მთავარი,სიახლეები

საქმეები სასამართლოში, როცა მოგებულიც წაგებულია

28.09.2023 •
საქმეები სასამართლოში, როცა მოგებულიც წაგებულია

„უკვე 3 წელი იწელება ეს პროცესი. რას ნიშნავს, იურისტი არ ჰყავს აჭარის ტელევიზიას, სადაც 400 ადამიანია დასაქმებული?“ – მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მიუბრუნდა იურისტი ანა ბერძენიშვილი მას შემდეგ, როცა 2023 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ სამი წლის წინ – 2020 წელს დაწყებული „თეონა ბაკურიძის საქმე“ ისევ უნდა გადადებულიყო.

თეონა ბაკურიძე „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, როცა 2020 წელს სამსახურიდან გაუშვეს, მას შემდეგ, რაც ამ ტელევიზიის დირექტორს – ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. მაშინ, როცა ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საქმიანობის უფლება წაართვეს და გაჩნდა შეფასება „პოლიტიკურ ზეწოლაზე“, სასამართლოში 9 სარჩელი შევიდა. ამ საქმეებით საგრძნობია ერთი ტენდენცია, რაც ბოლო წლებში, ზოგადად, ქვეყანაში შრომით დავებს ახასიათებს:

გათავისუფლებულები მეტწილად შრომით დავებს იგებენ, დასტურდება უკანონო გათავისუფლება და ადამიანების დევნა, სასამართლოში დავას აგებს სამსახურიდან თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებებით ცნობილი მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა ასევე მეტწილად სასამართლო სამსახურში არ აბრუნებს სისტემას ჩამოშორებულ ადამიანებს.

სასამართლო შრომით დავებში ხშირად აკმაყოფილებს კომპენსაციის საკითხს, თუმცა მკვიდრდება ახალი პრაქტიკა: თუ ადამიანი უკანონოდ გათავისუფლების შემდეგ დასაქმდა, ის კომპენსაციას ვერ, ან მცირე ოდენობით იღებს.

მთავარი ამ დავებში მაინც დროა: სასამართლო იმდენად აგვიანებს შრომითი დავების განხილვას, რაც კანონის მიხედვით 1 თვეში უნდა განიხილონ, რომ საკითხი აქტუალობას და მნიშვნელობას კარგავს. მაგალითად, სარჩელის მიმართვიდან სამი წლის შემდეგ ერთი სხდომაც კი არ ჩაუტარებია სასამართლოს ასევე „აჭარის ტელევიზიიდან“ გათავისუფლებული სოფო ჟღენტის საქმეზე.

„თეონა ბაკურიძის საქმეს“ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავს – 26 სექტემბრის სასამართლო სხდომა

სამსახურში არც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დააბრუნეს, მაგალითად, მალხაზ რეხვიაშვილი და შორენა ღლონტი. მათ სასამართლოში დაადასტურეს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს. არც ამ მოგებულ დავებზე დააკმაყოფილა სასამართლომ სამსახურში აღდგენის მოთხოვნა.

„შრომითი დავის მოგება და აღდგენის ნაწილის დაუკმაყოფილებლობა არის კიდევ უფრო დიდი უსამართლობა, რადგან სასამართლო ავლენს უუნარობას სამართლიანობისთვის ბრძოლაში,“ – მიიჩნევს ნათია კაპანაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი ხელმძღვანელი. ის განაგრძობს ბრძოლას საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის.

ნათია კაპანაძე ახლა „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელია. მას ვკითხეთ, რას აჩვენებს ტენდენცია, როცა ადამიანების სამსახურიდან გაშვებას სასამართლო უკანონობად აფასებს, მაგრამ მათ უკან არ აბრუნებენ?

ნათია კაპანაძე

„იმ საქმეებში, სადაც გათავისუფლებული პირები არ არიან პოლიტიკური სამიზნეები, სასამართლო მოკლებულია შანსს გააყალბოს ფაქტები და გაწელოს პროცესი. ქართული კანონმდებლობის თანახმად, შრომითი დავების განხილვა შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს.

შრომითი დავების დაკმაყოფილება და სამსახურში აღდგენაზე უარი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ განიხილავს ადამიანის შრომის თავისუფლებას, როგორც ადამიანის არსებობის, ადამიანის გამოხატვის თავისუფლების ნაწილად.

მოგებულ საქმეებშიც კი, ადამიანებს წართმეული აქვთ რესოციალიზაციის, სოციუმში დაბრუნების და თავისუფალი განვითარების შანსი. რესოციალიზაციის უფლება კი, სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც აქვთ გარანტირებული დემოკრატიულ ქვეყანაში.

ქართულ რეალობაში განსხვავებული მოსაზრებების ქონა და კრიტიკა ყველაზე დიდ დანაშაულად და დევნის საბაბად იქცა,“- გვითხრა ნათია კაპანაძემ.

რა როლს ასრულებს შრომით დავებში სასამართლო?

„მე ახლა მეოთხე ხარისხის სმენადაქვეითებით ვარ ამერიკაში ჩემი ოჯახის და მეგობრების დახმარებით, ველოდები ოპერაციის ჩანიშვნას, მაგრამ არანაკლები მოლოდინი მაქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩემი პროცესის მიმართ. ეს პროცესი უკანონო იმპიჩმენტის და დევნის გაგრძელებაა. ჩემ შემთხვევაში ბათუმის და ქუთაისის სასამართლოებმა გააღრმავეს უკანონობა და უსამართლობა, რომელიც მოქმედმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ” დაუკვეთა ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა მომხრეს თავისუფალი მედიის და გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ.

ცხადია, ამ დავალებას ასრულებს უზენაესი სასამართლოც, კანონით დადგენილი დროის გასვლის მიუხედავად პირველ სხდომასაც რომ არ ნიშნავს საქმეზე.

მე მჯერა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ვერ შედგებოდა ჩემი დევნა. მეორეს მხრივ კი მე შევძლებდი დამემტკიცებინა სიმართლე, შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის უფრო სწრაფად განვითარება და პერსონალურად კი, არ დაზიანდებოდა ჩემი ჯანმრთელობა და ცხოვრება სახელისუფლებო უსამართლობასთან არათანაბარ წინააღმდეგობაში,“ – ამბობს ნათია კაპანაძე.

  • „წულუკიანს სურს კულტურა დაიჭიროს ხელში, მაგრამ ეს როგორი ზღაპარია, იცით?“ – მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი, ვინც წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო 

„წულუკიანს სურს, რომ სისტემა დაიმორჩილოს, კულტურა დაიჭიროს ხელში, მაგრამ რა კულტურა უნდა დაიმორჩილოს 21-ე საუკუნეში?“ – კითხულობს ლიკა მამაცაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში მუშაობდა 47 წელი და 10 თვე.

ლიკა მამაცაშვილია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც თეა წულუკიანმა სამსახურიდან გაათავისუფლა. ლიკა მამაცაშვილმა სასამართლო დავა თეა წულუკიანს მოუგო.

რა შეიცვალა სასამართლოში წულუკიანისთვის საქმის მოგებით? – ვკითხეთ ისტორიის მუზეუმის ყოფილ თანამშრომელს.

ლიკა მამაცაშვილი მოგებული სასამართლო პროცესის შემდეგ – ფოტო „ნეტგაზეთის“ არქივიდან

„მოვიგეთ ალბათ ის, რომ ეს, პირველ რიგში, ღირსების საკითხია, როცა 47 წელი მუშაობ და არავისგან შენიშვნა არ მიგიღია… მე ვიყავი 105-ე, ვინც ეროვნული მუზეუმიდან გაუშვეს, თანაც ვერ გავიგე, რატომ? თავდაპირველად რატომღაც არაკომპეტენტურები დაგვარქვეს, შემდეგ დესტრუქციულები… ჩემს შემდეგ კიდევ ბევრი გაუშვეს.

მოვიდა [თეა წულუკიანი] და დაფინანსება შეგვიწყვიტა თანამედროვე ხელოვნებაში, 6 წელი ვაკეთებდით პროექტს, მხატვართა ჯგუფს ვუმზადებდით სრულ პორტფოლიოს… ვერ გავიგე, რა უნდოდა. მოსამართლემ ჰკითხა სამინისტროს წარმომადგენლებს, რა რეფორმა ჩაატარეთ ამ ქალბატონის მუზეუმიდან გათავისუფლებითო და ვერ მივიღეთ პასუხი. გამოვიდა, რომ რეფორმის დაწყებამდე გამათავისუფლეს.

ყველა მოიგებს ასეთ დავას, საერთოდ არაფერი ჰქონდათ ჩემ წინააღმდეგ. თეა წულუკიანს არ აინტერესებს სახელმწიფო ბიუჯეტი, ის, რომ ამდენი განაცდური და კომპენსაცია უნდა გაიცეს. წულუკიანს აქვს პოლიტიკური დავალება – კულტურა დაიმორჩილოს, მაგრამ ეს როგორი ზღაპარია იცით?

იმასაც ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დავალების გარდა, წულუკიანს შინაგანადაც მოსწონს ეს პროცესი. ეს გემოვნება აქვთ – პროფესიონალები ჩამოიშორონ, საშუალოზე დაბალი დონე იყოს ყველგან და აი, კულტურა უნდა იყოს ჩვენს ხელში.

ახლა კი არა, 37-ში ვერ დაიმორჩილეს კულტურა: მხატვრები ჩუმად ხატავდნენ და მწერლები წერდნენ იმას, რაც აკრძალული იყო. მლიქვნელი ყოველთვის იქნება, თანაც საკმაოდ ბევრი. ახლაც ბევრს ეშინია და არც გაუსაჩივრებია გათავისუფლება, მაგრამ თავისუფლების მოყვარულ ადამიანს წულუკიანი ვერ შეაშინებს, მას ყოველთვის გამოუხტება ვიღაც, ვინც გააპროტესტებს.

მე მჯერა, რომ თეა წულუკიანი მალე წავა ამ სისტემიდან. არა მგონია, „ოცნებაშიც“ უყვარდეთ და ვერ ამჩნევდნენ, როგორ აკლდებათ პოლიტიკურად, მათ შორის, წულუკიანის მინისტრობის გამო ხმები,“ – გვითხრა ლიკა მამაცაშვილმა.

ლიკა მამაცაშვილს სამინისტრომ ბიუჯეტის ხარჯზე კომპენსაციის სახით 1800 ლარი გადაუხადა იმის გამო, რომ ის სამსახურში ვერ დააბრუნეს. მას ასევე გადაუხადეს განაცდური.

  • „სამსახურში აღდგენა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა მოსამართლემ“ – მოგებული საქმეების იურისტის დაკვირვება 

„იმავეს გააგრძელებს. კი, დავის წაგება სასამართლოში ვერაფერს შეცვლის,“ – ასეთი შთაბეჭდილება აქვს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტს, სალომე შუბლაძეს, რომელმაც სამჯერ მოუგო დავა სასამართლოში თეა წულუკიანს და ვკითხეთ: რამდენად აისახება სასამართლოში საქმეების წაგება წულუკიანის საკადრო პოლიტიკაზე ამჯერად?

იურისტი ყურადღებას ამახვილებს ტენდენციაზე: სამივე შემთხვევაში სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლების სამსახურში აღდგენაზე უარი თქვა, ანუ ადამიანები ბიუჯეტის ხარჯზე განაცდურს და კომპენსაციას მიიღებენ ბიუჯეტის ხარჯზე, სამსახურში კი, პოლიტიკური სისტემისთვის მიუღებელი კადრები ვეღარ დაბრუნდებიან.

„პრობლემურია, რომ აღდგენას არ აკმაყოფილებს სასამართლო და ინდივიდუალური უფლების აღდგენა ბოლომდე ვერ ხერხდება. თეა წულუკიანის მიზანია, რომ არასასურველი კადრები მოიშოროს და მას ეს წაგება უღირს. უღირს, რომ კომპენსაციაც გადაიხადოს. მისი პრიორიტეტია ის, რომ დაიმორჩილოს სისტემა და ამისთვის მიდის ყველაფერზე.

მნიშვნელოვანია ამის დოკუმენტირება, როცა ადამიანებს დევნიან და სამართლიანობის აღდგენა ხდება გარკვეულწილად, ეს იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც.

ფაქტობრივი გარემოებებით იმდენად ნათლად ჩანს, რომ ეს ადამიანები უსაფუძვლოდ დაითხოვეს სამსახურებიდან, სასამართლოს პრაქტიკულად სხვა არჩევანი არ ჰქონდა,“ – მიიჩნევს იურისტი სალომე შუბლაძე.

სალომე შუბლაძე

თუ ამ ფაქტობრივ გარემოებებს ითვალისწინებს მოსამართლე და დამოუკიდებელია, რატომ არ აკმაყოფილებს მაშინ სამსახურში აღდგენის მოთხოვნის ნაწილს? – ვეკითხებით იურისტს.

„გამიჭირდება იმის ცალსახად თქმა, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშაა სასამართლო, მაგრამ სასამართლო სისტემაში რომ არის მანკიერი გავლენები, ეს არის დოკუმენტირებული არაერთი ორგანიზაციის და საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ. არ გამიკვირდება, რომ ეს მანკიერი გავლენები ამ კონკრეტულ ქეისებზეც ვრცელდებოდეს,“ – ეჭვობს სალომე შუბლაძე.

მოგებული 3 საქმეზე წულუკიანის წინააღმდეგ კონკრეტულად ასეთი შედეგები დადგა:

დინარა ვაჩნაძის შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლება დაადასტურა. დინარა ვაჩნაძე ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელია. ამ საქმეზე მოსარჩელემ განაცდური სრულად უნდა აიღოს, ხოლო კომპენსაცია 2 ათასი ლარია. სასამართლოს განუმარტავს, რომ ის პოზიცია აღარ არსებობს, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, ამიტომაც, სამსახურში აღდგენის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა.

დინარა ვაჩნაძე უზენაეს სასამართლოსგან ელის ახლა პასუხს: რამდენად სამართლიანია, როცა მას სამსახურში ვერ აღდგენის გამო კომპენსაციის სახით მხოლოდ 2 ათას ლარს მისცემენ?

სასამართლომ მუზეუმის კიდევ ერთი თანამშრომლის – გიორგი ჯამბურიას გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანება უკანონოდ შეაფასა, თუმცა  ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მალე კანონიერ ძალაში შევა, მოსარჩელე განაცდურს მიიღებს კომპენსაციასთან ერთად და ასე დასრულდება ეს საქმეც.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებული გუგა გორგაძის შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა გათავისუფლება უკანონოდ. აქაც სისტემას ჩამოშორებული კადრი კომპენსაციას მიიღებს განაცდურთან ერთად.

„თეა წულუკიანის წინააღმდეგ სასამართლო დავებში სასამართლომ თქვა, რომ რეორგანიზაცია კანონიერადაც რომ მივიჩნიოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას სამსახურიდან გაშვებაა შესაძლებელი პროცედურების და სამართლიანი გადარჩევის გარეშე, ობიექტური კრიტერიუმით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები, ამ საქმეებში კი, გამოჩნდა, რომ კომისია, რომელსაც უნდა შეეფასებინა კანდიდატების უნარ-ჩვევები, არ იყო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული. ამავე დროს, კომისია სვამდა კითხვებს, რაც არ იყო მიმართული კვალიფიკაციის შემოწმებისკენ,“ – ამბობს სალომე შუბლაძე „ბათუმელებთან“.

იურისტი ამჩნევს პოლიტიკური ხელისუფლების აქცენტსაც, როცა „ოცნება“ შრომით დავებში სასამართლოში საქმის მოგებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ სასამართლო თავისუფალია.

„ხელისუფლება ამას სათავისოდ იყენებს. მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დადგენა, რაც უნდა მოხერხდეს,“ – დასძენს იურისტი.

  • გიორგი კოხრეიძის პასუხისმგებლობა არ დადგა“ – რა იცვლება მოგებული საქმეებით 

„სახელმწიფო აძლევს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თვითნებობის საშუალებას – უკანონო გათავისუფლებების დადგენის შემდეგ პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, რომელიც ხშირად იგებს სასამართლოში შრომით დავებს.

რეალურად რა იცვლება შრომითი დავის მოგებით გარდა იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით? – ამ შეკითხვით დავიწყეთ საუბარი ანა ბერძენიშვილთან. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოგებული შრომითი დავების და უკანონო გათავისუფლების დადასტურების შემდეგ, პასუხს არავინ აგებს.

ამის ნათელი მაგალითი გიორგი კოხრეიძე – აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი. მან რომ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები ტელევიზიას უკანონოდ ჩამოაშორა, ეს სასამართლომაც დაადასტურა.

ანა ბერძენიშვილი

„გიორგი კოხრეიძის პასუხისმგებლობა ხომ არ დამდგარა აჭარის ტელევიზიის შემთხვევაში? ეს არის გზავნილი შემდეგი დირექტორებისთვის, როგორ დაიმორჩილონ სისტემა, მათ შორის, უკანონო გადაწყვეტილებების მიღებით,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი და აქვე „ვაჟა ანანიძის საქმეს“ გვახსენებს: ბათუმის საზღვაო აკადემიის თანამშრომელი მას შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან, როცა კოლეგები პლაგიატში ამხილა.

სასამართლომ პროფესორის უკანონო გათავისუფლება დაადასტურა და აკადემიას კომპენსაციის სახით 76 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. იმის გამო,  რომ საზღვაო აკადემია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს არ ასრულებდა, აკადემიას იძულებით აღსრულების საფასურის გადახდაც მოუწია.

„ეს დაახლოებით 3 ათასი ლარია… ჩვენ შემოსავლების სამსახურს ვთხოვეთ რეაგირება ამ საკითხზე, რომ სახელმწიფოს ფინანსური ზიანი მიადგა, მაგრამ არაფერი,“ – დასძენს ანა ბერძენიშვილი.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რის გამოც შრომითი დავის მოგება რეალურად მოგებას არ ნიშნავს, დროის ფაქტორია – სასამართლოს ზოგჯერ წლები სჭირდება ამ საქმეების განსახილველად.

თუმცა ანა ბერძენიშვილი შენიშნავს, რომ სასამართლო სხდომების ჩატარება შერჩევითია: მაგალითად, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე კვირაში განიხილა „ვაჟა თავართქილაძის საქმე“. ეს ის მოქალაქეა, მოსამართლემ 1000 ლარით რომ დააჯარიმა საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული ამ წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“.

„ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო სხდომების ჩანიშვნაც შერჩევითია… შრომითი დავები სასამართლომ შემჭიდროებულ ვადაში უნდა განიხილოს, თუმცა ცალსახად ასე არ ხდება,“ – თავის პრაქტიკას გვიზიარებს ანა ბერძენიშვილი.

იურისტი გვესაუბრა ახალ პრაქტიკაზეც, რომლის მიხედვითაც მოსამართლე კომპენსაციის გამოანგარიშების დროს ითვალისწინებს, დასაქმდა თუ არა უკანონოდ გათავისუფლებული სადმე?

„უზენაესმა სასამართლომ 2022 წელს ერთ-ერთ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დაამკვიდრა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, თუ გათავისუფლებული ადამიანი დასაქმდა და აქვს შემოსავლის წყარო, მისთვის განაცდურის მიცემა ითვლება უსაფუძვლო გამდიდრებად.

მოსამართლემ ინდივიდუალურად უნდა გამოიანგარიშოს კომპენსაციის ოდენობა და გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ უკანონოდ გათავისუფლებულს ახალი სამსახური აქვს.

ეს მიდგომა ცალსახად არასწორია, რადგან სასამართლო დავები 3 და 4 წელი გრძელდება = შეუძლებელია, ამ დროში ადამიანმა მუშაობა არ დაიწყოს.

მაგალითად, ვაჟა ანანიძის შემთხვევაშიც სხვაგვარად მოხდებოდა კომპენსაციის დათვლა, მას რომ სხვა სამსახური ჰქონოდა,“ – განმარტავს ანა ბერძენიშვილი.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: