მთავარი,სიახლეები

დუგინი „ოცნებას“ მოუწოდებს „ქვეწარმავალი უმოწყალოდ გაანადგურონ“

16.04.2024 •
დუგინი „ოცნებას“ მოუწოდებს „ქვეწარმავალი უმოწყალოდ გაანადგურონ“

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებს კვლავ ეხმაურება და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „მთელი სერიოზულობით შეუდგეს საქმეს“.

„ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც „ქართულმა ოცნება“ მთელი სერიოზულობით უნდა შეუდგეს საქმეს.

„ოცნების“ ლიდერზე თავდასხმა პირდაპირ პარლამენტში, რომელიღაც გაცოფებული ლგბტ არსების მიერ არის პირდაპირი აგრესია.

თუ საქართველო ქართველებისთვის ძვირფასია, მაშინ ქვეწარმავალი ახლავე და უმოწყალოდ უნდა გაანადგურონ, აშშ-ის აგენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად. იქ პრეზიდენტი არაფერს ნიშნავს, შეიძლება მისი შეცვლა უმოკლეს დროში და ჭეშმარიტად საქართველოს პატრიოტის არჩევა. საკმარისი იქნება მხოლოდ ნება.

რკინის ხელის დროა. ქართველები არიან ასეთები, როგორც ისტორია გვასწავლის. დროა გაიხსენოთ, როგორ კეთდება ეს“, – წერს დუგინი. რომელმაც იქამდე, საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესის შეფასებისას თქვა, რომ საქართველო სწორ გზაზეა“.

ალექსანდრე დუგინი ვლადიმერ პუტინის კარზე გავლენიანი ფიგურაა; ის სლავი და საბჭოთა ხალხების გაერთიანების იდეებით გამოდის.

____________________________

შეგახსენებთ, რომ გაერომ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო და საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა.

„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში“, – ნათქვამია გაეროს წარმომადგენლობის განცხადებაში.

12 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ იმედი ჰქონდა, საქართველოში ეს კანონი დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. მან საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, გაითვალისწინოს ევროკავშირისა და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული პოზიცია და არ მიიღოს რუსული კანონი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: