სიახლეები

„ეს კანონი გინდათ, რომ კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს“ – თამარ კორძაია „ოცნებას“

16.04.2024 •
„ეს კანონი გინდათ, რომ კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს“ – თამარ კორძაია „ოცნებას“

„სინამდვილეში ეს კანონი გინდათ პრევენციისთვის, რომ მერე ხელისუფლების კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს, ვინც ასე მუშაობს, ისინი ადგნენ და წავიდნენ, რადგან საზოგადოების სამსახურში მყოფი ადამიანები არ დაირქმევენ აგენტის სახელს არავითარ შემთხვევაში,“ – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტი „ქართული ოცნების“ ინიციირებულ რუსულ კანონს განიხილავს.

თამარ კორძაიამ რუსული კანონის ავტორებს – „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ამავე პარტიის თავმჯდომარის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ძვირადღირებული საათები შეახსენა, რაც კრიტიკულმა მედიამ მიიტანა საზოგადოებამდე, ხოლო „ქართული ოცნება“, რომელიც გამჭვირვალობაზე საუბრობს, კორუფციულ შემთხვევებს არც კი იძიებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ხელისუფლებას რუსული კანონი იმისთვის უნდა, რომ კრიტიკული მედია გაქრეს, რომელიც ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს:

„ეს კანონი არის ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობა რუსულ სტილში. მე შემთხვევით არ მიხსენებია შეკითხვაში რადიო „თავისუფლება“. ძალიან კარგად იცით, ეს მედიასაშუალება როდის დაფუძნდა, რისთვის და რას აკეთებდა – ანტიკომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ იბრძოდა მსოფლიოში, ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.

თქვენ ადასტურებთ, რომ საქართველოში ამ კანონის მიღების შემდეგ ის უნდა მოხვდეს რეესტრში. ეს უნდა რუსეთს. ეს უნდათ ტოტალიტარულ რეჟიმებს, იმიტომ, რომ მერე აქედან გავიდეს ისეთი მედიასაშუალება, როგორიც არის, მაგალითად, რადიო „თავისუფლება“.

ამას მოჰყვება შედეგად ის, რომ თქვენთვის მძიმედ წასაკითხი მასალები გაქრება, რაც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებს. მაგალითად, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ძალიან კარგად არის ასახული თქვენი პარტიის თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის საათების ღირებულება: ერთი საათი ღირს 100 ათასი დოლარი, მეორე – 90 ათასი ლარი… ამ სტატიებში ისინი ამხელენ ხელისუფლებას, რომელიც მალავს სინამდვილეში რამდენი აქვს მოპარული ირაკლი ღარიბაშვილს და რამდენი აქვს ნაშოვნი.

სინამდვილეში ეს არ გინდათ თქვენ. თუ გამჭვირვალობა გინდათ, ისაუბრეთ იმაზე, რაზეც მედია ლაპარაკობს, გამოიძიეთ ის საკითხები, რაზეც მედია მიუთითებს. გამჭვირვალობა არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პირველ რიგში, ხმის ამოღება დაუსაბუთებელ ქონებასთან დაკავშირებით. თქვენი პარტიის თავმჯდომარეს 300 ათასზე მეტი ღირებულების საათები აქვს სახლში შენახული და არ ასახა ეს დეკლარაციაში. ამაზე ლაპარაკობს თავისუფალი მედია. გინდათ, რომ ეს აკრძალოთ ქვეყანაში. ეს არის ამ კანონის რეალური მიზანი,“ – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

  • რა ხდება? 

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

______

ამავე თემაზე: 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: