მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შესარჩევად.
4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები ქართული და ესპანური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მითების დეტექტორის“ და „მალდიტასა“ ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის გამოცდილებას გაეცნობიან.
საზაფხულო ბანაკი ინტერაქტიული ფორმატით წარიმართება, რა დროსაც მონაწილეები ცოდნასა და უნარებს შემდეგ საკითხებში გაიღრმავებენ:
- ინფორმაციული ქაოსი და ახალი მედიაეკოსისტემა
- ფაქტების გადამოწმება და ვერიფიკაცია
- ვიზუალური მანიპულაციის ტიპები და მათი გადამოწმების ტექნიკები
- გეოლოკაციის მეთოდისა და ინსტრუმენტების გამოყენება
- სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების ვერიფიკაცია
- სოციალურ მედიაში კონტენტის შექმნის ტექნიკები
ბანაკი ყაზბეგში, 11-14 ივლისს გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- თუ ხარ 18-25 წლის ახალგაზრდა;
- გაქვს მედიაწიგნიერების პროექტის იდეა, რომელსაც საზაფხულო ბანაკის დროს განავითარებ;
- შეავსე აპლიკაციის განაცხადი: https://forms.gle/8wpeUdKsbVe9eVUw5
- და სააპლიკაციო ფორმაში ფაილის სახით ატვირთე ან განათავსე ბლოგის ან ვლოგის ბმული.
- აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
საკონკურსო ბლოგი/ვლოგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- შეეხებოდეს მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის თემას
- ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას და გამოიგზავნოს ვორდის დოკუმენტის ან ბმულის სახით
- თუ მონაწილე ბლოგის ნაცვლად ვლოგის ფორმატში გადაწყვეტს საკუთარი მოსაზრების გამოხატვას, ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წთ-ს.
საკონკურსო აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 31 მაისია.
მედიის განვითარების ფონდი გამარჯვებულ აპლიკანტებს ივნისში დაუკავშირდება.
ბანაკში მგზავრობა, ცხოვრება და ტრენინგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ტრენინგის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
მედიის განვითარების ფონდი 2008 წელს შეიქმნა და დღეს დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა.
Maldita.es (მალდიტა.ეს)
Maldita.es არის დამოუკიდებელი ესპანური ჟურნალისტური პლატფორმა, რომელიც ფაქტების გადამოწმებისა და მონაცემთა ჟურნალისტიკის მეშვეობით დეზინფორმაციისა და საჯარო დისკურსის შესწავლაზეა ფოკუსირებული.
EUvsDisinfo
EUvsDisinfo არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის „აღმოსავლეთ სტრატკომის” (East Stratcom Task Force) ფლაგმანი პროექტი.
ის 2015 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ევროკავშირზე, მის წევრ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებზე გავლენის მქონე რუსეთის ფედერაციის დეზინფორმაციის მიმდინარე კამპანიების უკეთ პროგნოზირებას, მათ მიმართ მოქმედებას და მათზე რეაგირებას.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) და ბრიუსელში მომუშავე ევროკომისიის წარმომადგენელი სტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების წარმოდგენაში, კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
წარმომადგენლობის როლი არის საქართველოში ევროკავშირის წარმოდგენა, ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცება.