მთავარი,სიახლეები

„არსამთავრობოები აკეთებენ საქმეს, რისთვისაც მთავრობამ „ვერ მოიცალა“ – მოქალაქე

14.04.2024 • 2943
„არსამთავრობოები აკეთებენ საქმეს, რისთვისაც მთავრობამ „ვერ მოიცალა“ – მოქალაქე

„არასამთავრობო სექტორში არის ბევრი ძალიან მაგარი ორგანიზაცია, რომლებიც კარგ, საჭირო საქმეებს აკეთებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დაფინანსებით. საქმეებს, რომლისთვისაც მთავრობამ „ვერ მოიცალა“. ამ ადამიანებისთვის იარლიყის აკვრა – რომ არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელნი, მინიმუმ არასწორია,“ – ამბობს ნოდარ ქარცივაძე, ის პროფესიით არქიტექტორია, ეტლით მოსარგებლე შშმ პირი.

„პირველ რიგში, დაპირების მიუხედავად, კანონის დაბრუნება თუნდაც შეცვლილი სათაურით, მინიმუმ უხერხულია მოქალაქეების წინაშე.

ვფიქრობ, უამრავი სხვა ბერკეტი არსებობს იმისათვის, რომ საქმიანობა იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე ისე, რომ ამით ღირსების შემლახავი ტერმინები არ იქნას გამოყენებული. ბევრად მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე კონცენტრირება, რაც მეტად დაგვაახლოებს ევროკავშირთან და გააძლიერებს სახელმწიფოს. მთელი ევროპა მოგვიწოდებს ამისკენ.

ევროკავშირი ნიშნავს თავისუფლებას და ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენი მიზანია ასევე, არ გვქონდეს მუდმივად დაპირისპირებული ქართული პოლიტიკური სპექტრი, საიდანაც ერთმანეთის სიძულვილი და დამცინავი რიტორიკა გვესმის.

ევროკავშირი არასდროს ყოფილა ისე ახლოს ჩვენთან, როგორც ახლა. ასე რომ, არა ისეთ კანონს, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ღირსებას,“ – მიიჩნევს ნოდარ ქარცივაძე.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: