მთავარი,სიახლეები

ბებიას ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა – რეპრესირებულ მუსტაფა ჩახვაძის ისტორია

22.05.2024
ბებიას ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა – რეპრესირებულ მუსტაფა ჩახვაძის ისტორია

„ბებიაჩემს ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა, რადგან რეჟიმმა ორი ადამიანი – ქმარი და ძმა დაუხვრიტა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლევან ფაღავა.

მუსტაფა ჩახვაძე, ლევან ხალვაშის ბებიის, ემინე ხალვაშის მეუღლე იყო. ის 1937 წელს დახვრიტეს. ამავე წელს დახვრიტეს ემინეს 25 წლამდე ძმა, ხასან ხალვაშიც.

„მუსტაფა ჩახვაძე 1902 წელს იყო დაბადებული. შვიდწლიანი განათლება ჰქონდა მიღებული. თუმცა შემდეგ, პარტიული სკოლა დაასრულა. ძალიან ნაკითხი კაცი იყო, განათლებული.

ორთაბათუმში საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა, შემდეგ ბათუმში გადმოიყვანეს ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ.

1937 წელი იყო, როცა ერთ დღეს, კოლექტივში დაიბარეს და უთხრეს, თქვენ რომ ჩაის კაკალი გამოგვიგზავნეთ, მოხარშული იყო და არ ამოვიდაო. ამის გამო დაიჭირეს და დახვრიტეს. მაშინ ხომ დასმენები იყო, ალბათ ვიღაცამ დაასმინა“, – ამბობს ლევან ფაღავა.

ბებიის მონათხრობიდან ახსოვს, რომ მუსტაფა ჩახვაძის დასაჭერად ჟანდარმები ღამით მივიდნენ სახლში. ხელზე ბორკილები დაადეს და წაიყვანეს. „ეს ძალიან ტრაგიკული დღე იყოო, ამბობდა ბებია.

იმ საღამოსვე დაუპატიმრებიათ ბებიაჩემის ძმაც, რომელიც სულ ახალგაზრდა იყო, ალბათ 25 წლამდე და ორი შვილი ჰყავდა.

თუ არ ვცდები, ბებიაჩემის ძმა, მაშინდელ კგბ-ში მუშაობდა და ამბის მიტანის თუ რაღაც ასეთი ბრალდების გამო წაიყვანეს.

ლევან ფაღავა, სტალინის მიერ დახვრეტილი ბაბუის პორტრეტთან.

„ინტურისტების“ წინ სარდაფი იყო და იქ ჰყავდათ ორივე. ბებიას 2-3 თვე ატყუებდნენ, გამოძიება მიდისო და თურმე დახვრეტილი ჰყავდათ. ტყუილად აგზავნიდა „პერედაჩებს“ ბებიაჩემი“, – ამბობს ლევან ფაღავა.

მუსტაფა და ემინე აბაშიძის ქუჩაზე, ე.წ. მთავრობის სახლში, 5-ოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. მუსტაფას დახვრეტის შემდეგ, ემინე ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად გამოასახლეს და ჩამოართვეს ქონებაც.

„ასე დარჩა ბებია, შვილებთან ერთად ღია ცის ქვეშ. ამიტომ, ორთაბათუმში მშობლების სახლში დაბრუნდა.

35 წლის იყო ბაბუა როცა დახვრიტეს. კარგი კაცი იყო, სულ ეხმარებოდა ხალხს. „ემადინი“ ჰყავდა იმით დადიოდა ხოლმე სამსახურში. ქრთამს არ იღებდა, წესიერი კაცი იყო.

ბებია სულ იხსენებდა მის გაკეთებულ საქმეებს და ძალიან უჭირდა მასთან განშორება“, – ამბობს ლევან ფაღავა.

ლევან ფაღავას დედის მოგონებები მამის – მუსტაფა ჩახვაძის შესახებ.

მაგიდაზე თხელ, მომწვანო ფერის რვეულებს აწყობს, სადაც ბებიის მოგონებებია ჩაწერილი.

ერთ ადგილზე ვკითხულობთ, რომ მუსტაფა, ცნობილ მწერალთან, მიხეილ ჯავახიშვილთანაც მეგობრობდა, რომელიც ასევე დახვრიტა სტალინის რეჟიმმა.

„მამას ახლო მეგობრობა ჰქონდა მიხეილ ჯავახიშვილთან. როცა ჯავახიშვილი ბათუმში ჩამოვიდა, მწერალთა კავშირში ჩაატარა კრება, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მამა.

მიხეილ ჯავახიშვილი მამას ყოველთვის უსახსოვრებდა ხოლმე მის მიერ ახლად გამოცემულ წიგნებს. მახსოვს, ძველ სახლში კედლის ღუმელი გვქონდა. ერთ საღამოს მამამ მოიტანა „არსენა მარაბდელი“, „თეთრი საყელო“ და დაწვას აპირებდა. მე ხელიდან გამოვტაცე წიგნები და ვკითხე, რატომ წვავ-მეთქი. „არ შეიძლება რომ გვქონდესო“, – მითხრა.

მე უკვე ვკითხულობდი ამ წიგნებს და გული დამწყდა“, – ასე იხსენებს მუსტაფას ქალიშვილი ამ ჩანაწერებში რეპრესიებს.

ამავე ჩანაწერებში ნახსენებია ვინმე გობეჩიაც, რომელიც იმ პერიოდში აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ყოფილა და ასევე გამხდარა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი.

„თბილისში გადაიყვანეს და ისიც იყო რეპრესირებული“, – წერია მოგონებების რვეულში.

სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილი მუსტაფა ჩახვაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად/ფოტო: საოჯახო ალბომიდან.

მუსტაფა ჩახვაძის რეაბილიტაცია სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1955 წელს მოხდა.

რეაბილიტაციის მიუხედავად, მუსტაფას მეუღლე და მისი შვილი მაინც ვერ დაბრუნდნენ თავიანთ ბინაში, რადგან იქ უკვე სხვა ოჯახი იყო შესახლებული.

„ბებიაჩემის დეიდაშვილი იყო შესული ჩვენს ბინაში, ამიტომ ბებიამ აღარ იჩივლა, რადგან კონფლიქტს მოერიდა. ეს კაცი მაშინ ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე იყო და შეეძლო ბებიაჩემისთვის მიეცა მსგავსი ბინა, მაგრამ ერთოთახიანი ბინა გადასცეს და ისიც უაივნო“, – ამბობს ლევან ფაღავა.

ის სტალინურ რეჟიმსა და დღეს არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან გარკვეულ პარალელს ავლებს და ამბობს, რომ რუსული რეჟიმი არც დღეს აძლევს მოსვენებას ჩვენ ქვეყანას.

„დახვრეტები შეიძლება დღეს არ არის, მაგრამ ახლაც ყველაფერი ერთი კაცის – პუტინის ხელშია მოქცეული. ჩვენ არ გვინდა რუსული კანონი, რუსული რეჟიმი. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა.

პუტინს უნდა საქართველო, მიწები უნდა, მოდის და მოდის. ივანიშვილის მეგობარია ეგ პუტინი, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ, ჩვენ გვინდა ევროკავშირში შევიდეთ.

უკეთესი ცხოვრება გვექნება, მაღალი ხელფასიც გვექნება და დაცულიც ვიქნებით.

მთელი სტუდენტობა, ახალგაზრდობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს საქართველო და არა რუსეთი.

ჩვენ, ხალხიც ვიბრძოლებთ და არ შემოვუშვებთ პუტინს“, – ამბობს ლევან ფაღავა.

მას სურს, სახლში, სადაც მისი რეპრესირებული ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, მემორიალური დაფა გააკეთოს. თუმცა, ჯერჯერობით, ამის საშუალება არ ეძლევა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: