თარგმანი: ნიკა ბურდული
___
კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში და ამჟამად ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) მკვლევარი, აქვეყნებს მიმართვას თავისი მეგობრებისადმი საქართველოში:
„ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
მსოფლიო თქვენ არ გიცნობთ. შეიძლება, თავადაც არ იცნობთ საკუთარ თავს.
საზღვარგარეთ, საქართველოს აქვს განუვითარებელი, ემოციური, ქაოსური, დაყოფილი, სასტიკი და ზოგჯერ კრიმინალური სახელმწიფოს იმიჯი. ეს ბოლომდე მცდარი არაა, მაგრამ შორსაა მთლიანი სურათისგან.
ნათელი წერტილები – მომღერლები, მოცეკვავეები, მშენებლები, დიზაინერები, ბიზნესმენები, მოჭადრაკეები, დიადი გონების ადამიანები, ხელოსნები… მათ არ იცნობენ.
1920 წლის დამოუკიდებელ საქართველოს, რომლის მეცნიერებითაც შეგიძლია დაიკვეხნო, რომლის პარლამენტშიც ქალები იყვნენ – ეს უცნობია.
მე ვიცნობ საქართველოს და ამ ქვეყნის მიმართ ღრმა სიყვარული მაქვს. მრავალჯერ ვყოფილვარ საქართველოში, პირველად 2005 წელს – პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად, უკანასკნელად კი ბოლო კვირას. ჩემი მეუღლე, ჩემი სიმამრ-სიდედრი, ჩემი გერი, დისწულ-ძმისწულები, ყველანი ქართველები არიან. საქართველოში ინვესტიციაც გვაქვს (ღვინოს ვაწარმოებთ) და გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წარმატებაში.
დღეისთვის, ვითარება შავ-თეთრად მოჩანს. ბოლო დღეებში, როცა მთავრობა აწვებოდა „უცხოეთის აგენტების კანონს“ მიღებას და პოლიტიკურ ოპონენტებს სცემდა, ხოლო საზოგადოებამ გადაავსო ქუჩები, საკითხის ყველა მხარეზე ბევრ მეგობარს ველაპარაკე. დასკვნა? მთავრობა ზედმეტად შორს წავიდა და კურსი უნდა შემოატრიალოს.
ეს არა მარტო კანონის გამოა, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მარგინალიზებული ხდება სულ უფრო და უფრო სახიფათო სამყაროში. კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო რუსეთის იმპერიის პროვინციად გადაქცევისკენ მიდის.
ქართველებმა საკუთარი თავი მსოფლიოს უფრო ფართო სურათში უნდა დაინახონ, სადაც ადამიანთა უმეტესობას მათ ქვეყანაზე მხოლოდ თუ სმენია. უნდა დაფიქრდნენ, როგორ უნდა პოზიციონირებდეს ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში. დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე ქვეყანაზე იყვნენ ფოკუსირებული. იგივე შეუძლიათ პოლიტიკური ლიდერების ახლანდელი თაობის წარმომადგენლებს – როგორც მთავრობიდან, ასევე ოპოზიციიდან.
მსოფლიომ საქართველოს შესახებ რომ იცოდეს, გაიგებდა, რომ ეს ჯადოსნური ადგილია. ძველმა ბერძნებმა ეს იცოდნენ: ისინი მოვიდნენ საქართველოს შავი ზღვის ნაპირზე და გაოცებული იყვნენ მიწის მოსავლიანობით, ქვეყნის სილამაზით, ღვინით. სწორედ საქართველოში შექმნეს მათ ოქროს საწმისის ლეგენდა.
ქართველი ქალები მსოფლიოში ყველაზე ლამაზებსა და ძლიერებს შორის არიან. შემთხვევითობა არაა ის, რომ ვისაც დასავლეთში „დედოფალს“ დაუძახებდნენ, საქართველოში თამარ „მეფეა“. ქართველებს ჯერ კიდევ ძველი დროიდან ესმოდათ ქალების ნამდვილი ძალა.
ქართული საჭმელი გასტრონომიული თავგადასავალია. გემოებიანი, განსხვავებული, გაბედული, ზოგჯერ მარტივი, ზოგჯერ განურჩევადი, მაგრამ გემრიელი. ამავე დონეზე მხოლოდ ლიბანური, იტალიური და იაპონური სამზარეულოა.
ქართული გეოგრაფია საოცრებაა, სიამოვნება თვალისთვის. თოვლიანი მწვერვალები, გასაოცარი მთები, გადაჭიმული ვენახები, ველები, ზღვა, მზის სხივებითა და სუფთა ჰაერით დალოცვილი ბუნება. პოპულარული ანეკდოტის თანახმად, სწორედ ეს მიწა დაიტოვა ღმერთმა თავისთვის მას შემდეგ, რაც შვიდ დღეში დანარჩენი დედამიწა შექმნა.
საქართველომ მსოფლიოს ღვინო უბოძა – არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, 8 000 წლის წინ იქ, სადაც ახლა საქართველოა, ღვინის კეთება დაიწყეს. მადლობა, საქართველო!
ქართველები ევროპელები არიან და მათი ბედი არაა რუსეთის იმპერიის მონობა. ისინი ქრისტიანობის დასაწყისში გახდნენ ქრისტიანები, ბევრად ადრე, სანამ მოსკოვი საერთოდ იარსებებდა. მათი ანბანი შეიქმნა იერუსალიმისი სწავლულთა შორის. თბილისი საუკუნეების განმავლობაში იყო აქტიური ებრაელი თემის სახლი და ერთ თბილისურ რაიონში შეგიძლია ნახო სინაგოგა, ეკლესია და მეჩეთი. წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვა ქართული კულტურული სიმბოლო გახდა, არადა ტრადიციით, ეს ისტორია ბევრად შორს მოხდა. საქართველოს პულსი, სტილი, გრძნობები – ყველაფერი ევროპულია.
თუმცა, მსოფლიომ ეს არ იცის. მსოფლიო ხედავს პატარა ქვეყანას. ღარიბ ქვეყანას, რომელიც ჩაჭედილია რუსეთს, ირანს, თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. ქვეყანა ისეთი რეგულარობით იბრძვის საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ გარეშე პირებს აღარაფრის გაკეთება შეუძლიათ მის დასახმარებლად.
„პატარა ქვეყანა, ჩვენგან შორს, რომელზეც არაფერი ვიცით“, – ასეთი იყო ნევილ ჩემბერლენის მიერ 1938 წელს ჰიტლერისთვის ჯერ სუდეტის ოლქის, შემდეგ კი მთელი ჩეხო-სლოვაკეთის ჩაბარების გამართლება. ქართველებმა უნდა იდარდონ, რომ იგივე სენტიმენტით ახლა შეიძლება მოეკიდონ რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს (სამხრეთ ოსეთს) და მთლიან საქართველოს.
ძვირფასო მეგობრებო, საქართველოში 3,5 მილიონზე ცოტა ქართველია, ორიოდე მილიონი კი საზღვარგარეთაა. უფრო მეტი ადამიანი ნიუ-იორკის გარეუბანში ცხოვრობს. დანარჩენი მსოფლიო თითქმის ვერც შეატყობს, თუ საქართველო წარუმატებლობას განიცდის. რატომ ებრძვით ერთმანეთს? არ გაქვთ ამის ფუფუნება. ერთმანეთი გჭირდებათ, ქვეყანა რომ გქონდეთ.
ჩემს მეგობრებს მმართველ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“: რატომ გსურთ თქვენი ნება მოახვიოთ თავს თავისუფლების მოყვარე მოსახლეობას? გულში იცით, რომ „უცხოეთის აგენტების კანონი“ არა გამჭვირვალობას, არამედ ზოგი თანამოქალაქისთვის მოღალატის იარლიყის მიწეპებას ემსახურება, როცა ისინი მოღალატეები არ არიან.
კანდიდატის სტატუსის მიღწევით შეგეძლოთ ოქტომბერში არჩევნები მოგეგოთ. რატომ ჯიუტობთ? რატომაა, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, არ მუშაობენ ერთად ეროვნული ინტერესებისთვის?
ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში: რატომაა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაჟინებით ითხოვენ საკუთარ პარტიებს, გაერთიანების ნაცვლად? რატომაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკოსები კვლავაც ცალ-ცალკე დგანან, როცა ერთად ქართული საზოგადოების განსხვავებულობას წარმოადგენენ? პოლიტიკაში „უნაკლულობა“ არ არსებობს. ადამიანი ბუნებით არასრულყოფილია, მაგრამ ერთად მუშაობით შესაძლებელია იმას მიაღწიო, რასაც მარტო ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს.
ქუჩაში მყოფ პოლიციელებს და სპეცსამსახურების მუშაკებს: რატომ სცემთ თანამოქალაქეებს? ისინი თქვენი ძმები არიან. თქვენი მეზობლის შვილები და შვილიშვილები, თქვენი დეიდები, ბიძები, ბიძაშვილ-დეიდაშვილები. გაიღვიძეთ.
ქართველებმა ერთმანეთს ხელი უნდა გაუწოდოთ, ძირს კი არ დააგდოთ. ქართველი ხალხი, ყველა მათგანი, იმსახურებს მომავალს და არა ბრძოლას.
ყველა ლიდერს საქართველოში: გთხოვთ, გეყოთ ოპონენტების დემონიზება, იპოვეთ გზა, რომ პატივისცემით არ დაეთანხმოთ ერთმანეთს და ამავე დროს იმუშაოთ საერთო მიზნისთვის – გახადოთ საქართველო დიდებული ქვეყანა, როგორიც ერთ დროს იყო და როგორიც შეუძლია კვლავ გახდეს. მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება. ქვეყანა უპირველეს ყოვლისა, როგორც ჯონ მაკკეინი იტყოდა.
საქართველოს წარმატება ყველასთვის წარმატება იქნება, ისევე, როგორც ჩავარდნა. და თუ საქართველო დაეცემა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შესაძლებლობას გამოიყენებს და საქართველოსგან მოიპარავს, რუსეთია.
ნუ დაიბნევით. დასავლეთის ქვეყნები საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს. რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და საქართველოსგან მოიპარა. ჩინეთი შორსაა და მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს. რუსეთს კვლავაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და მთელი ტერიტორიის მადაც აქვს. პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა საქართველოში მხოლოდ რუსეთს ახეირებს.
როგორ შეუძლიათ ქართველებს ერთად მუშაობა? აგერ, რამდენიმე მოკრძალებული იდეა.
- გაიხმეთ უცხოეთის აგენტების კანონი
მთავრობის წარმომადგენლებმა იციან, რომ ესაა საბჭოთა სტილის რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც პუტინმა 2012 წელს რუსეთში გამოიყენა. ამ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან, ამერიკული სტილის კანონთან. თუმცა, ამ კანონს აქვს საერთო საზოგადოების ნაწილისთვის მოღალატის იარლიყის მიწებებასთან. არადა, ისინი არიან პატრიოტები, რომლებსაც უბრალოდ დამოუკიდებელი ხედვა აქვთ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს, გამოიყენეთ შესაძლებლობა, გაიხმეთ კანონი და სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.
- შეთანხმდით და დაიცავით საბაზისო პრინციპები
ირონია იმაშია, რომ როცა უყურებ დაპირისპირებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ორივენი, შინაარსობრივად, ამბობენ, რომ ერთი და იგივე სურთ: საქართველოს ევროინტეგრაცია. თუმცა, რეალურად მთავრობა ამისკენ გზას ხერგავს. კანონის გახმობის შემდეგ, უნდა იყოს ეროვნული დიალოგი, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ევროინტეგრაცია. უპირველეს ყოვლისა, ყველა ერთგული უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ქართველი ხალხისთვის საკუთარი ბედის არჩევანის მიცემის.
- ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია
ყველა ჯანსაღ დემოკრატიაში არის მთავრობა და ოპოზიცია, რომლებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს დემოკრატიული პოლიტიკის წესებით. საქართველოს ჰყავს მთავრობა და სრულიად დაყოფილი ოპოზიცია, რაც მთავრობას ეხმარება. რა მნიშვნელობა აქვს, თუ მოსახლეობის მესამედი ხმას აძლევს ძალებს, რომელთა ხმებიც ათობით ისეთ პარტიაზე იყოფა, რომელიც ვერასდროს ახერხებს ბარიერის დაძლევას? ყველა ამ ამომრჩევლის ხმა დაიკარგება.
ამის თავიდან ასაცილებლად ოპოზიციურმა პარტიებმა გვერდზე უნდა გადადონ პოლიტიკური უნიკალურობის სურვილი და ჩამოაყალიბონ ერთი პლატფორმა, რომელიც საზოგადოების საუკეთესო ხმებს წარმოადგენს – ახალგაზრდა მომიტინგეებს, პატივსაცემ დამოუკიდებელ ხმებს, ყოფილ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, დიასპორას და ასე შემდეგ. უნდა იყოს ნეიტრალური პლატფორმა, სადაც ყველა ქართველი პარტნიორი თანაბრადაა მისასალმებელი, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს მთავრობაში მუშაობს. ქართველი ხალხის წარმოსაჩენად მრავალფეროვანი/ მრავალფეროვანი/ფართომასშტაბიანი მოძრაობის შემნა აუცილებლობაა.
- ტექნოკრატიული მთავრობა
ხელისუფლებაში პოლიტიკოსების შეყრის ნაცვლად, ლიდერები უნდა შეთანხმდნენ ტექნოკრატიული მთავრობის დანიშვნაზე – ერთი წლით მაინც, უბრალოდ ქვეყნის პროფესიონალურად სამართავად. პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა, ექნებათ ვეტოს უფლება, მაგრამ, მინისტრებად ხალხის პარტიული კუთვნილებით დანიშვნა მხოლოდ განაგრძობს ცინიზმისა და შურის ციკლს, რომელიც საქართველოს დღემდე მოსდევს. მთავრობას პოლიტიკური კუთვნილების გარეშე შეუძლია შეაჩეროს ეს ციკლი.
- უარის თქმა პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზებასა და დევნაზე
მთავრობამ უმალ უნდა შეაჩეროს პოლიტიკური ოპოზიციის და მთლიანად საზოგადოების დევნა და ძალადობა. წარმოვიდგინოთ, რაც ახლა შეუძლებელი ჩანს. საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება და მთავრობა აგებს. ვინც არ უნდა მოიგოს, მომავალი მთავრობისთვის აუცილებელი იქნება, არ წავიდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების და დევნის გზით. ეს მხოლოდ მეტ თვითგანადგურებას გამოიწვევს.
ამის ნაცვლად, ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში არჩევნების შემდეგ, ყველაფერი უნდა გააკეთოს ეროვნული ერთობის ასაშენებლად. უნდა იყოს სტაბილურობის, მშვიდობის, კანონის რეალური უზენაესობის და ევროინტეგრაციის დაპირება. წარსულისთვის ცეცხლის შენთება მხოლოდ მომავალ კონფლიქტს გამოიწვევს. „ქართული ოცნება“ 2012 წელს ამ პლატფორმაზე იღებდა მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ახლა ზუსტად იმას აკეთებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას აბრალებდა.
წარმატებები, ჩემო ქართველო მეგობრებო. ევროკავშირისა და ნატოს კარი ღიაა. იცდის თავისუფლება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება. გვსურს, შემოგვიერთდეთ, როგორც თანასწორნი და მზად ვართ დასახმარებლად.
რუსეთს თქვენი დამორჩილება სურს და ასეც იზამს, საშუალებას თუ მისცემთ. ისინი ამ მიზნის მისაღწევად რაც კი შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ.
გთხოვთ, უარი თქვით მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებაზე, ააშენეთ დიდებული ქვეყანა, გაერთიანდით, იყავით მამაცნი და იყავით თავისუფალი და კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მქონე ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი.
ხელგაშლილები გელით“.