დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, აქტივისტი გიორგი დუმბაძე 5 000 ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება 24 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას, როცა აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. გიორგი დუმბაძის თქმით, მაშინ ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა, რომლისგანაც არათუ წინააღმდეგობა არ ყოფილა, არამედ, პოლიციამ გზა გაუთავისუფლა აქციის მონაწილეებს.
15 მაისს აქციის მონაწილეების ნაწილს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება იყო დაწყებული.
„პროტესტის მერვე დღეს ჩვენ გვქონდა მსვლელობა, გადავედით გზის სავალ ნაწილზე, საიდანაც ტრადიციულად გვქონდა მარში. 24 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე საქმე შეიტანეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 15 მაისს. თავიდანვე გვქონდა ყველა მტკიცებულება შსს-გან განსხვავებით, გვქონდა ვიდეოები, ფოტოები, მოწმეები, თუმცა აზრი არ აქვს ამ ოთახებში რა განვითარდება და ვინ რას იტყვის, უკვე წინასწარ არის მიღებული გადაწყვეტილებები და უბრალოდ გვიზიარებს ამ შემთხვევაში მოსამართლე, ქალბატონმა ლელამ ალბათ გაგვიზიარა ის, რაც მას რამდენიმე დღის წინ უთხრეს“ – თქვა გიორგი დუმბაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში და დასძინა, რომ „მოსამართლე უბრალოდ აჟღერებს ოცნების გადაწყვეტილებებს“.
გიორგი დუმბაძის გარდა სხვადასხვა თანხით დააჯარიმეს აქციის მონაწილე სხვა პირებიც. სასამართლო პროცესი დღეს, 22 მაისს მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი დუმბაძე თითქმის ერთი თვეა ანტირუსულ აქციებზე დგას და სხვა თანატოლებთან ერთად ებრძვის რუსეთის რბილ ძალას საქართველოში.~
ამავე თემაზე: „მათ საქართველო უნდათ ქართველების გარეშე, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“ – 18 წლის აქტივისტი ბათუმიდან | ვიდეო






