სიახლეები

შსს აცხადებს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე 11 პირი დააკავა

16.04.2024
შსს აცხადებს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაზე  11 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის მიმართულებით ბლაგვი საგნები ისროლეს:
„რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები“ – ვკითხულობთ შს სამინისტროს განცხადებაში.
აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აკავებენ აქციის მონაწილეებს, რომლები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ სცდებიან.
სამინისტრო ადასტურებს ასევე აქციაზე წიწაკის სპრეის გამოყენებას. ამის გამო რამდენიმე მოქალაქეს ექიმების დახმარება დასჭირდა.
სამინისტროსვე ინფორმაციით  აქციაზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი.
სამინისტრო აფრთხილებს აქციის მონაწილეებს: „თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: