შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 14 პირი დააკავეს. 15 აპრილს საქართველოს პარლამენტმა იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მიიღო რუსული კანონი. რუსულ კანონს პარლამენტთან შეკრებილები აპროტესტებენ.
მშვიდობიან აქციაზე პოლიციელებმა 14 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“.
„სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
——
რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.