მთავარი,სიახლეები

პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება – არასამთავრობოების განცხადება

17.04.2024
პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება – არასამთავრობოების განცხადება

„პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.

ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე დროულად მიაწოდონ ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ.

ორგანიზაციები ასევე ითხოვენ პოლიციელთა მიერ სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას:

„მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა.

რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ღამით დაახლოებით 01:00 საათზე სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოქალაქეებს ჩიხებში მისდევდნენ და დამარტოხელებულ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

შსს-ის თანამშრომლებმა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იძალადეს სამ ჟურნალისტზე. მათ შორის არიან გამოცემების „ტაბულას“, „აპრილი მედიას“ და „პუბლიკის“ ჟურნალისტები. კადრებში ჩანს, როგორ მისდევენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებიან მათ.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: