სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირებას.
საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„წარმოდგენილი კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მიზანს, რომლისკენაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მხურვალედ მიისწრაფვის. ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ ეროვნული მისწრაფება, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის! ისევე როგორც შარშან, ახლაც, ანალოგიურად, ვაცხადებთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად! მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან: სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი; „წითელი ხიდი“; სოლიდარობის მოძრაობა; სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი; საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული კავშირი; მშვიდობის ფონდი; საქართველოს უდიები; ღია საზღვრები; სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა; დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები; ასოციაცია უდი; სათემო კავშირი პანკისის კეთილდღეობისთვის და ალიქ მედია.
ხელმოწერები გრძელდება.
- რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.