დილით საწოლიდან ადგომისას დასვენებული სხეულის ნაცვლად თუ წელის, კისრის ან მხრების ტკივილი გაწუხებთ, ეს შესაძლოა ძილის დროს სხეულისთვის მოუხერხებელი პოზიციის გამო ხდება, რა დროსაც თქვენი კუნთები დასვენების ნაცვლად ზედმეტად იტვირთებიან.
კვლევებით დასტურდება, რომ ძილის პოზის არჩევამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ზურგის ტკივილი.
„ყველა კვლევამ შეისწავლა ძილის სამი ან მეტი პოზა, თითოეული კვლევა ძილის პოზებს აფასებდა თვითრეპორტირების მეთოდის გამოყენებით, ერთ კვლევაში კი აგრეთვე გამოყენებული იყო ინფრაწითელი კამერები.
ორმა კვლევამ შეისწავლა სიმპტომები, რომლებიც წარმოიქმნება ხერხემალში – წელის ნაწილში, კისრის ნაწილში და ერთი მთლიანად ხერხემალში.
კვლევის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ გამოღვიძებისას ტკივილი და დაძაბულობა/დაჭიმულობა იყო ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, ხოლო გვერდზე წოლა, როგორც წესი, იცავდა ხერხემალთან დაკავშირებული სიმპტომებისგან“, – ვკითხულობთ კვლევის შეჯამებაში.
კლივლენდის კლინიკა [Ceveland Clinic] წერს, რომ მუცელზე ძილი ზედმეტად ტვირთავს ზურგს, კისერსა და მხრებს. ეს მცირე დაძაბულობა შეიძლება გაიზარდოს შვიდ ან რვასაათიანი ძილის განმავლობაში და დილას შესაძლოა საკმაოდ საგრძნობი იყოს;
აი, რას წერს კლივლენდის კლინიკა იმის შესახებ, თუ რატომ არ არის კარგი მუცელზე ძილი:
- ზურგის ტკივილი: მუცელზე ძილი, ხერხემლის ბუნებრივი ჩაზნექილობის გაბრტყელებითა და ანომალიური გამრუდებით, ხელს უშლის თქვენ ხერხემლის სწორ განლაგებას. „ეს დამატებითი სტრესია წელისთვის, რომელსაც ისედაც ვტვირთავთ დღის განმავლობაში; მუცელზე ძილი, ამ კუნთებს დასვენებისა და აღდგენის საშუალებას არ აძლევს“, – წერს კლივლენდის კლინიკა.
- კისრის ტკივილი: საწოლზე მუცლით წოლა მოითხოვს თავი ან მარცხნივ შევაბრუნოთ ამ მარჯვნივ. თავის ასეთ მობრუნებას გამოჰყავს თქვენი სხეული მისი ბუნებრივი განლაგებიდან, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში რომ გქონდეთ თავი შებრუნებული ერთ პოზიციაში. ის საბოლოოდ აგტკივდებათ. იგივე პრინციპია ძილის დროსაც.
- მხრის ტკივილი: ადამიანების უმეტესობა, მუცელზე წოლის დროს მკლავს ან მკლავებს ავტომატურად მაღლა წევს და ბალიშის ქვეშ ათავსებს. ამ პოზიციაში მხრის სახსარი დაძაბულ მდგომარეობაში რჩება. ასეთმა სიტუაციამ, შესაძლოა საბოლოოდ მიგვიყვანოს მხრის სახსრის მბრუნავი მანჟის ან მხრის სხვა სახის პრობლემებამდე.
„ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ფიზიკური თერაპევტი, მირზა ინასარიძე ამბობს, რომ ძილის დროს მოსვენებისთვის ყველაზე კარგი პოზიცია სწორი, ორთოპედიული ზედაპირია, რადგან ამ დროს ხერხემლის სვეტი სწორ პოზიციაშია. თუმცა, სპეციალისტი ამბობს, რომ სხეულის მოსვენების პოზა ადამიანებისთვის მაინც ინდივიდუალურია; ეს განსაკუთრებით რელევანტურია მათთვის, ვისაც საჯდომი ნერვის ნევრალგია ან ნევრიტი – იშიასი აწუხებს. მას ახასიათებს შეტევითი, ხან კი მუდმივი ხასიათის ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ.
კლივლენდის კლინიკის რეკომენდაციები სხეულის სწორ პოზიციაში მოსვენებისთვის:
- ზურგზე წოლის დროს: შეაცურეთ პატარა ბალიში მუხლების ქვეშ, რათა შეამციროთ ზურგზე ზეწოლა; თავქვეშ გამოიყენეთ პატარა ბალიში, რათა შეინარჩუნოთ თავი ნეიტრალურ პოზიციაში, კისრის დაჭიმულობის თავიდან ასაცილებლად.
- გვერდზე წოლის დროს: მოერიდეთ ე.წ. ემბრიონის პოზაში წოლას; შეეცადეთ შეინარჩუნოთ თეძოები, ტორსის სისწორეზე [მაგ. ბალიშის დახმარებით]; ხშირად შეიცვალეთ მხარი.