გურამ ძირკვაძე და იზოლდა სურმანიძე აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში მცხოვრები მეწარმეები არიან. იზოლდა სურმანიძეს სოფელ სხალთაში საოჯახო სასტუმრო „სხალთა“ აქვს და ყოველწლიურად ასობით ტურისტს მასპინძლობს. გურამ ძირკვაძე სოფელ დიოკნისიდანაა. დიოკნისსა და ხულოს სხვა სოფლებში ჟოლოს მეურნეობა მისი ძალისხმევით გაშენდა, შედეგად მთელ აჭარას წელიწადის ყველა დროს სწორედ ხულოს სოფლები ამარაგებენ ადგილზე მოყვანილი ჟოლოთი.
გურამ ძირკვაძემ და იზოლდა სურმანიძემ სასტუმროს ბიზნესი და ჟოლოს მეურნეობა უცხოური დაფინანსებით განავითარეს.
იზოლდა სურმანიძემ თავიდან „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსება მოიპოვა, ასე მოპოვებული 10 000 ლარი საკმარისი არ აღმოჩნდა საოჯახო სასტუმროს სრულად გასამართად და ის ჩეხეთის „კარიტასის“ პროგრამაშიც ჩაერთო, მერე ხულოს მუნიციპალიტეტში პროგრამა „ენპარდმა“ გამოაცხადა საგრანტო კონკურსები, რისი მიზანიც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა იყო. მეწარმე ქალმა ამ პროგრამით 25 ათასი ლარის დაფინანსება მოიპოვა. გაარემონტა და საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა საოჯახო სასტუმრო, შეიძინა ავეჯი, მოაპირკეთა ეზო.
ხულოს სოფელ სხალთაში იზოლდა სურმანიძის საოჯახო სასტუმროს ვიზიტორთა 50% უცხოელია.
ENPARD-ი ევროკავშირის პროექტია, 2013 წლიდან მოქმედებს და მიზანი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, სოფლად სიღარიბის შემცირებაა.
პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. 2013-2022 წლებისთვის, ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179.5 მილიონი ევროა.
გურამ ძირკვაძემ სოფელ დიოკნისში პირველმა დაიწყო ჟოლოს ბაღების გაშენება, მერე 17 ათასამდე ნერგი თანასოფლელებს ავანსად მისცა და მალე ხულოს სხვა სოფლებშიც მოაშენებინა სოფლის მოსახლეობას ჟოლო.
გურამმაც ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის, ENPARD-ის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და სპეციალური მაცივრებით აღჭურვილი მანქანა იყიდა. მანქანის ღირებულება დაახლოებით 6500 ევრო იყო.
მებაღე უკვე რამდენიმე წელია ამ მანქანა-მაცივრით ხულოს სოფლებში მოყვანილი ჟოლოს რეალიზაციას ბათუმში თავად ეწევა.
ევროკავშირის პროექტებით დაფინანსებულ მეწარმეებს ვკითხეთ, რას ფიქრობენ რუსულ კანონპროექტზე „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. კანონით აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები.
კანონი არ შეეხება პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას „კეთილსინდისიერად“ ეწევა. თუმცა გაურკვეველია, კანონპროექტის ავტორები რას იგულისხმებენ „კეთილსინდისიერ“ საქმიანობაში.
- გურამ ძირკვაძე, მეწარმე-აგრონომი, ჟოლოს მეურნეობის მეპატრონე ხულოში, კენკრის მსხვილი რეალიზატორი აჭარაში
ხულოში ორი დიდი მეწარმე-ფერმერი ვართ: მე ჩემი ჟოლოს ბაღების მეურნეობით და ყველის საწარმო „ცეზარი“. ორივე წამოწყება ევროპელებმა დააფინანსეს. ჟოლოს ბიზნესში ხულოს 4 სოფელი მყავს ჩაბმული, მეც და ყველის ქარხანაც ევროკავშირმა დაგვაფინანსა. ყველის ამ საწარმომ პროდუქცია უკვე ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა.
თუ თითო ნაბიჯით წავიწიეთ წინ, ეს დასავლური დაფინანსების შედეგია, მე კი არ ვფიქრობ ასე, ეს ფაქტია. უცხოური დაფინანსებით მოეწყო ქვეყანაში სამაცივრე მეურნეობები.
აბა როგორ განვვითარდებით? თურქეთი როგორ განვითარდა? დაეხმარნენ ძლიერი ქვეყნები და ასე აიდგეს ფეხი, ძლიერი სუსტს ეხმარება, ესაა ცივილიზებული სამყაროს წესი დღეს.
კომუნისტური გადმონაშთები აზროვნებენ ასე, რომ თითქოს რამის სანაცვლოდ გვეხმარება დასავლეთი.
ასე ბევრი აზროვნებს დღესაც. თუ უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ, მე როგორც ფერმერი, ყველა ფორმით გამოვხატავ უკმაყოფილებას. თუ, რა თქმა უნდა, ეს კანონი იმას კრძალავს, რაც ჩემს დარგს ავითარებს, ანუ უცხოელების დახმარებას.
გამოდის, რომ მე პროკურორი უნდა ჩავაყენო საქმის კურსში ვაზის გასაშენებლად და ჟოლოს ბაღის გასაშენებლად დაფინანსებას თუ ვითხოვ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს თუ აგენტებად დარეგისტრირებას მოსთხოვს სახელმწიფო, რახან უცხო ქვეყნებისგან ფინანსდებიან, მაშინ მეც აგენტი ვყოფილვარ: კარიტასის პროგრამით დამიფინანსა ევროკავშირმა ჟოლოს მეურნეობისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ევროკავშირის დაფინანსებით ვიყიდე ძვირადღირებული მანქანა-მაცივარი და სასაცილო იცით რა არის? ევროპელების ნაჩუქარი მანქანა რომ ჩამოვიყვანე, ამის განბაჟებაშიც კი ფული გადამახდევინა ჩემმა სახელმწიფომ – 1000 დოლარზე მეტი. რა გამოდის? უცხოელებმა, ჩეხებმა დამაფინანსეს და ჩემმა ქვეყანამ ნაჩუქარ მანქანაში ბაჟი გადამახდევინა. ესეც კი არ მაპატია.
მე ხომ ვიცი უცხოელებმა რაც გააკეთეს მხოლოდ ჩემს რეგიონში, ხულოში. ჩემს სოფელში და მთლიანად საქართველოში, რაც გააკეთა ევროკავშირმა, არ ვიცი იმის რამდენიმე პროცენტი მაინც თუ გააკეთა თავად სახელმწიფომ განვითარებისთვის.
სახელმწიფოსგან მე დახმარება არასდროს, არცერთი თეთრი არ მიმიღია.
მეც თუ დამაფინანსა ვინმემ, ხე გავზარდე და ამ ხემ მოსავალი მომცა, აგენტი ვარ მე და ეს ხე აგენტის დარგული და გაზრდილი იქნება? არ მეგონა ეს სულელურ კანონს თუ განიხილავდნენ საერთოდ.
ვერ იმოქმედებს ეს კანონი.
ანუ ვინც ამ კანონის მერე დაფინანსდება, ის აგენტია და ვინც აქამდე დაფინანსდა, ყოფილი აგენტები ვიქნებით?
კარგი, ვთქვათ მე აგენტი ვარ, მაგრამ ევროკავშირის პროექტით ხულოს ლაგმა რომ დააფინანსა გამგეობა, მაგაზე რა პასუხი არსებობს? ევროკავშირის საგრანტო კონკურსზე გამგეობა იღებდა მონაწილეობას და გაიმარჯვა – გადაეცათ სანდასუფთავების ძვირადღირებული მანქანა, ანუ თავადაც აგენტები არიან?
თუ აქ, ადგილზე ვეღარავინ დაგვეხმარება, მაშინ იქ წავიდე, დავტოვო ჩემი ქვეყანა, რომ სხვები სხვაგან დამეხმარონ განვითარებაში? ყველა გარბის.
ამ სულელური კანონის მიღება კომუნისტური აზროვნების ხალხს სურს. დასავლური ფული დემოკრატიის განვითარებასა და წინსვლაზე იხარჯება, ეს ფული სისულელეებში არ დახარჯულა.
- იზოლდა სურმანიძე, საოჯახო სასტუმრო „სხალთას“ მფლობელი
„მე მივიღე ყველა უცხოური დაფინანსება, რომლის მოპოვებაც კი შეიძლებოდა ხულოში ჩემი სასტუმროს განსავითარებლად: ჩეხეთის კარიტასის, ენპარდის დაფინანსება, ასევე ვარ რონდელის ფონდის სემინარების მონაწილე [რონდელის ფონდს საქართველოში აშშ-ის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, ასევე თურქეთის დიდი საერთაშორისო დონორი აფინანსებს, მათ შორის: ბრიტანეთის საელჩო თბილისში, ღია საზოგადოების ფონდი(Osgf), შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტო (Sida), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Usaid) და სხვები.
ესტონეთში მოვისმინე სემინარები სოფლად ბიზნესის განვითარების შესახებ, რაც ძალიან დამეხმარა ჩემს ქვეყანაში, ჩემს სოფელში განმევითარებინა სასტუმროს საქმე.
ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა დარეგისტრირდნენ აგენტებად მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოელი დონორებისგან. არავითარი აგენტები ეს ადამიანები არ არიან. მე დასავლური დაფინანსება დამეხმარა ჩემი საქმიანობა ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის გამომეყენებინა. რატომ უნდა შერაცხონ აგენტებად ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, შშმ პირებს ეხმარებიან, სოფლის მეურნეობის გასავითარებლად დაფინანსებას გასცემენ და ქალებს აძლიერებენ?
მე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი ხულოში. კრიტიკული მედია გამომაფხიზლებელი ძალაა ხელისუფლებისთვის და არა საზიანო, საშიში რამ ქვეყნისთვის.
მე არ ვარ მომხრე აგენტებად შერაცხონ ადამიანები, რახან დონორებისგან ფინანსდებიან. ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის ბედით ინტერესდებიან და მათ პრობლემებზე, მდგომარეობაზე გვიყვებიან. ეს მიუღებელია.
გამოდის, რომ აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ ის ორგანიზაციებიც, ვინც ჩვენ, სოფლად მცხოვრებ მცირე მეწარმეებს გვაფინანსებს? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ვეღარ მოვიხმართ ამ ფინანსურ რესურსს, ვეღარ დაგვეხმარებიან, მათ შეზღუდავენ და შეფერხდება ქვეყნის განვითარებაც“.