სიახლეები

რუსული კანონი შეეხება მოქალაქეებსაც, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უფასოდ იღებენ – საია

16.04.2024 • 2396
რუსული კანონი შეეხება მოქალაქეებსაც, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უფასოდ იღებენ – საია

„რუსული კანონის ხელახლა მიღება ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის შეურაცხყოფაა“- ასე აფასებს საკანონმდებლო ცვლილებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძე.

„ბათუმელებთან“ საუბრისას თამარ წულუკიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი წინასაარჩევნოდ იმ ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გაჩერებაა, რომლებიც აქტიურად აფიქსირებენ დარღვევებს:

„სახელისუფლებო ძალების სურვილია, არსებული ვითარება მხოლოდ ერთი მიმართულებით გაშუქდეს და საზოგადოება მოაკლდეს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რაც თავისთავად, რუსული გავლენების გაძლიერებას გულისხმობს.

შეიძლება ითქვას, რომ 2012 წელს მიღებულ რუსულ კანონთან შედარებით, ეს ინიციირებული კანონი ბევრად უფრო მძიმეა, თუმცა ფაქტია, რომ ერთმანეთის ანალოგს წარმოადგენს.

მიზანი არის ერთადერთი, რომ ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი და ის ორგანიზაციები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ არსებული პრობლემების სიმწვავეს, საუბრობენ კორუფციასა და სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობაზე, გააჩუმონ.

ფაქტობრივად, ვართ ალოგიკურ სიტუაციაში. ერთი მხრივ, გვინდა, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, მეორე მხრივ კი არ ვასრულებთ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც გვიყენებენ.

კანონის მიღება პირდაპირ არღვევს შესასრულებელი 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთს, რომელიც დამოუკიდებელ მედიაგარემოსა და სამოქალაქო სექტორის თავისუფალ საქმიანობას გულისხმობს.

რუსული კანონი საქართველოსთვის ბარიერს ქმნის ევროკავშირში გასაერთიანებლად, რადგან საუბრობენ, რომ ამდენი ბრძოლით მოპოვებულ სტატუსს, რომელიც მოგვენიჭა, შესაძლოა გაუქმდეს ან უკან გაიწვიონ. ამ პრეცედენტს პირველად ჩვენთან გამოიყენებენ. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სპორტის მიმართულებითაც ევროპის ნაწილად ვიქეცით.

კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის ერთიანი მიდგომა ასეთია – არ ვაპირებთ რეგისტრაციის გავლას იმ რეესტრში, რომელსაც ამ კანონით გვთავაზობენ. ფაქტობრივად, წაგვერთმევა შესაძლებლობა, რომ საქმიანობა სრულყოფილად გავაგრძელოთ.

ბუნებრივია, ეს მოქალაქეებზეც აისახება.

ჩვენს საზოგადოებაში ისე აღიქმება, თითქოს, კანონი მხოლოდ მედიაგარემოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება. საიას შემთხვევაში, რუსული კანონი უკავშირდება იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც იურიდიულ დახმარებას ყველა ინსტანციაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იღებენ“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

  • რა ხდება? 

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

______________________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: