მთავარი,სიახლეები

საქართველო სწორ გზაზეა – რუსი პროპაგანდისტი დუგინი „ოცნებას“ მოქმედებას უწონებს

15.04.2024
საქართველო სწორ გზაზეა – რუსი პროპაგანდისტი დუგინი „ოცნებას“ მოქმედებას უწონებს

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო სწორ გზაზეა.

„თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა“, – მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დუგინი თავის ტელეგრამ არხზე. რუსეთში მეხუთე კოლონად არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია მოიაზრებოდა.

„საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ამ გზას გავყევით და დადებითი ეფექტიც არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ კვლავ სიმაღლეზე ვართ. რამდენი ლიბერალური სააგენტო რჩება საზოგადოების სიღრმეში – ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. ნამდვილი ავგიას თავლები. მაგრამ ღვთის დახმარებით ჩვენ განვწმენდთ მათ“, – წერს რუსი პროპაგანდისტი.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონს, დუგინი თავის არხზე „უცხოური აგენტების კანონად“ მოიხსენიებს, ზუსტად ისე, როგორც რუსეთშია, სადაც კანონს ოფიციალურად ეწოდება, „უცხოური აგენტების კანონმდებლობა“.

სქრინი დუგინის ტელეგრამარხიდან

დუგინი თავის არხზე ასევე წერს, რომ „საქართველოს სჭირდება სტალინი, თორემ გლობალისტი ნაძირალები და ქართველი ხალხის სირცხვილი, გაანადგურებს ამ ლამაზ ქვეყანას“.

ალექსანდრე დუგინი ვლადიმერ პუტინის კარზე გავლენიანი ფიგურა და ახალი შოვინისტური გეოპოლიტიკური სკოლის წარმომადგენელია. ის სლავი და საბჭოთა ხალხების გაერთიანების იდეებით გამოდის.

__

4 აპრილს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: რუსეთის დაინტერესებულია, რომ საქართველოში სიტუაცია „სტაბილური და პროგნოზირებადი“ იყოს. რუსული სამთავრობო მედიასაშუალების, „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ პესკოვმა განაცხადა საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის კომენტირებისას, რომელიც რუსეთში მოქმედი „უცხოელი აგენტების“ კანონის პირვანდელი ვარიანტის ანალოგია.

ამავე დროს, გაერომ გამოხატა ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო და საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა.

„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში“, – ნათქვამია გაეროს წარმომადგენლობის განცხადებაში.

12 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ იმედი ჰქონდა, საქართველოში ეს კანონი დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. მან საქართველოს პარლამენტს მოუწოდა,  გაითვალისწინოს ევროკავშირისა და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული პოზიცია და არ მიიღოს ე.წ. რუსული კანონი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: