„ემიგრაციიდან დაბრუნებული დედების ყველაზე დიდი გასაჭირი შვილების გაუცხოებაა. ჩამოდიან, ეხუტებიან შვილებს და მათგან იმავე სიყვარულს ვეღარ გრძნობენ. თითქოს ფულის მანქანად ვიქეცით მშობლები.
ყველა შვილი ასეთი არ არის, ბავშვებს არ ვაკნინებ, მათ შემოვევლე, ყველა დედას გვიხარია მათთვის რამის გაკეთება. შეიძლება ჩვენი ბრალიცაა ბევრი რამ, ფინანსურად შვილები ჩვენვე გავათამამეთ – როცა ემიგრაციიდან სიყვარულს ვერ აძლევ შვილებს, ცდილობ მატერიალურად შეუმსუბუქო დანაკლისი.
მე ეს მახარებს, რომ შვილებთან გაუცხოება ავირიდე თავიდან, ჩვენ შევძელით ემოციური კავშირის შენარჩუნება ჩემი უცხოეთში ყოფნისას და ეს ძალიან რთული იყო“, – ამბობს 13-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული 44 წლის ხათუნა ბილვანიძე.
საბერძნეთიდან ის შარშან, 2022 წლის დეკემბერში ჩამოვიდა.
კვლევითი ცენტრის PMC RESEARCH-ის მიხედვით, 2010-2020 წლების საანგარიშო პერიოდში ემიგრაციის პიკი საქართველოდან იყო 2019 წელს. საბერძნეთი კი მეორე ქვეყანა იყო ამ წელს იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე მიიღეს. საქართველოს 85 ათასი მოქალაქე ჰყავდა მიღებული საბერძნეთს 2019 წელს.
ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევის მიხედვით, 2021 წელს ფულადმა გზავნილებმა საქართველოში 2,35 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ია.
- „მინდოდა, შვილებს სახლი ჰქონოდათ“
„იცით, როგორ ჰგავს ერთმანეთს ემიგრანტი ქალების ისტორიები? როცა დასვენების დღეს ქართველები ერთმანეთის სანახავად, სასაუბროდ გამოდიან კვირას, ამას მაშინ გრძნობ. ზოგს შვილი ჰყავს ავად, ზოგს ვალები აქვს, ზოგს ჭერი არ აქვს და სახლის ფულს აგროვებს, არც მე მქონდა სახლი, მეც ამიტომ წამოვედი“, – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.
ხათუნას და მის შვილებს ახლა საკუთარი ბინა აქვთ ბათუმში, თუმცა ემიგრანტი ამბობს, რომ ამ მიზანს მისი ცხოვრების 13 წელი დასჭირდა:
„600-700 ევრო მქონდა ანაზღაურება, უნდა გადამენაწილებინა: შვილების ჯანმრთელობისთვის, ყოველდღიური საჭიროებისთვის და ბინისთვის.
ხომ ამბობენ აგური აგურზე დააწყო მთელი წლებიო, ზუსტად ასე გავაკეთე. მქონდა ყულაბები, სადაც ვანაწილებდი რა უნდა გამეგზავნა შვილებისთვის და რა უნდა გადამედო ბინისთვის.
საკუთარი თავისთვის ამქვეყნად ყველაფერი უნდა მოიკლო, ბინა რომ იყიდო, ამიტომ გავიდა ამდენი წელი…
იშვიათად შეხვდები უცხოეთში ემიგრანტ ქალს, რომელმაც ხელფასი აიღო და საფულეში თავისთვის 100 ევრო მაინც დაიტოვა, რადგან დიდი საზრუნავი აქვთ საქართველოში“, – გვიყვება ხათუნა.
- რატომ გადავწყვიტე დაბრუნება
2017 წელს, როცა შენგენის ქვეყნებთან საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ხათუნას 9-წლიანი განშორების შემდეგ საბერძნეთში შვილებმა, ანამ და იოანემ ჩააკითხეს. იოანე 16 წლის იყო, მარტო რომ დატოვა, ანა – 9 წლის. განშორების შემდეგ კი დედასთან 29 და 18 წლის შვილები ჩავიდნენ.
ემოციისგან ხათუნამ შვილებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. იოანესთან დედამ ვერ იგრძნო, რომ წლები გაატარეს ერთმანეთისგან შორს, ანას დედასთან დაახლოება თავიდან გაუჭირდა:
„როცა დავინახე ანა როგორ გაუცხოვდა და შფოთავდა ჩვენი შეხვედრისას, ჩემს თავს ვუთხარი: როდის დაბრუნდები, თუ არა ახლა? ჯერ კიდევ არის შანსი შევინარჩუნო შვილებთან კონტაქტი და სიყვარული, ჰოდა, ზუსტად ახლაა დაბრუნების დრო-მეთქი“.
ამ დროს ხათუნას ბინისთვის შეგროვილი თანხა უკვე ჰქონდა. საქართველოში დაბრუნდა, ბინა იყიდა, ძმის დახმარებით გაარემონტა და შვილებთან ერთად ცხოვრება დაიწყო.
13 წლის ემიგრაციიდან დაბრუნებულს ქმარი შინ აღარ დახვდა, ისიც ემიგრაციაში წავიდა და დაქორწინდა:
„ბევრი დრო გამეპარა. ემიგრაცია დიდი ჭაობია, ცალი ფეხით ხარ ჩაფლული და რომ გგონია ამოხვედი, მერე მეორე ფეხი გეფლობა, თავს ვეღარ აღწევ. მთავრდება ერთი პრობლემა, იწყება მეორე. ოჯახის საჭიროებები უსასრულოა. არ მიკვირს ჩემი ყოფილი ქმრის, ვეღარ გაძლო, რთულია, მასაც თავისი წუხილი ჰქონდა, საკუთარი ცხოვრება უნდოდა ჰქონოდა.
დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს შვილს, იოანეს ჩემს დაბრუნებაში, მისი დიდი თხოვნა იყო დავბრუნებულიყავი. ხშირად იმეორებდა, ერთ ოჯახად თუ ვიცხოვრებთ, ყველაფერს შევძლებთო“, – ამბობს ხათუნა.
დაბრუნებისას ხათუნა ავად გახდა და ოპერაცია დასჭირდა. აეროპორტშივე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საბერძნეთში მას 1000 ევრო გადასცა საჩუქრად, თვითმფრინავის ბილეთი უყიდეს და საქართველოში დაბრუნებულს ამავე ორგანიზაციამ ოპერაცია 1500 ევროთი დაუფინანსა.
„რამხელა დანაზოგიც არ უნდა ჩამოგყვეს ემიგრაციიდან, ამ ტიპის დახმარება ძალიან გშველის. ექიმებთან მისვლა-მოსვლა, ოპერაცია, დასაბრუნებლად ბილეთის ფული, პირველი ორი, სამი თვე რომ აზრზე მოხვიდე – ამისთვის საკმარისი თანხა იყო ეს და მე ძალიან დამეხმარა“, – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – გაეროს მიგრაციის სააგენტო (IOM) 1993 წლიდან მოქმედებს საქართველოში, 2003 წლიდან კი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში დახმარებას. დღემდე IOM დაეხმარა 8096 დაბრუნებულ მიგრანტს რეინტეგრაციაში (6361 ოჯახს).
ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის დროს აღმოჩნდა მოწყვლად მდგომარეობაში, მაგალითად: არ აქვს ლეგალური სტატუსი ან სამგზავრო დოკუმენტები, გახდა თაღლითობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი, უარი ეთქვა თავშესაფარზე და/ან არ აქვს თავისი ხარჯებით სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების და რეინტეგრაციის პროექტი ფინანსება ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ.
- ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ქალებს მძიმე გზის გავლა გვიწევს
მიუხედვად იმისა, რომ დასახულ მიზანს მიაღწია, სახლი იყიდა, საქართველოში ახალი სამსახურიც იშოვა და ახლა შვილებთან ერთად მშვიდად ცხოვრობს, ხათუნას მიაჩნია, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა ქალებს საქართველოში ხშირად ძალიან ძვირად უჯდებათ, ხანდახან კი ამის საფასური ცხოვრების საუკეთესო წლების უცხოეთში გატარებაა, ოჯახის წევრებისგან მოშორებით.
ხათუნა გვიზიარებს მის დაკვირვებას, რით აიხსნება ეს სირთულე:
„საქართველოში ქალებს რეალური ცხოვრებისთვის თავიდანვე არავინ გვამზადებს. ჩაგვძახიან, რომ კაცი ოჯახის ,,კედელია“ და შენც ასე გგონია. ამიტომ უტოვებენ კაცებს მთელ ქონებას, სახლს, ყველაფერს.
მერე ქალები რეალობის წინაშე ვდგებით, ვხედავთ, რომ კაცებსაც აქვთ პრობლემები და არ შეუძლიათ ყოველთვის იყვნენ ,,კედლები“, ვხედავთ მერე, რომ როგორც შთაგვაგონეს, ისე არ ხდება რეალურ ცხოვრებაში.
მეც ასე დამემართა: მომიტაცეს 15 წლის. დავრჩი მასთან და შევქმენი ოჯახი. შვილები გაგვიჩნდა, წამოიზარდნენ, სახლი არ გვქონდა, ჩემმა ქმარმა ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, მე უნდა მექნა რამე.
საკუთარ ქალაქშიც კი ვერ გადავადგილდებოდი დამოუკიდებლად და მარტო, ასეთ დროს აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში, ემიგრაციაში.
აზროვნების წესი ნელ-ნელა საბედნიეროდ იცვლება. მე ჩემს შვილებს თანაბრად გავუნაწილებ ყველაფერს, რაც მაქვს, ბიჭსაც, გოგოსაც. გოგოები დამოუკიდებელ ადამიანებად უნდა გავზარდოთ.
ჩემი შვილი, ანა, ახლა სტუდენტია. ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელია, იმდენ რამეში ერკვევა, ყოფით საკითხებშიც, ხანდახან მიკვირს. მე ახლაც არ ვარ ასეთი მამაცი. ცხოვრებამ გახადა ასეთი, გარემოებამ.
თავისუფლება უნდა მივცეთ გოგოებს, არ უნდა დავუმალოთ მათ, რომ სირთულეებს გადააწყდებიან და ამის გადალახვის ძალა მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებონ“, – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.