ლურჯმაისურიანი ბიჭი, ზურგზე ბავშვით, მუხლამდე ტალახში ჩაფლული – ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ გამოცემა “მთის ამბებმა” გაავრცელა.
ლურჯმაისურიანი ბიჭი ფოტოზე ამბროლაურელი დავით ჯელაძეა, რომელსაც ზურგზე თავისი მცირეწლოვანი დისშვილი ჰყავს შესმული. ისინი ერთად ებრძოდნენ მოვარდნილ მეწყერს და გადარჩნენ.
„ბათუმელები“ დავით ჯელაძეს ესაუბრა. მან დეტალურად გაიხსენა სტიქიის დღე.
„ჩვენ რაჭაში ვცხოვრობთ, მაგრამ შოვიდან საკმაოდ შორს ვართ. რაჭა შეიძლება პატარა ჩანდეს, მაგრამ არაა პატარა. ჩემი სახლი ამბროლაურშია, სოფელ ურავში. შოვი ონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ჩემი დისშვილები არ იყვნენ ნამყოფი შოვში. ყველა ერთად ვიყავით ამ ზაფხულს. მეთქი – წავიდეთ, ვნახოთ შოვი და ფოტოები გადავიღოთ. კარგიო, მეტი რა უნდოდათ ბავშვებს.
პატარები არიან – 11 წლის, 6 წლის, 4 წლის და 3 წლის. წავედით სახლიდან. მაგარი ამინდი იყო, მზე, სიცხე. წავედით, ავედით შოვში.
შოვში გავერთეთ, ვიცეკვეთ, მუსიკას მოვუსმინეთ, ტიკტოკი გადაიღეს ბავშვებმა. მალევე გადავწყვიტეთ უკან წამოსვლა. ორი მანქანით ვიყავით. ნოდოს – ჩემი სიძის მანქანით და ჩემი მანქანით. მალევე მოსწყინდათ ბავშვებს და მოდი ახლა სხვაგან გადავიღოთ ფოტოები, ცოტა ქვემოთ ჩავიდეთო. წამოვედით იქიდან. სანამ კოტეჯებამდე მოხვალ, მანამდე არის მინერალური წყალი, გზის ქვედა მხარეს. მოდი ჩავიდეთ აქ და გავასინჯოთ ბავშვებს წყალი-მეთქი.
ჩავედით, გავსინჯეთ წყლები, მოეწონათ ბავშვებს და წამოვედით.
წინ იყო ჩემი სიძე – მანქანა დაქოქა და ავიდა ეგრევე ხიდზე. ზემოდან მიძახის, რომ ჩქარა-ჩქარა წამოდიო. მე ვერ გავიგე – მეთქი, რატომ მეძახის ასე. კაი, დაგეწევით-თქო. მალე, მალე, მალეო – მეძახდა ესე. მეთქი რა ხდება. ხიდზე ავედი და დავინახე უშველებელი ზვავი მოდის.
უშველებელი მეწყერი, საშინელება. შავი მასა მოდის, ტალღებად. წინა მხარეს ყველაფერი ჩაკეტილი იყო საერთოდ, სახლისკენ მომავალი გზა. მერე გადავწყვიტეთ ისევ უკან დავბრუნებულიყავით, ცოტა მაღალზე ავსულიყავით. ეს რომ გავიფიქრეთ, ეგრევე უკან წამოვიდა მთელი ეს მიწის მასა.
ჩავიდა იქ, სადაც მანამდე ვიყავით – მჟავე წყლებთან. იქ ხალხმა ძალიან გვიან გაიგო. იმიტომ, რომ არ ისმოდა ხმა. საერთოდ რა ხდებოდა ზემოთ, ვერ ხვდებოდნენ.
ადგილობრივი ვინც იყო და მიხვდა, ისინი შევარდნენ ტყეში. ვინც დამსვენებელი იყო, ტურისტი – ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ჩვენ ზემოთ, ხიდზე რომ ვიყავით, ვხედავდით ყველაფერს.
რამდენიმე ადამიანი ჩემს თვალწინ წაიღო მეწყერმა. ზოგმა შეასწრო ტყეში შევარდნა, პანიკა იყო საშინელი.
გასასვლელი არსად იყო. ეს მასა უფრო და უფრო იზრდებოდა. ვიდექით ხიდზე, ყველაზე საშიშ ადგილას. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა წაეღო ეს ხიდი.
გადმოვედით მანქანიდან. გადმოსვლა მოვასწარით, ბავშვებიც, ყველა გადმოვედით. უკვე გარეთ ვიყავით, როდესაც გაისმა საშინელი ხმა.
ავიხედე და ზემოდან მოდიოდა მიწის ტალღა – ერთმეტრიანი ალბათ. ერთმეტრიანი მიწის ტალღა მოდის, გვიახლოვდება და ჩვენ ვერ ვინძრევით. დაეჯახა ამ ხიდს, ეს ხიდი ცოტა შემაღლებულ ადგილას იდგა და ვერაფერი ვერ უქნა ამ დარტყმამ. უბრალოდ შეგვარყია. მერე დავინახე მეორე ტალღაც მოდიოდა და ნოდოს, ჩემს სიძეს დავუძახე – გამოიქეცი, ხიდი დავტოვოთ, თორემ უეჭველი წაგვიღებს მეთქი. მანქანის კარები მიხურა და გამოიქცა თუ არა ეგ მეორე ტალღაც დაეჯახა ხიდს და ეგრევე მოწყვიტა. გადაყარა ხიდიდან ის ორი მანქანა, რითაც ჩვენ ვიყავით, ასევე კიდევ ორი სხვა მანქანა იყო. გზის ქვედა მხარეს გადაყარა.
ერთი მანქანიდან მოასწრეს გადმოსვლა, მეორე მანქანაში გოგო და ბიჭი იყო. ისინი ვერ გადმოვიდნენ. პანიკაში ჩავარდნენ.
ჩვენ ყველა მხრიდან აღმოვჩნდით მეწყერში და 4 საათი ვერ გამოვედით. ორჯერ დაგვარტყა მეწყრის დიდმა მასამ მე და ჩემს დისშვილს, მაგრამ გადავრჩით.
შუა მეწყერში მოვყევით და ბევრი ვიბრძოლეთ იქიდან გამოსასვლელად.
ტალღა ხომ იცით? ტალღასავით მოდიოდა მიწის მასა ჩვენს ზემოთ, მთიდან. ალბათ ნახევარ-მეტრიანი ან მეტრიანი ტალღა იყო. ზურგში დამეჯახა.
ბავშვებს ძალიან შეეშინდათ, მაგრამ მეტი გზა არ იყო. გადარჩენისთვის ვიბრძოდით. ძალიან ცუდ დღეში ვიყავით ყველა, ბავშვებიც და დიდებიც.
დავიღალეთ მერე ბრძოლისგან და აღარ შეგვეძლო აღარაფერი, ვეღარ ვმოძრაობდით. ველოდებოდით მაშველებს, როდის მოვიდოდნენ.
იმ ადგილას, სულ 15 ადამიანი ვიყავით ერთად. აქედან 10 ვიყავით ერთი ოჯახის წევრები.
ტელეფონები არ გაგვიშვია ხელიდან, ხელში გვეჭირა და ისე ვმოძრაობდით, რომ ვინმესთვის დაგვერეკა.
მერე ვერტმფრენიც მოვიდა, მაშველებიც, ოღონდ ცოტა მოგვიანებით და გადავრჩით.
მაშველები ამოვიდნენ და დამხმარე ხალხი, ბიჭები სოფელ გლოლიდან და ისინი შემოვიდნენ ჩვენამდე. ვერტმფრენი სადაც დაჯდა, მაქიდან ჩვენამდე დალეწილი კოტეჯის ფიცრები დაალაგეს, ის აღარ იძირებოდა და ასე ვმოძრაობდით.
გადავრჩით“.
________________________
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეორე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო ოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.
ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მთავარი ფოტო: დავით ჯელაძე დისშვილთან და სხვა გადარჩენილებთან ერთად. ფოტოს ავტორი: ლანა ჯელაძე