მთავარი,სიახლეები

ეს კანონი იქნება ჰიბრიდული იარაღი რუსეთის ხელში – დეპუტატი თეონა აქუბარდია

16.04.2024 • 2437
ეს კანონი იქნება ჰიბრიდული იარაღი რუსეთის ხელში – დეპუტატი თეონა აქუბარდია

„ეს კანონი ანტიქართულია, რადგან ის ყოფს ჩვენს მოქალაქეებს, აპირისპირებს, ქმნის საფრთხეებს ქვეყნის შიგნიდან და გარედან,“- ასე მიმართა პარლამენტს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

დღეს, 16 აპრილს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტთან რუსულ კანონის წინააღმდეგ 19 საათიდან საპროტესტო აქცია გაიმართება.

„ამ კანონით თქვენ ქვეყანას საფრთხეს უქმნით მაშინ, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

როცა გუშინ თქვენ კანონის განხილვას აწყობდით, სამი მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა უკანონოდ საოკუპაციო ხაზიდან. მაშინ, როდესაც ხმა არ ამოგიღიათ და რუსეთი გეუბნებათ, რომ ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმა – ჟენევის დისკუსიებია, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად მშვიდობიანად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვზრუნავთ, დღეს გეუბნებათ, რომ ეს ფორმატი უნდა შეიცვალოს და ის უნდა გავიდეს ევროპის ქვეყნებიდან, ამ მოცემულობაში თქვენ აძლიერებთ მტრის ინტერესებს.

თქვენი ეს კანონი არის რუსეთის ხელში ჰიბრიდული იარაღი სწორედ იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს ქვეყნის და ხალხის სუვერენულ არჩევანს: ვიყოთ დემოკრატიულები და ევროპული ოჯახის წევრები.

რუსი იდეოლოგი – დუგინი მაშველ რგოლად მოგევლინათ და გეუბნებათ, დიახ, ყოჩაღ ბიჭებო, მიდით, მიაწექით, ჩვენც ასე გავაკეთეთო და აქეთ მხარეს არის დასავლეთი, ნატო, ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ყველა, ვისაც ვთხოვდით ჩვენ ამდენი ხანი ჩვენი სუვერენიტეტისთვის მხარი დაეჭირათ, ვთხოვდით, დაგვხმარებოდნენ კეთილდღეობაში, დაგვეხმარნენ და გვეხმარებიან.

ამ მოცემულობაში თქვენთვის ტოლობის ნიშანი არის ოკუპანტი რუსეთი და დასავლეთი, რადგან მტრად გინდათ გამოაცხადოთ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე, როცა რუსეთი ცდილობდა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკა ეწარმოებინა, იდგნენ ჩვენი სუვერენიტეტის სადარაჯოზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რომ ყველას გაგვიხარდა, სწორედ ეს არის ევროპა, რომელიც არ დაუშვებს უსამართლო ჩაგვრას, არ დაუშვებს იმას, რომ ადამიანების ბედი ძალით გადაწყდეს, რუსული იარაღით.

ამ მოცემულობაში, როცა ტანკი დგას საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიაზე, ეს კანონი სწორედ არის ჰიბრიდული იარაღი იმისთვის, რომ ჩამოაშოროს საქართველო ცივიზილიზებულ დასავლეთს“ – განაცხადა თეო აქუბარდიამ.

____________________________

რა ხდება? 

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

______

ამავე თემაზე: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: