„როცა წლების წინ, პირველად შევხედე საქართველოს რუკას, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო პატარა ხაზებით იყო გამოყოფილი, ამ ტერიტორიებზე მისვლა, ჩვენი ისტორიის და კულტურის დაფასება კი არ შეგვეძლო, ალბათ ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც წარმომედგინა“, – ამბობს 18 წლის გიორგი დუმბაძე.
სამოქალაქო აქტივისტი თითქმის ერთი თვეა ანტირუსულ აქციებზე დგას და სხვა თანატოლებთან ერთად ებრძვის რუსეთის რბილ ძალას საქართველოში.
გიორგი მიიჩნევს, რომ რუსულ ძალას, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უნდა ვებრძოლოთ, რადგან ოკუპანტმა ქვეყანამ ვერ შეძლოს ფეხის მოკიდება, ვერც ქვეყნის ეკონომიკაში და ვერც კულტურაში.
„თბილისში როცა გვიწევს მე და ჩემს მეგობრებს ტაქსით გადაადგილება, მაგალითად არ ვიძახებთ რუსულ ტაქსის და ვიძახებთ ისეთს, რომელიც არ ემსახურება რუსულ მიზნებს.
აი ის ფაქტი თუნდაც, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ კომპანიებს ბოიკოტი გამოუცხადეს ადამიანებმა, ესეც არის ჩვენი სამოქალაქო პოზიცია და ბრძოლა რუსულ ძალასთან.
ასევე შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსული პროდუქციის მოხმარებაზე და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი ბრძოლა.
შარჟად ქცეული რუსული ზეთისთვის უარის თქმაც არის ასევე ნაბიჯი იქითკენ, რომ არ გააძლიერო რუსული ეკონომიკა.
ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ წინა წლის მონაცემებით „გაზპრომმა“, თითქმის 7 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა. ასეთი პატარ-პატარა და მკვეთრი ნაბიჯებით შეგვიძლია ვებრძოლოთ რუსეთს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც საკმაოდ კარგად აქვს ფესვი გადგმული სამწუხაროდ“, – ამბობს გიორგი დუმბაძე.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში შესამჩნევია ის ფაქტი, რომ სამომხმარებლო ბიზნესი ნაკლებად უტოვებს არჩევანს მომხმარებლებს და თითქოს ნელ-ნელა იდევნება ევროპული პროდუქცია სამომხმარებლო ბაზრიდან.
„ბუნებრივია, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი, როცა მაღაზიაში შედის პროდუქტის საყიდლად. ამიტომ ქსელური მაღაზიების ასეთ პოლიტიკასაც უნდა ვებრძოლოთ, რომლებიც დევნიან არარუსულ პროდუქციას და აღარ უტოვებენ ადამიანებს არჩევანის შესაძლებლობას.
თუმცა ამაზეც აქვთ ადამიანებს მყისიერი რეაგირება ხოლმე, იქმნება ჯგუფები, იქმნება გვერდები და ძალიან მარტივად ამბობენ უარს იმ მაღაზიის თუ კომპანიის მომსახურებაზე, რომლებიც ქვეყნისა და ხალხისთვის საზიანო რაღაცებს აკეთებენ, ბოიკოტს უცხადებენ.
რაც შეეხება რუსულ მუსიკას, გიორგი ამბობს, რომ აქ ცალსახა პოზიცია არ აქვს.
„შეიძლება ჩემს ტელეფონშიც ნახოს ვინმემ რუსულენოვანი მუსიკა, რადგან არიან მაგალითად უკრაინელი მუსიკოსები, რომლებიც რუსულად მღერიან, არიან ისეთი რუსულენოვანი მომღერლები, რომლებმაც მთელი კარიერა უკრაინას მიუძღვნეს და მაქსიმალურად ეხმარებიან.
თუმცა, მეორე მხრივ, გვაქვს რუსული შანსონი, რომელიც მართლაც გამაღიზიანებელია ჩემთვის პირადად, როცა მანქანებიდან მესმის. ასეთ მუსიკაში შეიძლება წავაწყდეთ იმპერიალისტურ ნარატივს, რომელიც მართლა პროპაგანდასავით მუშაობს.
მაგალითად, თბილისში როცა შარდენზე რუსები შეიკრიბნენ და ჩართეს თავიანთი პროპაგანდისტული მუსიკა, აი ეს იყო ის მომენტი, როცა ჩვენ ყველამ ერთხმად ამის უფლება არ უნდა მივცეთ. რადგან ამ სიმღერებსა და ტექსტებში მართლა იკითხება ის, რასაც მთელი გულით და სულით ვებრძვით“, – ამბობს გიორგი.
მისი აზრით, ოკუპანტებზე მეტად მასში ის ქართველები იწვევენ ბრაზს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ ძალას ამ ქვეყანაში.
„აქ ვიყავი გასულ ზაფხულს, როცა რუსული გემიდან ჩამოსული რუსები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ „გაათავისუფლეს“ აფხაზეთი ჩვენგან და ასე შემდეგ. არ მიკვირს, ყველაზე მტკივნეული და ყველაზე გასაბრაზებელი არის იმ ადამიანების, იმ ქართველების არსებობა, რომლებმაც შეიძლება წამითაც კი მაინც მხარი დაუჭირონ ასეთ რუსულ პოლიტიკას.
როცა ხედავ, რომ შენი თანამოქალაქე, შენი ძმა, რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გაკავშირებს, ერთი ქვეყნის შვილები როცა ვართ და ამ დროს ხედავ, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც რუსეთმა გაგვიკეთა, საუკუნეების განმავლობაში რასაც გვიკეთებდა და ახლაც აკეთებს, როცა სასაზღვრო ქალაქებიდან და სოფლებიდან ადამიანებს იტაცებენ და ამის ფონზე ხედავ, რომ ვიღაც მხარს უჭერს რუსულ პოლიტიკას, ეს არის ყველზე გამაღიზიანებელი. ჩემი აზრით, ჯერ ეს პრობლემა უნდა აღმოვფხვრათ.
1783 წლიდან მოყოლებული ვხედავთ, ვინ არის რუსეთი. ოკუპანტი, ტერორისტული ქვეყანა და უნდა გავიაზროთ, რომ ყველანაირი გაგებით დიდი ბრძოლა გველის წინ იმ იმპერიასთან, რომელსაც ჩვენი სამშობლოს ჩაყლაპვა და განადგურება სურს.
მათ უნდოდათ და უნდათ საქართველო ქართველების გარეშე. ამას ისინი ვერასდროს მიაღწევენ“, – ამბობს გიორგი დუმბაძე.