ბათუმში, ლეონიძის 8 გ-ში 156კვ.მეტრზე 7 -სართულიან კორპუსს აშენებენ. ნებართვა 2023 წლით თარიღდება, თუმცა მისი მიღების ისტორია გაცილებით ადრე, 2017 წელს დაიყო:
არარსებულ სახლზე ლოჯიების მიშენება შეათანხმეს და საბოლოოდ 7 სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღეს.
მერიამ არარსებულ სახლზე ლოჯიების მიშენების პროექტი განიხილა და დაამტკიცა. ამ „პროექტის“ საფუძველზე კი იმავე წელს 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცეს. ასე მოხერხდა 156 კვ.მეტრზე ისეთი მასშტაბის შენობის ჩადგმის გადაწყვეტილების დადასტურება, რა მასშტაბსაც კანონი არ უშვებს.
შედეგად, ბათუმში, ლეონიძის #8გ-ში, 156 კვ.მეტრზე შვიდსართულიან კორპუსს აშენებენ. დაწყებულია საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.
მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა 2023 წლის მაისში, 2017 წელს გაცემული ნებართვის საფუძველზე გასცა.
ბრძანების მიხედვით, რომელსაც ბათუმის მოქმედმა მერმა მოაწერა ხელი, არჩილ ჩიქოვანმა მოქმედების ვადა გაუგრძელა ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ გაცემულ ნებართვას.
მართალია, 2017 წელს ახალი სამშენებლო კოდექსი არ მოქმედებდა, თუმცა 156 კვ. მეტრზე 7-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა იმ დროს მოქმედ კანონსაც კი არ შეესაბამებოდა, არც საკრებულოს რეგულაციებს.
დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ირკვევა, რომ მერიამ ამ ნაკვეთზე არსებულ სახლზე ლოჯიების მიშენების ნებართვის მოთხოვნა შეისწავლა და შეითანხმა. თუმცა, რეალურად არც სახლი და არც რაიმე სხვა შენობა ამ ადგილზე არც 2017 წელს არსებობდა და არც შემდგომ წლებში. [ეს Google Earth – ის მონაცემებითაც დასტურდება]
მერიის გადაწყვეტილებას მომიჯნავე ნაკვეთზე მდებარე შენობის მესაკუთრე, მარინე თურმანიძე სასამართლოში ასაჩივრებს. სარჩელის მოთხოვნა ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის [სამშენებლო ნებართვა] ბათილად ცნობაა.
მარინე თურმანიძეს სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარე ნაკვეთზე [458 კვ.მეტრი] სასტუმრო აქვს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.
საქმის წარმოების მასალების მიხედვით, ლეონიძის 8 გ-ში სახლის რეკონსტრუქციისა და ლოჯიების მიშენების თაობაზე მერიის ზონალურმა საბჭომ 2017 წლის 30 იანვარს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელა.
საბჭომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. სხდომის ოქმში ვკითხულობთ, რომ განმცხადებელი კ2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითხოვდა 4,8-მდე. ზონალური შეთანხმების შესახებ ბრძანებას ხელი მაშინდელმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა მოაწერა.
ზონალური შეთანხმებიდან ერთ კვირაში, 7 თებერვალს, მერმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეითანხმა [ეს პირველი ეტაპია]. მერის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ითანხმებს საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტს. რეკონსტრუქცია კი ლოჯიების მიშენებას გულისხმობს.
მალევე, 22 მარტს, განმცხადებელმა მერს არქიტექტურული პროექტიც შეათანხმა [მეორე ეტაპი] – ამ შემთხვევაშიც მერმა ხელი მოაწერა სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტურულ პროექტს.
16 მაისს პროექტი მესამე ეტაპზე გადავიდა, რაც ნებართვის გაცემას გულისხმობს. ლოგიკურად, ნებართვა რეკონსტრუქციის პროექტზე უნდა გაცემულიყო, მაგრამ ნებართვაში სულ სხვა ჩანაწერი გაჩნდა. მერმა ბრძანება [გ / 937] გამოსცა ახალი სახლის მშენებლობის ნებართვაზე.
ლეონიძის 8გ-ში მესაკუთრეს ახალი, 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვას მისცეს. იქვე ჩაწერეს, რომ მშენებლობა 2018 წლის იანვრამდე უნდა დასრულებულიყო.
დოკუმენტებზე თანდართულ პროექტში არსად წერია რეკონსტრუქციის თაობაზე. საუბარია მხოლოდ ახალი, შვიდსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაზე.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შვიდსართულიანი სახლის, რომელიც 156 კვ.მეტრზე უნდა აშენდეს, განაშენიანების ფართობი 101 კვ მეტრი იქნება.
დოკუმენტების მიხედვით, ახალი სახლის პროექტის ავტორი არქიტექტორი გრიგოლ გარუჩავაა.
შეთანხმებულ ვადაში და ვერც შემდეგ წლებში ნებართვის მფლობელმა ლეონიძის 8გ-ში სახლი ვერ ააშენა. 2023 წლის მარტში მან ბათუმის მერიას ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა და თანხმობაც მიიღო.
მომიჯნავე ნაკვეთის მფლობელის, მარინე თურმანიძის ოჯახის წევრი, ლევან ქობულაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მერია ადგილზე არსებული გარემოებებით არც 2017 წელს დაინტერესებულა, როცა ნებართვა გასცდა და არც ახლა, როცა ნებართვა განაახლეს.
„მერიას მივმართეთ და მოვითხოვეთ შეესწავლა ვითარება, მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციასაც. მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ. მუნიციპალურმა ინსპექციამ განგვიმარტა, რომ რეაგირებას ვერ მოახდენენ, რადგან ნებართვა გაცემულია. ჩვენ ვიჩივლეთ, რადგან ზიანი გვადგება. არ არის დაცული სამეზობლო მიჯნა, იმ მხარეს, სადაც კედელი ამოდის, ორი კარი გვაქვს, ორივე შესასვლელი უქმდება. გარდა ამისა, დამიზიანეს საკანალიზაციო მილი“, – ამბობს ლევან ქობულაძე.
მას ვკითხეთ, თავად რატომ მოაწყო ღიობები სამეზობლო მიჯნაზე, მეზობელი ნაკვეთის მხარეს, როცა ამის უფლებას კანონი არ აძლევდა. მისი თქმით, წლების წინ ნაკვეთი კერძო მესაკუთრისგან იყიდა. პროექტი მერიას შეათანხმა და მიიღო მშენებლობის ნებართვა.
„არანაირი შენიშვნა და მითითება არ მიმიღია მერიისგან, რომ ღიობის მოწყობა არ შეიძლებოდა. პროექტში არაფერი შემიცვლია და ზუსტად ისე ავაშენე, როგორც შევათანხმე. როცა მშენებლობა დავიწყეთ, მაგ ადგილზე მოსახვევი იყო ჩვეულებრივი. მანქანით ვმოძრაობდით, ბორდიურით იყო შემოსაზღვრული. მოგვიანებით ტროტუარი გაწიეს, სხვანაირად მოაწყვეს და ადგილი გააჩინეს. აქ თუ ოდესმე ნაკვეთი გაჩნდებოდა და მით უმეტეს, რაიმე აშენდებოდა, ვერც წარმომედგინა. რაც შეეხება შენობას, ყველა დაგიდასტურებთ, რომ მაქ შენობა არასდროს არ ყოფილა“, – ამბობს ლევან ქობულაძე.
მშენებლობის ადგილზე ერთ-ერთმა პირმა გვითხრა, რომ მესაკუთრის შვილია. კომენტარზე უარი თქვა, თუმცა პირად საუბარში განმარტა, რომ სახლს კანონიერი ნებართვის საფუძველზე აშენებს. პროექტის მდგრადობის მისაღწევად ხიმინჯებს აწყობს და ბევრად მეტ არმატურას იყენებს, ვიდრე საჭიროა, ნებართვის გასაჩივრების შესახებ კი არ გაუგია:
„16 ხიმინჯია და კიდევ ვამატებთ. აქ მე უნდა ვიცხოვრო, არ ვყიდი. 4 დედმამიშვილი ვართ. ჩემთვის არამდგრად სახლს ხომ არ ავაშენებ. რაც შეეხება პარკინგს და ეზოს – არ მინდა პარკინგი. სად აქვს ბათუმში ახალ სახლებს პარკინგი და ეზო.“
მიწის ნაკვეთი ლეონიძის 8გ-ში, 156 კვ.მეტრი, ბათუმის მერიამ ელექტრონული აუქციონით გაყიდა.