„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის“ – წერს ბათუმში არსებული სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ფეისბუქის გვერდზე.
საკითხი ეხება 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე.
რექტორების განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 13 მაისს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ამ პოზიციის დაფიქსირებას განათლების სამინისტრო აიძულებს. ტელევიზიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ წერილი სამინისტროში დაიწერა და უნივერსიტეტებში ხელმოსაწერად გადაიგზავნა.
ამავე თემაზე: უნივერსიტეტების რექტორები სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვას ეწინააღმდეგებიან
ბათუმელი სტუდენტები ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიური საბჭოს მოწვევას ითხოვენ:
„მოვითხოვთ, შეიკრიბოს აკადემიური საბჭო, განიხილოს აღნიშნული ქმედება და დაგმოს მერაბ ხალვაშის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გამოითხოვოს რექტორის ხელმოწერა. სტუდენტების ჯგუფი აუცილებლად უნდა დაესწროს შეხვედრას. მოვითხოვთ გარანტიას, რომ გაფიცულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღადგინონ გაცდენილი ლექციები, სემინარები და გამოცდები. სტუდენტები მუდამ დავიცავთ ჩვენი უნივერსიტეტის სახელსა და ღირსებას“ – წერენ „მარტიანელები“.
„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.აღსანიშნავია, რომ გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ სტუდენტებმა გამოაცხადეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა მათ პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საკუთარ სტუდენტებს, მათ გვერდით იდგებიან, მათ შორის აქციებზე და გაცდენილი ლექცია-სემინარებს მათთან შეთანხმებით, მოგვიანებით აღადგენენ.






