მთავარი,სიახლეები

„აგენტებად გამოვცხადდებით ათასობით სტუდენტი“ – ქართველი სტუდენტი ესპანეთიდან

14.04.2024 • 3039
„აგენტებად გამოვცხადდებით ათასობით სტუდენტი“ – ქართველი სტუდენტი ესპანეთიდან

„ამ კანონის მიღებით უცხოური გავლენის აგენტებად გამოვცხადდებით ათასობით სტუდენტი, რომლებსაც საქართველოში თუ მის ფარგლებს მიღმა სწავლას საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები გვიფინანსებენ,“ – მიიჩნევს ლია დეკანაძე, ერაზმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც კორდოვას უნივერსიტეტში სწავლობს „რელიგიური მრავალფეროვნებად გლობალიზებულ მსოფლიოში“.

„ბათუმელები“ ლია დეკანაძეს რუსულ კანონზე ესაუბრა:

„რუსულ თარგზე გამოჭრილი კანონი საქართველოს ვეღარასდროს მოერგება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მტკიცედ დაადასტურა დასავლეთისკენ სწრაფვა. გასული წლის მარტის აქციებზე ყველაზე ცხადად ვიგრძენი ეს მუხტი და მიზანი ყველა თაობის მოქალაქეში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებსა და სტუდენტებში.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ თითოეული ჩვენგანი გაფაციცებით უნდა ვდებდეთ აგურს საქართველოს სწრაფი ევროინტეგრაციისთვის, თუმცა ხელისუფლება განგებ აფერხებს პროცესს ამ კანონის ხელახალი ინიციირებით. ის კანონპროექტში სიტყვების თამაშითა და „გამჭვირვალობაზე” აქცენტით ისევ მანიპულირებს ჩვენით, ჩვენი სამოქალაქო გადაწყვეტილებებითა და მომავლით.

ჩვენი ქვეყანა ღარიბია და მასში სათემო ფილანთროპია განვითარებული არ არის. შესაბამისად, ახალი ცოდნის შესაქმნელად და უკვე არსებულის ქართულ სივრცეში გადმოსატანად გვიწევს საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ.

ისინი ხელს უწყობენ ქვეყანაში ცოდნის წარმოებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და უნარების განვითარებას. შედარებით დიდი და მცირე კვლევითი პროექტები, სტუდენტური გრანტები და კონფერენციები, გაცვლითი პროგრამები და სტაჟირებები სწორედ ჩვენი უცხოელი მეგობარი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. ამგვარი მხარდაჭერა ქართველი სტუდენტების აკადემიური, პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის ძალიან ფასეულია.

ერაზმუსის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები იყო ჩემი პირველი ხიდი ევროპულ კულტურასა და ხალხთან. მათში მონაწილეობით შევძელი ევროპასთან დაკავშირებული ცრურწმენების გადალახვა და გაანალიზება სინამდვილეში ნამდვილი ქართული ღირებულებები როგორ თანხვედრაშია ევროპულთან [როგორი ევროპულია]. ახლაც ერაზმუსის დაფინანსებით ვსწავლობ მაგისტრატურაზე და ამ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია ჩემთვის სწავლის გაგრძელება და შემდეგ ქვეყანაში მისი გაზიარება.

კანონის მიღებით ჩვენი მოკეთეები და მეგობრები „უცხო ძალად“ გამოცხადდებიან, ხოლო ჩრდილოელი მტერი გაიხარებს. ამ რუსული ყაიდის კანონმა უკვე ჩაახშო სამოქალაქო საზოგადოება რუსეთში, მათ შორის აქტიურ სტუდენტებსაც წაართვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები და საქართველოშიც იმავეს განმეორების საშიშროება დგას. ჩვენისთანა პატარა ერს ამგვარ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეწყვეტა ძალიან ძვირი დაუჯდება.

ამ კანონის მიღებით, უცხოური გავლენის აგენტებად გამოვცხადდებით ათასობით სტუდენტს, რომლებსაც საქართველოში თუ მის ფარგლებს მიღმა სწავლას საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები გვიფინანსებენ. სტუდენტისთვის ყველაზე ძვირფასია, როცა სტიპენდია აქვს და თვიდან თვემდე სწავლასთან ერთად თავის გატანაზე ფიქრი არ უწევს.

სტუდენტისთვის არსებითია, რომ მისი საერთაშორისო კონფერენციასა თუ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის, განთავსებისა და ტრანსპორტირების ხარჯები დაფარული იყოს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია მათში მონაწილეობა.

წლების განმავლობაში ნაშენი აკადემიური და სტუდენტური კავშირები და ქსელები განწირულია გაწყვეტისკენ, რადგან სისტემატური მხარდაჭერის გარეშე მათი შენარჩუნება შეუძლებელია. კანონის მიღება ყველა ამ უპირატესობისა და სიკეთეების მიღმა დაგვტოვებს ქართველ ახალგაზრდებს.

ახლა მნიშვნელოვანია ფართო სახალხო წინააღმდეგობა ამ კანონის მიმართ, რადგან ადრე თუ გვიან ის ყველას პირადად და მწვავედ შეგვეხება“.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: