • საკანცელარიო ნივთები 84
  • ნიადაგი 9
  • სუნელები 20

კონტროლის ცენტრი განმარტავს, რომ საღებავებში გაზომვები წარმოებდა დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  შესაბამისად. სათამაშოებში მიგრაციის ზღვარი კი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

„კვლევის პარალელურად ხდებოდა რეკომენდაციების გაცემა მოსახლეობაზე, ექსპოზიციის მინიმიზაციის თვალსაზრისით, მაღალი კონცენტრაციის ნივთების ამოღება ხმარებიდან და სხვა. ზომების გატარების მიმართულებით სულ გადამზადდა 167 საზღვრის დაცვის პოლიციის და საბაჟო სამსახურის თანამშრომელი“, – წერია ანგარიშში.

სხვადასხვა წლის ანგარიშებში დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერს რიგი კვლევების შესახებ, თუმცა ეს ანგარიშები მეტწილად არ შეიცავს ინფორმაციას გამოვლენილ შედეგებზე.

ნონა ეფაძის ინფორმაციით კი, ტყვიის მატების შემთხვევები არ ფიქსირდება:

პირობითად თუ 2022 წელს 5 მკგ/დლ-ზე მაღალი მაჩვენებელი დაახლოებით 37 პროცენტს დაუფიქსირდა, 2023 წელს ეს მონაცემი 23 პროცენტამდე შემცირდა. ბავშვებში კი, 2022 წელს გამოკვლეულებში თუ იყო 33 პროცენტი, 2023 წლის კვლევის დროს დაახლოებით 18 პროცენტზეა ჩამოსული.

„დაახლოებით სამი თვის წინ ჩვენ გვქონდა გაერთიანებული შეხვედრა ბათუმში, „იუნისეფთან“ და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად. განვიხილეთ შედეგები და რეკომენდაციები. ჩვენთვის და მათთვისაც საინტერესო იყო ის, რომ მათ მიერ ჩატარებული და დამოუკიდებელი კვლევებიც აჩვენებს, რომ არის კლების ტენდენცია.

მაღალი მაჩვენებლები, რაც იყო პროცენტულად, წლების მიხედვით მცირდება. ეს გამოიკვეთა, როგორც ქალებში, ასევე ბავშვებში. ბავშვებთან დაკავშირებით გვაქვს ორი წლის მონაცემი, რადგან ბავშვების კვლევა მეორე წელია მიმდინარეობს.“

რაც შეეხება მიზეზებს, როგორც კვლევაში ჩართული ყველა მხარე, მათ შორის „იუნისეფის“  პროგრამის გარემო და ჯანმრთელობა ხელმძღვანელი ნინო ძოწენიძე განმარტავს, რომ ეს დამატებითი კვლევის საგანია და კონკრეტულ სივრცეში აღმოჩენილი ტყვიით დაბინძურებული ნივთი ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ სწორედ ამ კონკრეტულმა ნივთმა განაპირობა მაჩვენებლის ზრდა.

„გროვდება უამრავი მონაცემი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სახელმწიფო გააკეთებს ანალიზს.  განსაკუთრებით მაღალი მონაცემები სადაც დაფიქსირდა, ბავშვებში, ოჯახებში შედიან და იკვლევენ გარემოს – პროგრამა ამასაც გულისხმობს. იკვლევენ ნიმუშებს, შედიან პორტატიული აპარატით, რომელიც იკვლევს და ადგილზე გამოავლენს ჭურჭელი იქნება ეს, სათამაშო, საღებავი თუ ნიადაგი – შეიცავს თუ არა ტყვიას.

ამას ემატება რეგულაციები, მაგალითად სუნელებზე კონტროლის გამკაცრება, ტყვიის შემცველობის შეზღუდვა საღებავებში და საღებავების იმპორტზე, ტყვიის შემცველი საწვავი აღარ შემოდის ქვეყანაში. სხვადასხვა რეგულაცია ამუშავდა, რაც ხელს უწყობს პრობლემასთან ბრძოლას.

სავარაუდოდ, ამ ზომებს უკვე აქვს გავლენა. იმედია, რომ ტყვიით მოშხამვის გავრცელების დონე საქართველოში დაიკლებს. თუმცა, ჯერჯერობით მაინც ვერ ვიტყვით, რომელიმე კონკრეტულ მიზეზზე – საღებავზე თუ სხვა. სუნელები იყო მხოლოდ ერთი ძირითადი წყარო. სავარაუდოდ, რამდენიმე წყაროა ქვეყანაში, რომელიც იწვევს ტყვიით მოშხამვას. ახლა გვაქვს ამოცანა, რომ მივაგნოთ ამ წყაროებს. სწორედ ამიტომ „იუნისეფის“ მხარდაჭერით შემუშავდა ტყვიის ზედამხედველობის სისტემა და წელს პილოტურად დაინერგა ორ რეგიონში – აჭარასა და იმერეთში“.

ნინო ძოწენიძის ინფორმაციით, სიახლეა ისიც, რომ კვლევისას სისხლის ანალიზის ახალი მეთოდი გამოიყენება, თუკი ამ დრომდე შესაძლებელი იყო მხოლოდ ვენური კვლევა, ახლა შესაძლებელია კაპილარული სისხლით კვლევაც.

2022 წლის აგვისტოში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე სურსათის 614 ნიმუშის შემოწმების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, შესწავლის შედეგად დასაშვებ ნორმაზე მაღალი ტყვიის შემცველობა 4 სუნელ-სანელებლის შემთხვევაში აღმოაჩინა.

თბილისის საკრებულოს წევრის, „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წევრის, ვატო სურგულაძის შეფასებით, ქვეყანას არ აქვს ტყვიის მართვის პოლიტიკა შემუშავებული. გარდა ამისა, ვერ ხერხდება საკვების ხარისხის შემოწმება.

„შეერთებულ შტატებში 70-იან წლებში რომ გაზომეს, 88 პროცენტს ჰქონდა მომატებული ტყვიის შემცველობა, დაიწყეს და შეიმუშავეს ისეთი პოლიტიკა, რომ 2000 წლისთვის ძალიან სერიოზულად დაიკლო. რა გააკეთეს ამისათვის, რა თქმა უნდა, ამოიღეს საღებავები, რომლებიც შეიცავდა ტყვიას.

სურსათის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში შეამოწმა სადღაც 170- მდე სათამაშო და 30 პროცენტზე მეტი ამოიღო გაყიდვიდან. შეიცავდა ტყვიას და სხვა მომწამვლელ საშუალებებს. ამის მონიტორინგი უნდა ხდებოდეს მუდმივად.

საწვავის ხარისხს პრაქტიკულად არ ამოწმებენ – შეიძლება კამპანიის ხასიათს ატარებდეს. კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის ჰიბრიდული და ელექტრო მანქანები, მათი აკუმულატორები, რომლებიც დამზადებულია ტყვიისგან. ამათი უტილიზაცია როგორ მოხერხდება საქართველოში, ამაზე არავინ საუბრობს. ვერ ვხედავ მკაფიო ღონისძიებებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა საქართველოში მოიხსნას.

სათამაშოები შეამოწმეს და 30-40 პროცენტი ამ სათამაშოების დაიწუნეს, მაგრამ ძველ სახლებში საღებავები რჩება, ადრე უმეტესად იყენებდნენ ტყვიის შემცველ საღებავებს, ხრუშოვის დროინდელ სახლებში, სადაც დარჩენილი ძველი საღებავები არის პრობლემა. უნდა შემუშავდეს პოლიტიკა და პოლიტიკა არ შექმნილა, მშობელს თუ უნდა შეამოწმებს, თუ არ უნდა არ შეამოწმებს, აქ მივდივართ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის არარსებობამდე.“

ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია – როდის დასრულდება სამუშაოები

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, დღემდე დაუსრულებელია. მეტიც, ახალდაგებული ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია, რის გამოც გზებზე ორმოებია. დაზიანებულია სანიაღვრე არხის ცხაურებიც, ზოგან არხი ღიადაა დატოვებული.

რეაბილიტირებული ხალვაშის გამზირი ბათუმში / 26.12.2023

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა; ხელშეკრულება კი შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2023 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია 13 784 554 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 71 პროცენტი].

რეაბილიტირებული ხალვაშის გამზირი ბათუმში

დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 16-ჯერ შევიდა. ერთ-ერთი ბოლო, 2023 წლის 15 დეკემბრის ცვლილებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

[აღნიშნული ცვლილება ხელშეკრულებაში გზების დეპარტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესულა, თუმცა, ეს ბარათი შესყიდვების პორტალზე ატვირთული არ არის].

„ვიდრე ხელშეკრულებას აქვს მოქმედების ვადა, ამ პერიოდში კომპანიას უფლება აქვს ჩაატაროს სამუშაოებიც… თუ სამუშაოები ამ პერიოდში არ დასრულდება და არც ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება, კომპანიას დააჯარიმებენ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დღეს გზების დეპარტამენტში.

რეაბილიტირებული ხალვაშის გამზირი ბათუმში / 26.12.2023

„თუ ორმოებია და პრობლემებია, არ ჩაიბარებენ. ან ჩაიბარებენ იმ პირობით, რომ კომპანია ყველა ხარვეზს აღმოფხვრის.

ზოგადად, სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელია გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტიც, თუმცა, შემდეგ იქნება საგარანტიო პერიოდი და თუ ამ პერიოდში გზაზე აღმოჩნდება პრობლემა, კომპანია ვალდებული იქნება ის საკუთარი ხარჯებით მოაგვაროს“, – განაცხადეს გზების დეპარტამენტში.

„ერ ტე დე“ 2013 წელს, თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი. ის „ოცნების“ შემწირველიცაა.

გზების დეპარტამენტის ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა.

რეაბილიტირებული ხალვაშის გამზირი ბათუმში / 26.12.2023

გზების დეპარტამენტის ტენდერის ფარგლებში ფრიდონ ხალვაშის გამზირი ანგისიდან ხელვაჩაურის ცენტრამდე მონაკვეთში უნდა გაკეთდეს. აქედან მახოს ხიდამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია კი [1 კილომეტრზე მეტი მონაკვეთი], როგორც ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ბათუმის ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.

ხალვაშის გამზირი, პერიოდულად, სხვადასხვა მონაკვეთში, 2023 წლის მაისში და ივნისის დასაწყისში, გადაკეტილი იყო.

გზის გახსნის თარიღი გზების დეპარტამენტმა რამდენჯერმე გადაავადა. გამზირზე, ავტომანქანების მოძრაობა 2023 წლის 9 ივნისს განახლდა:

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [VIDEO]

რატომაა ბულვარი ჩაბნელებული

იმის მიუხედავად, რომ 2023 წელს ბათუმის საახალწლოდ მორთვისა და განათებისთვის 5 მილიონი ლარი დაიხარჯა, ბათუმის ახალი ბულვარი ჩაბნელებულია. აქ პალმის მცირე განათებაც კი გამორთულია.

ბათუმის ახალი ბულვარი 27 ნოემბერს შტორმმა დააზიანა, თუმცა პრომინადი, ასევე ველობილიკი გაწმენდილია და დღისით სეირნობაც შესაძლებელია. ღამით კი, მუსიკალური შადრევნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაწყებული საზაფხულო ამფითეატრის ჩათვლით, გადაადგილება მხოლოდ ზღვისპირას აშენებული მაღალსართულიანი შენობების გარეგანათების შუქზე შეიძლება.

ამფითეატრს იქით, აეროპორტის მიმდებარედ არსებული ბულვარი არც შტორმამდე იყო განათებული.

ბათუმის ბულვარის პრესცენტრში გვითხრეს, რომ განათება ახალ ბულვარში ძლიერი შტორმის დროს დაზიანდა, ნაწილობრივ აღდგენის შემდეგ კი, გასულ შაბათ-კვირას, შტორმის დროს, განათების სისტემას ისევ შეექმნა პრობლემა. ბათუმის ბულვარის პრესცენტრის ინფორმაციით, განათება ბათუმის ახალ ბულვარში ხვალ, 28 დეკემბერს აღდგება.

———————–

საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის და სხვადასხვა მანათობელი კონსტრუქციების შესაძენად ბათუმის მერიამ 5 მილიონი ლარი გამოყო. ამ თანხაში შედის საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი და ასევე, სადემონტაჟო სამუშაოებიც.

„ქალაქ ბათუმში საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის [თანმდევი მომსახურება მონტაჟით-დემონტაჟი] სახელმწიფო შესყიდვაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა 5 მილიონ 159 ათასი ლარით. ამ თანხაში არ შედის გასართობი ღონისძიებები.

ამ თემაზე:

4.6 მილიონი ლარი – ახალი წლის ხარჯები აჭარაში

ფრანგმა ექიმმა მითხრა, 1 კვირა რომ დაგეგვიანებინათ თქვენი მეუღლე ვერ გადარჩებოდა – ემიგრანტი

მზისა აბესლამიძე საქართველოდან 2016 წელს წავიდა საფრანგეთში, შვილთან და მეუღლესთან ერთად. მზისას მეუღლე შშმ პირია. 2016 წელს ავარიაში მოჰყვა და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, ეტლით სარგებლობს. მზისამ ემიგრაციაში წასვლა ოჯახთან ერთად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში უშედეგო მკურნალობის შემდეგ მის მეუღლეს ორგანიზმის მოწამვლა დაეწყო.

„ნაწოლები ჰქონდა. მკურნალობად მიიჩნეოდა მხოლოდ მინიოპერაციები. მივიყვანდი პროცედურაზე, აჭრიდა და აჭრიდა ხორცს ექიმი. ამბობდა, იქნებ ახალი ამოვიდესო. ასე დავიდნენ კუდუსუნის ძვლამდე. 40 გრადუსამდე დაეწყო ამის შემდეგ სიცხეები.

ანესთეზია რომ არ დასჭირვებოდა, ექიმი ეუბნებოდა ჩემს მეუღლეს, ნასვამ მდგომარეობაში მოდი, ტკივილებს ვერ იგრძნობო. ამის მოსმენის შემდეგ რაღა იმედი უნდა გქონდეს მკურნალობის.

ორგანიზმის მოწამვლა დაეწყო და სასწრაფოდ დავტოვეთ საქართველო 2016 წლის 7 იანვარს. ჩაფრენისთანავე მოვითხოვეთ თავშესაფარი. მაშინ 33 წლის იყო, ახლა 40 წლისაა“, – ასე აღწერს მზისა აბესლამიძე 7-წლიანი ემიგრაციის დასაწყისს. მისი თქმით, ეს შესაძლოა სამუდამოდ გაგრძელდეს იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო პროცედურები, რისი ჩატარებაც მზისას მეუღლეს მთელი ცხოვრება სჭირდება, საქართველოში არაა დანერგილი.

საქართველოში მკურნალობა სხვა მხრივაც მძიმე ტვირთად აწვა ოჯახს. ყოველთვიურად 2000 ლარი სჭირდებოდა მზისას მეუღლისთვის აუცილებელი სამედიცინო საჭიროებები რომ უზრუნველეყო: ექიმთან ვიზიტები, პერიოდულად მინიოპერაციები, საფენები, მედიკამენტები, კათეტერი და ა.შ.

საფრანგეთში მზისას ქართველების ოჯახი დახვდა. მათ დააკვალიანეს რა, როგორ უნდა გაეკეთებინათ. ლტოლვილის სტატუსი ჩაფრენისთანავე მოითხოვეს საფრანგეთში, მაგრამ მოთხოვნა ქვეყანამ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც თავშესაფარი მოითხოვეს ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

მზისას მეუღლეს სამედიცინო დაზღვევა დაუნიშნეს, ქალაქ კოენის კლინიკამ ოჯახს საცხოვრებელიც გამოუყო და პაციენტს შშმ პირის ყოველთვიური პენსია დაუნიშნეს. მზისას ერთი შვილი ჰყავს, სწავლა მან საფრანგეთში გააგრძელა.

„7 წელია უკვე აქ ვართ. სიცოცხლე აჩუქეს ფრანგმა ექიმებმა ჩემს მეუღლეს. ექიმმა მითხრა, ერთი კვირა რომ გაჩერებულიყავით თქვენს ქვეყანაში, სისხლი მოეწამლებოდა, სეფსისი განვითარდებოდა და ვერ გადარჩებოდაო.

აქ უმკურნალეს და ნაწოლები საერთოდ აღარ აქვს, მაგრამ ოპერაციის შედეგად შარდის ბუშტი დაზიანდა და დაპატარავდა. 6 თვეში ერთხელ უტარებენ საფრანგეთში შარდის ბუშტის გადიდების პროცედურას, რაც საქართველოში არ კეთდება.

შარშან მივმართე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და მოვითხოვე მტკიცებულება, რომ ნამდვილად არ კეთდება ეს საქართველოში – საფრანგეთში მომთხოვეს ეს ცნობა. საინისტროდან მომწერეს, პროცედურის შესახებ არ იციან და არც მედიკამენტი აქვთ, რაც ამ დროს გამოიყენება. პროცედურის ჩატარება უროლოგიის ცენტრშიც კი არ იციან, ამიტომ ვართ აქ. ეს პროცედურა რომ არ გაიკეთოს, თირკმლის პრობლემები შეექმნება“, – ამბობს ემიგრანტი საქართველოდან.

პროცედურა მზისას მეუღლემ მთელი ცხოვრება უნდა იკეთოს საფრანგეთში. ოჯახის სამუდამო ემიგრაცია  საკუთარ ქვეყანაში ამ ერთი პროცედურის არახელმისაწვდომობამ განსაზღვრა. თუმცა ემიგრანტი ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი სხვა მიზეზიც დაგროვდა, რის გამოც საქართველოში დაბრუნებაზე ვერ იფიქრებენ:

„დავბრუნდებით იმ შემთხვევაში თუ გაუმჯობესდებოდა ჯანდაცვის სისტემა, თუ შშმ პირის პენსია იქნება ღირსეული, თუ შევძლებ, რომ თან ვიმუშაო და ისეთი ხელფასი მქონდეს ოჯახიც ვარჩინო და მეუღლესაც მოვუარო“, – ამბობს მზისა აბესლამიძე.

საფრანგეთში ყოველთვიურად იზრდება ქართველი ემიგრანტების რიცხვი, რომლებიც ქვეყანაში თავშესაფარს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ითხოვენ. ფრანგული პრესა ხშირად წერს იმის შესახებ, რომ ქვეყნის ფინანსური რესურსი აღარ ჰყოფნის ემიგრანტების სამედიცინო საჭიროებებს.

ევროპის ქვეყნებს შორის საფრანგეთს ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ჯანდაცვის სისტემა აქვს, რაც არალეგალი მიგრანტებისთვისაც უფასო ჯანმრთელობის დაზღვევას გულისხმობს.

19 დეკემბერს საფრანგეთში მიგრაციის ახალი კანონი მიიღეს, რომლის დამტკიცების დროსაც  შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარ დარმანენმა განაცხადა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მექანიზმისთვის ქვეყანა 1.14 მილიარდ ევროს ხარჯავს ყოველწლიურად, რაც მისი შეფასებით ეკონომიკურად არამდგრადი მოცემულობაა საფრანგეთისთვის.

მართალია, მიგრაციის ახალ კანონი არ აუქმებს არალეგალი მიგრანტებისთვის სამედიცინო დაზღვევას, თუმცა ჟერარ დარმანენი სენატს დაჰპირდა, რომ სამედიცინო სისტემის რეფორმა 2024 წლიდან დაიწყება საფრანგეთში.

შვილები, რომლებიც მშობლების კონტროლს ცდილობენ

ბევრჯერ მომისმენია – „ჩემი შვილი რას იტყვის“, „ამის ჩაცმის ასაკი აღარ მაქვს, ჩემს შვილებსაც არ მოეწონებათ“, „მე კი მინდა ვიყიდო, მაგრამ არ ვიცი ბავშვებს თუ მოეწონებათ“, „არ გამიშვა ბიჭმა, რა დროს ესააო“… სულ ვიცოდი, რომ ასეთი ფრაზების უკან კარგი არაფერი იდგა, მაგრამ ბოლო დრომდე მგონი, მაინც ვერ ვხვდებოდი, რამდენად ცუდი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს.

დაჰკვირვებიხართ, ჩვენს გარშემო, არც ისე იშვიათად, როგორი ნორმალიზებულია მშობლების, განსაკუთრებით ასაკოვანი მშობლების „კონტროლის“ მცდელობა შვილებისგან? 

თუ გინახავთ შეწუხებული, წარბშეჭმუხნილი, იმაზე დაფიქრებული მშობლები – ნეტა, ჩემი შვილი ამაზე თუ იმაზე, რას იტყვისო?

დაახლოებით ერთი წლის წინ, მახსოვს, წვიმიანი დღე იყო. იჯდა გარემოვაჭრე ხანდაზმული ქალი ბათუმის ქუჩაში, სიცივეში, სახეაჭარხლებული, ცელოფნით გადახურულ დახლთან. ცელოფანი შემოეხვია ფეხებზე, ზურგსა და ხელებზე, წვიმისგან რომ დაეცვა თავი. ნაირ-ნაირ ყვავილებსა და სანთლებს ჰყიდდა.

ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და თქვენზე თუ მომიყვებით-მეთქი, ვკითხე. ბევრი არ უფიქრია, მალევე დამთანხმდა. ისე სწრაფად მიყვებოდა ამბებს საკუთარ თავზე, ოჯახზე და ოჯახის წევრების საერთო გასაჭირზე, თითქოს ერთი საუკუნე ელოდა, რომ ეს ყველაფერი ვინმესთვის ეამბო. უნდოდა ყველასთვის ეთქვა, რატომ იდგა მრგვალ, ერთ მხარეს ჩატეხილ მაგიდაზე დალაგებული ყვავილებისა და სანთლების უკან ქუჩაში, წვიმაში, ქარში, დარსა თუ ავდარში.

იმ დღეს სხვა გარემოვაჭრეების ჩაწერაც მინდოდა, მაგრამ ძალიან წვიმდა, დავსველდი, შემცივდა და წამოვედი. გარემოვაჭრე ქალიც სველი იყო და ჩემზე მეტადაც სციოდა, თუმცა მითხრა – სახლში ჯერ ვერ წავალ, იქნებ ერთი ქოთანი ყვავილი მაინც გავყიდოო.

მის შესახებ მომზადებული ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე დამირეკა მისმა შვილმა. გაგიჟებული იყო. „დედაჩემს რომ გადაუღეთ, ვის ჰკითხეთ?!“ თავიდან მეგონა სწორად ვერ გავიგე რას მეკითხებოდა ეს კაცი და გამეორება ვთხოვე. მას სჯეროდა, რომ 75 წელს მიტანებული ქალის ჩასაწერად მხოლოდ ქალის ნებართვა არ იყო საკმარისი და შვილისთვისაც, ანუ მისთვისაც უნდა მეკითხა. ვიდეოს ჩახსნას გვთხოვდა. მირეკავდა და მირეკავდა. არაფრის ახსნა არ ჭრიდა. ბოლოს რედაქტორსაც ესაუბრა და ისევ გააფთრებული იმეორებდა – „მე რატომ არ მკითხეთ?!“

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ქალის ნავაჭრი ყველა თეთრი შვილს ხმარდებოდა.

ცხადია, ვიდეო არ წაგვიშლია.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. გასული შემოდგომის მიწურულს ხულოში, ღორჯომის ყიშლაზე მემთეურების გადასაღებად ავედი. იალაღზე გატარებული თვეების შემდეგ ახლა უკვე ყიშლაზე ითვლიდნენ ქალები სოფელში დაბრუნებამდე დარჩენილ დღეებს.

ბევრ ქალს შევხვდი და ბევრი ამბავი მოვისმინე. მიუხედავად იმისა, რომ ხულოში გავიზარდე, ყიშლაზე ბევრი არაფერი ვიცოდი და ჩემთვისაც ახალი იყო ყველაფერი, რაც იქ ვნახე და მოვისმინე.

ვიტყოდი, რომ ჩემმა ასვლამ ძალიან გაახარა ქალები, რადგან ბევრი არც არავინ მიდიოდა იქ, მიუხედავად იმის, რომ სოფლამდე რამდენიმე კილომეტრი აშორებდათ.

იქვე გადავწყვიტე, რომ რასაც გადავიღებდი, შემდეგ პატარა ფილმის სახე მიეცემოდა და ცხადია, ქალებს შევუთანხმე კიდეც. ყველა დამთანხმდა, მიმიღეს და გულწრფელადაც მესაუბრნენ.

ხულოდან ბათუმში დაბრუნებულს მონტაჟისთვის საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა და დაახლოებით 10 დღის შემდეგ გამოვაქვეყნეთ ვიდეო. გამოქვეყნებიდან მალევე დამირეკა ერთ-ერთი, საკმაოდ ასაკოვანი მემთეური ქალის შვილმა – „შენ ვინ ხარ გოგო, დედაჩემს რომ სწერ და არ მეკითხები?!“ – მიყვიროდა კაცი ტელეფონში. ავუხსენი, რომ მისი ნებართვა არაფერში მჭირდებოდა და გავუთიშე.

ისევ დამირეკა. მემუქრებოდა, ხულოში საერთოდ ვეღარ ამოდგამ ფეხსო. ითხოვდა მასალა ჩაგვეხსნა, სანამ „ჭკუას სხვა ფორმით“ გვასწავლიდა. ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობდა.

ცხადია, მასალა არ წაგვიშლია და ხულოშიც ხშირად დავდივარ.

რამდენიმე თვის წინ კი ერთი ქალი ჩავწერე. მარტოხელა დედა სამი შვილით, რომელსაც მძიმე წარსულის ფონზე წარმოუდგენლად ეჩვენებოდა გეგმების განხორციელება.

სტატიის ბმული რომ გავუგზავნე, მადლობაო – მომწერა და კეთილი სურვილების გაცვლით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მაგრამ რამდენიმე საათში მასალის წაშლის თხოვნით მომიბრუნდა. შეტყობინებას შეტყობინებაზე მიგზავნიდა. „შვილები თუ გყავს გაიგებ“ – მწერდა.

პარალელურად მომწერა მისმა შვილმა და ჰო, მეც გავიგე. ქალი სტატიის წაშლას ითხოვდა იმიტომ, რომ შვილებმა წარსულზე ღიად საუბარი არ მოუწონეს. არ მოუწონეს მოყოლა, როგორ წვალობდა, ათენებდა ღამეებს შრომაში, წლობით ათრევდა სიმძიმეებს და ასე ცდილობდა არაფერი მოეკლო შვილებისთვის.

ცხადია, სტატია არ წაგვიშლია.

რამდენიმე კვირის წინ, ისევ ვიფიქრე გარემოვაჭრეები ჩაგვეწერა. წინასწარ გავიგე ერთი გარემოვაჭრის შესახებ და პირდაპირ მასთან გავედი. ჩაგეწერები, მაგრამ არ გადამიღო ფოტო ან ვიდეო და არც ჩემი სახელი დაწეროო. ვკითხე, რატომ არ გინდათ-მეთქი?

„ჩემი ბაღანა გადაირევა“, – მიპასუხა ქალმა.

და კიდევ ერთი ამბავი.

ჩემ ნაცნობ, ასაკოვან ხულოელ ქალს სიყვარულის საოცარი ისტორია აქვს. სულ მინდოდა ამის შესახებ დამეწერა. დავურეკე, შევუთანხმდი და მასთან წავედი. სანამ ამბის მოყოლაზე გადავიდოდა ქალი, სახლში მისი შვილიც მოვიდა. როცა გაიგო რას ვაპირებდი, ამ თემაზე კითხვების დასმა ამიკრძალა. კატეგორიულად მითხრა, არ მინდა ასაკოვანმა დედაჩემმა მის სიყვარულზე ილაპარაკოს ახლაო. უხეშად მიმართა მოხუც დედასაც – „რისთვის გცალია?“

ეს იმ ამბების არასრული ჩამონათვალია, რომელში მონაწილე ყველა შვილი ფიქრობს, რომ მათი მშობლები ვის რას ეტყვიან, რას ჩაიცვამენ, სად წავლენ, ვახშმად რას მოამზადებენ, მათ უნდა შეუთანხმონ.

ამის ყურება ძალიან მტანჯველია ჩემთვის, მით უფრო მაშინ, როცა ვხვდები, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი მშობლების რიცხვი შესაძლოა ძალიან დიდი იყოს.

 

„მეწყერი ჩამოწვა, მოწყვეტილი ვართ გარესამყაროს“ – სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ქალი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მეწყერი ჩამოწვა და სოფლის ცენტრალური გზა მთლიანად ჩაკეტა.

როგორც „ბათუმელებს“ სოფელში მცხოვრები ინოლა შაინიძე ეუბნება, ის გზა, რაც გასულ წელს მეწყრის შემდეგ გააკეთეს, მთლიანად დაფარა მიწის მასამ.

„სამწუხაროდ, გაჩენილია ახალი ნაპრალები“, – გვითხრა მან.

ამავე სოფელში ვესაუბრეთ ზურა ზოიძესაც, რომლის სახლიც გაზაფხულზე ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად დაანგრია.

„გაზაფხულზე ჩემი სახლი მიწასთან გაასწორა და ახლაც ორ ოჯახს ემუქრება საფრთხე. თუ კიდევ მოიმატა პროცესებმა, მერე უფრო ბევრ ოჯახს შეექმნება საფრთხე.

ახლა სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია, უგზოდ ვართ. საცალფეხო გზით გადავადგილდებით, მოსახლეობასთან მისასვლელი გზა აღარ არის.

მეწყრული კერა ბევრია სოფელში, მაგრამ ეს უფრო აქტიური კერაა. ადრე სადაც ჩამოწვა მეწყერი, იქ განვითარდა ახლაც.

რა რაოდენობის მასაა, ვერ გეტყვით, მაგრამ საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს“, – გვეუბნება ის.

ზურაბ ზოიძის თქმით, შარშან, მარტის თვეში, როცა შეამოწმეს გეოლოგებმა მდგომარეობა, ითქვა, რომ ახალი გზა აღარ უნდა გაეკეთებინათ აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა გეოლოგების მითითება არ გაითვალისწინეს.

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისევ მეწყერში გაჭრა გზა. ახლა კვლავ განვითარდა მეწყერი და ისევ დაიკეტა ყველაფერი“, – ამბობს ზურა ზოიძე.

მეწყერი კოკოტაურში

მოსამართლემ ტელეწამყვან თეონა ბაკურიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტის, თეონა ბაკურიძის სარჩელი. თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო და 2020 წელს გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 დეკემბერს გამოცხადდა.

„თეონა ბაკურიძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს,“ – განაცხადა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ. მოსამართლემ განმარტების გარეშე დატოვა სხდომათა დარბაზი. გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელი არ დასწრებია.

თეონა ბაკურიძე სასამართლოში ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას.

„ეს შემთხვევა წარმოაჩენს, რომ სასამართლო რიგ შემთხვევაში ასეთ დავებთან დაკავშირებით არის პოლიტიზებული, დღევანდელ გადაწყვეტილებას თეონა ბაკურიძის საქმესთან დაკავშირებით სხვა ახსნა ვერ მოეპოვება“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი, TI-ის იურისტი. ის სასამართლოში თეონა ბაკურიძის ინტერესებს იცავდა.

იურისტს თავის 11-წლიან საადვოკატო პრაქტიკაში არ ახსენდება მსგავსი შემთხვევა, როცა მოსამართლე მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს აცხადებს და განმარტების გარეშე ტოვებს სხდომათა დარბაზს.

ანა ბერძენიშვილი

„მოსამართლე სასამართლო სხდომის დარბაზიდან ისე გავიდა, რომ ახსნა-განმარტებაც კი არ გაუკეთებია იმის თაობაზე, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მართალია, ეს არის სასამართლოს უფლება, მაგრამ 11 წლის განმავლობაში, რაც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის დროს მქონია სასამართლო დავები, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა.

იურისტს არ ჰქონდა მოლოდინი თეონა ბაკურიძის სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუმცა ელოდა გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

TI-ის იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ აჭარის ტელევიზიის აქამდე დასრულებული საქმეებისგან განსხვავებით, აქ უკანონო გათავისუფლება არ დადგინდა. იურისტის აზრით, ეს აძლიერებს ეჭვს საქმის პოლიტიკურ მოტივზე.

„სხვა დავებში, რომლებიც დაკავშირებული იყო აჭარის ტელევიზიის მიერ თანამშრომლების უკანონო დათხოვნასთან, ყველა ფაქტზე დადგენილი იქნა აჭარის ტელევიზიის უკანონობა. ეს არის საგამონაკლისო შემთხვევა.

თავის დროზე, როცა თეონა ბაკურიძემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, მისი გათავისუფლება უკავშირდებოდა მის განცხადებას პარტიასთან, თორნიკე რიჟვაძესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. იმ თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, რომლებიც მოუწოდებდნენ დაოკებულიყო, უწოდებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს.

ეს საქმე თავიდანვე შეკერილი იყო პოლიტიკოსების მიერ და თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია. ეს არ იყო საქმე, რომელიც იყო გამყარებული ფაქტობრივი გარემოებებით, ემყარებოდა კანონს, მტკიცებულებას. ეს საქმე თავიდან ბოლომდე იყო ის, თუ როგორ გაბედა თეონა ბაკურიძემ სოციალურ სივრცეში მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ტელევიზიის გაკრიტიკება,“ – აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.

——-

თეონა ბაკურიძე „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, როცა 2020 წელს სამსახურიდან გაუშვეს, მას შემდეგ, რაც ამ ტელევიზიის დირექტორს – ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. მაშინ, როცა ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საქმიანობის უფლება წაართვეს და გაჩნდა შეფასება „პოლიტიკურ ზეწოლაზე“, სასამართლოში 9 სარჩელი შევიდა. ამ საქმეებით საგრძნობია ერთი ტენდენცია, რაც ბოლო წლებში, ზოგადად, ქვეყანაში შრომით დავებს ახასიათებს:

გათავისუფლებულები მეტწილად შრომით დავებს იგებენ, დასტურდება უკანონო გათავისუფლება და ადამიანების დევნა, სასამართლოში დავას აგებს სამსახურიდან თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებებით ცნობილი მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა ასევე მეტწილად სასამართლო სამსახურში არ აბრუნებს სისტემას ჩამოშორებულ ადამიანებს.

აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო — იმ პერიოდიდან, როდესაც დირექტორი, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული დაუკავშირა ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს.

ამ თემაზე:

საქმეები სასამართლოში, როცა მოგებულიც წაგებულია

 

ბათუმში მუსხელიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 9,5 მილიონია გამოყოფილი

ბათუმის მერია ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 9,5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული ქუჩა ბათუმის შემოვლითი მშენებარე გზისა და ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკვეთასთან ახლოს [მახვილაურის დასახლებაში] მდებარეობს.

დაგეგმილია, როგორც მუსხელიშვილის ქუჩის, ასევე მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია.

სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 9 539 467 ლარით უკვე გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 13 იანვარს დაიწყება და 18 იანვარს დასრულდება. ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია კი 2025 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ტენდერს თან ახლავს „მუსხელიშვილის ქუჩის (ჩიხებით) კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“, სადაც შესასრულებელი სამუშაოები დეტალურადაა გაწერილი.

„ამ სამუშაოს შესრულებისას გათვალისწინებული ხეების ამოძირკვა კონტრაქტორმა აუცილებლად უნდა შეათანხმოს შესაბამის სამსახურებთან, აგრეთვე, მაღალი და დაბალი განათების ბოძები ხარჯთაღრიცხვაში მოცემულია პირობითად და მათი ფორმები და მასალები აუცილებლად უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „კონტრაქტორმა, როგორც ადგილობრივი გარემოსდაცვითი მართვის გეგმის ნაწილი, უნდა შეადგინოს მართვის გეგმა, რომელშიც დადგენილი იქნება: ნარჩენის კატეგორია და წარმოქმნილი მასალების რაოდენობა; მეორადი გადამუშავების და/ან გამოყენების შესაძლებლობა; გატანის მარშრუტები და სალიცენზიო მოთხოვნები…

კონტრაქტორი ვალდებულია სათანადოდ დაიცვას ყველა შენობა, ნაგებობა, დანადგარი, კომუნიკაციები დაზიანებისაგან და გაფუჭებისაგან კონტრაქტის მოქმედების პერიოდში და უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა შენობებისა და სხვა კომუნიკაციების დასაცავად“.

ტენდერის პირობის მიხედვით:

  • „მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 000 000 ლარის ოდენობით;
  • 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უშუალოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია) სამუშაოები 6 000 000 ლარის ოდენობით“.
ბათუმი, მუსხელიშვილის ქუჩა და მიმდებარე ჩიხები, რომელთა რეაბილიტაციაზე ტენდერია გამოცხადებული
ბათუმი, მუსხელიშვილის ქუჩა და მიმდებარე ჩიხები [მონიშნულია წითელი ხაზებით], რომელთა რეაბილიტაციაზე ტენდერია გამოცხადებული

„თუ ხურჯინში ჩაეტევა, ბურთიც წამომიღე“ – ბათუმში ასამდე ღარიბი ბავშვი ელოდება საჩუქარს

ბათუმში 94 მზრუნველობამოკლებული ბავშვი საახალწლო საჩუქრებს ელოდება.

ბავშვები დღის ცენტრის, „იალქნის“ ბენეფიციარები არიან. ცენტრმა მოგვაწოდა ბავშვების წერილები, სადაც ისინი თავიანთი ოცნებების ასრულებას ელოდებიან.

ბავშვების ნაწილისთვის საჩუქრები შეგროვდა, თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც, შესაძლოა, საჩუქრის გარეშე დარჩნენ.

ფონდი „იალქანი“ საზოგადოებას სთხოვს, გულთან მიიტანონ მზრუნველობამოკლებული ბავშვების საახალწლო ოცნებები და მათ საჩუქრების შეძენაში დავეხმაროთ.

„ბათუმელები“ გაგაცნობთ ბავშვების საახალწლო სურვილები.

მაგალითად, 8 წლის ბარბარე თოვლის ბაბუისგან შოკოლადს, თოჯინას და სათამაშოებს ელოდება.

12 წლის ნინის მძივები და საბავშვო მაკიაჟი უნდა.

8 წლის ზეინაბს სურს თმის სამაგრები, კაბა, ბეჭედი და რვეულები.

საჩუქრებს ელოდება 12 წლის ლიზიც. იგი თოვლის ბაბუას წერილში სთხოვს, მოუტანოს კბილის ჯაგრისი, კალმები, რვეულები და საბავშვო ბეჭედი.

10 წლის რამაზანი თვითგორიას (საბავშვო სკუტერს) ელოდება, ასევე სურს ბურთი, ჩიფსი და სათამაშო მანქანა.

შავ თვითგორიასა და სპორტულ ფეხსაცმელზე ოცნებობს 9 წლის მურადი.

პატარა გიორგი თოვლის ბაბუას „მაგრად ჩახუტებას“ ჰპირდება სურვილების ასრულების შემთხვევაში. გიორგის სურს სათამაშო მშვილდ-ისარი და „თოფი 100 ტყვიით“.

ლუკას წითელი თვითგორია სურს. თუმცა თოვლის ბაბუას სთხოვს, „თუ ხურჯინში ჩაეტევა“, ბურთიც წამოუღოს. „ჩვენი ბედნიერების მიზეზი ხარ“- წერს ლუკა.

ლაშაც ელოდება საახალწლო საჩუქრებს – სკეიტსა და როლიკებს. ჩანთა, სპორტულები და შავი კედებიც არ აქვს და იქნებ ესეც გამოიყოლოს, „თუ რა თქმა უნდა, ხურჯინში ჩაეტევა“.

მონიკა ფუმფულა წიგნაკს, ლამაზ კალამს და „როლიკებს“ ელის.

ავთო ჰოვერბორდს ელოდება და იმედი აქვს, რომ თოვლის ბაბუა იმედებს არ გაუცრუებს.

თოვლის ბაბუა 8 წლის მარიკამაც მოიკითხა, „იმედია, თავს კარგად და მხნედ გრძნობ“ – წერს ის თოვლის ბაბუას. მარიკა წერილში წერს, რომ მთელი წელი კარგად სწავლობდა, ახლა კი სურს, მისი გულიც გაახაროს ვინმემ. ელოდება საკანცელარიო ნივთებსა და ჰოვერბორდს.

ანასტასია ელოდება ყურსასმენებსა და სახატავ დაფას, ფლომასტერებს, ფუმფულა წიგნაკსა და ტკბილეულს.

რეზის ძალიან უნდა აუხდეს საახალწლო სურვილები და საჩუქრად „მაინქრაფტი“ და სპაიდერმენის თამაშები მიიღოს.

გურამს სურს ყურსასმენი და აიფონის საათი საჩუქრად.

ისმაილს შავი თვითგორია უნდა და სპორტული ფეხსაცმელი.

8 წლის ნიკაც შავ თვითგორიას ელოდება და სპორტულ ფეხსაცმელს საახალწლოდ. იგი, „შესაძლებლობის შემთხვევაში“, თოვლის ბაბუას ტანსაცმლის ჩამატებასაც სთხოვს ხურჯინში.

ხვიჩა ელოდება საკანცელარიო ნივთებს – კალამს, კალმების ყუთს, სახატავ რვეულს, წებოს, ფანქრებსა და მაკრატელს.

საჩუქრებს ელოდება ვიქტორიაც – სკეიტბორდსა და შლაქსის ლურჯ შარვალს.

15 წლის გიოს სურვილია თოვლის ბაბუამ საჩუქრად მოუტანოს ლურჯი ფერის თვითგორია.

შავ თვითგორიაზე ოცნებობენ ამირი და ჯემალიც. 16 წლის ყასიმს კი ჰანტელები, 41 ზომა სპორტული ბოტასი და სპორტული შარვალი სურს აჩუქონ.

საჩუქრებს ელოდება ტარიელიც. ფეხი უკვე გამეზარდა და იქნებ 42 ფეხსაცმელი შემირჩიოო – წერს ის თოვლის ბაბუას და იქვე დასძენს, არ დაგავიწყდეს ჰუდი, კრივის ხელთათმანი, ბურთი და ჩანთაო.

14 წლის ალიც სპორტულ აღჭურვილობაზე ოცნებობს. სპორტული ფეხსაცმელი სურს და ჩაფხუტი. თუმცა ვერც ტკბილეულზე ამბობს უარს და იქნებ „წავუსნიკერსოო“.

ილგარს ძალიან უყვარს სრიალი, ამიტომ თოვლის ბაბუას სკეიტის მოტანას სთხოვს. იქვე აზუსტებს, რომ კარგი იქნება, თუ სკეიტს 42 ზომა ფეხსაცმელი, ბურთი და ჩანთაც მოჰყვება.

„გვიყვარხარ თოვლის ბაბუა“- წერენ ბავშვები წერილებში.

_________________________

თუ გსურთ გახდეთ ამ ბავშვების თოვლის ბაბუა, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ფონდ „იალქნის“ საბანკო ანგარიშებზე.

საქართველოს ბანკი – GE55BG0000000588221400

თიბისი ბანკი – GE12TB7990736080100007

ვისაც სურვილი აქვს თავად შეიძინოს საჩუქრები, 29 რიცხვამდე უნდა მიაწოდოს „იალქანს“ მისამართზე: ბათუმი, ზუბალაშვილის 31.

 

ფოტოზე: ბავშვების საახალწლო წერილები თოვლის ბაბუას

თიბისიმ საახალწლოდ ერთგულებით სავსე აპარატი მოგიმზადა

Საახალწლო საყიდლებზე რომ გახვალ და მაღაზიების შემოვლის მარათონში ჩაერთვები, არ დაგავიწყდეს, რომ 26 დეკემბრიდან, სითი მოლის LG სართულზე ერთგულებით სავსე აპარატი დაგხვდება.

წინასაახალწლოდ, უფრო მეტი ერთგული ქულა რომ დააგროვო, თიბისიმ კიდევ ერთი სახალისო აქტივობა მოგიმზადა.

გადაიხადე თიბისის ნებისმიერი ბარათით ან ელექტრონული საფულით ერთგულებით სავსე ტერმინალზე და დააგროვე ერთგული ქულები მარტივად, რადგან აპარატიდან ჩამოვარდნილი 1 გული = 1 ქულას.

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ფერადი გული საჩუქრად ხელს გააყოლო და სანამ ამ პატარა საჩუქრით გულს იჯერებ, დახარჯული 1 ლარი, უკან 1 ერთგული ქულის სახით დაგიბრუნდება.

დღის მანძილზე შეგიძლია, ერთგულებით სავსე აპარატს მაქსიმუმ 5ჯერ ესტუმრო და 5 გულით სავსემ გააგრძელო ახალი წლისთვის მზადება.

თუ დაგაინტერესებს, რამდენი ფერადი გული შეგიგროვდა, გულზე QR კოდია გამოსახული და მისი დასკანერებით შენს ციფრულ ბანკში მოხვდები. იქ ქულების დათვლის გარდა, შეგიძლია, შეამოწმო, ერთგულის ლოიალობის პროგრამის რომელ ეტაპზე ხარ და კიდევ რამდენი გადახდა დაგრჩა იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადახვიდე.

გახსოვდეს, რომ დაგროვილი ქულები შეგიძლია გამოიყენო, როცა მოგესურვება და დახარჯო ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში.

ზღვაში გაუჩინარებული 24 წლის მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

2023 წლის 12 დეკემბერს 24 წლის მეზღვაური, უჩა მიქელაძე გემიდან გადავარდა და ზღვაში გაუჩინარდა. ოჯახის ინფორმაციით, ის სამუშაო ხელშეკრულებით იმყოფებოდა Sealife Shipping კომპანიის გემი M/V “AAIP GOLD“-ზე (IMO N:9221475), რომელიც რეგისტრირებულია პანამაში, მცურავი ვანუატუს დროშის ქვეშ.

უჩა მიქელაძე წყალში გადავარდნის შემდეგ ვერ იპოვეს.

ოჯახის ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გემისათვის უჩას ზღვაში გადავარდნის შესახებ, გემმა დაიწყო სამძებრო – გადარჩენის ოპერაციების წარმოება, თუმცა უჩა მიქელაძე ვერ იქნა ნაპოვნი. ოჯახმა დახმარებით მიმართა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც ასევე ადასტურებს უჩა მიქელაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას.

რადგან M/V “AAIP GOLD” გემი იმყოფებოდა რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, უჩა მიქელაძის სამძებრო – გადარჩენის ოპერაციები ჩაატარა რუმინეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა. რუმინეთის სამხედრო ძალების მოკვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უჩა მიქელაძე ვერ იქნა ნაპოვნი.

მიმდინარე ეტაპისათვის გემი გაჩერებულია უკრაინის პორტში და მიმდინარეობს გამოძიება.

შავ ზღვაში არსებული საზღვაო დინების გათვალისწინებით, დინებას შეეძლო უჩა მიქელაძე გაერიყა შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოებთან. შესაბამისად, ოჯახი სთხოვს დახმარებას საქართველოს სახელმწიფოსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები უჩა მიქელაძის საპოვნელად. ოჯახი სთხოვს საქართველოს სახელმწიფოს, მიაწოდოს ინფორმაცია შავი ზღვის წევრ სახელმწიფოებს უჩა მიქელაძის წყალში გადავარდნაზე“.

უჩა მიქელაძე 24 წლის არის და შორეულ ნაოსნობაში მეორედ იმყოფებოდა.

„ამ ცივ იატაკზე შევხდებით ახალ წელს“ – ბათუმში 20-მდე უსახლკარო სახელმწიფო შენობაში შეიჭრა

ბათუმში 20-მდე ოჯახი ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაში შეიჭრა. შენობას ჯარისკაცები იცავენ.

„უკანა ეზოდან შევედით ღამის 2 საათზე, ფანჯარა გამოვაღეთ და შევედით, ისე ჩვენ ყურადღება არავინ მოგვაქცია“, – უთხრა „ბათუმელებს“ შორენა კონცელიძემ.

ის ერთ-ერთია, რომელიც 27 დეკემბრის ღამით სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში შეიჭრა.

„ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ეს ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაა და იგი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა.

„ახალ წელს აქ შევხდებით, ცივ იატაკზე. აქ არც შუქია, არც წყალი, საკვებიც არ გვაქვს… მარტოხელა დედა ვარ, ჩემი შვილი 15 წლისაა და ახლაც ჩემთანაა, დედაჩემი მეეზოვეა და მისი ხელფასით ვიხდიდით აქამდე ქირას – თვეში 500 ლარს.

მე ყარაულის ადგილი ვნახე მხოლოდ, 280 ლარი მაქვს ხელფასი.

აქ, ძირითადად, ძალადობის მსხვერპლი და მარტოხელა ქალები ვართ, არიან შშმ პირებიც…

ჩვენი ნებით აქედან არ გამოვალთ. რამაზ ჯინჭარაძე იყო შემოსული ამ დილით. ვუთხარით, რომ არ გავალთ, წასასვლელი არსად გვაქვს“, – გვითხრა შორენა კონცელიძემ.

უსახლკარო ქალები

ბათუმში წელიწადზე მეტია უსახლკაროები ყოველკვირეულად მართავენ აქციას, თუმცა მათი პრობლემებით ამ დრომდე ხელისუფლება და ბათუმის მერია არ დაინტერესებულა.

ხვალ ბათუმში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება.

28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ხოლო 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის პირველ, 2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს – წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის პირველ და 2 იანვარს – თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 დეკემბრამდე ზოგან დროგამოშვებით მოთოვს, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის პირველ და 2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის პირველ და 2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება.

დაიღუპა ძაღლი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს

დაიღუპა ძაღლი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.

ძაღლი მოქალაქეებმა 24 დეკემბერს იპოვეს ბაღდათში, რომელსაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის ქალა ჰქონდა დაზიანებული.

ოპერაციის შემდეგ ექიმებმა ძაღლს თავის ტვინიდან ჰემატომა ამოუღეს, თუმცა ამბობდნენ, რომ თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო და ტვინი დეკომპრესირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას.

Exit mobile version