დღეს, 23 მაისს, ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართება.
საღამოს 18:00 საათზე სახელოვნებო ჯგუფი Art Gen Z ცენტრალური პარკის შესასვლელთან საპროტესტო პერფორმანსს გამართავს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება.
19:00 საათზე აქციის მონაწილეები დაიწყებენ საპროტესტო მარშს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
20:00 საათზე საპროტესტო აქცია გადაინაცვლებს უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან.
21:00 საათზე დაგეგმილია სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერების“ ჩვენება უმაღლეს საბჭოსთან.
1937 წლის ნოემბერში, ქედაში, სოფელ მერისში სამი ძმა: ომერ, ხუსეინ და ახმედ თურმანიძე დააპატიმრეს. ძმებთან ერთად საბჭოთა რეჟიმმა კიდევ რამდენიმე მერისელი დააკავა.
„ჩამოიარა მაშინდელმა მილიციის წარმომადგენელმა და ვის ეზოშიც ჩამოიარა, ყველა წაიყვანა. მაშინ ზოგს იჭერდნენ და ზოგს – არა. არ ვიცი, როგორ არჩევდნენ. ჩემთვის დღემდე უცნობი მიზეზის გამო დაიჭირეს ეს სამი ძმა. 1937 წლის ნოემბრის შემდეგ მათ შესახებ არაფერი აღარ ვიცით.
არ ვიცით ადგილზე დახვრიტეს, ციმბირში გაუშვეს, მუშაობაში ამოხდათ სული თუ როგორ დაიღუპნენ… 1957 წელს, როცა რეაბილიტაციის ცნობა მივიღეთ, დავრწმუნდით, რომ სამი ძმიდან ერთი, ომერ თურმანიძე, რომელიც ბაბუაჩემი იყო, ნამდვილად უმიზეზოდ დააპატიმრეს,“ – იხსენებს 87 წლის წინ მომხდარ ამბავს ვიქტორ თურმანიძე, ომერ თურმანიძის შვილიშვილი.
1937 წელი საქართველოს ისტორიაში სტალინური, სისხლიანი რეპრესიების სახელითაა შესული. ეს ის დროა, როცა ადამიანებს უმიზეზოდ იჭერდნენ და შინსახკომის სამეული ბრალის დადასტურების გარეშე უსჯიდა მათ სასჯელის უმაღლეს ზომას – დახვრეტას.
ვიქტორ თურმანიძე პროფესიით პედაგოგია, 48 წლის განმავლობაში მათემატიკას ასწავლიდა ბავშვებს ქედაში, სოფელ მერისში. სტალინური რეპრესიების და იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რაც თურმანიძეების ოჯახმა გადაიტანა, „ბათუმელებს“ მეხსიერებაში შემორჩენილ ისტორიას უყვება.
ბაბუაჩემი ომერ თურმანიძე
„ბაბუას შესახებ ამბები მამაჩემისგან და ბებიაჩემისგან ვიცი მხოლოდ. სამართლიანი და პატიოსანი კაცი იყოო, მიყვებოდა.
ერთხელ მამაჩემს ვკითხე, ბაბუას სურათი როგორ არ გაქვს-მეთქი. ამის თქმაზე, მამაჩემს ცრემლები გაუჩნდა თვალებზე, მაშინ ფოტოს საშუალება არ იყოო.
ბაბუას შესახებ კიდევ ის ვიცი, რომ 1928-29 წელს თბილისში, მეტეხის ციხეში მოხვდა. მიზეზი პოლიტიკური ლექსი იყო.
ქედისა და შუახევის ორ სოფელს – მერისსა და უჩამბას შორის იყო დავა საძოვარზე. 1930-იან წლებამდე, სანამ თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის საზღვარს გაავლებდნენ, ჩვენი სოფლიდან მემთეურები შავშეთში მდებარე იალაღებზე დადიოდნენ.
როცა 1930 წელს გზა ჩაიკეტა, ჩვენი სოფლის საძოვარი დარჩა შავშეთში. სოფელს დასჭირდა საზაფხულო იალაღი. ადგილზე, რომელსაც ახლა ღომას მთას ეძახიან და რომლის საძოვრად გამოყენებაც დაიწყეს, სოფელი უჩამბაც აცხადებდა პრეტენზიას.
უჩამბასა და მერისს შორის ღომას მთაზე დავა წლები მიდიოდა. სწორედ ამ პროცესებს მიუძღვნა ლექსი ბაბუაჩემმა. ეს ლექსი იმიტომ გახდა დაჭერვის საფუძველი, რომ მასში მოხსენიებული იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უჩამბიდან იყო წარმოშობით. „ის კაცი გყავდათ უჩამბელებს მთავრობაში, მაგრამ მაინც ჩვენ გავიმარჯვეთო“, – წერდა ლექსში ბაბუაჩემი.
სწორედ ამის გამო მოუწია ორი წელი „დასვენება“ციხეში“, – იხსენებს ვიქტორ თურმანიძე.
1937 წელი
„1937 წელს დაიჭირეს ბაბუაჩემი ომერი, მასთან ერთად მისი ორი ძმა – მამაჩემის ბიძები, ხუსეინ თურმანიძე და ახმედ თურმანიძე. რეპრესიებს გადაურჩა მეოთხე ძმა, ჰასან თურმანიძე, რომელიც 1964 წლამდე ცხოვრობდა ბათუმში, ურეხში.
„ტყიდან მოსული წაიყვანეს სველი ტანსაცმლით“
მამაჩემი, როცა ბაბუას შესახებ ჰყვებოდა, იხსენებდა, რომ დაპატიმრების დღეს ომერ ბაბუა ტყეში ყოფილა წასული. წვიმიანი დღე იყოო, ცივი ნოემბერი.
მამა ჰყვებოდა:
„ტყიდან მოსული პირდაპირ წაიყვანეს სველი ტანსაცმლით. მეორე დღეს დედამ რომ გამატანა გამოსაცვლელი, ქედის ცენტრში ჰყავდათ დატყვევებული. მამა არც მანახეს, კედლის იქეთ გადავუგდე ტანსაცმელი და იქიდან სველი ტანსაცმელი გადმომიგდოო. ის იყო ბოლო შეხვედრა, იმის შემდეგ მამაჩემის შესახებ არაფერი აღარ ვიციო.
ქუჩაში რომ ჩავივლიდი, ვხედავდი ხალხი როგორ მიყურებდა. რეპრესირებულის შვილებს გვეძახდნენ აგენტს, მავნებელს…
ამიტომ სულ დაინტერესებული ვიყავი, რა დააშავა მამაჩემმა, უწყებიდან უწყებაში წერილებს ვწერდი და ვითხოვდი კითხვაზე პასუხს, თუ რა დანაშაული მიუძღოდა მამაჩემსო“.
პასუხი მხოლოდ 1957 წელს მოვიდა საქართველოს გენერალური პროკურორისგან. მოკლე წინადადება იყო – „ომერ თურმანიძე რეაბილიტირებულიაო“, – გვიყვება ვიქტორ თურმანიძე.
დაპატიმრების მიზეზი
თურმანიძეების ოჯახმა მრავალწლიანი ძიების მიუხედავად არ იცის მიზეზი, რის გამო დააპატიმრეს 1937 წლის ნოემბერში ომერ თურმანიძე და მისი ძმები. ასევე არ იციან, რა ბედი ეწიათ მათ – დახვრიტეს, გადაასახლეს თუ რა დაემართათ.
ვიქტორ თურმანიძემ უკვალოდ გამქრალი სამი ძმის შესახებ ყველა შესაძლო ღია წყაროში სცადა ინფორმაციის მოძიება, თუმცა ბაბუის და მისი ძმების კვალს ვერსად მიაგნო.
„ბაბუაჩემი დაახლოებით 57 წლის იყო, როდესაც 1937 წელს დაიჭირეს. ჰყავდა ოთხი შვილი, სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. ახალგაზრდობაში სამუშაოდ იყო წასული ქუთაისში, სადაც ისწავლა ქართული-წერა კითხვა. თავისით ისწავლა იმდენი, რომ მისი ხელით დაწერილი ღია ბარათებიც ინახებოდა ჩემს სახლში, რომელსაც 1928-29 წლებში მეტეხის ციხეში მყოფი აგზავნიდა ოჯახის მოსაკითხად.
მე არ შევადარებ ბაბუაჩემს იმ ცნობილ პიროვნებებს, რომლებიც შეეწირნენ 37 წლის რეპრესიებს, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი გადმოცემით, რომ იმ დროს ჩემს სოფელში მხოლოდ ბაბუაჩემს შეეძლო წერა-კითხვა. როგორც ჩანს, ესეც არ მოსწონდა საბჭოთა ხელისუფლებას.
რეაბილიტაცია რომ მოხდა, თავიდან კი ყველას გაგვიხარდა, მაგრამ მერე მეწყინა. მეწყინა, რომ უდანაშაულო ადამიანი დააკავეს. რომ ეთქვა ვინმეს, ესა და ეს დააშავა და ამიტომ დავიჭირეთო, სხვანაირად ვიფიქრებდით. ვიცით, რომ ბევრი, ვინც 1937 წელს რეჟიმმა დააპატიმრა, ბათუმში დაიხვრიტა და ერთიანი საფლავი არსებობს მათი. ბათუმში დახვრეტილების შესახებ რამაზ სურმანიძის წიგნი სულმოუთქმელად წავიკითხე, მაგრამ იმ წიგნში არაა მონაცემები ბაბუაზე.
არ ვიცი, როგორ მოკვდა ბაბუაჩემი. არც ბაბუაჩემის ძმების შესახებ ვიცი რამე. სამივე უგზო-უკვლოდ გაქრა,“ – გვიყვება ვიქტორ თურმანიძე.
წარსულის გამოძიება
„პატარაობისას მამაჩემს ბევრ კითხვას ვუსვამდი, მაგრამ მისი პასუხები მწირი იყო. რომ წამოვიზარდე, ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე და საიდუმლოს ფარდა აეხადა. 80-იან წლებში ბევრი რამ გავიგეთ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა და როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით.
როცა ჩაკეტილი ვიყავით, სხვანაირი აზროვნება და სხვანაირი ცხოვრება გვქონდა. ვფიქრობდით – ყველაფერი საუკეთესო ჩვენთანაა, ყველაფერი ცუდი – კაპიტალისტურია. წამოვიზარდეთ და გავიგეთ, რომ თურმე ეს ასე არ ყოფილა. გავიგე ჩვენი ქვეყნის შექმნის, მისი დაშლის შესახებ, ყველაფერი გადავაფასე და მერე მივხვდი, რას შეეწირა ჩემი ბაბუა, ისე, როგორც ათასობით სხვა ადამიანი.
ქვეყნის საუკეთესო ადამიანები შეეწირა და ბაბუაჩემი რაღა საკითხავია.
ახლა ერთი კაცი გამოდის და ამბობს, რომ თურმე არ უნდა დარღვეულიყო საბჭოთა კავშირსა და გარე სამყაროს შორის ის ღობე, რომ არ დაგვენახა კარგი ცხოვრება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დავინახეთ, რომ სხვაგანაც ყოფილა კარგი ცხოვრება.
80-იან წლებში ძალიან დიდი იმედით ვუყურებდით ყველაფერს. 9 აპრილის შემდეგ მეგონა გვეშველა. ყველაფერი კარგი მომესწრება-მეთქი, მეგონა. ვფიქრობდი, მეც ვნახავ, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს-მეთქი. ახლა ვფიქრობ – იქნება აუცილებლად, მაგრამ ეგებ ჩემს შვილიშვილებს მაინც მოუწიოს კარგი ცხოვრება.
რუსეთი ისეთი ქვეყანაა, მასთან მეგობრობა არ შეიძლება, მასთან შეიძლება მარტო უფროს-უმცროსობა. მეგობრობა სხვაგანაა.
დღეს არჩევანის წინაშე დგება ახალგაზრდა და უნდა ის, რაც უნდა. ახლანდელი თაობა აღარ გაჰყვება იმ გზას, არ შეეგუება იმას, რომ კიდევ ძალადობით და რეპრესიებით მართონ.
ჩვენი ქვეყნის ისტორიას რომ გადავხედოთ, მთელი ასი წელი ერთი კაცის მმართველობიდან ვერ გამოვედით. მთელი ასი წელი ქვეყანას მართავდა „ერთი კაცი“. ეს არაა დემოკრატია. როცა დემოკრატია იქნება, ახალგაზრდასაც მოუსმენენ, განათლებულსაც. პედაგოგი კაცი ვარ და პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ ცოდნას.
ქვეყანა უნდა მართოს ცოდნამ და არა ძალამ. მეგობრობამ და სიყვარულმა უნდა მართოს.
მე არ მგონია ამ ახალგაზრდების ასეთი წამება და ჩეხა ქუჩაში სიყვარულით ხდება. ასე უმოწყალოდ ქალების, ბავშვების, ახალგაზრდების ქუჩაში წამება არ შეიძლება“, – ამბობს ვიქტორ თურმანიძე.
სტალინის შესახებ
„პატარაობისას სიამაყით ვიძახოდი სტალინიც ქართველია და მეც-მეთქი. მაგრამ რომ გავიზარდე, აღმოჩნდა, რომ არც არაფერი იყო სატრაბახო.
სტალინმა ყველაზე მეტი უკრაინას დაუშავა და მერე საქართველოს. მეგობრებში რომ მილაპარაკია, ხუმრობით უთქვამთ, ბიჭო, საბჭოთა კავშირი ააშენა, ამხელა ქვეყანა და უკმაყოფილო რატომ ხარო. მე სულ ვამბობ – მთელ საბჭოთა კავშირს ჩემი ბაბუა მირჩევნია, ის არ წაეყვანათ-მეთქი.
მეუბნება კაცი – სტალინი, კომუნიზმი და საბჭოთა კავშირი რომ არ ყოფილიყო, გზები არ აშენდებოდა, ხიდები არ აშენდებოდა, ეს არ გაკეთდებოდა… საცოდაობაა ამის თქმა. მსოფლიოს რამდენი ქვეყანა ვიცით, არც სტალინი ჰყავდათ, არც კომუნისტები იყვნენ, აშენებული კი არა აყვავებული არიან.
თვალი უნდა გაახილონ და დაინახონ.
სულ ვსვამ ამ კითხვას – ნუთუ არ იყო სხვა გზა, რომ ქვეყანა ხალხის დახოცვის გარეშე აშენებულიყო?
სხვა უფრო კარგად აწყობილი ქვეყნებია, რომლებიც ხალხის დახოცვით არ აშენებულა.
87 წელი გავიდა სტალინური ტერორიდან და ჩვენი სახელმწიფო იქამდე ვერ მივიდა, რომ ჯეროვნად სცეს პატივი რეპრესირებულებს და მათ ოჯახებს. სახელმწიფო ვერ მომძლავრდა ისე, რომ ასეთ საკითხებს მიხედოს. მაგრამ ერთია შეძლოს ეს და მეორეა – სურვილი ჰქონდეს, რომ მიხედოს.
ქვეყანა ასე არ უნდა აშენებულიყო. სამართალზე უნდა იდგეს ქვეყანა და არა სისხლისღვრაზე. სისხლისღვრით აგებული ქვეყანა არ გვინდა.
37-მა წელმა შეიწირა საქართველოს საუკეთესო ხალხი. თუ ტენდენცია იქით წავა, რომ კარგებს ჩამოვიცილებთ, განათლებული ადამიანი არ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში და ცოდნით არ ვმართავთ, ჩემი აზრით, სწორ შედეგზე ვერ გავალთ. ქვეყანა ცოდნამ უნდა მართოს, ამის მაგალითები გვაქვს“.
საქართველოს გეენრალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე განცხადებას ტოვებს. საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა.
„მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება.
სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით.
მეხუთე წელი მიდის, რაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მიკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან ვმუშაობ. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს. ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია. სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი.
რა თქმა უნდა, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლებიც დეტალურად არის ასახული ჩემს ანგარიშებში არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება. დიდი მადლობა მათ ამ მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის,“ – აღნინულია ირაკლი შოთაძის განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 497 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330]
ტანკი – 7 622 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 14 748 ერთეული [+27]
საარტილერიო სისტემა – 12 860 ერთეული [+40]
MLRS – 1 077 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 813 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 355 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 391 ერთეული [+45]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 209 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 17 513 ერთეული [+71]
სპეცტექნიკა – 2 094 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
601 თვითმფრინავი
274 ვერტმფრენი
24 551 უპილოტო საფრენი აპარატი
523 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 134 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 310 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 771 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 935 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„თაობა Z ხმას ღირებულებებს აძლევს და არა – კონკრეტულ პარტიებს და ლიდერებს. პოლიტიკურ პარტიებზე, მათ საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაზე თაობა Z-ის
ცოდნა მწირია, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ პარტიებს არ გააჩნიათ კონკრეტული იდეოლოგია და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული კომუნიკაცია,“ – ვკითხულობთ კვლევაში, სადაც თაობა Z-ის პოზიციებია ასახული.
რა სურს „ჯენზი თაობას“, რომელმაც 2023 წლის მარტში ხელისუფლებას უკან დაახევინა, დღეს კი, საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისთვის ბრძოლის ავანგარდში დგას? – ფოკუსჯგუფებთან გასაუბრებით ჩანს, რომ თაობა Z-ს კონკრეტული გზავნილები აქვს.
2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 14 % თაობა Z იქნება – 18-დან 26 წლამდე ასაკის ამომრჩევლები.
რა პოლიტიკური საჭიროებები და ღირებულებნები აქვს თაობა Z-ს საქართველოში? – ორგანიზაცია „ფორსეტმა“ ჩაატარა ამ საკითხზე თვისებრივი კვლევა, რომლის საფუძველზეც ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა. პროექტი მომზადდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID}-ის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI]-ის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
„ფორსეტის“ მიერ დღეს, 22 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად, 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში, ჩატარდა სამი პირისპირი ფოკუს ჯგუფი, რომლებშიც თაობა Z-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგად შეირჩა 18 მონაწილე, რომელთაგან 12 – თბილისიდან, 3 – რუსთავიდან, ხოლო დანარჩენი 3 საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყო. მათი ასაკი 18-26 წლებს შორის მერყეობდა, ხოლო განათლების მიღწეული დონე – სრული ზოგადი განათლებიდან უმაღლეს განათლებამდე. ამასთანავე, 8 მათგანი უმუშევარი, ხოლო დანარჩენი დასაქმებული იყო.
თაობა Z-ის გამოკითხულთა 48 % მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 72 % კი, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის, საკმარისს არ აკეთებს, ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, თაობა Z-ის მიერ დასახელებული პრობლემები ძირითადად დასაქმებას, ეკონომიკურ მდგომარეობასა და განათლების სისტემას ეხება.
რა არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? – თაობა Z-ის გამოკითხულების 42 % პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, მეორე ადგილს 28% ფასების ზრდა იკავებს, მესამეს – განათლება 12%.
„ფოკუს ჯგუფის დისკუსიებზე დაყრდნობით, პოლიტიკურ კონტექსტში, თაობა Z-ს ყველაზე მეტად აწუხებს ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრინციპიდან გადახვევა, რაც 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო გამოსვლებზეც გამოიხატა „აგენტების კანონის“ თავდაპირველი, 2023 წლის ვერსიის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციურად გაწერილი პრინციპია, თაობა Z-ისთვის მიუღებელია პარლამენტში წარდგენილი ზოგიერთი კანონი, რომელიც დასავლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მათთვის, პრობლემურია ისიც, რომ ახალგაზრდების მიერ აზრის დაფიქსირება ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ შეურაცხყოფის
საგნად იქცა.
პოლიტიკურ კურსზე საუბრისას, თაობა Z-ს აწუხებს ისიც, რომ ქვეყანა მკაფიოდ არ გამოხატავს პოლიტიკურ მიმართულებას მტრული სახელმწიფოს მიმართ და ამ მხრივ, ხაზს უსვამენ საქართველოში რუსულ მასობრივ მიგრაციას,“ – აღნიშნულია კვლევაში.
რას ითხოვს თაობა Z პოლიტიკური პარტიებისგან?
„ზოგადად ქართველ ხალხს გვაქვს ლიდერომანია. ერთ ტიპს ამოვიჩემებთ და იმ ტიპს ვაღმერთებთ, მაგალითად, მიშა,ბიძინა. ძირითადად, ასეთ ტიპს ვეძებთ ხოლმე და არ
ვცდილობთ, რომ ვინმეს გავყვეთ იდეოლოგიურად,“ – უთქვამს კვლევის ავტორისთვის 22 წლის გოგოს.
კვლევის ავტორი თაობა Z-ის წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ ასკვნის: სხვა თაობებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ამომრჩეველი აპათიას აფიქსირებს კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების მიმართ. ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა თქმით, თაობა Z-ის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, როდესაც პარტიები საკუთარ პლატფორმებს არა
იდეოლოგიის, არამედ კონკრეტული ლიდერების პოპულარიზაციისთვის იყენებენ და მოსახლეობაც მიმღებლურია ამ ტენდენციის მიმართ. მათთვის, ასევე მიუღებელია, როცა პარტიები საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პრობლემებზე საუბრობენ, ხოლო დასახელებულ საკითხებს შემდეგ იშვიათად თუ ასახავენ პოლიტიკურ საქმიანობაზე,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
ამავე კვლევის მიხედვით, 18-19 წლის ახალგაზრდები 2020 წლის არჩევნებზე აპირებდნენ აქტიური მონაწილეობა [80 %] მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა რეალურად არჩევნებში მონაწილეობა 55%-მა მიიღო.
„ამჟამად 10-დან 7 ახალგაზრდა ამომრჩეველი საკუთარ ღირებულებებს ვერცერთი პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმაში ხედავს,“ – აღნიშნულია კვლევაში.
გასაუბრების დროს სტუდენტებს პოლიტიკურ ლიდერებზეც უსაუბრიათ:
„სტუდენტებთან შეხვედრაზე ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს ვუთხარი, ოთახიდან გავიდოდი, თვითონ კი ჩემი კურსელებისთვის საკუთარი პარტიის იდეოლოგია აეხსნა.
როცა კურსელებს ვთხოვე, მოეყოლათ ამ პარტიის იდეოლოგიაზე, ვერაფერს მომიყვნენ“, – ბიჭი 22 წლის.
„კარგ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ზოგადად პოლიტიკური პარტიები უნდა ზრუნავდნენ იმაზე, რომ თავიანთი იდეოლოგია გაავრცელონ და დაანახონ ამომრჩეველს. თუმცა, ქართული პარტიების უმეტესობა მგონია, რომ არ არის გულწრფელი და შეიძლება, არც სჯეროდეთ, იმის, რასაც აკეთებენ“, – გოგო, 23 წლის.
„ფოკუს ჯგუფების დისკუსიებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პარტიებზე, მათ საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაზე თაობა Z-ის ცოდნა მწირია. მონაწილეებს, აგრეთვე, გაუჭირდათ არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების დასახელება, არამედ მცირე პარტიების სახელების გახსენებაც კი, რის გამოც პარტიებს შესაბამისი წარმომადგენლების სახელებით მოიხსენიებენ [მაგ., „გახარიას პარტია“, „ანა დოლიძის პარტია“, „ხოშტარიას პარტია“ და ა.შ.]. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების უმეტესობა აღიარებდა, რომ ყველაზე კარგად „გირჩისა“ და ზურაბ ჯაფარიძის იდეოლოგიას იცნობენ, რაც პარტიის ახალგაზრდებზე მიმართული საკომუნიკაციო სტრატეგიის შედეგია. მონაწილეების თქმით, „გირჩის“ საუბარი არა მხოლოდ ხმამაღალი, გასაგები და ზუსტია, არამედ იმ პლატფორმებზე ვრცელდება, რომლებსაც ახალგაზრდები მუდმივად იყენებენ. თუმცა, თუ ამ ასაკობრივმა ჯგუფმა „გირჩის“ იდეოლოგია გარკვეულწილად მაინც
იცის, მისთვის უცნობია სხვა პოლიტიკური პარტიების პერსპექტივები, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ძირითადი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაც“ კი,“ – აღნიშნულია კვლევაში.
„თაობა Z-ის დიდ ნაწილს არ სურს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდებოდეს და უმეტესწილად ცდილობს, პროდასავლურ და ანტირუსულ
პოზიციებს აფიქსირებდეს. თაობა Z-ის 64%-ის შეფასებით, ახალგაზრდების ინტერესები არასაკმარისად, ან საერთოდ არაა ასახული ეროვნულ პოლიტიკაზე. ამასთანავე, 10-დან 7 ახალგაზრდა ამომრჩეველი საკუთარ ღირებულებებს ვერცერთი პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმაში ხედავს.
თაობა Z ციფრულ ერაში ინტერნეტის გამოყენების სიხშირით მოწინავეა და ინფორმაციის ძირითად წყაროდაც სწორედ ონლაინ პლატფორმებს იყენებს; ისინი უპირატესობას სწრაფად და მარტივად აღსაქმელ ინფორმაციას ანიჭებენ, თუმცა, მათი თქმით, მარტივად გადმოცემული პოლიტიკური ინფორმაცია მწირია; მათთვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური პარტიები საკომუნიკაციო არხებს არა იდეოლოგიის, არამედ კონკრეტული ინდივიდების რეკლამირებისთვის იყენებენ,“ – აღნიშნულია კვლევის ძირითად მიგნებებში.
გამოკითხული ახალგაზრდების 35 %-ს უთქვამს, რომ სულ მცირე დღეში ერთხელ მაინც ეცნობა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
„თაობა Z ციფრულ ერაში ინტერნეტის გამოყენების სიხშირით მოწინავეა და ინფორმაციის ძირითად წყაროდაც სწორედ ონლაინ პლატფორმებს იყენებს. ახალგაზრდა ამომრჩეველს უწყვეტი წვდომა აქვს ინფორმაციაზე, თუმცა მაინც არაა თავდაჯერებული, რომ პოლიტიკური საკითხების გაგებას შეძლებს. ამ ასაკობრივი კატეგორიის (18-26) წარმომადგენელთა უმრავლესობა (65%) მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ და სახელისუფლებო საკითხებს ვერ გაიგებს,“ – ვკითხულობთ ანალიტიკურ დოკუმენტში.
თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციების გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, პოლიციელებისთვის დამატებით 2 ათასი ცალი ჟილეტის შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 140 ათასი ლარია. დეპარტამენტმა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს 21 მაისს მიმართა.
„თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, რა დროსაც მნიშვნელოვანია თანამშრომლებს ეცვათ ერთნაირი მაიდენტიფიცირებელი ჟილეტი შესაბამისი წარწერით და ამრეკლით, რისთვისაც საჭიროა შესყიდული იქნას შესაბამისი დიზაინის ჟილეტი“, – აღნიშნულია შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორისადმი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ 2024 წლის 21 მაისს გაგზავნილ წერილში.
ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის ელექტრონული ტენდერით განხორციელებას სჭირდება კანონით დადგენილი ვადები, ასევე შესყიდვის სირთულიდან გამომდინარე ტენდერის პროცედურები საშუალოდ გრძელდება 40 სამუშაო დღემდე, შესყიდვის ობიექტის მოწოდებას ასევე ესაჭიროება დამატებითი ვადა, მიმდინარეობს საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე კი საჭიროა ჟილეტების გაცემა განხორციელდეს უმოკლეს ვადებში“.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ „ვინაიდან აღნიშნული საქონლის შესყიდვა არ იყო დაგეგმილი მიმდინარე წელს, შესაბამისი მარაგი შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს არ გააჩნია, აღნიშნული იწვევს შესყიდვის გადაუდებელ აუცილებლობას.“
პოლიციის დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, „შეუძლებელი იყო შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ განესაზღვრა, რომ დაიწყებოდა საპროტესტო აქციების გამართვა“. თუმცა, საპროტესტო აქციები თბილისში ერთ თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს.
ამავე განაცხადის მიხედვით, „ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით დამდგარი შესყიდვა განხორციელდება მხოლოდ ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომელთა საჭირო მოცულობის შესაბამისად“ და ჟილეტების შესყიდვისთვის საჭიროა 15 სამუშაო დღე.
პოლიციის განაცხადის განხილვის ვადად შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 24 მაისია ჩანიშნული.
თბილისში ანტირუსული აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის ბიუჯეტიდან დღემდე დაახლოებით 665 244 ლარი დამატებით დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი ტენდერის გარეშე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია თუ ვისთან აფორმებს შსს შესაბამის ხელშეკრულებებს.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.
დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
„ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.
„ამ დარბევების დროსაც ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ სასამართლო არავითარი დამბალანსებლის როლს არ ასრულებს. ის თავიდან ბოლომდე „ოცნების“ პოლიტიკურ ნებას და სურვილს ატარებს. ფორმალური გახდა ხელისუფლების დანაწილება – სასამართლო კლანი და მთავრობა ერთნაირი ლექსიკითაც საუბრობენ, ერთნაირად მოქმედებენ, ერთი იდეის გამტარებლები არიან, ერთ პოლიტიკურ ძალას ემსახურებიან…
ამ პირობებში, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არავის აწყობს,“ – გვიყვება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი. მას ვკითხეთ, რა მიდგომა აქვს სასამართლოს გამჭვირვალობის კუთხით, როცა რუსულ კანონის მიმღები ხელისუფლება გამჭვირვალობაზე ამოფარებას ცდილობს?
სასამართლო კანონის დაცვის და გამჭვირვალობის საუკეთესო სტანდარტის შექმნის გარანტი უნდა იყოს, თუმცა გამჭვირვალობა სასამართლო კლანისთვის იმდენად მიუღებელია, რომ სასამართლო კანონსაც კი არღვევს: კანონი სასამართლოებს მიღებული გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოქვეყნებას ავალდებულებს, თუმცა ეს მოთხოვნა არ სრულდება.
სასამართლოები აღარც საჯარო ინფორმაციას გასცემენ, რაც ასევე კანონის დარღვევაა. საუბარია ინფორმაციაზე, რასაც ჟურნალისტები ითხოვენ, მაგალითად, სხვადასხვა მოსამართლის დაუსაბუთებელი ქონების, სასახლეების, ძვირადღირებული ავტომანქანების შესახებ….
ჟურნალისტები გვიყვებიან, რა პრობლემებს აწყდებიან ისინი, როცა სასამართლოდან ინფორმაციის მიღება სურთ, ან სხდომის დარბაზში ცდილობენ პროცესის ჩაწერას.
ყოფილი მოსამართლე: კლანმა გადაწყვიტა, მთლიანად ჩაკეტოს სისტემა
„მოსამართლე უნდა ემორჩილებოდეს კონსტიტუციას და კანონს. ბოლო პერიოდში ვაწყდებით შემთხვევებს, როცა კანონი უხეშად ირღვევა“, – გამჭვირვალობის პრობლემაზე საუბარს იწყებს ყოფილი მოსამართლე, პროფესორი თამარ ლალიაშვილი, მას პროკურორად და მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება აქვს.
2001-2006 წლებში თამარ ლალიაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და იხსენებს, რომ სწორედ ამ პერიოდში იღებდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა პირველ რჩევებს და რეკომენდაციებს ევროსაბჭოს შესაბამისი უწყებებიდან გადაწყვეტილებების გამოქვეყნების, გამჭვირვალობის სტანდარტის შექმნის შესახებ.
თამარ ლალიაშვილი
„ჩემზე ვერ ამბობენ, რომ ნაციონალი ვარ – ბრძოლის გამო გამომიშვეს სამსახურიდან.
ის, რაც ახლა ხდება სასამართლო სისტემაში, სრული ჩაკეტილობაა, გადაწყვეტილებები იმდენად ხელმიუწვდომელია, რომ ბევრი საქმე სრულდება ყველა ინსტანციაში ისე, რომ გაუგებარია, დაირღვა თუ არა ვინმეს უფლება. სასამართლო სხდომა არის საჯარო კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა, გადაწყვეტილებაც არის საჯარო, მაგრამ მას თუ არ გამოაქვეყნებ, ასევე იგი თუ მედიისთვის, სამეცნიერო წრეებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, გამოდის, რომ არ უზრუნველყოფს სასამართლო კანონის და ადამიანის უფლებების დაცვას,“ – ამბობს თამარ ლალიაშვილი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ძალიან ხშირად ადგენს დარღვევას სტრასბურგის სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილებები უნდა ქვეყნდებოდეს ქართულ ენაზე, ეს სავალდებულოა, თუმცა უზენაესი სასამართლო აქვეყნებს შერჩევით მხოლოდ რამდენიმე საქმეს, რაც მათთვის მისაღებია, თანაც სრულად არ თარგმნიან.
ეს პირდაპირ უკავშირდება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემას. დამოუკიდებლობა არის გარანტია იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების მიერ უშუალოდ განხორციელებული დარღვევები აღმოიფხვრას.
პირადად მქონდა შემთხვევა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში – დაცვის თანამშრომელს ჰქონდა მაგიდაზე ჩამომწკრივებული პირადობის მოწმობების ასლი იმ ადამიანების, ვინც სასამართლო სხდომას ესწრებოდა. ვუთხარი, რომ ეს კანონის დარღვევაა და მექნება რეაგირება. სასამართლო სხდომა არის ღია და მხოლოდ შეიძლება გავიარო უსაფრთხოების კონტროლი. რომელ სხდომაზეც მინდა, იქ უნდა შევძლო თავისუფლად შესვლა, თუმცა პოლიტიკა მიდის სასამართლოს სრული დახურვისკენ, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გაიცეს, ან არ გაიცეს საერთოდ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველანაირ ზღვარს გადადის, რაზე ვილაპარაკოთ?“ – კითხულობს ყოფილი მოსამართლე.
რა როლს ასრულებენ მოსამართლეები, როცა ხელისუფლება რუსულ კანონს იღებს? – თამარ ლალიაშვილი დარწმუნებულია, სასამართლო დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, ევროპის გზის ჩაკეტვას ვერ გაბედავდა ხელისუფლება. ყოფილი მოსამართლე გვიყვება, ფეისბუქში პოსტი შემომხვდაო:
„ვიღაც წერდა, ჩვენ პოლიცია და სასამართლო არ გვიცავს, ვინც წესით უნდა გვიცავდეს, ამიტომაც, ერთმანეთი უნდა დავიცვათ ახლაო. მართლაც ასეა. სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ გვაქვს.
დღეს საფრთხე ექმნება საქართველოს, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს. აქამდე თუ გვქონდა დისკუსია, კონტინენტური ევროპის სამართალი ჯობია, თუ ანგლო-ამერიკული, ორივე დასავლური მოდელია, დღეს საერთოდ ორბიტის ცვლილებაზეა საუბარი: ხელისუფლებას აშკარად საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანა სურს. ეს არ იმალება, მაგრამ ამას საქართველო არ დაუშვებს,“ – უთხრა თამარ ლალიაშვილმა „ბათუმელებს“.
„ეშინია მოსამართლეს, რომ შემოწმდეს მათი დეკლარაციები“ – სტუდია „მონიტორი“
„აბსოლუტურად არაფერს აღარ გვაძლევენ. წლიდან წლამდე უარესდებოდა ეს მონაცემი. ბოლოს როცა დავრეკეთ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, დაგვიდასტურეს, რომ მიღებულია ჩვენი წერილი, მაგრამ რატომ არ გვაწვდიან ინფორმაციას, საერთოდ არაფერი გვიპასუხეს,“ – გვიყვება მაია მეცხვარიშვილი, საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი.
გამომძიებელი ჟურნალისტი იხსენებს, რომ წლების წინ ფილმი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის შესახებ მოამზადა, მაშინ ინფორმაცია სასამართლოდანაც მიიღო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდანაც. გამჭვირვალობის ეფექტი და საზოგადოების კრიტიკული რეაქცია სასამართლო კლანმა სწრაფადვე „გაითვალისწინა“ და სასამართლოდან ინფორმაციის გაცემა შეწყვიტა.
მაია მეცხვარიშვილი
„ბოლოს გავაკეთეთ ფილმი ლევან მურუსიძის დაუსაბუთებელ ქონებაზე, გამოვითხოვეთ ინფორმაცია სხვა მოსამართლეებზე და არათუ ინფორმაცია მოგვაწოდეს, საოცრება ჩაიდინეს: როდესაც მეთოფიშვილი და მურუსიძე დააჯარიმა საჯარო სამსახურის ბიურომ არასწორად შევსებული დეკლარაციების გამო, სასამართლოს ძალით გააბათილეს ეს ჯარიმა და საერთოდ აქტი ცნეს ბათილად, რომლითაც ეს დეკლარაციები უნდა შესწავლილიყო. წარმოიდგინეთ, ადამიანები გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე, როცა თვითონ ყველანაირად უწევენ წინააღმდეგობას გამჭვირვალობას.
ეშინია მოსამართლეს, რომელიც სასამართლოს ძალით აბათილებს კომისიის აქტს, რომ შემოწმდეს მათი დეკლარაციები. მათ დეკლარაციებს ახლა აღარავინ შეამოწმებს. მართლა ყველაფერი უკან პლანზე იწევს, რომ, მაგალითად, განაჩენებს, რასაც გვაძლევდნენ დაშტრიხულია და ასე შემდეგ – ვხედავთ, ვის ხელშია სასამართლო სისტემა. დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს სასამართლოში და რეაგირება არის ნული,“ – კატეგორიულია გამომძიებელი ჟურნალისტის პოზიცია სასამართლოს გამჭვირვალობაზე.
მაია მეცხვარიშვილს ვკითხეთ, ბოლოს რის შესახებ ითხოვდა საჯარო ინფორმაციას სასამართლოებიდან, რაზეც პასუხი კანონით გათვალისწინებულ დროში ვერ მიიღო.
„ჩვენ ვიკვლევთ კონკრეტული მოსამართლეების კორუფციულ, დაუსაბუთებელი ქონების შემთხვევებს, არადეკლარირებულ ხარჯებს. ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარ იძლევა.
მაგალითად, გვაინტერესებდა მივლინებაში მყოფი მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია, რაც საჯარო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ასევე ვითხოვდით ინფორმაციას მოსამართლეების შვებულებების შესახებ. კონკრეტული შეკითხვებით მივმართეთ, რომ მოსამართლე და მისი ოჯახის წევრები იყვნენ სადღაც ევროპაში, ამის ხარჯები დეკლარაციაში არ არის ასახული.
პრობლემაა ინფორმაციის მიღება, მაგალითად, ბიზნესდავებზეც, სადაც შესაძლოა ყველა მხარე ცდილობდეს მიაჩუმათოს საქმე, ამ დროს კი, საბიუჯეტოს სახსრებზეა ლაპარაკი. სასამართლო არის ინსტანცია, რომელიც მოქალაქის ბოლო იმედია, როცა რომელიმე უწყება არ გვაძლევს ინფორმაციას, კანონით დადგენილ სიკეთეზეა საუბარი, ინფორმაციაზე, რომელიც კანონით გვეკუთვნის, ამ დროს კი, სისტემა იმდენად ჩაკეტილია და კლანური პრინციპით იმართება, რომ იქ აღსრულებაზე ზედმეტია საუბარი. სასამართლო თავად არის დახურული სისტემა,“ – გვითხრა მაია მეცხვარიშვილმა.
გელა მთივლიშვილი: „ამბროლაურის სასამართლოში გაკვირვებული დარჩნენ, ინფორმაციას ითხოვსო“
„სასამართლო ხელს უწყობს პოტენციურ კანონდარღვევას, დანაშაულების განგრძობითად ჩადენას,“ – მიიჩნევს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, „საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი. ერთია, რომ მას სასამართლო არ აწვდის საჯარო ინფორმაციას, ასევე დროულად არ განიხილავს იმ სახელმწიფო უწყებების ამბავს, რომლებიც საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ, მეორეა სასამართლო სხდომების გაშუქების პრობლემა: სასამართლოს სხდომათა დარბაზში მისულ გამომძიებელ ჟურნალისტს მოსამართლე ეუბნება, რომ ის ონლაინმედიას წარმოადგენს და მხოლოდ ფურცლით და კალმით შეუძლია იმუშაოს.
„ფიზიკურად ვერ ვაშუქებთ სასამართლო პროცესებს, რადგან სრულიად ვარ დამოკიდებული მაუწყებელზე. დღეს მხოლოდ ტექსტი არავის სჭირდება, ყველას სჭირდება ვიზუალური მტკიცებულებები,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.
სასამართლო პროცესზე ვიდეოგადაღების უფლება კანონით საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, რომელიც ვალდებულია ჩანაწერი გადასცეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს მოთხოვნისთანავე. თუ ამ უფლებით საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს, ამ შემთხვევაში პროცესს სხვა საეთერო მაუწყებელი იღებს, ხოლო თუ ასეთი რამდენიმეა, მოსამართლე წილისყრით გამოავლენს მედიასაშუალებას, რომელიც სასამართლო პროცესს გადაიღებს. წილისყრაში ონლაინმედია არ მონაწილეობს.
გამონაკლისი ინდივიდუალური შემთხვევებია, მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ამ დრომდე, კეთილი ნების საფუძველზე, ონლაინმედიასაც აძლევენ ფოტოს გადაღების, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ვიდეოს გადაღების უფლებას.
სამართლებრივი ნორმა, რაც ონლაინმედიის წარმომადგენელს სასამართლო პროცესის ფოტოს, ან ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას უზღუდავს, გელა მთივლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ სარჩელი განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გელა მთივლიშვილი
გელა მთივლიშვილი გვიყვება, როგორ რჩება ვიდეო და ფოტომასალის გარეშე სასამართლო სხდომაზე:
„შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე, რაც ჩვენ საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის გვჭირდება, საერთოდ არ აინტერესებდეს მაუწყებელს, მაგალითად, „ჯორჯიან მარგანეცთან“ დაკავშირებული საქმის განხილვაზე არ მოდის სატელევიზიო მედია. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რამე გადავიღოთ.
ასევე მაუწყებლის ინტერესში არ შედის სასამართლო პროცესის სრულად გადაღება. მე არც კანონი და არც ეთიკა მაძლევს საშუალებას, ვინმეს სარედაქციო შინაარსში შევიჭრა, მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი – რამდენიმე კადრს იღებენ საინფორმაციო გამოშვებისთვის. თუ პროცესი იმავე დღეს სრულდება, შესაძლოა, დაელოდონ და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაც გადაიღონ. მაგალითად, სხდომაა დღის 2 საათზე, მოდის ჟურნალისტი და 3 საათზე აქვს ჩართვა პირდაპირ ეთერში. როცა ის და ოპერატორი გადიან სხდომათა დარბაზიდან, უკან ვეღარ ბრუნდება. სასამართლო სხდომის დარბაზში კი, ერთ კამერაზე მეტი არ მუშაობს. მე ვრჩები დარბაზში, მაგრამ გადაღებაზე ხელი არ მიმიწვდება.
მე როცა დამაკავეს და ეს საქმე განიხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ პროცესის გადაღების შესაძლებლობაც არ მომცეს, რადგან ონლაინმედიის სახელით ვითხოვდი ამას,“ – გვითხრა გელა მთივლიშვილმა.
გელა მთივლიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა ის 2024 წლის იანვარში, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს აშუქებდა. ჟურნალისტმა მოახერხა გადაეღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს და დააკავეს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით.
ნეიტრალური მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, ჟურნალისტი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
„გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია, ამ მოსამართლემ რამდენი სამართალდარღვევის საქმე განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე და 173-ე მუხლებით, რამდენი შეწყვიტა, რამდენ შემთხვევაში გამოიყენა სანქცია? თვეზე მეტია გასული და არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია,“ – დასძინა გელა მთივლიშვილმა.
ნებისმიერმა უწყებამ, მათ შორის, სასამართლომ საჯარო ინფორმაცია კანონის მიხედვით დაუყოვნებლივ უნდა გასცეს. თუ ინფორმაცია მოსაძიებელი და მოსამზადებელია, მაქსიმუმ 10 დღე შეიძლება გაგრძელდეს საჭირო ინფორმაციის გაცემა.
„2024 წელს იანვრიდან აპრილის ჩათვლით, სულ 511 საჯარო ინფორმაცია გვაქვს გამოთხოვილი. 253-ზე საერთოდ არ მიგვიღია პასუხი,“- თავისი მედიაორგანიზაციის სტატისტიკას გვაცნობს გელა მთივლიშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლოები წელიწად-ნახევარი, ორი წელიც კი, არ განიხილავენ ჟურნალისტის სარჩელებს, როცა ის კონკრეტულ უწყებას უჩივის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე.
კანონი აქაც ადგენს ვადებს – სასამართლომ 2 თვეში, მაქსიმუმ 5 თვეში უნდა განიხილოს შემთხვევა, როცა რომელიმე საჯარო უწყება საჯარო ინფორმაციას არ გასცემს.
რა ინფორმაციას ითხოვდა გელა მთივლიშვილი სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე სასამართლოდან?
„ეს ეხებოდა, მაგალითად, რუსული ჯგუფებისთვის ქონების პრივატიზებას: ვითხოვდით ხელშეკრულებებს, როგორ გადასცეს მათ სახელმწიფო ქონება. ერთ-ერთი წერილი ეხებოდა ალავერდის ტაძართან სასტუმროს უკანონოდ მშენებლობას, რაშიც ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი, გუბერნატორი და დეპუტატები იყვნენ ჩართული. ჩააგდეს კაფსული უნებართვო მშენებლობის და ორი წელია არანაირი დოკუმენტი არ მოგვაწოდეს.
რაც შეეხება სასამართლოებს, იქიდან უკვე მხოლოდ შაბლონურ პასუხს ვიღებთ, რომ ინფორმაციის მოწოდებას დამატებით ადამიანური რესურსი სჭირდება და სასამართლო მოკლებულია ამ შესაძლებლობას. ცენტრალიზებულია, როგორც ჩანს ეს მიდგომა.
ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა: ამბროლაურის სასამართლოს ტელეფონით დავუკავშირდით, რაჭის ტყეების და დავით ხიდაშელის საქმეზე გვინდოდა სამართალდარღვევის ოქმების გამოთხოვა. ვითხოვე დეტალის დაზუსტება, რომელმა მოსამართლემ განიხილა ეს საქმე და როდის განიხილა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც სასამართლო თავის გვერდზე, სხდომების განრიგში აქვეყნებს. ამის მიუხედავად გაკვირვებული დარჩნენ: ვინ ვიყავი, რომ ინფორმაციას ვითხოვდი.
ბოლო 2 წელია 65-ზე მეტი სარჩელი მაქვს სასამართლო ინსტანციებში საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, ეს შეეხება ერთ ლარად სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, საბიუჯეტო რესურსების ხარჯვას, ადამიანის უფლებების დარღვევას… 8 თვეა ვიკვლევთ, მაგალითად, ღარიბაშვილის კორუფციულ ამბებს, მამამისი როგორ გახდა მილიონერი, გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, მაგრამ დღემდე ვერ ვიღებთ ოფიციალურ ინფორმაციას, დოკუმენტებს,“ – აღნიშნა გელა მთივლიშვილმა „ბათუმელებთან“.
ნათია კაპანაძე: „ბათუმელების“ მაგალითი ადასტურებს, როგორ არის სასამართლო გამოხატვის თავისუფლების საპირისპირო მხარეს“
„ბათუმელების” მაგალითი ყველაზე ცხადი შემთხვევაა, ეს ადასტურებს, როგორ არის სასამართლო გამოხატვის თავისუფლების საპირისპირო მხარეს“, მიიჩნევს ნათია კაპანაძე, „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი. ის ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში იცავს.
„ბათუმელების“ შემთხვევა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებიდან რამდენიმე მუხლის მიხედვით განაჩენების გამოთხოვას ეხებოდა სექსუალური და ოჯახში ძალადობის საქმეებზე. 2023 წელს ამ სასამართლოებმა „ბათუმელებს“ უპასუხეს, რომ ინფორმაციის დამუშავების რესურსი არ აქვთ და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ მხოლოდ რამდენიმე ქეისი მოგვაწოდეს, მათ შორის, იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმე – 12 წლის ბავშვზე სექსუალურ მოძალადეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.
სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, „ბათუმელებმა“ სასამართლოებს სასამართლოში უჩივლეს: ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებს ადმინისტრაციული წესით ისევ ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებში ვუჩივლეთ.
ამ სასამართლოებმა „ბათუმელების“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.
„ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარვეზი. სასამართლომ დაფარა არასრულწლოვანებზე ძალადობის ტენდენცია. ამ გზით სახელმწიფომ მყისიერი საფრთხის წინაშე დატოვა არაერთი მოზარდი,“ – მიიჩნევს ნათია კაპანაძე.
ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძე ამბობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა „უიმედო ნაბიჯად“ იქცა, როცა დემოკრატიული ქვეყანა დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს გარეშე წარმოუდგენელია:
„მედიაორგანიზაციების საჭიროებებსა და მედიის საკითხების თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციების მიუწოდებლობისას სასამართლო დავა იქცა ყველაზე უიმედო ნაბიჯად სიტყვის თავისუფლების დაცვის საქმეში. პროცესების წლობით გაწელვა ან პროცესების დაჩქარებული უარის სათქმელად ეს არის ბოლო 5 წლის პრაქტიკა.
როცა სასამართლო არ გასცემს საჯარო ინფორმაციას, ის საჯაროდ ნიღბავს შეცდომებს და დანაშაულებს სახელმწიფოს მართვაში,“ – გვითხრა ნათია კაპანაძემ.
რა გამოჩნდა სასამართლოების გამჭვირვალობის შესახებ მომზადებულ კვლევაში?
„სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა: პროგრესი და საკვანძო გამოწვევები“ – კვლევა 2024 წელს ამ თემაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ IDFI-მ მოამზადა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. ამ კვლევაში ხაზგასმით წერია, რომ სასამართლოები გამჭვირვალობის კუთხით არათუ ქმნიან რაიმე დადებით სტანდარტს, პირიქით, კანონს არღვევენ.
„საერთო სასამართლოები არ აღასრულებენ 2024 წლის 01 იანვრიდან ძალაში შესულ საკანონმდებლო ცვლილებებს… მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები 2023 წლის 13 ივნისს იქნა მიღებული და ძალაში შესვლის თარიღად 2024 წლის 01 იანვარი განისაზღვრა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებს არ გადაუდგამთ ქმედითი ნაბიჯები, კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველსაყოფად,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
IDFI-ის დაკვირვებით, ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის კუთხით მდგომარეობა 2015 წლიდან გაუარესდა. 2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ამ ორგანიზაციის და „მედიის განვითარების ფონდის“ სარჩელი. თუმცა ახალი საკანონმდებლო რეგულირების დაწესება წლობით გაჭიანურდა, სასამართლოებმა კი, საერთო სასამართლოების პლატფორმაზე გადაწყვეტილებების დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნება 2020 წლის მარტიდან საერთოდ შეწყვიტეს.
„USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI-ს წარმატებული სტრატეგიული სამართალწარმოებისა და მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად, 2023 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ნორმატიულ დონეზე არსებითად გაუმჯობესდა ღია სხდომაზე მიღებული სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკითხი და ცვლილებების ამოქმედების თარიღად 2024 წლის 01 იანვარი განისაზღვრა,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სასამართლოებმა გადაწყვეტილებები პროაქტიულად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გამოაქვეყნონ, თუმცა ამ დრომდე არც 2020 წლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები გამოუქვეყნებიათ, რაც კანონიერ ძალაშია შესული.
„კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოქვეყნებას აწესრიგებს, საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს, ახალი რეგულირების ამოქმედების მიუხედავად, ვებგვერდზე ecd.court.ge სასამართლო აქტების გამოქვეყნება არ განახლებულა. საერთო სასამართლოების სისტემიდან მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო უზრუნველყოფს საკუთარი გადაწყვეტილებების დეპერსონალიზებული ტექსტების პროაქტიულ ხელმისაწვდომობას მისივე ელექტრონულ პლატფორმაზე…
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად კანონმდებლობაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა და საჯარო ინფორმაციის სახით სასამართლო
აქტების ხელმისაწვდომობის ნორმატიული პრობლემის მოგვარებისა, პრაქტიკაში ეს ცვლილებები საერთო სასამართლოების მიერ რეალურ აღსრულებას არ ექვემდებარება. ფაქტობრივად, საჯარო ინფორმაციის სახით სასამართლო აქტების მიღების თვალსაზრისით ნორმატიული საფუძვლის შეცვლას საერთო სასამართლოების მიერ გადაწყვეტილებების გაცემის პრაქტიკის ცვლილება არ მოჰყოლია.
„საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-13 მუხლის 3¹ პუნქტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლიდან 2 თვის თავზეც, საჯარო ინფორმაციის სახით სასამართლო აქტების რეალური ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვან სისტემურ გამოწვევად რჩება,“ – აღნიშნულია IDFI-ის მიერ 2024 წელს მომზადებულ კვლევაში.
„ბებიაჩემს ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა, რადგან რეჟიმმა ორი ადამიანი – ქმარი და ძმა დაუხვრიტა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლევან ფაღავა.
მუსტაფა ჩახვაძე, ლევან ხალვაშის ბებიის, ემინე ხალვაშის მეუღლე იყო. ის 1937 წელს დახვრიტეს. ამავე წელს დახვრიტეს ემინეს 25 წლამდე ძმა, ხასან ხალვაშიც.
„მუსტაფა ჩახვაძე 1902 წელს იყო დაბადებული. შვიდწლიანი განათლება ჰქონდა მიღებული. თუმცა შემდეგ, პარტიული სკოლა დაასრულა. ძალიან ნაკითხი კაცი იყო, განათლებული.
ორთაბათუმში საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა, შემდეგ ბათუმში გადმოიყვანეს ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ.
1937 წელი იყო, როცა ერთ დღეს, კოლექტივში დაიბარეს და უთხრეს, თქვენ რომ ჩაის კაკალი გამოგვიგზავნეთ, მოხარშული იყო და არ ამოვიდაო. ამის გამო დაიჭირეს და დახვრიტეს. მაშინ ხომ დასმენები იყო, ალბათ ვიღაცამ დაასმინა“, – ამბობს ლევან ფაღავა.
ბებიის მონათხრობიდან ახსოვს, რომ მუსტაფა ჩახვაძის დასაჭერად ჟანდარმები ღამით მივიდნენ სახლში. ხელზე ბორკილები დაადეს და წაიყვანეს. „ეს ძალიან ტრაგიკული დღე იყოო, ამბობდა ბებია.
იმ საღამოსვე დაუპატიმრებიათ ბებიაჩემის ძმაც, რომელიც სულ ახალგაზრდა იყო, ალბათ 25 წლამდე და ორი შვილი ჰყავდა.
თუ არ ვცდები, ბებიაჩემის ძმა, მაშინდელ კგბ-ში მუშაობდა და ამბის მიტანის თუ რაღაც ასეთი ბრალდების გამო წაიყვანეს.
ლევან ფაღავა, სტალინის მიერ დახვრეტილი ბაბუის პორტრეტთან.
„ინტურისტების“ წინ სარდაფი იყო და იქ ჰყავდათ ორივე. ბებიას 2-3 თვე ატყუებდნენ, გამოძიება მიდისო და თურმე დახვრეტილი ჰყავდათ. ტყუილად აგზავნიდა „პერედაჩებს“ ბებიაჩემი“, – ამბობს ლევან ფაღავა.
მუსტაფა და ემინე აბაშიძის ქუჩაზე, ე.წ. მთავრობის სახლში, 5-ოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. მუსტაფას დახვრეტის შემდეგ, ემინე ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად გამოასახლეს და ჩამოართვეს ქონებაც.
„ასე დარჩა ბებია, შვილებთან ერთად ღია ცის ქვეშ. ამიტომ, ორთაბათუმში მშობლების სახლში დაბრუნდა.
35 წლის იყო ბაბუა როცა დახვრიტეს. კარგი კაცი იყო, სულ ეხმარებოდა ხალხს. „ემადინი“ ჰყავდა იმით დადიოდა ხოლმე სამსახურში. ქრთამს არ იღებდა, წესიერი კაცი იყო.
ბებია სულ იხსენებდა მის გაკეთებულ საქმეებს და ძალიან უჭირდა მასთან განშორება“, – ამბობს ლევან ფაღავა.
ლევან ფაღავას დედის მოგონებები მამის – მუსტაფა ჩახვაძის შესახებ.
მაგიდაზე თხელ, მომწვანო ფერის რვეულებს აწყობს, სადაც ბებიის მოგონებებია ჩაწერილი.
ერთ ადგილზე ვკითხულობთ, რომ მუსტაფა, ცნობილ მწერალთან, მიხეილ ჯავახიშვილთანაც მეგობრობდა, რომელიც ასევე დახვრიტა სტალინის რეჟიმმა.
„მამას ახლო მეგობრობა ჰქონდა მიხეილ ჯავახიშვილთან. როცა ჯავახიშვილი ბათუმში ჩამოვიდა, მწერალთა კავშირში ჩაატარა კრება, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მამა.
მიხეილ ჯავახიშვილი მამას ყოველთვის უსახსოვრებდა ხოლმე მის მიერ ახლად გამოცემულ წიგნებს. მახსოვს, ძველ სახლში კედლის ღუმელი გვქონდა. ერთ საღამოს მამამ მოიტანა „არსენა მარაბდელი“, „თეთრი საყელო“ და დაწვას აპირებდა. მე ხელიდან გამოვტაცე წიგნები და ვკითხე, რატომ წვავ-მეთქი. „არ შეიძლება რომ გვქონდესო“, – მითხრა.
მე უკვე ვკითხულობდი ამ წიგნებს და გული დამწყდა“, – ასე იხსენებს მუსტაფას ქალიშვილი ამ ჩანაწერებში რეპრესიებს.
ამავე ჩანაწერებში ნახსენებია ვინმე გობეჩიაც, რომელიც იმ პერიოდში აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ყოფილა და ასევე გამხდარა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი.
„თბილისში გადაიყვანეს და ისიც იყო რეპრესირებული“, – წერია მოგონებების რვეულში.
სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილი მუსტაფა ჩახვაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად/ფოტო: საოჯახო ალბომიდან.
მუსტაფა ჩახვაძის რეაბილიტაცია სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1955 წელს მოხდა.
რეაბილიტაციის მიუხედავად, მუსტაფას მეუღლე და მისი შვილი მაინც ვერ დაბრუნდნენ თავიანთ ბინაში, რადგან იქ უკვე სხვა ოჯახი იყო შესახლებული.
„ბებიაჩემის დეიდაშვილი იყო შესული ჩვენს ბინაში, ამიტომ ბებიამ აღარ იჩივლა, რადგან კონფლიქტს მოერიდა. ეს კაცი მაშინ ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე იყო და შეეძლო ბებიაჩემისთვის მიეცა მსგავსი ბინა, მაგრამ ერთოთახიანი ბინა გადასცეს და ისიც უაივნო“, – ამბობს ლევან ფაღავა.
ის სტალინურ რეჟიმსა და დღეს არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან გარკვეულ პარალელს ავლებს და ამბობს, რომ რუსული რეჟიმი არც დღეს აძლევს მოსვენებას ჩვენ ქვეყანას.
„დახვრეტები შეიძლება დღეს არ არის, მაგრამ ახლაც ყველაფერი ერთი კაცის – პუტინის ხელშია მოქცეული. ჩვენ არ გვინდა რუსული კანონი, რუსული რეჟიმი. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა.
პუტინს უნდა საქართველო, მიწები უნდა, მოდის და მოდის. ივანიშვილის მეგობარია ეგ პუტინი, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ, ჩვენ გვინდა ევროკავშირში შევიდეთ.
უკეთესი ცხოვრება გვექნება, მაღალი ხელფასიც გვექნება და დაცულიც ვიქნებით.
მთელი სტუდენტობა, ახალგაზრდობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს საქართველო და არა რუსეთი.
ჩვენ, ხალხიც ვიბრძოლებთ და არ შემოვუშვებთ პუტინს“, – ამბობს ლევან ფაღავა.
მას სურს, სახლში, სადაც მისი რეპრესირებული ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, მემორიალური დაფა გააკეთოს. თუმცა, ჯერჯერობით, ამის საშუალება არ ეძლევა.
დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, აქტივისტი გიორგი დუმბაძე 5 000 ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება 24 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას, როცა აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. გიორგი დუმბაძის თქმით, მაშინ ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა, რომლისგანაც არათუ წინააღმდეგობა არ ყოფილა, არამედ, პოლიციამ გზა გაუთავისუფლა აქციის მონაწილეებს.
15 მაისს აქციის მონაწილეების ნაწილს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება იყო დაწყებული.
„პროტესტის მერვე დღეს ჩვენ გვქონდა მსვლელობა, გადავედით გზის სავალ ნაწილზე, საიდანაც ტრადიციულად გვქონდა მარში. 24 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე საქმე შეიტანეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 15 მაისს. თავიდანვე გვქონდა ყველა მტკიცებულება შსს-გან განსხვავებით, გვქონდა ვიდეოები, ფოტოები, მოწმეები, თუმცა აზრი არ აქვს ამ ოთახებში რა განვითარდება და ვინ რას იტყვის, უკვე წინასწარ არის მიღებული გადაწყვეტილებები და უბრალოდ გვიზიარებს ამ შემთხვევაში მოსამართლე, ქალბატონმა ლელამ ალბათ გაგვიზიარა ის, რაც მას რამდენიმე დღის წინ უთხრეს“ – თქვა გიორგი დუმბაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში და დასძინა, რომ „მოსამართლე უბრალოდ აჟღერებს ოცნების გადაწყვეტილებებს“.
გიორგი დუმბაძის გარდა სხვადასხვა თანხით დააჯარიმეს აქციის მონაწილე სხვა პირებიც. სასამართლო პროცესი დღეს, 22 მაისს მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი დუმბაძე თითქმის ერთი თვეა ანტირუსულ აქციებზე დგას და სხვა თანატოლებთან ერთად ებრძვის რუსეთის რბილ ძალას საქართველოში.~
საქართველოს საელჩოსთან აშშ-ში რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული და ნაცემი ადამიანების, გია ჯაფარიძის, დავით ქაცარავას, ლევან ხაბეიშვილისა და დიმა ჩიქოვანის ფოტოები მიიტანეს, წარწერით: „დაისაჯნენ რუსული კანონის გაპროტესტების გამო“.
საელჩოს კართან ასევე განთავსებულია სპეცრაზმის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იმავე „ხარებას“ ფოტო წარწერით: „დასანქცირდეს ჯალათი“.
ფოტოს ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი ავრცელებს.
როგორც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, „ხარება“ ძალოვან უწყებებში თითქმის 30 წელია მუშაობს. იგი მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციაში, რა დროსაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ „ორი გვამი სჭირდება“.
მისი სახელი უკავშირდება 2019 წლის „გავრილოვის ღამესაც“, რა დროსაც აქციის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმემ დაკარგა თვალი, ადამიანთა ნაწილმა მიიღო მძიმე დაზიანებები.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური მოძრაობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
სტუდენტები აცხადებენ, რომ გაფიცვას წყვეტენ, ბრუნდებიან აუდიტორიებში, მაგრამ ბრძოლას არ აჩერებენ.
„ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ აუდიტორიებში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ გაფიცვამ შედეგებს ვერ მიაღწია, რომ ვნებდებით და ბრძოლა ჩერდება.
პირიქით, ჩვენ არა მარტო ქუჩიდან, პირველ რიგში, აუდიტორიებიდან ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის.
ბრძოლა გაგრძელდება დერეფნებში, ფეხბურთის მოედანზე თუ მეგობართან ერთად კაფეში ყოფნისას. იმ ყოველდღიური დისკუსიებით, რომელთა დანიშნულებაც ჩვენი მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის თუ უცხო ადამიანებისთვის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ახსნა-განმარტება იქნება. ამ ბრძოლაში ყველას შეგვიძლია მცირე, მაგრამ საერთო შედეგისთვის აუცილებელი წვლილის შეტანა. ძალა ერთობაშია“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ახლა სხვა ბერკეტების, გამოხატვის სხვა ფორმების გამოყენებაა საჭირო, რათა კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის მძიმე სიტუაცია, რაც ქვეყანაშია შექმნილი:
„საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის დიდი საფრთხე, რის წინაშეც ჩვენი სამშობლო დგას და რას შეიძლება შეგვაჯახოს ხელისუფლების ანტიევროპულმა, ანუ რუსულმა პოლიტიკამ“.
ამავე განცხადებაში ბათუმელი სტუდენტები წერენ, რომ მათმა გაფიცვამ რამდენიმე შედეგი გამოიღო:
„აჩვენა, რომ პოლიტიკა და განათლება ერთმანეთისგან არ იმიჯნება და ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ორმაგი სტანდარტია განათლების სფეროში;
ნათლად აჩვენა მთელ საქართველოს, რომ სტუდენტები ევროპას ირჩევენ და არა – რუსეთს. ნათლად აჩვენა ისიც, რომ ხელისუფლება სტუდენტების მოთხოვნებს არ პასუხობს;
აჩვენა, რომ სტუდენტები მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რაც დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ნაწილია და ამის ჩახშობას მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს;
გამოჩნდა, რომ საზოგადოების ნაწილს ზუსტი პოზიცია არ აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მოქალაქეთა პოლიტიკური განათლებისთვის ჩვენგან მეტი ძალისხმევაა საჭირო“.
ბათუმში სტუდენტური მოძრაობა რუსული კანონის გამო 13 მაისს გაიფიცა. გაფიცვის შესახებ განაცხადეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზღვაო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
რა ხდება
საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ „ოცნებამ“ კანონპროექტი უკან დააბრუნა.
ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.
„გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ მომავალს, სადაც სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია“, – ასე ასრულებს შპს „ანაგის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ეს განცხადება ევროპაზე, გამჭვირვალობასა და სტაბილურობაზე ბიზნესმენმა 29 აპრილს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
სწორედ გამჭვირვალობის კანონს უწოდებს „ოცნება“ რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. ამ კანონით ხელისუფლებას სურს უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარის იარლიყი მიაკრას დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირება ბიზნესმენებმა 28 აპრილს საღამოს საათებში დაიწყეს, როცა რუსული კანონის მოწინააღმდეგეები რუსთაველზე ხალხმრავალ აქციას მართავდნენ. ერთ-ერთი პირველი „ვისოლის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე იყო.
მოგვიანებით მსგავსი შინაარსის სტატუსები სხვა ბიზნესმენებმაც დაწერეს. რუსული კანონის მხარდაჭერის პარალელურად ბიზნესმენები წერენ, რომ „ევროპა უნდათ“.
„ჩემთვის, როგორც ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელიც 35 წელია სტაბილურად ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, ევროპა და ევროპული ღირებულებები ყოველთვის იყო და იქნება უალტერნატივო არჩევანი. შესაბამისად, კარგად მესმის მშვიდობის და სტაბილურობის ფასი, რაც დროთა განმავლობაში მოიპოვა საქართველომ.
მიმაჩნია, რომ ევროპული, თანამედროვე, დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო მაშინ შეძლებს განვითარებას, თუ მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ხალხისთვის. იმ შემთხვევაში თუ უფრო ინფორმირებული გახდება საზოგადოება, თითოეულ მხარეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამა თუ იმ პროცესში და გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლოს გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღება. გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ მომავალს, სადაც სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია“, – წერს ზაზა გოგოტიშვილი.
სქრინი ფეისბუქიდან
ბიზნესმენისთვის გვინდოდა გვეკითხა, ნიშნავს თუ არა მისი ეს სტატუსი იმას, რომ რუსული კანონის მომხრეა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. მას ასევე მივწერეთ, რომ დუმილს თანხმობად განვიხილავთ. თუმცა, არც ამ შეტყობენებაზე მიგვღია პასუხი.
ზაზა გოგოტიშვილი რამდენიმე ათეული წელია სამშენებლო ბიზნესშია. „ისიც ყოფილი ნაცია“. წინა ხელისუფლების დროს მან ძალები პოლიტიკაში მოსინჯა, იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
ზაზა გოგოტიშვილის კომპანია „ანაგი“ სახელმწიფოსგან კონტრაქტებს აქტიურად იღებს. ამ კომპანიამ ააშენა ბათუმის ცენტრალური სტადიონი, მონაწილეობს ავარიული სახლების პროგრამაში. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 78 მილიონიან ტენდერში შპს „ანაგმა“ გაიმარჯვა.
კომპანიას რამდენიმე ათეულ მილიონიანი მოქმედი კონტრაქტი აქვს. 2012 წლიდან დღემდე კი ჯამში 1 მილიარდზე მეტი ლარის ღირებულების დაკვეთა აქვს მიღებული სახელმწიფო სტრუქტურებისგან ტენდერის საშუალებით. „ანაგთან“ სახელმწიფო სტრუქტურებს ჯამში 112 მილიონზე მეტი ლარის კონტრაქტები აქვთ გაფორმებული ტენდერის გარეშე – პირდაპირი შესყიდვის გზით.
ანაგი იყო კანადური კომპანიის ქვეკონტრაქტორი, რომელსაც ბათუმში ყინულის სასახლე უნდა აეშენებინა. შეთანხმების თანახმად „ანაგმა“ ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. მშენებლობა კვლავ „ანაგს“ უნდა გაეგრძელებინა, თუმცა კანადურმა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა, შემდეგ კი მას ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ამ შემთხვევაში „ანაგის“ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ ყოფილა.
ყინულის სასახლის მშენებლობის დასრულებაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგია“ გამოცხადებული. შესყიდვების პორტალზე გამოვეყნებული ინფორმაციის მიხედვით მზადდება ხელშეკრულება. სახელშეკრულებო თანხა 53 მილიონ 943 489 ლარი იქნება.
„ანაგი“ , როგორც მშენებელი კომპანია მონაწილეობს კიდევ ერთ გახმაურებულ პროექტში, რომელსაც ბათუმში მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა და არაერთი საპროტესტო აქციაც გაიმართა. დაწყებულია სამართლებრივი დავაც. ანაგი შპს „ამბასადორმა“ ბათუმის ბულვაში სასტუმროს მშენებლობისთვის დაიქირავა.
ამბასადორი ბათუმის საინფორმაციო დაფააქცია ბულვარში
შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ იმ ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. ამ ჩამონათვალშია „ანაგიც“.
რა ხდება?
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკვე დაადო ვეტო. გუშინ, 21 მარტს კი, ვენეციის კომისიამ სასწრაფო წესით გამოაქვეყნა მკვეთრად უარყოფითი დასკვნა, სადაც „ოცნებას“ მისი გაწვევისკენ მოუწოდებს, რადგან მის ფუნდამენტურ ხარვეზებს ექნება ნეგატიური შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე, საჯარო ასპარეზზე საქმიანობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
თუმცა „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიას პროფესიულ მსჯელობას უწუნებს და მიკერძოებაში ადანაშაულებს.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონს უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ.
პოლიციამ აქცია არაერთხელ დაშალა და ათობით ადამიანი დააკავეს კიდეც. გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის, 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის, გაიმართა. წლევანდელ კონკურსში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა. წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით:
გუნდი „Easy Care“ | პროექტით „Easy Care“ |აჭარა
გუნდი „Visionairy Girls“ | პროექტით „Volunify“ | თბილისი
გუნდი „Hypotenuse 5“ | პროექტი „Gamige“ | თბილისი
გუნდი „Wondermakers“ |პროექტი „Quake Quest“ | თბილისი
გუნდი „AgronicEye“ | პროექტი „AgronicEye“ |კახეთი, თბილისი
გუნდი „AI Eyes“ | პროექტი „AI Eyes“ | აჭარა
გუნდი „MQM“ | პროექტი „MemorEase“ | თბილისი
გუნდი “Victorious Secrets | პროექტი „L.I.F.E.M.I.N.E“ |იმერეთი
ივნისში საქართველოს გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდებიან, რის შემდეგაც დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონული გამარჯვებულები. 2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები, ოქტომბერში, ფინალის მსოფლიო სამიტზე გამოვლინდებიან. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, საქართველოში.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 496 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
ტანკი – 7 611 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 14 721 ერთეული [+22]
საარტილერიო სისტემა – 12 820 ერთეული [+41]
MLRS – 1 077 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 812 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 354 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 346 ერთეული [+56]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 208 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 17 442 ერთეული [+59]
სპეცტექნიკა – 2 090 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
601 თვითმფრინავი
274 ვერტმფრენი
24 498 უპილოტო საფრენი აპარატი
523 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 121 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 307 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 740 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 915 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. მან, ასევე, ისაუბრა საუბნო საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ.
გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ცესკოს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლოს ODIHR-ის მისიასთან და ხაზი გაუსვა მუდმივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა: „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ფასდაუდებელია ODIHR-ის მიერ გაწეული მხარდაჭერა და ზედამხედველობა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ გამჭვირვალობაზე და ღია ვართ კონსტრუქციული გამოხმაურებისთვის, რომელიც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი პრაქტიკა“.
დღევანდელ შეხვედრას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მეგან ფიცჯერალდი, უფროსი მრჩეველი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების საკითხებში – ვლადიმირ მისევი, მრჩეველი/ოფიცერი საარჩევნო საკითხებში – ქსენია დაშუტინა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადმინისტრაციული და პროგრამის მთავარი ოფიცერი – ტიმ ნობლაუ ესწრებოდნენ.
შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მას, ასევე, დაესწრნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი დიმიტრი ჯავახაძე და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
„რუსებს უნდა გაეგოთ, რომ მე ვარ იმ სახელმწიფოს მხარეს, რომელსაც მათი ქვეყანა თავს დაესხა“, – გვიყვება 25 წლის მაგისტრანტი ნათია ასლანოვა. ნათია სამსახურში ყოველდღე უკრაინის დროშის გულსაბნევით მიდიოდა, სადაც ხშირად ხვდებოდა ბათუმში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს. ნათია იმათ შორის არის, ვინც მათ რუსულად არ ელაპარაკება. ურთიერთობისთვის კი საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციაზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს:
„უნდა თქვან, ეთანხმებიან თუ არა პუტინის პოლიტიკას, აღიარებენ თუ არა საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას. ასევე, მნიშვნელოვანია, რას იტყვიან 2008 წლის ომზე“.
ნათია ასლანოვა ოკუპანტ ქვეყანასთან დაკავშირებულ განწყობებზე გვიყვება:
„პირდაპირ იწყებენ რუსული ენით საუბარს და უკვირთ, როცა რუსულად არ პასუხობ. ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი, სადაც ყოველდღე მეკეთა უკრაინის დროშა. მითხრეს, რომ რესტორანი ნეიტრალურია და ეს ჩემგან იყო „პოლიტიკური“, აქ ჩვენ რუსი სტუმრებიც გვყავსო.
კი ბატონო, მე და ჩემი თაობა არ ვაღვივებთ ნაციონალურ შუღლს რუსი ერის მიმართ, ეს ასეა. როცა მე ვემსახურებოდი რუს მომხმარებელს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი პოზიცია, რომ მე ვარ იმ სახელმწიფოს მხარეს, რომელსაც მათი ქვეყანა თავს დაესხა. ჩემს მეგობარს ჰქონდა შემთხვევა, როცა მაღაზიაში პროდუქტის სახელწოდებები ეწერა რუსულად და ეს იმის გამო, რომ რუსებმა არ იციან ქართული, ეს მათ უქმნით კომფორტს.“
ნათია ხელვაჩაურიდანაა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაასრულა, იურისტის კვალიფიკაცია მიიღო და ახლა მაგისტრატურას გადის.
ანტირუსულ განწყობებზე საუბრისას ნათია ხშირად ჩერდება და ხაზგასმით გვახსენებს, რომ მას არ სძულს რუსი ერი, არავინ უნდა გაიგოს მისი განწყობები და ქმედებები, როგორც სიძულვილი. მისი მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოში მიგრირებულმა რუსებმა უნდა დააფიქსირონ, რომ არ ეთანხმებიან პუტინის პოლიტიკას და აღიარონ, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია მათი ქვეყნის, რუსეთის მიერ:
„ჩვენ არ გვაქვს მათ მიმართ მტრული შუღლის მომენტი, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, თუ რას ფიქრობენ ოკუპაციაზე. რა აზრის არიან 2008 წლის ომზე. მათი პოზიციის შესაბამისი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულებაც მათდამი. თუ ისინი ღიად ამბობენ, რომ აფხაზეთში ომი იყო ჩვენი ამბავი და 2008 წელს ჩვენგან პროვოკაცია, ეს უკვე პოზიციაა. ამ რუსთან რა დამოკიდებულება მექნება შემდეგ, ეს უნდა იყოს გაკონტროლებული. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არც იმას აკონტროლებს, რა კატეგორიის ხალხი შემოდის რუსეთიდან. ასევე არ კონტროლდება რა საქმიანობას ახორციელებენ ისინი აქ.“
მიუხედავად იმისა, რომ ენა კარგად ესმის, ნათია რესტორანში მისულ რუს სტუმრებს, სთხოვდა შეკვეთა ქართულად ან ინგლისურად მიეცათ, თუ არ შეეძლოთ ტელეფონის გამოყენებით ეთარგმნათ და ასე მიეწოდებინათ ინფორმაცია მისთვის. იმ სტუმრებს კ,ი რომლებმაც მენიუ რუსულად მოითხოვეს და გააპროტესტეს კიდეც, რატომ არ იყო ინფორმაცია მათ ენაზე ხელმისაწვდომი: „ვუხსნიდი, რომ აქ ენის პრობლემა კი არ გვაქვს, რომ მათი დამოკიდებულებაა ჩვენთვის პრობლემა“
ნათია გვიყვება, რომ არ გამორჩენია, როგორი იყო მთავრობის რიტორიკა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან:
„ჩვენ ვხედავდით, რომ საქართველოს მთავრობის რიტორიკა გახდა ანტიუკრაინული. ხშირად მსჯელობდნენ იმაზე, რომ ომი არის უკრაინაში და საქართველო ცალკე მდგომი ქვეყანაა, რომელსაც რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს მეგობრული დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, მაგრამ მაინც გამოაკლდა იმ დასავლურ მობილიზაციას, რაც მაშინ იყო.“
რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ ნათია პროტესტს ჯერ თბილისში შეუერთდა, შემდეგ კი ბათუმში. მას ბათუმში, ევროპის მოედანზე შევხდით, სადაც წინა საღამოს, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და სიტყვითაც გამოვიდა.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს სამოქალაქო აქტივიზმი, რომელსაც სჭირდება სივრცეები, სადაც ღიად და ხმამაღლა გააკრიტიკებენ ხელისუფლების უარყოფით ქმედებებს. ჩემთვის ასეთი ადგილი გახდა ევროპის მოედანი, სადაც ყოველდღე მოვდივარ. აქედან შევეცდებით მივაწვდინოთ ხელისუფლებას ხმა, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვისმენს და არც გვხედავს“, – გვიყვება ნათია ასლანოვა.
ნათია აქციაზე
ნათია გვიხსნის, რომ აქ მოსვლას ყოველ საღამოს 19:00 საათიდან მოქალაქეობრივი თვითშეგნება კარნახობს: „ახლა მთავარი ადგილი ბათუმში ევროპის მოედანია, ეს ქუჩა და ეს ადგილი არის ჩემი და ჩემი თანამოაზრეების თანაგანცდის, წუხილების, კრიტიკის და ამ ყველაფრის აკუმულირების საშუალება და წყარო“.
ნათია ბათუმის ევროპის მოედანს თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გაგრძელების ადგილად განიხილავს.
ნათია აქციაზე
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარმომადგენლობით დემოკრატიაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ 3 მილიონ 700 ათასი მოქალაქის მიერ, 150 დეპუტატზე გადაცემული, დელეგირებულია უფლებამოსილება. როდესაც ისინი პარლამენტიდან წყვეტენ საქართველოს მოქალაქეების ბედს, როდესაც ეს ბედი გზაგასაყარზე გადის და ახლა ეს პერიოდია ზუსტად, მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი იღებს ხმას შენს წინააღმდეგ – ეს იყოს, მოსმენილი.
მახსენდება გათენებული ღამის შემდეგ, როგორ ჩუმად შეიპარნენ ისინი პარლამენტში, შემდეგ ჩუმად გაიძურწნენ, ეს არის პრობლემა. მათ ძალიან კარგად იციან პროტესტის მართვის გაიდლაინები, დარწმუნებული ვარ…
დემოკრატიულ სახელმწიფოში მნიშვნელოვანია, რომ ერთი ადამიანის, ათი ადამიანის ჯგუფიც კი, რომელიც გამოდის ღიად ქუჩაში და აკრიტიკებს შენს ქმედებას, შენი ვალია, როგორც პარლამენტარის, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენლის, მათ მოუსმინო, მათ პრობლემა გადაჭრა და არა ის, რაც მოხდა – სრული იგნორი. ეს არის გადახვევა, დემოკრატიის, საერთოდ პროტესტის მიმართ აგდებული დამოკიდებულება. ეს იმის მიმანიშნებელია, თუ როგორ ავტორიტარიზმისკენ იხრება ჩვენი ხელისუფლება.“
ნათია მიიჩნევს, რომ რუსული კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას გასცდა, კონკრეტულად კი 78-ე მუხლს.
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს კანონი რუსულია იმიტომ, რომ ერთი ერთში ემთხვევა იმ რიტორიკას, რასაც 2012 წელს პუტინი იყენებდა რუსეთში. პუტინიც თავის დროზე ამ კანონის შემოტანისას საუბრობდა უცხო ძალის შესახებ, სხვადასხვა სენსიტიური თემების მანიპულირებით, ეკლესიით და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ეს კანონი აფერხებს ევროინტეგრაციას და ეს არის ფაქტობრივად საბოტაჟი.
ახლა, როცა ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვა, პერსონალური მონაცემების დარღვევა და სხვა თანმდევი პროცესები, ძალიან მტკივნეული იქნება – თუ ეს დავუშვით. ვიცით, რომ რუსული კანონიც დროთა განმავლობაში დამძიმდა.
ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრჯერ დადო პირობა, მაგრამ შემდეგ ისევ უკან წაიღო სიტყვა. შესაბამისად, ისინი გაამკაცრებენ ამ კანონს. როდესაც სამჯერ იგებ არჩევნებს და რჩები ხელისუფლებაში, უკვე გიწევს ჭანჭიკების მოჭერა და მსგავსი კანონების შემოღება შენი ხალხის წინააღმდეგ. „ოცნება“ არ ხედავს იმ დემოკრატიულ ბერკეტებს, რასაც ვიყენებთ ჩვენ, ეს არის გაფიცვები, ეს არის დაუმორჩილებლობა – ამ ფონზე უწევთ მათ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ემსახურება მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს“.
“მე არამი ვარ და ყველაფერი შემიძლია!” – საკუთარი თავის გასაცნობად, 6 წლის არცახელი [ აზერბ. მთიანი ყარაბაღი- რედ.], არამ კარახანიანი ცნობილი ანდაზით პასუხობს.
(სომხურ ენაზე „არამი“ ირითმება სიტყვასთან “შემიძლია” – რედ.)
მას ვესაუბრებით ერევნის, 196-ე სკოლის აშოტ ნავასარდიანის სახელობის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც 2023 წლის სექტემბერში არცახიდან (მთიანი ყარაბაღი) სომხების იძულებით გადასახლებისას მისი ოჯახი სომხეთში ჩამოვიდა.
როგორც სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2023 წლის 27 სექტემბერს განაცხადა: „არცახიდან სომხეთში ჩამოსული ყოველი მესამე ბავშვია“.
2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, არცახიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულია ჩვილობიდან 5 წლამდე ასაკის 7 996 ბავშვი და 21 266 6-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდი.
არამ კარახანიანი
ფოტო: მედიამაქსი
დამალობანა, დაჭერობანა და „პოსტი“ სახლის დასაცავად
„ყარაბაღში ვცხოვრობდით. იქ ძალიან მომწონდა. ვთამაშობდი, ზაფხულში აუზზე დავდიოდი. დედა ცურვაში მეხმარებოდა, ასე ვცხოვრობდით. ერთ დღეს გავიგონეთ პირველი გასროლა, შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, წავედით ერევანში“, – გვიყვება 6 წლის არამი არცახულ დიალექტზე.
2023 წლის სექტემბერში არამის ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური სტეფანაკერტი 100 ათასზე მეტ სომეხთან ერთად.
„სტეფანაკერტში დავდიოდი საბავშვო ბაღში “სოსე” , შემდეგ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ჩემს მასწავლებელს ერქვა ანა. მეგობრები მყავდა, დამალობანას და დაჭერობანას ვთამაშობდით. ჩვენ გვქონდა სათამაშო იარაღი და ავაშენეთ „პოსტი“ ჩვენი სახლის დასაცავად“, – იხსენებს 6 წლის ბავშვი, რომელმაც ამ მცირე ასაკში გაიგო – სახლი ყოველთვის საჭიროებს დაცვას.
ფოტო: მედიამაქსი
არამის დედა ლირა მირზოიანი იხსენებს, რომ არცახიდან წასვლისას სახლის კარი ისე დაკეტა, თითქოს 10-15 დღეში დაბრუნდებოდა.
„მოვიხურე კარი და ვიფიქრე რომ მალე დავბრუნდებით. მაგრამ რეალობა მეტად რთული ასატანია”, – ამბობს ახალგაზრდა ქალი.
„მადლობა ღმერთს, ჩემი ქმრის ძმა ერევანში ცხოვრობს და აქ, მათ სახლში, დიდი სითბოთი დაგვხვდნენ. დროთა განმავლობაში ვიქირავეთ ბინა, გადავედით და დავიწყეთ ფიქრი ჩვენი შვილების განათლებაზე. არამი “აშოტ ნავასარდიანის” 196-ე სკოლაში სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შევიდა.
არასოდეს დამავიწყდება რა სითბოთი მიგვიღეს დირექტორმა და მთელმა კოლექტივმა პირველსავე დღეს. მყავს ორი ქალიშვილი, ერთი 16 წლის, მეორე 12-ის. უფროსი წელს სკოლას ამთავრებს და აპირებს ეკონომიკის სწავლას.
მართალია, ჯერ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ რეპეტიტირთან მოვამზადო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, მაგრამ ის ცდილობს თავისით ისწავლოს და მიიღოს საჭირო ცოდნა.
ჩემი 12 წლის ქალიშვილი კი სტეფანაკერტის “ანანია შირაკაცის” სახელობის სემინარიაში სწავლობდა. ჩამოსვლის შემდეგ სემინარიის ერევნის ფილიალი დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა სწავლის უფასო გაგრძელება, ასევე ტრანსპორტირება სემინარიამდე. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
“ბლოკადაც კი დავძლევთ, ოღონდ ჩვენს სამშობლოში ვიცხოვროთ”
2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა დაბლოკა ერთადერთი „სიცოცხლის გზა“ – ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც არცახს მსოფლიოსთან აკავშირებს. არცახი დარჩა საკვების პროდუქტების, მედიკამენტების, პირველადი მოხმარების საგნების, ელექტროენერგიის და გაზის გარეშე.
„ბლოკადის დროს სათამაშოები არსად იყიდებოდა, არც ნაყინი, არც წვენი, საერთოდ არაფერი…”, – იხსენებს არამი.
ფოტო: მედიამაქსი
არამის დედა ამბობს, რომ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ოჯახი ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მათ სამ შვილს არ ეგრძნო გაჭირვება.
„ჩვენ ფაქტიურად პური გამოვწურეთ ქვისგან. ჩვენ საკუთარ სახლში ვცხოვრობდით და ბაღში სწრაფად გავაშენეთ ბოსტანი. სოფლის მეურნეობაზე არაფერი ვიცოდით, მაგრამ გაუმარჯოს ინტერნეტს! – მოვიპოვეთ, ვისწავლეთ და გავაკეთეთ. სასოწარკვეთილებას არ ჰქონდა ადგილი, მუდმივად ვიმეორებდით: ეს არის ჩვენი ბრძოლა, უნდა დავძლიოთ ბლოკადა, რადგან გვინდა ჩვენს სამშობლოში ცხოვრება“.
არამის და მისი ორი დის საგანმანათლებლო დაწესებულებები მათი სახლიდან საკმაოდ შორს იყო, ქალაქის მეორე მხარეს. ამის მიუხედავად, როგორც ლირა მირზოიანი გვიყვება, ბავშვებს არასდროს გაუცდენიათ გაკვეთილები. ამისთვის სახლიდან ძალიან ადრე გადიოდნენ.
„ამ დროს არამი სოსეს საბავშვო ბაღში დადიოდა. აქ ცდილობდნენ, როგორმე ოთახები გაეთბოთ, რომ ბავშვები არ გაყინულიყვნენ.
ბუნებრივია, გაზი არ იყო, მაგრამ დენი როცა ირთვებოდა, თანამშრომლები უმალ რთავდნენ ელექტრო გამათბობლებს და ასე ახერხებდნენ გათბობას“, – იხსენებს არამის დედა.
აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადა 2023 წლის სექტემბერში სრულმასშტაბიანი ომით დასრულდა. [აზერბაიჯანული ვერსიით “ანტიტერორისტული ოპერაცია”]
“ვიმგზავრეთ, ვიმგზავრეთ და ბოლოს მოვაღწიეთ აქაურ სახლამდე”
არამი, ომის დაწყების დღის მოგონებისა, და შემდეგი მოვლენებიდან ზღაპარს თხზავს და ისე გვიყვება. მაგრამ ამ ზღაპარში სიკეთე არ იმარჯვებს.
„როდესაც ომი დაიწყო, მე და დედა საბავშო ბაღიდან ვბრუნდებოდით. პირველი აფეთქება რომ გავიგეთ, გავიქეცით და ავტოფარეხი დავინახეთ. ავტოფარეხთან კაცი იდგა. მან გამოგვძახა: “სწრაფად, აქეთ!”.
შიგნით შევედით. იქ უამრავი ბავშვი იყო, ისინი ტიროდნენ. მე ვთქვი: ნუ ტირით! ეს ჩვენები ისვრიან! დიდხანს ვისხედით იქ, მერე უცნობი ადამიანის მანქანაში ჩავსხედით და სკოლის სარდაფისკენ გავემართეთ. მომშივდა, დედაჩემს ვუთხარი და ერთმა გოგომ პურის ნაჭერი მომცა. შემდეგ ვიღაც კაცმა წყალი მომცა, დავლიე და დედაჩემის კალთაში ჩამეძინა. სარდაფში დიდხანს დავრჩით. შემდეგ კი ორი დღე გზაში გავატარეთ (არცახიდან სომხეთში – რედ.). დავიღალე.
მამაჩემის მეგობარი ყურძნით გამიმასპინძლდა, დედაჩემმა პურის ნაჭერი მომცა, მეზობლებმა კი წყალი. ვიმგზავრეთ, ვიმგზავრეთ და ბოლოს მოვაღწიეთ აქაურ სახლამდე. სახლიდან არაფერი წამომიღია. ყარაბაღში დაბრუნებაზე ვოცნებობ“.
ფოტო: მედიამაქსი
არამის დედა იხსენებს, რომ 19 სექტემბერს ბავშვის საქციელით უბრალოდ შოკირებული იყო.
„მასზე ვნერვიულობდი, და ის ყველასთან ავტოფარეხში და სარდაფში ყველას ეუბნებოდა: „დამშვიდდით! არ იტიროთ!”. წარბები ორივე ხელით შემისწორა და მითხრა: ასე დაიჭირე, აღარ იტირო!
ახალი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება
არამი ახალ სასწავლო დაწესებულებაში თავს კარგად გრძნობს.
“მე აქ მომწონს. ვთამაშობთ, ვხატავთ. ახალი მეგობრები მყავს: სამველ, ალექს, არსენ და სხვები”.
აქ მისი ყოველდღიურობა სავსეა არა მხოლოდ თამაშებით, არამედ განათლებითა და სხვადასხვა აქტივობებით.
„ახლა ჭადრაკის მატჩისთვის ვემზადებით. დავამთავრებ და სკოლაში წავალ. ძალიან მინდა სკოლაში წასვლა, ოღონდ მართლა!” – ამბობს 6 წლის ბიჭი.
არამის მასწავლებელი მარინე მურადიანი ამბობს, რომ სომხების იძულებით გადასახლების შემდეგ აშოტ ნავასარდიანის 196-ე სკოლამ 8 ბავშვი მიიღო.
„ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა ორმა ოჯახმა დატოვა, ახლა კი ექვსი ბავშვი გვყავს არცახიდან. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ აქ ჩვენ ყველანი ერთი ოჯახივით ვიყოთ. ასე რომ, ბავშვებმა, რომლებმაც განიცადეს ეს რთული მოვლენები, სხვა მოსწავლეებისგან იგრძნეს ზრუნვა და სიყვარული“.
მარინე მურადიანის თქმით, არამი საკმაოდ უნარიანია, მაშინვე ითვისებს მოსმენილს და აქტიურად მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში.
”მასში ისეთი თვისებები შევნიშნე, როგორიცაა დაცვისა და დახმარების სურვილი. ერთ დღეს მან დახატა სურათი წარწერით: „ადრე მე ვიცავდი ჩემს არცახს, ახლა კი ვიცავ ზოვუნის ქუჩებს“ (იმ დროს არამის ოჯახი ერევნის მახლობლად სოფელ ზოვუნში ცხოვრობდა – რედ.).
მაშინაც კი, როცა ვინმე ცდილობს მის გვერდით მჯდომ გოგონას აწყენინოს, ის დგება და გაბრაზებული ყვირის: “ამხანაგო მარინა, კმარა, ამას ვერ ავიტან, ამ გოგოს აწყენინებენ!”.
მოგონებები და ოცნებები
არამის დედა ამბობს, რომ ბავშვი მხოლოდ მის ყოფილ სახლზე, არცახზე და დაბრუნებაზე ოცნებობს.
„გასულ კვირას მოვინახულეთ გარნის ტაძარი და გეღარდის მონასტერი. არამი მომვარდა: “დედა, მომეცი მონეტა, სწრაფად”. გეღარდის ტაძარში არის წმინდა ჭა, შეგიძლია სურვილი ჩაიფიქრო და მონეტა ჭაში ჩააგდო. გავყევი და დავინახე, რომ ხმამაღლა ამბობდა: “მე მინდა, რომ არცახი იყოს ჩვენი, მინდა ჩემი დაბადების დღე იქ აღვნიშნო” და წყალში ჩააგდო მონეტა. გამუდმებით იხსენებს თავის სახლს. ნაქირავებ ბინაში რომ გადავედით, შემოვიდა და თქვა: დედა, ეს კარგი სახლია, მაგრამ ჩვენი უკეთესია, ხო მართალი ვარ? ვამჩნევ, რომ ის მუდმივად აკეთებს შედარებას: „არცახში, აი, ეს აქ იყო, საქანელაც სხვა იყო“.
ფოტო: მედიამაქსი
– არამ, ერევანი და სტეფანაკერტი ჰგვანან ერთმანთს? – ვეკითხები ბავშვს.
– დროშებში მსგავსება არის, უბრალოდ ერევანში თეთრი ხაზი არ არის, ყარაბაღში კი არის“, – პასუხობს ის.
ბოლოს ვბედავ და ვეკითხები: რა ახსოვს და რა ენატრება არცახში?
– იქ მქონდა დიდი ეზო, საქანელა, მეგობრები, ველოსიპედი. მინდა, რომ არცახი ისევ ჩვენი გახდეს.
– გინდა დაბრუნება? – ვეკითხები მე.
“ძალიან!”, – პასუხობს ექვსი წლის ბიჭი ერთი სიტყვით და ურყევი მონდომებით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მაისის 21 საათიდან 22 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 23-24 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
დღეს, 21 მაისს, დილის 11 საათიდან ბათუმის სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ სტუდენტების გაფიცვას აანონსებს.
სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან.
ბათუმში სტუდენტური მოძრაობა რუსული კანონის გამო 13 მაისს გაიფიცა და ამ დრომდე საპროტესტო აქციებს მართავენ ბათუმში.
რა ხდება
საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ „ოცნებამ“ კანონპროექტი უკან დააბრუნა.
ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტ და გაამყარა პუტინის რეჟიმი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 495 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380]
ტანკი – 7 605 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 14 699 ერთეული [+34]
საარტილერიო სისტემა – 12 779 ერთეული [+42]
MLRS – 1 077 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 811 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 354 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 290 ერთეული [+54]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 207 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 17 383 ერთეული [+72]
სპეცტექნიკა – 2 085 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
601 თვითმფრინავი
274 ვერტმფრენი
24 464 უპილოტო საფრენი აპარატი
523 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 114 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 306 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 717 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 872 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ბათუმის ახალ ბულვართან ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა დაგეგმილი. პლაჟის შენარჩუნების გარდა ხრეშის შეტანა აუცილებელია სანაპირო ზოლის დასაცავად. ხრეშს, რომელიც ზღვაში უნდა ჩაყარონ, მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ.
ხრეშის შეტანას 2 თვე დასჭირდება. სამუშაოები ზაფხულში ალბათ არ დაიწყება, თუმცა, საზაფხულო სეზონის წინ, ბათუმის ახალ ბულვარში დღეს სხვა, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის დაიწყება სამუშაოები ბათუმის კონცხზე, სადაც ბანაობა საფრთხის შემცველია.
ნაპირსამაგრი ნაგებობა და პლაჟზე ჩასასვლელი კიბე ახალ ბულვარში / 20.05.2024
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ხრეშის შეტანასთან დაკავშირებით სკრინინგის ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 16 მაისს გააგზავნა.
„გაცნობებთ, რომ სამმართველო 2024 წელს გეგმავს პროგრამის – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“ განხორციელებას. ამ მიზნით შესყიდული იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამასთან, მომზადებული იქნა შესაბამისი სკრინინგის ანგარიში. გთხოვთ განიხილოთ და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – წერს აჭარის სამმართველო ეროვნულ სააგენტოს.
სამუშაოების დაწყება სააგენტოს მიერ მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაძლებელი. პლაჟის ხელოვნური კვებისთვის კი, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტში 2 მილიონ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ჭოროხიდან ამოღებული ხრეშს ზღვის სანაპიროზე ორ ადგილზე შეიტანენ – აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ზღვისგან დანგრეული პირსის მიმდებარედ.
„პირველ უბანზე რეცხვადი ბერმის [რომელიც ხრეშის შეტანით მოეწყობა] სიგრძე შეადგენს 325 მეტრს, ხოლო სიგანე იცვლება 30 მეტრიდან 40 მეტრამდე. ამ უბანზე [აეროპორტის მიმდებარედ] შეტანილი იქნება 35 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა.
მეორე უბანზე რეცხვადი ბერმის სიგრძე შეადგენს 290 მეტრს, ხოლო სიგანე იცვლება 50 მეტრიდან 55 მეტრამდე. ამ უბანზე [დანგრეულ პირსთან] შეტანილი იქნება 75 ათასი კუბური მეტრი მასალა.
რეცხვადი ბერმის პარამეტრები, არის პირობითი და მისი განზომილება შეიცვლება შტორმული რეჟიმიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.
კარიერი მდინარე ჭოროხზე, საიდანაც ამოღებულ ხრეშს ახალ ბულვართან ზღვაში ორ უბანზე ჩაყრიან [აეროპორტის ასაფრენი ზოლისა (უბანი 1) და ზღვისგან დანგრეული პირსის (უბანი 2) მიმდებარედ]
სკრინინგის ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ „ინერტული მასალის მოპოვების გამოყოფილ კარიერზე გათვალისწინებულია არსებული გზის აღდგენა და ადგილობრივი მასალისგან 424 მეტრი სიგრძის წყლის ასაცილებელი დამბის [ფოტოზე აღნიშნულია წითელი ხაზით] მოწყობა“.
„მდინარე ჭოროხის მიერ გამოტანილი ნალექების დიდი ნაწილი გადაადგილდება კანიონში დიდ სიღრმეზე და არ იღებს მონაწილეობას ჭოროხი-ბათუმის რაიონის სანაპირო ზონის ფორმირებაში… კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს მდინარეთა შორის ჭოროხის მყარი გამონატანის რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო თურქეთში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის აშენებამდე.
პლაჟებისთვის, მდინარით ჩამოტანილი მკვებავი მასალის მიწოდების მექანიზმი დღეისათვის მთლიანად მოშლილია. თურქეთის ტერიტორიაზე, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით გადაკეტვის გამო, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მყარი ჩამონადენის მქონე მდინარე ჭოროხს, თითქმის აღარაფერი აღარ გამოაქვს სანაპიროზე,“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.
ხელოვნურად შექმნილი პლაჟი ახალ ბულვარში, სადაც წელს ხრეში დამატებით უნდა შეიტანონ / 20.05.2024
აღსანიშნავია, რომ ახალი ბულვარის მიმდებარედ იმ ადგილებში, სადაც წელს ხრეში უნდა შეიტანონ, 2022-23 წელსაც შეიტანეს დაახლოებით 410 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა, რის შედეგადაც ნაწილობრივ აღდგა შტორმით თითქმის მთლიანად წარეცხილი პლაჟის ზოლი.
განახლება: 2024 წლის 5 ივნისს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკრინინგის პროცედურა საერთოდ შეწყვიტა, ვინაიდან სამუშაოები ჩაითვალა არა ახალი ნაგებობის [რეცხვადი ბერმის] მოწყობად, არამედ ძველი ბერმის რეკონსტრუქციად, რაც შესაბამისი კანონმდებლობით არ საჭიროებს სკრინინგის დასკვნას.
„ვინაიდან, თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ნაპირდაცვითი სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქცია, რაც არ საჭიროებს სკრინინგის პროცედურების გავლას, სააგენტო წყვეტს ქ. ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელებაზე სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.“ – მიწერეს ეროვნული სააგენტოდან აჭარის სამმართველოს.
ზღვის ხელოვნური კვების პარალელურად, ადგილობრივმა მთავრობამ ახალ ბულვარში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენისა და ნაპირის დაცვის მიზნით ხელოვნური ნაგებობის აშენება გადაწყვიტა.
პროექტი, რომელშიც 15,6 მილიონი ლარი იხარჯება, 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 2024 წლის მარტამდე, შემდეგ კი ივნისამდე გადაწიეს. სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს.
ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დეტალი პროექტში არ იყო თავიდანვე გათვალისწინებული, რის გამოც აუცილებელია ვადის გადაწევა.
მაგალითად:
„გაირკვა, რომ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ პლაჟზე, პერიოდულად იმისათვის შედის ინერტული მასალა, რომ იქ მოძრავმა მძიმე ტექნიკამ არ დააზიანოს მოწყობილი პრომინადი, საჭიროა ჟილინის არხის მიმდებარედ მძიმე ტექნიკის დერეფნის მოწყობა, რაც თავის თავში გულისხმობს 25 სმ სისქის ორმაგად არმირებული რკინაბეტონის ფილას.
შესაცვლელია კობალაძის არხის ზღვაში გამსვლელის ფორმაც, რომლის საშუალებითაც შტორმისას მოხდება პროექტით გათვალისწინებული არხის შევსება ინერტული მასალებით. ამჟამინდელი კონსტრუქცია პრაქტიკულად არ იძლევა მისი გაწმენდის საშუალებას, რაც ძლიერი წვიმის შემთხვევაში გამოიწვევს ქალაქის დატბორვას.
ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პრომინადზე მუდმივად გადაადგილდება ბათუმის ბულვარის, სანდასუფთავებისა და ბათუმის წყლის სატვირთო მანქანები თუ მძიმე სპეცტექნიკა, საჭიროა პრომინადის სისქის გაზრდა პროექტით გათვალისწინებული 10 სანტიმეტრიდან 18 სანტიმეტრამდე, რათა არ მოხდეს ახლად აღდგენილი პრომინადის მალევე დაზიანება;
აუცილებელია პრომინადზე ზედაპირული ნალექის დაგროვებისგან თავის არიდების მიზნით, ტალღამრიდი ბლოკების გასწვრივ, სანიაღვრე არხის მოწყობა.
პროექტში არ იყო გათვალისწინებული პლაჟზე გადასასვლელი შშმ პირთათვის. ერთკილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ შენდება 1 მეტრი სიმაღლის კედელი, ხოლო იმისათვის, რომ პლაჟის ეს მონაკვეთი ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, აუცილებელია რამდენიმე ერთეული ადაპტირებული პანდუსის მოწყობა საპროექტო მონაკვეთის გასწვრივ, ქუჩის გადასასვლელების წინ.
შშმ პირებისთვის პანდუსი პლაჟზე ჩასასვლელად ახალ ბულვარში / 20.05.2024
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ხშირი იყო ძლიერი წვიმები, ასევე მოხდა დიდი მასშტაბის სტიქია, რამაც მთელ სანაპირო ზოლთან ერთად განსაკუთრებულად დააზიანა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია. აგრეთვე დააზიანა კომპანიის მიერ მოწყობილი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც მათ მოუწიათ უკვე ჩატარებული სამუშაოების ხელმეორედ შესრულება.
ამასთან სტიქიის შემდგომ პერიოდშიც ობიექტზე ვერ განახლდა სამუშაოები, რადგან სტიქიამ ფაქტობრივად წაიღო პლაჟი, დააზიანა და დაანაგვიანა ბულვარის ტერიტორია. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი აღდგენა-მოსწორება, რომლის გაწმენდის გარეშეც ობიექტზე სამუშაოები ფაქტობრივად ვერ განახლდებოდა.
ზემოაღნიშნული, განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ხელშეკრულებაში შევიდეს ცვლილება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვროს 2024 წლის 10 ივნისი.“
2024 წლის 20 მაისის მდგომარეობით, შპს „გზისთვის“ უკვე გადახდილია 10 692 505 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 68%].
განახლება:2024 წლის 7 ივნისს სამუშაოების ვადა კიდევ ერთხელ გადაწიეს. ამჯერად 2024 წლის 2 ივლისამდე, თუმცა კომპანია გადავადებას 21 ივლისამდე ითხოვდა. რაც შეეხება მიზეზებს, შესაბამის შეთანხმების ოქმში ბათუმის მერიის სამმართველო აღნიშნავს, შემდეგს:
„მიმდინარე წლის 6 ივნისს შპს „გზა“-მ მოგვმართა წერილობით და გვაცნობა ობიექტზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, კერძოდ, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დაკვეთით ბულვარის სანაპირო ზოლის გასწვრივ მიმდინარეობს ველობილიკის მოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ასევე უნდა აღდგეს ველობილიკი ჩვენი საპროექტო ტერიტორიის გასწვრივაც.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობამ და საპროექტო ტერიტორიაზე მძიმე სპეცტექნიკის მოძრაობამ გარკვეული ვადით შეაფერხა კონტრაქტორი კომპანიის სამუშაოები, კერძოდ დღემდე შეუძლებელია „მძიმე ტექნიკის დერეფნის“ მოწყობა, რადგან ისინი ამ მონაკვეთს იყენებენ საკუთარი ტექნიკის გადასაადგილებლად, ასევე შეუძლებელია სამუშაო ფრონტის სრულად გაშლა იმ ტერიტორიზე სადაც უნდა მოეწყოს სავალი ბილიკი, პრომინადი (10მ სიგანე) რომლის ნახევარზეც მოძრაობს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ კონტრაქტორი კომპანიის სპეცტექნიკა. აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოების სრულად ჩატარება გამოიწვევს მათ პარალიზებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოები აგრეთვე შეაფერხა შსს სათვალთვალო კამერებისათვის დამატებითი კაბელის გაყვანამ.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კომპანია ითხოვს ვადის გაგრძელებას მიმდინარე წლის 20 ივლისის ჩათვლით, მაგრამ ჩვენს მიერ შერჩეულ გონივრულ ვადად განისაზღვრა 2024 წლის 1-ლი ივლისის ჩათლით პერიოდი. ამასთან, განხორციელებულ ცვლილება N4-ში ფიქსირდება მექანიკური ხარვეზი მოცულობებთან დაკავშირებით, რაც დაკორექტირდა ერთეული ფასის შეუცვლელად. განსახორციელებელი ცვლილების შედეგად საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება რჩება უცვლელი.“
ახალი ბულვარი / აქ პრომინადისა და ველობილიკის მოწყობა შეცვლილი ხელშეკრულების მიხედვით 2024 წლის 11 ივნისამდე უნდა დასრულდეს / 20.05.2024
ბათუმის სანაპიროზე კიდევ ერთი ავარიული უბანია, სადაც პრობლემას ჭარბი ნატანი წარმოადგენს.
ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ამ ეტაპზე, ჯამში, 43 000 კუბური მეტრი ნატანია ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას, წინასწარი გათვლებით 3,5 მილიონი ლარი დასჭირდება.
ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ამას კი შესაძლოა კატასტროფული შედეგიც კი მოჰყვეს.
ჭარბი ნატანის კონცხიდან ამოღება-მახინჯაურში ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის პროცედურა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა იმავე წლის დეკემბერში შეწყვიტეს – „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სკრინინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტები გარემოს ეროვნულ სააგენტოში ხელახლა, 2024 წლის პირველ აპრილს წარადგინა.
ამ შემთხვევაშიც სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა და სამმართველოს გარკვეული დეტალების დაზუსტება მოსთხოვა.
ბათუმის კონცხი
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა.
თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად აისახება.
მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით.
გადარიცხვა შესაძლებელია:
თიბისის ბარათიდან ნებისმიერი სხვა საქართელოში მოქმედი ბანკის ბარათზე
სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის ბარათზე.
სხვა ბანკის ბარათიდან ისევ სხვა ბანკის ბარათზე.
ციფრული საფულიდან, apple pay/google pay-ს მეშვეობით თანხის დამატება თიბისის ბარათზე.
თანხის გადარიცხვა ან გადმორიცხვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებიდან იქნება შესაძლებელი 24/7-ზე.
გადარიცხვა აუცილებლად უნდა შესრულდეს “საკუთარ ანგარიშზე” ღილაკის გამოყენებით, რომ თანხა მომენტალურად აისახოს. გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ლარის ვალუტაში და თითო გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარია.
ამ ფუნქციონალით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელი სარგებლობდეს თიბისის მობაილბანკით.
მას შემდეგ რაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, ბათუმში სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს ხელმოწერის უკან გამოთხოვა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.
სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, შეკრებილიყო აკადემიური საბჭო და ემსჯელათ რექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და მათთვის მიეცათ უფლება, დასწრებოდნენ აკადემიური საბჭოს სხდომას.
„ასევე, მოვითხოვთ გარანტიას, რომ გაფიცულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღადგინონ გაცდენილი ლექციები, სემინარები და გამოცდები“- აცხადებდნენ სტუდენტური მოძრაობის წევრები, რომლებიც რუსული კანონის გამო 13 მაისის შემდეგ გაფიცულები არიან და ამ დრომდე საპროტესტო აქციებს მართავენ ბათუმში.
„ბათუმელები“ ბსუ-ს ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებენ თუ არა სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას და რა პროცესშია მოლაპარაკებები.
უნივერსიტეტის პრესსამსახურმა ჩვენს კითხვებს წერილობით ნაწილობრივ უპასუხა.
„ლექცია-სემინარების აღდგენასთან დაკავშირებით, რექტორი შეთანხმდა სტუდენტებთან. აღდგენა მოხდება გონივრულ ვადაში. ველოდებით სტუდენტების განცხადებებს, რის საფუძველზეც დაიწყება აღდგენების გრაფიკისა შედგენა, მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“ – აცხადებენ უნივერსიტეტში.
რაც შეეხება აკადემიური საბჭოს მოწვევას და მსჯელობას რექტორის ხელმოწერაზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან ასევე გვიპასუხეს, რომ „მზადდება პასუხი და წერილობით ეცნობება განცხადების ავტორებს“.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შესარჩევად.
4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები ქართული და ესპანური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მითების დეტექტორის“ და „მალდიტასა“ ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის გამოცდილებას გაეცნობიან.
საზაფხულო ბანაკი ინტერაქტიული ფორმატით წარიმართება, რა დროსაც მონაწილეები ცოდნასა და უნარებს შემდეგ საკითხებში გაიღრმავებენ:
ინფორმაციული ქაოსი და ახალი მედიაეკოსისტემა
ფაქტების გადამოწმება და ვერიფიკაცია
ვიზუალური მანიპულაციის ტიპები და მათი გადამოწმების ტექნიკები
გეოლოკაციის მეთოდისა და ინსტრუმენტების გამოყენება
სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების ვერიფიკაცია
სოციალურ მედიაში კონტენტის შექმნის ტექნიკები
ბანაკი ყაზბეგში, 11-14 ივლისს გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
თუ ხარ 18-25 წლის ახალგაზრდა;
გაქვს მედიაწიგნიერების პროექტის იდეა, რომელსაც საზაფხულო ბანაკის დროს განავითარებ;
და სააპლიკაციო ფორმაში ფაილის სახით ატვირთე ან განათავსე ბლოგის ან ვლოგის ბმული.
აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
საკონკურსო ბლოგი/ვლოგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
შეეხებოდეს მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის თემას
ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას და გამოიგზავნოს ვორდის დოკუმენტის ან ბმულის სახით
თუ მონაწილე ბლოგის ნაცვლად ვლოგის ფორმატში გადაწყვეტს საკუთარი მოსაზრების გამოხატვას, ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წთ-ს.
საკონკურსო აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 31 მაისია.
მედიის განვითარების ფონდი გამარჯვებულ აპლიკანტებს ივნისში დაუკავშირდება.
ბანაკში მგზავრობა, ცხოვრება და ტრენინგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ტრენინგის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
მედიის განვითარების ფონდი 2008 წელს შეიქმნა და დღეს დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა.
Maldita.es (მალდიტა.ეს)
Maldita.es არის დამოუკიდებელი ესპანური ჟურნალისტური პლატფორმა, რომელიც ფაქტების გადამოწმებისა და მონაცემთა ჟურნალისტიკის მეშვეობით დეზინფორმაციისა და საჯარო დისკურსის შესწავლაზეა ფოკუსირებული.
EUvsDisinfo
EUvsDisinfo არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის „აღმოსავლეთ სტრატკომის” (East Stratcom Task Force) ფლაგმანი პროექტი.
ის 2015 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ევროკავშირზე, მის წევრ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებზე გავლენის მქონე რუსეთის ფედერაციის დეზინფორმაციის მიმდინარე კამპანიების უკეთ პროგნოზირებას, მათ მიმართ მოქმედებას და მათზე რეაგირებას.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) და ბრიუსელში მომუშავე ევროკომისიის წარმომადგენელი სტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების წარმოდგენაში, კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
წარმომადგენლობის როლი არის საქართველოში ევროკავშირის წარმოდგენა, ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს ტენდერს.
ტენდერი ცხადდება პროექტის ფარგლებში – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატებისა და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიციირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.
პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა მედია კონტენტის და ასევე სოციალურ ქსელებში კამპანიის წარმოება – „ძალა ევროკავშირშია“ (Strength is in the EU).
„ძალა ევროკავშირშია“(Strength is in the EU) – ამ კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის პროცესს აქტიური მედიაკამპანიის გზით, ევროპული ღირებულებების დაცვასა და განმარტებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული ხელოვნური წინაღობების იდენტიფიცირებასა და მხილებას, მნიშვნელოვანი თემების ინიციირებასა და დისკუსიას.
ტენდერის ფარგლებში შექმნილი მასალების მიზნები:
ცნობიერების გაზრდა – საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირება საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ეფექტურშედეგებზე.
ინფორმირებულობის გაზრდა – საქართველოს იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გასახსნელად.
მითების დამსხვრევა – ევროკავშირთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაციის გაბათილება და მის სანაცვლოდ გადამოწმებული, ფაქტებზე და შედეგებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება.
დადებითი შედეგების ჩვენება – საქართველოს და ევროკავშირის მეგობრობის და პარტნიორობის შედეგად მიღებული მრავალმხრივი დადებითი მაგალითების ჩვენება მარტივი, ხელმისაწვდომი და დასამახსოვრებელი ფორმით.
მხარდაჭერის გაზრდა – საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, ინდივიდების ჩართულობის ზრდა და თანამონაწილეობის განცდის გაჩენა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი თითოეულ მათგანს, მათ ოჯახის წევრს ეხება და უკეთესობისკენ ცვლის მათი ცხოვრების ხარისხს.
მნიშვნელოვანია:სატენდერო მასალების წარმოებისას აქცენტი გაკეთდეს ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის და პარტნიორის სტატუსზე, რაც ხელს შეუწყობს მცდარი აღქმის – ევროკავშირის, როგორც მეურვის და ზედამხედველის იმიჯის ცვლილებას, რომლის დამკვიდრებას და ამ გზით ადამიანების შეცდომაში შეყვანას აქტიურად ცდილობენ. შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან აკავშირებს მეგობრული, თანასწორ უფლებებზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომლის საბოლოო მიზანი ისტორიული მიზნის მიღწევა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა.
სამიზნე ჯგუფები:ფართო საზოგადოება; სტუდენტები, ახალგაზრდები; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები; მცირე, რეგიონული მეწარმეები; ბიზნესკომპანიები; საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები; საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
საკომუნიკაციო არხები: სატენდერო მასალები უნდა გავრცელდეს სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმის (Facebook; Instagram; TikTok; YouTube) საშუალებით და უნდა ეფუძნებოდეს, ტენდერში გამარჯვებული ონლაინ მედია საშუალების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებს.
მონიტორინგი და შეფასება
კოალიციის წევრები გამოიყენებენ მონიტორინგისა და შეფასების შემდეგ მეთოდებს:
ყოველთვიური ანგარიში დასრულებული სამუშაოს დეტალური აღწერა, მათ შორის გამოქვეყნებული მასალები ჰიპერბმულებით
აუდიტორიის ჩართულობის მონიტორინგი და შეფასება;
სოციალური მედიისა და ვებგვერდის სტატისტიკის ანალიზი;
ტენდერში გამარჯვებული მედია საშუალებებისთვის მომზადდება კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა აწარმოოს ტენდერში გამარჯვებულმა მედიამ კამპანია – „ძალა ევროკავშირშია“.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
მოსამზადებელი მედია პროდუქტის ერთეულის ფასის ზედა ზღვარი: 200 ევროს ეკვივალენტი ლარში, თანხის ჩარიცხვის დღეს არსებული შეღავათიანი საბანკო კურსით; თანხაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი;
მოსამზადებელი მედია პროდუქტის მინიმალური რაოდენობა 25 ერთეული, მაქსიმალური რაოდენობა 80 ერთეული.
მომზადებისა და გამოქვეყნების პერიოდი: ივლისი – ოქტომბერი, 2024
ტენდერში მონაწილეობის პროცედურა
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ონლაინ მედია საშუალებებმა უნდა წარმოადგინონ:
სრულყოფილად შევსებული სატენდერო წინადადება
განმცხადებელი ორგანიზაციის დასახელება
მედია პლატფორმა
რეგიონული ფოკუსი არსებობის შემთხვევაში
გამომცემლობის ენა
სოციალური მედიის ქსელები [გამომწერების რაოდენობის მითითებით]
განხორციელების პერიოდი
საკონტაქტო პირი
ინფორმაცია განმცხადებელი ორგანიზაციის შესახებ – ისტორია და საქმიანობის მოკლე აღწერა, აუდიტორიის დახასიათება და გავლენები.
სატენდერო წინადადება – მიუთითეთ რა ფორმატის და რაოდენობის მედიაპროდუქტს შექმნით თანამშრომლობის შემთხვევაში
გამოცდილება და მაგალითები – მიუთითეთ თუ გქონიათ საინფორმაციო კამპანიის წარმოების გამოცდილება ან/და ის მედიაპროდუქტები, რომელთა მსგავსის შექმნასაც გეგმავთ კამპანიის ფარგლებში
ბიუჯეტი
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ.
კონკურსში მონაწილეთა შეფასების სქემა
შეფასების კომპონენტი – გამოცდილება, პროფესიული მედიასტანდარტები და რეპუტაცია; შეფასების წონა – 30%
შეფასების კომპონენტი – კრეატიული კონცეფცია და ხედვა; შეფასების წონა – 30%;
შეფასების კომპონენტი – ერთი საინფორმაციო ნიმუში (პოსტის ტექსტი და ვიზუალი), შეფასების წონა – 20%;
შეფასების კომპონენტი – მომსახურების ღირებულება; შეფასების წონა – 20%.
პროექტის განმახორციელებელი გუნდი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით ინტერვიუს ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
პრეტენდენტს შეარჩევს პროექტის გუნდი. შემსყიდველი ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.
განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2024 წლის 25 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: batumi_ijh@yahoo.com. სათაურში მიუთითეთ „ძალა ევროკავშირშია“.
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე: ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი #48;
პროექტი მხარს უჭერს ევროკავშირი, მას ახორციელებს კონსორციუმი „კონრად ადენაუერის ფონდის“ (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH).
დღეს 20 მაისს, საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა მე-12 კლასელებისთვის.
ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასელები სამახსოვრო წარწერებს უტოვებენ თანაკლასელებს მაისურებზე.ასე აღნიშნავენ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები ბოლო ზარს.„შინ ევროპაში“ – ბოლო ზარზე მე-8 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი გოგოსთვისბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ერთმანეთს თეთრი პერანგები სამახსოვრო წარწერებით მოუხატეს.
დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია მე-12 კლასელების „თეთრპერანგიანების მარში“ – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. ამით ახალგაზრდები გამოხატავენ თავიანთ მისწრაფებას და სურვილს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირი წევრი და ვერ შეძლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანა.
„როცა წლების წინ, პირველად შევხედე საქართველოს რუკას, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო პატარა ხაზებით იყო გამოყოფილი, ამ ტერიტორიებზე მისვლა, ჩვენი ისტორიის და კულტურის დაფასება კი არ შეგვეძლო, ალბათ ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც წარმომედგინა“, – ამბობს 18 წლის გიორგი დუმბაძე.
სამოქალაქო აქტივისტი თითქმის ერთი თვეა ანტირუსულ აქციებზე დგას და სხვა თანატოლებთან ერთად ებრძვის რუსეთის რბილ ძალას საქართველოში.
გიორგი მიიჩნევს, რომ რუსულ ძალას, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უნდა ვებრძოლოთ, რადგან ოკუპანტმა ქვეყანამ ვერ შეძლოს ფეხის მოკიდება, ვერც ქვეყნის ეკონომიკაში და ვერც კულტურაში.
„თბილისში როცა გვიწევს მე და ჩემს მეგობრებს ტაქსით გადაადგილება, მაგალითად არ ვიძახებთ რუსულ ტაქსის და ვიძახებთ ისეთს, რომელიც არ ემსახურება რუსულ მიზნებს.
აი ის ფაქტი თუნდაც, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ კომპანიებს ბოიკოტი გამოუცხადეს ადამიანებმა, ესეც არის ჩვენი სამოქალაქო პოზიცია და ბრძოლა რუსულ ძალასთან.
ასევე შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსული პროდუქციის მოხმარებაზე და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი ბრძოლა.
შარჟად ქცეული რუსული ზეთისთვის უარის თქმაც არის ასევე ნაბიჯი იქითკენ, რომ არ გააძლიერო რუსული ეკონომიკა.
ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ წინა წლის მონაცემებით „გაზპრომმა“, თითქმის 7 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა. ასეთი პატარ-პატარა და მკვეთრი ნაბიჯებით შეგვიძლია ვებრძოლოთ რუსეთს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც საკმაოდ კარგად აქვს ფესვი გადგმული სამწუხაროდ“, – ამბობს გიორგი დუმბაძე.
გიორგი დუმბაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმში.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში შესამჩნევია ის ფაქტი, რომ სამომხმარებლო ბიზნესი ნაკლებად უტოვებს არჩევანს მომხმარებლებს და თითქოს ნელ-ნელა იდევნება ევროპული პროდუქცია სამომხმარებლო ბაზრიდან.
„ბუნებრივია, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი, როცა მაღაზიაში შედის პროდუქტის საყიდლად. ამიტომ ქსელური მაღაზიების ასეთ პოლიტიკასაც უნდა ვებრძოლოთ, რომლებიც დევნიან არარუსულ პროდუქციას და აღარ უტოვებენ ადამიანებს არჩევანის შესაძლებლობას.
თუმცა ამაზეც აქვთ ადამიანებს მყისიერი რეაგირება ხოლმე, იქმნება ჯგუფები, იქმნება გვერდები და ძალიან მარტივად ამბობენ უარს იმ მაღაზიის თუ კომპანიის მომსახურებაზე, რომლებიც ქვეყნისა და ხალხისთვის საზიანო რაღაცებს აკეთებენ, ბოიკოტს უცხადებენ.
გიორგი დუმბაძე/აქტივისტი
რაც შეეხება რუსულ მუსიკას, გიორგი ამბობს, რომ აქ ცალსახა პოზიცია არ აქვს.
„შეიძლება ჩემს ტელეფონშიც ნახოს ვინმემ რუსულენოვანი მუსიკა, რადგან არიან მაგალითად უკრაინელი მუსიკოსები, რომლებიც რუსულად მღერიან, არიან ისეთი რუსულენოვანი მომღერლები, რომლებმაც მთელი კარიერა უკრაინას მიუძღვნეს და მაქსიმალურად ეხმარებიან.
თუმცა, მეორე მხრივ, გვაქვს რუსული შანსონი, რომელიც მართლაც გამაღიზიანებელია ჩემთვის პირადად, როცა მანქანებიდან მესმის. ასეთ მუსიკაში შეიძლება წავაწყდეთ იმპერიალისტურ ნარატივს, რომელიც მართლა პროპაგანდასავით მუშაობს.
მაგალითად, თბილისში როცა შარდენზე რუსები შეიკრიბნენ და ჩართეს თავიანთი პროპაგანდისტული მუსიკა, აი ეს იყო ის მომენტი, როცა ჩვენ ყველამ ერთხმად ამის უფლება არ უნდა მივცეთ. რადგან ამ სიმღერებსა და ტექსტებში მართლა იკითხება ის, რასაც მთელი გულით და სულით ვებრძვით“, – ამბობს გიორგი.
მისი აზრით, ოკუპანტებზე მეტად მასში ის ქართველები იწვევენ ბრაზს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ ძალას ამ ქვეყანაში.
2023 წელს, ბათუმში რუსული გემის შემოსვლას მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ.
„აქ ვიყავი გასულ ზაფხულს, როცა რუსული გემიდან ჩამოსული რუსები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ „გაათავისუფლეს“ აფხაზეთი ჩვენგან და ასე შემდეგ. არ მიკვირს, ყველაზე მტკივნეული და ყველაზე გასაბრაზებელი არის იმ ადამიანების, იმ ქართველების არსებობა, რომლებმაც შეიძლება წამითაც კი მაინც მხარი დაუჭირონ ასეთ რუსულ პოლიტიკას.
თბილისი/რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან.
როცა ხედავ, რომ შენი თანამოქალაქე, შენი ძმა, რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გაკავშირებს, ერთი ქვეყნის შვილები როცა ვართ და ამ დროს ხედავ, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც რუსეთმა გაგვიკეთა, საუკუნეების განმავლობაში რასაც გვიკეთებდა და ახლაც აკეთებს, როცა სასაზღვრო ქალაქებიდან და სოფლებიდან ადამიანებს იტაცებენ და ამის ფონზე ხედავ, რომ ვიღაც მხარს უჭერს რუსულ პოლიტიკას, ეს არის ყველზე გამაღიზიანებელი. ჩემი აზრით, ჯერ ეს პრობლემა უნდა აღმოვფხვრათ.
1783 წლიდან მოყოლებული ვხედავთ, ვინ არის რუსეთი. ოკუპანტი, ტერორისტული ქვეყანა და უნდა გავიაზროთ, რომ ყველანაირი გაგებით დიდი ბრძოლა გველის წინ იმ იმპერიასთან, რომელსაც ჩვენი სამშობლოს ჩაყლაპვა და განადგურება სურს.
მათ უნდოდათ და უნდათ საქართველო ქართველების გარეშე. ამას ისინი ვერასდროს მიაღწევენ“, – ამბობს გიორგი დუმბაძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 493 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
ტანკი – 7 590 ერთეული [+14]
ჯავშანტექნიკა – 14 665 ერთეული [+35]
საარტილერიო სისტემა – 12 737 ერთეული [+50]
MLRS – 1 076 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 807 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 354 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 236 ერთეული [+81]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 205 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 27 ერთეული [+1]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 17 311 ერთეული [+60]
სპეცტექნიკა – 2 079 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
601 თვითმფრინავი
274 ვერტმფრენი
24 419 უპილოტო საფრენი აპარატი
523 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 097 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 305 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 700 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 843 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„არ ვიცი, რამდენად სიმბოლურია, მაგრამ რუსულის მასწავლებელთან ერთად უშუალოდ გაკვეთილზე ვსაუბრობდით ოკუპაციაზე. მაშინ ვისაუბრეთ ანწუხელიძეზე. პირველად პროტესტი გამიჩნდა სკოლის პერიოდში, მე-11 თუ მე-10 კლასში ვიყავი…“ – გვპასუხობს მეგი დიასამიძე. ეს აქტივისტია სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტიდან“, ბარიკადებთან საქართველოს დროშით, ან მეგაფონით ხელში რომ ხშირად შეხვდებით.
მეგი დიასამიძეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვესაუბრებით, ვიდრე მორიგი საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბებოდნენ. აქტივისტისგან გვაინტერესებს: როგორ გამოხატავს პროტესტს ოკუპაციის მიმართ ყოველდღიურობაში, საპროტესტო აქციებს მიღმა? როდის გაუჩნდა პირველად პროტესტი? რა შეუძლია ინდივიდუალურ პროტესტს?
„ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ გიორგი ანწუხელიძეზე, თუ როგორ აწამეს. მანამდეც მქონდა, რა თქმა უნდა, პროტესტის განცდა, მაგრამ როდესაც დეტალურად ვეცნობოდი მის პერსონაჟს, მისი ბრძოლის პროცესს, დიდი პროტესტის განცდა გამიჩნდა მე, როგორც ქართველს, გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მეც მეტი გამეკეთებინა და ანწუხელიძის ბრძოლა არ ყოფილიყო უშედეგო.
დღეს ისეთი პროცესია სახელმწიფოში, რაც არ არის მარტო: „არა რუსულ კანონს“, ეს არის „არა რუსულ რეჟიმს“ და „არა მოღალატე ხელისუფლებას“, რომელმაც ყველაფერი იკადრა იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის,“ – პარლამენტისკენ მიმავალ ადამიანებს გაჰყურებს მეგი.
უკვე ისმის საყვირების ხმა, შეძახილები, მოქალაქეები ჩქარი ნაბიჯებით მიდიან რუსთაველზე.
მეგი დიასამიძე ერთ-ერთია, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებს. ის ბათუმელია და 22 წლისაა. „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებამდე, „ჯიუტელი“ მეგი დიასამიძე სხვადასხვა აქციაზე ჩნდებოდა, მაგალითად, აპროტესტებდა რუსული გემის შემოსვლას ბათუმში.
მეგი დიასამიძე რუსული გემის წინააღმდეგ
მანამდე, 2023 წელს მეგი დიასამიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნათქვამი „ლაჩრულად წაგებულ ომზე“ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გააპროტესტა.
სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტი“ 2022 წელს შეიქმნა. მეგი დიასამიძე გვიყვება, რომ მოძრაობაში სხვა აქტივისტებთან ერთად მას შემდეგ გაერთიანდა, როცა უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და მკაფიოდ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ „რუსეთუმე პოზიციები“.
„ჩვენ ლიდერი არ გვყავს, ლიდერი არის აზრის თავისუფლად გამოხატვა… აქ სტუდენტებიც არიან, ლექტორებიც, ექიმებიც,“ – დასძინა მეგი დიასამიძემ. მისი თქმით, მოძრაობა ძირითადად თვითორგანიზების ხარჯზე და დაფინანსების გარეშე ერთვება სხვადასხვა აქტივობაში.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მეგი დიასამიძეს კატეგორიულად გადაუწყვეტია, რუსულად არ ესაუბრა. ამ დროს მეგი სტუდენტი იყო და პარალელურად მუშაობდა. ამის გამო მას სამსახურის დატოვებაც რამდენჯერმე მოუხდა:
„როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ მომსახურების სფეროში მომხმარებელთან არ მქონოდა რუსულ ენაზე კომუნიკაცია და დღემდე ასე გრძელდება.
ეს საჭიროა და აუცილებელი. მართლა მგონია, რომ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დადის საქმე. ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ ადგილას, ჩვენს მაქსიმუმს თუ დავდებთ, შედეგსაც აუცილებლად მივაღწევთ.
ძალიან კარგად ვიცი, ბათუმში, თუნდაც თბილისში, რა რაოდენობით რუსი მოქალაქეები არიან. კატეგორიულად გადავწყვიტე, რომ მათთან რუსულად არ მესაუბრა. ბევრჯერ მქონია მომენტი, როცა ძალიან თამამები და აგრესიულები ყოფილან, თუ რატომ არ ვესაუბრები რუსულად. როცა უხსნი ამ ყველაფერს მათ ქართულად, რომ გააგებინო, ინგლისურადაც ესაუბრები, ვერ იგებენ, არ იგებენ, ჩემი აზრით, უფრო არ იგებენ…
ჩემთვის მარტივია, ვუთხრა დამსაქმებელს, რომ თუ ამის შესაძლებლობა არ მექნება, არ ვიმუშავებ. არის კომპანიები, სადაც მენეჯერს უთქვამს, რომ არ ვისაუბროთ რუსულად. მქონია მომენტი, – მომსახურების სფერო ვართ და მომხმარებელს უნდა შევუქმნათ კომფორტიო. ბევრი თანამშრომელი მყოლია, როდესაც ეს აზრი არ გვაინტერესებდა. ამიტომაც, სამსახურში ვუთანხმებდი მენეჯერებს, რომ მე ამას არ გავაკეთებ და თუ შენ ამაში შემზღუდავ, არ ვიმუშავებ.
მაგის გამო მეხუმრებიან, რომ ხშირად იცვლი სამსახურსო. ძირითადი მიზეზი ეს იყო, განსაკუთრებით მაგ პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, რომ 2 თვის განმავლობაში 2-ჯერ შევიცვალე სამსახური: შესაძლებლობა არ მომცა ჩვენმა მხარემ, რომ რუსულად არ გვესაუბრა, არ გაიაზრეს, არ ადარდებდათ ეს ყველაფერი,“ – გვიყვება მეგი დიასამიძე.
მეგი დიასამიძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე. 2022 წლის აპრილი
აქტივისტი მიიჩნევს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ინდივიდუალურად პროტესტი ვაჩვენოთ და დისკომფორტი შევუქმნათ. მეგი დარწმუნებულია, რომ „მინიმალური ნაბიჯებით ხდება დიდ გამარჯვებამდე მისვლა.“
„თუ ვეტყვით რუსეთის მოქალაქეებს და არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს, არამედ საქართველოს ხელისუფლებას და ამით მთლიანად რუსეთს – „არას“, ეს იქნება პრინციპული ჩვენი მხრიდან და ნებისმიერ მომენტში დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია.
პირველ რიგში, ინდივიდები ვართ და მერე მოქალაქეები, მერე გუნდის წევრები, მერე სახელმწიფოს წევრები. ამიტომ, მე ნებისმიერ ადამიანს ვეტყოდი, რომ თუნდაც ისეთი მომენტი იყოს, რომ სხვამ ვერ გაიგოს და საქვეყნოდ ცნობილი არ გახდეს, ეს უნდა გააკეთო,“ – ამბობს მეგი დიასამიძე.
მეგი დიასამიძე აჭარის მთავრობის წინ გამართულ აქციაზე. 2022 წლის აპრილი
„მათთან დისკუსიაში შესვლას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, მათგან მოდის აგრესია, რომელიც მე არ მაინტერესებს: მივყვები იდეას, რაც აერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს. ასევე ცდილობენ გაჩვენონ, რომ შენზე მაღლა არიან… წარსულში შენი ბატონები იყვნენ. ეს არის გამაღიზიანებელი, ისტორიის არასწორი აღქმა ხდება. ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, შეიცვლება.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ჩემი ერთი პროტესტით რა უნდა მოხდეს? ჩემი აზრით, მსგავსი დამოკიდებულება ოკუპანტების მიმართ ამაღლებს თვითშეფასებას საზოგადოებაში. საკუთარი თავიდან თუ წამოვა იმის გააზრება, რომ მე, ერთიც შევძლებ, ყველა ასე იფიქრებს მერე: მაგალითს მაგალითი მოსდევს, გამოცდილებას – გამოცდილება. ინდივიდუალური პროტესტები შექმნის დიდ ქარცეცხლს,“ – თავდაჯერებულია მეგი დიასამიძე.
მეგი დიასამიძე სპეცრაზმელების წინ აქციაზე „არა რუსულ კანონს“
აქტივისტის დაკვირვებით, ხელისუფლების პროპაგანდა აღარ მუშაობს და მის ირგვლივ ადამიანები, რომლებიც რუსული კანონის მიღებამდე ამბობდნენ, რომ „აპოლიტიკურები არიან“, დღეს სამოქალაქო მოძრაობის წევრები გახდნენ – დაინახეს, რომ ქვეყანა „ოცნების“ ხელისუფლება რუსეთისკენ მიჰყავს.
„ეს ყველაფერი: გაერთიანება, ჯაჭვის შექმნა, მასობრივი დაუმორჩილებლობა, ყოველდღიური პროტესტი, „ქართული ოცნება“ დარწმუნებული იყო იმაში, რომ პროცესის გაწელვასთან ერთად, მუხტი დავარდებოდა და მუხტის დავარდნის ნაცვლად ლოკაციები შეიცვალა, საქართველოს მოსახლეობა ისევ აპროტესტებს, მასობრივი პროტესტი, გაფიცვა და დაუმორჩილებლობა არის ყველაზე დიდი და შედეგიანი გამოსავალი.
ჯენზი თაობა არის დაუმორჩილებელი… აბსოლუტურად პოზიტიური მოლოდინი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ბრძოლა გველოდება წინ, ერთ და ორ დღეში ეს ყველაფერი არ დასრულდება, მაგრამ გვექნება შედეგი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის: ჩვენ არ გავიღვიძებთ რუსეთში, ყველანაირად ცდილობს ამას ხელისუფლება, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ იქნება,“ – უთხრა მეგი დიასამიძემ „ბათუმელებს“.
დღეს, მაისის მესამე კვირას, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე საქართველოშიც აღნიშნეს.
2024 წლის 19 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 კაცია და 2663 – ქალი. 2263 პაციენტი გარდაიცვალა.
შიდსის ცენტრს ცნობით, წელს საქართველოში გამოვლინდა აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა. არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6000-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:
რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ –აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში და ა.შ.
„ჩაიტარე აივ ტესტირება, რადგან დროული დიაგნოსტიკა სრულფასოვანი სიცოცხლის საწინდარია! აივ ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა! შიდსის ცხელი ხაზია – 239 80 18“ – მოუწოდებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი საზოგადოებას.
აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა.
_____________
ფოტო: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის აქცია – თეთრი და წითელი ბუშტების გაშვება შიდსით გარდაცვლილ პაციენტების პატივსაცემად
უკრაინელი მოკრივე, ოლექსანდრ უსიკი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში.
18 მაისს უსიკმა დაამარცხა ცნობილი ბრიტანელი მოკრივე, ტაისონ ფიური. ბრძოლა 12 რაუნდის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამარჯვების შემდეგ უკრაინელმა მოკრივემ გარდაცვლილ მამას მიმართა: „მამა, გესმის? ჩვენ ეს შევძელით!“
თავის მხრივ ფიურიმ განაცხადა, რომ ბრძოლა მან მოიგო, მსაჯების გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი და უსიკთან განმეორებითი მატჩი დააანონსა. უკრაინელმა მოკრივემ განაცხადა, რომ მზადაა შემდეგი ბრძოლისთვის.
_____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ALI HAIDER
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მაისის 21 საათიდან 20 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 21 და 22 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 492 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
ტანკი – 7 576 ერთეული [+16]
ჯავშანტექნიკა – 14 630 ერთეული [+35]
საარტილერიო სისტემა – 12 687 ერთეული [+48]
MLRS – 1 074 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 803 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 354 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 155 ერთეული [+47]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 204 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 17 251 ერთეული [+82]
სპეცტექნიკა – 2 077 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
601 თვითმფრინავი
274 ვერტმფრენი
24 374 უპილოტო საფრენი აპარატი
522 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 085 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 305 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 683 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 815 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში და ამჟამად ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) მკვლევარი, აქვეყნებს მიმართვას თავისი მეგობრებისადმი საქართველოში:
„ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
მსოფლიო თქვენ არ გიცნობთ. შეიძლება, თავადაც არ იცნობთ საკუთარ თავს.
საზღვარგარეთ, საქართველოს აქვს განუვითარებელი, ემოციური, ქაოსური, დაყოფილი, სასტიკი და ზოგჯერ კრიმინალური სახელმწიფოს იმიჯი. ეს ბოლომდე მცდარი არაა, მაგრამ შორსაა მთლიანი სურათისგან.
ნათელი წერტილები – მომღერლები, მოცეკვავეები, მშენებლები, დიზაინერები, ბიზნესმენები, მოჭადრაკეები, დიადი გონების ადამიანები, ხელოსნები… მათ არ იცნობენ.
1920 წლის დამოუკიდებელ საქართველოს, რომლის მეცნიერებითაც შეგიძლია დაიკვეხნო, რომლის პარლამენტშიც ქალები იყვნენ – ეს უცნობია.
მე ვიცნობ საქართველოს და ამ ქვეყნის მიმართ ღრმა სიყვარული მაქვს. მრავალჯერ ვყოფილვარ საქართველოში, პირველად 2005 წელს – პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად, უკანასკნელად კი ბოლო კვირას. ჩემი მეუღლე, ჩემი სიმამრ-სიდედრი, ჩემი გერი, დისწულ-ძმისწულები, ყველანი ქართველები არიან. საქართველოში ინვესტიციაც გვაქვს (ღვინოს ვაწარმოებთ) და გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წარმატებაში.
დღეისთვის, ვითარება შავ-თეთრად მოჩანს. ბოლო დღეებში, როცა მთავრობა აწვებოდა „უცხოეთის აგენტების კანონს“ მიღებას და პოლიტიკურ ოპონენტებს სცემდა, ხოლო საზოგადოებამ გადაავსო ქუჩები, საკითხის ყველა მხარეზე ბევრ მეგობარს ველაპარაკე. დასკვნა? მთავრობა ზედმეტად შორს წავიდა და კურსი უნდა შემოატრიალოს.
ეს არა მარტო კანონის გამოა, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მარგინალიზებული ხდება სულ უფრო და უფრო სახიფათო სამყაროში. კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო რუსეთის იმპერიის პროვინციად გადაქცევისკენ მიდის.
ქართველებმა საკუთარი თავი მსოფლიოს უფრო ფართო სურათში უნდა დაინახონ, სადაც ადამიანთა უმეტესობას მათ ქვეყანაზე მხოლოდ თუ სმენია. უნდა დაფიქრდნენ, როგორ უნდა პოზიციონირებდეს ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში. დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე ქვეყანაზე იყვნენ ფოკუსირებული. იგივე შეუძლიათ პოლიტიკური ლიდერების ახლანდელი თაობის წარმომადგენლებს – როგორც მთავრობიდან, ასევე ოპოზიციიდან.
მსოფლიომ საქართველოს შესახებ რომ იცოდეს, გაიგებდა, რომ ეს ჯადოსნური ადგილია. ძველმა ბერძნებმა ეს იცოდნენ: ისინი მოვიდნენ საქართველოს შავი ზღვის ნაპირზე და გაოცებული იყვნენ მიწის მოსავლიანობით, ქვეყნის სილამაზით, ღვინით. სწორედ საქართველოში შექმნეს მათ ოქროს საწმისის ლეგენდა.
ქართველი ქალები მსოფლიოში ყველაზე ლამაზებსა და ძლიერებს შორის არიან. შემთხვევითობა არაა ის, რომ ვისაც დასავლეთში „დედოფალს“ დაუძახებდნენ, საქართველოში თამარ „მეფეა“. ქართველებს ჯერ კიდევ ძველი დროიდან ესმოდათ ქალების ნამდვილი ძალა.
ქართული საჭმელი გასტრონომიული თავგადასავალია. გემოებიანი, განსხვავებული, გაბედული, ზოგჯერ მარტივი, ზოგჯერ განურჩევადი, მაგრამ გემრიელი. ამავე დონეზე მხოლოდ ლიბანური, იტალიური და იაპონური სამზარეულოა.
ქართული გეოგრაფია საოცრებაა, სიამოვნება თვალისთვის. თოვლიანი მწვერვალები, გასაოცარი მთები, გადაჭიმული ვენახები, ველები, ზღვა, მზის სხივებითა და სუფთა ჰაერით დალოცვილი ბუნება. პოპულარული ანეკდოტის თანახმად, სწორედ ეს მიწა დაიტოვა ღმერთმა თავისთვის მას შემდეგ, რაც შვიდ დღეში დანარჩენი დედამიწა შექმნა.
საქართველომ მსოფლიოს ღვინო უბოძა – არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, 8 000 წლის წინ იქ, სადაც ახლა საქართველოა, ღვინის კეთება დაიწყეს. მადლობა, საქართველო!
ქართველები ევროპელები არიან და მათი ბედი არაა რუსეთის იმპერიის მონობა. ისინი ქრისტიანობის დასაწყისში გახდნენ ქრისტიანები, ბევრად ადრე, სანამ მოსკოვი საერთოდ იარსებებდა. მათი ანბანი შეიქმნა იერუსალიმისი სწავლულთა შორის. თბილისი საუკუნეების განმავლობაში იყო აქტიური ებრაელი თემის სახლი და ერთ თბილისურ რაიონში შეგიძლია ნახო სინაგოგა, ეკლესია და მეჩეთი. წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვა ქართული კულტურული სიმბოლო გახდა, არადა ტრადიციით, ეს ისტორია ბევრად შორს მოხდა. საქართველოს პულსი, სტილი, გრძნობები – ყველაფერი ევროპულია.
თუმცა, მსოფლიომ ეს არ იცის. მსოფლიო ხედავს პატარა ქვეყანას. ღარიბ ქვეყანას, რომელიც ჩაჭედილია რუსეთს, ირანს, თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. ქვეყანა ისეთი რეგულარობით იბრძვის საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ გარეშე პირებს აღარაფრის გაკეთება შეუძლიათ მის დასახმარებლად.
„პატარა ქვეყანა, ჩვენგან შორს, რომელზეც არაფერი ვიცით“, – ასეთი იყო ნევილ ჩემბერლენის მიერ 1938 წელს ჰიტლერისთვის ჯერ სუდეტის ოლქის, შემდეგ კი მთელი ჩეხო-სლოვაკეთის ჩაბარების გამართლება. ქართველებმა უნდა იდარდონ, რომ იგივე სენტიმენტით ახლა შეიძლება მოეკიდონ რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს (სამხრეთ ოსეთს) და მთლიან საქართველოს.
ძვირფასო მეგობრებო, საქართველოში 3,5 მილიონზე ცოტა ქართველია, ორიოდე მილიონი კი საზღვარგარეთაა. უფრო მეტი ადამიანი ნიუ-იორკის გარეუბანში ცხოვრობს. დანარჩენი მსოფლიო თითქმის ვერც შეატყობს, თუ საქართველო წარუმატებლობას განიცდის. რატომ ებრძვით ერთმანეთს? არ გაქვთ ამის ფუფუნება. ერთმანეთი გჭირდებათ, ქვეყანა რომ გქონდეთ.
ჩემს მეგობრებს მმართველ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“: რატომ გსურთ თქვენი ნება მოახვიოთ თავს თავისუფლების მოყვარე მოსახლეობას? გულში იცით, რომ „უცხოეთის აგენტების კანონი“ არა გამჭვირვალობას, არამედ ზოგი თანამოქალაქისთვის მოღალატის იარლიყის მიწეპებას ემსახურება, როცა ისინი მოღალატეები არ არიან.
კანდიდატის სტატუსის მიღწევით შეგეძლოთ ოქტომბერში არჩევნები მოგეგოთ. რატომ ჯიუტობთ? რატომაა, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, არ მუშაობენ ერთად ეროვნული ინტერესებისთვის?
ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში: რატომაა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაჟინებით ითხოვენ საკუთარ პარტიებს, გაერთიანების ნაცვლად? რატომაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკოსები კვლავაც ცალ-ცალკე დგანან, როცა ერთად ქართული საზოგადოების განსხვავებულობას წარმოადგენენ? პოლიტიკაში „უნაკლულობა“ არ არსებობს. ადამიანი ბუნებით არასრულყოფილია, მაგრამ ერთად მუშაობით შესაძლებელია იმას მიაღწიო, რასაც მარტო ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს.
ქუჩაში მყოფ პოლიციელებს და სპეცსამსახურების მუშაკებს: რატომ სცემთ თანამოქალაქეებს? ისინი თქვენი ძმები არიან. თქვენი მეზობლის შვილები და შვილიშვილები, თქვენი დეიდები, ბიძები, ბიძაშვილ-დეიდაშვილები. გაიღვიძეთ.
ქართველებმა ერთმანეთს ხელი უნდა გაუწოდოთ, ძირს კი არ დააგდოთ. ქართველი ხალხი, ყველა მათგანი, იმსახურებს მომავალს და არა ბრძოლას.
ყველა ლიდერს საქართველოში: გთხოვთ, გეყოთ ოპონენტების დემონიზება, იპოვეთ გზა, რომ პატივისცემით არ დაეთანხმოთ ერთმანეთს და ამავე დროს იმუშაოთ საერთო მიზნისთვის – გახადოთ საქართველო დიდებული ქვეყანა, როგორიც ერთ დროს იყო და როგორიც შეუძლია კვლავ გახდეს. მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება. ქვეყანა უპირველეს ყოვლისა, როგორც ჯონ მაკკეინი იტყოდა.
საქართველოს წარმატება ყველასთვის წარმატება იქნება, ისევე, როგორც ჩავარდნა. და თუ საქართველო დაეცემა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შესაძლებლობას გამოიყენებს და საქართველოსგან მოიპარავს, რუსეთია.
ნუ დაიბნევით. დასავლეთის ქვეყნები საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს. რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და საქართველოსგან მოიპარა. ჩინეთი შორსაა და მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს. რუსეთს კვლავაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და მთელი ტერიტორიის მადაც აქვს. პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა საქართველოში მხოლოდ რუსეთს ახეირებს.
როგორ შეუძლიათ ქართველებს ერთად მუშაობა? აგერ, რამდენიმე მოკრძალებული იდეა.
გაიხმეთ უცხოეთის აგენტების კანონი
მთავრობის წარმომადგენლებმა იციან, რომ ესაა საბჭოთა სტილის რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც პუტინმა 2012 წელს რუსეთში გამოიყენა. ამ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან, ამერიკული სტილის კანონთან. თუმცა, ამ კანონს აქვს საერთო საზოგადოების ნაწილისთვის მოღალატის იარლიყის მიწებებასთან. არადა, ისინი არიან პატრიოტები, რომლებსაც უბრალოდ დამოუკიდებელი ხედვა აქვთ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს, გამოიყენეთ შესაძლებლობა, გაიხმეთ კანონი და სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.
შეთანხმდით და დაიცავით საბაზისო პრინციპები
ირონია იმაშია, რომ როცა უყურებ დაპირისპირებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ორივენი, შინაარსობრივად, ამბობენ, რომ ერთი და იგივე სურთ: საქართველოს ევროინტეგრაცია. თუმცა, რეალურად მთავრობა ამისკენ გზას ხერგავს. კანონის გახმობის შემდეგ, უნდა იყოს ეროვნული დიალოგი, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ევროინტეგრაცია. უპირველეს ყოვლისა, ყველა ერთგული უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ქართველი ხალხისთვის საკუთარი ბედის არჩევანის მიცემის.
ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია
ყველა ჯანსაღ დემოკრატიაში არის მთავრობა და ოპოზიცია, რომლებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს დემოკრატიული პოლიტიკის წესებით. საქართველოს ჰყავს მთავრობა და სრულიად დაყოფილი ოპოზიცია, რაც მთავრობას ეხმარება. რა მნიშვნელობა აქვს, თუ მოსახლეობის მესამედი ხმას აძლევს ძალებს, რომელთა ხმებიც ათობით ისეთ პარტიაზე იყოფა, რომელიც ვერასდროს ახერხებს ბარიერის დაძლევას? ყველა ამ ამომრჩევლის ხმა დაიკარგება.
ამის თავიდან ასაცილებლად ოპოზიციურმა პარტიებმა გვერდზე უნდა გადადონ პოლიტიკური უნიკალურობის სურვილი და ჩამოაყალიბონ ერთი პლატფორმა, რომელიც საზოგადოების საუკეთესო ხმებს წარმოადგენს – ახალგაზრდა მომიტინგეებს, პატივსაცემ დამოუკიდებელ ხმებს, ყოფილ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, დიასპორას და ასე შემდეგ. უნდა იყოს ნეიტრალური პლატფორმა, სადაც ყველა ქართველი პარტნიორი თანაბრადაა მისასალმებელი, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს მთავრობაში მუშაობს. ქართველი ხალხის წარმოსაჩენად მრავალფეროვანი/ მრავალფეროვანი/ფართომასშტაბიანი მოძრაობის შემნა აუცილებლობაა.
ტექნოკრატიული მთავრობა
ხელისუფლებაში პოლიტიკოსების შეყრის ნაცვლად, ლიდერები უნდა შეთანხმდნენ ტექნოკრატიული მთავრობის დანიშვნაზე – ერთი წლით მაინც, უბრალოდ ქვეყნის პროფესიონალურად სამართავად. პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა, ექნებათ ვეტოს უფლება, მაგრამ, მინისტრებად ხალხის პარტიული კუთვნილებით დანიშვნა მხოლოდ განაგრძობს ცინიზმისა და შურის ციკლს, რომელიც საქართველოს დღემდე მოსდევს. მთავრობას პოლიტიკური კუთვნილების გარეშე შეუძლია შეაჩეროს ეს ციკლი.
უარის თქმა პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზებასა და დევნაზე
მთავრობამ უმალ უნდა შეაჩეროს პოლიტიკური ოპოზიციის და მთლიანად საზოგადოების დევნა და ძალადობა. წარმოვიდგინოთ, რაც ახლა შეუძლებელი ჩანს. საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება და მთავრობა აგებს. ვინც არ უნდა მოიგოს, მომავალი მთავრობისთვის აუცილებელი იქნება, არ წავიდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების და დევნის გზით. ეს მხოლოდ მეტ თვითგანადგურებას გამოიწვევს.
ამის ნაცვლად, ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში არჩევნების შემდეგ, ყველაფერი უნდა გააკეთოს ეროვნული ერთობის ასაშენებლად. უნდა იყოს სტაბილურობის, მშვიდობის, კანონის რეალური უზენაესობის და ევროინტეგრაციის დაპირება. წარსულისთვის ცეცხლის შენთება მხოლოდ მომავალ კონფლიქტს გამოიწვევს. „ქართული ოცნება“ 2012 წელს ამ პლატფორმაზე იღებდა მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ახლა ზუსტად იმას აკეთებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას აბრალებდა.
წარმატებები, ჩემო ქართველო მეგობრებო. ევროკავშირისა და ნატოს კარი ღიაა. იცდის თავისუფლება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება. გვსურს, შემოგვიერთდეთ, როგორც თანასწორნი და მზად ვართ დასახმარებლად.
რუსეთს თქვენი დამორჩილება სურს და ასეც იზამს, საშუალებას თუ მისცემთ. ისინი ამ მიზნის მისაღწევად რაც კი შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ.
გთხოვთ, უარი თქვით მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებაზე, ააშენეთ დიდებული ქვეყანა, გაერთიანდით, იყავით მამაცნი და იყავით თავისუფალი და კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მქონე ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი.