მთავარი,სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოაცხადა – ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

16.04.2024 • 2242
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოაცხადა – ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით დღეს, 16 აპრილს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდება, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოყენებულიყო ინფორმაციით მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ , რომ შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

ონლაინმედია საშუალებების ჟურნალისტებზე განცხადებაში არაფერი წერია. ისინი პარლამენტის შენობაში არც გუშინ, 15 აპრილს დაუშვეს.

პარლამენტის განმარტებით ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რა პრობლემებს უქმნის პარლამენტს ონლაინმედიის წარმომადგენლების პარლამენტში შესვლა ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

გუშინ, 15 აპრილს რუსული კანონის იურიდიულ კომიტეტზე განხილვის პარალელურად პარლამენტის წინ ამ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 14 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა, მობილიზებული იყო პოლიციაც. საპროტესტო აქციის განახლება დღეს 12 საათიდან არის დაგეგმილი.

საქართველოს პარლამენტი დღეს, 16 აპრილს, სესიაზე პირველი მოსმენით დაიწყებს რუსული კანონის განხილვას, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა.

რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: