„გათითოკაცებული როცა არ არის ეს პროტესტი, გაცილებით მეტი ძალა გაქვს,“ – პირველ რიგში, სოლიდარობაზე ამახვილებს ყურადღებას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელსაც სხვადასხვა თეატრში გააქტიურებულ პროტესტზე ვკითხეთ. მათ შორის, ოზურგეთის თეატრზე, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელს წინ მთლიანად დასი დაუდგა.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებია კულტურის სფეროს და თეატრის დამორჩილებას, კრიტიკული აზრის ჩახშობას, მინისტრი თეა წულუკიანი აქტიურად ცდილობს, თეატრალები წარმოდგენებს საპროტესტო გზავნილებით ასრულებენ: „არა რუსულ კანონს, წინ ევროპა“.
ოზურგეთის სახელმწიფო თეატრშიც მსახიობებმა სცენაზე საპროტესტო ბანერი გამოფინეს: „რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“. ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე კი, წინა დღით ამბობდა, რომ სცენიდან პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, იგი მსახიობებს სცენიდან ყურით გამოათრევდა.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილს ვესაუბრებით, რატომ ვერ შეძლო წულუკიანმა თეატრის გაჩუმება?
„თეა წულუკიანმა ყველაზე მეტად თუ რომელიმე სფერო გააჩუმა და მოათვინიერა, ეს იყო თეატრი. ეს პროტესტი, რასაც თეატრებში ვხედავთ, იმედისმომცემია და გადამდები – მთავარია, ერთმა გაბედოს.
ვნახეთ, რომ პროტესტს მოჰყვა ქიმიური რეაქცია, ჯაჭვი. ვხსნი ფეისბუქს და ახალ-ახალი პროტესტი მხვდება სხვადასხვა თეატრიდან, მათ შორის, პატარ თეატრებიდან, რეგიონის თეატრებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ოზურგეთის შემთხვევა ძალიან მნიშვნელოვანია: ფაქტობრივად სამხატვრო ხელმძღვანელს აუმხედრდა დასი. კომენტარიც დავწერე, წარმომიდგენია, რა დღეშია იქ ხალხი, წულუკიანის ხელდასხმული სამხატვრო ხელმძღვანელის ტერორში… ძალიან დიდი პატივისცემა და სოლიდარობა ჩემგან აი, ამ ხალხს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი დასი გამოვიდა. როცა მთელი დასი რაღაცას აპროტესტებს, რამდენს გაუშვებ? ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში ერთად ვიყოთ, სოლიდარულები ვიყოთ. გათითოკაცებული როცა არ არის ეს პროტესტი, გაცილებით მეტი ძალა გაქვს.
სამეფო უბნის თეატრში გასაკვირი არც იყო ეს პროტესტი: სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობებიც ერთ აზრზე არიან… ეს პროტესტი არ არის ფრაგმენტული, თეატრების ძალიან დიდი ნაწილი ყოველდღე უკვე წარმოდგენას ამ გზავნილებით ასრულებენ: „არა რუსულ კანონს“.
ზოგადი კანონზომიერებაა, რომ როცა წნეხშია საზოგადოება, შეიძლება დიდხანს ითმინოს ადამიანმა, მაგრამ საბოლოოდ მოთმინების ძაფი წყდება. პირველად ვნახე საპროტესტო გამოსვლა ვასო აბაშიძის თეატრში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, გამიკვირდა იმის მიუხედავად, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი გაჩუმებული არ ჰყავდა თეა წულუკიანს და რამდენიმე, ძალიან კრიტიკული სპექტაკლი დაიდგა. მაინც ასე, პირდაპირ, ლოზუნგებით მიმართვას სახელმწიფო თეატრიდან, არ ველოდი,“ – გვითხრა თეო ხატიაშვილმა.
რა ვერ გათვალა თეა წულუკიანმა, რომელმაც კულტურის სფეროს დასამორჩილებლად სადამსჯელო მექანიზმები აამუშავა? – თეო ხატიაშვილი რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად თავმოყვარეობის საკითხმა იმუშავა, იმიჯმა, გაჟღერებულმა ფრაზებმა: „წულუკიანმა თეატრი უკვე ჯიბეში ჩაისვა“.
„თავმოყვარეობის ამბავია, როცა გესმის, თეატრი ჯიბეში ჩაისვა წულუკიანმა. საქართველო ხომ ძალიან პატარა ქვეყანაა, მით უმეტეს, თეატრალური წრე, ყველას ყველასთან აქვს ურთიერთობა. ეს წამოძახება, რომ დაგიმონათ წულუკიანმა და თეატრი გახდა კონფორმისტული სივრცე, რომ თეატრი ჩამკვდარია, ეს მოქმედებს ადამიანზე. დაგროვდა ეს სიჩუმე.
ამას გარდა, ბევრს აქვს უცხოურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება: გასტროლი აქვს, ფილმშია დაკავებული. ეს არ არის იზოლირებული სივრცე, რომელიც შეიძლება გავხდეთ, თუ ამ კანონს მიიღებენ. უფრო და უფრო მოუჭერენ და ტოტალიტარულ ფორმაში გადავალთ. თუ ეს კანონი მიიღეს, ეს იქნება უკვე იმის ნიშანი, რომ ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფერი გაუვათ.
„ოცნებას“ ჰგონია, ან თავს იტყუებს და თავს ყოჩაღად გვაჩვენებს, მაგრამ სინამდვილეში საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილშია უკმაყოფილება. ვისაც შეიძლება შეხება არ ჰქონდეს კულტურის სფეროსთან, ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და გრანტის მიმღები არ იყოს, ეს სიტუაცია რომ ბოლშევიკურია, ძალიან ღიად ჩანს, ააშკარავებს ეს პროცესი ხელისუფლების ბანკნოტს.
თანაც, ეს ხდება ამ პირობებში, როცა ხალხს მართლაც შია, ვერ მკურნალობს, ბავშვები ვერ დაჰყავთ სკოლაში, ისინი მშობლების გვერდიგვერდ მუშაობენ, რომ ირჩინონ თავი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ შემოაბრუნა უკან ეს კანონი, რაც აჩვენებს ხელისუფლების უსინდისობას, უღირსებობას. უპირობო კაცი საქართველოში ყველაზე უფრო სალანძღავი სიტყვაა: დღეს ერთს ამბობ, ხვალ გადათქვამ, ეს ხომ მართლაც თავმოყვარეობაზე მოქმედებს?“ – კითხულობს თეო ხატიაშვილი.
ვინც ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს სრულად რუსული კანონის საფრთხეს, თეო ხატიაშვილი ურჩევს რუსეთის შემთხვევას გადაავლოს თვალი, სადაც მსგავსმა კანონმა სრულად გააქრო პროტესტი.
„ეს საბოლოოდ ჩვენს განადგურებას ნიშნავს.
ამ კანონს რამდენიმე ინტერპრეტაცია მოჰყვება, გამოიყენებენ, ცხადია, თავისუფალი აზრის ჩასახშობად. წინ ეს ნაღმები გველოდება. რუსეთი რამხელა ქვეყანაა საქართველოსგან განსხვავებით და რა დღეშია, ვხედავთ. კულტურის და ინტელექტუალური რესურსისგან მთლიანად დაიცალა რუსეთი, ვინც იქ დარჩა, პირი აქვს ამოკერილი,“ – დასძინა თეო ხატიაშვილმა.
—————–
- რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.
______
ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა