მთავარი,სიახლეები

ეს კანონი სიმსივნესავით გამოჭამს საქართველოს – აკუნინი ქართველებს მოუწოდებს არ დათმონ თავისუფლება

16.04.2024
ეს კანონი სიმსივნესავით გამოჭამს საქართველოს – აკუნინი ქართველებს მოუწოდებს არ დათმონ თავისუფლება

რუსი მწერალი, ბორის აკუნინი [გრიგორი ჩხარტიშვილი], სოციალურ ქსელში საქართველოში ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტის განხილვის პროცესებს ეხმაურება:

„რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და მედიასაშუალებამ მომმართა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით.

როგორც წესი, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. ჯერ ერთი, მე მაქვს კომპლექსი, რომ „ნამდვილი ქართველი არ ვარ“ – ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მეც რუსი მწერალი ვარ და ჩვენი ძმის ნებისმიერი ჩარევა სხვა ადამიანების საქმეებში არსებულ ვითარებაში აღიქმება როგორც „იმპერიალიზმის გამოვლინება“.

მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, ვარ „შვილი“ და „შალვოვიჩი“, იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. და ჩემთვის შემაშფოთებელია ვხედავდე, როგორ ცურდება დემოკრატიული ქვეყანა იმავე ფერდობზე, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა.

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან ბასრკბილებიანი პრესის, არამედ პუტინიზმის. გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან შემოჭრის, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ზუსტად ეს ხდება ახლა. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაიდოს ბინა – თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით.

თქვენ ამ ინფილტრატორს მერე ვეღარ გამოასახლებთ. ის სიმსივნესავით გამოჭამს საქართველოს. ვიცით, გამოვიარეთ. ჯერ „უცხოური აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“. მერე კი საქართველოს აღარ დარჩება არანაირი მეგობარი, პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.

ქართველებო, უფლება არ მისცეთ ეს დაგმართონ. მოუფრთხილდით თავისუფლებას“, – წერს მწერალი.

გასული წლის დეკემბერში, ბორის აკუნინი რუსეთის „ექსტრემისტთა და ტერორისტთა“ რეესტრში შეიყვანეს

აკუნინს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და საჯაროდ ეწინააღმდეგება უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა. იქამდე რუსეთში მისი წიგნების გაყიდვა და გამოცემა შეჩერდა.

მწერალი ამჟამად რუსეთიდან გაქცეულია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: